ტურისტული კრიზისი კახეთში

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 2012 წლის მარტში თელავის განვითარების პროექტის პრეზენტაცია მოაწყო. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალაქში 150-მდე სახლსა და 50-მდე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდებოდა. თელავის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო. რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი 2012 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.

2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თელავში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა და საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი დაუსრულებელი დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, შეჩერებული რეაბილიტაციის გარდა, თელავის მცხოვრებლების უკმაყოფილება უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმაც გამოიწვია.
2014-2016 წლებში თელავის რიგ უბნებში სხვადასხვა შენობის რეაბილიტაცია მოხდა. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ქალაქ თელავის მერიის ინფორმაციით, 2014-2016 წლებში თელავში რეაბილიტაცია მხოლოდ რვა შენობას ჩაუტარდა, ასევე აშენდა მერიის ახალი შენობაც.
სინამდვილეში, 50 მილიონი დოლარი, რომელიც ქვეყანამ 2012 წელს მსოფლიო ბანკისგან ისესხა თელავის რეაბილიტაციისთვის, სრულად არ გახარჯულა. პირველი ეტაპის შემდეგ უკვე შეცვლილმა ხელისუფლებამ უარი თქვა რეაბილიტაციის გაგრძელებაზე, რის გამოც მრავალი წელი ქალაქს არ გააჩნდა მუზეუმი, გალერეა, რეაბილიტირებული ბატონის სასახლე, ვახვახიშვილების კოშკი და თეატრის ფასადი.
სტრატეგიულად ყველაფერი კი გათვლილი იყო ტურიზმზე, მაგრამ ახალი ხელისუფლება ფიქრობდა, რომ დანარჩენი ქალაქის რეაბილიტაციის დასრულება ამ ეტაპისთვის საჭირო არ იყო. 2012-დან 2014 წლამდე ქალაქში, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულა. მხოლოდ 2013 წლიდან თელავის მაშინდელი მერის, პლატონ კალმახელიძეს ინიციატივით, ქალაქში 8 შენობის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.
ბოლო ორი წელია, საშინელ მდგომარეობაში მყოფი 4 საერთო საცხოვრებლის ფასადის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ტენდერზე ცხადდება, მაგრამ არავინ მონაწილეობს, ქალაქს კი, რომელსაც ბოლო 3 წლის მანძილზე ტურისტთა დიდი ნაკადი სტუმრობდა, არასრული და არაესთეტიკური იერი აქვს.
განსაკუთრებით ბოლო თვეში თელავში, სადაც არც ერთ სასტუმროში თავისუფალი ადგილი ნოემბრის დასაწყისამდე არ იყო, თითქმის ჯავშანთა 80% გააუქმეს. საოჯახო სასტუმროებში კი, სადაც გასულ წელს ადგილი არ იყო, წელს ტურისტი სანატრელი ჰყავთ.

ლილი მაზანაშვილი _ საოჯახო სასტუმროს მფლობელი:
_ ყველას კრედიტი გვაქვს აღებული. გვეგონა, გვეშველა და ეგ არის, ტურისტი გვეყოლება, შემოსავალი გვექნება… და რა მოხდა? თელავში საოჯახო სასტუმროში შარშან რომ ამ დროს ადგილები არ იყო, წელს სანთლით საძებნელია ტურისტი. ხომ შეიძლება, ვინმემ იფიქროს მთავრობაში, ადამიანების ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება! აუცილებლად იტალიაში უნდა წავიდე და იქ ვიმუშაო? არ მინდა და რა ვქნა, ჩემს სახლში მინდა ყოფნა და ცოტა ხელი შეგვიწყონ, ტურისტი რომ არ გაგვექცეს, არ შეიძლება?!

მერი იოკურიძე _ საოჯახო სასტუმროს მფლობელი:
_ საოჯახო სასტუმრო თელავში მაქვს და მე ვამუშავებ, ჩემს დას ალვანში აქვს… ჩემთან ტურისტი 3 დღე რომ რჩებოდა, მერე ჩემს დასთან ვგზავნიდი 3 დღით… მერე ის თუშეთში გზავნიდა… ახლა აქ არავინ მოდის და იქ ვინ წავა?
ტურისტები, ძირითადად, ბელარუსები, უკრაინელები, პოლონელები და ყველაზე მეტი რუსები იყვნენ. ევროპელები ნაკლებად შემოდიან, აი, ძალიან ნაკლებად… და თუ მოდიან, ჯგუფებად და სამგზავრო მანქანებით, არ სჭირდებათ სასტუმრო. სადაც მინდორს დაინახავენ, იქ ჩერდებიან, უფრო საკემპინგე ადგილებს ეძებენ და არა სასტუმროებს… ან მოტოციკლით დადიან…
არ უყვართ ევროპელ ტურისტებს დიდად კახეთი. კახეთიც და საქართველოც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მცხოვრებლებს უყვართ…

მალხაზ არუდაშვილი _ ხელოვნებათმცოდნე:
_ 2012 წლის რეაბილიტაციამ თელავი გააცოცხლა. ტურისტებმა აქტიური სიარული დაიწყეს, ადგილობრივებმა კი _ ღვინის მარნების აღდგენა და გვარის სახელობის ღვინის ჩამოსხმა.
ეს იმდენად დიდი სტიმული აღმოჩნდა, რომ ხალხმა სესხი აიღო, სასტუმროები და მარნების გაკეთება დაიწყო და რაღაც ფორმა ჩამოყალიბდა, ეკონომიკური ზრდა დაიწყო…
ამას დაემატა, როგორც იქნა, იმ დახურული და დანგრეული მუზეუმისა და გალერეის აღდგენა, ბატონის სასახლის გახსნა… და ყველაფერმა ისეთი სახე მიიღო, რომ პროცესები სწორად მიდიოდა… ეზოებში გახსნეს ეზოს ბაღები, სავახშმოდ მოაწყვეს მინირესტორნები… გასულ წელს ამ დროს ტევა არ იყო, ტევა!.. ახლა?! ახლა სადღაა ტურისტი? არაფერი ეშველება ქვეყანას, სანამდე დიპლომატიას არ ისწავლიან…“

ქალაქის მერიაში შექმნილ პრობლემეზე კომენტარებს არ აკეთებენ…
ადგილობრივი ხელისუფლების აზრით ყველაფერი გამოსწორებადია…
არადა, თელაველთა უმეტესობას საბანკო სესხები აქვთ აღებული, დღეს კი შემოსავალს კარგავს…
სტრატეგიული სვლა, რომ 2012 წელს თელავი ტურისტული ქალაქი გამხდარიყო, შესრულდა, მაგრამ რამდენად განვითარდება ტურისტული პოტენციალი, ამას მომავალი გვიჩვენებს.

მაკა მოსიაშვილი