„არა მგონია, 90-იან წლებში დავბრუნდეთ, თუ კიდევ რაღაც გიჟური ნაბიჯები არ გადადგა ხელისუფლებამ“ – ნიკა რურუა

12

ხელისუფლება არაფრის დიდებით არ აღიარებს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება დამძიმდა, მეტიც, სტატისტიკას იშველიებს და საპირისპიროსაც გვიმტკიცებს. ეს, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი რეიდებს იწყებს. ლოგიკურად იბადება კითხვა, – თუ კრიმინოგენური ვითარება არ გაუარესებულა და დანაშაულების 100% იხსნება, ეს რეიდები რაღასთვისაა საჭირო? მოკლედ, სტატისტიკა მწამს, რეიდები მაკვირვებს… რეიდების თემას „ფეისბუკში“ პოსტით გამოეხმაურა ნიკა რურუა და 10 პუნქტად განმარტა, თუ რატომაა მავნებლობა და, ამავე დროს, სისულელე რეიდების ჩატარება?

„1. რეიდები მხოლოდ კანონმორჩილ მოქალაქეებს შეუზღუდავს თავისუფლებას და დააკარგინებს მათსავე ძვირფას დროს;

2. პოტენციური დამნაშავეები მობილურებით გაგზავნილი ესემესებით თუ სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ძალიან ადვილად გაიგებენ, რომ სადღაც რეიდია და იქაურობას ასევე იოლად მოერიდებიან;

3. რეიდები ზოგადი თავისუფლების ხარისხს დაწევს ქვეყანაში;

4. სიმთვრალეზე გამოჭერილი მძღოლები, ვისაც არანაირი იარაღი არ უდევს, მაგრამ საჭესთან ნასვამია, ფულით შეეცდება თავის დაძვრენას და დაიძვრენს კიდეც;

5. რეიდი შექმნის მხოლოდ მოჩვენებითობას დანაშაულთან ბრძოლისა, რაც გამოიწვევს სამთავრობო თვითკმაყოფილებას, რაც ძალიან მავნებელია, რადგან ნამდვილ დანაშაულს არაფერი დაემუქრება და ის ისევ პრობლემად დარჩება;

6. რეიდები შექმნის საავტომობილო საცობებს, რაც მანქანებით ისედაც ძალიან გადატვირთული თბილისისა თუ სხვა ქალაქებისთვის დამატებითი თავის ტკივილი გახდება;

7. რეიდი გააზარმაცებს პოლიციასაც და ხელს ააღებინებს ნამდვილ ოპერატიულ სამუშაოზე;

8. რეიდი მოაცდენს პოლიციას იმისაგან, რომ ამ უკანასკნელმა საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა ადგილებში დაიცვას წესრიგი;

9. რეიდი, როგორც მოვლენა, ძალიან ცუდად გამოიყურება და ის აუცილებლად იქონიებს ნეგატიურ გავლენას უცხოელ სტუმრებსა და პოტენციურ ინვესტორებზე, რომლებსაც, პირველ რიგში, თავისუფალი და უსაფრთხო გარემო ესაჭიროებათ, რის შექმნასაც რეიდი არანაირად არ უწყობს ხელს. პირიქით _ რეიდებში ნანახი გაწევ-გამოწევა სწორედ არეულობისა და პანიკის ნიშნად მოეჩვენება სტუმარს;

10. რეიდები, რომლებისგანაც ძლივს განთავისუფლდა საქართველო, დისკრედიტაციას გაუკეთებს პოლიციის რეფორმას, რომელმაც აშკარად გაამართლა 2012 წლამდე“, _ ვკითხულობთ ნიკა რურუას „ვოლზე“. იქვე რურუა იმასაც განმარტავს, რომ წესით, მას _ როგორც ამ ხელისუფლების ოპონენტს, უნდა აწყობდეს კიდეც, რაც მეტ სისულელეს გააკეთებს ხელისუფლება, რომ მოხდეს ამ ხელისუფლების დისკრედიტაცია ხალხის თვალში, მაგრამ, როგორც იგი დასძენს, ეს ქვეყნის ინტერესების დაზიანებად არ უღირს: `რეიდების რეინკარნაცია სწორედ ასეთი ტიპის სიგიჟე იქნება, რომელიც ძალიან დააზიანებს ქვეყანასაც, ხელისუფლების მხარდამხარ“.

