ნესტან კირთაძე: „ბიძინა, ამერიკელი და ევროპელი დემოკრატები მაგ ყურებს დაგახევენ, ჯიბეში ჩაგიწყობენ და შუშის სასახლიდან ასე გაგიშვებენ!“

„არც ერთი მმართველი ისე არ დასჯილა, როგორც შენ დაისჯები, ბიძინა!!!
უკვე დასჯილი ხარ!!! დამოუკიდებელი საქართველოს თაობის საყოველთაო ზიზღია შენი სასჯელი და შენი ტვირთი, გახსოვდეს!!! დანარჩენს პოლიტიკური და სამართლებრივი პროცედურები განსაზღვრავენ; ნეტა, მოგასმენინა, როგორ ან რაზე მსჯელობს შვილების თაობა!!! ეს თაობა არასოდეს იქნება შენი მონა!!!
არც არავის მონები იქნებიან, გახსოვდეს!!! ისინი თავისუფალ საქართველოში დაიბადნენ! ისინი თავისუფლებას სიცოცხლის ფასად იცავენ და დაიცავენ მუდამ!!!
წადი ახლა, წისქვილის ქვა მოიკიდე და ეს ლოდი ატარე მთელი შენი სიცოცხლე! ესაა შენი ხვედრი“, _ ეს სიტყვები ისტორიკოსმა და მეცნიერმა, პოლიტიკოსმა ნესტან კირთაძემ გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მოგვიანებით, ქალბატონმა ნესტანმა ასევე „ფეისბუქში“ კიდევ ერთი ემოციური სტატუსი დაწერა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა კაენის სულის აღზევებას შეადარა.

29 ივნისს, შუადღისას, ანუ „თავისუფლების მარშამდე“ რამდენიმე საათით ადრე, ნესტან კირთაძემ ქართველ ახალგაზრდებს მიმართა:
„შვილებო, თქვენ სამშობლოს მეციხოვნეობა იტვირთეთ. თქვენ, შიდა და გარე საოკუპაციო ძალების გამოცხადებულ ომში ხართ ახლა.
თქვენ უმძიმესი ბრძოლები მიიღეთ.
მეც ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ამ ომში გავუშვი. დედის ლოცვა-კურთხევა მივეცი და გავუშვი. ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა თავიანთი შვილები რეჟიმისგან ამ დაუნდობელ ომში გაუშვეს, დალოცეს და გაუშვეს.
…სასიკვდილოდ გაგწირეს, მიჯრით, მიბჯენით გესროდნენ მომაკვდინებელ ტყვიებს, თან ხარხარებდნენ და სიამოვნებისგან ქაფი სდიოდათ…
დამარცხდნენ!!!
გდევნიდნენ, გაპატიმრებდნენ და ისევ საქართველოს სამსახურში ბრუნდებოდით და ხართ.
დამარცხდნენ!!!
დღეს თავისუფლების მარში გაქვთ მთელ საქართველოში!!!
დამარცხდნენ!!!
რეჟიმი სრულიად დაუპირისპირდა ისტორიულ კანონზომიერებას.
რეჟიმი სამყაროს კანონზომიერებას დაუპირისპირდა.
რეჟიმი სამშობლოს თავისუფლებასა და მომავალს დაუპირისპირდა.
რეჟიმი შვილებს დაუპირისპირდა.
და დამარცხდნენ!
შვილებო, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასებო!!!
გახსოვდეთ, რომ თქვენ თანამედროვე საქართველოს თავისუფლების სიმბოლო ხართ.
ბედნიერებაა, გვერქვას, რომ ჩვენ თქვენი თანამედროვეები ვართ. თქვენი გამარჯვება გარდაუვალია, იცოდეთ! ღმერთმა დაგლოცოთ, შვილებო! ღმერთმა მუდამ გაგამარჯვებინოთ!
მშვიდობა და გამარჯვება თქვენ და საქართველოს!“
არანაკლებ ემოციურ განცხადებებს აკეთებს ქალბატონი ნესტანი „ქრონიკა+“-სთან საუბრისას. მეტიც, პირადად მე ასეთი გაბრაზებული ნესტან კირთაძე არასოდეს მინახავს, რომელიც „ოცნებას“ და მის ლიდერს უმძიმეს მომავალს უწინასწარმეტყველებს, საპარლამენტო ოპოზიციას კი ურჩევს, რომ სადეპუტატო მანდატები დემონსტრაციულად ჩააბაროს და ხელისუფლება, მსოფლიოს თვალში, მარტო დატოვოს.

