დიმიტრი შაშკინი: „20 ივნისს მომიტინგეების პროვოცირება ხელისუფლებამ მოახდინა!“

ე. წ. გავრილოვის კრიზისსა და იმაზე, რაც ამ კრიზისს მოჰყვა, ბევრნაირი შეფასება მოვისმინეთ. ანალიტიკოსთა უმრავლესობა იმ აზრსაც იზიარებს, რომ 20 ივნისს, მიტინგის დაშლის დროს, ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი უფრო სიღრმეში მიდის და ამბობს, რომ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან იმ ღამეს ხელისუფლებამ მომიტინგეების პროვოცირება მოახდინა, ანუ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი განმარტავს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ ხელისუფლებამ პოლიცია მომიტინგეების პირისპირ განალაგოს და ამით ხალხი გამოიწვიოს.
ამას გარდა, დიმიტრი შაშკინი „პოლიტიკურ სიმბოლოებზეც“ ამახვილებს ყურადღებას და ჩვენს გამოცემას ეუბნება, რომ გავრილოვის საქართველოში ვიზიტი „ქართული ოცნების“ შვიდწლიანი პოლიტიკის ლოგიკური შედეგია.
ამავე კონტექსტში შაშკინი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსული არმიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ოფიცრების დაჭერას იხსენებს და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს, რომელიც აუცილებლად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

_ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებას და ყველაფერ იმას, რაც ამას მოჰყვა, ზოგი ანალიტიკოსი საქართველოს ხელახალი ოკუპაციის აქტად აფასებს. ბატონო დიმა, ამ მოსაზრებას იზიარებთ?
_ გავრილოვის საქართველოში ვიზიტი და სპიკერის სავარძელში მისი ჩაჯდომა, სამწუხარო, მაგრამ იმ პოლიტიკის ლოგიკური დასასრული იყო, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო შვიდი წელია, ატარებს. შეგვიძლია, ის ნაბიჯებიც გავიხსენოთ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში „ოცნებამ“ გადადგა და რაც, რეალურად, იმის მცდელობა და სურვილი იყო, რომ საქართველოს რუსეთის წინაშე დაეჩოქა. მიუხედავად იმისა, რომ ასიათასიანი არმია გვებრძოდა, საქართველომ რუსეთის წინაშე 2008 წლის ომის დროს არ დაიჩოქა.
მეტიც, ჩვენმა ჯარმა ყველა ბრძოლა, რომელიც ცოცხალ ძალას ეხებოდა, მოიგო და გაიმარჯვა. ამას გარდა, საქართველოს მთელმა მოსახლეობამ მაშინ უზარმაზარი კონსოლიდაცია და ბრძოლის სურვილი აჩვენა.
პუტინი სწორედ მაშინ დაგვემუქრა, მოვა დრო და თქვენზე შურს ვიძიებო. საქართველოს ზოგი გამყიდველი იმაზე საუბრობდა, რომ 2008 წლის ომი წავაგეთ, თუმცა თავად პუტინი ასე არ თვლიდა, რადგან მან დაინახა, საქართველომ რუსეთის ფედერაციას _ ოკუპანტ ქვეყანას _ თუ რამდენად დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ჩვენ შეიძლება, ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი არ წაგვიგია და თუ ვინმეს მეხსიერება ღალატობს, შეუძლია, „დაგუგლოს“ და პუტინის მიერ ომის დროს ან ომის შემდეგ გაკეთებული განცხადებები ნახოს. მოკლედ, პუტინი იმუქრებოდა, მოვა დრო და ამ წინააღმდეგობის გამო საქართველოს დავსჯიო.
ეს დრო 2012 წელს დადგა _ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. ზოგი ადამიანი გულწრფელად შეცდა, ანუ გულწრფელად ეგონა, რომ ცხოვრება გაუმჯობესდებოდა, ზოგიც ჩვენს მთავრობაზე გაბრაზებული იყო და ამიტომ „ოცნებას“ მისცა ხმა, მაგრამ ცხოვრების გაუმჯობესების ნაცვლად ხალხმა ის მიიღო, რასაც „გავრილოვის ღამე“ ჰქვია.
