გიორგი მშვენიერაძე: „მესაკუთრის ცვლილება აუცილებლად მოახდენს გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე“

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე და ამ გადაწყვეტილებით შექმნილ ვითარებაზე „ქრონიკა+“ ესაუბრება გიორგი მშვენიერაძეს:
_გიორგი , როგორ შეაფასებდით იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი2“-ის საქმეზე გამოიტანა (რასაც საზოგადოებაში შოკი მოყვა) და არხის ელვის სისწრაფით გადაფორმებას ახალი მეპატრონისთვის?
_ ეს გადაწყვეტილება უკვე მოცემულობაა და ამ მოცემულობით უნდა გავაგრძელოთ ფიქრი და მოქმედება. იმიტომ, რომ დიდმა პალატამ რაღაც ნაწილში რომც გადასინჯოს ეს გადაწყვეტილება, არსებულ მოცემულობას, არსებითად, მაინც ვეღარ შეცვლის.
_ დიახ, დიდმა პალატამ რომც გამოიტანოს სხვა გადაწყვეტილება, ეს ყველაფერი ყარამანაშვილებისთვის კომპენსაციის გადახდით დამთავრდება და არა არხის დაბრუნებით.
_ ეგ ძალიან საკამათო და ბუნდოვანია, რა მოხდება მაგ შემთხვევაშიც კი, თუ დიდმა პალატამ სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა. მეტიც, 18 ივლისს რომ სხვა გადაწყვეტილება გამოცხადებულიყო და „რუსთავი2“-ს მოეგო საქმე, მაშინაც კი ბუნდოვანი იყო, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. გაურკვევლობა იყო და ეს გაურკვევლობა, სხვათა შიორის, ნაწარმოებია სამართალში არსებული ბუნდოვანებებით და პრაქტიკის არარსებობით _ როგორ ვიქცევით ამგვარ შემთხვევაში. ამდენად, სტატუსკვო იყო ყველაზე კარგი მდგომარეობა, რომელიც ბუნდოვანი იყო, გაურკვეველიც კი გახლდათ მომავალი, მაგრამ მოცემულობას ინარჩუნებდა, სადაც „რუსთავი2-დან“ ისმოდა კრიტიკული ხმა, ხმა, რომელიც არ მოსწონდა ხელისუფლებას.
_ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება ორმაგადაა დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის: ერთი, რომ ამ გადაწყვეტილების წყალობით აღარ გვექნება პროდასავლური, ანტირუსული არხი, საიდანაც ისმოდა განსხვავებული აზრი, და მეორე მხრივ, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა ევროსტრუქტურამ, გამოიწვია ანტიევროპული განწყობა, რაც, ისევ და ისევ, რუსეთს აწყობს.
_ ცხადია, დასაშვებია ყველაფრისა და ყველას კრიტიკა, სწორედ ამიტომ მოგვწონს ჩვენ დასავლური ღირებულებები, რომ ამის უფლებას გვანიჭებს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: რუსეთი ევროპის მიმართ ნიჰილიზმს, ევროსკეპტიციზმს სწორედ ევროპული ინსტიტუციების დისკრედიტაციით ცდილობს და ახლა, როდესაც ჩვენ გვიწევს ამ ევროპული ინსტიტუციის კრიტიკა, სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჩვენგან გაცილებით მეტ დასაბუთებულობას მოითხოვს, რომ ჩვენი კრიტიკა რუსეთის წისქვილზე არ ასხამდეს წყალს. ვგულისხმობ იმგვარი ტიპის განცხადებებს, როდესაც გადაჭრით საუბრობენ, რომ სტრასბურგზე ხელი მიუწვდება პუტინს, რომ მოსამართლეები მოისყიდეს და ა. შ. ამგვარი ნარატივი, ცხადია, სკეპტიციზმს აღვივებს ევროპის, ევროპული სტრუქტურების მიმართ. ადამიანი ელემენტარულად ფიქრობს, თუ იქაც მიუწვდება ხელი პუტინს, თანაც ისე, რომ ინსტიტუციების მოსყიდვაც შეუძლია, მაშინ რაღა გვინდა იქ, რა აზრი აქვს, პუტინი იქაც დაგვაზიანებს. თან, გასათვალისწინებელია ის, რომ ამგვარი განცხადებები ამომრჩევლის რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილ ნაწილში კი არა, სწორედ პროდასავლურად განწყობილ ამომრჩეველში იწვევს გულაცრუებას. ხშირად ბევრ მათგანს ევროპული ღირებულებები კი არ აქვს გაცნობიერებული და ამიტომ კი არაა პროდასავლურად განწყობილი, არამედ იმიტომ, რომ ის დასავლეთში ხედავს უსაფრთხო მომავალს, დასავლეთი მასში ქმნის უსაფრთხოების განცდას. ცხადია, როდესაც ადამიანს ასეთი განცდა აქვს, მასში იმედგაცრუებას იწვევს როგორც ეს გადაწყვეტილება, ისე ამ გადაწყვეტილების გამო სასამართლოს კრიტიკა. მით უფრო, თუ ეს კრიტიკა ისეთ ეჭვებს ეფუძნება, რომელზეც ვსაუბრობდით, ცხადია, ისეთ განწყობებს გააღვივებს, რომელიც საბოლოოდ ისევ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს.
