ვინ არის საქართველოში ბარიატრიული ქირურგიის ფუძემდებელი და რა განსაკუთრებულ მეთოდს ფლობს იგი?

ძალიან რთულია მედიცინაზე პოპულარული ენით საუბარი. კიდევ უფრო რთულია ქირურგიული მანიპულაციების ახსნა პაციენტებისთვის და ამას ცოტა ექიმი თუ ახერხებს. სწორედ ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს მედიცინის დოქტორი, ბარიატრიული ქირურგიის ექსპერტი, დამფუძნებელი და პიონერი, საქართველოში სიმსუქნისა და მეტაბოლურ დარღვევათა საერთაშორისო ფედერაციის (IFSO) ექსპერტთა შეხვედრის მონაწილე, თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, „სიცოცხლის გადამრჩენელი“ ოპერაციების ლიდერი შემსრულებელი საქართველოში, დავით აბულაძე, რომელმაც საფუძვლიანი სპეციალიზაცია გაიარა ბაზისურ ლაპარასკოპიაში ჯორჯიის შტატის ატლანტის სამედიცინო ცენტრში, იტალიაში ქ. მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალში მაღალტექნოლოგიურ ლაპარასკოპიულ ქირურგიაში, ასევე ისრაელში რაბინის სამედიცინო ცენტრის ბელინსონის ჰოსპიტალში, ბარიატრიულ ქირურგიაში ინგლისში ქ. პორტსმუნტში დედოფალ ელისაბედის ჰოსპიტალში. იგი გახლავთ ასევე მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის მსვლელობის თანამონაწილე, მუდმივად ახლის ძიებასა და ათვისებაშია. მას ეკუთვნის პირველი საკანდიდატო დისერტაცია საქართველოში ლაპარასკოპიულ ქირურგიაში, არის 87 სამეცნიერო ნაშრომისა და საერთაშორისო სამედიცინო პრესაში დაბეჭდილი 33 სტატიის ავტორი. პროფესორი დავით აბულაძე საქართველოში ცნობილია, როგორც მუცლის ღრუს ქირურგიის, ასევე ბარიატრიული ქირურგიის წამყვან სპეციალისტად, მას უკვე ეკუთვნის 1000-ზე მეტი შესრულებული კუჭის სახელოსებური რეზექციის წარმატებული ოპერაცია.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს დავით აბულაძესთან:
_ ბატონო დავით, თქვენ ჭარბწონიანობას 21-ე საუკუნის ეპიდემიას უწოდებთ. მიზეზი რა არის?
_ ჭარბწონიანობას 21-ე საუკუნის პანდემიაც შეიძლება უკვე ვუწოდოთ, ვინაიდან ეს მთელი მსოფლიოს მოსახლეობის პრობლემა გახდა. სტატისტიკას მოგახსენებთ: აღნიშნული პრობლემა აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის 17%-ს. მათგან ყოველ მესამეს პათოლოგიური ჭარბწონიანობა აღენიშება. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში, დაახლოებით, ერთი მილიარდი ჭარბწონიანი ადამიანია. ზოგადად, ცალკე ჭარბი წონაც უკვე მოქმედებს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციონირებაზე და იწვევს მის დისფუნქციას. ჭარბი წონისგან შეიძლება ჩამოყალიბდეს შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა ჰიპერტონული დაავადება, უშვილობა და ა. შ., ხოლო გართულებებმა შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი, განგრენა, წითელი ქარი და ა. შ.
_ ანუ ეს უკვე ესთეტიკური პრობლემა არ არის, როგორც ბევრს ჰგონია?
_ გარკვეულ ეტაპზე ჭარბწონიანობა შეიძლება იყოს ესთეტიკური პრობლემა, მაგრამ როდესაც საუბარი გვაქვს პათოლოგიურ ჭარბწონიანობასთან, ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პაციენტები ოპერაციას იკეთებენ, ძირითადად, იმ შემთხვევებში, როდესაც აღენიშნებათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ეს უკანასკნელი ვლინდება სხეულის როგორც შედარებით დაბალ მასაზე, ისე დიდი მასების დროსაც. მთავარია, განისაზღვროს ჭარბწონიანობის ტიპი და რისგან არის ის გამოწვეული _ ნახშირწყლოვანი ბალანსის, ცილოვანი თუ ცხიმოვანი ცვლის მოშლისგან? ხომ არ გვაქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან შაქრიანი დიაბეტი? ასევე რომელ ასაკში არის ჭარბი წონა განვითარებული _ ბავშვობიდან თუ მოზრდილი ასაკიდან?