საერთოდ, „გავრილოვის ღამე“ ცალკე აღებული მომენტი არ არის. ეს, სამწუხაროდ, იმის ლოგიკური შედეგია, რაც ქვეყანაში ბოლო შვიდი წელია, ხდება.
სხვათა შორის, სანამ „გავრილოვის ღამე“ იქნებოდა, ის ქართველი ოფიცრები დააპატიმრეს, რომლებიც რუსეთს ებრძოდნენ. ამასთან, „გავრილოვის ღამემდე“ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა და არარსებული გაერთიანებისგან სახელმწიფო შექმნა, საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს; პრემიერ-მინისტრი კი, რომელიც რუსეთს ებრძოდა, დააპატიმრეს. ასევე დააპატიმრეს თავდაცვის მინისტრიც. ზოგიერთი ის ოფიცერი კი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ებრძოდა, დახვრიტეს. ამ შვიდი წლის განმავლობაში ისეთი ფაქტიც არაერთხელ მოხდა, როცა აფხაზები ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ჩვენი მოქალაქეები ან მოკლეს, ან ადმინისტრაციული საზღვრიდან გაიტაცეს.
_ ყველაფერ ამას საზოგადოების მხრიდან მძაფრი პროტესტი არ მოჰყოლია. შესაბამისად, „ოცნებამ“ დაიჯერა, რომ ყველაფერი გასდის და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვი ამით შეგულიანებულმა ჩასვა?
_ დიახ, „ოცნებამ“ გულწრფელად დაიჯერა, ქართველმა ხალხმა ბევრი რამ ჩაყლაპა და კიდევ ბევრს ჩაყლაპავსო.
ამიტომ სალომე ზურაბიშვილი დასვა პრეზიდენტად, ადამიანი, რომელსაც ქართული ჯარი ეზიზღება და რომელიც ცხინვალის დაბომბვას, ანუ ომის დაწყებას, ქართულ ჯარს აბრალებს, ადამიანმა ამაზე მეტი, აბა, რაღა უნდა ჩაყლაპოს?
სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ მოთმინების ფიალა ავსებულიყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ერი, რაღაც მომენტში, გამოფხიზლდა.
_ ე. ი., ხელისუფლებას რომ სცოდნოდა, ყველაფერ ამას ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა, გავრილოვს საქართველოში არ ჩამოიყვანდა?
_ ამერიკულ ორგანიზაციაში მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მაქვს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მისი მოთავსება „ოცნებასთან“ იყო შეთანხმებული! როგორც გითხარით, „ოცნებამ“ დაიჯერა, რომ ქართველი ერი ყველაფერს გადაყლაპავს და სწორედ ამან დაღუპა!
_ აქამდე, პრაქტიკულად, არც ვიცოდით, რომ მართლმადიდებელი ქვეყნების დეპუტატთა ასამბლეა არსებობდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ამ ასამბლეის საქართველოში ჩატარებას და ამავდროულად, გავრილოვისთვის ფიანდაზების დაფენას რა მიზანი ჰქონდა?
_ ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, ცოტა გლობალურ პოლიტიკაში უნდა წავიდეთ.
_ კი ბატონო, გისმენთ.
_ 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, „ქართული ოცნება“ ხალხს ჰპირდება, რუსეთთან ურთიერთობას დავალაგებო და ამაში რუსეთის ფედერაციაც მაქსიმალურად უწყობდა ხელს, თუმცა ყველას, ვინც ამ პროცესში ჩახედულია, ძალიან კარგად ესმის, რომ „ოცნებას“ რუსეთის წინაშე გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა აღებული.
თავიდანვე გასაგები იყო, რომ საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას ვერ აღიარებდა _ ასეთ შემთხვევაში მოსახლეობა მთავრობას წალეკავდა.
ისე, რუსეთი შეიძლება გეზიზღებოდეს და პირადად მე, ეს სახელმწიფო ძალიან არ მიყვარს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იქ ყველა დებილი არ არის და პოლიტიკის რაღაც ესმით. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სხვა ვალდებულებები იყო აღებული.