_ მოკლედ, ამ განწყობებს აღვივებს თვითონ გადაწყვეტილებაც და ამ გადაწყვეტილების კრიტიკაც. გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ შევცვლით და რაც შეგვიძლია ისაა, რომ თავი შევიკავოთ გადაწყვეტილების კრიტიკისგან?
_ არა, მე მაგას არ ვგულისხმობ, გადაწყვეტილების კრიტიკა არანაირ ანტიდასავლურ განწყობებს არ აჩენს, ანტიდასავლურ განწყობებს აჩენს ამ გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტის დადანაშაულება პუტინთან გარიგებაში! ესაა პრობლემა. პოლიტიკოსებს, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებენ, მინიმუმ, რაღაც მტკიცებულება უნდა ჰქონდეთ და ასე ჰაერზე არ ლაპარაკობდნენ.
_ პუტინის რუსეთს რომ ხელი მიუწვდება ევროპულ ისტებლიშმენტზე, ეს რა, ახალია? ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა რუსეთის რკინიგზაში დაიწყო მუშაობა, სულ ახლახან ვნახეთ, რა გადაწყვეტილება მიიღო იგივე ევროსაბჭოს ასამბლეამ რუსეთთან დაკავშირებით. ანუ მთლად ყურით მოთრეულიც არაა, რომ რუსეთს ევროპულ ინსტიტუტებში, სახელმწიფო სტრუქტურებში გავლენა აქვს და ხშირად მაღალი თანამდებობის პირებიც ჰყავს ნაყიდი.
_ გასაგებია, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ მოსამართლეებზე და კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე და როდესაც მათზე ასეთ თამამ განცხადებებს ვაკეთებთ, მე ვისურვებდი უფრო მეტ მტკიცებულებას.
_ მაინც, რა ტიპის მტკიცებულება უნდა იყოს? მათი მოსყიდვის ფარული ჩანაწერი? ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოიტანა, აღმოჩნდა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორიც კი ყოფილა, მაგრამ გამოირჩევა ანტიქართული პოზიციებით, საქართველოს განიხილავს ოკუპანტად, რომ თურმე ჩვენ დაგვიპყრია აფხაზეთი და ა. შ. სწორედ იმ ნარატივით აზროვნებს, რა ნარატივსაც ნერგავს პუტინი. ცხადია, ეს პირდაპირი მტკიცებულება არაა მისი პუტინთან კავშირის, მაგრამ ეჭვის საფუძველსაც არ იძლევა?
