სიმონ მასხარაშვილი: „ქვეყანა კინაღამ პოლიტიკურ დეგენერატ ქუცნაშვილის განზრახვებს გადავაყოლეთ!“

საქართველოს ხელისუფლებამ ჟურნალისტ გაბუნიას, რომელიც აშკარად არაკორექტულად მოიქცა, პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის გინება ვერ აპატია და ყველამ _ პრეზიდენტიდან დაწყებული, პრემიერითა თუ რიგითი დეპუტატით დამთავრებული, საგანგებო განცხადებები გაავრცელა. აი, ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის ცინიკურ დამახინჯებაზე კი „ოცნების“ ხელისუფლების უმაღლეს პირებს, პარლამენტის თავმჯდომარეს თუ არ ჩავთვლით, რეაქცია ნულზე დაბალი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი რუსი კოლეგის სამარცხვინო განცხადების შეფასებას გაურბის. არადა, პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ისტორიულ ოკუპაციაში, ასევე გენოციდში ადანაშაულებს და ჩვენს ხელისუფლებას ურჩევს, ისტორია არ დაივიწყოს.

„ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუ სწორად მახსოვს, 1774 წელს შევიდა. შევიდა მთლიანად, მისი სამხრეთი ნაწილიც და ჩრდილოეთიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი რუსეთის იმპერიაში შევიდა 1810 წელს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, სამთავრო. შემდეგში ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა ტფილისის გუბერნიაში, არავითარი საქართველო არ ყოფილა, ეს იყო ტფილისის გუბერნია“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ კრემლის მმართველმა და დასძინა, რომ რუსეთის იმპერიის ჩამოშლისა და პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ აფხაზეთის ჩაყლაპვა გერმანული ძალების დახმარებით სცადა.
სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ქართველმა ისტორიკოსებმა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს მყისიერად უპასუხეს. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იყო ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:
„სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ ან რაიმე სახის ოსური სახელმწიფო წარმონაქმნი 1774 წელს შიდა ქართლის ტერიტორიაზე არ არსებობდა. შიდა ქართლი მთლიანად ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილი იყო და 1802 წელს ის მთელ სამეფოსთან ერთად დაიპყრო რუსეთმა. სამაჩაბლო 1802-1918 წლებში „საქართველოს“ და შემდგომში, „ტფილისის“ გუბერნიების გორის მაზრაში შედიოდა და ამ ტერიტორიას „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ მხოლოდ 1922 წელს ეწოდა.
ბატონო პუტინ, თქვენ საპირისპიროდ ილაპარაკეთ და დაე, თქვენ მოიტანეთ წყაროები და დოკუმენტები თქვენი სიტყვების დასამტკიცებლად.
1918-19 წლებში აფხაზებისა და ოსების გენოციდი არ მომხდარა, მეტიც: 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დეპეშით პირველი მიესალმა აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გიორგი შარვაშიძე. ის მთავრად რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებულ აფხაზებს ჰყავდათ გამოცხადებული 1866 წელს. გიორგი შარვაშიძე დედაენად ქართულს მიიჩნევდა და, საერთოდაც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასაცავად, როგორც 1918-ში, ისე 1921-ში, რუსეთის წინააღმდეგ ქართველებზე არანაკლებ გმირულად აფხაზები იბრძოდნენ. მაგალითად, თბილისი 25 თებერვალს დაეცა, გაგრასა და სოხუმს კი 4-5 მარტამდე იცავდნენ აფხაზები და არ ეგუებოდნენ საქართველოს ოკუპაციას. ერთადერთი სიმართლე თქვენს ნათქვამში იყო ის, რომ 1810 წელს აფხაზეთის სამთავრო რუსეთის „მფარველობის“ ქვეშ მოექცა, დანარჩენი ყველაფერი სიცრუეა და ამ ქართველი ერის შეურაცხმყოფელი და ერთაშორის შუღლის გამაღვივებელი ზღაპრების გამოგონება რად გჭირდებათ, ვერ გამიგია! სამწუხაროდ, ქართველები შესაძლოა, მოისყიდო, მოფერებითა და დაყვავებით გადაიბირო, მაგრამ ისტორიის გაყალბებით, აბუჩად აგდებითა და ძალმომრეობით ქართველი ერი ვერავის ვერასდროს დაუმონებია და სამომავლოდაც ვერავინ ვერასდროს დაიმორჩილებს. ვერც თქვენ, ბატონო პუტინ!“