ერთ-ერთი ვალდებულება ე. წ. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა გახლდათ, რასაც „ქართული ოცნება“ ძალიან ცდილობდა, მაგრამ რკინიგზის ეს მონაკვეთი ვერ გახსნა იმიტომ, რომ მასში გლობალური პოლიტიკის მოთამაშეები იყვნენ ჩარეულები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები და „ქართულ ოცნებას“ საშუალება არავინ მისცა, რომ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი გაეხსნა.
მეორე ვალდებულება, რაც „ოცნებას“ რუსეთის ფედერაციის წინაშე ჰქონდა აღებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება გახლდათ. საერთოდ, პუტინს საქართველო და სააკაშვილი, უფრო სწორად, მისი მთავრობა, როგორც წარმატებული, პირად მტრად მიაჩნია, მაგრამ „ოცნებამ“ ეს მეორე ვალდებულებაც ვერ შეასრულა _ სააკაშვილი ვერ დააკავა და ის სამი თუ ხუთი პიჯაკის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრეს, სასაცილოა! დიახ, მთელი მსოფლიო ამ საქმეზე იცინის!
საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ნატოზე უარი პირდაპირ ვერ თქვა, სამაგიეროდ, მოიყვანა პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყოო.
მოკლედ, „ქართულ ოცნებას“, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილს, რუსეთისთვის იმის ჩვენება სჭირდებოდა, რომ რუსეთის ამ კონკრეტული მოთხოვნების დასაცავად ყველაფერს აკეთებს. გავრილოვის ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურებოდა, თორემ დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ოდნავი ჭკუა აქვს და რომელიც ჩათვლის, რომ გავრილოვის ჩამოსვლა შემთხვევითობა იყო. საერთოდ, პოლიტიკაში ასეთი რაღაცები არ ხდება. გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მისი დასმა, რეალურად, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და სახელმწიფოს ღალატი იყო! მთავრობაში ერთი ადამიანიც არ გამოჩენილა, რომელიც თავიდანვე იტყოდა, რას შვრებითო, ანუ ყველაფერ ამას მიზანი ჰქონდა და ეს მიზანი, ჩემი აზრით, პუტინისთვის იმის ჩვენება იყო, აი, ნახე, რუსეთის ინტერესებს რა კარგად ვემსახურებითო.
პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვან როლს სიმბოლიკა თამაშობს. შესაბამისად, საერთაშორისო პოლიტიკის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სიმბოლოებზეა აგებული. შეიძლება, ეს ზოგისთვის პრიმიტიულად ჟღერდეს, მაგრამ სიმბოლოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისეთი ქვეყნისთვისაა, როგორიც რუსეთია. ყველამ, ვინც საერთაშორისო პოლიტიკაშია ჩართული, კარგად იცის, რომ პუტინი საერთაშორისო შეხვედრებზე აგვიანებს.
_ დიახ, ეს ცნობილია.
_ დაგვიანება პუტინის სიმბოლოა, ანუ ამას იმიტომ აკეთებს, რომ სხვები ელოდნენ. პუტინისთვის ასეთივე სიმბოლო იყო გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა.
_ რადგან საქართველოს საზოგადოებამ პუტინის ამ სიმბოლურ პოლიტიკას სილა გააწნა და გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა გააპროტესტა, 20 ივნისს მომიტინგეები სიმბოლურად დასაჯეს?
_ არა, ეს დასჯა სიმბოლური არ იყო. აქ, ჩემი სუბიექტური ვარაუდით, სხვა რამ მოხდა.
_ კერძოდ?
_ ის, რასაც პუტინს დაჰპირდნენ და რაც მისთვის სიმბოლური იყო, ვერ შედგა, რადგან ქართველმა ერმა თავი ასწია და თავისი სათქმელი თქვა. ამიტომ „ქართული ოცნება“ პანიკურად შეეცადა, რომ პუტინის თვალში ყველაფერი ეს გაენეიტრალებინა, ანუ შეეცადა, პუტინისთვის ეჩვენებინა, რომ სიტუაციას აკონტროლებს.
