წყალმომარაგების დაუსრულებელი მრავალმილიონიანი პროექტები კახეთში

ხმელეთის 70% წყლით არის დაფარული. ამ წყლის 97% ოკეანეებსა და ზღვებშია თავმოყრილი და, შესაბამისად, მარილიანია, ამიტომ სასმელად უვარგისი. 3% მტკნარია, თუმცა აქედანაც მხოლოდ 0,3% მოდის მდინარეებსა და ტბებზე, დანარჩენი კი მყინვარებზეა ლოკალიზებული. თუ დღეისთვის მოსახლეობის 40% განიცდის წყლის დეფიციტს, 2025 წლისთვის უკვე მისი 2/3 შეეჯახება ამ პრობლემას. ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ წყალი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია. სასმელი წყალი არის წყალი, რომელიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო მიზნით, მათ შორის: სასმელად, საჭმლის მოსამზადებლად და პირადი ჰიგიენისთვის.
სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ სასმელი წყალი, არანაკლებ 20 ლიტრისა ერთ სულ მოსახლეზე, ხელმისაწვდომია საცხოვრებლიდან არა უშორეს 1 კილომეტრისა. წყლის შეზღუდული ხელმისაწვდომობა მეტწილად აფერხებს ქვეყნების ეკონომიკის განვითარებას.

