გოიმი ქართველები რწმენაში „ბერძნული გველებით“ ძლიერდებიან

ამ წერილით მკითხველის ყურადღება ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე უნდა მივაპყრო _ ტყუილზე. სლენგით ამ მოვლენას დაბოლებას ვეძახით. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ამბობს ხოლმე, რომ მისი დაბოლება შეუძლებელია, მაგრამ არის ერთი მეტად საინტერესო ფაქტორი…

ბავშვობა გავიხსენოთ და მოგონებებიდან გამოყოლილი ემოციები _ ცირკი და ილუზია. განა არ ვიცით, რომ ცირკში როცა მივდივართ, გვატყუებენ ანუ გვაბოლებენ, მაგრამ ამას აკეთებენ „კარგად“. ანუ იმისთვის, რომ ილუზიონისტმა ახალი ფოკუსი გვანახოს, შესაძლოა, მას წლები მოუწიოს მუშაობა. შემდეგ ისიც კი არის დასაშვები, რომ იმავე ილუზიონისტმა აგვიხსნას ფოკუსის არსი და ჩვენ ის ვერ გავიმეოროთ, რადგან დიდი შრომა და არტისტიზმი სჭირდება. ამის მიუხედავად, კვლავ და კვლავ მივდივართ ცირკში, მეტიც _ მიგვყავს შვილები, შვილიშვილები და აღფრთოვანებულები ვუზიარებთ მათ აზრს იმის შესახებ, რომ ძალიან მაგარ სანახაობას დავასწარით, ანუ იმით ვართ აღფრთოვანებულები, რომ დაგვაბოლეს? _ არა! იმით, რომ სანახაობა გვანახეს, იმით, რომ ჩვენთვის იშრომეს და იმით, რომ მოგვხიბლეს.
მაგრამ ახლა ძირითად სათქმელზე _ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გვატყუებენ, გვაბოლებენ რელიგიურ კონტექსტში და, რეალურად, ჩვენზე ფულს შოულობენ? ანუ რა ხდება, თუ რელიგიურ სასწაულს ყიდიან და, არც მეტი არც ნაკლები, გვაგოიმებენ?
მრევლის, მათ შორის, ქართველი მრევლისა და არა მხოლოდ მრევლის დაგოიმების ერთ-ერთი მაგალითი საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ კეფალონიასთან დაკავშირებულ ლეგენდას ეხება. ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, მეც მსმენია, მაგრამ ფრიად გავოცდი იმით, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, შესაძლებელი ყოფილა ადამიანების „წარსულითა“ და „სასწაულებით“ დაბოლებ-დაგოიმება და ამ საკითხში ქართული ტურისტული კომპანიებიც არიან ჩართული. ამ ეტაპზე დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით, ყველა ტურისტულ სააგენტოს, რომელიც რელიგიურ, ისტორიულ სასწაულებთან დაკავშირებულ ტურებს სთავაზობს მრევლსა და თუნდაც ათეისტ მოქალაქეებს, თურმე, საქართველოს საპატრიარქო უზის წილში; ხოლო ტურები _ ანუ დაბოლებ-დაგოიმება _ მატრიარქ შორენა თეთრუაშვილისა და მისი გარემოცვის სასულიერო პირების ლოცვა-კურთევით იმართება. თუმცა სულაც არ გამიკვირდება, ეს დაუდასტურებელი ინფორმაცია ფაქტი აღმოჩნდეს, რადგან მომლოცველები კი არა, საერო პირებიც კი უტყვი მორჩილებით აღასრულებენ შორენას „საერო“ ნება-სურვილებს.
მოკლედ, როდესაც ათენში ყოფნისას თბილისელებს გადავაწყდი და ურთიერთმოკითხვის შემდეგ კეფალონიაში მოწყობილი ტურის შთაბეჭდილებები გამიზიარეს, საშინლად დავიზაფრე. ცალკე ის, რომ ამ ადამიანებზე, მათი ემოციების გამო, წარმოდგენა შემეცვალა, მაგრამ ცალკე ის გავიფიქრე, რაში სძალავდენ ხალხს ფულს და რით და როგორ აბოლებდნენ 21-ე საუკუნის ადამიანებს!

ამ შესავლის შემდეგ დიდად არ შეგაწყენთ თავს და თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილის მოსაზრებებს გაგაცნობთ, რომელიც, ამ ეტაპზე, საბერძნეთში ცხოვრობს და საქმიანობს:
_ გურამ, ვრცლად გადმოგეცი ჩემი ემოცია დაბოლებული ქართველების შესახებ. იქნებ, აგვიხსნა, რა ხდება?
_ საბერძნეთს ულამაზესი კუნძულები აქვს. ერთ-ერთი კეფალონიაა, რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს. ყველას ვურჩევ მის მონახულებას, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, სხვის მიერ მოწყობილ ხაფანგში გაბმას.