მოდით, ძალიან პრიმიტიული ენით ვთქვათ. დავუშვათ, თქვენ პუტინი ხართ!
_ ღმერთმა დამიფაროს!
_ დავუშვათ, პუტინი ხართ და „ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარეთ. შვიდი წელია, ამ მთავრობისგან გესმით, რომ რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილია. ასევე თბილისიდან იღებთ პატაკებს, საქართველოზე აშშ-ის გავლენა და ნატოსკენ მისწრაფება მცირდება, ხალხს ევროკავშირი არ უნდა და მთელ ქვეყანას რუსეთში დაბრუნება სურსო.
ამ ფონზე, როგორც გითხარით, პუტინისთვის ძალიან სიმბოლური იყო გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მისი ჩაჯდომა, მაგრამ, მოულოდნელად, ყველაფერი ეს წყალში გადაიყარა, ანუ პუტინის სიმბოლო გავრილოვი საქართველოდან პანჩურ-პანჩურით გააგდეს. თქვენ რომ პუტინი იყოთ, ბუნებრივია, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პატაკებს გიგზავნიდნენ და გეუბნებოდნენ, ყველაფერი მოგვარებულია და საქართველო რუსეთის გუბერნიააო, აგრესია გაგიჩნდებოდათ, ანუ პუტინი, ალბათ, მიხვდა, რომ ყველაფერი ის, რასაც ეუბნებოდნენ, ტყუილია და ქართველი ერი არც ოკუპაციას შეეგუება და საქართველოც რუსეთის გუბერნია არასოდეს გახდება.
ამის გამო „ქართული ოცნება“ დაპანიკდა და, თავისი ჭკუით, იმის დამტკიცება დაიწყო, რომ სიტუაციას თვითონ აკონტროლებს.
_ სხვათა შორის, ქუჩაში გამოსული ქართველების დასჯა თავდაპირველად გავრილოვმა მოითხოვა.
_ რა თქმა უნდა.
პუტინის მმართველობის პირობებში რუსეთის პოლიტიკა საჯარო განცხადებებზეა აგებული, ანუ რუსები იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ და ამიტომ ბნელ ოთახში კატის ძებნა საჭირო არ არის, ანუ გავრილოვმა პირდაპირ თქვა, _ გარანტიები მომცეს, საქართველოში ჩამიყვანეს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დამსვესო.
მოკლედ, ის, რაც სიმბოლოებზე გითხარით, თავიდანვე გავლილი თემა იყო და გავრილოვს, როგორც ამ სცენარის ერთ-ერთ მოთამაშეს, ბოდიში ამ სიტყვისთვის და, მაგრად გაუტყდა და ეწყინა, რომ საქართველოში ის დაემართა, რაც დაემართა.
ისე, შეგიძლიათ, ის დეპეშა გაიხსენოთ, რომელიც 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, თბილისიდან მოსკოვში გააგზავნეს?
_ ამის დავიწყება, მგონი, არც შეიძლება. ამ დეპეშაში ეწერა, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო.
_ წითელი დროშის აფრიალება სიმბოლური გახლდათ, ანუ იმ დეპეშაში იმაზე კი არ იყო საუბარი, ბოლშევიკების კონტროლის ქვეშ „ა“, „ბ“ და „ც“ პუნქტებიაო, უბრალოდ, მოსკოვს სიმბოლურად უპატაკეს, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო და ახლაც პარლამენტის სპიკერის სავარძელში გავრილოვის ჩაჯდომა ასეთივე სიმბოლური იყო!
_ ასეა თუ ისე, ბატონო დიმა, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური კრიზისი მივიღეთ, რომელიც, როგორღაც, უნდა განიმუხტოს და ქვეყანა ცხოვრების მეტ-ნაკლებად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ფაქტია, „ოცნება“ უკან დახევას და ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. ისიც ბუნდოვანია, პროპორციული საარჩევნო სისტემა როდიდან ამუშავდება. მოკლედ, ამ ჩიხს თავი როგორ უნდა დავაღწიოთ?
_ ჩემი სუბიექტური აზრით, ყველაფერი ორ მომენტად უნდა დავყოთ.
_ ანუ?