კახეთში სტიქიიდან ერთი თვე გავიდა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 4 მილიონ ლარს მიაღწია.
კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში პრევენციული თუ სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. უხვმა ნალექმა თელავის მუნიციპალიტეტის
რამდენიმე სოფელს არაერთი პრობლემა შეუქმნა, როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვით, ისე ინფრასტრუქტურის მხრივ. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებით არ დაინტერესებულა, ზარალი კი საკმაოდ დიდია.
„ჩემს ვენახსა და ყანას ვინ ჩივის _ გზები გაუბედურებულია, გზაზე მაინც ხომ უნდა ადამიანს გადაადგილება?“ _ აღნიშნავს ფშავლის მკვიდრი ლერი აივაზაშვილი.
„არ გვაქვს წყალი და თუ ონკანში წყალი მოდის ისეთია, რომ საქონელიც კი არ დააკარებს პირს. ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება, ყოველ წელს ამბობენ, რომ წყლის სათავე ნაგებობები უნდა გაიწმინდოს ან თავიდან უნდა გაკეთდეს. რა გამოდის? სულ ფულს ხარჯავენ, ჩვენ კი წყალი მაინც არ გვაქვს. არ გვაქვს გზა… არ გვაქვს მოსავალი, რომელმაც მთელი წელი უნდა შეგვინახოს და ვართ ასე ღმერთის იმედად დარჩენილები… ვის უნდა მივმართოთ _ აზრი?“
დაზიანებული ნაკვეთების გარდა სოფელ ფშაველში სასმელი წყლის პრობლემაც დგას. ადგილობრივები წყლის ხარისხით უკმაყოფილოები არიან და აღნიშნავენ, რომ წყალი არათუ სასმელად, სხვა საჭიროებებისთვისაც ვერ გამოდგება.
ფშავლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის, ვალერი აბრამიშვილის თქმით, დაზარალებულ სოფლებში სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და წყლის ხარისხის მოსაგვარებლად, პირველ ეტაპზე, შიდა საუბნო მილების გაწმენდა ხორციელდება.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი „ქრონიკა+“-თან განმარტავს, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად სოფელი ფშაველი დაზარალდა. დავით ქსოვრელიშვილის თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ წყლის სათავე-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია-შეცვლა განხორციელდეს, რისთვისაც 550 000 ლარია გამოყოფილი
სიღნაღის სოფელ ანაგას წყალი 2 თვეა, არ მიეწოდება. ანაგაში აქცია გაიმართა, წმინდა გიორგის უბნის მცხოვრებლები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, წყალი ორი თვეა, არ აქვთ და მისი ზიდვა რამდენიმე კილომეტრიდან უწევთ. აქციის ნონაწილეებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე შეხვდა. მადონა ბატიაშვილი ანაგელებს პრობლემის მოგვარებას ორშაბათს დაჰპირდა.
2014 წელს ხელისუფლებამ რამდენჯერმე დააანონსა, რომ კახეთის რეგიონის ქალაქებში მცხოვრებლებს ორ წელიწადში 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებოდათ, თუმცა დასრულებული სამუშაოებისა და დახარჯული 65 მილიონ 162 994 ათასი ლარის მიუხედავად, უწყვეტი წყალმომარაგება მხოლოდ ქალაქ გურჯაანსა და დედოფლისწყაროს აქვს, ექვს ქალაქში კი, ამ დროის განმავლობაში, მოსახლეობა წყალს გრაფიკით იღებს.
დღეისთვის, ახმეტაში მცხოვრებ მოსახლეობას წყალი 10-საათიანი გრაფიკით (დილის 7-დან 12 საათამდე და საღამოს 7-დან 12 საათამდე) მიეწოდება. მსგავსი გრაფიკით იღებენ წყალს სიღნაღში. თელავის მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით 4-5 საათიანი გრაფიკით, საგარეჯოს მცხოვრებლებს კი 3-4-საათიანი გრაფიკით აქვთ. ოთხშაბათის გარდა წყალი 24-საათიანი გრაფიკით მოდის ქალაქ ლაგოდეხში, სადაც უწყლობის პრობლემა მხოლოდ წვიმების დროს არის, როცა სათავე-ნაგებობის ინფრასტრუქტურა ზიანდება. საუბნო ონკანებიდან წყალს 6-8-საათიანი გრაფიკით იღებს წნორის მოსახლეობა.
წნორის მოსახლეობის 24-საათიანი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. პირველადი ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. 2016 წლის ივლისში, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროექტი 2017 წლის თებერვალში დასრულდებოდა.
სიღნაღში „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში ქალაქის 12 ქუჩაზე მოეწყო ქსელი განშტოებებთან ერთად სხვადასხვა დიამეტრის პოლიეთილენის მილებით და დამონტაჟდა 250 აღრიცხვის კვანძი. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 1 342 203 ლარი.
პროექტის მიხედვით, შესასრულებელი დარჩა 3 ცალი ჭაბურღილის მოწყობა, საქლორატოროს მშენებლობა ტექნოლოგიური ნაწილით, საშიბერო კამერის მშენებლობა კვანძების მოწყობით, მორიგე-მეთვალყურის ოთახის მშენებლობა და დარჩენილი მაგისტრალური ქსელის მოწყობა. ახალი დაპირების თანახმად, 2019 წლის ბოლოსთვის წყლის პრობლემა სიღნაღშიც უნდა გადაიჭრას.
საგარეჯო _ 2014 წლის ზაფხულში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა საგარეჯოს მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი პროექტის შესახებ. პროექტის ვადების მიხედვით, სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო და საგარეჯოში, ონკანებიდან უწყვეტი წყალი უკვე უნდა მოდიოდეს.
ახმეტა _ 2015 წელს დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო ახმეტის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 10 637 246 ლარი.
ლაგოდეხში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. პროცესში რამდენიმე ცვლილება შევიდა და დასრულება დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა. პროექტის საწყისი საკონტრაქტო ღირებულება იყო 9 426 414 ლარი. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით“, პროექტი დასასრულს უახლოვდება.
თელავსა და სოფელ კურდღელაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. განცხადების თანახმად, აღნიშნული პროექტიც 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. ამჟამად თელავის მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით, 4-5-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. კურდღელაურში კი ახალი მილები სახლებამდეა მიყვანილი, თუმცა გაუმართაობის გამო წყალი გადაკეტილია.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2013-2018 წლებში წნორში, სიღნაღში, საგარეჯოში, ახმეტაში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, თელავსა და კურდღელაურში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 65 162 994 ლარი დაიხარჯა. აქედან, კომპანიის ცნობით, სამუშაოები სრულად მხოლოდ დედოფლისწყაროში დასრულდა.

მაკა მოსიაშვილი