„მცირე ჰესების მშენებლობისთვის ადგილობრივი მოსახლეობის პლებისციტი სავალდებულო უნდა გახდეს“

რატომ არ ასრულებს ივანიშვილი ხალხისთვის მიცემულ პირობას დიდი ჰესების მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით? რატომ არ ითვალისწინებს ხელისუფლება მოსახლეობის აზრს მცირე ჰესების მშენებლობაზე? სჭირდება თუ არა დამატებითი ელექტროენერგია საქართველოს? ვისი ინტერესები ჩანს ჰესების მშენებლობის უკან? იკვეთება თუ არა ელექტროენერგიის თემასთან ბიტკოინების საკითხი? რა ალტერნატიული ბუნებრივი წყაროები არსებობს ელექტროენერგიის ჩასანაცვლებლად თანამედროვე სამყაროში? _ ამ პრობლემურ და საინტერესო თემებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, ეკოლოგს, გარემოსდამცველ აქტივისტ ლაშა ჩხარტიშვილის:

_ ბატონო ლაშა, რატომ ეწინააღმდეგებით საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობას?
_ ცოტა შორიდან დავიწყებ: პირველ რიგში უნდა განვიხილოთ, თუ რამდენი ელექტროენერგია გვჭირდება და რისთვის, რა ფასად და რის სანაცვლოდ?! არანაირი მკვეთრი კრიზისი ელექტროენერგიის დეფიციტის თვალსაზრისით ქვეყანაში არ არსებობს, ასევე არანაირი, მეტ-ნაკლებად, ადეკვატურად შესწავლილი პროგნოზი იმის თაობაზე, თუ რის ხარჯზე შეიძლება დაგვჭირდეს დამატებით მნიშვნელოვანი სადგურები ენერგიის გენერაციის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით, მოსახლეობის დემოგრაფიის მხრივ, მკვეთრად უარყოფითი ბალანსი გვაქვს, რადგან ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების მაღალი პროცენტული მაჩვენებელია უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ეკონომიკური კუთხით მომხმარების ზრდას, ამ მხრივ ერთადერთი მთავარი და განსაკუთრებული მოთამაშეა ე. წ. ბიტკოინების საწარმოები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესია.
ე. ი. ქვეყანაში ელექტროენერგიის ზრდა სერიოზულად უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებს და მისი ბიტკოინების წარმოებას, რაც მუშახელის დასაქმებას და, ზოგადად, დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, პრაქტიკულად, არ განაპირობებს. ასევე არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია და არც სარწმუნო წყაროების თაობაზეა საუბარი, რომ რომელიმე სხვა ტიპის ეკონომიკური მიმართულებით არსებობდეს მომხმარებელი, რომელიც დამატებით ელექტროენერგიას საჭიროებდეს.
_ თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები, თუმცა მცირე ჰესებზე საუბარი დღეს არ დაწყებულა და ეს საკითხი, ჯერ კიდევ, წინა ხელისუფლების დროს წარმოიშვა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შეფასება გადაჭარბებულია?
_ ვსაუბრობ იმაზე, თუ საერთოდ რატომ გვჭირდება და გვჭირდება თუ არა დამატებით მნიშვნელოვანი მოცულობის ელექტროენერგია და მისი გენერაცია? ვიმეორებ: სამწუხაროდ, მოსახლეობის სერიოზული დემოგრაფიული კლება გვაქვს მიგრაციის ფონზე; ასევე რომელიმე ელექტროტევადი ეკონომიკური დარგის განვითარებას ვერ ვხედავთ, მხოლოდ ბიტკოინების წარმოება ვითარდება. ამიტომ საერთოდ საჭიროება დამატებითი ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დოზით გენერაციისა არ ჩანს. ე. ი. ვის ინტერესშია ეს გენერაცია? _ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იგი, სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში დაწუნებული ენერგოპროექტებისა და ზოგიერთი ახლის გამცოცხლებელი იყო, ის კიდევ სხვა მიმართულებაზე საუბრობდა _ ეს გახლდათ ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. ექსპორტის საკითხი ცალკე რომ განვიხილოთ, ამის პოტენციალი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს საკმაოდ დიდი საკუთარი ელექტროენერგიის პოტენციალი აქვს, ის ჩვენგან ხარკის სახით იღებს ელექტროენერგიას, როგორც ოკუპანტი! რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას ელექტროენერგიის გენერაციის სხვა წყაროები აქვს, ეს არის გაზი და ნავთობი. სომხეთს ატომური ელექტროსადგური აქვს, თურქეთმა კი ამასობაში მძლავრი ჰიდროენერგეტიკული კვანძები და ობიექტები განავითარა. თურქეთს ამის ფუფუნება ჰქონდა, რადგან იგი გაცილებით დიდი ტერიტორიების მქონე ქვეყანაა და ნაკლები დანაკარგით შეეძლო მიეღო ეს სარგებელი. შესაბამისად, საქართველოს აღარ დარჩა საექსპორტო პოტენციალი.
