„მეამაყება, რომ ჩემი ქვეყნის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შემაქვს“

გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მევიოლინე, ბელა ბერკემერ-მახარაძე და მისი მეუღლე, გერმანელი კომპოზიტორი, უვე ბერკემერი, საქართველოშია. „ქრონიკა+“ მუსიკოსებს ოჯახში ესტუმრა და ქართველებს მონატრებული გურული ქალბატონი სიყვარულით გაგვიმასპინძლდა.

ბელა მახარაძე ოზურგეთელია, ნატანებიდან. მუსიკა პიანისტმა დედამ შეაყვარა და ამბობს, რომ სიმღერის ნიჭიც დედისგან გამოყვა. ხუთი წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, ოდნავ მოგვიანებით კი ვიოლინოზეც შეიყვანეს და ცხრა წლის ასაკში უკვე ბათუმის სიმფონიურ და კამერულ ორკესტრთან ერთად უკრავდა.
კონსერვატორიაში ლიანა ისაკაძემ მალევე შეამჩნია ნიჭიერი მევიოლინე, მისი პირველი სტიპენდიანტიც სწორედ ბელა გახდა და კონცერტებშიც ხშირად მონაწილეობდა. ბელამ მომავალი მეუღლე, უვე ბერკემერი, ლიანა იასაკაძისგან გაიცნო, ის საქართველოში სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა. ამბობს, რომ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ.
ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში, 30 წლის შემდეგ, ბელა ბერკემერ-მახარაძე ახლა უკვე მეუღლესთან ერთად დაუკრავს.

ბელა ბერკემერ-მახარაძე:
_ საქართველო ჩემთვის ყველაფერია. ჩემი გული, სული, ცხოვრება მხოლოდ ეს ქვეყანაა, რომელიც სულ მენატრება. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლისთვის საქართველო ძალიან ძვირფასია. ნომერ პირველი დასასვენებელი ადგილია და მეამაყება, რომ ჩემს მეუღლესა და ოჯახის ყველა წევრს საქართველო სიგიჟემდე უყვარს. ჩვენი ამჟამინდელი ვიზიტი კონცერტს უკავშირდება, რომელიც ბათუმის კონსერვატორიის დარბაზში გაიმართება. ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან და ემოციებთან ასოცირდება, რადგან ამ სცენაზე ავიდგი ფეხი და 9 წლის ასაკში ორკესტრთან ერთად დავუკარი. 30 წლის შემდეგ პირველად ვუკრავ ბათუმის კონსერვატორიის სცენაზე. ამ ზაფხულს აქ გავატარებთ და მერე ისევ წავალთ გერმანიაში.
_ საქართველოში ჩამოსვლა ხშირად გიწევთ?
_ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე, ჯერ ჩამოსული არ ვარ, რომ უკვე მივტირი საქართველოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის ექვსი კვირა ჩემთვის თითქოს ერთი დღეა. უზომოდ შეყვარებული ვარ საქართველოზე.
_ მოგვიყევით იქაურ ცხოვრებაზე. მკითხველისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, რას აკეთებთ გერმანიაში, სად მოღვაწეობთ?
_ გარდა იმისა, რომ მე და ჩემი მეუღლე სოლოკონცერტებს ერთად ვმართავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მე ვმუშაობ გერმანიაში საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგად, ჩემი მეუღლე გიმნაზიაში გეოგრაფიას ასწავლის, ასევე ჰყავს გუნდი და ორკესტრი, კერძო მოსწავლეებიც მყავს და ჩემს ხალხს სოციალური ქსელიდან ვეფერები.
_ თქვენი ფეისბუქიდან თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ.
_ დიახ, ნამდვილად. ხშირად მიფიქრია, რომ აქამდე როგორ ვარსებობდი სოციალური ქსელის გარეშე. იმდენი ადამიანი გავიცანი, რომ მათი სახით უამრავი მეგობარი შევიძინე.
_ როგორც ვიცი, საქართველოში როცა ჩამოდიხართ, თაყვანისმცემლებთან პატარ-პატარა შეკრებებსაც აკეთებთ ხოლმე. ეს თქვენი სურვილით ხდება?
