მთავარი რელიგია რატომ არღვევს საპატრიარქო კართაგენის 33-ე კანონს და ვინ გახდება ქუთათელ-გაენათელი?

რატომ არღვევს საპატრიარქო კართაგენის 33-ე კანონს და ვინ გახდება ქუთათელ-გაენათელი?

1778
0
გაზიარება

ამჯერად საპატრიარქოში არსებულ ორ ვითარებას მივაპყრობ თქვენს ყურადღებას. შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ერთი მეორესთან კავშირში არ არის, თუმცა…

პირდაპირ დავიწყოთ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტით. დაიმახსოვრეთ _ კათრთაგენის 33-ე კანონის მიხედვით, ეპისკოპოსებს უფლება არ გააჩნიათ, რომ ეპისკოპოსობის დროს დაგროვილი ქონება (გარდა ქონებისა, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადაეცათ) ვისაც მოესურვებათ, იმას დაუტოვონ. აქ საუბარია იმაზე, რომ ეპისკოპოსობის დროს დაგროვილი ქონება შეუძლებელია, მემკვიდრეობით გადაეცეს ეპისკოპოსის ოჯახს (გაითვალისწინეთ: ამ რანგის სასულიერო პირს ცოლის ყოლის უფლება არ აქვს), საახლობლოს ან რომელიმე კერძო პირს. ამ ქონების მემკვიდრეობით გადაცემა არ შეიძლება სხვა ეპისკოპოსისთვის. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპისკოპოსის მიერ „დაგროვილი“ ქონება წარმოადგენს ეკლესიისა და ქვეყნის, სახელმწიფოს კუთვნილებას.
ყურადსაღები და გასახსენებელი ფაქტი იმათთვის, ვინც ამის შესახებ არაფერი იცის და არც სმენია: „პატრიარქ ეფერემ მეორის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს საპატრიარქო გაიქურდა და დღემდე დადგენილიც კი არ არის, რა უნიკალური ნივთები თუ საგანძური გააყოლეს ხელს ქურდებმა. ჯერ კიდევ მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ „ციხე შიგნიდან გატყდა…“, ანუ ქურდობა თავად საპატრიარქოში დაიგეგმა და გარედან შემოსულებმა იმაზე ბევრად მცირე რამ წაიღეს, ვიდრე შიგნით მყოფებმა. უბრალოდ, ეს ქურდობა „მათ“ სჭირდებოდათ ნაქურდალის ჩამოსაწერად. იყო ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ზუსტად ვერავინ ამბობდა, რა მოიპარეს. ანუ, რეალურად, მოპარული ნივთები არც კი იყო აღრიცხული მცირედი ნაწილის გარდა.
კიდევ ერთი ყურადსაღები გარემოება: ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე და არა მხოლოდ ამაზე, არამედ ეკლესიაში არსებულ ვითარებაზე, არსებობს საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საკმაოდ ვრცელი პუბლიკაცია, რომელიც” საქართველოს მოამბეში” გამოქვეყნდა და სადაც ზუსტად არის ასახული ეკლესიაში იმ პერიოდში მიმდინარე პროცესების უამრავი ანგარებითი მოტივი. ამჯერად თავს არ შეგაწყენთ ამ პუბლიკაციიდან ვრცელი ციტატების მოყვანით, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ ეპოქის „სახისმეტყველების“ სწორად გასაგებად ურიგო არ იქნება, დაინტერესებული პირები გაეცნონ ამ პუბლიკაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდა და პროგრესული ღვთისმსახურები, რომელთათვისაც საკმაოდ ძნელია იმ ვითარებასთან შეგუება და ახსნაც კი, რაც დღეს ეკლესიის წიაღში ხდება საქართველოს საპატრიარქოს მეშვეობით.
აქვე გაგახსენებთ, რომ დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, რომელიც საკათოლიკოსო საბჭოს წევრი იყო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II, თავის დღიურებში იმის შესახებ წერს, რომ საქართველოს საპატრიარქო მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირიონ II-ის გარდაცვალების შემდეგაც გაიძარცვა.
მოკლედ, ასე! როგორც თეოლოგი გოჩა ბარნოვი განმარტავს, _ ერთადერთი მემკვიდრეობა, რაც ეპისკოპოსის უფლებამოსილებაში შედის, არის სამოციქულო მემკვიდრეობა, რაც ქრისტესმიერი გამოცხადების ჭეშმარიტების შესახებ სწავლებასა და ტრადიციას გულისხმობს. სხვა რამ მემკვიდრეობის გადაცემის შესაძლებლობა ეპისკოპოსს არ გააჩნია, მით უმეტეს, რომ ტრულის მსოფლიო კრების მე-12 კანონის თანახმად, ეპისკოპოსს ეკრძალება ცოლოსნობა.