_ განსხვავებაც გვითხარით…
_ მათ, ვისაც ბავშვობის ასაკში აღენიშნებოდა ჭარბწონიანობა, ჯანმრთელობის პრობლემები, როგორც წესი, ნაკლებად აწუხებთ, თუმცა წონა გაცილებით უფრო მეტი აქვთ. როდესაც საუბარია მოზრდილ ასაკზე, იქ ანდროგენული ტიპის სიმსუქნე ვითარდება. მამაკაცებში ვაშლისებური ტიპის სიმსუქნე აღენიშნებათ, ქალებს უფრო ე. წ. მსხლისებური.
_ ბატონო დავით, ჭარბწონიანობასთან ბრძოლის რა მეთოდები არსებობს?
_ ჭარბწონიანობასთან ბრძოლის ერთადერთი მეთოდი არსებობს _ ეს არის კვებისა და ცხოვრების სტილის მკვეთრი ცვლილება. სიმსუქნე შეიძლება განპირობებული იყოს ადამიანის სამსახურის სპეციფიკიდან ან ოჯახური ტრადიციიდან. ჩვენი პაციენტების 90% დასავლეთ საქართველოდან არის, ეს მხარე კი ნახშირწყლოვანი საკვებით უფრო მდიდარია. იქ ტრადიციად ითვლება, რომ სტუმარმა აუცილებლად უნდა მიირთვას საკვები და კარგად დანაყრდეს. ყველაზე ცუდი კი არის ბავშვების ძალით კვება, მაგალითად, ბებიების მიერ _ ხაჭაპურებს უცხობენ და ა. შ. აქედან გამომდინარე, როდესაც ჭარბწონიანობასთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს ე. წ. შინაგანი ნარკოტიკი _ ენდორფინი. ბევრი მათ ბედნიერების ჰორმონს უწოდებს. ყველაზე მარტივი საშუალება მათი გამოყოფისთვის არის საკვების მიღება, გურმანებისთვის სხვადასხვა საკმაზი და ა. შ. ამ დროს ენდორფინის გამოყოფას ბევრი სხვა ფაქტორიც განაპირობებს _ დაწყებული ფიზიკური აქტივობიდან, დამთავრებული შოპინგით, მოგზაურობით, სტუმრად სიარულით და ა. შ.
_ მოგზაურობასა და სტუმრად მისვლას ხომ კვებისგან მიღებული სიამოვნება სდევს თან?
_ ყველგან არ სდევს. ძალიან ბევრი გაგვიგია ჩვენი მეგობრებისგან, საკუთარ თავზეც გვაქვს გამოცდილი, რომ როდესაც საზღვარგარეთ ვმოგზაურობთ, იქ ვიღებთ საკვებს, მაგრამ წონაში არ ვიმატებთ. პირიქით, შეიძლება, დაკლებულიც ჩამოხვიდე, იმიტომ რომ ენერგიასაც ხარჯავ, მოგზაურობ, დადიხარ, სიამოვნებას იღებ და ჭამა არ არის ის ერთადერთი სიამოვნების მომტანი ფაქტორი ამ რუტინულ ცხოვრებაში. ადამიანის სიცოცხლე უნდა იყოს მრავალფეროვანი და ხალისის მომტანი. ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, _ როდესაც დაიკლებთ წონაში, შეცვალეთ ცხოვრების სტილიც.
_ რა შემთხვევაში და როგორ ხდება წონის უკან დაბრუნება?
_ ოპერაცია დიეტისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ძველ კვების სტილზე დაბრუნება საკმაოდ რთულია. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ შიმშილის შეგრძნება ქრება, თითოეული საკვების მიღებაზე ულუფა გაცილებით ნაკლებია, ამ დროს ორგანიზმი კვლავ ითხოვს დღიურ კალორაჟს, მაგრამ რადგან ერთბაშად ვერ ღებულობს, ამიტომ ადამიანი იძულებულია, საკვები 4-5-ჯერ მიიღოს დღიურად. შედეგად, ჩნდება სწორი კვების რეჟიმი. მაგრამ თუ მან არ შეცვალა თავისი ცხოვრების სტილი, არ გახადა უფრო საინტერესო, ხალისიანი, ბედნიერი, ფსიქოლოგიურად თუ არ განეწყო, შეიძლება გავიდეს რამდენიმე წელი და ენდორფინების მისაღებად დაიწყოს ტკბილის მიღება, „ცმუცნაობა“ და ა. შ. შედეგად, ისევ მოიმატოს წონაში, თუმცა ეს აღინიშნება შემთხვევათა 10-15%-ში.
_ წესების დაუცველობის შემთხვევაში რამდენი წლის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ადამიანმა წონის მომატება?
