კორუფციული სქემა „ბერმუდის სამკუთხედი“ – „კვარციტი“, „ბოლნისის მაინინგი“ და „ჯონსონ მეთიუ“?!

23

2012 წელს სააქციო საზოგადოება „მადნეული“ და შპს „კვარციტი“ კომპანია „კაპიტალ ჯგუფმა“ იყიდა. კომპანიის აქციონერები არიან დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროცკი, ხოლო კომპანიის გენერალურ დირექტორად ვინმე ვახტანგ ფარესიშვილი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია მაშინ „მადნეულისა“ და „კვარციტის“ პრესსამსახურმა გაავრცელა. სს „მადნეულის“ სახელს უკავშირდებოდა ყოფილი პარლამენტარის, ბიზნესმენ კობა ნაყოფიას სახელი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის: გავრცელებული ინფორმაციით, მისი სახელი „კვარციტთან“  მიმართებითაც ფიგურირებდა, რომლის აქციების ერთ-ერთი მფლობელიც თავადვე გახლდათ. „კვარციტის“ ერთ-ერთი მეწილე, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს სერტიფიცირებულ აუდიტორთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია პროფესიონალთა ლიგის“ დამფუძნებელთან, ბატონ ზურაბ მელაძესთან, რომელმაც სხვადასხვა წლებში ორჯერ შეამოწმებინა შპს „კვარციტი“:

_ შპს „კვარციტში“ პირველად შემოწმება ჩავატარე 2000 წელს, ეს იყო პრეზიდენტ შევარდნაძის მოთხოვნა და სულხან მოლაშვილის დავალება. შემოწმების შედეგები გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ამ საკითხს იძიებდნენ. რა დაადგინა გამოძიებამ, ამის საქმის კურსში არ ვარ. მეორედაც მე ჩავატარე „კვარციტში“ შემოწმება 2004 წელს, ამჯერად უკვე გენერალური პროკურატურის დავალებით. შემოწმება მოიცავდა 2001 წლის იანვრიდან 2004 წლამდე პერიოდს. მაშინ „კვარციტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო ზურაბ ლობჟანიძე, რომელიც შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან. ყოფილი დირექტორები იყვნენ ტაბატაძე და კუსიანი. უცხოელების მხრიდან „კვარციტის“ დირექტორები იყვნენ პიტერ ნაითენგეილი და ბრუს ლანლი. მეორე შემოწმების დროს გამოვლინდა ძალიან სერიოზული დარღვევა-ნაკლოვანებები და დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები, რომლებზეც კორუფციული სქემები შევადგინე.

2004 წლის აპრილიდან „კვარციტის“ ხელმძღვანელები იყვნენ გენერალური დირექტორი ცოტაძე და საოპერაციო დირექტორი პიტერ ნაითენგეილი ავსტრალიიდან. ჩემ მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ დაადგინა, რომ შპს „კვარციტის“ ამოქმედებიდან – 1997 წლიდან 2004 წლამდე მოქმედებდა კორუფციული სქემა „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც შედის: ქართული მხარე „კვარციტი“, ავსტრალიური მხარე, კომპანია „ბოლნისის მაინინგი“ და ინგლისის აფინაჟის, ანუ ოქროს ჩამოსასხმელი ქარხანა, შპს „ჯონსონ მეთიუ“. „ბოლნისის მაინინგი“ და საქართველოს მხარე იყვნენ კომპანიონები და ამ ორივეს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ინგლისში „ჯონსონ მეთიუსთან“, რათა ამათ მიერ ნაწარმოები ოქროს დორე შენადნობი გაგზავნილიყო ინგლისში და შემდგომ მათ მოეხდინათ აფინაჟი (კეთილშობილი ლითონების მიღების მეტალურგიული პროცესი, – ნ. ლ.). ხელშეკრულების თანახმად, აფინაჟის შემდგომ, ინგლისს უნდა მოეხდინა ოქროს რეალიზაცია ინგლისის ძვირფასი ლითონების ბაზარზე. რეალიზებიდან ამოღებული თანხა ჯერ ჯდებოდა მეტალის, შემდგომ კი ქაღალდის ანგარიშზე. იმ თანხის ნაწილი იგზავნებოდა საქართველოში, ნაწილი კი _ ავსტრალიაში.