რას ემსახურებოდა პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის ცინიკური დამახინჯება? _ ამ კითხვით დაიწყო „ქრონიკა+“-მა საუბარი ისტორიკოს სიმონ მასხარაშვილთან:

_ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ პუტინი რუსების საყვარელი „თაფლაკვერისა და მათრახის“ მეთოდით მოქმედებდა, ანუ თავდაპირველად აჟიოტაჟი ატეხეს, აი, საქართველოს რაღაც სანქციებს დავუწესებთ, მაგრამ პუტინმა, ვითომ ქართველების პატივისცემის ნიშნად, სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა. მან კარგად იცოდა, რომ მისი ეს განცხადება საქართველოს საზოგადოებას არათუ მოადუნებდა, არამედ გარკვეული ამოსუნთქვის საშუალებასაც მისცემდა. ზოგადად, ბოლო წლებში რუსეთის ბაზარს, სხვადასხვა მიზეზის გამო, მეტ-ნაკლებად, ჩამოვეკიდეთ _ რუსეთში „ნაბეღლავის“ 3% გადის, ღვინო კი _ 6 მილიონი ბოთლი, რაც, ალია-ბალია, 60 მილიონი ლარიც არ არის და ეს მაშინ, როცა საქართველოს ეროვნული პროდუქტი 30 მილიარდამდეა, მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად, შესაძლო სანქციებმა მოსახლეობაზე მაინც შოკირებულად იმოქმედა და პუტინის სიტყვებმა, საქართველოს პატივს ვცემ და არ დავსჯიო, საზოგადოება თითქოს ამოასუნთქა და ხალხი დამშვიდდა, ახალი დაძაბულობა არ იქნებაო.
_ ანუ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა?
_ ეტყობა. სხვათა შორის, პუტინის პროგნოზი, გარკვეულწილად, გამართლდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, სანამ ისტორიკოსებმა ყვირილი არ ატეხეს, ხელისუფლება დუმდა. პრეზიდენტს კი განცხადება დღემდე არ გაუკეთებია.
_ დიახ, ასეა, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინს საქართველოს გაყალბებული ისტორია ვიღაცამ მიაწოდა.
_ რას ჰქვია, მიაწოდა? პუტინმა ისეთი რაღაცები თქვა, რომ პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია, არ სცოდნოდა. არ დაგავიწყდეთ, რომ პუტინი საბჭოთა „კაგებეს“, ანუ იმ სტრუქტურის პოლკოვნიკია, რომლის ყველაზე დიადი წარმომადგენელი ლავრენტი ბერია გახლდათ. ამიტომ შეუძლებელია, პუტინმა არ იცოდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო 1918 წლამდეც არსებობდა და ყველაფერი ეს მარტო საქართველოს კი არა, რუსეთის ისტორიაცაა. მან ისტორია მიზანმიმართულად გააყალბა და იმის ფონზე, რომ აღარ დაგვსჯის, შეეცადა, ჩვენთვის ტყუილი „შემოეტენა“, მაგრამ იცით, „შემოტენა“ როდის იქნებოდა? _ თუკი ამაზე პასუხს არ გასცემდნენ.
_ პასუხი ისტორიკოსებმა გასცეს, თორემ ოფიციალური თბილისი ჯიუტად დუმს.
_ დიახ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე, ასეა თუ ისე, მაინც მნიშვნელოვანი ფიგურაა და ერთადერთი, თალაკვაძემ გასცა პასუხი, თორემ პირველი, ვინც პუტინს უპასუხა, ისტორიკოსი გოგი ოთხმეზური იყო; მეორე _ დავით აქუბარდია, რომელსაც გადაცემაში გუბაზ სანიკიძე ჰყავდა სტუმრად. ამასთან, ბატონ პუტინს სოციალური ქსელით საჯარო პასუხი მეც გავეცი, რაც ტელევიზიებმა გააშუქეს; როინ მეტრეველმაც საკმაოდ დიდი მონოგრაფია გამოაქვეყნა; აქვე, არ უნდა დავივიწყოთ დიმიტრი სილაგაძის პასუხიც. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში უამრავი მეგობარი მყავს და სხვა სტატუსებსაც ბევრი მოწონება აქვს ხოლმე, მაგრამ პუტინის საჯარო მიმართვას ერთ დღეში 375 გაზიარება ჰქონდა, თან „დაბუსტვის“ (ბარბარიზმი: თქვენი ფეისბუკ-გვერდის პოპულარობის გაზრდა, _ რედ.) გარეშე და თავად განსაჯეთ, პუტინის განცხადებებზე საზოგადოებას როგორი რეაქციაც ჰქონდა.
