რუსული ხაფანგი ქართველი გლეხებისთვის

„გავრილოვის კრიზისმა“ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ცნობილია, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და, შესაბამისად, გამოსავალი, ალბათ, ამ ჩიხიდანაც მოიძებნება, მაგრამ რაც უნდა იყოს, ფაქტია: 20-21 ივნისის მოვლენები საქართველოს შემდგომ განვითარებაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. ამ მხრივ კი ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ ეკონომიკა დგას. ისე, ეკონომიკა პირობითი ნათქვამია, რადგან ერთ-ორ საწარმოს თუ არ ჩავთვლით, საქართველოში ქარხნები არ გუგუნებს. ეკონომიკის ფუნდამენტი კი, მოგეხსენებათ, ადგილობრივი წარმოებაა. ერთი სიტყვით, ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს, რაც ეროვნულ ვალუტაზეც აისახება _ ლარი უკვე კოსმოსშია გაფრენილი და ყველაფერ ამის ფონზე ახალი თავის ტკივილი გაგვიჩნდა _ კრემლმა რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალა. ამას გარდა, რუსული ბაზარი ქართული ღვინისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვისაც დაიხურა.

სხვათა შორის, „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი კოზირი, რომელსაც გლეხობასთან სალაპარაკოდ იყენებდა, სწორედ რუსული ბაზარი იყო, ანუ მმართველი გუნდი ხალხს ნიშნს უგებდა, აი, რუსული ბაზარი ხომ გავხსენი და რაღას მემართლებიო? ახლა კი აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა და კახელი გლეხები უკვე იმაზე ნერვიულობენ, რომ შემოდგომაზე სერიოზული პრობლემები შეექმნებათ და ყურძნის რეალიზებას საერთოდ ვერ მოახერხებენ, ან ღვინის ქარხნები ყურძნის ფასს მიზანმიმართულად დააგდებენ და გლეხი იძულებული გახდება, თავისი ნაოფლარი ბობოლებს ჩალის ფასად მიჰყიდოს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კახეთის რეგიონის მოსახლეობის უმეტესობის შემოსავალი ვენახია, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, გაიაფებული ყურძენი ისედაც გაღატაკებული ხალხის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას როგორ დაამძიმებს. სწორედ ამიტომაც ხალხი თადარიგს ახლავე იჭერს და იმის გამო, რომ როგორმე ხელისუფლების ყურადღება მიიქციოს, საპროტესტო აქციებს აანონსებს. ყოველ შემთხვევაში, საგარეჯოელი გლეხები არ გამორიცხავენ, რომ კახეთის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტონ, თუმცა სანამ მასობრივი პროტესტი იფეთქებს, კახეთს „ქრონიკა+“ ესტუმრა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
თავიდანვე ვიტყვით, რომ ის მუხტი, რომელიც ორ კვირაზე მეტია, თბილისში, კერძოდ, რუსთაველის გამზირზეა, კახეთში არ იგრძნობა, ანუ მართალია, ოპოზიცია აცხადებს, მთელი ქვეყანა შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნაში სოლიდარულიაო, მაგრამ „ქრონიკა+“-მა კახეთში ორი-სამის გარდა ისეთი ადამიანი ვერ ნახა, რომელიც გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს. მეტიც, სიმართლე რომ ითქვას, გლეხებს ხელისუფლებაც ფეხზე კიდიათ და ოპოზიციაც. ყველაზე სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ მოსახლეობაში პრორუსული განწყობები გაზრდილია. ყოველ შემთხვევაში, უფროსი თაობა, რომელიც საბჭოთა კავშირში დაფრთიანდა და, როგორც იტყვიან, პურის ფულის პრობლემა არ ჰქონდა, მომხრეა, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს.

_ რატომ არ ცდილობთ, რომ ყურძენი ევროპაში გაიტანოთ? _ ჰკითხა „ქრონიკა+“-მა ერთ-ერთ გლეხს, რომელმაც გვიპასუხა, _ ევროპაში რა მინდა, იქაური ენა არ ვიცი, აი, რუსებს კი ყველაფერს ვაგებინებო.
