ირაკლი კუპრაძე: „ახალი პოლიტიკური კლასის ფორმირება ახალი სახეებით უნდა დაიწყოს“

გავრილოვის ვიზიტის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ქართული პოლიტიკური კლასი სრულ განახლებას მოითხოვს.
რატომ ვერ ხერხდება ახალი სახეების პოლიტიკაში შემოსვლა? რა ფაქტორები უშლის ხელს ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირებას? რა კოზირი აქვთ ამ პროცესებში ახალგაზრდებისგან შემდგარ გუნდს?

აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ იურისტ ირაკლი კუპრაძეს ესაუბრა:
_ როგორ შეცვალა პოლიტიკური მოცემულობა გავრილოვის ვიზიტმა?
_ დღევანდელ ვითარებაში არსებულმა პოლიტიკურმა ელიტამ საზოგადოების ნდობა დაკარგა. აღარ არსებობს არც ერთი მოქმედი პოლიტიკური პარტია, რომელიც სახალხო ინტერესებს გამოხატავს. ეს კარგად აჩვენა ბოლოდროინდელმა კრიზისმა. საზოგადოებას არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ასევე უნდობლობას უცხადებს მთავარ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც, თავის დროზე, საკმაოდ მძიმე დანაშაულებებში მიუძღვით ბრალი. საზოგადოება დიდი ხნის წინ მოემზადა ახალი პოლიტიკური ძალის ან ჯგუფის გამოსაკვეთად და დასანახად, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს პოლიტიკური ჯგუფი არ ჩანს, ვგულისხმობ მესამე ძალის მოლოდინს, რომელიც უნდა ფორმირდეს არა ტაქტიკური გადალაგებით უკვე არსებულ ლიდერებს შორის, არამედ ახალი სახეებით. მოთხოვნა არის ახალ სახეებზე, სისუფთავეზე და მათ შორის, ახალ იდეებზე, რომელიც იქნება განსხვავებული აქამდე არსებული პოლიტიკური კულტურისა და კლასისგან. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მოქმედი პარტიები დომინანტურ პოზიციებს ავრცელებენ, რომელიც ერთმანეთთან ყოველთვის თანხმობაში მოდის, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ასევე „ქართული ოცნება“ და სხვა მცირე ჯგუფები, მათი ძირითადი მოხაზულობა და პრინციპები სახელმწიფოს განვითარების მხრივ არის თითქმის სრულიად იდენტური და მხოლოდ მცირე საკითხებში განსხვავდება ერთმანეთისგან. საზოგადოება რაღაც განსხვავებულს ითხოვს და ამის შეთავაზება, ჩემი აზრით, შეუძლიათ მემარცხენე ჯგუფებს, რომელიც არასდროს ყოფილა კოალიციაში არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არც „ქართულ ოცნებასთან“. რაც შეეხება გავრილოვის ვიზიტს, ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ პოლიტიკურ კლასს, ნდობასთან ერთად, არ გააჩნია უნარები იმისა, რომ წინდახედულად მართოს სახელმწიფო და ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც სარგებელს მოუტანს ქვეყანას. პირიქით, ვხედავთ, რომ საქართველო ზიანდება, ასევე ვხედავთ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც ამ ყველაფერს ძალიან მძიმედ იყენებს და ვხედავთ დაბნეულ ახალგაზრდობას, რომელსაც ამ პროცესების სწორად გამოყენების უნარ-ჩვევები არ გააჩნია და არც გამოცდილება აქვს, ისე მიმართოს ხელისუფლების წინააღმდეგ ეს პროცესები, რომ სხვა პარტიული ჯგუფების გაძლიერება არ გამოიწვიოს. ამავდროულად, ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნას, რომელსაც დამოუკიდებელი მიმართულება ექნება. ეს მიუთითებს ტოტალურ იმედგაცრუებასა და უშედეგობაზე სამივე მხრიდან: ხელისუფლებისგან, ოპოზიციისგან და ცალკე მდგომი საზოგადოებისგან. გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ძალიან მკაცრი და ცალსახაა, რომ ეს იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ღალატი, უგუნურება და დანაშაული. ამ ყველაფერზე აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ხელისუფლებამ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი გახარიამ, სხვა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ამით მძიმე დარტყმა მიაყენეს სახელმწიფოს, ეკონომიკას და ზოგადად ეროვნულ ინტერესებს.
