„რუსთავი 2“-ის სკანდალური საქმე _ რა კავშირი აქვს „პარაშუტას“ წილების გაფორმებასთან?

„მე მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, როცა „რუსთავი 2“-ს ახსენებს და „მაესტროს“ ახსენებს: თვალებში მე შემომხედე, იმიტომ, რომ მე ბევრი რამ ვიცი, რა მოხდა და რა გაკეთდა ამის შესახებ“, _ ეს ფრაზები ეროსი კიწმარიშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
ამავე პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ მან 2009 წელს, მისი დარღვეული უფლებების დასაბრუნებლად, ქიბარ ხალვაშს უჩივლა, ხოლო სააკაშვილის სასამართლომ ეროსი კიწმარიშვილს უთხრა, რომ ის ამ დავაში მართალია, მაგრამ იმის გამო, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასულია, მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ირმა ინაშვილთან ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2003 წელს ეროსი კიწმარიშვილი მიხეილ სააკაშვილს პრემიერობას სთხოვდა. ამ უკანასკნელმა ქიბარ ხალვაშს უთხრა, რომ ეროსი მისთვის ჩამოეშორებინათ, რამაც ქიბარი, ცოტა არ იყოს, დააბნია. ივანიშვილის მხრიდან ეს იყო მინიშნება იმის თაობაზე, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროს და შემდგომ პერიოდშიც ის მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი იყო, მეორე მხრივ, მან ის ფაქტი დაადასტურა, რაზედაც ეროსი კიწმარიშვილი ბოლო ბრიფინგზე ლაპარაკობდა.
„არსებობს „რუსთავი 2“-ის სამი დამფუძნებელი _ ეროსი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ნიკა ტაბატაძეც, მაგრამ მას მხოლოდ 10% აქვს. მიშა სთხოვს ბიძინას და ქიბარს, თავიდან მოაშოროს ტელევიზიის დამფუძნებლები, ანუ ქიბარი და ბიძინა არიან კარგები, ჩვენ ვართ ცუდები ან ივანიშვილმა უნდა თქვას, რომ ეს არის წინასაარჩევნო წამოცდენა, ან ფაქტი დადასტურებულად უნდა ჩავთვალოთ“, _ ეს იყო ბოლო ფრაზა, რომლითაც ეროსი კიწმარიშვილმა 25 დეკემბრის პრესკონფერენცია დაასრულა. ცხადია, ივანიშვილს აზრადაც არ მოსვლია რამის უარყოფა, მეტიც, რამდენიმე წლის მერე მისი სახელი პირდაპირ დაუკავშირდა „რუსთავი 2“-ის სკანდალურ საქმეს.
ჟურნალისტებთან შეხვედრა ბოლო, ხოლო მისი ფრაზები ეროსი კიწმარიშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. რამდენიმე თვეში საკუთარი სახლის ავტოფარეხში კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება დღემდე თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, მაგრამ, რეალურად, არავის ეპარება ეჭვი, რომ კიწმარიშვილი მოკლეს და მისი მკვლელობა, სავარაუდოდ, სწორედ რომ „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
ყოფილი პრემიერი არასოდეს მალავდა, რომ „რუსთავი 2“-ის ინტერესი ჰქონდა. ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლის პირველ დღეებში ის საჯარო განცხადებებით ცდილობდა ჟურნალისტების გადაბირებას, მათ არნახულად მაღალ ხელფასს და სასათბურე პირობებს სთავაზობდა. მოგვიანებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, სოზარ სუბარის ინიციატივით, ქობულეთში რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარად სწორედ ქიბარ ხალვაშის და, ფატი ხალვაში წარადგინა, მოტივაცია მარტივი იყო _ როდესმე ხალვაში საჭირო გახდებოდა.
არჩევნების წინ ივანიშვილის ინტერესების სფეროში ასევე შედიოდა ტელეკომპანია „მაესტრო“. ივანიშვილის მოწოდება მხოლოდ „ელვარე ნიჭის“ პატრონმა შალვა რამიშვილმა გაითვალისწინა და პირველსავე დაძახილზე ივანიშვილის კალთაში გადახტა, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ გახლდათ, სწორედ ამ დროს „მაესტროს“ მმართველი კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში იყო, ტელევიზიას კი ივანიშვილს ლონდონში მცხოვრები ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი, 12 მილიონად სთავაზობდა. ივანიშვილი თანახმა იყო, ეს თანხა გადაეხადა, მაგრამ ამ გარიგების დადების საშუალება მას მაშინდელმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა არ მისცა. მოგვიანებით, მოქალაქეს მამუკა ღლონტი მიუყვანეს და წინასაარჩევნოდ „მაესტროს“ მხარდაჭერა ბევრად უფრო იაფად მოიპოვა.
