ქუთაისის საბავშვო ბაღების პრობლემები

მარიამ ქუთათელაძეს სამი წლის შვილი ჰყავს. გასულ წელს სახელმწიფო ბაღში ბავშვის შეყვანაზე უარი ერთი მიზეზით განაცხადა _ დაწესებულებაში, რომელიც მის სახლთან ახლოს იყო, სათამაშოები თითქმის არ აქვთ, არც მოძველებული ინვენტარი მოეწონა. არჩევანი კერძო ბაგა-ბაღზე გააკეთა, თუმცა ამასაც ნანობს _ ბაღში, რომელიც ქუთაისში საუკეთესოდ სახელდება, არასათანადო კვებაა და არანაირი სასწავლო, გაწერილი პროგრამა ბავშვებისთვის არ არსებობს. ეს ორი საკითხი ქალაქის სახელმწიფო ბაღებში მოგვარებულია.
გარდა სათამაშოების ნაკლებობისა, ქუთაისის სახელმწიფო ბაღებში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია მოსაგვარებელი, მათ შორის, ერთ-ერთი მომავალი სასწავლო წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება.

„ქრონიკა+“-ს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი ესაუბრება:
_ ახალ სასწავლო წელს გაცილებით გამართულად შევხვდებით ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. კომპანია „სოკართან“ ერთად ყველა ბაღში აღვნუსხავთ და გამოვასწორებთ დარღვევებს, რომელიც გათბობას უკავშირდება. ყველა გათბობის ქვაბი გავა ბაღების გარე პერიმეტრზე, რომ ზამთრის მანძილზე ნებისმიერი შემთხვევისგან დაზღვეულები ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დანადგარების ძირითადი ნაწილი გარეწვისაა, ყველანაირად ვიზღვევთ თავს. გარდა ამისა, მომავალი წლიდან ყველა სამზარეულო, რომელიც უშუალოდ ბაღის შენობაშია და არ დგას დამოუკიდებლად, ელექტროფიცირებული იქნება. მართალია, ეს ხარჯიანია, მაგრამ როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, თანხა არ ითვლება. ასევე ახალი სასწავლო წლისთვის სხვადასხვა ბაღში მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტია უსაფრთხოება, რასაც საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება, ამიტომ სხვა საკითხები _ სათამაშოები, მასწავლებლების გადამზადება და ა. შ., სამწუხაროდ, გვერდზე გვრჩება. გვინდა, რომ უსაფრთხოების კუთხით გამოწვევა 0% იყოს.
_ კიდევ რა მნიშვნელოვანი პრობლემა აწუხებს ბაღებს?
_ დაბალი ანაზღაურება. მიმდინარე წელს ქუთაისის ბაგა-ბაღების 1750-მდე თანამშრომლის ხელფასმა 50 ლარით მოიმატა.