_ დიახ, ასეა: პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის თავხედურმა დამახინჯებამ მთელი ქვეყანა აღაშფოთა, მაგრამ, ბატონო სიმონ, თქვენს ლოგიკას გავყვეთ, ანუ ყველაფერი ეს ე. წ. გავრილოვის კრიზისს მოყვა და ბოლოს, პუტინმა ქართველები „შეგვიწყალა“ _ სანქციები არ დაგვიწესა, მაშასადამე, გავრილოვის თბილისში ჩამოსვლა კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო?
_ არ ვიცი, თუმცა თუ შეთქმულების თეორიით წავალთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გავრილოვის პროვოკაციით მოსკოვმა და მასთან მჭიდრო კავშირში მყოფებმა, ქუცნაშვილის მეთაურობით, საქართველოს საზოგადოებას კბილი მოუსინჯეს. ამ შემთხვევაში, საზოგადოებაში მარტო ხალხს კი არა, ჩვენი პარლამენტის ოპოზიციონერ და „ოცნების“ წევრებსაც ვგულისხმობ.
_ „ოცნების“ წევრებისთვის „კბილის მოსინჯვა“ რაში გამოიხატებოდა?
_ გავრილოვის თემაზე ყვირილი თამარ ჩუგოშვილმა ატეხა.
_ კი ბატონო, მაგრამ საინტერესოა, ჩუგოშვილმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, ზუსტად იმ დღეს საქართველო რატომ დატოვა ან თურქეთის აეროპორტში ვისგან შეიტყო, რომ სპიკერის სავარძელში გავრილოვი ჩაჯდა?
_ მესმის, მაგრამ „კბილის მოსინჯვა“ ის იყო, რომ აინტერესებდათ, ზვიად გამსახურდიას სკამში ჩასკუპებულ კომუნისტს, ფსევდომართლმადიდებელ რუსს „ვჭამდით“ თუ არა, მით უმეტეს, რომ ეს პიროვნება ჭკუას გვარიგებდა. ბოლო შვიდი წელი რუსეთთან ვითომ მეგობრობა გვქონდა და კრემლს აინტერესებდა, ამ ფონზე ყველაფერ იმას, რაც მოხდა, „ვჭამდით“ თუ არა.
შეთქმულების თეორიის კონტექსტში ვამბობ, თუმცა, მეორე მხრივ, სავსებით შესაძლებელია, ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების დიდი რაოდენობის წევრის არაპროფესიონალიზმისა და არაკოოდინებულობის, ანუ სისუსტის წყალობით მოხდა. აქამდეც ვიცნობდი, მაგრამ დღეს არ ვიცი, რა დავარქვა, თუ არა პოლიტიკური დეგენერატი. დიახ, ქვეყანა კინაღამ ამ პოლიტიკური დეგენერატის განზრახვებსა და განწყობებს გადავაყოლეთ!
_ ქუცნაშვილი რომ დიდი პრობლემა და გაუგებრობაა, ამაზე მსჯელობის გაგრძელება არც ღირს, მაგრამ უბედურებაა, რომ ზოგმა პუტინის განცხადება დაიჯერა, აი, საქართველო აფხაზეთის ოკუპანტი ყოფილაო.