„ქრონიკა+“ ნიკა რურუას ესაუბრება:

_ პირველ რიგში, რეიდი მოჩვენებითი ნახევარზომაა, არ გამოირჩევა ორიგინალობით, ყველაზე მარტივი გზაა, რთული ამოცანის გაადვილებაა, დადიხარ აქეთ-იქით, ვიღაცებს მიაჯარიმებ, მოაჯარიმებ და იმედი გაქვს, რომ ამით პრობლემას გადაჭრი, კრიმინალს დააშინებ. ის დანაშაულები, რომელიც ყველას გვადარდებს, გახშირებული მკვლელობები, ყაჩაღობა წამებით, დაუთოებით და ა. შ. რეიდებით არ აღიკვეთება, იმიტომ რომ ასეთი დანაშაულები ან ხდება უცებ, ინციდენტებია უფრო, ან დაგეგმილია და წარმოუდგენელია, რომ ეს რეიდები ამას დაემთხვეს. გარდა ამისა, თავის დროზე, როცა რეიდები იყო, არ გახსოვთ, მძღოლები ერთმანეთს როგორ ატყობინებდნენ რეიდებს? ფარების ანთება-ჩაქრობით. დღეს „ესემესი“ არსებობს, „ვაიბერი“ არსებობს, კომუნიკაციის სხვა მილიონი საშუალებაა, რითაც ნებისმიერი პოტენციური ან რეალური დამნაშავე შეძლებს ყველანაირი ჩხრეკისა და კონტროლისგან თავის არიდებას. ამ რეიდებს შედეგი არ ექნება, სანაცვლოდ კი მოიტანს მექრთამეობას, კორუფციას, შექმნის ილუზიას, რომ რაღაც კეთდება, სინამდვილეში ეს იქნება სპექტაკლი, პრობლემა პრობლემად დარჩება და მოიტანს მეტ უწესრიგობას, ვიდრე დღესაა, იმიტომ რომ პოლიცია, ნაცვლად იმისა, რომ საქმით იყოს დაკავებული, დაიცვას წესრიგი, დაკავებული იქნება ამ სპექტაკლით. ბუნებრივია, ერთი ადამიანი ერთდროულად ორ ადგილას ვერ იქნება. პოლიციას თუ ამ სპექტაკლებით მოვაცდენთ, სიტუაცია უფრო დამძიმდება. ერთადერთი, რაც რეიდმა შეიძლება გააკეთოს, ისაა, რომ დაშალოს მავნე თავშეყრის ადგილები. დასავლეთის ქვეყნებში არსებობს კანონი ლოიტერინგის წინააღმდეგ და მივესალმებოდი, თუ აქაც მიიღებენ ე. წ. ბირჟების ამკრძალავ კანონს, თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ადამიანს არ შეეძლოს საკუთარ ეზოში ჩასვლა და გაჩერება.

_ რაც დღეს ხდება კიდეც უკვე. არაერთი შემთხვევაა, როცა ბიჭები ეზოში დომინოს თამაშობენ და იმათ პოლიცია აწიოკებს.