ხელფასების ზრდა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, როდესაც 2015 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში პირველი, მე-13, მე-15 და მე-17 ბაგა-ბაღების თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულები დაბალ ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ. აღმზრდელები, გამგეები და მომვლელები დაწესებულებების ცხელი წყლით უზრუნველყოფასა და ხელფასების მომატებას მოითხოვდნენ. ასევე აპროტესტებდნენ ბავშვების დიდ რაოდენობას ჯგუფებში და ჯგუფების გაყოფას ან ახალი სივრცის დამატებას ითხოვდნენ. გაფიცულებს ქალაქის მაშინდელმა მერმა, შოთა მურღულიამ მიმართა და მოთხოვნების შესრულება აღუთქვა.
მოგვიანებით, ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა გაფიცვა კანონგარეშედ გამოაცხადა და სასამართლოში იჩივლა. გაერთიანების ადვოკატი აცხადებდა, რომ გაფიცვის შესახებ ბაღის თანამშრომლებმა წინასწარ არ შეატყობინეს ა(ა)იპ-ს და ამით სასწავლო პროცესი ჩაშალეს. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე არანაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე უნდა შეატყობინონ შესაბამის უწყებებს გაფიცვის დრო, ადგილი და ხასიათი (კარი IV, თავი XXI, 49-ე მუხლი, მე-5 პუნქტი). ამავე კანონის თანახმად, გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოა, თუ ის საომარი მდგომარეობის დროს ეწყობა, დაუშვებელია გაფიცვის უფლების გამოყენება იმ პირთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან. გაფიცვის კანონიერების ან უკანონობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ 2016 წლის 4 იანვარს შეტანილი სარჩელის განხილვაზე უარი თქვა, თუმცა სარჩელის განმეორებით შეტანის შემდეგ, ამავე წლის 8 იანვარს, საქმის წარმოება დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 13 იანვარს ოთხივე გაფიცული ბაღის გამგეები სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ შორის, მე-15 ბაგა-ბაღის გამგე, ნანა კაკურია, რომელიც აღნიშნულ მომენტში 8 თვის ფეხმძიმე გახლდათ. განთავისუფლების შემდეგ ქალბატონის მდგომარეობა დამძიმდა. ევროპის სოციალური ქარტიის მიხედვით, რომლის გარკვეული მუხლების რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტმა 2005 წელს მოახდინა, ორსული ქალებისთვის სამსახურიდან განთავისუფლების შეტყობინება ან სამსახურიდან განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ დეკრეტული პერიოდის დასრულების შემდეგ (მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი). ბაღის გამგეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. 18 აპრილს სასამართლომ მე-15 ბაღის გამგე ნანა კაკურია სამსახურში აღადგინა.
პარალელურად, გრძელდებოდა პირველი ბაგა-ბაღის გამგის, ზაალ ხონელიძის სასამართლო პროცესი, რომელიც საზოგადოებაში გაფიცვის ორგანიზატორად მოიაზრებოდა. მოგვიანებით, ხონელიძე სამსახურში აღადგინეს. იგი დღემდე ქალაქის ნომერ პირველ ბაგა-ბაღს ხელმძღვანელობს.
ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2017 წელს 187 თანამშრომლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელიდან 185-ზე სასამართლო დავა შეწყვიტა. გაერთიანებაში განაცხადეს, რომ დავა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც თანამშრომელთა ნაწილმა აღიარა, რომ გაფიცვა არაკანონიერი იყო, ზემოაღნიშნული შეუტყობინებლობის მიზეზის გამო.
2016 წლის 12 თებერვალს ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი გაიზარდა და სახელფასო ფონდს 855 250 ლარი დაემატა (თავი პირველი, მუხლი 26-ე). ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა პრობლემა ეტაპობრივად გვარდება, ბევრი რამ უცვლელი რჩება, მათ შორის, ბავშვების დიდი რაოდენობა. გასულ სასწავლო წელს ქალაქის რამდენიმე ბაღს დამატებითი სივრცეები, ახალი კორპუსები შეემატა, რაც, გარკვეულწილად, განტვირთავს ჯგუფებს და შესაძლებლობას მისცემს მასწავლებლებს, გაცილებით მცირე ჯგუფებთან უკეთ იმუშაონ.

