ანზორ ოდიშარია: „გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს!“

ანზორ ოდიშარია ცნობილი ეზოთერიკოსია. მისი ბოლო წინასწარმეტყველება, რომელიც „ქრონიკა+“-ში სამი თვის წინ გამოქვეყნდა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ეხებოდა. „იქნება დიდი ზეწოლა და ირაკლი კობახიძეც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს, იქნება აქციები და არეულობა“, _ უთხრა მაშინ ანზორ ოდიშარიამ „ქრონიკა+“-ს. ეს ის დროა, როცა კობახიძე მყარად ზის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და არც „გავრილოვის ღამის“ პროგნოზირება შეუძლია ვინმეს.
სულ ახლახან ანზორ ოდიშარია ესტონეთიდან დაბრუნდა, სადაც ის ექსტრასენსთა ბრძოლაში მონაწილეობდა და ფინალში გავიდა დანარჩენ ორ მონაწილესთან ერთად. ექსტრასენსთა ბრძოლის ფინალი ტალინში ოქტომბერში გაიმართება.

როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები საქართველოში? რა ბედი ელის კახი კალაძეს და ირაკლი ღარიბაშვილს? გადადგება თუ არა გიორგი გახარია და რას უნდა უფრთხილდეს ბიძინა ივანიშვილი?
ამ და სხვა თემებზე „ქრონიკა+“-ს ანზორ ოდიშარია ესაუბრება:

_ ანზორ, ინტერვიუ მინდა დავიწყო თქვენი ცნობილი წინასწარმეტყველებით: სამი თვის წინ „ქრონიკა+“-ს ინტერვიუში უთხარით, რომ ირაკლი კობახიძე თანამდებობას დატოვებს და იქნება დიდი აქციები. კობახიძე რეალურად გადადგა. ახლა მაინტერესებს, როგორი იქნება ეს ზაფხული საქართველოსთვის?
_ პირველი, რითაც ჩვენი ინტერვიუ დაახლოებით სამი თვის წინ დავიწყეთ, იყო ის, რომ რუსეთი გვიტევს და რუსეთმა შემოგვიტია ნებსით თუ უნებლიეთ, ალბათ, უფრო ნებსით. სიტუაცია რაღაც დონეზე ექვემდებარება პროგნოზირებას, თუმცა პროგნოზირების პროცენტულობა დაბალია, თუ როგორ შენარჩუნდება, რადგან ბევრი სიტუაცია გარდაქმნების მდგომარეობაშია, დღეს საქართველოში ქაოსია და ვფიქრობ, ეს არის საწყისი იმ დაძაბულობების, რომელიც შემდეგი ექვსი თვის მანძილზე გველოდება, სამწუხაროდ.
_ რა გველოდება?
_ უფრო მეტი არეულობა და ქაოსი გველოდება, რადგან ჩვენი პოლიტიკოსები ისეთ შეცდომებს უშვებენ, რომელზედაც პასუხს თვითონ არ აგებენ და უკვე ხალხი აგებს მათ შეცდომებზე პასუხს. ის აგრესია, ის არასწორი ხერხები, ბინძური თამაშები, რასაც იყენებენ, საბოლოო ჯამში, ხალხს ღლის და იმ აგრესიასა და შფოთვას იწვევს, რაც ვნახეთ და რაც აქციის პირობებში მკვეთრად გამოხატული იყო. ხალხი უკვე ვერ უძლებს და ეწინააღმდეგება, თუმცა, სამწუხაროდ, მომავალში სისხლისღვრასაც ვხედავ კადრებივით, ეს ცოტა უფრო მძიმეა, ვიდრე მხოლოდ კვამლი და ხელკეტები.
_ რას გულისხმობთ, ომი იქნება?
_ ომის საშიშროებას თვითონ ვერ ვხედავ, უფრო ფრონტს ვხედავ, სხვა ქვეყნის ომს, რომელსაც ჩვენს ფრონტად გამოიყენებენ.
_ ეს არის რუსეთი თუ ეს არის ირანზე შესაძლო თავდასხმა ამერიკის მხრიდან, სადაც შეიძლება, საქართველო პლაცდარმად გამოიყენონ?
_ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ხედვით ვფიქრობ, რომ ეს არის ირანი, სადაც საქართველოს იმ ფრონტის ხაზისთვის გამოიყენებენ, სადაც, სამწუხაროდ, ძირითად დარტყმებს განახორციელებენ!..
_ ხელისუფლება რას მოიმოქმედებს, რომ ეს ქაოსი რაღაცნაირად დააწყნაროს და ტემპერატურა დაწიოს? რეალურად, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ საკუთარ ხალხთან ჰქონდეს დიალოგი და არა ხელკეტებით და რეზინის ტყვიებით დაპირისპირება.
_ ხელისუფლებას აღარ აქვს უფლება, იგი წაართვეს. უუფლებო ხელისუფლება უკვე ძალადობაზე გადადის. აქედან გამომდინარე, რა შეუძლია მას გააკეთოს, რომ ქაოსური სიტუაცია მოაგვაროს, როცა თვითონაც ქაოსშია? ერთობლივი ქაოსი გვაქვს, მსოფლიო ქაოსი გვაქვს, რომელიც ჯერ არ ჩანს. როცა წინა ინტერვიუ ჩავწერეთ, ვთქვით, რომ ეს ყველაფერი ჩუმად, კულუარებში მიმდინარეობს, არ ჩანს და არ გვეხება, თუმცა უკვე შეგვეხო და გამოჩნდა კიდეც. მაღალი პასუხისმგებლობა ჰმართებს თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთოს იმ პროცესებში და იმ პერიოდში, როდესაც საქართველოსთვის გადამწყვეტი დრო იქნება, როცა უკვე წესრიგი უნდა მივიღოთ და ამაზე პასუხისმგებლობები ავიღოთ. დღეს ყველა ამბობს, რომ არ ჩანს, მაგრამ მე ვხედავ ახალ ძალებს. მიხარია, რომ მოდიან, რეალური, კარგი განწყობა აქვთ, პატრიოტული, უნდათ, გადაარჩინონ ქვეყანა, გარკვეული დაძაბულობისგან იხსნან იგი. რამდენად შეძლებენ, იმ თამაშებს გაუძლონ, რაც ახლა ხდება, ეს კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
_ მთავრობა შეიცვლება?
_ წესით, ვერ შეიცვლება, არ შეიცვლება, გადათამაშდება.
_ ანუ მთავრობის შიგნით ცვლილებები იქნება?
_ მთავრობის შიგნით ცვლილებები იქნება, თუმცა ეს ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ მაინც დატოვებს მმართველ ორგანოებში. ამ ბოლო პერიოდში ბევრი კითხვა დამისვეს, გახარია გადადგება თუ არაო.
_ მეც მინდოდა მეკითხა, გახარია გადადგება თუ არა?
_ გახარია არ გადადგება, უფრო სწორად, ჩემი რჩევაც აქვს, რომ არ გადადგეს, რადგან, საბოლოო ჯამში, ახლა მხოლოდ ის ინარჩუნებს წესრიგს და „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას. გადადგება გახარია და „ოცნება“ მთლიანად დაინგრევა.
_ სალომე ზურაბიშვილის მომავალზე ისევ ის აზრი გაქვთ, რომ საპრეზიდენტო ვადას ვერ დაასრულებს და მას შეცვლიან?
_ აუცილებლად. პროგნოზირება გარკვეული ქმედებებით იცვლება. თუ სწორი ქმედებები ხორციელდება, მაშინ ალგორითმი, მიზეზშედეგობრიობა იცვლება. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს სწორი ქმედებები რომ განეხორციელებინა, მაშინ შეიცვლებოდა მისი პრეზიდენტობის ხანგრძლივობა, თუმცა მას არ განუხორციელებია, პირიქით, გარკვეული დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ საფრთხის წინაშეა და საზოგადოებრიობა ისევ დაუპირისპირდება, როგორც დაუპირისპირდა და გაწირა კობახიძე. ასევე შეიძლება თამაშით გაწირონ სალომე ზურაბიშვილიც და შეიძლება იმ ძალამ გაწიროს, ვინც მოიყვანა და დასვა პრეზიდენტად.