_ გადაწყვეტილება მხოლოდ მაგ მოსამართლეს არ მიუღია, გარდა ამისა, როდესაც ადამიანი საქართველოსთან დაკავშირებით რაღაცას არასწორად ფიქრობს, ძნელი სათქმელია, ეს ავტომატურად ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის გადაწყვეტილებებსაც არასწორად წერს. თუკი მტკიცებულებები არ არსებობს, მე პოლიტიკოსების ადგილზე მოზომილი ვიქნებოდი განცხადებებში, არა იმიტომ, რომ შეიძლება ეს ასე არ იყოს, როგორც ამბობენ, არამედ იმიტომ, რომ მტკიცებულებების გარეშე ასეთმა ლაპარაკმა შეიძლება, თავად ის პოლიტიკა დააზიანოს, რომლის მხარდამჭერიც შენ ხარ ამ ქვეყანაში. ამგვარი განწყობების გაღვივება დააზარალებს დასავლურ კურსს.
_ ვფიქრობ, საზოგადოებამაც უნდა გადახედოს თავის მიდგომებს და არც ასეთი გადაწყვეტილებები და არც ამ გადაწყვეტილებების ამგვარი ტიპის კრიტიკა უნდა იწვევდეს მათში ასეთ განცდებსა და განწყობებს.
_ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა ჩვენთან? რუსეთი პირდაპირ არავის ეუბნება, ევროპა არ გინდა, მე ამირჩიეო. რუსული პროპაგანდა ორი მიმართულებით მუშაობს: ერთი მხრივ, ჩვენს ერთმორწმუნეობაზე, რომ თურმე ამ გზით რუსეთთან ერთად ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს კულტურას, თვითმყოფადობას, ეროვნულობას, მეორე მხრივ, აღვივებს სწორედ ევროსკეპტიციზმს, ევროპული სტრუქტურების მიმართ ნიჰილიზმს და ასევე ცდილობს, რომ ევროპა ჩვენს საზოგადოებაში აღიქმებოდეს, როგორც გამრყვნელი. ბოლო პერიოდის ნებისმიერ ანგარიშებში, რომელიც შექმნილია რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით, ამ ორ მიმართულებას გამოყოფს ყოველთვის. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, პუტინი ევროსკეპტიციზმის გაღვივებას ყველგან ცდილობს, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ახალი წევრები არიან. ჩვენთან აქამდეც აღვივებდა ამას, მაგრამ ეს გამოსდიოდა მხოლოდ მათთან, ვინც იდეურად, ასე თუ ისე, ირიბად მაინც მათი მოკავშირე იყო, ახლა კი მას საშუალება მიეცა, ეს გააღვივოს იმ ადამიანებშიც კი, რომლებიც ევროპისკენ არიან. მე მაგალითად პოლიტიკოსი რომ ვიყო, ხელს არ შევუწყობდი ევროსკეპტიციზმის გაღვივებას.
_ ურთმელიძე გახარებული და აღფრთოვანებული გამოვიდა, ამბობს, რომ სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება მისი მორალური გამარჯვებაა, რომ სტრასბურგმა აღიარა მისი საქმე. ამას მოყვა სახელისუფლებო ელიტის განცხადებები, რომ ევროპამ ჩვენი სასამართლოს მიუკერძოებლობა აღიარა, რომ თურმე ნუ იტყვით და სამართლიანი სასამართლო გვქონია. თქვენ ხართ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც არსებულ სასამართლო სისტემას მწვავედ აკრიტიკებს. აი, ამ სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება აიღო და აღიარა სტრასბურგმა. ახლა რა ვქნათ? ვირწმუნოთ, რომ მართლა კარგი სასამართლო გვაქვს და სულ ტყუილად ვაკრიტიკებდით?