_ ამ ორიდან რომელ მხარეს ეგზავნებოდა უფრო მეტი თანხა? წესით, საქართველოს უნდა მიეღო მეტი ფულადი თანხა, რადგან საბადოები აქაა.

_ რა თქმა უნდა, საბადო აქ არის და მასეც უნდა ყოფილიყო, თუმცა პროცენტულად უფრო მეტი თანხა ეგზავნებოდა ავსტრალიის მხარეს. ამ საბადოს ღებულობდა „კვარციტი“, ხოლო სააქციო საზოგადოება „მადნეული“, რომელიც იქვე გვერდზე მდებარეობს, წილს ღებულობდა. პირველად დადებული ხელშეკრულებებისა და პროექტების თანახმად, ოქროს დორე შენადნობიდან უნდა მომხდარიყო 86% ოქროს ამოკრეფა, მაგრამ როცა მე შევამოწმე, ამოკრეფა აღმოჩნდა 52-56%-მდე, რაც ძალიან ცოტაა. თავიდან, 1997 წლიდან, თავს იმართლებდნენ, რომ გროვების მიხედვით ამდენს ვერ ამოიღებდნენ… აქ ხდებოდა ოქროს ამოკრეფის ნაკლები პროცენტულობის ჩვენება, რაც ოქროს მოპოვებაში აპრობირებული ფორმაა მისი მითვისების მიზნით. რევიზიის შედეგად გაირკვა, რომ ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთ შესაბამის სამინისტროს და უწყებას არ მოეპოვებოდა სრულყოფილი და ზუსტი მონაცემები ქვეყანაში გამოშვებული ოქროსა და ვერცხლის წარმოება-რეალიზაციის შესახებ. ასევე არ მოეპოვებოდათ ინფორმაცია საქართველოსა და საზღვარგარეთელ პარტნიორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მასში გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მდგომარეობის შესახებ. ზემდგომი ორგანოების უმოქმედობით შპს „კვარციტში“ ოქროს რეალიზაციის შედეგად მიღებული სახსრების განკარგვა ხდებოდა სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის გარეშე, ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით. „კვარციტში“, თითქმის, მთლიანად თვითდინებაზე იყო მიშვებული კანონმდებლობასთან მათი საქმიანობის შესაბამისობა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე თანხების გაცემის კანონიერება და მიზნობრიობა. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ზემდგომი ორგანოებისა და თვითონ შპს „კვარციტის“ ხელმძღვანელობის მიერ მონიტორინგის ჩაუტარებლობისა და აქედან გამომდინარე, შედეგებზე რეაგირების გაუტარებლობის გამო. სრული ქაოსი და განუკითხაობა იყო დამკვიდრებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვის, დივიდენდების განაწილების, ინვესტირების შედეგად მიღებული ეკონომიკური შედეგების ანალიზისა და ეფექტიანობის მდგომარეობის საქმეში. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ამ დარგში მონიტორინგის გარეშე მიღებული თანხების უკონტროლო ხარჯვას.

_ ეგ ყველაფერი ხდებოდა 2004 წლამდე. შემდეგ რა სიტუაცია იყო, თუ ხართ საქმის კურსში?

_ 2004 წლის შემდეგ, „კვარციტში“ კობა ნაყოფიას საქმიანობის პერიოდში, ნამდვილად იქნებოდა ანალოგიური მდგომარეობა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის ფაქტი, რომ მთელი ცხრა წლის მანძილზე „კვარციტი“ არავის არ შეუმოწმებია. ყოველ შემთხვევაში, მე არსად არ გამიგია ნაყოფიას დროს „კვარციტის“ შემოწმების ფაქტი. შარშან საპარლამენტო კომისიის დავალებით რომ შევამოწმე კონტროლის პალატა, ვიცი, რომ მათ წინა, 2007-08 წლებში „კვარციტში“ შემოწმება არ ჰქონდათ ჩატარებული. წესით, ეს შემოწმება უნდა ჩაეტარებინა კონტროლის პალატას, სხვა ორგანოს ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა. შეიძლებოდა შემოსავლების სამსახურს თემატურად შეემოწმებინა ბიუჯეტთან ურთიერთობის კუთხით და მორჩა. რა ინვესტიციაა ჩადებული ავსტრალიის მხრიდან, ეს დადგენილი არ არის და დღემდე დავა აქვთ. ან თუ ინვესტიცია ჩაიდო, რა ეფექტი მიიღო ამით წარმოებამ ან რა მოგებას ვიღებდით? ჩემი შემოწმების პერიოდში წავაწყდი ფაქტს, რომ „კვარციტს“ ჰქონდა, თუ არ ვცდები, 12 მილიონამდე ლარის დავალიანება, მოგების გადასახადი ჰქონდა დაგროვილი ბიუჯეტში. იმის მიუხედავად, რომ ამდენი მილიონი ეჯდათ კრედიტორულ დავალიანებაში, ამ დროს ხდებოდა ავსტრალიის მხარისთვის თანხების გადარიცხვა დივიდენდების სახით. საერთო ჯამში, ამ გადარიცხული თანხების რაოდენობამ შეადგინა 10 მილიონი აშშ დოლარი.