_ არ გედავებით, რადგან ჩვენთან ისტორია, სამწუხაროდ, არ იციან! შეიძლება, თქვენზე რამდენიმე წლით უფროსი ვარ, მაგრამ გაიხსენეთ: ჩვენს დროს სკოლებში საქართველოს ისტორია ჯავახიშვილისა და ბერძენიშვილის მიხედვით კი არა, სულ სხვა სახელმძღვანელოთი ისწავლებოდა, რომელიც რამდენიმე კლასზე იყო გათვალისწინებული. მეტიც, საქართველოს ისტორიის გაკვეთილები, პრაქტიკულად, არ ტარდებოდა. სამაგიეროდ, გაძლიერებულად ისწავლებოდა საბჭოთა კავშირის ისტორია. სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება წინა პლანზე საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე წამოვიდა, თუმცა ასე ცოტა ხანს გაგრძელდა, ანუ საქართველოს ისტორია უმაღლესი სასწავლებლების მისაღებ გამოცდებზე სავალდებულო მხოლოდ 2000 წლამდე იყო. ამის შემდეგ საქართველოს ისტორია უნარებმა ჩაანაცვლა. ბოლოს კი ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულოდ ისტორია-გეოგრაფია შემოიღეს, სადაც უმეტესი ადგილი მსოფლიო ისტორიასა და გეოგრაფიას ეთმობა. შესაბამისად, საქართველოს ისტორია საერთოდ დაიკარგა.
მოკლედ, თუნდაც მას, ვისაც აინტერესებდა საქართველოს ისტორიის სწავლა, ძალიან მცირე მონაკვეთის განმავლობაში შეეძლო, ისიც მხოლოდ აბიტურიენტობის დროს. დღეს კი სკოლებში საქართველოს ისტორია მარტო მე-9 კლასში ისწავლება, ისიც ძალიან მდარე და უვარგისი წიგნით. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა შეაძულო ბავშვს საქართველოს ისტორია!
_ ანუ, საბოლოო ჯამში, განათლების სისტემის პრობლემასთან მივდივართ, არა?
_ რა თქმა უნდა, თუმცა ეს პრობლემა და კრახი სხვა საგნებს არ ეხება და ყველაფერი ეს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო, ანუ საქმე, მინიმუმ, 50-წლიან მონაკვეთთან გვაქვს, როცა საქართველოს ისტორია არ ისწავლება! სხვათა შორის, კომუნისტების დროს საქართველოს ისტორიის XVIII-XIX საუკუნის პერიოდი ან გაყალბებული იყო, ან საერთოდ არ ისწავლებოდა. ამას გარდა, საზოგადოებას ცოდნა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის პერიოდზეც არ ჰქონდა და ერთადერთი, საიდანაც ინფორმაციას იღებდა, ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლები“ იყო, რომელიც, რეალურად, მხატვრული ნაწარმოებია. ამას გარდა, საქართველოს ისტორიაზე კიდევ რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები არსებობდა, მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“ ან „დიდოსტატის მარჯვენა“…
_ ე. ი., საქართველოს ისტორიის უგულებელყოფა, წლებია, მიზანმიმართულად ხდება და ყველაფერი ეს პუტინმა სათავისოდ გამოიყენა?
_ რა თქმა უნდა. საერთოდ, იცით, ისტორია რა არის? _ პოლიტიკის საფუძველია და თუ შენი ქვეყნის ისტორია არ იცი, ვერც შენი ქვეყნის პოლიტიკოსად ივარგებ! სხვათა შორის, აშშ-ის ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი ისტორიკოსი, ანუ პოლიტოლოგი არ არის _ ისტორიული განათლება ბაკალავრის ან მაგისტრის დონეზე არ აქვს მიღებული და ხომ ხედავთ, ამერიკელები უკვე ფილმებს იღებენ, სადაც ხაზგასმულია, რომ მეფე ისტორიკოსი უნდა იყოს, რომელსაც, მინიმუმ, თავისი ქვეყნის ისტორია ეცოდინება. ამერიკელები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ხვდებიან, არაისტორიკოსი პრეზიდენტების გამო სერიოზული პრობლემები ექმნებათ.
კომუნისტებმა ყველაფერი ეს ძალიან კარგად იცოდნენ და თუ გახსოვთ, მაშინ ისტორიის ფაკულტეტს „სარაიკომისმდივნოს“ ეძახდნენ, ანუ საბჭოთა კავშირში ყველა პოლიტიკოსს რაღაც დონის ისტორიული განათლება ჰქონდა მიღებული. დღეს კი ისტორიკოსი, სახელმწიფოს სათავეს ვინ ჩივის, საქართველოს პარლამენტშიც არ გვყავს! მეტსაც გეტყვით, შევარდნაძის დროს მრჩეველთა ერთგვარი საბჭო არსებობდა, რომელშიც ისტორიკოსებიც იყვნენ. ეს ტენდენცია სააკაშვილის დროსაც გაგრძელდა. ახლა კი ხელისუფლების წარმომადგენლებს ისტორიკოსი მრჩევლის დონეზეც არ ჰყავთ!