_ კარგი კითხვაა… და ეს არაა, უბრალოდ, კითხვა, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტს უჩნდება… ეს კითხვა დღეს ყველა ჩვენგანს აწუხებს. მეც მაინტერესებს, რა მოხდა. მე მაინც მგონია, რომ ჩვენ დეტალურად უნდა გავეცნოთ საქმეს, კარგად გავაანალიზოთ, რა მოხდა, რატომ მოხდა ასე? რამე სხვანაირად ხომ არ მოხდა, რამე ხომ არ შეიცვალა? ზოგადად, ევროპული სამამართლო მოზომილია ხოლმე, როდესაც სასამართლოების შეფასებას აკეთებს და სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე მსჯელობს. ისიც ვთქვათ, ჩვენში გამარჯვების მოლოდინი გააჩინა დროებითი ღონისძიების გამოყენებამ, როდესაც ევროპის სასამართლომ გამოიყენა უპრეცედენტო ღონისძიება ამ ტიპის საქმეებისთვის და შეაჩერა ადგილობრივი გადაწყვეტილების აღსრულება. სწორედ ამან გააჩინა ჩვენში ძალიან დიდი მოლოდინი და, ფაქტობრივად, აღარც კი მივუყვებოდით სამართლებრივ დეტალებს და ვფიქრობდით, რომ ეს საქმე უეჭველად მოგებული იყო, იმიტომ რომ, როგორც წესი, როდესაც დროებითი ღონისძიების გამოყენება ხდება, ის საქმე წარმატებით სრულდება ხოლმე. შეიძლება, პროფესიულად მცდარი მოლოდინიც იყო, შეიძლება უფრო მეტი, მე პირადად ჩემ თავზე ვამბობ, მეტად უნდა ჩავღრმავებოდით საკითხებს… ჩვენ ახლა ვსწავლობთ ამ საქმეს, კიდევ ერთხელ დეტალურად უნდა გავეცნოთ ყველაფერს და მხოლოდ მოგვიანებით იქნება შესაძლებელი იმის თქმა, რა მოხდა. უფრო ადეკვატურ პასუხებს მერე გაგცემთ.
_ გასაგებია, მაგრამ რა ვუყოთ შექმნილ სიტუაციას, როდესაც ამ ტალღაზე ხელისუფლება უტიფრად გვიმტკიცებს, რომ თურმე ჩვენ სამართლიანი სასამართლო გვქონია?
_ რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მისთვის სასარგებლოდ წარმოაჩინოს. სხვა ძალაც რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ალბათ, ისიც ასევე ეცდებოდა… ერთი პოლიტიკოსიც არ მოიძებნა ხელისუფლებაში, რომელიც იტყოდა, რომ ახლა „რუსთავი2-ის“ მესაკუთრის შეცვლა გამოიწვევს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რაც ცუდია დემოკრატიისთვის. ნაცვლად ამისა, ყველა, მთელი ხელისუფლება გულმოდგინედ ელოდა ამ გადაწყვეტილებას და გახარებული არიან, ზეიმობდნენ ამ გადაწყვეტილებას, მეტიც: არა მარტო ამ გადაწყვეტილებას ზეიმობდნენ, არამედ ზეიმობდნენ ორ წაგებულ საქმეს, რომელიც იმავე დღეს გამოცხადდა, ერთ-ერთი „ვაზაგაშვილის საქმეა“. რეალურად, ხელისუფლება ცდილობდა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, რაკიღა მათი პოლიტიკური გუნდისთვის სასარგებლო იყო, ისე წარმოეჩინა, როგორც წარმატება და არა როგორც სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი. ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ „რუსთავი2-ის“ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით ისარგებლონ და ეს სასამართლო გაამართლონ. ჩვენს სასამართლო სისტემაში რომ უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, ეს ახლაც ჩანს _ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებები ტარდება და ვხედავთ, რაც ხდება, სადაც ვართ. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ ადასტურებს იმას, რომ კარგი სასამართლო გვაქვს ქვეყანაში, ეს არის ერთ კონკრეტულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება და სხვა არაფერი. გარდა ამისა, ჩემს აზრზე ვრჩები, რომ ამ საქმეს მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდა სამივე ინსტანციაში და ცალსახა იყო, რომ ხელისუფლებას ინტერესი ჰქონდა, „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მხარი დაეჭირა და უჭერდა კიდეც მხარს ბოლომდე ბატონ ხალვაშს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ვერ იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე, ის ხელისუფლების პროტეჟე არის და დარჩება ასეთად.
_ ირაკლი ალასანიასი არ იყოს, მე რა ვქნა, მე? მე, ვინც სხვასთან ერთად ვაკრიტიკებდი და ვამუნათებდი მოსამართლე ურთმელიძეს, კინაღამ ვირზე შევსვით, მურიან „ტრუბაში“ გავაძვრინეთ „რუსთავი 2-ზე“ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო. მიგვაჩნდა, რომ მართლები ვიყავით, რომ მან მიიღო დაუსაბუთებელი, უსამართლო გადაწყვეტილება, რომ შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა და ა. შ. ახლა კი, როცა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ევროპის სასამართლომ, უნდა დავდგეთ და პირში წყალი ჩავიგუბოთ? მე ეს მორალურ დისკომფორტს მიქმნის. რა, ურთმელიძე დაბალი ღობე იყო და გადავალაჯე და ამათ ეჭვიც არ უნდა ვაკადრო?