_ რა თქმა უნდა, მასე არ უნდა ხდებოდეს, ოპერატიული მონაცემებიდან გამომდინარე უნდა დაშალონ ისეთი თავშეყრის ადგილები, ე. წ. ბირჟები, სადაც ხდება ჩხუბები, იარაღის, ნარკოტიკების ტრიალი და არა  კორპუსის დაბლა შეკრებილი ბიჭები. ეს ეზოებს და საკუთარ სადარბაზოს წინ გამოსულ ადამიანებს არ უნდა ეხებოდეს. კეთილგონიერების ტესტით უნდა მიუდგეს პოლიცია, პოლიცია ხომ მანქანა არაა, პოლიციას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ შეფასების უნარი და მათი დისკრეციით, ოპერატიულ ცნობებზე დაყრდნობით უნდა შეაფასონ, რომელი ბირჟაა მავნე, დანაშაულებრივი და რომელია უვნებელი, სოციალური ადგილი. პოლიცია არ უნდა შეეხოს ამ სოციალურ ადგილებს, მაგრამ უნდა დაშალოს ყმაწვილკაცების, ახალგაზრდების მავნე თავშეყრის ადგილები. ამ ადგილების დაშლა და კარგი ოპერატიული მუშაობა გაართულებს უკანონო იარაღის მოპოვებას, თორემ კანონიერად იარღის მოპოვების შეზღუდვა არანაირად არ შეამცირებს არც უკანონო იარაღს და არც პრობლემას გადაჭრის. კანონიერი გზით შეძენილი იარაღით დანაშაულის 1%-ც არაა ჩადენილი. საბჭოთა პერიოდისა და აფხაზეთის ომის შემდეგ დარჩა უამრავი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ძირითადად, რუსული წარმოების, რომელიც შავ ბაზარზე ტრიალებს და ძალიან იაფად იყიდება, სწორედ ამ შავ ბაზარს უნდა დაუპირისპირდეს პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური, დააკაონ გადამყიდველები და მკაცრი სასჯელების მისადაგებით შეუქმნან სერიოზული ანტიმოტივაცია ყველას, ვინც ამ უკანონო საქმიანობითაა დაკავებული. ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა. ამგვარი ბრძოლის გამოცილება არსებობს დასავლურ ქვეყნებში. იქ ამას ეძახიან ქუჩის ბანდებს, „გენგებს“, რომელთა წინააღმდეგ ყველაზე წარმატებულად ამერიკელები მუშაობენ. უნდა გადმოიღონ ეს გამოცდილება, ან გაუშვან ჩვენი სპეციალისტები და, უბრალოდ, შეისწავლონ ეს პრაქტიკა.

_ ამ ყველაფერს როგორ ახერხებდა წინა ხელისუფლება? როგორ გახდა უსაფრთხო ქუჩები?

_ აბსოლუტური უსაფრთხოება არ იყო მიღწეული, მაგრამ პოტენციური დამნაშავეების უმეტესობამ იცოდა, რომ, დიდი ალბათობით, მათ დააკავებდნენ და შემდეგ მკაცრად გაასამართლებდნენ.

_ და ელოდათ მკაცრი ციხე.

_ კი, ელოდათ ციხე, რომელშიც კრიმინალები ვერ აკონტროლებდნენ მდგომარეობას. დღეს, სამწუხაროდ, ციხეზე კონტროლი ისევ ჩააბარეს იქაურ ე. წ. ავტორიტეტებს და ქურდების შეგირდებს. ციხეზე კონტროლი აუცილებლად უნდა აღადგინოს სახელმწიფომ. სანამ ციხე ისეთია, სადაც მოხვედრის არ ეშინია დამნაშავეს, დანაშაული არ დაიკლებს. საჭირო არაა ზედმეტი სიმკაცრე, ცემა და უკანონობა, საჭიროა, უბრალოდ, მკაცრი და კანონის შესაბამისი ზომების გატარება უკომპრომისოდ. ვიმეორებ, გასაკონტროლებელია დანაშაულებრივი ბირჟები, დასაწყებია კარგი ოპერატიული მუშაობა, უკანონო იარაღის გადამყიდველები არიან მკაცრად დასასჯელები და ციხეზე კონტროლია დასაბრუნებელი. ეს ოთხი რამ თუ გააკეთა სახელმწიფომ, ყველაფერი რიგზე იქნება.

_ რეიდებს გადაყოლილი პოლიცია, ცხადია, სათანადოდ ვერ გასწევს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და იმოქმედებს მხოლოდ ცალფეხა ეჭვებით. ეკა ხერხეულიძე შეესწრო ფაქტს, პოლიცია არასრულწლოვნებს აკავებდა მხოლოდ იმიტომ, რომ „ღამე არასრულწლოვნების აფთიაქში შესვლა ეჭვს იწვევს“, არადა, იმ ბავშვს სენადექსინი და ესპუმიზანი ჰქონდა ნაყიდი _ გაჭირვებულმა მშობელმა გააგზავნა ბავშვი და გაჰყვნენ თანატოლები.

_ ცახდია, ასეთი პრიმიტივიზმით არანაირი პრობლემა არ გადაიჭრება. სერიოზული მუშაობაა საჭირო და არა ასეთი.

