ვინ ემუქრება მოკვლით თემურ თათარაშვილს?

 
მომღერალი თემურ თათარაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ გიორგი გახარიას გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს და ფიქრობს: თუ გამოძიების დასრულების შემდეგ მინისტრის დანაშაული დადგინდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა დატოვოს მან თანამდებობა და პასუხიც აგოს.
ცნობილი მომღერლის ამ განცხადებამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება და დიდი აგრესია გამოიწვია. „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ მისი ამ პოზიციის გამო მას მოკვლით ემუქრებიან.
ვინ ემუქრება სიცოცხლის მოსპობით მომღერალს? რატომ აღიზიანებენ მას წინა მთავრობის ლიდერები და რა შემთხვევაში ვეღარ იმღერებს ის ქართულ სცენაზე?!

_ „დიახ, გახარია არ უნდა გადადგეს. მე მომწონს გახარია. კაცი არის და ყვ…ბიანია, გაიგე?!“ _ თემურ, ეს წინადადება თქვენ „შაბათის კურიერის“ ეთერში განაცხადეთ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა და, როგორც ჩანს, ეს დღე თქვენთვის არ იყო ემოციურად მშვიდი. მოგვიყევით, რა მოხდა ლაგოდეხში?!
_ გეტყვით, ჩემ ირგვლივ რა ხდება და რაც იყო: ვიყავი ლაგოდეხში, კონცერტი მქონდა. „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა ძალიან მეგობრული განწყობით, მორიდებით, მოწიწებით დამირეკა და მითხრა, რომ უნდოდა გამსაუბრებოდა ჩემს ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით, რომელიც გახარიას ეხებოდა. ვუპასუხე, რომ კონცერტი მქონდა და ამ თემისთვის არ მეცალა. ერთ საათში თავზე დამადგა, რეპეტიციაზე ვიყავი. არ მომეშვნენ, პარტიული დავალებით მომიგზავნეს ჟურნალისტი, რომელიც ყველანაირად ეცადა, პარტიის დავალება შეესრულებინა და წყობიდან გამოვეყვანე. კონცერტის მშვიდად ჩატარების უფლებას არ მაძლევდნენ და ემოციური ტექსტი გამომტყუა, რომელიც შემდეგ „შაბათის კურიერში“ გამოიყენეს. იცით, როგორ დამდევდნენ? ლევან, მე ჩემი აზრი დავაფიქსირე და ვფიქრობ, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, სანამ გამოძიება არ დასრულდება. როცა გამოძიება დასრულდება და დადგინდება, რომ გახარია დამნაშავეა _ გადადგება, აბა, რას უზამენ?! თუ დამნაშავეა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს.
_ ოპონენტები ამბობენ, რომ თუ არ გადადგება, მას აქვს იმის ბერკეტი, რომ ხელი შეუშალოს გამოძიებას… თქვენ არ იზიარებთ ამ მოსაზრებას?
_ ლევან, მე პოლიტიკოსი არ ვარ და ვერც ვერკვევი პოლიციის ამბებში, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე რასაც ვფიქრობ, ის დავაფიქსირე.
_ ამბობთ, რომ პოლიტიკაში ვერ ერკვევით, თუმცა აქტიურად აკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, ასევე ხართ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი…
_ დიახ, მე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ და არა პოლიტიკური ფიგურა. თქვენ კარგად იცით, წინა მთავრობამ რაც გამიკეთა. რასაც დღეს ჩემზე წერენ, ის სასამართლოზეც ვერ დამიმტკიცეს, ამიტომ მომიხსნეს ის მუხლი. „ბარიგა, ბარიგა, ბარიგააა“, რომ წერენ ვიღაცები, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები წერენ ამ სისულელეს. და რომ ვერ დამიმტკიცეს ბარიგობა, ამიტომაც მომიხსნეს ეგ მუხლი. ეს ხალხი ვერ გაერკვია და ბარიგები სადაც სხედან პირდაპირ ეთერებში და მიჰყავთ გადაცემები, ყველამ კარგად იცის. უკვე ყელში ამომივიდა ერთი და იგივეს მტკიცება. „ნარკომანი“, „კაიფშია“, _ წაიკითხეთ, ჩემზე რას წერენ სოციალურ ქსელებში. წამიყვანონ და გამისინჯონ სისხლი, საქვეყნოდ შემიძლია წავიდე და გამომყვეს, ვისაც უნდა და ნახონ _ მარიხუანასაც არ ვეწევი, რომელ წამალზეა აქ ლაპარაკი?! ის დრო წავიდა და ჩაბარდა პატრონს… მე მოხმარება და შეძენა მქონდა ბრალად წაყენებული და არა გავრცელება. ვერ გაიგეს ამ ჩლუნგებმა, თუ ასე აწყობთ, რომ ყოფილიყო არ ვიცი… კიდევ ერთხელ გიმეორებთ: შემიძლია წამოვიდე და სადაც უნდათ, იქ გამსინჯონ. თუ აღმოაჩენენ რამე ნარკოტიკულს, ჩამსვან ციხეში.
_ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს აქტიური კამპანია იგეგმება გახარიას დასაცავად, სადაც უმეტესად ქართველი არტისტები იქნებიან ჩართული. უარყოფთ ამ ინფორმაციას?
_ პირველად მესმის, შვილიშვილებს ვფიცავარ და არანაირ კამპანიაში არ ვაპირებ მონაწილეობას. მე, უბრალოდ, ჩემი პირადი აზრი მაქვს და არ ვაპირებ სადმე ქუჩაში გასვლას და დროშებით სირბილს, მე ჩემი საქმე მაქვს.
_ თავად თქვენ რას ფიქრობთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რომელზეც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“. თქვენ მისი მხარდამჭერი ხართ და რას იტყვით თუნდაც იმ ფაქტზე, რუსი დეპუტატი რომ ვიხილეთ საკანონმდებლო ორგანოში? პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდათ?
_ ეს კითხვა არც უნდა დაგესვათ, რადგან აღნიშნული ფაქტი არავის მოეწონა, არც „ოცნების“ მომხრეებს, არც „ნაცებისას“ და მთელ საქართველოს არ მოეწონა ეს ფაქტი. ამაზე კომენტარიც ზედმეტია და რუსეთი ოკუპანტი რომ არის, ეს ძალიან კარგად ვიცით. ყოველ წუთს თავში გვირტყამენ ამ სიტყვებს და ეს ვიცით უკვე! კარგად მოგეხსენებათ, მე ათი წელი ვცხოვრობდი მოსკოვში და მისი დანახვაც არ მინდა, საერთოდ არ ჩავდივარ, აქ მინდა ცხოვრება, რადგან ეს არის ჩემი ქვეყანა და მიყვარს საქართველო.
_ 20 ივნისის დარბეულ აქციაზე მინდა გკითხოთ და თვალებდათხრილ ახალგაზრდებზე. რას ფიქრობთ იმ ყველაფერზე, რაც პირდაპირი ეთერით ვნახეთ? ხშირად ავლებენ პარალელს 26 მაისთან, 7 ნოემბერთან… „ოცნებამ“ იგივე შეცდომა დაუშვა, რაც „ნაციონალურმა“ მოძრაობამ?
_ უკეთესი იქნება, პარალელი არ გავავლოთ და ჯობია, დღევანდელი დღით ვიცხოვროთ. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ის არ მოხდარიყო, რაც მოხდა, მაგრამ თუ პოლიციას დაწერილი კანონები აქვს, მე რაც არ ვიცი, ვერც გიპასუხებ ამ თემაზე. კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, არ მომხდარიყო, ჩვენ ყველა გვეცოდება, ვინც არ უნდა იყოს, რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს ის თვალდათხრილი ხალხი. იცით, რა ხდება? _ იმ ხალხმა ილაპარაკოს, ვისაც ერთი ადგილი სუფთა აქვს. ძალიან მაღიზიანებს, როდესაც ისეთი ადამიანი გამოდის ტელევიზიით და ლანძღავს, ეს რა გააკეთა გახარიამო, რომლის მთავრობაში ყოფნის დროსაც ჩემი შვილია ისეთი ნაცემი, დღემდე ხუთ ინსულინს იკეთებს მუცელში, დიაბეტი აკიდეს ციხეში ცემის გამო. ვერ ვერკვევი, რა ტყვიები გამოიყენეს და ამიტომ უნდა ვაცადოთ გამოძიებას და თუ გახარია დამნაშავე იქნება, უნდა გადადგეს, რა თქმა უნდა, და პასუხიც უნდა აგოს _ ამ თემაზე მეტს ვერაფერს გეტყვი. არასოდეს მიმუშავია პოლიციაში, რომ ვიცოდე, ეს რა ტყვიებია. სანადიროდაც კი არ ვყოფილვარ არასდროს და არ ვიცი, ვერ ვერკვევი… მუსიკაზე რომ ვსაუბრობდეთ, ყველაფერზე გიპასუხებდი.
_ და მაინც, საზოგადოება საყვარელი ადამიანებისგან, იქნებიან მომღერლები, მსახიობები, ხელოვანები თუ სხვა, განსაკუთრებულად მოითხოვს და განიხილავს მათ განცხადებებს, მით უფრო თუ საქმე ეხება პოლიტიკას. ამ ქვეყანაში ყველაფერი პოლიტიზებულია და პირადად თქვენ რამდენად სწორად მიგაჩნიათ, ასეთი ადამიანები გამოკვეთილად ჩანდნენ პოლიტიკაში და პოლიტიკურად ანგაჟირებული იყვნენ?!