_ ხაფანგში რას გულისხმობ?
_ ლეგენდის თანახმად, ერთხელ კუნძულ კეფალონიასთან მეკობრეების ნავი მოვიდა, მონასტერში მცხოვრებმა შეშინებულმა მონაზვნებმა ღმერთს სთხოვეს საკუთარი სიწმინდის დაცვა, შედეგად, მონასტერში შესულ მეკობრეებს მონაზვნების მაგივრად გველები დახვდათ.
_ არის ამ ლეგენდის სხვა რედაქციაც…
_ დიახ, ლეგენდის ზოგიერთი „რედაქციის“ მიხედვით, გველები მონაზვნებად გადაიქცნენ და ამის შემდეგ ყოველ ღვთისმშობლობას მოდიან მონასტერში, რომ ღვთისმშობლის ხატს თაყვანი სცენ.
_ და?
_ მეკობრეები, შეიძლება, მართლაც მოადგნენ ამ კუნძულს, შეიძლება ბევრი რამ მოხდა კიდეც ან არ მოხდა, მაგრამ ყოველგვარ აზრს მოკლებულია დავიჯეროთ, რომ უცბათ მთელი მონასტრის მონაზვნები გაუჩინარდნენ სადღაც ასტრალში და მათ ადგილზე გველები გაჩნდნენ. იმაზე მეტად არაქრისტიანული და არამართლმადიდებლური აზრის გაფიქრებაც კი შეუძლებელია, რომ მონაზვნები „გველები გახდნენ“. ეკლესიის სწავლება ცალსახად გადმოგვცემს, რომ არანაირი რეინკარნაცია, სულის ცხოველში გადასვლა-გადმოსვლა და ა. შ. არ არსებობს!
_ მაგრამ ლეგენდა „ცოცხლობს“ და დღესაც „გრძელდება“…
_ ჰო, გრძელდება შემდეგი სახით: ანუ ამავე ლეგენდის „ლოგიკური გაგრძელებაა“, რომ მონასტერში ღვთისმშობლობის დღესასწაულისთვის მთიდან შხამიანი გველები ჩამოდიან, რომლებიც ღვთისმსახურებას ესწრებიან, ამ დროს სრულიად „უვნებლები“ ხდებიან, ღვთისმშობლობის შემდეგ კი ისევ „შხამიანებად გადაიქცევიან“ ხოლმე და უჩინარდებიან.
_ ჰო. აქ ყველაზე საინტერესოა: „მოსულ“, „დამსწრე“ და „წასულ“ გველებს შხამის კონცენტრაცია ვინ გაუზომა?
_ მშვენიერი ისტორიაა, ნამდვილად დაამშვენებდა ბერძნული მითოლოგიის რომელიმე სახელმძღვანელოს, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როდესაც იგი ქრისტიანობას, ცოცხალი ღმერთის რწმენას „უნდა დავუკავშიროთ“? პირადად მე ეს ისტორია პირველად საბერძნეთში ჩამოსვლამდე ერთ-ერთი ქართული ტელეარხის მიერ მოწყობილი სიუჟეტიდან გავიგე. რა თქმა უნდა, არ დავიჯერე, რომ მონაზვნები გველებად გადაიქცნენ, ეს შხამიანი გველები წირვას ესწრებიან და წელიწადში 1-2 კონკრეტული დღე არ იკბინებიან. შესაბამისად, საკითხის გამოკვლევა გადავწყვიტე. ახლა, როცა ამ ინტერვიუს გაძლევთ, პირადად ვიმყოფები კუნძულ კეფალონიაზე.
_ და?..
_ პავლე მოციქული ტიმოთეს ამგვარად შეაგონებს: „უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი“. სამწუხაროა, რომ ამგვარი „დედაბრული ზღაპრები“ საეკლესიო ისტორიას მრავლად ახსოვს. სადღაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ რომელიმე წმინდანმა „ქალი ცხენად გადააქცია“ და მსგავსნი. არცთუ იშვიათად სასულიერო პირებიც ომახიანად მოგვითხრობენ ხოლმე ტელეეკრანებიდან ანალოგიურ ზღაპრებზე, შესაბამისად, არაქრისტიანთა თვალში დასაცინები ვხვდებით. არადა, რეალურად ისეთ ღრმა სწავლებას იმარხავს ეკლესია, რომ ამგვარ ზღაპრებზე სასაუბროდ არ უნდა გვეცალოს. ჩემთვის ორმაგად სამწუხაროა, რომ თურმე საქართველოში სპეციალური სააგენტოები არსებობენ, რომლებიც ცალკეულ ტურებს გეგმავენ ღვთისმშობლობისთვის, საქართველოდან ამ „სასწაულის მოსანახულებლად“, რითაც ხალხის რელიგიურ გრძნობებს ბოროტად იყენებენ და მათით ვაჭრობენ.