ეს პასუხი შეიძლება, ვინმესთვის ღიმილისმომგვრელი იყოს, მაგრამ, გვინდა თუ არა, განათლების პოლიტიკასა და ასევე პროპაგანდასთან მივდივართ. დიახ, იმისთვის, რომ თუნდაც შუა ასაკის ხალხს დასავლეთისადმი ინტერესი გაუჩნდეს, შესაბამის უწყებებს მეტი მუშაობა მართებთ.
ახლა, შეიძლება, ვინმემ იკითხოს, ხელისუფლებამ რა ქნას, თანამედროვე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხომ ვერ შექმნისო? სხვა დროსა და სხვა ვითარებაში ეს კითხვა შესაძლოა, რიტორიკული ყოფილიყო, მაგრამ სირაქლემის პოზიციაში ყოფნა არას გვარგებს. ამიტომ, ჯობია, მწარე სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სწორედ განათლებაა. დიახ, სწორედ მწირი განათლების ბრალია, რომ ზოგს ევროპა გარყვნილების ბუდე ჰგონია და ამიტომ არც ევროპის ბაზარი უნდა.
ცხადია, იმას არ ვამბობთ, რომ საქართველოს მოსახლეობა რუსეთს ოკუპანტად არ აღიქვამს, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ფენები კრემლთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრენი არიან. როცა კახეთში ჩასულმა „ქრონიკა+“-მა იკითხა, თუ რატომ უნდა ვიყოთ რუსეთთან კარგად, როცა ამ ქვეყანამ ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა და უამრავი ჩვენი სისხლი და ხორცი სიცოცხლეს გამოასალმა, თანამოსაუბრეებს ამ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა გაუჭირდათ და მხოლოდ ის გვითხრეს, რუსეთი კარის მეზობელი, თან ერთმორწმუნეც არის და ამიტომ მასთან კარგად უნდა ვიყოთო.
კომუნისტი მართლმადიდებლის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის ფონზე რუსეთის ერთმორწმუნეობა კიდევ უფრო სარკასტულია. დიახ, რუსეთიც, საქართველოს მსგავსად, მართლმადიდებლური ქვეყანაა, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს, რომ მიწასთან გაგვასწოროს და ჩვენი სისხლი დალიოს!
რაც შეეხება იმას, რომ დასავლეთი თითქოს ქართველობას გვართმევს, გვრყვნის და ამ სიტუაციაში რუსეთი ჩვენი მხსნელი იქნება, ეს არგუმენტიც მოძველებულია, მაგრამ სიძველის მიუხედავად, მოსახლეობის გარკვეულ წრეებზე კარგად მუშაობს და აქაც ისევ ხელისუფლებამდე მივდივართ, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დასავლური პროპაგანდა გაძლიერებული იყო. იგივე ნატოსა თუ ევროკავშირზე ნაციონალური არხებით სპეციალური სარეკლამო რგოლებიც გადიოდა და ყველაფერი ეს თუნდაც უკიდურეს პროვინციაში მცხოვრები ადამიანების ცნობიერებაზე თავის გავლენას ახდენდა.
რა ხდება დღეს? _ იმის ნაცვლად, რომ პროდასავლური პროპაგანდის სათავეში თავად ხელისუფლება იდგეს, თანამდებობის უმაღლესი პირებისგან, პირდაპირ თუ ირიბად, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ქება გვესმის. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.
ისე, ვერ ვიტყვით, რომ რუსული განწყობების გაზრდას „გავრილოვის კრიზისმა“ შეუწყო ხელი. ამ მხრივ ვითარება ბოლო წლებში, კერძოდ, 2012 წლიდან, უარესდებოდა და რამდენიმე წლის წინ იმის მომსწრენიც გავხდით, რომ შუაგულ თელავში რამდენიმე ადგილობრივი შეიკრიბა და ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს საგანგებო თხოვნითაც მიმართა.