_ თუმცა ეს ხელისუფლება სწორედ ასეთი მუშაობითაა კმაყოფილი, თეა წულუკიანი გახარებულიც კია „ხილული მასობრივი ღონისძიების“ შედეგებით. მას რომ ჰკითხო, მშობლებიც კმაყოფილები არიან იმით, რომ მათი ახალგაზრდა ბიჭები შუაღამეს კი არ მივიდნენ სახლში, არამედ 12 საათზე იყვნენ შინ. ცალკე თემაა ან „ხილული მასობრივი ღონისძიება“ რა ჯანდაბაა, ან „ახალგაზრდა ბიჭები“ (არ მამთავრებინებს, _ რ. შ.)?

_ თეა წულუკიანის კომენტირებას ნუ მომთხოვ, ძალიან გთხოვ… რაც შეეხება იმას, რა მოსწონს ამ ხელისუფლებას, ეს მათი გემოვნების ამბავია, მაგრამ მთავარია, რა არ მოსწონს ხალხს. ხალხს არ მოსწონს გაზრდილი დანაშაული, დაუცველობა, რომელიც დაივიწყა ამ ხალხმა და რაც არ უნდა ელაპარაკოს ვიღაც ჩინოვნიკი ტელევიზორიდან, რომ ყველაფერი რიგზეა, ვერავინ დაარწმუნებს ხალხს ამაში, როცა გარშემო ამდენი დანაშაული ხდება. სტატისტიკით მანიპულირება იწყება მაშინ, როცა საქმე არ არის კარგად. რად გვინდა სტატისტიკა იმის მისახვედრად, რომ გახშირდა დანაშაული? გარშემო რომ მიიხედ-მოიხედო, ნაცნობს, ახლობელს, მეზობელს ვერ ნახავ, ვისაც არ შეეხო დანაშაულის მატება. ზოგს რაღაც გამოგლიჯეს ხელიდან, ზოგს რაღაცა მოპარეს. აგერ, ბენზინის მოპარვა აღარც ახსოვდა არავის, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ ჩემს ნაცნობს ბენზინი მოპარეს მანქანიდან, აგერ გმირთა მოედანზე, 11-სართულიანში ლიფტის მოტორი მოიპარეს, წლების განმავლობაში ასეთი დანაშაულები წარმოუდგენელი იყო. ახლა ისევ დაიწყო. რატომ? იმიტომ, რომ ციხეზე კონტროლი არის ისევ კრიმინალების ხელში, ეს ერთი და მეორე _ პოლიციამ მოადუნა ოპერატიული მუშაობა. როცა წესრიგი იყო და როცა ამოცანა იყო წვრილმანი დანაშაულის გაქრობაც კი, ასეთი რამ არ ხდებოდა. მე სრულებითაც არ ვარ პოლიციური სახელმწიფოს მომხრე, რადგან სადაც ადამიანი თავისუფალი არ არის, იქ ბედნიერი ვერ იქნება, მაგრამ ადამიანი ვერც იქ იქნება ბედნიერი, სადაც ქაოსია და ყველაფერი დაშვებულია. ოქროს შუალედია მოსანახი, არც გადამეტებაა საჭირო პოლიციის მხრიდან და არც ზედმეტად მიშვება.

_ როდესაც პოლიცია დამნაშავეების დევნის ნაცვლად ლუდის ქუჩაში სმას ებრძვის, რა შედეგს უნდა ველოდოთ? ან, საერთოდ, რას ემსახურება ეს კამპანია?

_ ქუჩაში სმა და ბოთლით ხელში დგომა ბევრ ქვეყანაშია აკრძალული, ამაზე ცივილიზებულ სამაყაროში კონსენსუსია, რომ მაინცდამაინც კარგი შესახედი არაა ქუჩაში სმა და არც დასანერგი პრაქტიკაა. უშნოა, არაჯანსაღია. გარდა ამისა, ადამიანი თვრება და მთვრალი ადამიანი მაინცდამაინც არ არის საზოგადოებრივი წესრიგის ხელშემწყობი.