ბელა ფხაკაძე :
„მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. გვაქვს თბილი წყალი, რომელსაც არა მხოლოდ ჭურჭლის გასარეცხად, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვების დასაბანადაც ვიყენებთ, განსაკუთრებით, 2-3-წლიან ჯგუფში, ანაზღაურებამაც ეტაპობრივად მოიმატა და ჩვენს ბაღს მიმდინარე წელს ახალი კორპუსიც მიაშენეს. იმედი მაქვს, რომ შენობა ჩემს ჯგუფს განტვირთავს.
ბავშვები ძალიან მიყვარს, ჩემს საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ვარ. ვცდილობ, აღსაზრდელები კოგნიტურად მაქსიმალურად განვითარებული გადავუშვა წლის ბოლოს მომდევნო ჯგუფში, მაგრამ შეუძლებელია იყო პროდუქტიული, როდესაც 2-3-წლიან ჯგუფში, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ პატარა ოთახს მოიცავს, 35 ბავშვია. მე და ძიძა მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთმანეთი არ დააზიანონ ან თავად არ დაიზიანონ რამე. ჩვენი ოთახი მხოლოდ ერთია _ ესაა საძინებელიც, სასადილოც და სათამაშო ოთახიც. ძალიან რთულია, როდესაც ბავშვებს სძინავთ, მათი საკვების ნარჩენების ალაგება ისე, რომ რომელიმემ არ გაიღვიძოს. მეორე საკითხია სწავლების პროცესი, რომელიც, ძირითადად, ამ ასაკში თამაშით უნდა მიმდინარეობდეს _ ეს ყველაფერი დიდ სივრცეში, რა თქმა უნდა, უფრო აქტიური და ნაყოფიერი იქნებოდა. რაც შეეხება სათამაშოებს _ ეს პრობლემაც გვაქვს, თუმცა თავად მე ვაკეთებ უამრავ სენსორულ აქტივობას, განმავითარებელ დავალებებს, თამაშებს ვაორგანიზებ. ხშირად, მხოლოდ და მხოლოდ, ფერადი ფურცლებია საკმარისი, ასე რომ, სათამაშოების არქონას როგორღაც ვუვლი გვერდს და საკმაოდ წარმატებულადაც. მეორე საკითხია ეზო _ ხშირად გამყავს ბავშვები გარეთ, თუმცა ერთი საქანელითა და ასევე ერთი, პატარა, მოძველებული სასრიალოთი პატარების გართობა რთულია. აქაც ვიპოვე გამოსავალი _ ეზოშიც საინტერესოდ ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ.

ნინო კობახიძე _ მშობელი:
„გარდა არასაკმარისი სათამაშოებისა, ხშირად მასწავლებლებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ სპეციალური საჭიროების ბავშვებთან.
ამაში მასწავლებლებს არ ვადანაშაულებ. მათ გადამზადება სჭირდებათ. შეიძლება, ვინმემ ისე გაიგოს, რომ მე ძველი მასწავლებლების გაშვებას და ახალგაზრდების მოყვანას ვემხრობოდე. ასე არაა. ჩემს შვილს, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონეა, ახალგაზრდა, ენერგიული მასწავლებელი ჰყავს. სამწუხაროდ, ამ ძალიან კარგმა გოგონამ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო მათესთან. არადა, ბავშვს ბევრი არაფერი სჭირდება _ უბრალოდ, მინდა მაქსიმალურად ინტეგრირდეს ჯგუფში, კომუნიკაციაში შევიდეს სხვა ბავშვებთან და გამოავლინოს, რაც იცის. მასწავლებელმა მითხრა, რომ მსგავს ბავშვებთან მუშაობას უნივერსიტეტში არ ასწავლიდნენ. სწორედ ამიტომ არის საჭირო გადამზადება. მათეს მასწავლებელი თავად ცდილობს, მოიძიოს ინფორმაცია, გაიაროს კურსები, თუმცა ყველაფერი თანხებს უკავშირდება“.

ბელა ფხაკაძე _ მე-15 ბაგა-ბაღის პედაგოგი:
„გასულ წელს რამდენიმე ტრენინგი საკუთარი სახსრებით გავიარე. ინფორმაცია დამოუკიდებლად მოვიპოვე, რომ ის ტარდებოდა. ახლა ენისა და მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვეთან დაკავშირებული ტრენინგის გავლაც მსურს, თუმცა ამ კურსის ღირებულება ჩემს ანაზღაურებას აღემატება“.