_ რა რეალობა გვექნება 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე? რა ძალები იქნებიან ხელისუფლებაში? „ქართული ოცნება“ დარჩება, როგორც მმართველი გუნდი, თუ კოალიციურ მთავრობაზე იქნება საუბარი?
_ დაპირისპირებები იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აუცილებლად იქნება. რა ძალები ითამაშებს და ვინ მოვა არჩევნებში, ეს ჩემთვისაც იმხელა კითხვის ნიშანია, რადგან ძალიან ბევრი ძალა ჩაერთვება ერთობლივად, იმდენად ყველას მოუნდება, იქ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. აი, ამ ხალხისგან უნდა გამოვარჩიოთ ის რეალური ადამიანები, რომლებიც მართალა გვჭირდება. ძალიან რთული იქნება ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის, არჩევანი, თუმცა როცა მე ამ პროცესებს ვუყურებ, დავინახავ, შევაფასებ იმ ადამიანებს, ქართულ საზოგადოებას აუცილებლად ვეტყვი, ვის ვუცხადებ მაღალ ნდობას და, ალბათ, ამას თვითონაც მიხვდება, ჩემი აპოლიტიკურობით მხოლოდ საქართველოზე ვფიქრობ.
_ „ქართული ოცნების“ მომავალი როგორია 20/20-ის არჩევნებში?
_ ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და გეტყვით, რატომ: არა იმიტომ, რომ კითხვა ვერ გავიგე, თვითონ „ქართულ ოცნებას“ ვეღარ ვხედავ, კონკრეტულ ლიდერებზე თუ ვისაუბრებ, თორემ „ქართული ოცნება“ უკვე აღარ არსებობს…
_ როგორც პოლიტიკური პარტია? მაშინ, კონკრეტულ ლიდერებზე გადავიდეთ, მაგალითად, კახი კალაძეზე.
_ კახი კალაძე ჩემი სიმპათიით სარგებლობს, თუმცა სიმპათიით არ სარგებლობს მისი გუნდი და ის, რომ თვითონაც დაპირისპირებაში შედის იმ ხალხთან და იმ ადამიანებთან, ვინც მის გუნდში არის, ვერ შექმნა ის ძალა, რომელიც მას ბოლომდე გააძლიერებს და მის პოზიციებს გაამყარებს. მიზანმიმართულად ვხედავთ, რომ საკმაოდ სწორად ვითარდება და თბილისსაც ამით ეხმარება. მას ამბიცია გაუჩნდება, თავისი ახალი მიმართულება შექმნას, ანუ იმ თამაშში ჩაერთოს, რომლის სცენარი უკვე დაწერილია. რამდენად მომგებიანი იქნება ეს პოზიცია მისთვის, ისიც გაითვალისწინოს. ზუსტად აი, აქ, სამწუხაროდ, ვერ განახორციელებს იმ სცენარს, რაც უკვე დაწერეს. მას ურჩევნია, სიმშვიდე შეინარჩუნოს და არ ითამაშოს ის თამაში, რომელიც მას დაღუპავს, რადგან მისი ძალა უკვე რეალურად საფრთხის შემცველია სხვებისთვის, ეს სხვა ვინ არის, ყველა ხვდება, ფართო საზოგადოება.
_ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სულ ახლახან დააბრუნეს „ქართულ ოცნებაში“, დიდი ხანია, პოლიტიკური პაუზა ჰქონდა.
_ იგი ამ პერიოდში ყველაზე სწორად ითამაშებს, მისი პოზიციები, ძალა მყარდება და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ახლა ეძებს ზუსტად სწორ გზებს, როგორ მოახერხოს თავისი პოზიციისა და იმ დავალების სწორად შესრულება, რაც მას აქვს. სავარაუდოდ, მოახერხებს, ჯერჯერობით, პროგნოზირება ამას გვეუბნება. თუმცა მტრები ჰყავს ზუსტად იმ ძალოვანი უწყებებიდან. ისინი აუცილებლად ეცდებიან, მას პრობლემები შეუქმნან, რომ უკეთ დაიმორჩილონ, საბოლოო ჯამში, ასეც გამოუვათ.
_ ბიძინა ივანიშვილზე მინდა, გკითხოთ: რა ელოდება სამომავლოდ, როგორია მისი პოზიციები, მისი პოლიტიკური თუ აპოლიტიკური მომავალი ამ ქვეყანაში?
_ სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს მომავალი უჩანს არა მარტო იმ კუთხით, რომ თავისი ძალაუფლება ეკარგება, არამედ სხვა პრობლემებიც ექმნება, რომელიც, ალბათ, პოლიტიკის გარეთ არის. როცა პოლიტიკაში მოიაზრება, ის ძალები დაუპირისპირდებიან ხილულად, რომელიც ადრე მის მოკავშირედ მიიჩნეოდა. ეს ადამიანები მას ძალიან დიდ ზიანს მიაყენებენ და ამიტომ, უნდა გაფრთხილდეს და სწორად გადააფასოს ხალხი, რომელიც მის ირგვლივ არის. თითქმის უმრავლესობა მას იმ პრობლემებსა და დაძაბულობას უწყობს, რაც დღეს აქვს. ივანიშვილი, საბოლოო ჯამში, უფრო მიჩუმდება, უფრო „რუხ კარდინალად“ გადაიქცევა. მას სწორი ქმედებები ჯერ არ განუხორციელებია, რადგან დაბალი ნდობა აქვს, თუმცა ეს გასაგებია, _ თავიდან ვერ შეარჩია ხალხი სწორად. ვურჩევ, რომ ნდობა გამოუცხადოს იმ ადამიანებს, ვინც იმსახურებს და ჯერ მის გვერდით ასეთი ადამიანები ძალიან ცოტაა.
_ ამ წუთას არსებული ინფორმაციით, მას პრობლემები აქვს რუსეთთანაც და ძალიან გააბრაზა ამერიკელებიც, რომელ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა?
_ იცით, როგორ არის? ამ შემთხვევაში არ შეიძლება, ორმაგი თამაშები, ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს დაიჭერს, ზუსტად ამ მდგომარეობაშია იგი… ჩემთვის სამწუხაროდ, მას პრობლემები აქვს. ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვფლობ, რომ მისი განვითარება საქართველოში კარგი იქნებოდა, საქართველოს ბიძინა ივანიშვილი სჭირდება, მაგრამ იმდენად თავი დაიღუპა და იმდენად არასწორ ქმედებებს ახორციელებს, რომ უკვე მგონი, მისი ძალაუფლება დასრულდება. ეს რომ არ მოხდეს და ეს რომ არ განვითარდეს ისე, როგორც მე ვხედავ პროგნოზირებაში და რომ პროგნოზირება შეიცვალოს, ახალი გუნდი სჭირდება.
_ ქმნის ახალ გუნდს?
_ ქმნის, მაგრამ ისევ უჯერებს იმას, ვისაც არ უნდა დაუჯეროს. ახალი ნიშნავს ახალს და არა _ ძველს.
_ ბრუნდება თუ არა ქართულ პოლიტიკაში ირაკლი ალასანია?
_ ხელს შეუშლიან.
_ ანუ?
_ ანუ აპირებს, სურვილი აქვს, გეგმები განხორციელდება, მაგრამ ძალიან დიდი ზეწოლა და ხელის შემშლელი ფაქტორები იქნება, რაც შემოსასვლელ გზებს ჩაუკეტავს.
ამის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში შემოვა, თუმცა ეს შემოსვლა მისთვის საფრთხის შემცველი იქნება და დააზიანებს.
_ გარდა პარლამენტისა და პარტიის ცენტრალური აპარატისა, რა სიტუაციაა რეგიონებში და რა უნდა მოიმოქმედოს ოცნებამ, რომ სიტუაცია ოდნავ მაინც გამოასწოროს?