„გლეხები თელავის ცენტრში პლაკატებით შეიკრიბნენ, რომელზეც მართლმადიდებლური ეკლესიების ფონზე საქართველოსა და რუსეთის მეგობრული ხელის ჩამორთმევაა გამოსახული“, _ იუწყებოდა 2016 წლის 11 მარტს ქართული ინტერნეტმედია.
„გთხოვთ, გააუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან“, _ ასე მიმართეს ქართველმა გლეხებმა თელავის ცენტრში გამართულ აქციაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
გლეხები „ბატონის ციხესთან“ შეიკრიბნენ პლაკატებით, რომელზედაც მართლმადიდებლური ეკლესიების ფონზე საქართველოსა და რუსეთის მეგობრული ხელის ჩამორთმევაა გამოსახული. მეორე პლაკატზე თვითონ რუსეთის პრეზიდენტის, როგორც ქართველი გლეხების მთავარი ადრესატის, ფოტო იყო გამოსახული.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს მთავრობისადმი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ხოლო რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება იყო. გარდა ამისა, ერთ-ერთ ტრანსპარანტზე ეწერა: „გაუხსენით რუსული ბაზარი ქართველ ხალხს“.
როგორც გლეხებმა განმარტეს, სავიზო შეზღუდვების გამო მათ რუსეთში თავისი პროდუქციის პირდაპირ იმპორტირება უჭირთ.
„ჩვენს პროდუქციას ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელები და სომხები ყიდულობენ და რუსულ ბაზარზე გააქვთ, სარგებელს იღებენ. ჩვენ ამის გაკეთება _ საკუთარი პროდუქციის რუსულ ბაზარზე გაყიდვა, არ შეგვიძლია… სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს, რომ საქართველოში მცხოვრები თავისუფლად წავიდეს რუსეთში, მოძებნოს ინვესტორები და მოიზიდოს ბიზნესმენები“, _ განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აღნიშნული აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლის მეურნეობის ასოციაცია“ და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანი“ იყვნენ.
„ქართველ ხალხს, გლეხობას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდა. ადამიანები ამას მოითხოვენ ჩვენი მთავრობისგან, მაგრამ ასევე არის თხოვნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი, რომ გააუქმოს სავიზო რეჟიმი. მთელ ქართველ ხალხს უნდა რუსეთთან მეგობრობა, მეგობრული და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა და ამისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება აუცილებელია“, _ განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „საქართველოს ევრაზიული არჩევანის“ ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ.
ორგანიზატორები მსგავსი აქციების ჩატარებას საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც გეგმავენ.
ამასთან, კახეთში გამართული აქციის მონაწილეებმა რუსეთ-საქართველოს სავიზო რეჟიმის გაუქმება მოითხოვეს. ეს არის ამონარიდი „ნიუსიდან“, რომელიც 2006 წლის მარტით თარიღდება.
მართალია, თელავში გამართული ამ აქციიდან სამი წელი გავიდა, მაგრამ განწყობა არათუ შესუსტდა, არამედ გაიზარდა. ამ გაზრდას კი, როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, „გავრილოვის კრიზისმა“ შეუწყო ხელი, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ „გავრილოვის კრიზისი“ თავად კრემლს სჭირდებოდა, რადგან ამით სალაპარაკო მისცემოდა, აი, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ხალხი ითხოვს, მაგრამ ერთი მუჭა ექსტრემისტი პოლიტიკოსები ხალხის ნების წინააღმდეგ მიდიანო. სხვათა შორის, „ექსტრემისტი პოლიტიკოსები“, უფრო სწორად, „ოპოზიციის ექსტრემისტი ლიდერები“, კრემლის ჰიბრიდული ომის ახალი ტერმინია, ანუ რუსული იდეოლოგიური მანქანა ცდილობს, ყველა, ვინც საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებას უჭერს მხარს და ამ კუთხით პრაქტიკულ ნაბიჯებსაც დგამს, ექსტრემისტად გამოაცხადოს.