_ დაახლოებით, 5-6 წლის შემდეგ, მაგრამ პაციენტების 90% ისევ იმ წონაზე რჩება. ჩათვალეთ, რომ ოპერაციის შემდეგ 1000 პაციენტიდან 900 გადაურჩა სიკვდილს ნაადრევ ასაკში. 100-მა შეიძლება უკან დაიბრუნოს სააფრთხეები, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაიცვა წესები და ამ დროს საჭიროა ფსიქოლოგის რჩევა… ანდა განმეორებითი ოპერაცია, რომელსაც, თუ საჭიროა, ჩვენც მივმართავთ.
_ ბატონო დავით, საიდან მოდის ბარიატრიული ოპერაციების ისტორია?
_ მე-10 საუკუნეში ესპანეთში ცხოვრობდა მეფე, სახელად დი სანჩო, რომელიც ისე გასუქდა, რომ ტახტი დაკარგა _ ვერ მოძრაობდა, ცხენზე ვეღარ ჯდებოდა, ბრძანებებს ვეღარ გასცემდა და ბიძაშვილებმა ტახტი წაართვეს. მისმა ბებიამ, თავის დროზე ძლიერმა დედოფალმა, დი სანჩო ქალაქ კორდობაში წაიყვანა, სადაც ცხოვრობდა ებრაელი დასტაქარი ჰასან იბნ შატუი. დედოფალმა დასტაქარს სთხოვა, მისი შვილიშვილისთვის რამე ისეთი გაეკეთებინა, რომ საჭმელი აღარ ეჭამა. ადგა ექიმი და ტუჩები ამოუკერა, მხოლოდ მცირე ადგილი დაუტოვა, რომ თივის საწრუპით სითხეები მიეღო. ორ წელიწადში მეფემ ტახტიც დაიბრუნა, ცოლიც მოიყვანა და მემკვიდრეებიც ეყოლა. რეალურად, ეს იყო პირველი მცდელობა, ქირურგიული მეთოდებით ებრძოლათ ჭარბი წონის წინააღმდეგ. მას შემდეგ ათი საუკუნე გავიდა და XX საუკუნის მიწურულს ღია წესით ოპერაციები დაიწყო, მაგრამ ღია წესით ოპერირებისას, ვინაიდან ეს მძიმე კატეგორიის პაციენტები იყვნენ, გართულებებიც მეტი იყო, ამიტომ ეს მეთოდი მივიწყებას მიეცა. 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც მსოფლიოში ლაპარასკოპიული ოპერაციების ბუმი დაიწყო, ეს ოპერაციები განახლდა. დღესდღეობით არსებობს ამ ოპერაციების ძალიან ბევრი ექსპერიმენტული მეთოდი, რომელიც ფართოდ ინერგება მსოფლიოში.
_ საქართველოში რა მეთოდებია პოპულარული?
_ საქართველოში 2010 წლიდან ვაკეთებთ ბანდაჟირებას, შუნტირებას და ა. შ. დღესდღეობით ჩემი კოლეგები ყველა იმ ოპერაციას აკეთებენ ამ სფეროში, რაც მსოფლიოს ბარიატრიულ ქირურგიაშია დანერგილი, თან საკმაოდ კარგი შედეგებით. პაციენტების მოთხოვნა ძალიან დიდია. იმაზე მეტია, ვიდრე საზოგადოებას ჰგონია.
_ მიზეზი რა არის?
_ საქმე ის არის, რომ ჭარბწონიანები საზოგადოებისგან, მეტ-ნაკლებად, გარიყულები არიან თავისივე ნებით _ სახლში სხედან, ერიდებათ გარეთ გასვლა და ა. შ. ჩვენ, ფაქტობრივად, იმ რიცხვამდე ავედით, რომ თვეში 35-40 ოპერაცია გვაქვს. საქართველოში წელიწადში 500-600 ოპერაცია კეთდება, შეიძლება მეტიც. ჩემი კოლეგებიც მეუბნებიან, ჭარბწონიანი ამდენი თუ იყო, არ გვეგონაო. საქართველოში თუ არის სამი მილიონი მოსახლეობა, მათგან 90 ათასი ჭარბწონიანია, რაც 3%-ს უდრის.
_ პაციენტები გენდერულად როგორ ნაწილდებიან?
_ თანაბრად. ბოლო 10-15 წელია, მოზარდებში უფრო ჭარბად წამოვიდა. ამის მიზეზი, ძირითადად, ციფრული რევოლუციაა, პლუს საკვების ხელმისაწვდომობა. მაგალითად, როცა მოზარდი ვიყავი, თბილისში სულ ხუთი რესტორანი იყო. დღეს ერთ ქუჩაზეა მხოლოდ ხუთი რესტორანი. დეფიციტი აღარ არსებობს! ადრე მეგობრის სანახავად მიდიოდი, დღეს კი აიღებ ტელეფონს და მთელი სამეგობრო შეგიძლია 15 წუთში შეკრიბო.