_ გეთანხმებით, ლამაზი ნამდვილად არ არის, მაგრამ როდესაც ყაჩაღები უთოთი დარბიან უპრობლემოდ და პოლიცია იმას დასდევს, ვინც ლუდს სვამს…

_ ცხადია, ეს ცოტა სასაცილოდ გამოიყურება იმ ფონზე, როცა სერიოზული დანაშაულები ხდება… გასაგებია, ეს შეუდარებლად უმნიშვნელო დანაშაულია, მაგრამ აკრძალულია. აკრძალვა აკრძალვაა და უნდა დავემორჩილოთ. როცა წერია, რომ ქუჩაში არ უნდა დალიო, კეთილი ინებე და ადი მეგობრებთან, ან შედი კაფეში და იქ დალიე. რაც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის კამპანიურობას, გეთანხმებით, ესაა სპექტაკლი, რომელიც შედეგს ვერ გამოიღებს. ქუჩაში დომინოს მოთამაშე ხალხის 150 ლარით დაჯარიმება ვერაფრით ვერ შეამცირებს ბანდიტების თარეშს, რომლებიც პატარა ბავშვებს აუთოებენ. ზემოთ ჩამოთვლილი ზომებია გასატარებელი და ეს ყველაფერი დაიკლებს. ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ. ხელისუფლება თავს იმართლებს და იხტიბარს არ იტეხს, რაც საქმეს ვერ უშველის.

_ თავის დროზე, არც „ნაციონალური მოძრაობა“ იტეხდა იხტიბარს, არ აღიარებდა, რომ ციხეში მძიმე სიტუაცია იყო…

_ მდგომარეობა არც მაშინ იყო იდეალურად, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, დანაშაული ნაკლებად ხდებოდა, პირველ რიგში, ალბათ, იმიტომ, რომ ოპერატიული მუშაობაც უფრო მხნედ მიდიოდა და სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებდა სიტუაციას ციხეში, მაგრამ, როგორც ვნახეთ, გადაცდომები იქაც იყო. იმიტომ რომ იქაც ადამიანები მუშაობდნენ და თუ ადამიანს ილუზია შეექმნება, რომ შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს, ბოლოს სადისტობას დაიწყებს. მე არ მჯერა ცოცხების კადრების, ის დადგმული იყო, მაგრამ ცემა-ტყეპის კადრების მჯერა, იმიტომ რომ ეს სიმართლეს ჰგავს. ყველას შეიძლება ასე არ ექცეოდნენ. ბევრი ჩემი ნაცნობი ყოფილა ციხეში, გამომიკითხავს შესვლის, გამოსვლის დეტალები, არც ერთი მათგანი არ უცემიათ, მაგრამ მათგან ვიცი, რომ იყო შემთხვევები, როცა ზოგ პატიმარს ურტყამდნენ. ბუნებრივია ურტყამდნენ არა უმიზეზოდ, არამედ რაღაც დარღვევების გამო, მაგრამ ცემა მაინც არაა გამართლებული, ზემოქმედების მილიონი სხვა გზა არსებობს. სხვა არის, თუ პატიმარი თავს დაესხა ბადრაგს, ამაზე არაა ლაპარაკი, პროფილაქტიკისთვის არ უნდა სცემდნენ პატიმარს და როგორც იმ კადრებში ვნახეთ, სწორედ ეს იყო _ პროფილაქტიკისთვის ურტყამდნენ. ეს იყო მიუღებელი, თორემ ცოცხების სპექტაკლი, ეს იყო კარგი დაგეგმილი რუსული სპეცოპერაცია.

_ ეგ რომ დადგმული იყო, აღიარა კიდეც ბედუკაძემ და დაჯილდოვდა კიდეც რუსეთში. ამ კადრების გავრცელებამდე რომ იხტიბარს არ იტეხდა წინა ხელისუფლება, ცუდათაც დამთავრდა საბოლოო ჯამში. თუმცა იმ კადრების გავრცელებამდე ჩვენ ვერც ვხედავდით, რა ხდებოდა იქ, მაგრამ დღეს, როცა იხტიბარს არ იტეხს ხელისუფლება, უკვე კურიოზულია, ვხედავთ ქუჩაში რაც ხდება და მაინც იხტიბარს არ იტეხს ხელისუფლება.