ხომ ხვდებით, საქმე რა პრობლემასთან გვაქვს? არადა, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ისტორია პოლიტიკის საფუძველია _ უნდა იცოდე, მტერი ვინ არის. სამართლებრივი ნორმები და ფორმები ძალიან კარგია, მაგრამ იგივე სამართალიც ისტორიულ, ეთნოლოგიურ და რელიგიურ მონაცემებს ეყრდნობა.
_ ძნელია, არ დაგეთანხმოთ, ბატონო სიმონ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ქვეყნის მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, უმაღლესი მთავარსარდალიცაა, ზარზეიმით გვამცნო, ოკუპაციის მე-11 წელს აღვნიშნავთო. თქვენ, როგორც ისტორიკოსს, ოკუპაციის „მე-11 წლისთავის აღნიშვნა“ როგორ გესმით?
_ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, ჩემი აზრით, რამდენიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე: დავიწყოთ გონებაშეზღუდულობით. დიახ, ეს ქალი გონებაშეზღუდულია და ამას, ჯერ კიდევ, მაშინ ვამბობდი, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა!
ამას გარდა, ძალიან ხშირად რუსეთის საქმეს აკეთებს. აი, მაგალითად, აზერბაიჯანში ჩავიდა და დავითგარეჯა ააქოთა! ამასთან, ურთიერთობა კინაღამ „სოკართანაც“ ჩაშალა. მერე ერევანში ჩავიდა და სომხეთი გააგიჟა, ანუ ეს ქალი, იმის ნაცვლად, რომ მეგობრები გაუმრავლოს, საქართველოს, რეალურად, მტრებს სძენს! ეს, ჩემი აზრით, ქვეყნის მტრობაა! ყველაფერი ეს შეიძლება, გონებაშეზღუდულობით ან, უბრალოდ, მოღალატეობით მოსდის! ამასთან ერთად, აბსოლუტური უმეცარიცაა!
_ როცა ამბობს, ოკუპაციის მე-11 წლისთავს აღვნიშნავთო, ამით ზურაბიშვილი კრემლის საქმეს აკეთებს, ანუ ისე გამოჰყავს, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რუსული ოკუპაცია გვიხარია?
_ გასაგებია, რომ ოკუპაციიდან 11 წელი გადის, მაგრამ ვერ გავიგე, „ოკუპაციის აღნიშვნა“ რას ნიშნავს? არ ვიცი, ზურაბიშვილს რისი თქმა უნდოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერთან ერთად, ვერც მეტყველებს!
_ ამ ფონზე, ზურაბიშვილი პუტინის განცხადებების შეფასებისგან თავს იკავებს. თქვენი აზრით, რატომ?
_ ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უვარგისია! დიახ, ჩვენ აბსოლუტურად უვარგისი პრეზიდენტი გვყავს, რომელიც ქვეყნისთვის ზარალია _ ამ უვარგის არსებას ხელფასს ვუხდით!
_ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის არაეთიკურად მოხსენიებაზე მთელმა მმართველმა ვერტიკალმა განცხადება განცხადებაზე გაავრცელა. პუტინის მიერ საქართველოს დამახინჯებულ ისტორიას კი პრეზიდენტმაც წაუყრუა და სხვა ჩინოვნიკებმაც. ეს რა „სპორტია“?