_ არაფერ წყალს არ ვიგუბებ პირში, რა ვიცი, არა მგონია, რომ მე ჩემს კოლეგებს, რომლებიც ამ თემაზე ვსაუბრობთ, წყლის პირში ჩაგუბება გადაგვეწყვიტოს, პირიქით, ამ საქმეზე ჩვენი პოზიცია უცვლელია, ჩვენ გვაქვს კითხვა, _ რატომ ვერ მოხვდა სათანადო არგუმენტებად გადაწყვეტილებაში ის ყველაფერი, რაც ჩვენთვის ხილული იყო? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა ორი-სამი დღე, ამას სჭირდება კიდევ უფრო დეტალური შესწავლა და, ალბათ, რაღაც ლოგიკას ვიპოვით, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენი მიზანია, ეს ლოგიკა დავადგინოთ, არა მარტო ამ საქმისთვის, არამედ დავადგინოთ, ზოგადად, როგორ იქცევა ევროსასამართლო მსგავს საქმეებზე, თუნდაც პრაქტიკისთვის, სამომავლოდ რომ მაინც გავითვალისწინოთ. ამის გარდა, ახლა ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ შექმნილ მდგომარეობაზე, მოცემულობაზე. ეს მოცემულობა ძალიან მძიმეა ქართული მყიფე დემოკრატიისთვის. ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ერთადერთი მასულდგმულებელი იყო პოლიტიკური აზრის, პოლიტიკური სიტყვის საზოგადოებისთვის თანაბრად მიწოდების საშუალებების უზრუნველყოფა. არსებობდა მედიაპოლარული გარემო, მაგრამ ამავე დროს ისმოდა პლურალისტული აზრი _ პროსახელისუფლებო მედია და საწინააღმდეგო პოზიციის მქონე „რუსთავი 2“ ერთმანეთს მეტ-ნაკლებად აბალანსებდნენ და ადამიანს შეეძლო მოესმინა ორივე განსხვავებული აზრი და თავად გამოეტანა დასკვნა. აი, ამას ემუქრება ახლა საფრთხე და იქ, სადაც არ არსებობს ადგილი განსხვავებული აზრისთვის, არ არსებობს დემოკრატია. ვფიქრობ, რომ მესაკუთრის ცვლილება აუცილებლად მოახდენს გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე. ჩვენ ასეთი რამ გამოგვივლია, პირველი არ არის…
_ სწორედ მაგ სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად შემოიყვანეს ხალვაში, თორემ ხალვაშის საკუთრების უფლებები ბიძინა ივანიშვილს ისე აღელვებდა, როგორც ჩინური იეროგლიფების სინატიფე _ თქვენ.
_ დიახ, წეღანაც აღვნიშნე, ეს იყო ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროცესი, სწორედ იმიტომ, რომ შეცვლილიყო სარედაქციო პოლიტიკა. ხალვაში იყო ერთგვარი მოთამაშე ამ ყველაფერში, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკას ატარებდა. მახსოვს, 2008 წელს, როდესაც „იმედის“ მესაკუთრე შეიცვალა, მაშინაც დაჰპირდნენ ჟურნალისტებს, რომ ისინი თავისუფლები იქნებოდნენ და არავინ შეეხებოდა სარედაქციო პოლიტიკას. მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა იცვლებოდა და ერთი წლის თავზე მივიღეთ აბსოლუტურად შეცვლილი სარედაქციო პოლიტიკა და „იმედი“ იქცა პროსახელისუფლებო არხად. არადა, ბევრი ჟურნალისტი იგივე დარჩა, ზოგიერთი წავიდა არხიდან პოლიტიკაში, მათ ნაცვლად არხზე სხვები მოვიდნენ, თითქოს არაფერი მოხდა, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი მოხდა. ახლაც, მგონია, რომ ამ სცენარით წარიმართება მოვლენები „რუსთავი 2-ში“. ასე პირდაპირ არავის მიადგებიან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა შეუქმნიან ისეთ პირობებს, რომ ისინი იძულებული იქნებიან, წავიდნენ ან გააგრძელონ მუშაობა ახალი სარედაქციო პოლიტიკის პირობებში. ახლა ყველაზე მეტად ჟურნალისტების, ტექნიკური პერსონალის ბედი მადარდებს.