ამასთან, კარგად მუშაობს ადგილობრივი პროპაგანდაც, კერძოდ, კახეთში ჩასულმა „ქრონიკა+“-მა ერთი საინტერესო ტენდენცია შეამჩნია: ყველგან, სადაც კი გავჩერდით და ჩვენ გარშემო რამდენიმე ადამიანმა მოიყარა თავი, სად იყო და სად არა, შორტებში გამოწყობილი შავსათვალიანი მამაკაცები გაჩნდნენ, რომლებიც „სემიჩკას“ მადიანად იღმურძლებოდნენ და ისე იქცეოდნენ, თითქოს ჩვენი და ხალხის საუბარს ყურს არ უგდებდნენ, მაგრამ როგორც კი მოსახლეობა პრობლემებზე დაიწყებდა ლაპარაკს ან ჩვენ შევეცდებოდით იმის ახნას, რომ რუსეთის ბაზრის დაკეტვა ტრაგედია არ არის, რადგან მსოფლიოში სხვა ბაზრებიც არსებობს, ეს შავსათვალიანი მამრები, ცოტა არ იყოს, აგრესიულები ხდებოდნენ, საუბარში ერეოდნენ და ცდილობდნენ, გლეხებისთვის ეთქვათ, ესენი ლიბერალები არიან და ყური არ დაუგდოთო.
ცხადია, არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ „ქრონიკა+“-ს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ შორტებიანი მამრები რომელიმე უწყების ფარული თანამშრომლები თუ არა, ადგილობრივი ხელისუფლების მოენეები იყვნენ, რომლებიც სპეციალურად მოგვიჩინეს, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება მაინც შევძელით, ანუ მოსახლეობის პრობლემების შესახებ შევიტყვეთ.
კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც შევამჩნიეთ: თავდაპირველად, ანუ მანამ, სანამ გაიგებდნენ, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ყველა ხალისით მოგვყვებოდა საუბარში, მაგრამ როგორც კი იგებდნენ, რომ მათი ნათქვამი გაზეთში გამოქვეყნდებოდა, პირში წყალს იგუბებდნენ. ამ ფონზე გლეხებისთვის ვინაობის კითხვას, ცხადია, აზრი არ ჰქონდა, მით უმეტეს, ერთი-ორმა ისიც გვითხრა, რამე რომ იყოს და ჩემი ნათქვამი გაზეთში წავიკითხო, ყველაფერს უარვყოფო, ანუ ისე გამოჩნდა, რომ ხალხში შიშის სინდრომი ჯერ კიდევ არსებობს, რაც გასაკვირი არ არის _ მშიერი მოსახლეობის მართვა ძალიან ადვილია და თუ შიმშილს განათლების ნაკლებობასაც დავუმატებთ, ამით უკვე ყველაფერი იქნება ნათქვამი!
სხვათა შორის, იმის შესახებ, რომ გლეხისთვის განათლება აუცილებელია, 2015 წელს საინტერესო სტატია გამოქვეყნდა ერთ-ერთ საიტზე. მართალია, წერილში _ „ქართველი ფერმერების რუსული რულეტი“ პირდაპირ რუსულ ბაზარზე არ არის საუბარი და აქცენტი აგროდაზღვევაზე კეთდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს წერილი მაინც საინტერესოა, რადაგან მასში ის პრობლემაა წამოწეული, რომელიც განათლებას უკავშირდება:
„2015 წლის 20 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა მოსავალი და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ კახეთში. მხოლოდ ყვარელში სეტყვამ 1300 ჰექტარი საფერავი და 1000 ჰექტარი რქაწითელი გაანადგურა, რითიც 500-ზე მეტი გლეხი დააზარალა. ეს მხოლოდ ნაწილია ბოლო წლებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფებისა, რაც ქართველ გლეხებს დაატყდათ თავს. ყველაზე სერიოზული შემთხვევა მოხდა 2012 წლის ივლისში, როდესაც ძლიერმა წვიმამ, ქარმა, სეტყვამ და წყალდიდობამ დააზიანა ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა კახეთში, სახურავი გადახადა სახლებს და მნიშვნელოვნად დააზიანა რეგიონის ინფრასტრუქტურა.
