მთავარი ინტერვიუ დაკარგული სამართლე და სისტემის მძიმე კვალი

დაკარგული სამართლე და სისტემის მძიმე კვალი

1654
0
გაზიარება

ვატო გელაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დამკვიდრებული უსამართლობა საკუთარ თავზე გამოსცადა. რატომ გახდა ის უკანონო პატიმარი და იზეიმა თუ არა სამართლიანობის აღდგენა ახალი ხელისუფლების პირობებში? ამ და სხვა საინტერესო ფაქტებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სახალხო მოძრაობა „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელი, ვატო გელაშვილი:

_ 2004 წლიდან შპს „ბითუმში“ მუშად დავიწყე მუშაობა. კომპანია ეკუთვნოდა მამაჩემის ბავშვობის მეგობარ თამაზ კვინიკაძეს და დავით კილასონიას. იგი მდებარეობდა და დღესაც მდებარეობს ლილოს დასახლებაში. იმ დროს საწარმოს დირექტორი და ხელმძღვანელი ვლადიმერ საყვარელიძე იყო. 2011 წლის მაისში საყვარელიძესთან და შპს „ბითუმის“ იმდროინდელ დირექტორ იოსებ გერგეშელიძესთან ერთად ჩამოვაყალიბეთ შპს „კრეატივი“, რომლის დამფუძნებლად და დირექტორად დავრეგისტრირდი მე. საწარმო ძირითადად აწარმოებდა მაზუთსა და ბითუმს. ვფიქრობ, რომ ეს საქმე დღესაც ძალიან კარგად ვიცი და დიდი მონდომებით დავიწყე მუშაობა. შპს „კრეატივს“ იჯარით აღებული ჰქონდა 1000 კვ.მ. ფართობი, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით. ტერიტორია ეკუთვნოდა თამაზ კვინიკაძის ქალიშვილ თამარ კვინიკაძეს. ილია დალაქიშვილი კი, რომელიც ვლადიმერ საყვარელიძის მეგობარი იყო, მას შემდეგ გავიცანი, რაც კომპანიის ტერიტორიაზე შემოიტანა და რეზერვუარში მოათავსა რაღაც პროდუქცია, რომლითაც არასდროს დავინტერესებულვარ, რადგან ამ ადამიანებს აბსოლუტურად ვენდობოდი. დალაქიშვილი ჩვენს რეზერვუარებს იყენებდა და ეს საერთოდ არ მიმაჩნდა საეჭვოდ. ილია დალაქიშვილი 2000-2003 წლებში მსხვილი ნავთობიმპორტიორი იყო და როგორც მერე აღმოჩნდა, სწორედ მის მიმართ არსებობდა გარკვეული ინტერესი. შპს „კრეატივმა“ ხუთი თვე იმუშვა და სახელმწიფოს ბიუჯეტში 210 000 ლარი გადაიხადა, ეს არ იყო მცირე თანხა. 2011 წელს ილია დალაქიშვილისგან 160 ტონა ნავთობნარჩენი ვიყიდე, რომლითაც შპს „კრეატივში“ მაზუთსა და საგზაო ბითუმს ვამზადებდი. სწორედ ამ ფაქტიდან დაიწყო პრობლემები. პირველად ჩემი ძმა დააკავეს, რომელიც მხოლოდ მუშა იყო და აკონტროლებდა ტვირთის მიღებას, დალუქვასა და გახსნას. მოკლედ, თორნიკე დააკავეს და კომპანიიდან დოკუმენტაცია წაიღეს. დაკავებისას თორნიკემ საერთოდ არაფერი იცოდა არც რეზერვუარისა და არც ამ შესყიდვის შესახებ, შესაბამისად, დაკითხვაზეც ვერაფერი თქვა. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ფოთში საბუთები უნდა ჩამეტანა, თუმცა იქამდე არ ვაპირებდი წასვლას, სანამ ჩემი ძმის დაკავების მიზეზებს არ გავიგებდი. დაკითხვის შემდეგ თორნიკე გამოუშვეს თუ არა, დამირეკა, _ მიშვებენ და შენს საქმეს მიხედეო. ამათ იფიქრეს, რომ „საქმის მიხედვა“ გაქცევას ნიშნავდა, ამიტომ არ დაახანეს და ფოთიდან დაბრუნების შემდეგ საწარმოში დამაკავეს. მე თვითონ მივედი „კრეატივში“, როცა გავიგე, რომ ფინანსური პოლიცია იყო შემოსული შემოწმებისთვის.