_ ქალბატონო ნესტან, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნეს. არის თუ არა ეს დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი?
_ ეს გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რასაც ბრძანებთ! დიახ, დიქტატურა და დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ ჩვენი შესაფასებელი არ არის!
_ აბა, კიდევ ვინ უნდა შეაფასოს?
_ დასავლეთმა _ ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის ადმინისტრაციები უკვე გაბედულად საუბრობენ ივანიშვილის ავტოკრატიულ ტენდენციებსა თუ დიქტატორულ რეჟიმზე. ისე, შექმნილი სიტუაცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე რეჟიმისთვის სახელის დარქმევა, რადგან პირადად მე, როგორც ქართველმა, როგორც პოლიტიკოსმა და როგორც მეცნიერ-ისტორიკოსმა, „ოცნების“ ხელისუფლებას საოკუპაციო ხელისუფლება დავარქვი, ივანიშვილის რეჟიმს კი _ საოკუპაციო რეჟიმი! ეს შემდგარი ფაქტია და ეს ტვირთი მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ექნებათ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ისტორიაში ასე ჩაეწერებიან.
_ რატომ ვერ იტყვით?
_ ასეთი ტიპის ადამიანები ისტორიაში ვერ მოხვდებიან, თუმცა ერის მეხსიერებაში რამდენიმე წელი სწორედ ამ კვალიფიკაციით დარჩებიან!
_ ე. ი., თავიდან ბოლომდე იზიარებთ მოსაზრებას, რომ ყველაფერი ის, რაც ბოლო დღეებში ხდება _ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა, „გავრილოვის ღამე“ და ნიკა მელიასთვის ჯერ იმუნიტეტის მოხსნა და შემდეგ, პრაქტიკულად, შიდა პატიმრობის შეფარდება, წმინდა რუსული ნარატივია?
_ ამას არათუ ვიზიარებ, არამედ პირველი ემოცია ზუსტად ასეთი მქონდა. ამას სენტიმენტების გაღრმავება არ სჭირდება და ნებისმიერმა ჩვეულებრივმა და პატიოსანმა ქართველმა, რომელსაც უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში უცხოვრია, იცის, თუ რით სუნთქავს ეს რუსეთისგან დაჭრილი ქვეყანა, ქვეყანა, რომელსაც შიდა ქართლის სახით გული ამოაჭრეს, აფხაზეთი და შავი ზღვის აკვატორიის მნიშვნელოვანი ნაწილი წაართვეს და აგვისტოს ომი მოუწყვეს. ამიტომ ივანიშვილის სადამსჯელო ხელისუფლება და საოკუპაციო რეჟიმი დამოუკიდებელი საქართველოს როდიონოვი და დამსჯელია!
_ ქალბატონო ნესტან, შეფასებებში ძალიან მკაცრი ხართ და ეს სულაც არ მიკვირს, მაგრამ მოვლენათა განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ _ მას შემდეგ, რაც თბილისიდან ხალხმა გააძევა, გავრილოვმა, მოსკოვში ჩავიდა თუ არა, საქართველოს სამაგალითოდ დასჯა მოითხოვა. სწორედ ამას მოჰყვა „გავრილოვის სისხლიანი ღამე“, ანუ საქართველოს ხელისუფლება გავრილოვის მითითებებს ემორჩილება?
_ რასაკვირველია, ემორჩილება! სიმართლე მხოლოდ ერთმანეთს კი არა, საზოგადოებასაც უნდა ვუთხრათ.
_ და ეს სიმართლე რა არის?