_ არა მხოლოდ ღვთისმშობლობისთვის. ადამიანებს ეუბნებიან, რომ იმ დღეებში ძვირი იქნება და შეუძლიათ, წინასწარ მოინახულონ და მოილოცონ… შენ რა გაარკვიე, ის გვითხარი…
_ საკითხის შესწავლა საკმაოდ მარტივად გადავწყვიტე: უპირველესად ის კადრები შევაგროვე, რომელზედაც მონასტერში მყოფი გველები ჩანან. რამდენადაც მე გველების სახეობებში ან მათ ნიშან-თვისებებში კომპეტენტური არ ვარ, ჰერპეტოლოგები მოვძებნე, ეს სურათები ვაჩვენე და ვთხოვე, რომ ამ სახეობის გველებზე ინფორმაცია მოეწოდებინათ. გაგიკვირდებათ და ჩემ მიერ მოძიებულ ყველა სურათზე ერთი სახეობის გველი იყო გამოსახული: Telescopux fallax, ქართულად კატისთვალა გველი, ანკარისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. კატისთვალა აგრესიული საერთოდ არაა, შხამკბილებიანი კია, მაგრამ ეს კბილები ყბის უკანა ნაწილშია განთავსებული, შესაბამისად, ადამიანზე კბენის შემთხვევაში შხამი ორგანიზმში ან ვერ აღწევს ან თუ აღწევს, იმდენად მცირე რაოდენობით, რომ საშიში არაა. მისი კბილების განლაგება ხვლიკის მსგავსი ქვეწარმავლების მონადირებისთვისაა გათვლილი, ანუ ისეთებზე, რომელთა ყბის უკანა ნაწილში ადვილად აღწევს. შესაბამისად, რადგან აგრესიული არაა, არც გვიკბენს, თუ ძალიან არ შევაწუხეთ და ამ კბენის შემდეგ რომ არ მოვკვდებით სასწაული კი არა, ბუნების ჩვეულებრივი კანონზომიერება იქნება. სხვათა შორის, ეს გველი საქართველოშიც ბინადრობს და რატომ უნდა დავხარჯოთ ფული საბერძნეთში წასასვლელად? _ ჩვენს ქვეყანაშივე მოვინახულოთ იგი.
_ ჩაგეთვალა, უბრალოდ, საქართველოში ამ გველებზე ლეგენდა არ არის… რაც მე ინტერნეტში მასალა მოვიძიე, ამ ლეგენდას არაერთი პუბლიკაცია აქვს მიძღვნილი, ანუ იმ შარლატანობას, რასაც დღესაც იმეორებენ აქ და რეალურად ფულის საამქროდ აქციეს აქაურობა.
_ აქაურებისგან ისიც მსმენია, რომ ამ დღესასწაულზე ეს გველები სპეციალურად მოჰყავთ ყუთებით, თუმცა ეს ცალკე თემაა, რეალობა კი ისაა, რომ ვისაც საშუალება აქვს, აუცილებლად უნდა მოინახულოს კეფალონია, მოილოცოს სიწმინდეები, დაისვენოს, მაგრამ ამ ყველაფრით ჩვენი განძი, ქრისტიანული თეოლოგია სხვის თვალში დასაცინი არ უნდა გავხადოთ.
_ და რა ქნას მავანმა, რომელიც ტაძარში შემოპარულ ქვეწარმავალს სიწმინდეს უკავშირებს?
_ ხშირად უნდა გავიხსენოთ ხოლმე სახარებისეული მოძღვრება: „უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა“ (მთ. 16:4). ქრისტიანებს უდიდესი სასწაული გვებოძა _ ევქარისტია. ამაზე დიდი სასწაული არ არსებობს და თუ ვიღაცა გვეუბნება, რომ არსებობს, ეს უკვე შამანობაა, რომელიც მავანის გამდიდრებას ემსახურება. გვახსოვს ყველას ამა თუ იმ წმინდანის საფლავზე ტაქსის დაფით და საფულეებით მორბენალი ხალხი, რომელთა წრფელი, მაგრამ გულუბრყვილო რწმენის გამო ვიღაცამ ან ვიღაცების ჯგუფმა ჯიბე გაისქელა. შესაბამისად, სანამ ვინმეს გავამდიდრებთ, იქნებ, დავფიქრდეთ, სასწაულის მძებნელი უკეთური, მრუში მოდგმა ხომ არ ვართ?
_ ეს რა მძიმე დიაგნოზი დასვი… თუმცა რას ვიზამთ, ყველა საკუთარ თავს იბოლებს-იგოიმებს და მოსწონთ ცალკეულ ადამიანებს თუკი ეს რელიგიისა და ღვთის სახელით ხდება. თავად ეკლესია, რომ შესაბამის განმარტებებს არ იძლევა და გველებით ცდილობს რწმენაში გააძლიეროს საკუთარი მრევლის წარმომადგენლები, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს. მოკლედ, როგორც არის…

კოკა წერეთელი