_ კონკრეტულად რას გედავებოდათ ფინანსური პოლიცია და პროკურატურა?
_ დაჭერის შემდეგ მიმტკიცებდნენ, რომ საქონელი იყო ნედლი ნავთობი, არადა სამხარაულის ექსპერტიზამ ეს უარყო. ზეწოლის შედეგად მაიძულებდნენ იმის აღიარებას, ვითომდა, ეს ტვირთი არაკანონიერად მოვიპოვე. საქმეში მოწმეებად ფიგურირებდნენ სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომლებიც დააკავეს. მათ თავისუფლების სანაცვლოდ მოაწერინეს ხელი რაღაც აბსურდზე და სასამართლოზეც მუქარით ათქმევინეს, თითქოს ერთი ჯგუფის წევრები იყვნენ. ეს საქმე, ფაქტობრივად, შეთითხნეს. მე და ჩემს ძმას ისეთი ხალხის დაჯგუფების წევრობა დაგვწამეს, რომელიც ნანახიც კი არ გვყავდა და მერე ციხეში გავიცანით. ბრალს გვდებდნენ ბათუმიდან განუბაჟებლად ტვირთის შეძენასა და სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვაში. მოგვიანებით, ამ საქმეს დიდი რეზოზნსი მოყვა და ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ჩართული, თუმცა, როგორც გითხარით, მე თითქმის არავის ვიცნობდი.
როგორც მალევე მივხვდი, რეალურად ედავებოდნენ ილია დალაქიშვილს და ჩვენც მიგვაყოლეს, _ ყველა, ვისაც კი გამარჯობა ჰქონდა მისთვის ნათქვამი. თორნიკე თავიდან მძევალი იყო, რომელსაც ჩემ წინააღმდეგ იყენებდნენ, მაგრამ აღარ გამოუშვეს, რადგან მათთვის სასურველი ჩვენება არ მივეცი.
_ რას გულისხმობთ სასურველი ჩვენების მიცემაში?
_ ჩემგან იმ ადამიანების დასახელებას მოითხოვდნენ, რომელთა სახელების მოსმენაც სურდათ. ჩემ წინააღმდეგ არაფრი ჰქონდათ, თუმცა კომპანიის დირექტორი და მესაკუთრე ვიყავი და ამიტომ პასუხისმგებლობაც მე დამაკისრეს კომპანიის მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე შენახული ტვირთის გამო.
ვაზუსტებ: არც ტერიტორია იყო ჩემი და არც _ ტვირთი.
გამოძიებას აწარმოებდა მამუკა ტუღუში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო. დაკავების შემდეგ ძალისმიერი მეთოდებით დამკითხეს ადვოკატის გარეშე. მე მქონდა ადვოკატის ყოლის უფლება, მაგრამ ამ უფლების გამოყენების შესაძლებლობა არ მომცეს. გამომდინარე იქიდან, რომ ბრალი ვერ მიმტკიცდებოდა და ე. წ. ორგანიზებულ ჯგუფში უმნიშვნელო როლი მქონდა, ცდილობდნენ, საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინათ, რა თქმა უნდა, თუ მათთვის სასურველ ჩვენებას მივცემდი. რაც შეეხება თანხას, პირადად ტუღუშმა ადვოკატს უთხრა, _ 5000 და 10000 არ იყოს, ეს ძალიან ცოტააო. იმ შედეგის მისაღებად, რაც მათ სურდათ, გირაო ერთადერთი საშუალება იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმკვეთ ღონისძიებად 17-წლიან პატიმრობას შემიფარდებდნენ სასამართლოს დადგენილებისამებრ.
_ თქვნი ძმა ერთგვარი კოზირი იყო თქვენ წინააღმდეგ და ამ საქმეში თორნიკეს რა ბედი ეწია?