ქვეყანაში მოძველებული ტექნოლოგიების განვითარებას ცდილობენ, ვგულისხმობ როგორც დიდ, ასევე მცირე ჰესებს. ამის გამო მდინარეებს აქრობენ, რათა კონკრეტულმა პირებმა, იქნება ეს ბიტკოინების მწარმოებელი ბიძინა ივანიშვილი თუ ჰესების მფლობელი ივანიშვილი და მისი პარტნიორები (ხშირად ასეთებად გვევლინებიან მისი პარტნიორები, მათ შორის, რუსი პარტნიორები, როგორც წესი) უნდა მიიღოს სარგებელი იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ ათობით თუ ასობით სოფელი დავკარგოთ, რადგან წყლის გარეშე, პრაქტიკულად, სოფელი ვერ იარსებებს. ამიტომ ვიხილეთ მკვეთრი პროტესტი, დაწყებული პანკისიდან, დასრულებული სვანეთით.
მოსახლეობა კბილებით იბრძოდა, რომ არ დაეკარგა სოფლის გადარჩენის პერსპექტივა, _ უნიკალური ტურისტული პოტენციალი, სოფლის მეურნეობის განვითარება და ა. შ.
ეს იმიტომ, რომ ივანიშვილმა და მისმა მეგობრებმა, პარტნიორებმა, ხშირ შემთხვევაში რუსებმა, დიდი ფული იშოვონ და ჩვენ დაგვტბორონ, წაგვართვან მდინარეები. ამის სანაცვლოდ მივიღებთ პირიქით _ გაძვირებულ ელექტროენერგიას. ეს ნათლად გამოჩნდა თუნდაც ნენსკრაჰესის პროექტთან მიმართებით და არა მარტო.
ძალიან გამიხარდებოდა, თუკი ჩემი ფოტოს ნაცვლად ამ ინტერვიუს დაურთავდით თუნდაც თერგის ფოტოს, რომელზედაც აშენებულია საშუალო სიმძლავრის ჰესი. შედეგად _ მდინარე აღარ რბის და აღარ ღრიალებს. ეს შედეგი ჰესმა განაპირობა, _ მნიშვნელოვან მონაკვეთზე თერგის წყლის მოცულობა მიზერულამდეა დაყვანილი, შესაბამისად, მისი ტურისტული მიზიდულობაც დაცემულია.
_ მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევანი ქვეყნის განვითარებასა და რეგრესს შორის დგება და თუ ობიექტის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებამდე სათანადო კვლევები ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, გარემოზე ზეგავლენა, შეძლებისდაგვარად, მინიმალური იქნება. რატომ არ შეიძლება, ამ მიმართულებით ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობა მოიპოვოს, არ იყოს დაყრდნობილი მეზობელ ქვეყნებზე?