მართალია, ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ გლეხებს შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები ან სარწყავები, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ დანაკარგი. მათ შეუძლიათ მოსავლის დივერსიფიცირებისა და ტერიტორიების გაზრდის მეშვეობით თავი დაიზღვიონ ბუნების მიერ მიყენებული დანაკარგისგან. მართალია, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რისკების შემცირების ასეთი ზომები დაეხმარება მათ, უფრო სტაბილური გახადონ თავიანთი შემოსავალი. ამასთან, აგროდაზღვევა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც რისკების შემცირების დამატებითი საშუალება ისეთი ძლიერი სტიქიური უბედურებების შემთხვევაში, როგორიცაა ადრეული ყინვები, წყალდიდობა, გვალვა, ქარიშხალი.
2014 წლამდე აგროდაზღვევის შესახებ საქართველოში თითქმის არავის არაფერი სმენოდა. დაზღვევის ნაცვლად, ქართველი გლეხების აბსოლუტურ უმრავლესობას ერჩია, რუსული რულეტი ეთამაშა დედაბუნებასთან. ისინი ყოველთვის ასე იქცეოდნენ, რადგან არასოდეს ჰქონდათ ხელზე საკმარისი თანხა, უგულებელყოფდნენ რისკებს და… მუდამ მთავრობის დახმარების იმედად იყვნენ.
2014 წელს ქვეყნის მთავრობამ დაიწყო სუბსიდირებული აგროდაზღვევის პროგრამის პილოტირება იმის იმედით, რომ ბაზარს ახალ „წონასწორობაში“ გადაიყვანდა. იმ წელს თითქმის 21 000 პოლისი „გაიყიდა“ სიმბოლურ ფასად, რომელიც რეალური ფასის მხოლოდ 6%-ს შეადგენდა (დარჩენილ 94%-ს, როგორც წესი, მთავრობა ფარავდა), თუმცა ერთი წლის შემდეგ, როგორც კი მთავრობამ სუბსიდიის მოცულობა 55%-მდე შეამცირა, გაყიდული პოლისების რაოდენობა 3500-ზე ქვემოთ დაეცა.
2015 წელს გაყიდული პოლისების რაოდენობის ასეთ მკვეთრ ვარდნას სხვა მიზეზებიც ჰქონდა. სუბსიდიის მოცულობა არა მხოლოდ შემცირდა 94-დან 55%-მდე, არამედ ის ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ მცირემიწიანი ფერმერებისთვის (ამით აიხსნება დაზღვეული მიწების რაოდენობის მკვეთრი შემცირებაც).
უნდა დაისვას ორი კითხვა: რატომ ვერ მოხერხდა აგროდაზღვევის ბაზრის შექმნა, რომელზეც სუბსიდიის სახით გადასახადის გადამხდელთა 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და შეუძლია თუ არა საქართველოს მთავრობას უკეთ იმუშაოს ამ მიმართულებით?
MIT-ის პროფესორები, ესტერ დუფლო და აბიჯიტ ბანერჯი, თავიანთ 2011 წლის ბესტსელერში _ „სიღარიბის ეკონომიკა“, ამტკიცებენ, რომ ღარიბი სოფლების ოჯახობათა მართვა ჰგავს ჰეჯირების ფონდის მართვას რისკების შემცირების ისეთი თანამედროვე საშუალებების გარეშე, როგორიცაა დაზღვევა, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვ. მეტიც, ჰეჯირების ფონდის მენეჯერებს (ან ადამიანებს, რომლებიც შემოსავლის კიბის შუა რგოლს წარმოადგენენ) შეუძლიათ, გაუმკლავდნენ შემოსავლების მცირე ნეგატიურ შოკებს, ღარიბ ოჯახობებს კი ამის ფუფუნება არ აქვთ. შემოსავლების შემცირებაც კი ნიშნავს, რომ მათ უნდა შეამცირონ საკვებზე, ჯანმრთელობასა თუ განათლებაზე დახარჯული თანხების რაოდენობა.