_ რეგიონებში ურთულესი მდგომარეობაა. გამგებლების უმრავლესობა სასწრაფოდ შესაცვლელია, რადგან რასაც ისინი სჩადიან, სამარცხვინოა მათთვის, როგორც ადამიანებისა და პიროვნებებისთვის, საქართველოსთვის. შეიძლება, ზუსტად ეს გახდეს ერთ-ერთი საჭირო იარაღი „ქართულ ოცნებათან“ დაპირისპირებისა, რადგან მათი ხალხი რეგიონებში ვერაფერს ართმევს თავს, პირიქით, აზიანებს მოსახლეობას, აბუჩად იგდებს და ამცირებს თავისი ქმედებებით, განცხადებებით თუ ა. შ. ამიტომ ყურადღება მივაქციოთ რეგიონებსაც, მთელი ყურადღება ახლა აქეთ გვაქვს, _ ხელკეტებზე, კვამლსა და ამ აქციებზე, მაგრამ სამწუხაროა, რომ ის პროცესები, რომელიც რეალურად მოსაგვარებელია, ჯერ კიდევ დაგვრჩა. ამ პერიოდში მედიაზე თავდასხმა განხორციელდება. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ძალიან დაძაბული დროა საქართველოში. დაძაბულობა თებერვალშიც გადავა. მოულოდნელი ცვლილება და ჩანაცვლება მოხდება იმ პირების, რომლებიც თანამდებობებზე არიან, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ახლა ვხედავ, არის რეგიონები და გამგებლები.
_ მედია ახსენეთ და ემუქრება თუ არა საფრთხე, მაგალითად, „რუსთავი 2-ს“, რადგან პირველი დარტყმის ობიექტი ყოველთვის არის „რუსთავი 2“?
_ „რუსთავი 2-ს“ ნამდვილად ელოდება საფრთხე, მაქსიმალურად ეცდებიან, ჩუმად და მშვიდად მოხდეს „რუსთავი 2-ის“ გაჩუმების პროცესი. ვერ მოახერხებენ, რადგან დიდი აფეთქება იქნება კიდევ ერთხელ „რუსთავი 2-დან“ ისეთი, როგორიც უკვე გვახსოვს, როცა „რუსთავი 2“ გამოვიდა ქუჩაში და აქციები მოაწყო. გახსოვთ, ალბათ, გათიშული ეკრანი. ეს შეიძლება განმეორდეს. ჩაბნელებულ ეკრანს ვხედავ
_ ნიკა გვარამიას დაიჭერენ? ამის საფრთხე არის?
_ ნიკა გვარამიას ციხეში ვერ ვხედავ, საფრთხე არსებობს იმისა, რომ მას პრობლემები შეექმნას და აუცილებლად შეექმნება, იქნება სასამართლოები, თუმცა ვერ ვხედავ, რომ დაიჭერენ. ალბათ, მოასწრებს მოქმედებას.
_ დანარჩენი ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც ახლა დაკითხვაზე არიან დაბარებულები: ირაკლი ოქრუაშვილს, გიგი უგულავას, გიორგი ბარამიძეს, _ რა ბედი ელით? ნიკა მელიასავით სამაჯურით ივლიან, თუ ციხეში მოხვდებიან?
_ არა, არ მოხდება მათი გაუბედურება ციხით, მაქსიმალურად ეცდებიან, ლოიალურები იყვნენ, თუმცა შემდეგი ნაკადი, რომელიც მსგავსი დანაშაულობებით შეუერთდება, ძალიან მკაცრად დაისჯება, რაც სამწუხაროა. დაისჯება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც კონკრეტულად ჩართული იყო ძალიან უხეშ პროცესებში, რაც მოხერხდა. განსაკუთრებით მინდოდა ერთი რაღაცის დამატება: ჩვენს რეალობაში ახალი ძალები შემოდის და ახალგაზრდებს ბოროტად იყენებენ ძველი ჩამომპალი ძალები. ძალიან დიდი ყურადღებით იყვნენ ჩვენი ახალგაზრდები, ახალ ძალებს და ახალ რეალურ, ჯანსაღ ძალას ელოდონ, რომელიც მათ გვერდით დაუდგება, ნუ გაიფუჭებენ თავს და ნუ ენდობიან იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ პროვოკაციებს ცდილობენ, უნდა დაინახონ, რომ რეალურად სურთ ქვეყნის შეცვლა და მათ უკან დგას ძლიერი ძალა, რომელიც რაღაცას შეცვლის. ახალგაზრდებს დღეს ვხედავთ, რომ ბოროტად იყენებენ, რაც არ მომწონს. წინა სტატიაში თქვენს გაზეთში იგივე დავწერე, რომ ახალგაზრდებო, იცოდეთ, ვის უნდა დაუჭიროთ მხარი, არ გამოგიყენონ ბოროტად. თუმცა ახლა ბოროტად გამოყენებული ახალგაზრდობა არ მინახავს, რეალურად დიდი გულით იდგნენ და ყოჩაღ იმისთვის, რაც ჩაიდინეს, თუმცა იმის შემდეგ უკვე ყველაფერს მაინც არაჯანსაღი სახე ეძლევა. ამიტომ სწორად გააანალიზონ და შეაფასონ, რა უნდა გააკეთონ და რეალურად რა სჭირდებათ. კი ბატონო, ქაოსი გვაქვს, ეს ქაოსი არ დამთავრდება ასე მარტივად, წესრიგისთვის ვემზადებით, მაგრამ ამ ქაოსში არ უნდა დავკარგოთ საქართველო, არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ტერიტორიები და არ უნდა შევქმნათ ისეთი პროცესი, რომ ის, რაც კიდევ გაგვაჩნია, ესეც დავკარგოთ. ალბათ ჩვენი პროტესტი და ჩვენი სვლა უნდა იყოს განვითარებისკენ და არა იმისკენ, რომ დღემდე მიღწეული დავკარგოთ.