_ დაბნეული ახალგაზრდები ახსენეთ, კონკრეტულად ვის და რას გულისხმობთ?
_ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რუსთაველზე მდგომ ახალგაზრდებს და ასევე იმათაც, ვინც სახლში სხედან ან რეგიონებში არიან. რეგიონებში ეს პროტესტი ბევრად შესუსტებულია. აქციის ორგანიზატორებს მცდელობა ჰქონდათ, პარტიული გავლენებისგან თავისუფალი ყოფილიყვნენ, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები სიტყვით არ გამოდიან, აქციაზე ვხედავთ გივი თარგამაძეს, გიგა ბოკერიას, რომლებიც გვესაუბრებიან აქციის დარბევის სტანდარტებზე. ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის, რომელსაც ახსოვს 7 ნოემბერი და 26 მაისი, ეს ყველაფერი უსამართლობის განცდას იწვევს. სწორედ ამან დააბნია ქართული საზოგადოება და, მათ შორის, ის ახალგაზრდები, რომლებიც არ დგანან რუსთაველზე და პირიქით, ცდილობენ, რომ დიდ წინააღმდეგობაში შევიდნენ აქციასთან და აკრიტიკებენ პარტიული ჩართულობის გამო. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს პოზიციას ერთი ფრაზით გამოვხატავ: ჩვენ შორის უფრო მეტი საერთოა, ვიდრე გამყოფი ხაზები, ანუ აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. გვაერთიანებს ის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი წინ არის წამოწეული, ასევე წამოწეულია რუსული ოკუპაციის საფრთხე, რაც ჩემთვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესია, ასევე დემოკრატიული განვითარების საკითხი. ჩემთვის სწორედ ეს თემები ფარავს გამყოფ ხაზებს, რაც არის მაგალითად გივი თარგამაძის აქციაზე ყოფნა. შესაბამისად, მე ვდგავარ ამ აქციებზე, ვითხოვ გახარიას გადადგომას, პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ მხრიდან, ჩემი მეგობრები და თანაბრძოლები რეგიონებში აქციებს მართავენ. ვფიქრობ, ბევრად უფრო მოგებული იქნებოდა ქართული საზოგადოება და, მათ შორის, აქციის საორგანიზაციო ჯგუფი, თუკი მაინც შესაძლებლობა იქნებოდა, რომ პარტიული სახეებისა და გავლენებისგან მეტად თავისუფალი ყოფილიყო რუსთაველზე მიმდინარე აქციები. ვხედავთ, რომ პარტიული სახეების აქციაზე გამოჩენით ერთგვარ საფუძველს ვაძლევთ „ქართულ ოცნებას“, რომ ბინძური მეთოდებით იმუშაონ ახალგაზრდების გასაშავებლად, სოციალურ ქსელებსა და მედიაში, ამაში ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ.
_ გავრილოვის ვიზიტი იქნება თუ არა გარდამტეხი ქართულ პოლიტიკაში?
_ საქართველოში ახალი პოლიტიკური ერის დასაწყებად „გავრილოვის ღამე“ გარდამტეხი პროცესი იყო. ეს შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას, ძალთა თანაფარდობას, რეიტინგებს. თავის მხრივ, აუცილებლად გამოჩნდებიან ახალი ძალები და საჭიროა, მათ ჰქონდეთ ახალი პოლიტიკური პლატფორმა და დამოუკიდებლობა, მათ შორის, პროდასავლურობა, რაც ჩემთვის პრინციპული მიმართულებაა. ხოლო თუ რატომ ვერ ხერხდება ახალი ძალების გამოჩენა, ამას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება აქვს: არსებულ პოლიტიკურ ჭაობში ვხედავთ, რომ ნებისმიერ ახალ სხეულს განდევნიან, როგორც კეთროვანს ან პასუხისმგებლობას აკისრებენ, რომ ოპოზიციასთან გაერთიანდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჩაკეტილი აქვთ საინფორმაციო არხები. ამავდროულად, ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკა ურთიერთზიზღის პრინციპზე კეთდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევენ ხმას, რადგან ეზიზღებათ „ქართული ოცნება“ და „ქართულ ოცნებას“ აძლევენ ხმას, რომ „ნაციონალების“ დაბრუნება არ უნდათ. ამ პოლარიზების მთავარი ავტორი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც უდიდესი დანაშაული ჩაიდინა ქართული დემოკრატიის წინაშე, როცა პირველად სცადა გაეკრიფა შუა, ეს მისი სიტყვებია. მან სცადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეექმნა საფრთხობელა და არ მიეცა საშუალება ახალი პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომ მათ ებრძოლათ. ამან დააყოვნა სწორედ ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირების პროცესი. ეს პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ნებისმიერ ახალ ჯგუფს მოღალატედ რაცხს და დამოუკიდებელი პოლიტიკური ბრძოლის წარმოება უნდა. ბიძინა ივანიშვილმა გაიაზრა, რომ მისი ტრიუკი, როგორც თავად უწოდებს შუა გაკრეფას, აღმოჩნდა უდიდესი შეცდომა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა. ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეისისხლხორცა პატარა პარტიები, რომლებსაც დამოუკიდებლად განვითარების საშუალება ჰქონდათ. „ქართულმა ოცნებამ“ ანტისახალხო, კორუფციული, დანაშაულებრივი, მიკერძოებული, ნეპოტისტური პოლიტიკა აწარმოა ქართულ სახელმწიფოში, ამით კი „ნაციონალურ მოძრაობას“ საშუალება მისცა, კრიტიკული წინააღმდეგობა გაეწია ხელისუფლებისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ სხვა მიმართულებით ვერ შეიქმნა ისეთი პოლიტიკური ძალის ცენტრი, რომელსაც შეიძლებოდა დაებალანსებინა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს შეცდომა ბიძინა ივანიშვილს მძიმედ აწევს და ეს შედეგები ბოლო არჩევნებზე იწვნია, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკმაოდ მაღალი პროცენტული შედეგი დადო. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა სტრატეგია და შუას დაბრუნება გადაწყვიტა. ნულოვანი ბარიერის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამ პროცესს ემსახურება, რაც ნიშნავს, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში მაშინ, როცა ბლოკების ერთობა აკრძალულია არჩევნებში მონაწილეობის დროს, პატარა პარტიებს, რომლებიც დღეს მიკედლებული არიან „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ძალა ერთობაშიას“ კოალიციას, ინდივიდუალური ამბიციები გაუჩნდებათ საპარლამენტო ბრძოლის წარმოებისას. ისინი დამოუკიდებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შესაბამისად, გამოეყოფიან „ნაციონალურ მოძრაობას“, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ელექტორატის ნაწილზე გავლენას დაკარგავს, დასუსტდება, როგორც ყველაზე ძლიერი ოპოზიცია და ახალი სივრცე გაჩნდება ოპოზიციური ძალის ფორმირებისთვის. შეიძლება ეს იყოს კოალიციური ოპოზიცია, სადაც „ნაციონალური მოძრაობაც“ და სხვა პარტიებიც ჩაერთვებიან, მაგრამ შესაძლებელია ეს იყოს სხვა დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც სუფთა ფურცლიდან შეეძლება ხელისუფლების კრიტიკა. მათი კრიტიკა ბევრად უფრო ბასრი, სამართლიანი და საზოგადოების მხრიდან სწორად აღქმული იქნება. მაგალითად, ირაკლი კუპრაძეს, ლევან ლორთქიფანიძეს ან გრიგოლ გეგელიას ვერასდროს ვერ ეტყვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, სად იყავით 2012 წლამდეო, ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გვეტყვიან, სად იყავით 2012 წლის შემდეგო. ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც სახალხო ინტერესები იდგა, ვიყავით ციხის კადრების აქციების დროს ერთ-ერთი ორგანიზატორები, მანამდე ვიყავით აქციების დარბევის დროს, სტუდენტური პროტესტის დროს, უნივერსიტეტის ავტონომიის მოთხოვნის დროს, განათლებისა და შრომის საკითხების ბრძოლის მიმართულებით აქტიურად ჩართული, ასევე ეკოლოგიის მიმართულებით ვიყავით მოწინავე ადამიანები, რომლებიც იცავდნენ ეკოლოგიურ საკითხებს, ეროვნულ უმცირესობებს, კულტურულ მემკვიდრეობას, ვგულისხმობ საყდრისს. ეს ბრძოლები გაშლილი იყო ყველგან: ჭიათურაში, პანკისში, რაჭასა და ა. შ., შესაბამისად, ეს ძალა უნდა იყოს პრინციპული და მებრძოლი პოზიციის მქონე, რომელსაც ვერასდროს ვერავინ გაუბედავს და ვერ წამოაძახებს რაიმე გარიგებას წარსულიდან ან რაიმე კომპრომისს, რადგან უკომპრომისოდ ყოველგვარი კოალიციების გარეშე ვიცავდით სახალხო ინტერესს და ქართულ სახელმწიფოებრიობას. 