_ მაშასადამე, საკვების ხელმისაწვდომობამ და ციფრულმა რევოლუციამ ლომის წილი შეიტანა?
_ კი ბატონო! იმიტომ, რომ ენერგიის ხარჯვის წილი შემცირდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ჭარბწონიანობა უშვილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, როგორც ქალებში, ისე _ მამაკაცებში. 58 ქალბატონი მყავს, რომელიც ბარიატრიული ჩარევის შემდეგ დედა გახდა. ეს კი პატარა ციფრი არ არის!
_ ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება ფიზიკური აქტივობის დაწყება, მაგალითად, ვარჯიში და ა. შ.?
_ ყველა პაციენტს ვეუბნებით, რომ ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ ვარჯიში უნდა დაიწყონ. მამაკაცებთან ამის თქმა არ გვჭირდება, თვითონ იწყებენ, მაგრამ ქალბატონებს ხშირად ვახსენებთ, განსაკუთრებით კარგია აკვა-აერობიკა.
_ რით განსხვავდება ბარიატრიული ოპერაციების საზღვარგარეთ დანერგილი მეთოდები ჩვენგან?
_ როდესაც კუჭს ვჭრით, ამას ისე ვაკეთებთ, რომ გაზრდის შანსს არ ვუტოვებთ, ანუ ვიღებთ ანტრალურ ნაწილსაც. ჩვენ ასევე დამატებით ნაკერებს ვადებთ და მათი გახსნის რისკი 0,7%-ია, მაშინ როდესაც 3,5%-ია საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტი.
_ ოპერაციის შემდეგ რაიმე სახის დეფიციტი თუ ვითარდება?
_ საკუთრივ ჭარბწონიანობა იმდენად საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის, ოპერაციის შემდეგ ზომიერი დეფიციტი რომ განვითარდეს, _ კალციუმის, D ვიტამინის, B12-ის, რკინისა და ა. შ., მისი ჩანაცვლება თავისუფლად შესაძლებლია მთელი ცხოვრებს მანძილზე 2-3-თვიანი ვიტამინოთერაპიით. ეს ბევრად სჯობს ინფარქტს ან შაქრიან დიაბეტს.
_ ბატონო დავით, თუ გქონიათ შემთხვევა, რომ თქვენთან მოსული პაციენტი უკან გაგისტუმრებიათ?
_ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი. დღეში, დაახლეობით, 10-12 ახალ პაციენტს ვსინჯავ. აქედან ოპერაცია უკეთდება, მაქსიმუმ, სამს. შერჩევის კრიეტერიუმები შემდეგია: პირველ რიგში, ფქსიქოლოგიური, ანუ პაციენტის მოტივაცია უნდა იყოს: ის ოპერაციას იკეთებს ჯანმრთელობისთვის და არა მხოლოდ ვიზუალისთვის. შემდეგ კეთდება ანალიზები და ფასდება მასის სრული ინდექსი, ფასდება ასევე ოპერაციის რისკსა და სარგებლიანობას შორის თანაფარდობა. რისკი გაცილებით დაბალი უნდა იყოს, ვიდრე სარგებელი. მაგალითად, ჩემთან მოდიან 10-15 კილოთი ზედმეტი წონის ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვთ. მათ ვაბარებთ ფსიქოლოგს, დიეტოლოგს და ენდოკრინოლოგს, რომ თუ პაციენტს მოტივაცია აქვს, სწორი კვებით მოიცილოს ის ზედმეტი წონა.
_ ჩვენს ქვეყანაში ბევრი აკეთებს ბარიატრიულ ოპერაციებს?
_ რამდენადაც ასოციაციისთვის არის ცნობილი, საქართველოში შვიდი კლინიკაა, მათ შორის, ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ჩვენს გუნდს _ „ინოვასა“ და „ქართულ-იტალიურ კლინიკას“, სადაც აკადემიური გუნდი ჩამოვაყალიბეთ. „ქართულ-იტალიურ კლინიკა“ 2014 წელს გაიხსნა, ძირითადი ორიენტირი არის ბარიატრიული ქირურგია, თუმცა ის მულტიპროფილური კლინიკაა და ძალიან ძლიერი ლაბორატორია გვაქვს. ანუ ჩვენთან მოსულ პაციენტს გარეთ გასვლა აღარ სჭირდება.

თამარ როსტიაშვილი