_ არ მინდა, არასწორად გამიგოთ და არც ნამუსს ვწმენდ, მაგრამ გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში, სამწუხაროდ, თვით სააკაშვილმაც მოიხადა, პუტინის განცხადებაზე კი ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილიც დუმდა! არ ვამბობ, რომ გავრილოვის ჩამოყვანა და ეს განცხადება ერთიანი სქემა იყო, მაგრამ პუტინმა სწორად გათვალა, ანუ, ერთი მხრივ, საქართველოს საზოგადოებას, რომელიც ძალიან დაძაბული იყო, მოეფერა და მოადუნა. სხვათა შორის, თემურ ლენგმა, ბირთვისს სამი დღე და ღამე რომ იღებდა, მოულოდნელად ბრძოლა ხუთი საათით შეწყვიტა და ქართველი მებრძოლები გაითიშნენ. ამის შემდეგ თემურ ლენგმა შტურმი განაახლა. პუტინმაც ასეთი რაღაც გააკეთა _ სიტუაცია ჯერ ძალიან დაძაბა, მერე, არანაირი სანქცია არ იქნებაო, საზოგადოებაც მოადუნა და ეგრევე ის სიცრუე შემოგვტენა, რომელზეც ვსაუბრობთ. ამ სიცრუეზე რეაგირება ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მათ შორის, ოპოზიციამაც, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა. ეს პუტინის მხრიდან ფსიქოლოგიური შტურმი იყო!
_ ანუ საინფორმაციო ომი კრემლმა მოგვიგო?
_ კრემლმა საინფორმაციო ომი მოიგო კი არა, ჩემი აზრით, ამ ომში უდიდესი წაგება ნახა და გეტყვით, რატომაც: როგორც კი ისტორიკოსებმა პუტინის განცხადებაზე რეაქცია მისცეს, ისინიც კი, ვინც „ნაციონალების“ მომხრეა და, მაგალითად, გოგი ოთხმეზური არ უყვარს, რადგან „ნაცების“ მოწინააღმდეგეა, მასზე ცუდის სათქმელად ენა აღარ უტრიალდებათ, ანუ პუტინის სიცრუემ საქართველოს საზოგადოება შეკრა. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის და, მათ შორის, იმ თაობისთვისაც, რომელსაც რუსეთთან სიამტკბილობა აკავშირებს და მოსკოვში 37 მანეთად ფრენას მისტირის, პუტინი უკვე აბსოლუტურად მიუღებელია.
ამასთან, ამ ფონზე ანტისაოკუპაციო აქციები გაძლიერდა. მეტსაც გეტყვით, თვით გურამ ფალავანდიშვილმაც თქვა, ძმაო, ანტისაოკუპაციო აქციების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და ჩვენ „პუტინისტები“ არ ვართო, ანუ საზოგადოების განსხვავებულად მოაზროვნე ნაწილების დაძმობილება წავიდა. მართალია, ტელევიზიები ცდილობენ, სხვანაირად წარმოაჩინონ, მაგრამ, რეალურად, ნაბიჯი ერთობისკენ გადაიდგა.
_ შეიძლება, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ „მეკომბლე“ ვასაძის უკან კრემლი დგას.
_ არ ვიცი, ვასაძის უკან რა და როგორ დგას _ პირდაპირ არავის ვდებ ბრალს, მაგრამ ერთი რამ ვიცი: კოტე აფხაზი, მაზნიაშვილი, ხიმშიაშვილი და სხვებიც რუსეთის გენერლები იყვნენ.
_ ბატონო სიმონ, ვასაძე კოტე აფხაზს, ვინ-ვინ და, თქვენ მაინც არ უნდა შეადაროთ!
_ არ ვადარებ, მაგრამ როცა რუსეთმა წითელი ხაზები გადალახა, ყველა ეს ადამიანი რუსეთთან ბრძოლის საქმეში საქართველოს გმირად და წმინდანად იქცა! ქართველი ხალხის გადარჩენის მექანიზმი სწორედ ეს არის! ოდესღაც ბიძინა ჩოლოყაშვილი სპარსელების პირველი თანამშრომელი იყო, მაგრამ ერთი ინციდენტი საკმარისი აღმოჩნდა, რომ პოზიცია შეეცვალა და დიდმოწამე გამხდარიყო! ქართველებს ამ კათარზისისა და ტრანსფორმაციის, ანუ სავლეს პავლედ გარდაქმნის არანორმალური შინაგანი უნარი გვაქვს!
_ კი ბატონო, მაგრამ რა ვქნა, არ მჯერა, რომ ვასაძე პავლედ გარდაიქმნება.
_ არასოდეს ვიტყვი, რომ სააკაშვილი, ივანიშვილი, გახარია, მერაბიშვილი, ვასაძე ან სულაც, თქვენ და მე არასოდეს გარდავიქმნებით! თეორიულად, პავლედ გარდაქმნა შეიძლება, ყველაში მოხდეს!