ამავდროულად, ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ეპისკოპოსს ეკრძალება განავითაროს მემკვიდრეობით მიღებული ბიზნესი ან შექმნას ახალი და ამაზე ზედმეტად ნუ ვიდავებთ. თუმცა თუ „ქართულ საეკლესიო ნორმებს“ გავითვალისწინებთ, ეპისკოპოსების უმეტესობა ერთი ეპარქიიდან მეორეში გადასვლის დროს ეპარქიისთვის შექმნილ ბიზნესსა და არა მხოლოდ პირადს, მეორე ეპარქიაში ექაჩება, რაც სრულიად ანომალიაა. ანომალიაა ის, რომ საეპისკოპოსოები არ არიან იურიდიული პირები და გარდა ეკლესია-მონასტრებისა არ და ვერ ახდენენ საკუთარი ქონების აღრიცხვას, რაც სწორედ იმის საშუალებას იძლევა, არ მოხდეს საეკლესიო და პირადი ქონების გამიჯვნა. მაგრამ ახლა ამ საკითხს ნუ განვავრცობთ და კართაგენის 33-ე კანონის ფარგლებში დავუბრუნდეთ ერთ მეტად საინტერესო საკითხს (აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, _ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველაზე მდიდარი ინსტიტუცია საქართველოში და მისი ქონება მხოლოდ ზედაპირული დათვლებით 25 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მაგრამ ეს საკითხიც ცალკე დავტოვოთ).
მაშ, ასე! საკითხის მთავარი არსი _ როგორ ფიქრობთ, პატრიარქობის 40 წლის განმავლობაში რა ოდენობის საჩუქარი მიიღო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, როგორც საქართველოს ეკლესიის მეთაურმა? საჩუქრები ოფიციალური დელეგაციებისგან, სახელმწიფოსგან, კომპანიებისგან, კერძო პირებისგან, მოძმე ეკლესიებისგან, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებისგან და ა. შ. სხვადასხვა სახის ნაკეთობა ოქრო-ვერცხლად, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი სამკაულები და სხვადასხვა ნივთი, მიტრები, ჯვარ-პანაგიები, ხატები და სხვა ანტიკვარიატი. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი ინფორმაციით, პატრიარქს აქვს ძველ ქართულ ხელნაწერთა კოლექციაც, რომელსაც მეცნიერებს არ აკარებენ და სრულიად შეუსწავლელია. ანტიკვარულ ნივთებთან ერთად პატრიარქისთვის გადაცემულია სხვადასხვა თანამედროვე უნიკალური სამკაული და ნაკეთობა, მხატვრული ტილოები. ყველა ნივთისა თუ დასახელების ჩამოთვლა ჩემ მიერ შეუძლებელია, კონკრეტულ ნივთზე კი არ ვსაუბრობ, არამედ სახეობებზე.
და აქ ყველაზე მთავარი კითხვები _ იცით, რომ ამ საგანძურის ოფიციალური აღიცხვა არ არსებობს? ისიც, რომ მათ შესახებ იფიციალურ ინფორმაციებს არავინ ამჟღავნებს? იცით, რომ არსად არ არის ამ მილიონობით დოლარის ღირებულების რეესტრი? იცით, რომ ამ ნივთების აუდიტი არასოდეს ჩატარებულა? ვიმეორებ, მათ შორის, საუბარია უამრავ ისტორიულ ნივთზე, საგანძურზე, ოქროზე, ძვირფას თვლებზე, ხელთუქმნელ ნაკეთობებზე, ხელნაწერებზე, მხატვრულ შედევრებზე…
სიმართლე გითხრათ, საპატრიარქოს მავანი ჩინოსნის რეპუტაციის გათვალისწინებით, სულაც არ გამიკვირდება, რომ ბევრი რამ უკვე მიტაცებული თუ განიავებული ან გასხვისებული იყოს. მაგრამ მთლიანობაში ამ საგანძურის უსისტემოდ არსებობა, აღურიცხველობა უფრო დიდ ეჭვებს ბადებს, _ ხომ არ ემზადება საპატრიარქოს მავანი ჯგუფი ამ ქონების მისატაცებლად ან უკვე ხომ არ არის განაწილებული და სათანადო დროს ხომ არ ელოდებიან?
ვიმეორებ: პატრიარქისთვის ნაჩუქარი არც ერთი ნივთი არ წარმოადგენს სამემკვიდრეო ღირებულებას მისი ოჯახის წევრებისთვის. ნებისმიერი საჩუქარი გაკეთებულია როგორც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელისთვის და ის საქართველოს სახელმწიფო საგანძურის ნაწილია. მაშინ რატომ არ არის შედგენილი ამ ნივთების რეესტრი? რატომ არ არსებობს საჯარო ინფორმაცია მათ შესახებ? რატომ არ არის გაკეთებული ამ საგანძურის ოფიციალური შეფასება? ამიტომ საპატრიარქომ და სინოდმა კეთილი უნდა ინებოს და ამ ნივთების აუდიტი, აღრიცხვა მოახდინოს. ამისთვის სინოდი და საპატრიარქო უნდა გასცდეს საკუთარ საეკლესიო ფარგლებს და მასში უნდა ჩაერთონ ფინანსისტები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, ხელნაწერთა ინსტიტუტის წარმომადგენლები და ა. შ.