_ პოლიტიკური კრიზისი მაშინ შეიქმნა, როცა გავრილოვი სპიკერის სავარძელზე დაჯდა და ამას მეორე კრიზისი მოჰყვა, როცა სახელმწიფომ ხალხზე იძალადა.
პირველი კრიზისი წმინდა პოლიტიკური იყო და მაშინ საუბარი შესაძლებელი გახლდათ.
_ „საუბარში“ რას გულისხმობთ, ბატონო დიმა?
_ აი, შეცდომა სპიკერმა დაუშვაო და ყველაფერი მას გადაბრალდა, მაგრამ მეორე კრიზისი უფრო დიდი პრობლემაა, რადგან სახელმწიფომ, როგორც აღვნიშნე, საკუთარ ხალხზე იძალადა და აქ საუბარი ძალის გადამეტებაზე არ არის.
განათლებით იურისტი ვარ და ამ კუთხით მუშაობის კარგი სტაჟიც მაქვს. შესაბამისად, იმის თქმა, რომ „გავრილოვის ღამეს“ სპეცრაზმმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ჩემი აზრით, არასწორია.
_ რატომ?
_ აგიხსნით: ძალაუფლების გადამეტება მაშინ არის, როცა შენს მოვალეობას ასრულებ და ფორსმაჟორული სიტუაცია გაიძულებს, კონკრეტულ შემთხვევებში იმაზე მეტი ძალა გამოიყენო, ვიდრე საჭიროა.
„გავრილოვის ღამეს“ კი აბსოლუტურად სხვა შემთხვევა გვქონდა და მინდა, ყურადღება ერთ რამეს მიაქციოთ: აქციის დაწყებისთანავე ხელისუფლება მომიტინგეებზე პროვოცირებდა.
_ ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეების პროვოცირება რას ნიშნავს?
_ პარლამენტთან ნამყოფი ხომ ხართ?
_ ცხადია, ვარ.
_ ალბათ, გახსოვთ, რომ პარლამენტის გვერდით შესასვლელებში რკინის უზარმაზარი ჭიშკრებია, რომელთა გამონგრევაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ანუ ამ ჭიშკრებით პარლამენტის შიდა პერიმეტრია დაცული. ხელისუფლებამ პოლიცია ამ ჭიშკრების გარეთ გამოიყვანა და უშუალოდ მომიტინგეების პირისპირ დააყენა. ჩემს მეგობრებს, რომლებსაც ამერიკულ და ფრანგულ სპეცსამსახურებში მუშაობის გამოცდილება აქვთ, ეს შეკითხვა დავუსვი და ყველა მათგანმა დამიდასტურა, ეს ხელისუფლების მხრიდან პროვოცირებააო, ანუ როცა მრავალათასიანი მიტინგია და ამ დროს ხელისუფლებას უშუალოდ მომიტინგეებთან შეხებაში მოჰყავს პოლიცია თუ სპეცდანიშნულების ძალები, ამით მომიტინგეების პროვოცირება ხდება და ეს საჯარო გამოსვლების დროს სამართალდამცველთა ანბანია.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, აი, ნახეთ, სხვა ქვეყნებში მიტინგის დაშლის დროს რა ხდებაო, მაგრამ მსოფლიოს ერთი ქვეყანა მაჩვენეთ, სადაც ხალხი რამეს აპროტესტებს და ამ დროს საპოლიციო ძალები მომიტინგეებისგან ორი მეტრის დაშორებით დგებიან. პირიქით, პოლიცია მომიტინგეებთან შეხებას მაქსიმალურად ერიდება, რათა მათი პროვოცირება არ მოხდეს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება სხვანაირად მოიქცა და ამის შემდეგ ის მოხდა, რაც ყველამ ვნახეთ.
სხვათა შორის, დაშლის შემდეგ მომიტინგეების დევნა დაიწყო და როცა ხალხს სახურავებზე აკავებენ, როგორ შეიძლება, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე იყოს საუბარი? ამასთან, მომიტინგეები წინასწარ არც გააფრთხილეს, ტერიტორიის გაწმენდა უნდა მოხდესო.
