გია აბაშიძე: „სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მართლმსაჯულებას წითელი დიპლომი გადასცა“

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვლის თუ არა მედიაგარემოს საქართველოში და რა გამოწვევის წინაშე დგას ქართული სახელმწიფო?
„ქრონიკა+“-ის კითხვებს ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ უპასუხა:

_ ბ-ნო გია, სტრასბურგის სკანდალურმა გადაწყვეტილებამ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა, ადამიანები გარკვეულ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ, ასევე მოვისმინეთ ევროპული სასამართლოს მიმართ უმწვავესი კრიტიკაც ოპოზიციური ლიდერებისგან. თქვენ როგორ აფასებთ „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს?
_ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღიარა ის, რაზეც დგას ევროპა, რომ კანონის უზენაესობა არის მთავარი და ქონების კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა არის უზენაესი. რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილების ტრაგიკომიკურ შეფასებებს ზოგიერთი ოპოზიციური ნაწილიდან, მადლობა ღმერთს, რომ ცოტანი არიან ასეთები, რომლებიც ამბობენ, თითქოს, ივანიშვილმა მოისყიდა მოსამართლეები და ეს იყო პუტინის გავლენები, დავითგარეჯში გაიცვალა და ა. შ. ეს არის წმინდა წყლის ზღაპრები და ეს მიუთითებს ამ ადამიანების ფსევდოევროპულობასა და ფსევდოდასავლურობაზე, რომლებიც ბედავენ და ეჭვი შეაქვთ სტრასბურგის სასამართლოში. სამართლიანობამ იზეიმა. იქ იყო კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება… არ უნდა დაგვავიწყდეს ვაზაგაშვილი და სხვა წამების საქმე. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მართლმსაჯულებას, გარკვეულწილად, წითელი დიპლომი გადასცა, მიუხედავად სისტემაში არსებული ხარვეზებისა, ხოლო იმჟამინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება სამართლიანად დამარცხდა ვაზაგაშვილთან და იმ სხვა ადამიანებთან სამართლებრივ დავაში. არ ვამტკიცებ, რომ დღეს იდეალური სასამართლო სისტემა აქვს საქართველოს და არანაირად არ ვაპირებ შევადარო შვეიცარიის ან ნორვეგიის დონეს, თუმცა სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებებით საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მოუგო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ წააგო სხვა ქეისებში, რომელიც იქ განიხილებოდა.
_ თუ საკუთრების უფლებასთან იკვეთება ისეთი უპირატესი და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი უფლება, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება _ როგორ ფიქრობთ, რატომ არ იმსჯელა ევროპულმა სასამართლომ ამ მიმართულებით?
_ სტრასბურგის სასამართლო მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც საჩივარი შევიდა 2017 დან 2019-მდე, განიხილავდა, მხარეებს შორის როგორი ურთიერთდამოკიდებულება იყო და, ამავდროულად, ნიკა გვარამიას მიერ გამოჩენილი საზოგადოებრივი ზეაქტიურობა, ადამიანების დამუნათება, გინება, გაკიცხვა, გალანძღვა და მოსამართლეების უშვერი სიტყვებით მოხსენიება, რასაკვირველია, იწერებოდა და ხედავდნენ, რომ მხარეზე მიმდინარეობდა ზეწოლა. ეს ერთ-ერთი მდგენელია და ჩვენ ვნახეთ, რომ შეჩერების მექანიზმიც ჩაიხსნა. თუმცა იურიდიულად შესაძლებელი იყო, შეჩერების მექანიზმი აღსრულების ნაწილში გაგრძელებულიყო.
_ სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ვერ იქნება „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სამართლიანობის აღდგენა, რადგან ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში ტელეკომპანია. დღეს უკვე ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს პრეტენზიას იმაზე, რომ, რეალურად, „რუსთავი 2-ის“ კანონიერი მესაკუთრე თავად არის…
_ მთავარი აქ ის არის, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენება გამოიკვეთა. ოქრუაშვილის აღიარებითმა ინტერვიუმ ძალიან ბევრი შეკითხვა გააჩინა: ის ვერ ასაბუთებს, საიდან ჰქონდა ფული, რომელიც ხალვაშს მისცა და მეორე შეკითხვაა, არის ის თუ არა ეს თანხა, ირაკლი ოქრუაშვილის გირაოს ფული 6-მილიონ-ნახევარი, რომელიც ქიბარ ხალვაშმა გაიდაიხადა ? ამ დროს ხომ არ „გარასხოდდნენ“?! კიდევ არსებობს სხვა შეკითხვებიც, იმ თვალსაზრისით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი კიდევ სხვა რაღაცას ხომ არ იტყვის და ჰიპოთეტურად ვამბობ, ვარაუდის დონეზე, ეს ყველაფერი ხომ არ მიგვიყვანს მიხეილ სააკაშვილამდეც?! მოცემულობა არის ასეთი, თავდაცვის მინისტრს არ შეეძლო, რომ ჰქონოდა „რუსთავი 2“ კერძო საკუთრებად და ის მისცა თავის ბიზნესპარტნიორს. დღეს ხალვაშის ადვოკატი, რომელიც „რუსთავი 2-ის“ დირექტორია, ამბობს, რომ ხელმოწერა ყალბია. თავად ქიბარ ხალვაში ჯერ არ ლაპარაკობს, თუმცა ის მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს თავდაპირველ დამფუძნებლებს _ ჯარჯი აქიმიძეს, დავით დვალს და მათ შორის გაირკვეს, რა ხდება. ასევე კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, _ უნდა კი ქიბარ ხალვაშს მედიაპროდუქტის შექმნა და შენარჩუნება?! ლევან, აქ არის ძალიან ბევრი შეკითხვა, ვიდრე პასუხი და დღეს, ამ დროის მონაცემებით, როდესაც ჩვენ ამ ინტერვიუს ვწერთ, ეს ყველაფერი გაურკვეველია.
ასევე მაინტერესებს, თუ შეინარჩუნა არხი ქიბარ ხალვაშმა და ვთქვათ, თუ დადასტურდა, რომ ოქრუაშვილი მართალია და მათ შორის რეალურად მოხდა წერილობითი თანხმობა კომპანიის გადაცემა-გადმოცემაზე და ოქრუაშვილის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ დააყადაღა ქონება , ამ მოცემულობითაც „რუსთავი 2“ დროებით დარჩება ხალვაშს და ამ ქონებას ის ვეღარ განკარგავს ვერანაირად, ანუ აქ თამაშგარე რჩებიან აქიმიძე და დვალი.
„რუსთავი 2-მა“ წლების განმავლობაში 20-მდე მეპატრონე გამოიცვალა წარმოუდგენელი სისწრაფით, სიყალბითა და გაუგებარი კომბინაციებით. ამიტომ სამართლებრივ კონტექსტში სიმართლის დადგენას დიდი დრო დასჭირდება, თორემ პოლიტიკურად შეიძლება ყველამ რაღაც განცხადებები აკეთოს. მეცოდებიან ის თანამშრომლები, რომლებიც გაურკვევლობაში არიან და ახალი დირექტორი ამბობს, რომ კომპანიაში დიდი ფინანსური პრობლემებია. აქ ჩნდება კიდევ ერთი შეკითხვა, _ აქვს კი ხალვაშს ფინანსების დამატების სურვილი და რესურსი, არხმა გააგრძელოს ფუნქციონირება ან არ შეამციროს თანამშრომლები?!
_ რეალურად, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის საქმე დღეს პროკურატურაში თაროზეა შემოდებული. როგორ ფიქრობთ, არ არის დრო, თუ ხელისუფლება გვევლინება სამართლიანობის გარანტად და დამოუკიდებელი მედიის გულშემატკივრად, ეს საქმე თაროდან ჩამოიღოს?