თუ ისევ „ვარდების რევოლუციის“ პერიოდს დავუბრუნდებით, ბიძინა ივანიშვილმა და ქიბარ ხალვაშმა ნამდვილად გაუწიეს მიხეილ სააკაშვილს ფასდაუდებელი სამსახური. ეროსი კიწმარიშვილის თავიდან მოშორებაში დაეხმარნენ. მოგეხსენებათ, სააკაშვილის კარზე გავლენებისთვის ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობდა. იმ პერიოდისთვის დაწინაურებული თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გახლდათ. ოქრუაშვილმა შევარდნაძის კარის რამდენიმე ბიზნესმენი გადმოიბირა და თავდაცვის ფონდის მეშვეობით „ობშიაკის“ შეგროვება დაიწყო. მათ შორის იყვნენ ფოთის პორტის დირექტორი ჯემალ იმნაიშვილი, რომელიც შევარდნაძის მძახლების, ახვლედიანების ბიზნესპარტნიორი გახლდათ და მისი დეიდაშვილი თამაზ ნიჟარაძე, „პარაშუტა“, რომელიც აქტიურად ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს ასლან აბაშიძის წინააღმდეგ აჭარის რევოლუციის დღეებში. ოქრუაშვილის დახმარებით ნიჟარაძე ჯართის ბიზნესის მონოპოლისტი გახდა და საქართველოდან გასულ ყოველ ტონა ჯართზე 15% სწორედ ნიჟარაძისა და ოქრუაშვილის ყულაბაში მიდიოდა (ამ სქემებზე და დეტალებზე „ქრონიკა+“ წინა წლების ნომრებში უკვე წერდა).
ამავე პერიოდში დაიწყო ბრძოლა „რუსთავი 2“-ზე გავლენების მოსაპოვებლად.
ეროსი კიწმარიშვილი კატეგორიულ უარს აცხადებდა ტელევიზიაში მისი წილის დათმობაზე, ამიტომ დანარჩენი მოწილეების დათანხმება იყო საჭირო. მართალია, დღეს დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ ისინი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლები არიან და მათ წილი იძულებით დაათმობინეს, მაგრამ „ქრონიკა+“-ის წყარო, რომელიც ამ პროცესის თანამონაწილეა, პირველად ყვება საჯაროდ მათი გარიგების დეტალებს.
მოლაპარაკებები დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ყაზბეგის (ყოფილი პავლოვის) ქუჩაზე, თამაზ ნიჟარაძის ოფისში მიმდინარეობდა. მათთან მომლაპარაკებელი ჯემალ იმნაიშვილი იყო. მთავარი პირობა, რომელსაც ოქრუაშვილის მხარე „რუსთავი 2“-ის მოწილეებს უყენებდა, ის გახლდათ, რომ გარიგების დეტალები კონფიდენციალური ყოფილიყო. ორივე მათგანს წილი ისე უნდა გაეყიდა, ეროსი კიწმარიშვილს ამის შესახებ არაფერი შეეტყო. დიახ, საუბარი იყო არა წილის „ახევაზე“ და იძულებაზე, როგორც ახლა ამას დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ყვებიან, არამედ წილის შეძენაზე. კარგა ხნის ვაჭრობის შემდეგ ორივე მათგანი წილის გაყიდვას დასთანხმდა, „ჩაგრულმა“ პარტნიორებმა რეალურად ეროსი გადააგდეს, „იკრისეს“ და წილები მისგან მალულად გაყიდეს. თითოეულ მათგანს 630 ათასი დოლარი სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის „ობშიაკიდან“ გადაუხადეს. რამდენად წესიერი საქციელია დვალისა და აქიმიძის მხრიდან ეს გარიგება, მგონი, ამის შეფასება ძნელი არ უნდა იყოს. ორივე მათგანის წილი თამაზ ნიჟარაძის ცოლისძმაზე, პაატა ქარსანიძეზე გადაფორმდა, რომელიც, მოგვიანებით, ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არანაირ იძულებას და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, აქიმიძემ და დვალმა ეროსი კიწმარიშვილი გადააგდეს. მეტიც, ოქრუაშვილის პირობაც პატიოსნად შეასრულეს. ეროსიმ გარიგების დეტალები მხოლოდ წილების გაყიდვის შემდეგ გაიგო, _ უყვება „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალური წყარო.
როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ?
ჯემალ იმნაიშვილი ეროსი კიწმარიშვილს შეხვდა და მას ოქრუაშვილის დანაბარები გადასცა, _ ჯიუტობას შეეშვი, 66% უკვე ჩვენია და დარჩენილი წილი გაყიდეო. ეროსი მიხვდა, რომ წააგო. რეალურად, მისი ეშინოდათ, ამიტომ გადაწყვიტა, დროებით გვერდზე გამდგარიყო. მან წილის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ… დვალისა და აქიმიძისგან განსხვავებით, იაფად _ არა. ოფიციალური ინფორმაციით, მას საკუთარ წილში 6 მილიონი დოლარი გადაუხადეს, მაგრამ არაოფიციალურად სამჯერ მეტ ციფრს ასახელებდნენ. იმ მომენტისთვის ხელისუფლებაში მოსულ „ნაცებს“ ამდენი ფული არ ჰქონდათ. „ქრონიკა+“-ის წყარო ვარაუდობს, რომ ეროსის ეს თანხა არა ქიბარ ხალვაშმა, არამედ ბიძინა ივანიშვილმა გადაუხადა. ქიბარ ხალვაში ამ დავაში მაშინაც „პეშკა“ იყო, როცა ოქრუაშვილის გავლენების წყალობით ტელევიზია გაუფორმეს და „პეშკაა“ ახლაც, როცა „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელადაა გამოცხადებული.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშს არც მთლად ოქრუაშვილის ხათრით გაუწევია ეს სამსახური სააკაშვილის ხელისუფლებისთვის, მიშამ პირადად სთხოვა ალიევს, ხალვაშს აზერბაიჯანში ბიზნესსქემა დაულაგეს და „Procter &Gamble“-ს პროდუქციის შეტანის საშუალება მისცეს, რითაც ის, ერთი პერიოდი, ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ როცა სანაცვლოდ ტელევიზიაში ფულის ხარჯვა მოუწია, მუდმივად წუწუნებდა, _ ზედმეტი თავის ტკივილი და ხარჯი რისთვის მჭირდებაო. ამ ტვირთისგან „განთავისუფლებაში“ მას ისევ ირაკლი ოქრუაშვილი დეხმარა. 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში სააკაშვილის ხელისუფლება ინფორმაციას იღებს, რომ თავდაცვის მინისტრი 200 000 დოლარს იხდის გასაიდუმლოებულ კვლევაში, რომელსაც საკუთარი რეიტინგის გასარკვევად ატარებს. უკვე ცხადია, რომ ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი აღარ აკმაყოფილებს და მას საპრეზიდენტო ამბიციები აქვს. ამავე პერიოდში კულუარებში ინფორმაციას იღებენ იმის თაობაზე, რომ ოქრუაშვილს არაოფიციალური, საიდუმლო შეხვედრები აქვს რუსულ სამხედრო და პოლიტიკურ წრეებთან. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან პირისპირ ცდილობს სიტუაციის გარკვევას, თუმცა ოქრუაშვილი მას სიმართლეს არ უმხელს. სწორედ ამ მომენტში მიიღეს გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებისა და მისი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის შესახებ. ოდნავ უფრო ადრე მას „რუსთავი 2“-ის წილების გადაფორმება მოსთხოვეს. „უკვე მივხვდი, რომ მიშა აღარ მენდობოდა“, _ ეს ფრაზა არაერთგზის აქვს ნათქვამი ირაკლი ოქრუაშვილს ახლო გარემოცვაში. ასე დააბრუნებინეს ქიბარ ხალვაშს ტელევიზიის ის წილი, რომელშიც არც თანხა გადაუხდია და წილის განმკარგავიც მხოლოდ ოქრუაშვილის მეგობრის სტატუსით იყო.
მოგვიანებით, ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციაში წავიდა, ის დაიჭირეს, აღიარებითი ჩვენების შემდეგ საფრანგეთში გაუშვეს და საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის მერე დაბრუნდა. დაპირების მიუხედავად, მიშა ვერც მოძებნა და ვერც თვალებში ჩახედა, მაგრამ სხვაგვარად იძია შური, _ სამშობლოში დაბრუნებულმა მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, სულ ახლახან კი საჯარო პოლიტიკაში დაბრუნდა. ამბობენ, რომ ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის შავმა კატამ დიდი ხანია და მას შემდეგ გაირბინა, რაც ქიბარმა ემიგრაციაში მყოფი მეგობარი უპატრონოდ მიატოვა და მისივე წყალობით ნაშოვნი ფული მოუტეხა.
ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ „რუსთავი 2“ მისია, რადგან, როგორც ამბობენ, ეროსი კიწმარიშვილის წილის გამოსყიდვაში რეალურად მან გადაიხადა თანხა. ეს სიმართლე ეროსი კიწმარიშვილმა იცოდა, რომელიც დღეს ცოცხალი აღარაა, იცის ქიბარ ხალვაშმა, რომელსაც ხელისუფლებამ სასათბურე პირობები შეუქმნა, იცის სააკაშვილის ყოფილმა „კასირმა“ თამაზ ნიჟარაძემ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის წილების გამოსყიდვის პროცესში. იმის გამო, რომ „პარაშუტას“ მეხსიერება არ გაუნათდეს და მოულოდნელად არ ალაპარაკდეს, არნახული სისწრაფით მოხდა მისი სააკაშვილის რეჟიმის „მსხვერპლად“ გამოცხადება, ელვისებური სისწრაფით მიდის სასამართლო დავა და იგებს პროცესებს, თავის დროზე, მას კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენებაც მიაცემინეს იმ საქმეზე, რომელიც თავდაცვის ექსმინისტრს თავად შესთავაზა და იმის გამო, რომ ე. წ. ბუნკირების ბიზნესიდან კონტრაბანდას „აკატავებდა“, დაჭერას ისევ კეზერაშვილის წყალობით გადაურჩა. მოგვიანებით, კეზერაშვილმა უჩა მამაცაშვილის წყალობით, ხელისუფლებასთან ურთიერთობები დაალაგა, „პარაშუტა“ კი ამ გარიგების წყალობით, მხოლოდ მეორეხარისხოვან როლში აღმოჩნდა.
ბოლო ოთხი წელია, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ხელისუფლების შტურმი მიმდინარეობს. ამ პროცესის მსხვერპლი მოსამართლე თამაზ ურთმელიძეა, რომელსაც ჯერ ბიძინა ივანიშვილი გაემიჯნა, მოგვიანებით კი _ დავით დვალი და რეზო საყევარიშვილი. ამ უკანასკნელმა საკუთარი უფლებამოსილება ნებაყოფლობით გადასცა ნიკა გვარამიას, რადგან, საბოლოო ჯამში, მიხვდა, რომ საკუთარი ქონებით მოუწევდა იმ ვალდებულებებისთვის პასუხისმგებლობა, რომელიც მას, როგორც „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველს, ეკისრებოდა.
ამ ხნის განმავლობაში 315-ე მუხლით სახელმწიფო გადატრიალებაზე რამდენჯერმე დაიწყო გამოძიება. ბოლო სულ ახლახან, 20 ივნისის „გავრილოვის ღამეს“. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პარლამენტის შენობაში შეჭრას გეგმავდა, კონკრეტულ მტიკიცებულებებზე საჯაროდ ჯერ არ ლაპარაკობენ, მაგრამ დღეის მდგომარეობით ბრალდებულია 12 პირი, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია.
18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყველა სარჩელი დაუშვებლად ცნო და აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმიც მოხსნა. რეალურად, ტელევიზიის ირგვლივ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის მესაკუთრედ ერთ დღეში დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაში, ტელევიზიის გენერალური დირექტორი კი პაატა სალია გახდა.
„რუსთავი ორისთვის“ სასამართლო დავა დაიწყო ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმაც. როგორც გაირკვა, 2010 წელს გერმანიაში ის ქიბარ ხალვაშს შეხვდა და რუსთავი ორის საკუთრებაზე მისგან ოფიციალური ნებართვა მოიპოვა. დოკუმენტი ნოტარიალურად გაფორმებულია და სამი ქვეყნის ექსპერტიზის დასკვნაც თან ახლავს. ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენლებმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს.
„რუსთავი 2“ 25 წლისაა,
ტელევიზია დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად გაიზარდა, ის ამ ქვეყნის მემატიანეა. როგორი იქნება ტელევიზიის მომავალი სტრასბურგის გადაწყვეტილების მერე? კულუარული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს გაყიდის, ახალი მესაკუთრე კი მას ან სახელისუფლებო არხად გადააქცევს, ან საერთოდ დახურავს. ის, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ შეიცვლება, ქიბარ ხალვაშის დაპირებაა, მაგრამ ამ დაპირების არავის სჯერა.

ელისო კილაძე