_ ზოგადად, დივიდენდების გადარიცხვა როგორ ხდება ხოლმე?

_ წლის ბოლოს, ფინანსური შედეგების გამოყვანის შემდეგ, როდესაც ვღებულობთ წარმოება-მოგებას, ის მოგება ნაწილდება ყველა სახის გადასახადებთან მიმართებით და დარჩენილი მოგების გარკვეული ნაწილების განაწილება ხდება დივიდენდების სახით. მაგალითად, „მადნეულისთვისაც“ უნდა გადაერიცხათ და ავსტრალიის მხარისთვისაც. „მადნეულის“ მხარეს 25 მილიონამდე გადაურიცხეს დივიდენდების სახით, მაგრამ, ფაქტობრივად, როგორ ხდებოდა გადარიცხვები? წესით და კანონით, უნდა დალოდებოდნენ წლის ბოლოს ფინანსურ შედეგებს და შემდეგ მის მიხედვით მოეხდინათ დივიდენდების გადარიცხვა. ამასთან ამ ქმედებებამდე ასევე უნდა მოეწვიათ საპარტნიორო კრება, შედგენილიყო საპარტნიორო  კრებების ოქმები, უნდა ყოფილიყო პარტნიორებს შორის ერთსულოვნება და ამის შემდგომ გადარიცხულიყო დივიდენდები. არავითარი საპარტნიორო კრების ოქმები არ იყო შედგენილი. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ გადარიცხვები ზოგჯერ თვეების მანძილზე, ხანდახან კი თვეში რამდენჯერმე ხდებოდა, ანუ წლის ბოლოსაც კი არ ელოდებოდნენ. რა რეალობა დგას ამ ქმედებების უკან, ეს გამოძიების დასადგენია.

_ შეგიძლიათ, ცალსახად თქვათ, რომ წლის შუა პერიოდში დივიდენდების სახით თანხების გადარიცხვა არაკანონიერი ქმედებაა?

_ რასაკვირველია! ფინანსური შედეგი არ გაქვს მიღებული, არ იცი რა მოგებას მიიღებ და ამ დროს მილიონობით თანხას რიცხავ კომპანიონზე?! ჩემი ვარაუდი ასეთია: როდესაც ლობჟანიძემ 2004 წლამდე გარიცხა „ბოლნისი მაინინგი“ კომპანიონობიდან, სასამართლოები იყო ამაზე. როგორც ჩანს, ლობჟანიძეს უნდოდა, საქართველოს ჩაეგდო ხელში მთელი „კვარციტი“. ამ დროს ხელშეკრულება უკვე გაფორმებული იყო ინგლისის აფინაჟის ქარხანასთან, სადაც, რატომღაც, შეტანილი იყო ასეთი პირობა: როდესაც „კვარციტი“ წერილობით მიმართავდა ინგლისის „ჯონსონ მეთიუს“ დორე შენადნობის ჩამოსხმასა და რეალიზაციაზე, ამ დროს წერილში საქართველოს მხარის ხელმოწერასთან ერთად, ასევე უნდა ყოფილიყო ავსტრალიის მხარის ხელმოწერაც. მარტო თავისი ხელმოწერით ვერ გზავნიდა ლობჟანიძე წერილებს და ვერ აკეთებდა დორე შენადნობის რეალიზაციას, რადგან ავსტრალიის მხარემ მოითხოვა თავისი უფლებები და დივიდენდები. ამიტომ ავსტრალიის მხარემ ბეგარის სახით დააკისრა თანხების გადახდა ქართულ მხარეს და ალბათ ასეთი ულტიმატუმი წაუყენა: თუ გინდა, რომ მეც მოგიწერო ხელი წერილზე, კეთილი ინებე და ჩამირიცხე დივიდენდებიო. თუ ავსტრალიური მხარე ხელს არ მოუწერდა ლობჟანიძეს, ედნო დორე შენადნობი და ყოფილიყო. ინგლისმა თავიდანვე ჩაადებინა ხელშეკრულებაში ასეთი პირობა – ორივე მხარე უნდა ფიგურირებდესო, მაშინ, როდესაც სხვა კომპანიონებში ასეთი რაღაც არ ხდება. ალბათ ავსტრალიის მხრიდან იყო მითითება ინგლისისთვის – თუ მოხდებოდა ამ ორ კომპანიონს შორის რამე გაუგებრობა, ამ სახით ეყოლებოდათ გამოჭერილი ქართული მხარე.