_ რა თქმა უნდა! ასევე კიდევ სხვა ბევრი საქმე მოითხოვს მსვლელობას, რომელიც წინა ხელისუფლების სხვა მანკიერ და საშინელ ქეისებზეა. თუმცა, ამავე დროს, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ვურჩევდი, დიდი დაბეჯითებით ნუ აცხადებს საჯაროდ, რომ „რუსთავის 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება. ეს ცოტა უგუნურობას ჰგავს, ანუ ხელისუფლება აფილირებს ამ განცხადებებით თავად „რუსთავი 2-თან“, როდესაც ეს კერძო საკუთრებაა?! ეს თავად ხალვაშმა უნდა გადაწყვიტოს, არხის სარედაქციო პოლიტიკა როგორი იქნება, რა შენარჩუნდება და რა არ შენარჩუნდება.
ჩვენ ასევე აუცილებლად უნდა ვიკითხოთ, სად არიან ძმები ყარამანიშვილები, სად არის, როგორც ამბობენ, რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფიას შვილი, ისინი ხომ მეწილეები არიან და სად არის მათი პასუხები, საჯარო კომენტარები?! ეს ყველაფერი ძალიან დიდ და კიდევ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და გაგახსენებთ: როდესაც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, რაღაც ძალიან უცნაურად შეხვდა გიორგი არველაძე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და ტელეკომპანია „იმედი“ უცნაურად დაუბრუნდა მათ ოჯახს. ბევრი შეკითხვა არის სხვა ქონებრივ დავებზე, იგივე „მაესტროს“ დამფუძნებელს აქვს პრეტენზიები, ანუ მართალს ბრძანებთ, თუ სამართალი სამართლიანობს, მაშინ ცოტა უნდა დავაჩქაროთ, რომ საზოგადოებაში შეიქმნას იმის განწყობა, რომ სამართლიანობა ძალიან არ იწელება და არ დგას ერთ ადგილას.
_ ფაქტია, საზოგადოებრივ აზრზე ხელისუფლების სასარგებლოდ გადაიხარა გავლენები და იმის თქმა, რომ არ შეიცვლება „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა, როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე ქიბარ ხალვაშიც აცხადებს, რთულად დასაჯერებელია. და თუ ეს ასე მოხდა და „რუსთავი 2“ აღარ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის, ეს ყველაფერი იქონიებს თუ არა უარყოფით გავლენას ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხსა და მედიის თავისუფლებაზე?
_ ხელისუფლება ძალიან დიდი ტესტის წინაშე დგას, ის მყიფე ზღვარზეა. აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს მედია პლურალისტური გარემო. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები დღეს ისეთ განწყობას ქმნიან, თითქოს საქართველო განაგრძობს ჩამოშლას და აპოკალიფსს გვიხატავენ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ქმნის გარემოს და პასუხისმგებლობა აქვს, შეინარჩუნოს პლურალისტური მედიაგარემო ქვეყანაში, რომელიც არ უნდა ბადებდეს შეკითხვებს. თუ პრობლემებია და ეს პრობლემები იყო ტელეკომპანია „იბერიაზე“, ასევე, გარკვეულწილად, პრობლემები იყო ტელეკომპანია „პირველზეც“ და მერე ეს პრობლემები ჩაქრა, ახლა „რუსთავი 2“ სამართლიანად დაუბრუნდა ერთ-ერთ მეპატრონეს და არ ვიცით, დაუბრუნდება თუ არა აქიმიძესა და დვალს. საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის მოგვიწოდებს გამჭვირვალობისკენ და რაც მე გითხარით, იმ შეკითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხები. ეს ყველაფერი ტრანსფარენტულად წარმოჩენილი უნდა იყოს, რადგან საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან უცხოელი დიპლომატები.