დუფლოსა და ბანერჯის აზრით, რისკების სამართავად ღარიბები მიმართავენ ჰეჯირების პრიმიტიულ სტრატეგიებს, რაც ხელს უშლის მათ, დაეუფლონ სპეციალობას და გახდნენ უფრო პროდუქტიულები. მსგავსი სტრატეგიების მაგალითებია: გაფართოებულ ოჯახებს შორის ურთიერთდახმარება, ნაკვეთებისა და მოსავლის დივერსიფიცირება (ამგვარად ამცირებენ წარმოების მასშტაბის ეკონომიკისგან მიღებულ მოგებას), მაღალშემოსავლიანი ჰიბრიდული თესლების მსგავს სარისკო ინოვაციებში ძვირადღირებული ინვესტიციების ჩადებისთვის თავის არიდება. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სტრატეგიები ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი რისკების (მაგალითად, ამინდთან დაკავშირებული მოვლენების) დროს, ისინი ძვირი ჯდება და გლეხებს სიღარიბეში ტოვებს.
აგროდაზღვევას შეუძლია, გაათავისუფლოს ღარიბი გლეხები მსგავსი პრიმიტიული ჰეჯირების საჭიროებისგან და საშუალება მისცეს მათ, დაკავდნენ უფრო პროდუქტიული საქმიანობით. წესით, ღარიბებმა უნდა გამოიყენონ აგროდაზღვევა, როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ, თუმცა როგორც ბანერჯი და დუფლო აღნიშნავენ, რეალობა სრულიად საწინააღმდეგოა. რობერტ თაუნსენდისა და მისი თანაავტორების აზრით, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, მცირე შემოსავლების მქონე ინდოელი გლეხების მხოლოდ 5-10% იზღვევს თავს გვალვისგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სწორედ ნალექებს ასახელებენ რისკების მთავარ მიზეზად. დინ კარლანის აზრით, ხშირად გლეხებს არ სურთ დაზღვევის შეძენა, მაშინაც კი, როდესაც მისი ფასი თითქმის ნულის ტოლია ან ბევრად დაბალია მის რეალურ ფასზე. ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ არის ასეთი დაბალი მოთხოვნა დაზღვევაზე ღარიბ გლეხებში?
ბანერჯი და დუფლო ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. პირველი არის, როგორც მას ავტორები უწოდებენ, „მოთხოვნით მოვაჭრე“, რომელიც ძალიან კარგად ესადაგება ქართულ რეალობას. როდესაც 2012 წლის ივლისში სეტყვა მოვიდა (საბედისწერო საპარლამენტო არჩევნებამდე, სულ რაღაც, სამი თვით ადრე), კახელმა გლეხებმა მიიღეს, დაახლოებით, 150 მილიონი ლარის კომპენსაცია: 50 მილიონი ლარი მთავრობის ფონდებიდან, დანარჩენი 100 მილიონი ლარი კი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ფონდიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება, კახელი გლეხები რუსულ რულეტს ეთამაშებიან ბუნებას, მაგრამ ამას ფუჭი მასრებით დატენილი იარაღით აკეთებენ!“
იმას, რომ არსებულ ვითარებაში ქართველი გელეხების ნაწილი რუსული პროპაგანდის ტყვეები არიან, არც ანალიტიკოსთა ნაწილი უარყოფს. ასე, მაგალითად, ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა და მისი მიმდევრები ცდილობენ, საქართველოს მოსახლეობაში რუსული ბაზარი ქართული ეკონომიკის აყვავების ხატად წარმოაჩინონ:
„რუსული საინფორმაციო პროპაგანდა ორი მიმართულებით იშლება: პირველი _ დასავლეთის, როგორც შეუცვლელი და შედეგიანი პარტნიორის იმიჯის შერყევა. ამ მიმართულების ძირითადი მესიჯებია _ დასავლეთი უნაყოფოა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა ვერ მოუტანა; ევროკავშირი და ნატო ფანტომია და ისინი საქართველოს არ მიიღებენ; დასავლეთი უზნეოა და ებრძვის ქართულ ტრადიციებს; მეორე _ ამ ფონზე, რუსეთის, როგორც მართლმადიდებლური ტრადიციების დამცველისა და საქართველოს სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის ეკონომიკური მხსნელის როლის თავსმოხვევა…
სწორედ ამაზეა გათვლილი „ახალი“ რუსული პოლიტიკა: რას აირჩევს ქართველი _ მშიერ წარსულს თუ „მაძღარ“ მომავალს და იმედი აქვს, რომ სოციალური ბუნტის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებასაც და დამოუკიდებლობასაც ქართველისვე ხელით მოუღებს ბოლოს. სწორედ ეს არის საქართველოს ყველა ხელისუფლების მთავარი დანაშაული, რომ მრავალწლიანი გაჭირვების ფონზე საქართველოს მოსახლეობის ნაწილი დააყენა უმძიმესი არჩევანის წინაშე: ეკონომიკური კეთილდღეობა თუ საქართველოს დამოუკიდებლობა?! იმას ხომ არავინ უხსნის მოსახლეობას, რომ რუსეთისგან ეკონომიკური აღმავლობის მოლოდინი ილუზიაა, ფანტომია, რომელიც მაშინვე გაქრება, როგორც კი რუსეთი საქართველოს თავისი გავლენის სივრცეში დაიბრუნებს.