_ როცა ასეთი ტიპის საერთაშორისო კონფერენციები თუ ასამბლეები მზადდება, ყველაფერი მასპინძელ ქვეყანასთან, მინიმუმ, ექვსი თვით ადრე თანხმდება, ანუ თუ მართლმადიდებელი ქვეყნების ასამბლეა საქართველოს პარლამენტში _ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადმინისტრაციულ შენობაში _ უნდა ჩატარებულიყო, ყველა დეტალი, პროტოკოლის დონეზე, ცხადია, პოლიტიკურ ხელმძღვანელებსა და პირველ პირებთან შეთანხმდებოდა. სხვათა შორის, შეთანხმებული რომ იყო, ზოგადად ვიცით. ახლახან კი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ბერძენი გენერალური მდივნის განმარტება გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს, რომ ქართული მხარე, კერძოდ, პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე კობახიძე და ასევე საქართველოს მთელი პოლიტიკური ლიდერშიფი პუნქტ-პუნქტად იყო გაცნობილი, თუ რა უნდა მომხდარიყო. ამასთან, ბერძენი გენერალური მდივანი ამბობს, რომ ასამბლეის საქართველოში ჩატარება ქართული მხარის დაჟინებული მოთხოვნა იყო.
_ არადა, თავდაპირველად „ოცნებამ“ ყველაფერი პროტოკოლური უხერხულობით და ტექნიკური შეცდომით ახსნა.
_ დიახ, ასე იყო, რადგან „ოცნებას“ არ ეგონა, რომ ყველაფერი ასეთ სიღრმეებში წავიდოდა.
_ რატომ არ ეგონა?
_ ვერ ვიტყვი, რომ „ოცნებაში“ მიამიტები არიან. ისინი უგუნურები და უწიგნურები არიან! პირდაპირ დაწერეთ, რასაც ახლა გეტყვით: ესენი ჩვეულებივი მონები არიან!
სხვათა შორის, როცა 91-მა მონამ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას ხმა მისცა, ვიხუმრე, ივანიშვილი უფრო მსხვილი მონათმფლობელი მეგონა-მეთქი.
ამ 91 ან სამინისტროებში მომუშავე კიდევ ასობით მონას როგორ წარმოუდგენია, სამ თუ ხუთ მილიონ ქართველს მოერევა და ამდენ მილიონ ადამიანს სამასი მონის შეეშინდება? საერთოდ, რაზე ფიქრობენ?
_ თქვენი არ ვიცი, პირადად მე კი მართლა მაინტერესებს, „ოცნებამ“ მაინცდამაინც ნიკა მელიას სამაგალითოდ დასჯა რატომ გადაწყვიტა? ბატონი მელია ხომ ის პოლიტიკოსია, რომელიც ხელისუფლებასთან ბრძოლის ძალადობრივ მეთოდებს მხარს არ უჭერდა და ამის შესახებ 19 მაისს ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე ღია ეთერშიც განაცხადა… მოკლედ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ნიკა მელია ოპოზიციის რომელიმე ფლანგმა გაწირა? სხვათა შორის, ბოლოდროინდელ მოვლენებზე ზოგი იმასაც ამბობს, რომ ყველაფერი „ევროპული საქართველოს“ თამაშია…
_ იცით, რა ხდება? დამოუკიდებელ საქართველოში ცოცხალი პოლიტიკური პროცესი მიდის და თქვენ, როგორც ჟურნალისტი, ყველაფერ ამის მემატიანე ხართ. ამიტომ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ პოლიტიკურ პროცესებს ასეთი შიდა დაპირისპირება, რღვევა, დამეგობრება თუ შემდეგ მოგუდვა ყოველთვის ახლდა და ახლავს.
_ ანუ ჩემს კითხვაში გამოთქმულ ეჭვებს ადასტურებთ?
_ არც უამისობაა, რაც ბრძანეთ, მაგრამ კრემლი _ დაწყებული რუსეთის პრეზიდენტიდან, პრემიერით, საგარეო საქმეთა მინისტრით გაგრძელებული და დუმის დეპუტატებითა თუ პროპაგანდისტული მანქანებით დამთავრებული, რამდენიმე კლიშე ფრაზას _ საქართველოს ექსტრემისტი პოლიტიკური ლიდერები უნდა დაისაჯონო, სინქრონში იმეორებს. ამ ვითარებაში, რუსული აზროვნებისთვის ექსტრემიზმი საქართველოს ყოფილ მმართველ პარტიას უკავშირდება. ამიტომაც ნიკა მელია, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ შეარჩიეს, რომ ივანიშვილს კრემლისთვის თავი კარგად მოეწონებინა და დაემშვიდებინა, აი, ერთი ექსტრემისტი ლიდერი გავწირეო.