_ ზოგადად რომ ვისაუბროთ საქართველოში მედიის დამოუკიდებლობასა და მის ხარისხზე, „რუსთავი 2“ ხომ, გარკვეულწილად, მისი სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და ძლიერი ოპონენტი იყო, რაც ერთგვარი გარანტი გახლდათ, თუნდაც სხვა შედარებით პატარა დამოუკიდებელი მედია აქტორებისთვის. მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც „სარალიძის საქმე“ და სხვა გახმაურებული საქმეები. უშვებთ თუ არა იმას, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს თავისუფალ მედიას და ხომ არ ფიქრობთ, პრობლემური თემები გაქრება და მაშინ, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ხომ არ მივიღებთ ავტორიტარიზმს?
_ მივდივართ გლობალურ შეკითხვამდე, _ განა, სად არის დამოუკიდებელი მედია, რომელ ქვეყანაში?! მედია დიდ ქვეყნებში, დასავლეთშიც ატარებს თავისი მეპატრონეების კერძო ინტერსებს შეძლებისდაგვარად, მაგრამ იქაური მედიის სტანდარტები სხვა არის, ვიდრე საქართველოში. „რუსთავი 2“ ნამდვილად იყო ხელისუფლების დიდი ოპონენტი და დღემდე არის, მაგრამ, ამავე დროს, მან აბსოლუტურად გაიფუჭა თავი იმ მხრივ, რომ ის არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორი იყო, არამედ იყო მთავარი დაზგა Fake News-ების წარმოქმნაში და ჩვენ ყოველთვის ვხედავდით ამ ყალბ ამბებს მყისიერად, მისი რამდენიმე სატელიტი საინფორმაციო სააგენტო როგორ ავრცელებდა ზუსტად იგივე ტექსტით და ჰედლაინით. Fake News-თან ბრძოლა ეს არის გლობალური სენი ყველა ქვეყანაში და უყურეთ ახლა, სად ჩვენ და სად ამერიკა?! ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი CNN-ს, CBS-ს, New york time-ს ეძახის Fake News-ერებს და მუდმივი ჭიდილი მიდის… ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მაგრამ ჩვენთან კიდევ სხვა პრობლემები იჩენს თავს, _ მედიის თვითრეგულირების მექანიზმი ძალიან დაბალი დონისაა და არაეფექტიანი. „რუთავი 2“ მანამდე საერთოდ აიგნორებდა საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიას და ახლა პირიქით, მათი დახმარება დასჭირდა. „რუსთავი 2-ში“ შიდა რეგულირების მექანიზმი საერთოდ არ მუშაობდა, ცოტა გაბუნიაზე იმუშავა, როდესაც ორი თვით ჩახსნა ეთერიდან, დანარჩენი გვახსოვს, რომ არაფერი იცვლებოდა და გვარამიას გინება უფრო უხეშ გინებაში გადადიოდა.
ქართულ მედიას თვითრეგულირების მექანიზმები დასახვეწი აქვს და მე ვიხრები ხოლმე ევროპული და დასავლური მოდელისკენ, რომ თავად მედიას უნდა ჰქონდეს მძლავრი თვითრეგულირების მექანიზმი. დიდ ბრიტანეთში არსებობს ასეთი სისტემა, _ ყველა ტელეარხს, მათ შორის, BBC-საც არეგულირებს სახელმწიფო კომპანია OFCOM-ი, ის არის მარეგულირებელი, რომელიც ჩივილებს იღებს და მაყურებელს იცავს მავნე ზეგავლენისგან, ყალბი ამბებისგან, სიბილწისგან _ აქ ვგულისხმობ პორნოგრაფიას და ა. შ.