_ თქვენ საკმაოდ მწვავე პოსტი გქონდათ მათზე, ვინც ჟურნალისტებისგან უპირობო დემარშს ითხოვდა და აკრიტიკებდა მათ იმის გამო, რომ სალიას შეხვდნენ და გარანტიებს ითხოვდნენ.
_ მართალი გითხრათ, გავღიზიანდი. ფეისბუკს ვსქროლავდი და ძალიან გავღიზიანდი, ჟურნალისტებს ისინი ამუნათებდნენ, ვინც საქართველოში საერთოდ არ ცხოვრობს, საზღვარგარეთ არიან და კლავიატურის რაკუნით არიგებენ ჭკუას ამ ხალხს, რომელიც იბრძოდა და იბრძვის დღესაც. მორალურად არაა სწორი, ამ ადამიანებს მოსთხოვო დემარში და სამოქალაქო გმირობა, თან ხაზია გასასმელი, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტები არ დანებებულან, დღემდე იბრძვიან! არაა სწორი, ეს ადამიანები ამუნათო, მარტო იმიტომ, რატომ შეხვდი სალიასო და მათგან უპირობო დემარში მოითხოვო, წადი სახლში და იყავი მშიერი. რას ჰქვია, შენ ხალვაშის ტელევიზიაში რჩები, ქუდი დაიხურე და ახლავე წამოდი მანდედან! _ ცოტა უზნეობა მგონია, ამის გამო ამუნათო ადამიანი შენ, ვინც ერთ აქციაზე არ მდგარხარ, ერთი ღამეც არ გაგითევია ქვეყნისთვის და მარტო ფეისბუკზე არაკუნებ, კაი, რა, სირცხვილია! თან ჟურნალისტები რას ითხოვდნენ? ისევ და ისევ, გარანტიებს სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის.
_ დღევანდელი შემადგენლობის წასვლას გინდა _ დემარშით, გინდა _ უდემარშოთ, ჩემთვის პირადად ერთ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ისინი წავლენ და ერთად შექმნიან ახალ ტელევიზიას. და თუ ისინი უნდა ადგნენ და სახლში წავიდნენ, რას მომცემს მათი ეს დემარში, რაც მათ შიმშილად დაუჯდებათ? გარდა იმისა, რომ გულს მოვიფხან?
_ არ შეიძლება, წყალში ჩავყაროთ ამ ხალხის ღვაწლი, რაც მათ აქვთ გაღებული ქართული დემოკრატიისთვის. გაღებული აქვთ წლობით, გაჭირვებით, ბევრი ტკივილით, ბევრი ბრძოლით, ბევრი ცდუნების მიუხედავად… არ შეიძლება, ერთი ხელის მოსმით ხაზი გადაუსვა მათ ღვაწლს.
_ არა, პრაგმატულად რას გვაძლევს მათი სახლში წასვლა? ვიმეორებ, თუ ახლის შესაქმნელად წავლენ, სხვაა და თუ სახლში უნდა წავიდნენ, რა აზრი აქვს? გინდა, მათ გაუგრძელებიათ მუშაობა ახალი სარედაქციო პოლიტიკის მარწუხებში და გინდა, სხვა მოუყვანიათ. მოქმედმა შემადგენლობამ რომ დემარში მოაწყოს, რა მოხდება? ზუსტად 2 დღეში სალია დააკომპლექტებს ახალ შემადგენლობას. ამ ქვეყანაში არც ჟურნალისტების დეფიციტია და ბევრ პროქოცურად განწყობილ ჟურნალისტს ერთი სულიც აქვს, როდის შევარდება „რუსთავი 2-ში“.