ეს ივანიშვილის მთელი დანაშაული და სიმძიმეა. ის ამ ტვირთისგან ვერასოდეს გამოვა. მან, კრემლის შეკვეთით, ჩვენი შვილები _ თავისუფალი და მშვიდობიანი დემონსტრანტები სასიკვდილოდ გაწირა! მისმა მარბიელმა რაზმებმა ბავშვები მთელი თბილისის მასშტაბით დაარბიეს, ანუ ანტისაოკუპაციო მიტინგი ჯერ დასაჯა, ახლა კი პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო! მმართველი, რომელიც რეპრესიებზე გადადის, უკვე ძალიან დასუსტებულია!
_ ანუ ელოდებით, რომ ყველაფერი ნიკა მელიასთვის შიდა პატიმრობით არ დამთავრდება და სამართალდამცველებთან პრობლემები ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც ექნებათ? სხვათა შორის, თავდაპირველად გამოკითხვაზე გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც დაიბარეს. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ თქვენი ქალიშვილი, ანა რეხვიაშვილი, ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრია.
_ მთელი ამ ხნის განმავლობაში, საინფორმაციო საშუალებებით ვიგებდით, თუ როგორ მოუწოდებდა კრემლი ივანიშვილს სადამსჯელო რეპრესიული პოლიტიკისკენ. ასეთი რამე არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსისა და ლიდერისგან არ მოგვისმენია.
_ ამით რისი თქმა გინდათ?
_ ხალხურად, მამაპაპურად და ყოველგვარი საპროფესორო გამონათქვამების გარეშე ვუებნები ივანიშვილს: იგივე ამერიკელი და ევროპელი დემოკრატები მაგ ყურებს დაგახევენ, ჯიბეში ჩაგიწყობენ და მაგ შუშის სასახლიდან ასე გაგიშვებენ!
ბიძინა, აი, ეს იქნება შენი მომავალი და ეს დრო უკვე ძალიან ახლოსაა!
_ ქალბატონო ნესტან, ასეთი გაბრაზებული, სიმართლე გითხრათ, არასოდეს მინახიხართ! ჩაგეკითხებით: ოპოზიციის სხვა ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ელოდებით?
_ ამის განზრახვა ხელისუფლებას, რასაკვირველია, აქვს!
წეღან ჩემი ქალიშვილი ახსენეთ, რომელიც „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერია. ამ დღეების განმავლობაში ერთ მათგანსაც არ შეუხრია წარბი და დილიდან საღამომდე ან მიტინგებზე არიან, ან _ საელჩოებში და უცხოელებს ინფორმაციას აწვდიან. როცა მოსალოდნელ დაჭერებზე ეკითხებიან, ისინი ისეთივე სიამაყით ხვდებიან დუჟმორეული და სისხლმოწყურებული ივანიშვილის სადასმჯელო ექსპედიციის ამ გადაწყვეტილებას, როგორც 20 ივნისის ღამეს ამას საქართველოს ამაყი ახალგაზრდული საზოგადოება შეხვდა!
მოკლედ, თუ რეპრესიების განზრახვა აქვს, ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მისი რეპრესიების არავის ეშინია!
_ ქალბატონო ნესტან, თუ ქვეყანაში დიქტატურის ნიშნები იკვეთება, ამ მკვეთრი განცხადებების გამო თავს დაცულად გრძნობთ?
_ უკან როდის დამიხევია?!
_ არასოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციურ ლიდერებზე ასეთი მასშტაბური ნადირობა პირველია. მეტიც, იმ ადამიანების დაკავება, ვინც, თავის დროზე, ანტისააკაშვილისტური მოძრაობის ავანგარდში იდგნენ, 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევების მერე, „ნაციონალებსაც“ არ უცდიათ.
_ მართალი ბრძანდებით, გეთანხმებით _ მიშამ ერთი პოლიტიკური ლიდერის დაპატიმრებაც ვერ გაბედა, მაგრამ იმისგან დაცული, რომ რომელიმე მმართველი ამას ვერ გაბედავდა, არასოდეს ვყოფილვართ.
მმართველები, რომლებიც ბედავენ, რომ მოსახლეობასა და თავისუფალ დემონსტრანტებს სისხლიანი ანგარიშსწორება მოუწყონ, ყველაფერს გაბედავენ! ბიძინამ საქართველოს ყველაზე მთავარი გაუბედა და ეს კვალიფიკაცია დაიმახსოვრეთ _ ბიძინამ, კრემლთან ერთად, პრაქტიკულად, განახორციელა საქართველოს სრული ოკუპაციის პოლიტიკური მანიფესტაცია! ამიტომ მისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ მისი ძალაუფლება ძალიან მოკლეა და სამარცხვინოდ დაასრულებს!