მოკლედ, ვაკესა თუ გმირთა მოედნამდე ხალხს იმისთვის მისდევდნენ, რომ პუტინისთვის ეჩვენებინათ, აი, ნახეთ, ანტისაოკუპაციო პროტესტისთვის ქართველებს როგორ ვსჯითო.
ყველაფერ ამის ახსნა-განმარტება არ არსებობს. ეს, ბოდიში, რუსულ სიტყვას გამოვიყენებ, „კარტინკა“ იყო, დიახ, პუტინს „კარტინკა“ აჩვენეს, პროტესტის გამო ქართველები როგორ დასაჯეს!
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თუ როგორ გამოვიდეთ შექმნილი სიტუაციიდან, ერთადერთი გამოსავალი, ჩემი აზრით, ვადამდელი არჩევნებია, რომელიც პროპოციული სისტემით უნდა ჩატარდეს.
ამასთან, აუცილებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა. იმის შემდეგ, რაც ცესკო-მ 2018 წლის საპრეზიდენტო აჩევნებზე ჩაიდინა, როგორ შეიძლება, კიდევ ამ შემადგენლობით არსებობდეს? _ 21 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ და ასეთი რამ აქამდე არასოდეს მინახავს. ის, რაც შარშან, საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოხდა, შევარდნაძის დროსაც არ ხდებოდა!
_ იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება?
_ პროტესტი გაგრძელდება!
საქართველოში ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს და, უფრო სიღრმეში რომ წავიდეთ, იცით, „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს რა არ ესმის?
_ რა?
_ რუსთაველზე დგას ხალხი, რომელიც თავისუფალ საქართველოშია დაბადებული. ამ ახალგაზრდებს საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ, ისინი თავისუფლები არიან და მათთვის პრმიტიული საბჭოური დაშინებები _ სროლა და დევნა არაფერს ნიშნავს! ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს სწორედ ეს არ ესმით იმიტომ, რომ მათი უმეტესობა ყოფილი პარტნომენკლატურა და კომუნისტური იდეოლოგიიდან გამოსული ადამიანია!
„ქართული ოცნების“ ლიდერები პრობლემის არსს ვერ ხედავენ. ისინი მხოლოდ პრობლემის შედეგს ხედავენ. მოკლედ, ეს ახალგაზრდები თავისუფლები არიან და მათ თავისუფლებას ვერავინ წაართმევს!
_ ერთი სიტყვით, ბატონო დიმიტრი, ყველაფერ იმის ბოლო, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ვადამდელი არჩევნებია, არა?
_ დიახ, ან ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ან ის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, რაც ახლა არსებობს და ისიც მკაფიოდ უნდა იყოს ნათქვამი, არჩევნებამდე როგორ მივდივართ.
სხვათა შორის, ბოლო დღეებში ბევრი საუბარი იყო 7 ნოემბერზე, მაგრამ როცა 7 ნოემბერი მოხდა, სააკაშვილმა საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და საქართველოს განვითარების ბედი ხალხმა გადაწყვიტა. ახლა შს მინისტრი ამბობს, რომ პასუხისმგებლობას იღებს, მაგრამ რა? _ ეს პასუხისმგებლობა ამ სიტყვების იქით არ მიდის.
საერთოდ, „ქართული ოცნება“ ბევრ სისულელეს ამბობს. მაგალითად, შს ყოფილმა მინისტრმა ე. წ. საბურავების საქმეზე გამოძიება რომ დაიწყო, ამ გამოძიების შედეგი ნახეთ? ან მაჩალიკაშვილს ტერორისტობა რომ დააბრალეს, მას შემდეგ ორი თვე გავიდა, მაგრამ არაფერი _ უბრალოდ, ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენეს!
ერთი სიტყვით, ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური და მოღალატე ხელისუფლება, რომელიც იმისთვის, რომ სკამები შეინარჩუნოს, მზადაა, ყველაფერზე წავიდეს! ხელისუფლებიდან ერთი ადამიანი მითხარით, რომელსაც ის „გაუტყდება“, რაც 20 ივნისს ჩაიდინეს.

გიორგი აბაშიძე