_ გეთანხმებით, პრაგმატულადაც არაფერს გვაძლევს ამ ხალხის დემარში და სახლში წასვლა. ეს ადამიანები არიან იქ და იბრძვიან ისევ, გადაცემები ისევ კრიტიკულია და იქნება კიდეც რაღაც მომენტამდე და ეს ხალხი მხარდაჭერის ღირსია და არა ლანძღვის, _ რას ჰქვია, დარჩი და არ წამოხვედიო.
_ კრიტიკული გადაცემები, ალბათ, რაღაც პერიოდი კვლავ იქნება და შემდეგ, როგორც თქვენც თქვით, დაიწყება სარედაქციო პოლიტიკის ნელ-ნელა კორექტირება და საბოლოოდ „რუსთავი 2“ პროსახელისუფლებო არხად იქცევა. მოკლედ, ერთი რამ ფაქტია, „რუსთავი 2“ დასრულდა.
_ დასრულდა თუ არა, ჯერ არ ვიცით.
_ ის „რუსთავი 2“, რაც საზოგადოებისთვის იყო, დასრულდა.
_ როდის რომ იყო? ბოლო შვიდი წელი, ხომ? „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა ეტაპები, როდესაც იყო ოპოზიციური, თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი და ჰქონდა ეტაპი, როდესაც იყო მკვეთრად სახელისუფლებო და არანაირი სურვილი არ მქონდა, გადამერთო, მეყურებინა.
_ თუ 2004-2012 წლებს გულისხმობთ, მაინც დიდი განსხვავებაა იმ 2004-2012 წლების პროსახელისუფლებო ეტაპსა და იმ ეტაპს შორის, რომელიც ახლა დგება. მაშინ ისინი მათ მიერ ხელისუფლებაში მოყვანილ ძალას უჭერდნენ მხარს, დღეს კი იმ ძალას უნდა ემსახურონ, რომელსაც დაუნდობლად ებრძოდნენ ბოლო 7 წელი.
_ დიახ, მათ ის უფრო დაემართათ, რაც „იმედს“ დაემართა 2007 წელს, ოღონდ „სპეცნაზი“ არ შესულა… სამწუხაროდ, დიდი ტელევიზიები საქართველოში ყოველთვის იყო ინსტრუმენტი პოლიტიკოსების ხელში. ისინი არ არიან კომერციული პროექტები, რომელიც მისმა დამფუძნებელმა შექმნა ფულის საშოვნელად, ეს იყო ყოველთვის ინსტრუმენტი პოლიტიკოსების ხელში, ან იმათ ხელში, ვინც პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა, ქმნიდა, აძლიერებდა ამ ინსტრუმენტს და შემდეგ მოდიოდა.
_ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების შემდეგ მედიაში ბალანსი დაირღვევა, შეიქმნება დეფიციტი განსხვავებულ აზრზე, ინფორმაციაზე? რა შეავსებს ამ დეფიციტს, სოცმედია? ბეჭდური მედია? თუ რომელიმე მოქმედი ან ახალი არხი? სად გადაინაცვლებს „რუსთავი 2-ის“ მაყურებელი?