_ ქართულმა მხარემ დივიდენდების გადარიცხვა როდის დაიწყო?

_ ეს ხდებოდა ჩემს სარევიზიო პერიოდში, 2001-2003 წლებში. წინა პერიოდში დივიდენდების გადარიცხვის ფაქტები არ შემხვედრია. როგორც ჩანს, მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდა ავსტრალიის მხარეს ქართული მხარის მიმართ ნდობა, 2001 წელს კი ლობჟანიძემ უკვე გადაწყვიტა, გაერიცხა ავსტრალიის მხარე კომპანიონობიდან და სასამართლოს მეშვეობით ამას მიაღწია კიდეც. ოქროს ამოკრეფის დაბალი პროცენტული მაჩვენებლის დაფიქსირებაც ორივე კომპანიონს შორის ერთმანეთში შეთანხმებით მოხდებოდა, რომ შემდეგ ამით მოგება ენახათ და ერთმანეთშივე გაეყოთ. მე რომ გადავთვალე ის კილოგრამი ოქრო და უნციებში გადავიყვანე, ძალიან დიდი ოდენობის მოტეხილი და დაკარგული ოქრო მივიღე. რეალურად რა რაოდენობის ოქრო იყო ამოკრეფილი, კაცმა არ იცის, რადგან ერთია, რას აფიქსირებდნენ ოფიციალურად და მეორეა, რეალურად რას აკეთებდნენ? ეს ყველაფერი უნდა დაედგინა სასინჯი ზედამხედველობის სამსახურს და დაეწესებინა მონიტორინგი, როდესაც ამ პროცედურების გარეშე ვერ მიდიოდა დორე ინგლისში. სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის სამსახურში უნდა ინახებოდეს თვითმფრინავით გადატვირთულ ყოველ დორე შენადნობში ოქროს შემცველობის პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა ეს სამსახური უკვე კარგა ხნის გაუქმებულია.

_ როდის გაუქმდა აღნიშნული სამსახური?

_ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, კარგა ხნის წინ გაუქმდა. იმის გასაგებად, თუ რა რაოდენობის დორე მიდიოდა ინგლისის აფინაჟის ქარხანაში, აქედან უნდა გაიგზავნოს ადამიანი, რომელიც ამ მონაცემებს გადაამოწმებს – რამდენი ოქრო ჩამოისხა, შემდეგ რამდენი დაჯდა მეტალის ანგარიშზე, რამდენის რეალიზება მოხდა იქვე ძვირფასი ლითონების ბაზარზე, იქიდან რა ამონაგები მივიღეთ და შემდეგ იმ თანხებიდან რამდენი გადაირიცხა კონკრეტულად ავსტრალიაში და რამდენი – საქართველოში? მე როცა ვამოწმებდი „კვარციტის“ დოკუმენტაციას, ვნახე, რომ ინგლისის აფინაჟის ქარხანა მილიონ აშშ დოლარზე მეტ დებიტორულ დავალიანებაში იყო საქართველოსთან. ვსვამ კითხვას: რატომ იყო ის დებიტორულ დავალიანებაში?