_ ამ კითხვაზე ჩემს პასუხს ორ ნაწილად გავყოფ: მოთხოვნილება და რაიმე სერიოზული რისკები ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ქვეყანას არ გააჩნია. გარდა ამისა, საქართველომ ზრუნვა დაიწყო ეკონომიკური დარგების განვითარებაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ენერგია დასჭირდება. ამ შემთხვევაშიც კი უნდა ვიზრუნოთ გაცილებით თანამედროვე და ნაკლებად ზიანის მომტან ტექნოლოგიაზე. სხვა მიმართულებები გვაქვს, რომელიც თანამედროვე სამყაროში გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ჰიდროენერგეტიკა. ვგულისხმობ ქარისა და მზის ენერგიას. მზიანი დღეებისა და მზის საათების რაოდენობის მხრივ საქართველო გამორჩეულია, რადგან სამხერთის ქვეყანა ვართ. ქარის ენერგიის მხრივაც მნიშვნელოვანი კლიმატია საქართველოში. და, რა თქმა უნდა, საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს, უკვე არსებული ჰესები გაცილებთ ეფექტიანი გახადოს და დამატებით არ დატბოროს ტერიტორია. რაც ხდება საქართველოში, უმძიმესია, მიხეილ სააკაშვილის პერიოდიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილით გაგრძელებული. საქართველოში ბუნებრივი რესუსების გამოყენებასთან მიმართებით ყოვლად აღვირახსნილი დამოკიდებულებაა, მათ შორის, წყლის რესურსებზე. ენერგოკომპანიების შემართებით წყლის 70-დან 90%-მდე უნდა გაუშვან გვირაბში, ანუ მდინარის უდიდეს ნაწილს კალაპოტს უცვლიან, რომელიც, ბუნებრივია, ვეღარ შეასრულებს ეკოლოგიურ ფუნქციას. თუმცა საქართველოში ყველა საერთაშორისო წესს რომ იყენებდნენ, ამდენი პრობლემა არ შეიქმნებოდა. ამ შემთხვევაშიც კი, 21-ე საუკუნეში, ცივილიზებულ სამყაროში, სამხრეთის ქვეყნებში, განახლებადი ენერგიის მიღება მხოლოდ და მხოლოდ წყლით უკვე მიუღებელია. არსებობს მრავალი ალტერნატიული, გაცილებით ნაკლებად ზიანის მომტანი საშუალება. სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არსებობს, თორემ პირველ ადგილზე დააყენებდნენ მზის ენერგიის გამოყენებას, რომელიც, პრაქტიკულად, არ ვითარდება _ არაფერი კეთდება ამ მიმართულებით. ხოლო როცა საუბრობენ ენერგოდამოუკიდებლობაზე, რომელიც გადაჭარბებულია რეალობიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც კი ენერგოეფექტიანობისთვის არაფერი კეთდება. რას ნიშნავს ენერგოეფექტიანობა?! ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია! მოქმედი ხელისუფლებები (და ეს არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების პრობლემა და მისი დანაშაული), არაფერს აკეთებდნენ და აკეთებენ საიმისოდ, მშნებლობის სფეროდან დაწყებული, ეკონომიკის სხვადასხვა დარგით დასრულებული, იმ ტიპის რეგულაციები მიიღონ, რომელიც განაპირობებდა, მოსახლეობის ენერგეტიკული მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ენერგეტიკული დანახარჯი შემცირებულიყო. ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. აქ არ იგულისხმება ხარისხისა და ადამიანების კომფორტის შემცირება. სამწუხაროდ, მოქმედი ხელისუფლება და ყოფილიც დაინტერესებული იყო, მოსახლეობისთვის კორუფციული ტარიფით, გაძვირებულ ფასად მოეყიდა და კვლავ მოგვყიდოს ელექტროენერგია და სხვა ტიპის ენერგია, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. ნორმალური სახელმწიფო კი ზოგავს ენერგიას, რომ ნაკლები მოიხმაროს, თუმცა ეფექტი შეინარჩუნოს, ეს იქნება გათბობა თუ სხვა ტიპის ენერგია.
ამ ყველაფერს ან აცნობიერებენ, ან შეიძლება კვალიფიკაციის პრობლემაც იყოს. გვეუბნებიან: თუ გვინდა უკეთესი ცხოვრება, მეტი ენერგია უნდა გამოვიყენოთ. ეს 50 წლის წინანდელი დამოკიდებულებაა.