„ფეისბუქზე“ დავუწერე და თქვენი გაზეთის საშუალებითაც მივმართავ: არც ერთი მმართველი ისე არსად დასჯილა, როგორც ბიძინა ივანიშვილი დაისჯება!
_ დავუშვათ, რომ 20 ივნისის ღამეს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას მართლა გეგმავდნენ, მაგრამ არანაკლები მუქარა ისმოდა ლევან ვასაძის განცხადებებშიც, რომელმაც, პრინციპში, არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების შექმნა დაიწყო. მართალია, ვასაძე გამოკითხეს, მაგრამ მისი დაპატიმრება ხელისუფლებას არც უცდია. ამას რით ხსნით? სახეზე ხომ არ არის შერჩევითი სამართალი, მით უმეტეს, ვასაძეს კრემლი მფარველობს?
_ ვერ ვიტყვით, რომ მარტო კრემლი მფარველობს. იმას, რასაც ახლა ვიტყვი, ორიგინალური არ იქნება, მაგრამ იმ მოვლენებს, რაც ბოლო დღეებში მოხდა, პატარა რეტროსპექტივა გავუკეთოთ: ყველაფერი რუსეთის მხრიდან, ქართულ მეხუთე კოლონასთან ერთად, საქართველოს პოლიტიკური ოკუპაციის მცდელობა იყო. ამ მეხუთე კოლონაში, რა თქმა უნდა, რაინდ ვასაძესაც მოვიზარებ.
აქვე უნდა გავიხსენოთ პანკისში შევარდნა, სადაც ყველაფერი, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დამთავრდა. ასევე გავიხსენოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის პროვოკაცია საზღვრების გადახედვასთან დაკავშირებით და ის მიტინგებიც არ დაგვავიწყდეს, რომლებზედაც ე. წ. უბლოკო სტატუსზე ისმოდა მოწოდებები.
ყველაფერი ეს ერთ „თაიგულს“ კრავს, რომელსაც საკმაოდ უსიამოვნო სუნი უდის. ამ „თაიგულმა“ რუსეთის ფედერაციას დაანახა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად იყო, რუსეთის დელეგაცია პარლამენტში მიეღო და იმ სავარძელში ჩაესვა, საიდანაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა!
ეს ბინძური და პროვოკაციული თამაში ლევან ვასაძის მეშვეობითაც განხორციელდა. საერთოდ, ის მთლიანად პროვოკაციაა და, თუ გახსოვთ, იმ ინტერვიუში, რომელიც თქვენს გაზეთს რამდენიმე თვის წინ მივეცი, ყველაფერ ამაზე ვსაუბრობდი.
ამას გარდა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო დროს მოწყობილ ყველა პროვოკაციას რელიგიური მოტივები ახლდა. რელიგიური მოტივების წინა პლანზე წამოწევა ტიპური რუსული ხელწერაა, რადგან კრემლი საქართველოს და, ზოგადად, კავკასიას ძალიან კარგად იცნობს.
მოკლედ, ყველაფერი ცალ-ცალკე და ერთადაც საქართველოს დესტაბილიზაციისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბოლომდე ჩამოშლის მცდელობა იყო!
_ გეთანხმებით, რომ ამ მოვლენებში ეკლესიაც, უფრო კონკრეტულად, ცალკეული სასულიერო პირები ჩარეულები არიან. ეკლესიამ „გავრილოვის ღამე“ არ გააპროტესტა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ორი დღის წინ ხელისუფლებას მოუწოდა, აქციის დაკავებული მონაწილეების წინააღმდეგ მკაცრი სასჯელი არ გამოიყენოო.
_ მინდა, ჩემი გულის ტკივილი გამოვხატო. იცით, რა არის? ეკლესიამ კი არა, საპატრიარქომ და მისმა ყალბმა ადმინისტრაციამ უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკლესიას. ამ ვითარებაშიც, როცა, ერთი მხრივ, ოკუპაციის სიმბოლოდ გაიგივებული აქტი ხდებოდა და, მეორე მხრივ, ადამიანები ქუჩაში სასიკვდილოდ იყვნენ განწირულები, სადამსჯელო ექსპედიციებსა და ახალგაზრდებს შორის საპატრიარქოს ცოცხალი კედელი უნდა აღემართა!