_ შეკრებებსაც ვაკეთებ და მიწვევენ კიდეც. წინა ჩამოსვლაზე თბილისის კონსერვატორიაში მქონდა კონცერტი და ისეთი ამბავი იყო, რომ კონცერტი კონცერტით გაგრძელდა _ საჩუქრების გადმოცემა, ფოტოების გადაღება, სიყვარული, ჩახუტება და ზღვა ემოცია. გავგიჟდი, ისეთი ამბავი იყო. მახსოვს, როდესაც ქალბატონ ლიანა ისაკაძის სტუდენტი ვიყავი, მასზე ვაბოდებდი და იმ პერიოდში ძალიან რთულად უშვებდნენ ვინმეს წარმატებული კონცერტის მისალოცად კულისებში, შემდეგ უკვე ის ჩემი მეჯვარე გახდა და ძალიან დავახლოვდით, მაგრამ იქიდან ტკივილი გამომყვა, რომ არ მქონდა მასთან მისვლის საშუალება, გულში ჩამეკრა. ახლა სულ ვცდილობ, შესაძლებელი გავხადო ჩემთან მოსვლა და ოცნება დავუკმაყოფილო. მე მინდა, რომ ყველასთვის მისაღწევი გავხდე და ამიტომ თითოეულ ადამიანს ვიკრავ გულში. არავის მინდა, რომ ჩემი თავი დავამადლო. ყველა დედიშობილა მოვდივართ ამქვეყნად და არავის არაფერი მიგვაქვს იმქვეყნად, არც ჩვენი დიპლომი, წოდება და ქონება.
_ ქალბატონო ბელა, ძალიან ბევრ ქვეყანაში გაქვთ კონცერტები. რა განსხვავებაა უცხოელ და ქართველ მსმენელს შორის?
_ ისეთი კონცერტები ჩაგვიტარებია, რომ წამოძახილები და ოვაცია ყოველთვის ისმის ხოლმე, მაგრამ გერმანიაში თვითონ კონცერტის მსვლელობისას ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმის. ვინ გაბედავს მობილურის ამოღებას და შიგ ძრომიალს, კულტურაა უფრო სხვანაირი, თუმცა ასეთი რამ არც აქ ხდება ჩემს კონცერტებზე. ვიღაცის ჩამიჩუმის ხმა თუ გავიგე, შემიძლია გავჩერდე, შევხედო მას და გავაგრძელო დაკვრა. არავის მივცემ უფლებას, ჩემს კონცერტზე ვინმე სხვა რამით იყოს დაკავებული. ძალიან დიდი პაუზის შემდეგ გურიაში, ჩემს სოფელში ჩავატარე კლასიკური მუსიკის საღამო და მცდელობა იყო, რომ ბიჭები გადიოდენ და გამოდიოდნენ. მერე მათ ვუთხარი, _ შეგიძლიათ დაბრძანდეთ ან გაბრძანდეთ-მეთქი, პირდაპირ ვუთხარი და ამის შემდეგ ჩამიჩუმი არ ისმოდა კონცერტზე. ვფიქრობ, თუკი ადამიანს თავხედობის უფლებას მისცემ, იგი აუცილებლად იქნება თავხედი. მაგალითად, გერმანიაში როდესაც ტარდება სალონური სტილის საღამოები, მაგიდები დგას, სადაც დალაგებულია სასმელი, მაგრამ რაც არ უნდა სწყუროდეთ, ნაწარმოების შესრულების დროს არც კი მოაფიქრდებათ, რომ სასმისი აიღონ და დალიონ. ამ მხრივ ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენსა და გერმანელ მსმენელს შორის. არაფრით არ შეიძლება კონცერტზე დაგვიანება, როგორც კი კარი იხურება, აღარავინ შემოგიშვებს დარბაზში.
_ ეს იქიდან გამომდინარეც ხომ არ ხდება, რომ გერმანელები განსაკუთრებული პუნქტუალურობით გამოირჩევიან და გარდა ამისა, კლასიკურ მუსიკას ბევრი მიმდევარი ჰყავს იქ, ვიდრე საქართველოში. ასეა?
_ გერმანელები, რა თქმა უნდა, დიდი პუნქტუალურობით გამოირჩევიან, მაგრამ სხვა მხრივ შემიძლია თამამად გითხრათ, რომ აქ ძალიან დიდი კულტურაა, უბრალოდ, ხალხს არ შეუძლია ხშირად იაროს კლასიკური მუსიკის საღამოებზე. ადრე ხშირად დავდიოდით კონცერტებზე, დღეს დრო შეიცვალა, ხალხი სხვა ყოფითი პრობლემებით არის დაკავებული და გადართულია, რომ საჭმლის ფული მოიპოვოს, თორემ ყველას უყვარს თეატრი, ოპერა, კლასიკა, გართობა, მაგრამ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. თბილისი ამ მხრივ მაინც დუღს, რასაც ვერ ვიტყვი რეგიონებზე. გერმანია მაინც დიდი ქვეყანაა, სადაც ბევრი რამის გაკეთებაც შეგიძლია, ხალხი კონცერტებზე დადის, აქვს ამის შესაძლებლობა და ა. შ.
_ თქვენს მეუღლეზე რას გვეტყვით. გურული ქალბატონი ბრძანდებით, კამათი ხშირად რაზე გიწევთ ხოლმე?