ეს პროცესი უნდა დაიწყოს ძალიან სწრაფად, რათა ისევ არ განმეორდეს პატრიარქების კირიონ II-ისა და ეფრემ II-ის გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქოს გაქურდვის ფაქტები და ნურც ერთი ღვთისმსახური ნუ იტყვის, რომ ეს შეუძლებელია. შეუძლებელი რატომ? იმიტომ, რომ არ ვიცით, რეალურად, რა საგანძურზეა საუბარი და თუ დაიკარგა, მით უფრო, რა გვენაღვლება?
აქვე დგება ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხიც: არავისთვის არის დასამალი, რომ „ციანიდის სკანდალი“ რეალურად მისი უწმინდესობის ოჯახის წევრების კლანების მიერ ქონების გაყოფას მოყვა. ამ კლანის წევრებმა ჩაითრიეს უამრავი პერსონა ამ სკანდალში (ნუ მომაყოლებთ პატრიარქის ერთმა ძმისშვილმა მეორე როგორ არ მიუშვა ოჯახის წევრის საფლავთან, სწორედ ამ სკანდალიდან გამომდინარე). ოქრო-ვერცხლის მოყვარეობა და ფუფუნება შიოლაშვილებისთვის, რაღაც ეტაპზე, ღმერთზე დიდ პრიორიტეტად იქცა. ამიტომ ამ ეროვნული საგანძურის დატაცების ჰოპოთეტური შესაძლებლობა მათაც აქვთ და არა მხოლოდ მათ. რეალურად, ამ ქონების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია საპატრიარქოში მხოლოდ ერთ ადამიანს _ მატრიარქ შორენა თეთრუაშვილს აქვს და აი, აქ კიდევ მეტი სიფრთხილე გვმართებს, რომ ამ საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთ დღეს მოსკოვის საპატრიარქოს საცავებში ან კერძო პირების ხელში არ აღმოჩნდეს.
ახლა კი ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ, რომელსაც მე ვერ ვადასტურებ, მაგრამ ვფლობ და მინდა გაგიზიაროთ. ასევე მის გადასამოწმებლად მივმართავ საქართველოს პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს. ერთ-ერთი ვერსიით, რამდენიმე წლის წინ მის უწმინდესობას, საქართველოს ეკლესიის საჭიროებისთვის, პარიზის გარეუბანში აჩუქეს სახლი (ბინა), რომლის ღირებულება იმ პერიოდისთვის სამ მილიონ ევროს შეადგენდა. სიმართლე გითხრათ, ეს არ არის დიდი ქონება საფრანგეთის საზომით, მაგრამ არც უმნიშვნელოა. როგორც ინფორმაცია მომაწოდეს, ეს სახლი იმთავითვე გადაფორმდა პატრიარქის დაცვის იმჟამინდელ უფროს იოსებ ოხანაშვილზე. ანუ, რელურად, ქონების განმკარგველი პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი გახდა. ვიმეორებ: ეს არ გახლავთ მტკიცებითი ფორმის ინფორმაცია, ამიტომ საჭიროებს გადამოწმებას, გამოძიებას ან ამ ადამინებს ეს ჭორი უნდა მოშორდეს, ან ეს ქონება დაუყოვნებელივ უნდა გადაეცეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ამ ეტაპზე მე მაქვს პატრიარქისთვის საჩუქრად გადაცემული სხვადასხვა ნივთის არასრული სია, რომელსაც შეგნებულად არ ვაქვეყნებ, მაგრამ დაველოდები კონკრეტულ ქმედებებს სინოდისა და საპატრიარქოს მხრიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის ინსინუაცია და ქურდობა დატაცების ან იმ საგანძურის მემკვიდრეობით გადაცემის ფაქტები, რომელსაც ამ დროისთვის საქართველოს პატრიარქის კუთვნილება ჰქვია, რეალურად კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენს.
ახლა აქ ვიღაც მკითხავს, _ კი მაგრამ, სად ნახე კართაგენის 33-ე კანონის დარღვევაო? სად, ბატონებო და, როდესაც წლების მანძილზე არ ხდება ამ ქონების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ვისაც, როგორ მოუნდება, ისე შეუძლია ეს ყველაფერი გააჩუქოს სხვა პირებზე (მინიმუმ ოცამდე ფაქტი მაინც ვიცი სამკაულების სხვადასხვა კონკრეტულ პერსონებზე ჩუქებისა) და როცა არსებობს საფრთხე _ პრეცედენტები საპატრიარქოში ქურდობის ფაქტების, სწორედ ეს არის უწესობა და კანონის დარღვევა.
ამიტომ დაბეჯითებით მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ ქონებისა და არა მხოლოდ ამ ქონების, აღრიცხვა-სისტემატიზაციის პროცედურები.
მაქვს მე ამის მოთხოვნის უფლება? მაქვს და რატომ, როცა უარს იტყვიან, ამას მაშინ განვმარტავ.