_ გარდა ჩვენი პროფესიებისა, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ჩვენც ვღიზიანდებით, მოგვწონს, გვიხარია და ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც დღეს, ვთქვათ, დგანან პარლამენტთან. ისინიც ხომ ღიზიანდებიან, ჩვენც ვღიზიანდებით და შეიძლება უცებ ემოციურად რაღაც თქვა და შენი აზრი გამოხატო. ლევან, ვერც წარმოდგინეთ, ზოგჯერ ვფეთქდები ხოლმე, როდესაც სახლში ვარ, ვკითხულობ რაღაც კომენტარებს და ვფეთქდები. დავუშვათ, წავიკითხე ჩემთვის რამე არასასურველი ინფორმაცია, თუ არ მომწონს, უბრალოდ გავივლი და პასუხს არ გავცემ, ხომ? რატომ გვივარდება ვიღაც უცხო ხალხი, თითქოს ადამიანების ეს კატეგორია დაგეშილები არიან, რაღაც სექტა! ვინ არიან, არ ვიცი, მეგობრებში არ გვყავს, რატომ შემოვარდებიან ხოლმე ჩემს კედელზე, ვერ ვხვდები. დღეს, მაგალითად, ვიღაცამ რაღაც საშინელება მომწერა: „შენ შუბლში ტყვიას დაგაჭედებო“. მოკვლით დამემუქრნენ. ამაზე აუცილებლად გავაკეთებ რეაგირებას და შინაგან საქმეთა სამინიტროს მივმართავ.
_ თქვენ ახსენეთ, რომ პარლამენტთან ისეთი ადამიანები დგანან, რომლებიც ღიზიანდებიან და არ მოსწონთ რაღაცები. თქვენ ყველაფერი მოგწონთ დღეს ამ ხელისუფლების, რომლის აქტიური მხარდამჭერიც ხართ?
_ რა თქმა უნდა, ყველაფერი არ მომწონს. როგორ შეიძლება, ყველაფერი მომწონდეს ამ ხელისუფლების?! რაღაც მომწონს, რაღაც არ მომწონს. მე არც მიშას დროს დავკარგავ იმ გაკეთებულს, რაც გაკეთდა და ყოლვეთვის ვამბობ ხოლმე, რომ რაღაც გააკეთა და რაღაც ვერ გააკეთა. მე არ ვარ არც იმის მომხრე, არც ამის მომხრე, მომღერალი ვარ! მე რომ მდომებოდა პოლიტიკაში წასვლა, წავიდოდი, არც სამსახური მაქვს და არც თანამდებობა, ბინაც არ მქონდა და იპოთეკით ვიყიდე. ვინმეს ჰგონია, რომ მთავრობიდან დამეხმარნენ და ფულს ვიღებ რამეში?! იპოთეკით მაქვს ნაყიდი და „თიბისი ბანკში“ ვიხდი ყოველთვიურად ოპოთეკას.
_ დღეს ქართული შოუბიზნესი პოლიტიზებულია და თუ ასეა, რამდენად აზარალებს ეს მას?
_ რა თქმა უნდა, აზარალებს, ადრე უფრო იყო, ახლა ნაკლებად არის. ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები სულ მეჩხუბებიან, _ თემო, ნუ წერ რაღაცას. ვეუბნები, _ ვღიზიანდები, თავს ვერ ვიკავებ-მეთქი. ვიტყვი, არ დავწერ და მერე ისევ ვიწყებ წერას. ბევრი ჩემი მეგობარი საერთოდ იგნორირებას უკეთებს პოლიტიკურ პროცესებს, მგონი, რამდენიმემ საერთოდ გააუქმა „ფეისბუქი“, რათა არაფერი წაეკითხა. ადრე უფრო იყო პოლიტიზებული, ახლა აღარ არის. საერთოდ კარგი იქნება, ხელოვანები არ იყვნენ პოლიტიკაში ჩართულები, რადგან ეს არ არის ჩვენი საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ისეთი სიტუაციაა, გინდა არ გინდა, კითხულობ ყველაფერს და რეაქციაც გაქვს.
ახლა ერთ ისტორიას გეტყვით: ლაგოდეხში ყოფნისას კონცერტის ორგანიზატორს ემუქრებოდნენ, ეჩხუბებოდნენ, რატომ ჩამოგყავს თათარაშვილიო, ეს ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი იყო. წარმოიდგინეთ, „ნაციონალები“ რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მე სცენაზე აღარ უნდა ვიდგე. და დღეს „ნაცია“, „ქოცია“ თუ ვინც არის, ყველა დგას სცენაზე და ხელისუფლებიდან არავის ავიწროებენ. ამიტომ არ მინდა მათი დაბრუნება. შარშან ფოთში მქონდა კონცერტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შეისყიდეს ბილეთები და დახიეს. წარმოიდგინეთ, ახლა, მინდა მე მათი დაბრუნება?! არ მინდა, რა თქმა უნდა, იმ დროის დაბრუნება, როცა ყველაფერი პოლიტიზებული იყო. დღეს მთავრობა არც ერთ მომღერალს არ ჰყოფს ერთმანეთისგან, ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ლევან ქემოკლიძე