_ ასეა და ეს ძალიან დააზარალებს ამ ხელისუფლებას. არ შეიძლება, გაუბრაზდე ხალხს, რომელიც შენგან, მთავრობისგან ითხოვს ერთ-ერთი ფუნდამენტური ფუნქციის შესრულებას _ უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ხალხმა სოციალური კონტრაქტით, თავისი უფლებების ნაწილი გადააბარა დროებით არჩეულ მმართველებს, მთავრობას, რომ ამ უკანასკნელმა გამოიყენოს ეს გადაბარებული უფლებები და კანონის ფარგლებში დაიცვას წესრიგი და უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. სხვა შემთხვევაში, ყველა მოქალაქემ თვითონ უნდა დაიცვას თავი, რაც დაგვაბრუნებს ჯუნგლებში. ჯუნგლებში ადამიანები სწორედ ასე იცავდნენ საკუთარ თავს, სანამ ორგანიზებული საზოგადოება შეიქმნებოდა, რასაც, დიდმა მოაზროვნემ და ფილოსოფოსმა, თომას ჰობსმა „ლევიათანი“ უწოდა და მთელი წიგნი მიუძღვნა. ლევიათანი არის სამყარო, სადაც ყველა ადამიანი ყველას ებრძვის, ყველა ყველას წინააღმდეგ ომობს, სადაც გამორიცხულია, რომ თავისუფალი იყოს ვინმე, იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება შენზე ძლიერი, რომელიც მიუხედავად იმისა, მართალი ხარ თუ მტყუანი, დაგამარცხებს, წაგართმევს ყველაფერს. შემდეგ მასზე ძლიერიც გამოჩნდება, ესაა ნამდვილი ჯოჯოხეთი, რომლისგან თავდასაღწევად ადამიანებმა მოიგონეს ორგანიზებული საზოგადოება, რასაც ჰქვია სახელმწიფო! ამ სახელმწიფოში რაღაც უფლებები ჩვენ მოვიკელით, მივაბარეთ მთავრობას და მან ეს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები უნდა აღასრულოს.

_ მსგავსი ტიპის ჯოჯოხეთი თბილისშიც არსებობდა 90-იან წლებში…

_ 90-იან წლებში ძალით, ტერორით ბოთლში შედევნილი ჯინი გამოვიდა თავისუფლებაზე _ ყველა თავისი მახინჯი გამოვლინებით, თორემ ასეთი ჯოჯოხეთი მანამდეც, კომუნისტების დროსაც არსებობდა. ასე ხდება მაშინ, როცა ხალხი მიიჩნევს, რომ მთავრობა მისი მტერია. კომუნისტების დროს მთავრობა იყო ხალხის მტერი. საქართველომ ბევრი ტკივილი და აუნაზღაურებელი დარტყმა მიიღო ოკუპაციური საბჭოთა ხელისუფლებისგან. ხალხი მტრად მიიჩნევდა იმ მთავრობას, მაგრამ დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და უნდა გავიაზროთ, ეს ჩვენი არჩეული მთავრობაა _ მოგვწონს თუ არ მოგვწონს და ამიტომ არის რაღაც საერთო ინტერესები, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს და უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოზე ზრუნვა ყველა მოქალაქის ვალია. სამწუხაროდ, ამას ხანდახან მოქალაქეები უფრო აცნობიერებენ, ვიდრე თვითონ სახელმწიფოს წარმომადგენლები. ესაა ყველაზე ცუდი.

_ ბოლო დროს გახშირებულ კრიმინალში ერთი საშიში ტენდენციაც იკვეთება, _ დაპირისპირება კლანურ თუ უბნურ ნიშანს ატარებს, რაც აჩენს სწორედ 90-იანებში დაბრუნების შიშს, როცა ხდებოდა უბნური, კლანური დატაკებები, ჩაცხრილვები, რომლის დროსაც არავინ იყო დაზღვეული ბრმა ტყვიისგან.

