შტატები ირანს ბაშარ ასადის ხელშეუხებლობას ჰპირდება

g1

ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს დაარწმუნოს ირანი, რომ სირიის ტერიტორიაზე წარმოებული წერტილოვანი დაბომბვები, მხოლოდ ტერორისტების წინააღმდეგაა მიმართული და ის ასადის ხელისუფლებას საფრთხეს არ უქმნის. ინფორმაციას ირანის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც ირანელი პოლიტიკოსი აცხადებს  ,,სირიის ტერიტორიაზე ტერორისტების სამხედრო ობიექტების დაბომბვის საკითხი, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ირანელ კოლეგასთან, მოხამად ჯავად ზარიფთან დაწვრილებით განიხილა და ამერიკული მხარის მტკიცებით, აღნიშნული სპეცოპერაცია ასადის ხელისუფლებას საფრთხეს არ შეუქმნის. ტერორისტული დაჯგუფება  ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ ქსელის გაძლიერება, საფრთხეს უქმნის მსოფლიო ქვეყნების საერთო ინტერესებს და ეს ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის უზრუნველყოფას წარმოადგენს“ – აცხადებს ინფორმაციის წყარო. სააგენტოს მიერ მოპოვებული მონაცემებით, ამერიკული მხარე არ აპირებს, რადიკალი ისლამისტების წინააღდეგ წარმოებულ სპეცოპერაციაში, ირანი პარტნიორად მოიაზროს და ამერიკული დაზვერვა ირანულ მხარესთან, არც სადაზვერვო მონაცემების გაცვლას აპირებს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებმა, სირიის ტერიტორიაზე ქალაქ რაკაში ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ სამხედრო პოზიციები პირველად 23 სექტემბერს დაბომბეს. დაბომბვის შედეგად 30 ბოევიკი იქნა ლიკვიდირებული, ასევე დაიღუპა ათი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის ჯენ პსაკის განცხადებით, შტატებს სირიისგან საკუთარი ტერიტორიების დაბომბვის ნებართვა არ აუღია. რაც შეეხება კრემლის პოზიციას, ოფიციალური მოსკოვი ამერიკის შეერთებულ შტატებს ახსენებს, რომ ანალოგიური ოპერაციები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს და შესაბამისი ნებართვა მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ უნდა გასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლო გაუთვალისწინებელ შედეგებზე პასუხისმგებელი, სპეცოპერაციის მწარმოებელი მხარე იქნება.