სხვათა შორის, ოდესღაც მე და ლევან ვასაძე მეგობრები ვიყავით, მაგრამ რაც ჯერ აშშ-ში წავიდა, შემდეგ კი _ რუსეთში, ერთხელაც არ შემხმიანებია, თუმცა ერთ რამეს ვერ ვივიწყებ: 9 აპრილს მიტინგიდან შინ წამოსვლას ვაპირებდი, ამ დროს შეჯიბრიდან დაბრუნებულ ლევანს გადავაწყდი და იმ ღამეს სიკვდილამდე იომა _ კინაღამ თვალებიც დაკარგა. მაშინ ლევანი 18 წლის იყო, მას მერე აღარ მინახავს, დღეს ისეთს ვხედავ, როგორიც არის _ რუსეთში ნამყოფ-ნაცხოვრები, მაგრამ არ ვიცი, ხვალ როგორი იქნება. საერთოდ, გვინახავს, როცა კარგი კაცები გაფუჭებულან და პირიქითაც მომხდარა _ ცუდი კაცები გაკეთილშობილებულან!
ასეა თუ ისე, თავს ვერავისზე დავდებ, მაგრამ არსებობს რაღაც ძაფი, რომელსაც თუ ვინმე შეეხება, ქართველი არ აპატიებს და ეს ჩვენი ღირსებაა! ქართველმა შეიძლება, ყველაფერი გაპატიოს, მაგრამ საქართველოს ისტორიის გადაწერას და ღირსების შეურაცხყოფას არ გაპატიებს!
_ სხვათა შორის, ასეთი ვერსიაც არსებობს: პუტინმა საქართველოს სანქციები იმიტომ აღარ დაუწესა, რომ ახალ პროვოკაციას გვიმზადებსო. თქვენც ასე ხომ არ გგონიათ, ბატონო სიმონ?
_ პროვოკაცია ის იყო, რაც გააკეთა: პუტინმა პირდაპირ გვითხრა, მიყვარხართ და გინებასაც შევირჩენო, ანუ ძალიან კეთილი და კეთილშობილი პერსონა ითამაშა და ამის მერე აფაზეთსა და ცხინვალთან, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოებრობასთან დაკავშირებით ისეთი რამ „შემოგვტენა“, რომ თუ ამას გავატარებთ, რუსეთი და ჩვენი ნებისმიერი მოწინააღმდეგე პუტინის ამ განცხადებას ისე გამოიყენებს, როგორც წყაროს და არგუმენტს, რათა საქართველოს თავზე გადაუაროს! ისევ გავიმეორებ: ამაზე ჩვენს პრეზიდენტადწოდებულ არსებას პასუხი არ გაუცია და პუტინს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ და ისტორიკოსებმა უპასუხეს.
_ საერთაშორისო ჭრილში ისტორიკოსების პასუხი საკმარისია?
_ თუ ისტორიკოსი პრეზიდენტია, კი, მაგრამ თუ ისტორიკოსი რიგითი მოქალაქეა, მაშინ მისი პასუხი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს და განასახიერებს! მოკლედ, ის, რომ პუტინმა სიცრუე თქვა, ისტორიკოსებზე დაყრდნობით, ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი და მკაფიოდ თქვას, _ ბატონო პუტინ, თქვენს ისტორიულ თხზულებას არ ვიღებთ და ეს სიცრუეაო! როცა ხელისუფლებას ვამბობ, რიგით დეპუტატს ან რომელიმე მინისტრს კი არა, სამ პერსონას ვგულისხმობ: პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე! კიდევ კარგი, ვრცელი თუ მოკლე კომენტარი თალაკვაძემ გააკეთა. ცალკე საკითხია, საზოგადოების თვალში ბახტაძე და ზურაბიშვილი რას წამოადგენენ, მაგრამ თუ პუტინს ისინიც არ უპასუხებენ, მაშინ ისტორიის თვალში ზურაბიშვილსა და ბახტაძეს ვერაფერი გაწმენდს! საქართველოს რუსეთსა და პუტინზე გაცილებით მძლავრი პრობლემები ჰქონია, მაგრამ ეს პრობლემები დღეს აღარ არსებობს, ჩვენ კი ისევ ვდგავართ და კვლავაც ვიდგებით ეს გამოცდაა და გააჩნია, ვინ როგორ ჩააბარებს!

გიორგი აბაშიძე