_ დიახ, ჩემ წინააღმდეგ სერიოზული კოზირი ჰქონდათ _ ჩემი ძმა, რომელსაც ციხეში არ მახვედრებდნენ და საერთოდაც სხვადასხვა კორპუსებში ვისხედით. თორნიკე, რომელიც თავიდან, მათი აზრით, სატყუარა იყო ჩემ დასაჭერად, მაინც არ გაათავისუფლეს. მე არც ვაპირებდი სადმე გაქცევას, რადგან თავს არ მივიჩნევდი დამნაშავედ. ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ადამიანები, რომლებიც გარეთ იყვნენ და რომელთა დასახელებასაც მთხოვდნენ, ჩემი ძმის ხერხემალში გადამტვრევის სანაცვლოდაც კი (იყო ასეთი მუქარა), ხმას არ იღებდნენ. არავინ დაუდგა ჩემს ოჯახს გვერდით, არავინ ამოიღო ხმა, კარიც არავინ შეაღო, ჩემი მშობლები რომ მოეკითხა. თორნიკესთვის საპროცესო გარიგების სანაცვლოდ 5000 ლარის გადახდაზეც კი უარი თქვეს _ მუშაში ამხელა ფული როგორ გადავიხადოთო? რამდენიმე ხანში, სექტემბერში, ისინიც აღმოჩნდნენ ციხეში. რა, როგორ და რის სანაცვლოდ მოაგვარეს _ ეს ჩემი საქმე არაა, ფაქტია, რომ ყველაზე ბოლოს ციხე მე დავტოვე. საბოლოოდ, საპროცესო შეთანხმებაში ჩემმა ოჯახმა 40000 ლარი გადაიხადა. გაყიდეს სახლი, რაც რამ ებადათ. ამას დედაჩემის ჯანმრთელობა შეეწირა. როგორია, ორი უდანაშაულო შვილი ციხეში რომ გყავს, 14-წლიანი და 17-წლიანი მუხლებით? ამავე დროს, ჩემს ძმას ცოლი და თვეების ბავშვი ჰყავდა. ამის მიუხედავად, მე საპროცესო შეთანხმების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანს რატომ უნდა გადამეხადა ფული? ერთადერთი პირობა, რომლის სანაცვლოდაც ხელი მოვაწერე შეთანხმებას (დიდი შეგონებებისა და ხვეწნის შემდეგ), იყო დაპირება, რომ რაკი ხელისუფლება შეიცვალა, საქმეს გამოიძიებდნენ და ყველაფერს ამინაზღაურებდნენ. როგორც მივხვდი, იმ ეტაპისთვის მე ციხეში აღარ ვიყავი საჭირო. ფაქტობრივად, ყველა გასული იყო და მარტო მე ვიჯექი _ სხვისი მიზეზით დაჭერილი და იმ სხვებისგან ფეხებზე დაკიდებული. როდესაც მივხვდი, რომ პირობის შესრულებას არ აპირებდნენ, 2013 წლის იანვარშივე შევიტანე პროკურატურაში საქმის ხელახლა გამოძიების მოთხოვნა, მაგრამ 6 წელი გავიდა და კაცი არ შემხმიანებია. ამ პროცესებს უამრავი ჟურნალისტი ესწრებოდა და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთანაც დღეს ლამის მეგობრობა მაკავშირებს, სწორედ მაშინ გავიცანი. ამის მიუხედავად, არაერთხელ ვთქვი საჯაროდ და ზოგიერთის წყრომა და ზოგიერთის მოწონებაც დავიმსახურე, რომ კონკრეტულად ციხეში ფიზიკური ზემოქმედების ან შეურაცხყოფის მსხვერპლი არ ვყოფილვარ. სიმართლე ყველაზე მნიშვნელოვანია. ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი, რომ უდანაშაულო ადამიანმა ციხეში არაერთი თვე გავატარე, თუმცა ამაში ის ადამიანებიც იყვნენ დანაშავეები, რომლებმაც, ფაქტობრივად, გაგვიმეტეს მეც და ჩემი ძმაც. მე ასეც ვერ შევძელი მათი გამეტება, თუმცა არც კი ვიცი, რამდენად სამართლიანად მოვექეცი საკუთარ ოჯახს. იმ ადამიანებთან, რომლებიც, სხვა მტკიცებულებები რომ არ ყოფილიყო და თავადაც ციხეში არ აღმოჩენლიყვნენ, უდარდელად შემაწმენდდნენ ხელებს, ამის შემდეგ არავითარი კონტაქტი აღარ მქონია.