_ ტრადიციული მედიები რაც იყო _ ბეჭდური მედია, რადიო, ტელევიზია, დროსთან ერთად კარგავს თავის ადგილს, მომხმარებელსა და მატულობს ინტერნეტის მომხმარებელი, ამიტომ ტრადიციულ მედიებსაც უწევთ გადაწყობა ახალი გამოწვევის საპასუხოდ. ყოველწლიურად, ტელევიზია მაყურებლის 10%-ს კარგავს და ეს მაყურებელი სოცმედიაში ინაცვლებს. ჩვენთან ტელევიზია, ჯერ კიდევ, ინარჩუნებს გავლენას მხოლოდ იმიტომ, რომ 50 და 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში გაცილებით მაღალია ტელევიზიის მოხმარება გასაგები მიზეზების გამო. პოლიტიკურად კი სწორედ ასაკში შესული ხალხია აქტიური, ვინც არჩევნებზე დადის. ამიტომაც აქვს ტელევიზიას, ჯერ კიდევ, ასეთი გავლენა. ვფიქრობ, „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა გამოიწვევს სხვა შედარებით პატარა მაუწყებლების რეიტინგის გაზრდას, როგორც ეს იყო „მაესტროს“ შემთხვევაში, როცა „იმედი“ და „რუსთავი2“ იყო პროსახელისუფლებო. ახლა, ალბათ, ტელეკომპანია „პირველის“ ფასი გახუთმაგდა, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გაგებით. ეს არხი დღემდე ინარჩუნებს საკმაოდ კრიტიკულ პოზიციას ხელისუფლებისადმი, თუმცა მას არ აქვს დიდი გამოცდილება და ეს დიდი გამოცდილების არქონა, შეიძლება, ჯერ კიდევ ვერ სძენდეს შანსს, რომ გახდეს „რუსთავი 2“. ძალიან გაჭირდება, რომ ტელევიზიის მომხმარებელი ავტომატურად გახდეს გაზეთის მკითხველი ან ინტერნეტმომხმარებელი, ეს გამოიწვევს სხვა არხზე გადართვას უფრო მეტად. როდესაც ადამიანი ტელევიზორსაა მიჩვეული, ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ მან ინფორმაციული შიმშილი გაზეთით დაიკმაყოფილოს.
_ „რუსთავი 2-ის“ მაყურებელს ხელში შერჩება შეცვლილი სარედაქციო პოლიტიკა ან მას უნდა უყუროს, ან გადართოს სხვა არხებზე. იმ სხვა არხებზეც ისევ სახელისუფლებო პროპაგანდა დახვდება, ეს ხომ არ გამოიწვევს ნელ-ნელა მისი პოზიციების ცვლასა და კორექტირებასაც ხელისუფლების სასარგებლოდ?
_ მოკლე პერიოდში კი. მოკლე პერიოდში მოხდება ის, რომ, ალბათ, შემცირდება რა კრიტიკული ხმა ტელევიზიით, გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ნაკლებად ბრაზდება ხელისუფლებაზე. აქ არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ხელისუფლება შეუყვარდება, არა, ნაკლებად გაბრაზდება ხელისუფლებაზე, მაგრამ უფრო საშუალოვადიან პერსპექტივაში პირიქით მოხდება. თუკი ცეცხლზე შემოდგმულ მდუღარე ქვაბს თავს კარგად დავახურავთ, ცოტა ხანი ორთქლი აღარ ამოვა, მაგრამ მერე გასკდება. სინამდვილეში, ტელევიზია, სადაც ადამიანებს ან თავად შეუძლიათ ილაპარაკონ საკუთარ გასაჭირზე, ან ესმის, როგორ ლაპარაკობენ სხვები მის გასაჭირზე, ერთგვარად ცლით ამ უარყოფითი მუხტისგან, ორთქლი გამოდის. ხელისუფლებამ ქვაბს თავი დაახურა და ეს თავად ხელისუფლებისთვის არის ძალიან ცუდი. ერის უთქმელი ბრაზი ხალხში დაგროვდება და მერე უფრო ცუდად ამოხეთქავს. გარდა ამისა, ეს გაუადვილებს ხელისუფლებას შეცდომების დაშვებას და გაცილებით მეტ შეცდომას დაუშვებს, ვიდრე აქამდე უშვებდა. როცა ხელისუფლებამ იცის, რომ არ ჰყავს მოდარაჯე, ის ბევრად მეტ შეცდომას დაუშვებს. ან ვყავართ აგერ მოდარაჯე, მაგრამ მე რაც არ უნდა ანგარიში ვწერო, თუ მედია არ აშუქებს ამას და ხალხამდე არ მიდის, არანაირი აზრი არ აქვს. ვიმეორებ, ხელისუფლებას თუ მოდარაჯე არ ჰყავს, მას უადვილდება შეცდომების დაშვება. ბევრი შეცდომა არა მარტო რეპუტაციულია, არამედ ხალხის გაღიზიანებასაც იწვევს. რაც, ისევ და ისევ, ცუდად იფეთქებს, ისევ და ისევ, ამ ხელისუფლებისთვის.

რეზო შატაკიშვილი