საყურადღებოა ლევან ვასაძის გამოჩენა, რომელიც ჯერ არ იყო გააქტიურებული, ახლა ვფიქრობ, რომ ზუსტად საპატრიარქოს დახმარებით დააპირებს გაამყაროს სიტუაციები, თავისი პოზიციები რეგიონებში სახელმწიფო დონეზე, რომ საპატრიარქოს პოლიტიკური ზრახვები ლევან ვასაძის ხელით განხორციელდეს.
_ თუმცა, ჯერჯერობით, იმ პირველი საჯარო გამოსვლის შემდეგ კულისებში გადაინაცვლა.
_ არ გადაინაცვლა, ძალის მოძიების პროცესშია, არ ვამბობ, რომ ლევან ვასაძე ცუდია ან კარგია, მე ვამბობ იმას, რომ თუ არაჯანსაღი ბრძოლა მიდის და ხელკეტებით და კვამლით დაპირისპირება უნდა, რომელი ძალაც არ უნდა იყოს ეს და ვისი სცენარითაც არ უნდა გათამაშდეს, ყველა უნდა ვამხილოთ. ამიტომაც ყოველთვის შევეცდები, ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს და შეცდომაში არ შეიყვანონ იმ ძალებმა, რომლებიც ახლა მოდიან. ჯერ კიდევ არ ვიცით და არ ვიცნობთ იმ ძალებს, ვინც მოდის. რეალურად კარგ ახალგაზრდებს ვხედავ, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ და ამით არავინ წავაგებთ.
_ ახლა იმ ძალიან საინტერესო პროცესზე გადავიდეთ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეთ. საუბარია ესტონეთში ექსტრასენსთა ბრძოლაზე. ეს არის რეალითი შოუ და ამ შოუში პირველად საქართველოდან თქვენ მონაწილეობდით.
_ ძალიან საინტერესოდ აღმოვჩნდი: ჩატარდა კასტინგი, სკაიპით ფოტო გვიჩვენეს და უნდა გამოგვეცნო, ვინ იყო. ვიფიქრე, რატომაც არა, ვცდი-მეთქი. ძალიან მიყვარს სიახლეები და იმ ნოვაციამ, რომელიც ჩემი შესაძლებლობების გამოცდას გულისხმობდა და ახალი ცოდნის მიღებას, უკვე რეალურად, სხვებისგან, უცხო ქვეყანაში, სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებისგან, ძალიან დამაინტერესა. გავიარე პირველი შეჯიბრი, გამოვიცანი ფოტოსურათი. დამირეკეს და მითხრეს, რომ ესტონეთში უნდა ჩავსულიყავი. ბევრი არ მიფიქრია, მივედი ჩემს ღვთაებრივ მასწავლებელთან, დავეკითხე და მეორე დღესვე გავფრინდი ესტონეთში.
_ ვინ არის თქვენი ღვთაებრივი მასწავლებელი?
_ ეს საიდუმლოა, თუმცა რეალური პერსონაა და ბევრი იცნობს.
_ რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც ესტონეთში ჩახვედით?
_ ჩემთვის ძალიან საინტერესო და დატვირთული პროცესი იყო ემოციურად, გამოცდილებით, ხალხით, იმ საინტერესო ადამიანებით, რომელიც აქ არ შემხვედრია, ვგულისხმობ რეალურად შამანებს და იმ ექსტრასენსებს, ეზოთერიკოსებს, რომელიც იქ არიან. ჩემთვის საინტერესოა, დავაკვირდე მათი მუშაობის ტექნიკას და გამოცდილებას, როგორ კითხულობენ ინფორმაციას, როგორ გარდაქმნიან რეალობას. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და ვხედავდი, თუ რას აკეთებდნენ. როცა ჩავედი, გამოცდაზე შესვლა თითქმის ორი დღის უძილოს მომიწია. პირველი გამოცდა იყო, რომ 12 მანქანაში ერთი დამალული ადამიანი უნდა გვეპოვა. პირველი გამოცდა ცუდად გავაკეთეთ, თუმცა ცუდად არ ვგულისხმობ, რომ ვერ ვიპოვეთ, ვიპოვეთ, თუმცა 75%-ით. საბოლოო ჯამში, ჩვენმა შედეგმა იმაზე მიგვიყვანა, რომ პროექტში მოვხვდი. პროექტის პირველი თვიდან ბოლო დღემდე უკვე მაქსიმალური შედეგები გვქონდა იმ დავალებებში, რაშიც ვმონაწილეობდი. ვიყავით ადგილებზე, სადაც ადამიანებს კლავდნენ, სადაც იყო საომარი მდგომარეობები, სადაც ტერორისტული აქტები ჩატარდა და ამ ყველაფრის გამოძიებას ვახორციელებდით, თუ რა მოხდა, რატომ და როგორ. ვიყავით ადგილებზე, სადაც პოლტერგეისტები ბავშვებს ეთამაშებოდნენ, ცოცხლებს აწუხებდნენ, ვპოულობდით 40-იან წლებში გარდაცვლილი ჯარისკაცების საფლავებს, რომელიც თვითონ იცოდნენ, მაგრამ ჩვენ ვპოულობდით, საკონცენტრაციო ბანაკში ვიყავით, საშინელებაა იმ ენერგიის შეგრძნება, იქ არის ტრიალი მინდორი და უნდა იგრძნო, იქ რა ხდებოდა. ამის შემდეგ მოგვცეს დავალება, უნდა მივახლოვებოდით ავ ძაღლებს, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში ყველას კბენდნენ, მოვახდენდით თუ არა ამ ძაღლების ენერგიის დამორჩილებას, გვქონდა თუ არა ექსტრასენსის ძალა. ერთადერთი ვიყავი, ვინც ეს დავალება შეასრულა და აგრესიულ ძაღლს მოეფერა, მათთვისაც გასაოცარი იყო. გარდა ამისა, ყველა დავალებას თან სდევდა დიდი ემოცია და მთავარი პრობლემა _ მათ ჩემი არ ესმოდათ, მე მათი არ მესმოდა, გვქონდა საკონტაქტო ენა, რომლითაც ინფორმაციას ვამახინჯებდი, მაგრამ ეს საოცარი ემოციური დამოკიდებულება და შეგრძნება იყო. ალბათ ყველა ერთ ენაზე ვსაუბრობთ, რაღაც დონეზე, გვესმოდა ერთმანეთის და ყველაფერ ამის მიუხედავად დღეს ფინალში ვართ ერთ-ერთ საპატიო ადგილას.
_ ანზორ, რა იყო ყველაზე რთული ამოცანა, რისი შესრულებაც ამ პერიოდში მოგიწიათ?