ამ ფონზე რა უნდა დაუპირისპიროს რუსეთს და რა უნდა შესთავაზოს საქართველოს მოსახლეობას ხელშესახები და რეალური დასავლეთმა?! ფაქტია, მოლოდინით კვებას საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ აპირებს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ სასწრაფოდ დაიწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საშუალო ბიზნესის ევროპულ ბაზართან ადაპტირების ფართომასშტაბიანი პროგრამები, ასევე ამოქმედდეს საქართველოს რეგიონების გაცვლითი პროგრამები ევროპის წამყვანი სოფლის მეურნეობის ქვეყნებში, სადაც ქართველ გლეხებს, ფერმერებს გააცნობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ახალი ტიპის ფერმერული გაერთიანებების სპეციფიკას და ა. შ.; მეტი გლეხი ევროპაში: ევროპა რამდენიმეათასკაციანი საქართველოს ელიტის პრივილეგიად არ უნდა დარჩეს. ქართველმა გლეხმა, ფერმერმა, საშუალო მეწარმემ, რომელმაც იცის, რა იყო რუსეთი, თავისი თვალით უნდა ნახოს, რა არის ევროპა და ის განვითარების როგორ შესაძლებლობებს სთავაზობს“, _ ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
ერთი სიტყვით, „გავრილოვის კრიზისი“ რამდენიმეწახნაგოვანია: ჯერ ერთი, დუმის დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლით რუსეთმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ საქართველოში ისე მოიქცევა, როგორც მოეპრიანება. მეორეც, გავრილოვის თბილისიდან განდევნის შემდეგ პუტინმა საქართველოს, უფრო კონკრეტულად, საქართველოს მოსახლეობის სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა და არათუ რუსი ტურისტები გაიწვია ჩვენი ქვეყნიდან, არამედ ქართული პროდუქციისთვის ბაზარი კიდევ ერთხელ ჩაკეტა. ბაზრის ჩაკეტვა კი ის ბერკეტია, რომლითაც ვლადიმირ ვლადიმირის ძე საქართველოს გლეხების ნაწილში პრორუსული განწყობების გაზრდას შეეცდება და ხელისუფლებასაც კუთხეში მიამწყვდევს, ანუ იმის შიშით, რომ სოციალუმა ბუნტმა არ იფეთქოს (როგორც აღვნიშნეთ, არსებობს ალბათობა, რომ კახელმა გლეხებმა კახეთის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტონ), ხელისუფლება ჩრდილოეთან შესაძლოა, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს და ეს დათმობები ხალხის მოთხოვნით ახსნას, აი, მოსახლეობას რუსეთთან კეთილმეზობლობა უნდა და რა ვქნაო. ამ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალი, რასაკვირველია, პროდასავლური ინსტიტუტების გააქტიურება და პროპაგანდის გაზრდაა, თუმცა უმჯობესი იქნება, ევროპულ სიკეთეებზე ოდიოზურმა ფიგურებმა კი არა, მათ ილაპარაკონ, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში ნდობა არსებობს!

გიორგი აბაშიძე