ვერ ვხედავ საშიშროებას, სიტყვის თავისუფლებას რამე პრობლემა შეექმნას, რადგან თანამედროვე, გლობალური ტელეკომუნიკაციების ეპოქაში, როდესაც რაღაც ტელეკომპანია „სამზარეულო“ არსებობს და ის ვთქვათ განავითარო და გახადო მედიის განვითარების ფლანგმანი, გააჩნია, რა რესურსს ჩადებ და როგორი იქნება _ ასეთი საშიშროება არ არსებობს, მნიშვნელოვანია სოციალური მედიის როლიც. ასევე ტელეკომპანია „პირველი“ საკმაოდ იმედისმომცემი ტემპით ვითარდება, თუმცა, ჩემი პირადი მოსაზრებით, ვუსურვებდი, რომ მეტი აკადემიური სახე შეენარჩუნებინოს. ტელეკომპანია „პირველს“ ხანდახან ახასიათებს ცოტა ბულვარული დებატები და ეს არ შეეფერება იმ კარგ რესურსს, რაც მას აქვს. არსებობს მილიონიანი ბლოგერების ვიდეოპლატფორმები და ა. შ
ცხადია, „რუსთავი 2-ის“ სიმაღლესა და პოტენციალს ვერავინ შეედრება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ „რუსთავი 2“-ში ნიჭიერი ხალხი მუშაობს და ეს ყოველთვის ასე იყო, იმედს გამოვთქვამ, მათი ნაწილი გააცნობიერებს, რომ ცოტა სხვანაირად, დახვეწილად და აკადემიურადაც შეიძლება ოპონირება, ისე როგორც ამას აკეთებენ წამყვანი დასავლური მედიასაშუალებები. ცხადია, მათ გაუჭირდებათ „ნაციონალური მოძრაობის“ შლეიფიდან გამოსვლა, მაგრამ არ არის გამორიცხული, იქ რაღაც გადათამაშებები მოხდეს. არსებობს ვარაუდი, რომ ტელეკომპანია „მესამე“ და „მარაო“ გადაკეთდეს „რუსთავი 3-ად“, ეს ზუსტად არავინ იცის. ვნახოთ, რა მოხდება.
ამიტომ ვფიქრობ, მედია თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრება, რა თქმა უნდა, არსებობს ამ მიმართულებით ხარვეზები და ძალიან მყიფე ხაზზე გავდივართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გამადიდებელი შუშით გვაკვირდებიან როგორც აღმოსავლეთში პარტრნიორობის ლიდერ ქვეყანას. არსებობს რეკომენდაციები, დახმარებები და, ასე ვთქვათ, პროექტები. შესაძლებელია, გარკვეული პერიოდი იყოს სირთულეები, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და მეორე ის, რომ დასავლელ პარტნიორებთან ვართ პირდაპირ ხაზზე და ნამდვილად არ ვართ ბელარუსი, როგორც სურს წარმოჩენა ზოგიერთს „ნაციონალური მოძრაობიდან“. საქართველო სულ სხვა ქვეყანაა და ფეხდაფეხ მიდის წინ ევროპისა და დასავლეთის რეკომენდაციების მიხედვით.
აქაც გავიმეორებ: ხელისუფლებამ ისეთი პირობები უნდა შექმნას არა ჩარევით, თუნდაც შუამავლობით, რომ არჩევნების წინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტელეკომპანიის ეკრანი არ ჩაქრეს. ეს საკმაოდ დამაზიანებელი იქნება ქვეყნის პოლიტიკური რეიტინგისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ხელისუფლებამ ყველანაირი საერთაშორისო მედიაციით და თავისი რესურსებით უნდა მოახერხოს, რომ კრიტიკული არხი არ გაქრეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ვერ ჩაერევა კომერციულად და ვერც რედაქციულად, თუმცა „რუსთავი 2-მა“ უნდა გააგრძელოს მაუწყებლობა. აბსოლუტური გიჟი და შლეგი უნდა იყო, რომ თქვა, _ მე მინდა, ყველა არხი ლაპარაკობდეს ერთი პარტიის ნარატივით. უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების წინ უზრუნველყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კრიტიკული ტელევიზიის გადარჩენა და არც ერთი მარწუხები არ უნდა ჰქონდეს მას _ არც ფინანსური, არც _ სამართლებრივი და „რუსთავი 2-მა“ უნდა განაგრძოს ჩვეული მაუწყებლობა.

ლევან ქემოკლიძე