_ კი, ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ მე არა მგონია, 90-იანებში დავბრუნდეთ. მაშინ ერთი სახელმწიფო დაიშალა და ახალი უცებ ვერ შეიქმნა, საქართველო მაშინ, ფაქტობრივად, შეუმდგარი სახელმწიფო იყო და სახელმწიფო ფუნქციებს მთავრობა ვერ ასრულებდა, მთლად უკონტროლოდ იყო სიტუაცია. დღეს ასე არაა, საზოგადოებაც გაიზარდა, უფრო დიდია სამოქალაქო საზოგადოების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უფრო მეტია ხალხის მოთხოვნა. ცხადია, ეს არაა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც, თუნდაც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც ვიყავით, ძალიან წინ წავედით და არა მგონია, ეს სიტუაცია 90-იან წლებს დაემსგავსოს, თუ კიდე რაღაცა გიჟური ნაბიჯები არ გადადგა ხელისუფლებამ, რასაც შეიძლება მასობრივი მღელვარება მოჰყვეს. ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ და ამ სნეულებაზე აცრილები ვართ, ამიტომ მეეჭვება, რომ ეს ასე მოხდეს, თუმცა ის ვაკუუმი, რაც 2012 წლიდან დატოვა სახელმწფიფომ, ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმით, შეავსო ისევ დაუსჯელობის სინდრომმა, ეს ავტომატურად ასე ხდება და ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, ადამიანების უმეტესობა კანონმორჩილი იმიტომაა, რომ კანონის ეშინია, პატარა პროცენტია, ვინც იმიტომ არ არღვევს კანონს, რომ უბრალოდ კეთილშობილია, ეს ასეა, გვინდა ეს თუ არ გვინდა. ლონდონშიც კი, როცა გამოსვლები იყო, იმდენი ძარცვა-გლეჯა მოხდა, რომ ისეთი წარმატებული და ავტორიტეტული გამოცემები, როგორიცაა „ტაიმი“ და „ნიუსვიკი“ წერდნენ, რომ ევროპა დამთავრდა. ათასობით მაღაზია გაიძარცვა, ათასობით მანქანა დაიწვა, ათასობით ადამიანი დაშავდა, დაიჭრა და ა. შ. ინგლისშიც კი, რომელიც დემოკრატიის აკვანია, ამერიკის მშობელი, დედა-სახელმწიფოა, იქაც კი აიშვა ადამიანის ბნელმა ინსტინქტებმა, როგორც კი სახელმწიფომ წამიერი, ხანმოკლე სისუსტე გამოავლინა. კარგი იქნება, თუ ჩვენი სახელმწიფო ამ ნეგატიურ ენერგიას, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართავს სხვა მიმართულებით, ვგულისხმობ აბსოლუტურად სასარგებლო მიმართულებას _ სპორტს. სპორტი არის ომის სიმულაცია, სპორტი არის ნამდვილი ბრძოლა, ოღონდ სიკვდილის გარეშე. თუ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი იქნება ჩაბმული სპორტში, მთელი ეს ნეგატიური ენერგია, რომელიც ადამიანს აქვს (გვინდა თუ არ გვინდა _ აქვს), დაიხარჯება ჯანმრთელად და სასარგებლოდ. როდესაც ადამიანს არ აქვს საქმე, სამსახური, ვერ გრძნობს განვითარების აუცილებლობას, რომ წაიკითხოს, შეისწავლოს რამე პროფესია, როცა არ აქვს თვითდისციპლინა, გარემო მას ადვილად თრგუნავს და აქცევს უფუნქციო და ნეგატიური ენერგიით სავსე ტიპად. ასეთი ხალხია, ვინც მერე დანაშაულს სჩადის, ეს დამტკიცებულია. ასეა. როგორც კი მოგვარდა ამერიკის დიდ ქალაქებში გეტოების პრობლემა, დაიკლო დანაშაულის რიცხვმა. როგორც კი გეტოებში შევიდა სუპერმარკეტები, გაკეთდა ბევრი სათამაშო მოედნები _ კალათბურთის, ჩოგბურთის, სპორტის სხვა სახეობების, პრობლემამ დაიწყო მოგვარება. ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ.

_ ეს კეთდებოდა კიდეც წინა ხელისუფლების პერიოდში.

_ კეთდებოდა და, სხვათა შორის, ამანაც დიდი როლი შეასრულა. ჩვეულებრივი ბირჟები შეიცვალა ასეთი სპორტული შეჯიბრებებით, განსაკუთრებით რაიონებში და ამას კარგი შედეგი ჰქონდა. ჩემი ზრით, სპორტი სკოლებში უნდა იყოს აუცილებელი და ისევე უნდა მოვთხოვოთ, როგორც ვითხოვთ წერა-კითხვის ცოდნას.

