სხვა ხალხის ჟრიამული „აქ“ და მახათი „იქ“…

„ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე _ რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“.

გალაკტიონ ტაბიძის ეს სიტყვები, უფრო სწორად _ „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული…“ დავწერე, ჯერ კიდევ, მაშინ, როცა „ბირჟა მაფიის“ საქმეზე ახალგაზრდებმა პროტესტი გამოთქვეს. ვერ გეტყვით, რომ სწორად გავზომე ან ავწონ-დავწონე ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის ცხადია, იყო სხვა რამ _ გარეთ, ქუჩაში, ქვეყნის მთავარ გამზირზე, იქ, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის ბედი არაერთხელ შეცვლილა, სხვა ენერგეტიკა იგრძნობოდა.

დიახ, იქ ვიდექით ჩვენც, ჩემი თაობის ადამიანები _ მამები, იდგნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ასევე ტრადიციული მერკანტილიზმით ცდილობდნენ, პროცესები საკუთარი ბედის სასარგებლოდ გადაეწყვიტათ. მაგრამ, ალბათ, მგრძნობელობის დონეზე გავიაზრე _ აქ სხვა რამ ხდება, სხვა ენერგეტიკაა და სხვა სოციალური, გნებავთ, პოლიტიკური მოცემულობა.
დიახ, ისიც მახსოვს, მერე რა ხდებოდა _ ნარკომანები, გეები, რა და რა ეპითეტებით არ ამკეს ეს ადამიანები _ გნებავთ მასა, რომლის საპირწონე ოდენობის ადამიანებს ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ უყრიდა თავს, რამდენი ფულიც არ უნდა ეხარჯა და საქართველოს რომელი მიყრუებული სოფლიდანაც არ უნდა წამოესხა თავისი აქტივი.
2017 წელი გახსოვთ? მაისი… ივნისი… მე უკმაყოფილებაც მახსოვს პოლიტიკური კლასის, ორივე ფლანგზე _ ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები კვლავ აწვებოდნენ ფორმულას _ ნარკომანები, გეები… ოპოზიცია კი იმის გამო საყვედურობდა მათ, რომ ხელისუფლება ვერ დააჩოქეს და თავად ვერ ისარგებლეს პოლიტიკური ვითარებით…

***
ახლა გნებავთ, იცინეთ, გნებავთ, იქილიკეთ, გნებავთ, იფილოსოფოსეთ, გნებავთ, სწორად გაიაზრეთ… გალა გახსოვთ? ჰო, გალაკტიონი… მამულის შეგრძნება გენეტიკურ, ანუ საყველპურო, გნებათ, გაუაზრებელ, მაგრამ კოდირებულ ფორმულად რომ გვიქცია:
„ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე _ რაა მამული?!“ ისე მე და თქვენ ვიხაროთ, რამდენი ქართველი იმეორებს ამ სიტყვებს ავტორთან ბმის გარეშე. ანუ რამდენმა არ იცის, ვინ თქვა ეს… მაგრამ იცის, რომ კარგად თქვა და რომ მამული ყველაფერთან ერთად მარტივად ასახსნელი ფილოსოფიაა. მამული და არა სამშობლო, არა საქართველო… არამედ სინთეზირებული ემოცია _ მამული… მამული, როგორც გეოგრაფიული ერთეული და მამული, როგორც სახელმწიფო. მამული, როგორც წარსული, აწმყო და მომავალი…
ჰოდა, 20 ივნისს ამ გააზრებით გავაფრთხილე ხელისუფლებაც და ქართული პოლიტიკური კლასიც, რომ გარეთ პროცესების სხვა ანატომია იყო: მამული _ საქართველო, სამშობლო!
ვიცი, არც ახლა გჯერათ _ მაგრამ იმ ადამიანების, ახალგაზრდების ემოცია ბევრად განსხვავდება ჩვენი ემოციისგან, ჩვენი ბრძოლის იდეისგან. ჩვენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ვიბრძოდით. ესენი თავისუფლებისთვის იბრძვიან. ჩვენთვის თავისუფლება დამოუკიდებლობის დანამატი იყო, იდეის გამდიდრების მცდელობა ისე, რომ მზად ვიყავით, ნებისმიერი ადამიანის თავისუფლება შეგვეზღუდა, დედა გვეტირებინა ყველას თავისუფლებისთვის. ამ დროს თავად იდეა _ თავისუფლება იყო და არის მრავალი ჩვენგანისთვის გაუგებარი. ასე მოიქცა ყველა წინა ხელისუფლება, ასე იქცევა ეს ხელისუფლებაც და ამას ცდილობს რეალურად ყველა „წარსული“, რომელიც ნათელ მომავალს გვპირდება და თავისუფლების იდეა გააზრებული არ აქვს. თავისუფლების იდეა დამოუკიდებელ საქართველოში სამოქალაქო თანასწორობაა ან, თუ გნებავთ, სამოქალაქო სახელმწიფოს შექმნა და არა ეროვნულ-პატრიოტული ნარატივებით დაბოლილი ერი, რომელსაც მუდამ აქვს იმის განცდა, რომ გვერდით მცხოვრებ სხვა ეროვნების მეზობელზე მეტი პრივილეგია ეკუთვნის. არაო, მეტყვით. და მე რას მატყუებთ ის ადამიანები, რომლებიც შანსს არ უშვებთ ხელიდან, საკუთარი კუთხის უპირატესობა ამტკიცოთ ნებისმიერ დროს. და ასეთ მოცემულობაში სხვების მიმართ გაუცხოება და ანტაგონიზმი რომ „გაგვიელვებს“ ხოლმე გუნება-განწყობილებაში, ამას ვის ვუმალავთ?
გალას იმ სიტყვების გაგრძელება გახსოვთ?
„წინაპართაგან წავიდა ყველა
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“…
ახლა ეს გენიალური გააზრება მივუსადაგოთ რეალობას და ბევრ რამეს ამოვხსნით. ვიცი, დაიწყება, _ როდის და ვისზე თქვა გალაკტიონმაო. რა ვიცი, რა ვიცი… იმას კი ვხედავ, რომ „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული!“ და შეეშვით მათ ლანძღვას და მათთვის ჭკუის სწავლებას. გამოცდილებები გაუზიარეთ და სწორ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ. შეცდომებსაც თავად გაასწორებენ და გამარჯვებებსაც თავად მიაღწევენ. რა ვქნა, იმის გარდა, ვის მოეწონება და ვის არა, დიდად არ მადარდებს, თუ ვიტყვი: არათუ ხელისუფლებებს, მშობლებსაც არ ესმით დღეს მეტწილად შვილების, რადგან ისინი, ანუ ჩვენ, სხვა დროში ჩავრჩით. მაგრამ ისიც მესმის, რომ ხელისუფლებები და მშობლები ცდილობენ საკუთარი შვილების გამოყენებას. არა მათ გაგებას, არამედ გამოყენებას და აი, აქ ვუშვებთ შეცდომას. ისინი ვერ გახდებიან ისეთნი, როგორიც ჩვენ გვინდა იყვნენ, თუ შეგვიძლია, ჩვენ უნდა გავხდეთ ისეთნი, როგორიც მათ სურთ, რომ ვიყოთ. ესაა მთელი არსი და ფორმულა, რომელიც ძალიან მარტივად აღიქმება მათთვის, ვისაც ადეკვატურობის უნარი აქვს _ დღეს და ახლა! მე დღეს მინდა თავისუფალი სახელმწიფო, ოჯახი რომელიც მხარს მიჭერს და არა მაშინ, როდესაც „შენ“ მოწყალებას გაიღებ!