მარიამ ჯავახაძე _ კლინიკური ფსიქოლოგი:
„ერთი საკითხია, როდესაც მასწავლებელს ტრენინგი უტარდება, მეორე _ სუპერვიზია. სუპერვიზია იმის შემოწმებაა, თუ როგორ ხორციელდება ყოველდღიურობაში მასწავლებლის მიერ ნასწავლი მეთოდოლოგია, როგორ ინერგება ის პრინციპები, რაც მას ტრენინგზე მიაწოდეს. სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკა ჩვენთან არ არსებობს. არავინ ამოწმებს, შეიცვალა თუ არა ტრენინგის შემდეგ მასწავლებლის მიდგომები ბავშვებთან“.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ, სადაც მარიამი ადრეული განვითარების პროგრამის კოორდინატორია, რამდენიმე წლის წინ ქუთაისის გარკვეული ბაღების მასწავლებლები გადაამზადა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჯგუფებში ფერადი ფურცლებისა და ფანქრების არარსებობა. ფანქრები და სახატავი რვეულები პატარებს ხშირად სჭირდებათ. ბაღები ჯგუფების სათანადოდ მომარაგებას ვერ ახერხებენ, მასწავლებლები საკუთარი თანხებით იშვიათად თუ ყიდულობენ რამეს, მშობლებს კი მსგავსი ნივთებისთვის თანხის შეგროვება ბაღებში ეკრძალებათ.

5 წლის ნია ბაღში ყოველ დილით ბებიას დაჰყავს. ციცინო უგრეხელიძე ამბობს, რომ სკოლამდელი დაწესებულებები ბევრი გამოწვევის წინაშე დგას:
„ვერა და ვერ გაკეთდა რემონტი 23-ე ბაღში, არ აქვთ დარბაზი. ოთახები დიდი და ნათელია, ეზოც კარგია, მასწავლებლები და, საერთოდ, ადამიანური რესურსი საუკეთესოა. კვებას რაც შეეხება, აჭმევენ ბევრს და ბევრჯერ, მაგრამ ცოტას თუ მოსწონს ის საკვები, რაც მენიუშია, ამიტომ უამრავი მზა საკვები იყრება. სათამაშოების სიმცირე არახალია. ზოგადად, სისტემასთან მაქვს პრეტენზია _ უფრო მეტად იზრუნოს პატარა ადამიანების განათლებაზე, მათი ინტერესების გაღვივებაზე. მინდა იყოს ეზოს მეტი აქტივობა, ცუდ ამინდებშიც კი. არსებულ სისტემაში მეტი ყურადღება ეთმობა კვებას და ნაკლები _ განათლება-განვითარებას. ყველაზე მთავარი, რაც ა(ა)იპ-ს შეუძლია მოაწესრიგოს _ ეს არის ბაქტერიოციდული ნათურები ყველა ოთახში, რომ ამდენი ვირუსი არ გავრცელდეს ხდებოდეს“..

მაია სურმავა _ ოთხი წლის სანდროს დედა:
„ბაღით კმაყოფილი, თუმცა კვებით უკმაყოფილო ვარ. საჭმლის უმრავლესობას ზედმეტი შაქარი აქვს, რაც პატარა ასაკში ნამდვილად მიზანშეუწონელია“.