_ როდესაც ვმეცადინეობთ, მხოლოდ მაშინ მოგვდის კამათი და ნოტები დაფრინავს ხოლმე. სხვა მხრივ კი ჩემი ქმრისნაირი მართლა უნდა ინატროს ნებისმიერმა ქალბატონმა, რადგან, როგორც იტყვიან, სანთლით საძებარი ადამიანია. მართლა ძალიან გამიმართლა, ხელს მიწყობს ყველაფერში, სულ ცდილობს, რით მასიამოვნოს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ვუყვარვარ და საქართველოზე გიჟდება. დედაჩემი მეტყვის ხოლმე, რომ შენზე მეტი ქართველიაო.
_ ქართულად საუბრობს?
_ მშვენივრად. ყველაფერს გებულობს, მართალია, გრამატიკულად და გამართულად ვერ საუბრობს, მაგრამ ყველაფერს გელაპარაკება.
_ თქვენი ქალიშვილებიც კლასიკური მუსიკის მიმდევრები არიან და ხშირად კონცერტებზე თქვენთან ერთად გამოდიან. ეს მათი არჩევანი იყო, თუ მშობლების ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ?
_ ჯერ კიდევ მუცელში იყვნენ, რომ სულ ესმოდათ კლასიკური მუსიკა, თუ როგორ მეცადინეობდა დედა საათობით, კონცერტებზე როგორ გამოდიოდა, როგორ ღელავდა, ანუ ჩემთან ერთად გაიარეს ეს გზა მუცლიდანვე. სხვანაირად ვერც კი წარმოუდგენიათ. იზრდებიან ოჯახში, სადაც მუსიკით ცოცხლობენ. ნინას (უფროსი ქალიშვილი) უკვე ძალიან დიდი წარმატებები აქვს, თუმცა თავიდან წვალობდა. ამბობდა კიდეც, არ მინდა მუსიკოსი გამოვიდეო და როდესაც ვუთხარით, დრო მოვიდა, თვითონ, დამოუკიდებლად აერჩია პროფესია, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მუსიკა მთელი მისი ცხოვრება იყო.
_ რა პროფესია უნდოდა, რომ აერჩია?
_ თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ, მუსიკაში მეცადინეობა ეზარებოდა.
_ კლასიკური მუსიკის კონცერტებზე, ძირითადად, უფროსი თაობის წარმომადგენლები დადიან ხოლმე, რასაც ვერ ვიტყვით თქვენზე, რადგან ბევრი ახალგაზრდა შეინიშნება თქვენს კონცერტებზე.
_ მე, უპირველეს ყოვლისა, ვარ კლასიკოსი, მაგრამ მივხვდი, რომ თუ გინდა მსმენელს უყვარდე და მოიზიდო, ყველას უნდა მოერგო, ანუ არ გქონდეს მხოლოდ ერთი მიმართულება, უნდა იყო მრავალფეროვანი. მიუზიკლი უნდა შეასრულო, უნდა იმღერო კიდეც, რომ ეს მრავალფეროვანი ადამიანები მოვიდნენ შენთან, იმიტომ რომ კლასიკურ მუსიკას ძალიან ცოტა მსმენელი ჰყავს, სამწუხაროდ. უკვე ტენდენციაა იმისა, რომ კლასიკური მუსიკის საღამოებზე 50 წლის ქვემოთ ადამიანი აღარ მოდის კონცერტზე, რაც ძალიან სამწუხაროა. სწორედ ამიტომ ვცდილობ, რომ ჩემი კონცერტები იყოს ძალიან მრავალფეროვანი და იმიტომაც დადიან ახალგაზრდები, სტუდენტები და ბავშვები. ჩემს კონცერტზე 5 წლის ბავშვიც ყოფილა.
_ გარდა იმისა, რომ მევიოლინე ხართ და კლასიკურ ნაწარმოებებს ასრულებთ, ასევე მღერით არაჩვეულებრივად. განსაკუთრებული ხმის ტემბრი გაქვთ. იმაშიც დამეთანხმებით, რომ ბევრს, შესაძლოა, სმენა ჰქონდეს, მაგრამ ვერ მღეროდეს ან არა. სიმღერის ნიჭი ვისგან გამოგყვათ?
_ დედაჩემი მუსიკოსი გახლავთ, პიანისტი და დედისგან გამომყვა ეს ნიჭიც, თუმცა ბიძაჩემი, კოტე მახარაძე, სულ მეუბნებოდა, მახარაძეების შენ არაფერი გაქვსო, რადგან მე პირადად სპილომ დამაბიჯა ყურზე ფეხიო. ბავშვობაში მუსიკალურ სკოლაში დამაყენებდნენ სკამზე და მამღერებდნენ ხოლმე. 5 წლიდან უკვე ფორტეპიანოზე ვუკრავ, არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა და სოფელ ნატანებში ბათუმიდან ჩამოდიოდა ხოლმე. დღემდე ბათუმის კონსერვატორიის კონცერტმაისტერია და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა. მან შემაყვარა ვიოლინო.