***

გუშინ წამის მეათედებში წავშალე ფეისბუქიდან ვიღაც „ფრენდი“, რომელიც იმით იყო აღტყინებული, რომ რა კარგია, ქუჩაში მგდარ ახალგაზრდებზე მეტი ნარკომანი და პიდარასტი არ გვყოლიაო… მამაა ტიპი, ცხადია, და ამას წერს. და იქ მისი დის ან ძმის შვილი ან ძმაკაცის, დაქალის, მეზობლის შვილი თუ დგას _ ან ნარკომანია, ან _ პედერასტი! ტიპმა ვერდიქტი გამოიტანა და მორჩა. ასე ზომავს იმ ადამიანების განწყობებს, რომელთაც საერთოდაც არ სჭირდებათ რუტინული სწავლა-განათლება ან, თუნდაც, ცვრიან ბალახზე გავლა იმისთვის, რომ გაარკვიონ _ რაა მამული…
იცით, რას ვერ ვხდები? აი, ჩვენ რომ ვიყავით იმათი ხნის, იმავე ასაკის _ ჩვენ რომ გვიდუღდა სისხლი, ეგ დუღილის ტემპერატურა სად გაქრა? სახელმწიფო, გნებავთ, მამული ან სამშობლო ერთჯერადი აქტი არ არის, რომ რაიმე დოკუმენტს ხელი მოაწერო და ამით შემდგარად მიიჩნიო. სახელმწიფოს მუდმივი თავდადება სჭირდება, მუდმივი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის იმათი მხრიდან, ვისაც ამ დამოუკიდებლობისთვის უბრძოლია და იმათი თავგანწირვა, ვისაც თავისუფლება სწყურია. ჰო, თავისუფლება, იდეა და მიზანი, დაუოკებელი წყურვილი _ ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა…
მაგრამ როგორ გინდა ამას მიაღწიო, როცა უცებ ასეთ რამეს წააწყდები: „მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გაგიზიაროთ საკუთარი მოსაზრება და ღიად დავაფიქსიროთ, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აწარმოოს გონივრული პოლიტიკა, შეძლოს თავიდან აიცილოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ქვეყანას აარიდებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს. ქვეყანაში არსებული გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესს არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ეკონომიკა“… ეს რა არის? ასოციაცია „ქართული ღვინო“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს. რა უნდა უთხრა ამ ფულზე სულგაყიდულებს და როგორ უნდა აგრძნობინო მამული? ცვრიანი ბალახით? ვერა, ვერანაირად… თენგიზ აბლოთიას დავესესხები: „მალე მსოფლიო მარსზე გაფრინდება, თქვენ კი სამუდამოდ დარჩებით „ლარისუ ივანოვნუ ხაჩუს“ დონეზე… ტფუი“…
ამიტომ ესენი სულაც არ მაშინებენ, ეს ის კასტაა, რომელიც ყოველ მორიგ ხელისუფლებასთან დალაგდება ან თუ ვერ დალაგდება, მათთვის ხომ პოლიტიკაც ბიზნესია და ცოტას დახარჯავენ კორპორაციულად, რომ დაამხონ და მერე ახლისგან მიიღონ უფრო მეტი სარგებელი. ამათ შემყურეს არც დამოუკიდებლობა გვექნებოდა არასოდეს და ვერც თავისუფლები გავხდებით. ამიტომ ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ და აქ სულაც არ ვგულისხმობ ხელისუფლების დამხობას. ეს სტალინის ენაზე თუ ვიტყვი _ ვოლუნტარისტების ამოცანაა. ვგულისხმობ გამოღვიძებას და სწორ მოქმედებას, გნებავთ ამ და გნებავთ ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან, ზოგადად პოლიტიკური კლასის მხრიდან.