მოქმედი ხელისუფლების უტიფარი და კორუფციული სიხარბე იმით გამოიხატება, როცა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, 2012 წელს მათი კოალიციის გარემოსდაცვითი ჯგუფის ხელმძღვანელი და პროგრამის ავტორი გახლდით. ამ პროგრამის მიხედვით ივანიშვილი მოსახლეობას დაჰპირდა: პირველი _ დიდი ჰესების აკრძალვას; მეორე _ მცირე ჰესების მშენებლობას მხოლოდ თანამედროვე სტანდარტებით, რაც არ ხორციელდება და პლუს ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობას. ეს იქნებოდა დემოკრატიული მიდგომა და ვალდებულება. გარდა იმ პრობლემებისა, რაზედაც ვისაუბრეთ, საქართველო გახლავთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და ხელშეკრულებების მხარეც, რაც გულისხმობს, რომ მოსახლეობას გადამწყვეტი სიტყვის თქმის უფლება აქვს, როდესაც საქმე ეხება გარემოს საკითხებს. თუ მოსახლეობას არ უნდა, მისი გარემო შეიცვალოს და არ უღირს ის სარგებელი, რომელსაც კონკრეტული პროექტით სთავაზობენ, ხელისუფლებას უფლება არ აქვს, მოსახლეობა ძალადობრივი მეთოდებით დაითანხმოს და, მით უმეტეს, სპეცრაზმითა და ტყვიებით აიძულოს საკუთრ სოფელში მდინარის გვირაბში მოქცევა. ეს ასამარებს ტურიზმს.
_ თქვენ 2012 წელს ივანიშვილის გუნდთან ერთად მხარს უჭერდით მცირე ჰესების მშენებლობას, თუკი ყველა სტანდარტი დაცული იქნებოდა და ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნებს გაითვალისწინებდა.
_ პირველ რიგში ვსაუბრობ, როგორც ეკოლოგიის მაგისტრი, სპეციალისტი: ჰიდროენერგეტიკა, გარკვეულწილად, წარსულია და ეს არ არის თანამედროვე მიდგომა ქვეყნისთვის. როგორც ზემოთ ვთქვი, ეს არის: ენერგოეფექტიანობა, ქარის ენერგია, მზის ენერგეტიკა, არსებული ჰესების რეაბილიტაცია და ა. შ.
ადამიანი, ვინც დღეს საქართველოს მართავს, ხალხს დაჰპირდა, რომ დიდი ჰესების მშენებლობას აკრძალავდა, მაგრამ ამის ნაცვლად აღნიშნულის განხორციელებას დღემდე უხეშად ცდილობს. მცირე ჰესებთან დაკავშირებით კი ამბობდა, რომ ეს შეიძლებოდა მხოლოდ თანამედროვე სტანდარტებით, პლუს მოსახლეობის თანხმობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. „ლეიბორისტული პარტია“ მოითხოვს და ამ მხრივ საკანონმდებლო ინიციატივაზე ხელმოწერების პროცედურის დაწყებას ვაპირებთ, რომ დაკანონდეს შემდეგი ორი საკითხი: 1. აიკრძალოს დიდი ჰესების მშენებლობა; 2. მცირე ჰესებთან დაკავშირებით სავალდებულო გახდეს მოსახლეობის აზრის გათვალისწინება პლებისციტით, რაც გულისხმობს რეგიონის მასშტაბით მოსახლეობის გამოკითხვას, ოფიციალურ კენჭისყრას იმის თაობაზე, რა ურჩევნია მას _ სვანეთში, აჭარასა და ა. შ. იხილონ მცირე ზომის ჰესი თუ ტურისტული პოტენციალის განვითარება? არ შეიძლება, მდინარე განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ ჰესების დასადგმელ ობიექტად, მდინარეს ათასი სხვა პოტენციალი აქვს, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში, როცა არის სერიოზული კლიმატური ცვლილებები და წყლის კრიზისის მოლოდინი.

ლევან ქემოკლიძე