_ თქვენ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყავით ალანასიას გუნდში, რატომ დატოვეთ პარტია?
_ 2010 წლიდან პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიყავი. მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა პარტია 2017 წელს დავტოვეთ. ირაკლი ალასანია 2016 წლის არჩევნების შემდეგ წავიდა, მაგრამ ჩვენ რაღაც პერიოდი კიდევ დავრჩით პარტიაში.
წამოვედით იმიტომ, რომ პარტიაში დინამიკა აღარ იგრძნობოდა და ვფიქრობდით, ზედმეტები ვიყავით იმ დეპრესიულ, მოდუნებულ სივრცეში, რომელშიც რამდენიმე ადამიანი დარჩა და იმასაც ვერ ვხვდებოდი _ ჰქონდა ამ პარტიას მომავალი, თუ არა. იყო გარკვეული კონფლიქტიც მაშინდელ პრესცენტრის უფროსთან და გენერალურ მდივანთან. მოკლედ, მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. დღემდე ვუდასტურებ პატივისცემას ბევრ ადამიანს, რომელიც პარტიაშია. ჩემთვის ეს პარტია მაინც ჩემს სიყმაწვილესთან და ძალიან ბევრ სასიამოვნო მოგონებასთან ასოცირდება. ის დარტყმა, რომელიც მან გამოსცადა ლიდერების წასვლის შემდეგ, დღემდე უმწვავესია ჩემთვის, რადგან ეს პროცესები ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრებაზე მძიმედ აისახა, პირველ რიგში, სწორედ ღალატისა და იმედგაცრუების გამო.
_ დღეს როგორია თქვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება? ცოტა ხნის წინ თაკო ჩარკვიანის პარტიას შუერთდით, თუმცა რამდენიმე დღეში დატოვეთ, რატომ?
_ ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“, რომელიც, მგონია, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს ემსახურება და ამით ძალიან ვამაყობ.
პარტიული ცხოვრების კიდევ ერთი მცდელობა მქონდა.
„კანონი და სამართალი“, თაკო ჩარკვიანის პარტია, 2019 წელს შეიქმნა, მაგრამ პარტია ყრილობიდან სამ დღეში დავტოვე, რადგან ძალიან ბევრი შეკითხვა გამიჩნდა და მივხვდი, რომ პასუხს ვერ მივიღებდი. ძალიან ვნანობ, რომ ეს კითხვები ყრილობამდე არ დავსვი, თუმცა ნებისმიერი გამოცდილება მაინც გამოცდილებაა. ირაკლი ალასანია, რომელიც ჩემთვის დღემდე რჩება ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ პოლიტიკოსად, ყოველთვის ამბობდა, _ არასოდეს თქვა ისეთი რამ, რაც წინ დაგხვდება. არასოდეს თქვა ტყუილი, რადგან შედეგს თავს ვერ აარიდებ. არასოდეს შეჰპირდე ადამიანს იმას, რასაც ვერ შეასრულებო. მე მძულს ტყუილი. მე ვიყავი ამ ტყუილის მსხვერპლი და არაფერი მაყენებს იმაზე დიდ შეურაცხყოფას, ვიდრე ადამიანების მცდელობა, გამომიყენონ ჩემი ნების წინააღმდეგ. მე ეს უკვე გავიარე და კანით ვგრძნობ, ვის უნდა ვენდო და ვის _ არა. ხანდახან გრძნობამდეც არ მიდის საქმე და სურათი პირდაპირ თვალწინაა.

ლევან ქემოკლიძე

 

დატოვეთ კომენტარი