2012 წლის ციხის კადრების შემდეგ დიდი ბრძოლები გამოიარა სტუდენტურმა მოძრაობამ და ჩვენ პირველები ვიყავით, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან გავმართეთ აქციები, მაშინ როცა ჯერ კიდევ ერიდებოდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებას, მათ შორის, ოპოზიციური პარტიები, რადგან ისინი ივანიშვილისგან წყალობას ელოდნენ. ახალი პოლიტიკური კლასის ფორმირება და გაკრეფილი შუას დაბრუნების პროცესი ახალგაზრდებით, ახალი სახეებით და სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს. ჩვენ არავის გავუკრეფივართ, რადგან ზედმეტად ახალგაზრდები ვართ იმისთვის, რომ პოლიტიკაში ვყოფილიყავით, მაგრამ ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ ჩვენ გავწიოთ დიდი შრომა და ბრძოლა იმ მიმართულებით, რომ ქართველ ხალხს გავუჩინოთ იმედი პოლიტიკისა და იმისა, რომ ქართული სახელმწფოს მშენებლობა შეიძლება ქართველი ახალგაზრდების სუფთა შრომით. სხვადასხვა საგანმანათლებლო-სალექციო კურსზე სიარული რეგიონებში ძალიან ხშირად გვიწევს, სადაც ადამიანები გვეუბნებიან: როდის მოგვცემთ შანსს, რომ სუფთა გულით წავიდეთ არჩევნებზე და არ დავმალოთ, ვის მივეცით ხმაო.
_ დამეთანხმებით, რომ ფინანსური რესურსი პოლიტიკაში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს. რა იქნება თქვენი კოზირი ფინანსებთან მიმართებით?
_ უმნიშვნელოვანეს საკითხს შეეხეთ, რაზეც გადავდიოდი. ეს არის ტექნიკურად ძალიან რთული საკითხი, მაგრამ ვფიქრობ, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელიც პროტესტის ნიშნად არ დადის არჩევნებზე, რაც 50%-ზე მეტია, არ იყიდება, არც რამდენიმე კილოგრამ კარტოფილზე და არც დაპირებებზე. ქართულ საზოგადოებას ძალიან დიდი და ღირსეული ნაწილი ჰყავს, რომელსაც შეუძლია, ეროვნული სულისკვეთებით მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სწორედ ეს ამომრჩეველი არის ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც წინააღმდეგობრივია და ფიქრობს დემოკრატიაზე და მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებზე. ჩვენ შეგვიძლია ამის გარშემო გავაერთიანოთ ქართული საზოგადოება იმ მინიმალური ფინანსური რესურსებით, რომელსაც ისევ საზოგადოების შემოწირულობები მოგვიტანს და შევძლებთ მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებას. თუ ახლად შექმნილი ახალგაზრდების გაერთიანება, მით უმეტეს, მემარცხენეების, რომელიმე ოლიგარქს მიეყიდება ან მისგან ფულს აიღებს, ეს უკვე წაგებული თამაში, პრინციპებისა და ღირსების გაყიდვა იქნება. ფინანსების მოძიება მხოლოდ საზოგადოებისგან შეიძლება. არსებობს ასეთი საზოგადოება, რომელსაც ახალგაზრდების სჯერა. ჩვენი მთავარი ღირსება და კოზირი სწორედ საზოგადოების მხრიდან სოციალური კაპიტალი და ნდობაა, რომელიც საქართველოს უამრავ რეგიონში გვაქვს. გათენებული ღამეები: ჭიათურაში, ტყიბულში, საყდრისთან, უნივერსიტეტის ბაღსა თუ შენობაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლებია, რომელიც ახსოვთ ამ ადამიანებს. ისინი ხედავენ მიუკერძოებლობას, უკომპრომისობას. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის ღირსეულ ნაწილს შეუძლია ამ პროცესის სწორად გააზრება. შეუძლებელია გვყავდეს კოორდინატორები და ინტერნეტბოტები, ჩვენი ჯარისკაცები და კოორდინატორები უნდა იყვნენ რიგითი ადამიანები, რომლებსაც იმის განცდა დარჩათ, რომ შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერება და პროცესის განვითარების მიმართულებით დაძვრა.

ნენე ინჯგია