_ ყველაზე რთული ჩემთვის მოლოდინი იყო ყველა დავალების დროს. ეს გახლდათ ყველაზე რთული დავალება, რადგან არ ვარ მიჩვეული დიდხანს ლოდინს, განსაკუთრებით 7-8 საათი ვიჯდე და ველოდო ჩემს რიგს. ჩემი აქტიური ცხოვრება საქართველოში ყოველი წამი და წუთი გათვლილია და სადღაც გავრბივარ, ამიტომ ეს ჩემთვის ყველაზე რთული იყო და, ამავე დროს, ახლის მასწავლებელი, _ თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა. ერთ-ერთი კონკრეტული დავალებაა, როცა ადამიანის ტკივილს ვეხები და მას სიმართლე აინტერესებს, მოიკლა თუ არა თავი მისმა შვილმა და შენ ამ დროს უნდა უთხრა სიმართლე. ეს ყოველთვის რთულია იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ ვხედავთ, ადამიანმა თავი მოიკლა თუ არა, მიაწოდო დედას ეს ინფორმაცია. ვცდილობდი, მაქსიმალურად გამელამაზებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. საბოლოო ჯამში, იმისდა მიუხედავად, რომ მართალი ვიყავი და გამოცდა ჩავაბარე, ბედნიერი არ გახლდით, რომ მშობლებს ეს ინფორმაცია მივაწოდე.
_ შემოთავაზებები თუ გქონდათ იქ მუშაობაზე?
_ ფაქტობრივად, აღარ მიშვებდნენ, 2019 წლის დეკემბრამდე კომპანიასთან ხელშეკრულება გვაქვს, როცა დავჭირდები, იქ უნდა ჩავიდე. ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა ჩემთვის, როცა გადაღებაზე მივდივარ. რამდენიმე ცენტრში მუშაობა შემომთავაზეს და, სხვათა შორის, დავთანხმდი _ წელიწადში ორი თვე ვიქნები ესტონეთში, იმ თვეს ავირჩევ, რაც არ დააზიანებს საქართველოში სხვადასხვა პროექტში ჩემს მოღვაწეობას. უკვე იქაც ესტონურ-ქართული პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, რაც საინტერესო სიახლე იქნება. ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე, თითქმის ყველა გავიცანი _ ცნობილი ადამიანები, რომლებიც პირადად მუდმივად ჩვენს სასტუმროში ცხოვრობდნენ. სხვათა შორის, საინტერესოა ის, რომ ამბობენ, ესტონელები ცივი ხალხიაო. ეს მე საერთოდ არ მიგრძვნია, რადგან ყველამ მიმიღო ან შვილად, ან მეგობრად. დიდი სითბო გამომყვა მათგან, იქ კომფორტულად ვიყავი და ვგრძნობდი, არ ვიყავი მათთვის უცხო, ძალიან გავშინაურდი. მაგრამ ბედნიერი ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედი და მზემ შემომანათა, გავცოცხლდი და აღვდექი. ვერაფერი შეცვლის ჩემი საქართველოს სიყვარულს! ვიცი, რომ საქართველოს ვჭირდები და აქ უნდა ვიყო, თუმცა არ შეიძლება დაკარგო ის სიყვარული, რაც ესტონელმა ხალხმა მაჩუქა.
_ როდის არის ფინალი და რამდენი ადამიანია ფინალში?
_ ფინალში სამნი დავრჩით და ეს არის ოქტომბერში. აუცილებლად დაგვჭირდება ქართველი ადამიანების დახმარება. როგორც გავარკვიე, ქართველებსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ხმის მიცემაში, რაც ძალიან გამიხარდა, მაინც უცხო ადამიანი, ქართველი ესტონეთში ფინალში ცოტა რთულია.
_ ერთი პიკანტური კითხვაც უნდა დაგისვათ: ესტონურ ყვითელ პრესაში გამოჩნდა თქვენი და ცნობილი ტელეწამყვანის ფოტო და გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტის მიმდინარეობისას თქვენ ერთად ცხოვრობდით, ვინ არის ქეთი?
_ ქეთი ცნობილი ტელეწამყვანი და მომღერალია, ის მალე ჩამოვა საქართველოში და აუცილებლად გაგაცნობთ. ჩვენ ვმეგობრობთ და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, რაც შეეხება ჩემს მეორე ნახევარს, გაგიმხელთ _ ის ქართველი ეზოთერიკოსია და მასაც ძალიან მალე გაგაცნობთ.
_ წარმატებები და გამარჯვებული დაგვიბრუნდი, ჩვენ გგულშემატკივრობთ.
_ დიდი მადლობა.

ელისო კილაძე