***
თქვენ რა გგონიათ, რომ ახლა ამათ, ვინც გარეთ დგას და „სამსახურში დადის“, თუნდაც რომ მოყირჭდეთ ხვალ ეს სიარული, ძალიან სურთ საკუთარი ენერგიის ამ ერთი შეხედვით უაზრო აქციებზე ხარჯვა? ჰო, უაზროა ეს აქციები ქართველი ოსტაპებისა და კომბინატორებისთვის, ქართველი კვაჭებისთვის, გასაგებად _ ქართველი მეღვინეებისთვის და იმავე მენტალობის ადამიანებისთვის. კარგი _ ხვალ დაიშლებიან, წავლენ სახლში და რა ხდება ზეგ? ფიქრობთ, რომ ზეგისთვის მათი ენერგია დაიშრიტება? არანაირად! მერწმუნეთ, უფრო დიდი ენერგიით ამოხეთქავს და სწორედ ზეგ წალეკავს წარსულს ისე, რომ მერე ერთმნიშვნელოვნად და დაბეჯითებით გავიმეორებთ: „წინაპართაგან წავიდა ყველა…“
გამოსავალი? მომეცით საყრდენი წერტილი, გახსოვთ? იცით, ამათ რა უნდა მისცეთ? თავისუფლება და სამართალი. სამართლიანობა არა _ სამართალი! საყრდენი წერტილი, სადაც „ცეხავიკებს“ არ ექნებათ პრივილეგიები, სადაც არ იარსებებს ნეპოტიზმი, სადაც სახელმწიფოს მმართველი არ იქნება კასტა. ამათ სჭირდებათ საყრდენი წერტილი: სახელმწიფო _ თავისუფლების უმაღლესი სტანდარტით; სახელმწიფო ეროვნული და რელიგიური პრივილეგიების გარეშე; სახელმწიფო _ როგორც უფლებების დამცველი; სახელმწიფო, რომელსაც ჰქვია ღირსება.
ღირსებაზე გამახსენდა _ ფეისბუქიდან წაშლილი „ფრენდის“ პასუხად _ ნარკომანებისა და პიდარასტების დასაცავი თუ გახდა სახელმწიფოს ღირსება ისე, რომ „ვაშკაცები“ სახლიდან არ გამოსულხართ, აფერუმ ამ ნარკომანებსა და პიდარასტებს. და სახლში დარჩენილ „ვაშკაცებს“ რა? ფრაზას არ დავასრულებ, ვისაც როგორ გაგიხარდებათ, _ გნებავთ, ყანწით ხელში და გნებავთ, ბანანით… ჰო, ასეა, ყველა თავისი სტანდარტით ზომავს, ბანანი პირდაპირი მნიშვნელობით დავწერე, რადგან ზოგიერთი მაიმუნად წარმოვიდგინე, ზოგი ტვინუკუღმართი ფროიდისეულ ასოციაციებს მიეცა _ მაინცდამაინც ფალოსი ან მასში გაყრილი მახათი წარმოიდგინა… ეს ხომ ქართველების ყველაზე საყვარელი გართობაა…
მოკლედ, ასე, გონიერმა ადამიანებმა ამ ყველაფრის ანატომია სწორად უნდა გაიაზრონ, გამწევი უნდა გაიწიოს გვერდზე ან ფეხი აუწყოს იმ ფერხულს, რომლის ხმაც და რიტმიც, ერთი შეხედვით, უცხო და მიუღებელია, მაგრამ ეს მომავალია, მომავალი!
_ რატომ? _
_ სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული!

გოჩა მირცხულავა