_ თქვენი აზრით, რატომ ჰქონდა ეს დებიტორული დავალიანება ინგლისის აფინაჟის ქარხანას?

_ ჩემი აზრით, საქმე ის არის, რომ მან საქართველოში გადმოსარიცხი თანხებიდან იმაზე ნაკლები გადმორიცხა, რაც საქართველოს რეალურად ეკუთვნოდა. არაა გამორიცხული, რომ ის თანხა ინგლისმა ავსტრალიას გადაურიცხა, ან ბოლოს და ბოლოს, თავად ისარგებლა მისით და ბრუნვაში ხმარობდა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს ამ საკითხის ირგვლივ რა მდგომარეობაა, არ ვიცი. თუ საქართველომ მიიღო თავისი კუთვნილი თანხა ინგლისის მხრიდან, ძალიან კარგი. ეს არის ერთი მხარე. მეორეა: შესაძლოა, ინგლისი დებიტორებში მჯდარიყო კარგა ხანი და ბოლოს ეს თანხა გადარიცხულიყო სულ სხვა ანგარიშზე, შემდეგ წლების მანძილზე დაელოდებოდნენ, როდის გახდებოდა ეს დებიტორული დავალიანება ხანდაზმული და უიმედო და ბოლოს ჩამოიწერებოდა ზარალზე, იმ თანხას კი რეალურად ან ინგლისი და ავსტრალია „გატეხავდა“ ერთმანეთში, ან ინგლისი და საქართველო. ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდებია, რეალური ჭეშმარიტების დასადგენად კი ყველაფერი ადგილზე შემოწმებით უნდა ინახოს. სამთავრობო დონეზე უნდა შეიქმნას კვალიფიციური მუშაკების ჯგუფი და უნდა შემოწმდეს ამ „ბერმუდის სამკუთხედის“ სამივე წერტილი. კობა ნაყოფიას „ნაყოფიერი“ მუშაობის დროს ვინ ჩააყენა მან თავისი საქმიანობის საქმის კურსში იმჟამინდელი პრეზიდენტის გარდა? ან მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, ვანო მაჭავარიანმა, რატომ არ ჩააყენა ახალი ხელისუფლება საქმის კურსში, თუ რა ხდებოდა „კვარციტში“? ან თუ ჩააყენა, მაშინ რატომ არ დგება სასწრაფოდ კომისია და რატომ არ იწყებენ „კვარციტის“ შემოწმებას? ძალიან ბევრი კითხვა მაქვს! ნაყოფია ვერ აღუდგებოდა წინ დატაცების იმ აპრობირებულ ფორმებს, რაც „კვარციტში“ მის მისვლამდე ხდებოდა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით, „კვარციტის“ წილში იჯდა სწორედ სააკაშვილი. პირიქით, კობა ნაყოფია იყო პრეზიდენტის ფავორიტი, რომელიც სულ უქებდა მას მუშაობას. „კვარციტში“ აუცილებლად უნდა შემოწმდეს მთელი ცხრა წელი. უნდა შემოწმდეს, სად მიედინებოდა და მიედინება ჩვენი ქვეყნის კუთვნილი ძვირფასი რესურსები, რა მდგომარეობაა ზოგადად დღეს ოქროს საბადოებში და რას ვღებულობთ ბიუჯეტში?

 

„ქრონიკა+“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ბატონ კობა ნაყოფიას დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, შპს „კვარციტში“  ყოველ წელს ტარდებოდა საერთაშორისო აუდიტორული შემოწმება „დიდ ოთხეულში“ შემავალი აუდიტორული კომპანიების მიერ („დიდი ოთხეული“-უმსხვილესი საერთაშორისო საბუღალტრო და პროფესიული მომსახურების კომპანიები, რომლებიც ერთიან ჯამში ფლობენ მსოფლიოში არსებული ღია სააქციო საზოგადოებების და ასევე, კერძო კომპანიების აუდიტორული მომსახურების ბაზრის აბსოლუტურ უმეტესობას -ნ.ლ.)ბატონი კობას ინფორმაციით, იგი 2013 წლიდან აღარ საქმიანობს აღნიშნულ შპს-ში და შესაბამისად, მის შემდეგ პერიოდში „კვარციტში“ განვითარებული მოვლენების საქმის კურსში აღარ არის.

 

ნინო ლაბარტყავა