მარიამ ჯავახაძე _ კლინიკური ფსიქოლოგი:
„მთავარი, რაც ქუთაისში ბაღებს აკლია, სწორად გაწერილი სასწავლო პროგრამაა.
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების რაოდენობა ბაღებში დღითი დღე იზრდება. დავიწყოთ იმით, რომ ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა მრავალრიცხოვანია და ორჯერ თუ სამჯერ აჭარბებს სტანდარტს. ეს არა მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვისაა შემაფერხებელი განვითარების კუთხით, არამედ ყველა იმ ბავშვისთვის, რომელიც ჯგუფშია. რაც შეეხება სსმ ბავშვებს, მათ აქვთ დამატებითი საჭიროებები განვითარების, გარემოს მოწყობის კუთხით _ ეს თითქმის არც ერთ ქუთაისურ ბაღში არაა გათვალისწინებული. გარდა იმისა, რომ მათ სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა, ასევე სჭირდებათ მეტი ყურადღება, რომ შემთხვევით თავი არ დაიზიანონ. ამისთვის ჯგუფში მასწავლებლების რაოდენობაც არასაკმარისია. ერთი მასწავლებელი და ერთი დამხმარე, რომელსაც, ძირითადად, სისუფთავის დაცვა და ბავშვების კვება ევალება, 30-35 ბავშვთან ვერაფერს ღირებულს ვერ გააკეთებს. ზოგიერთი მასწავლებელი ახერხებს, დიდ ჯგუფებშიც იყოს პროდუქტიული, ბევრ საინტერესო აქტივობას გეგმავს, თუმცა ბავშვები მაინც მინიმალურად იტვირთებიან და ამისთვის, ალბათ, უზარმაზარი ენერგიაა საჭირო.
ყველა ბაღს აკლია ინდივიდუალური პროგრამა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. ამისთვის კი მეთოდისტი, ფსიქოლოგი და მასწავლებელი ერთად უნდა ზრუნავდნენ. სსმ ბავშვები ხშირად სხვადასხვა ცენტრში დადიან, ცენტრებიდან ადრეული განვითარების სპეციალისტები მათ კვირაში ერთხელ ბაღებშიც სტუმრობენ, თუმცა თუკი მასწავლებლისა და, ზოგადად, ზემოთ ჩამოთვლილი გუნდის მუშაობა არ იქნება აქტიური, მხოლოდ ადრეული განვითარების სპეციალისტის ვიზიტი მაქსიმალურ შედეგს ვერ მოიტანს.
ბაღებში არ არის ელემენტარული, რაც ბავშვებს განვითარებისთვის სჭირდებათ: ხის სათამაშოები, ფერადი ფურცლები, ფერადი პრინტერი, ფერადი ფანქრები. ამ ყველაფერს მასწავლებელი თავისი ძალიან დაბალი ხელფასით ყოველთვიურად ნამდვილად ვერ იყიდის, მშობლებსაც ეკრძალებათ ამ ყველაფრის გამო ფულის აკრება.
_ რამე უპირატესობა თუ აქვს სახელმწიფო ბაღს კერძოსთან შედარებით?
_ პროგრამის თვალსაზრისით სახელმწიფო ბაღებში უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე კერძოში. სახელმწიფო ბაღებში არსებობს გაწერილი დღის რუტინა: დილის წრე, კვება, სხვადასხვა ცენტრი, შემდგომ ისევ კვება და ა. შ. მაგრამ ეს წესები მაინც არ არის გამჯდარი ბავშვების ქცევაში. პატარები ამას ავტომატურად აკეთებენ, რადგან მასწავლებელი ავალებს გაკეთებას და არა იმიტომ, რომ თავად უნდათ ასე. ბავშვები დღის რუტინის განხორციელებაში საკუთარი სურვილით და ხალისით უნდა ჩაერთონ. ამისთვის ჯგუფებში უნდა იყოს ბევრი ვიზუალური მიმანიშნებელი, რომლითაც ბავშვები ისწავლიან, რა აქტივობის შემდეგ რა აქტივობა მოდის. უნდა ისწავლებოდეს ქცევითი მოლოდინები _ რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის ეს აუცილებელია. ბავშვებს ბაღში უნდა ასწავლიდნენ პრობლემების გადაჭრას, რიგის დაცვას და ა. შ.“

ბევრი მოსაგვარებელი საკითხის ფონზე, ქუთაისის ბაგა-ბაღებში სიტუაცია წლიდან წლამდე უმჯობესდება. მიმდინარე წელს ქუთაისის ბიუჯეტიდან ქალაქის 37 ბაღისთვის 10 850 ლარია გამოყოფილი. აქედან 8650 ლარი ადმინისტრაციის, 1900 _ ბავშვთა კვების, ხოლო 300 _ ლარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, ეცდებიან, მომდევნო წელი გაცილებით მეტი თანხით დაიწყონ და სხვა პრიორიტეტული პრობლემებიც ნელ-ნელა მოაგვარონ.

შორენა ლაღაძე