***
ახლა მეორე თემაზე გადავიდეთ: ქუთათელ-გაენათელ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) გარდაცვალებისა და საეპისკოპოსო ტახტის დაქვრივებისთანავე მისი შემცვლელის გამოსარჩევად საპატრიარქოში დიდი ინტრიგები დაიწყო:
იმთავითვე გაჟღერდა რუსთაველი ეპისკოპოსის, მეუფე იოანეს სახელი, თუმცა საპატრიარქოს სამდივნომ მას უპოვარი და უქონელი უწოდა _ ანუ მისგან რაიმე სახის სოლიდური გამორჩენის მიღება შეუძლებლად იქნა მიჩნეული და კანდიდატურის განხილვა არც კი გაგრძელდა(!!!). ამჟამად საპატრიარქოს კულუარებში მიმდინარეობს ბრძოლა სამი კანდიდატიდან ერთ-ერთის გასამარჯვებლად. ეს კანდიდატები არიან: მეუფე ანტონი, მეუფე საბა (გიგიბერია) და მეუფე გერამისიმე.
როგორც აღმოჩნდა, სინოდის სხდომის გადადების ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ივლისის პირველ დეკადაში უნდა გამართულიყო, ეს ფაქტიც გახდა, _ ბარემ კანდიდატურაც შევარჩიოთო, _ უბრძანებია მატრიარქს. თან სხდომის ჩატარებას ისედაც აჭიანურებდნენ ორი მიზეზით _ მეუფე პეტრეს გამო, რომელსაც მუდამ დისონანსი შეაქვს დავარცხნილ და წინასწარ დღისწესრიგ გაუხმაურებელ (ეს მართვა-გამგეობის დებულების დარღვევაა) სხდომაში და იმის გამოც, რომ ამით უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობაც გადაიდებოდა. თან ისიც ცნობილია, რომ უკვე რუსეთმა საპატრიარქო ტახტზე მეორე კანდიდატურაც შეარჩია, რომელმაც, როგორც ამბობენ, მოსკოვს პირობა მისცა, რომ უკრაინის ავტოკეფალიას 9 მღვდელმთავარი უჭერს მხოლოდ მხარს და საკითხი ჩავარდებაო.
მოკლედ, ახლა საპატრიაქოში დიდი მისვლა-მოსვლა, კომპრომატების ფრიალი, ტალახის სროლა და ოქრო-ვერცხლის ჩხრიალის ხმა ისმის. ქუთათელ-გაენათის ეპარქია ხომ ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული, ეპისკოპოსი კი გავლენიანი ფიგურაა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამიტომ ამ ტახტისთვის ბრძოლა სულაც არ არის რიგითი ეპარქიისთვის ბრძოლა ქართველი ღვთისმსახურებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს საპატრიარქოსთვის კონკრეტული _ გადაწყვეტილების მიმღები _ პირებისთვის, თუნდაც წილების, ძღვენების, საჩუქრების კონტექსტში.
როგორც ამბობენ, მომავალ ეპისკოპოსთან დაკავშირებით საპატრიარქოში მოსაზრებები გაყოფილია. არ დავკონკრეტდები, ვინ ვის უჭერს მხარს, მაგრამ როგორც საპატრიარქოს კულუარებში ამბობენ, _ შორენა მიხვდა, რომ მოსაყდრე სულაც არ ყოფილა ისეთი ბაიყუში, როგორც მას ეგონა.

***
დაბოლოს, რა შუაშია ეს ორი თემა ერთმანეთთან? განა, ამ კითხვის დასმა რელევანტურია იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვალნათლივ ხედავენ ჩვენი სამღვდელოების უმეტესობის ოქროსმოყვარულობას?

გოჩა მირცხულავა

 

დატოვეთ კომენტარი