_ მაგის ნაცვლად ამ ხელისუფლებამ გახსნა ციხის კარი და ერთი ხელის მოსმით გამოუშვა ყველა _ მსუბუქი თუ მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, რამაც წაახალისა დამნაშავეთა სამყარო და გააჩინა დაუსჯელობის სინდრომი.

_ ეს იყო დიდი მავნებლობა, დანაშაული და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის მიყენებული ფსიქოტრავმა. დღეს ეს ჯინი ისევ ბობოქრობს. პოპულიზმი ცუდ რეზულტატს იძლევა, არ შეიძლებოდა ასეთი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ამნისტიის ჩატარება, თან პოლიტიკური ნიშნით, იმ გათვლით, რომ ეს ადამიანები და მათი ოჯახები შენ მოგცემენ ხმას. ერთხელ მოგცემენ, მაგრამ შემდეგ ისე დამძიმდება ქვეყანაში სიტუაცია, რომ ნამდვილად არ ღირს არჩევნებში ერთი გამარჯვება ამად. ამას უნდა ხვდებოდეს შეგნებული და ნამუსიანი ხალხი. სამწუხაროდ, ასეთი ცოტაა დღეს ხელისუფლებაში, მაგრამ ვინც არის, დღეს იმათ ძალიან კონკრეტული გაფრთხილება და კონკრეტული მესიჯი მიიღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან.

_ ბოლო განცხადებას გულისხმობთ?

_ კი, ბოლო განცხადებას ვგულისხმობ, სადაც პირდაპირ გააფრთხილეს დღევანდელი ხელისუფლება, რომ უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამართლებრივი დევნა. ეს ჭინკებზე ნადირობა ძალიან დააზარალებს საქართველოს, მის გეგმებს და სურვილებს, გაერთიანდეს ცივილიზებულ ერთა დიდ ოჯახში და რეალურად გაზრდის გარე საფრთხეებს, იმიტომ რომ ჩვენ დასავლეთის გარეშე ვერ გავუმკლავდებით ისეთ აგრესიულ და არადემოკრატიულ მეზობელს, როგორიცაა რუსეთი. ამიტომ დღევანდელი ეს განცხადება უნდა იყოს ბოლო გაფრთხილება. ვნახოთ, რამდენად ეყოფათ კეთილგონიერება დღევანდელ მმართველებს.

_ და არ დაუკავშირებენ ამას გიგა ბოკერიას ვიზიტს აშშ-ში?..

_ რა სისულელეა?

_ ასეთი სულელური განცხადებები გვესმის სულ, რომ ბოკერიამ იყიდა ევრობიუროკრატია, დასავლური პრესა, რომ მუშაობს სიცრუის მანქანა და აშშ, ევროპა შეცდომაში შეჰყავთ (არ მამთავრებინებს, _ რ. შ.)…

_ მომისმინე, რეზო, ამ სისულელეებზე ჯობია, ყურადღება არც გავამახვილოთ, იმიტომ რომ როგორც კი ამის კომენტირებას იწყებ, შენდაუნებურად ლეგიტიმაციას უკეთებ ამ აზრს _ ესე იგი ეს აზრი კომენტარს საჭიროებს. ამას, უბრალოდ, იგნორირება უნდა და დაცინვა. მეტი არაფერი. ეს არის სრული სისულელე და სიბრიყვე, არც ერთს, ორს და ხუთ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს გავლენა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკაზე. დღეს პოსტინფორმაციულ ერაში ვცხოვრობთ და, უბრალოდ, წარმოუდგენელია, რომ დაიმალოს ინფორმაცია ქვეყნის შესახებ, თუ რა პროცესები მიდის იქ, რა ხდება და როგორ ვითარდება მოვლენები, ამიტომ აქ არც ერთი ადამიანი არაფერ შუაში არაა, და ვინც თავის მართლების ამ ფორმას ირჩევს, ძალიან უსუსურია და სიმართლეს არ უყურებს თვალებში. ესაა და ეს.

 

რეზო შატაკიშვილი