_ კოტე მახარაძე თქვენი ბიძა იყო, მასთან, ალბათ, ბევრი მოგონება გაკავშირებთ.
_ ჩემს ბავშვობაში კოტე ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა ჩვენთან, სოფელში, ჩვენ კი მასთან თბილისში ჩავდიოდით. მოგვიანებით კი, როდესაც ნიჭიერთა ათწლედში და შემდეგ კონსერვატორიაში გავაგრძელე სწავლა, კოტესთან ვცხოვრობდი. მის სამუშაო ოთახში ვიძინებდი… კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ნანი ბრეგვაძე… ვინ აღარ მოდიოდა იქ. სოფიკოს, მოგეხსენებათ, უყვარდა ხელგაშლილი ცხოვრება, ხშირად მართავდა საღამოებს, სადაც ცნობილ ქართველებთან ერთად მეც ვუკრავდი ხოლმე. მათგან გავთხოვდი – მათ დაპატიჟეს მეგობრები და პატარა ქორწილიც გადამიხადეს. ბიძაჩემსა და სოფიკოს ძალიან უყვარდათ უვე და დიდ პატივს სცემდნენ მას. კოტე ხშირად მეუბნებოდა, _ ერთი გამაგებინა, ამ სოფლელმა, გაწრიპულმა გოგომ, ასეთი ბუმბერაზი პიროვნება როგორ მოხიბლეო.
_ გერმანიაში რამდენად დიდი მოთხოვნაა ქართულ სიმღერებზე? მაინტერესებს, თუ მღერით ხოლმე იქ ქართულად?
_ რა თქმა უნდა. ჩემი ექიმი გერმანიაში კონცერტის შემდეგ მოვიდა და ცხვირსახოცი მაჩვენა, რომ იტირა. იმხელა ემოციას ვაჩვენებ მაყურებელს, რომ თითქოს გრძნობენ თითოეულ სიტყვას. ყოველი კონცერტის შემდეგ ვმღერი სიმღერას „მენატრები“, რომელსაც თამუნა ამონაშვილი ასრულებდა, თუმცა მე ჩემს ვერსიას ვთავაზობ მაყურებელს და საქართველოს ვუძღვნი ხოლმე. ისეთი ამოციებით ხვდებიან, რომ სულ ჟრუანტელი უვლით.
_ დაბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. თქვენთვის, როგორც ქართველისთვის, რა არის ის, რაც ხდება დღეს? ალბათ, თქვენი მეუღლეც აქტიურად ადევნებს თვალს აქ მიმდინარე პროცესებს. რას ამბობს, როგორია უცხო ქვეყნიდან დანახული საქართველო?
_ ჩემი მეუღლის თვალით დანახული საქართველო სრულიად ნორმალურია, ის ფიქრობს, რომ ეს დემოკრატიაა და ასეც უნდა ხდებოდეს ქვეყნის განვითარება. უბრალოდ, ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე ძალიან ეშინია, რომ ზედმეტში არ გადავიდნენ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მტრები არ გავახაროთ და სამოქალაქო ომი არ დაიწყოს. თუკი ეს დაიწყება, ამით, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მტრები ისარგებლებენ. ქართველებმა ერთმანეთის გატანა უნდა ვისწავლოთ. აქციებს რაც შეეხება, ეს დემოკრატიული პროცესია. ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო. ჩემი თვალით დანახული საქართველო მტკივა. როდესც ვხედავ, თუ როგორ დაიყო და გაიხლიჩა ქვეყანა , გული მტკივა. სხვადასხვა აზრის გამო საკუთარი ოჯახის წევრები აღარ ინდობენ ერთმანეთს და არ შეიძლება ასე. ჩვენ ერთმანეთის მოსმენა, აზრის დაფასება და პატივისცემა უნდა ვისწავლოთ. არ ვარ ვალდებული, შენი აზრით ვიცხოვრო, მაგრამ შემიძლია, შენს აზრს პატივი ვცე. ჩემი და ჩემი მეუღლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც ვემსახურებით, იმიტომ რომ როდესაც კონცერტებს ვატარებთ, ჩვენი ნახევარი პროგრამა ქართულ, კავკასიურ მუსიკას ეძღვნება. გერმანელ მსმენელს ქართული მუსიკა განსაკუთრებით უყვარს და მოსწონს, ისინი საქართველოზე წარმოდგენას იქმნიან და მეამაყება, რომ ჩემი ქვეყნის პოპულარიზაციაში ამ კუთხით დიდი წვლილი შემაქვს.

გიორგი საკარული