ისე, მგონია, რომ საქართველოს ეკლესიაც დადგება ფეხზე და იქ ამბროსი ხელაიას მსგავსი მღვდელმთავრები იქნებიან, რომლებიც საქართველოს ოკუპაციას არ დაუშვებენ!
_ 20 ივნისის „გავრილოვის ღამემდე“ „ოცნება“ „ნაციონალების“ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმით აპელირებდა, თუმცა ამიერიდან ამ თემით მოქმედი ხელისუფლება ვეღარ იაპელირებს, ანუ „გავრილოვის ღამემ“ „ოცნება“, ასე ვთქვათ, იმიჯურადაც გააკოტრა, არა?
_ რასაკვირველია!
„ოცნება“ საოკუპაციო ხელისუფლებაა და მოვა დრო, როცა „ოცნება“ პოლიტიკური დღის წესრიგიდან საერთოდ აიკრძალება!
პირდაპირ ვამბობ: თუ პოლიტიკური ოპოზიცია დღეს პარლამენტშია, კიდევ დიდხანს გაჰყვება და „ოცნებასთან“ ერთად ამ გაუგებარ პროცედურებში ჩაიკარგება, მხარდაჭერას აბსოლუტურად დაკარგავს! ძალიან მალე უნდა დადგეს ის წუთები, როცა საპარლამენტო ოპოზიციამ მანდატები დაყაროს და „ოცნების“ საოკუპაციო ხელისუფლება მარტო დატოვოს! დიახ, საპარლამენტო ოპოზიციამ საპარლამენტო კრიზისი უნდა მოაწყოს, ეს ხელისუფლება კანონგარეშედ გამოაცხადოს და ამის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს! ამით ქვეყანა დიდი და სახელმწიფოებრივი რეფორმების ფორმატში გადავა!
_ არსებობს მოსაზრება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თავად „ოცნების“ გეგმაშია და სიტუაციას თითქოს ამიტომაც ამწვავებს.
_ „ოცნების“ გეგმაში ის არის, არსებობა რაც შეიძლება, გაიხანგრძლივოს. ამიტომაც გადმოაგდო ეს რაღაც პროპორციული არჩევნები, რომელიც თითქოს ბიძინას იდეა და შემოქმედებაა. არადა, ეს ჩვენი შვილების სისხლით და ოფლით მოპოვებული ნორმალური საარჩევნო პროცედურაა!
ბიძინა ხალხს მოატყუებს _ სანახაობის რეჟიმში გადაიყვანს, ვითარებას გაწელავს და, საბოლოოდ, პროპორციულ არჩევნებზეც უარს იტყვის!
ამიტომაც საქმე უკვე ივანიშვილის გასაკეთებელი არ არის და თუ შინაგანი სიმამაცე და სიმტკიცე ეყოფა, ტელეკამერების წინ კი არა, პირდაპირ ქართველი საზოგადოების დასანახად, საპარლამენტო ოპოზიციამ საპარლამენტო მანდატებზე უარი უნდა თქვას, „ოცნება“, როგორც საოკუპაციო რეჟიმი, პარლამენტის შენობაში მარტო დატოვოს და ამით „ოცნება“ გარდაუვალი კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. ამასთან, მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ეს ე. წ. მმართველები, სინამდვილეში, აღარაფერს წარმოადგენენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყება!
_ ერთი თემა, რომელსაც მინდა, საუბრის ბოლოს შევეხოთ: „გავრილოვის ღამეს“ კიდევ ერთი პერსონაჟი ჰყავს _ პალიკო კუბლაშვილი, რომელიც დარბევამდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თურმე, საიდუმლო შუამავლის როლს ასრულებდა და ეს თავადაც დაადასტურა. წეღანდელი თქმისა არ იყოს, ყველაფერი ეს იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ხელისუფლებასთან გარიგებულია და „ოცნების“ თამაშს თამაშობს?
_ გამორიცხული არაფერია და რაღაც თემებზე, შეიძლება, თანამშრომლობენ კიდეც. საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, ასე ვთქვათ, ავტონომიური ერთეულები არიან და უფლება არ მაქვს, ვინმეს ავტონომიური თავისუფლების ველში შევიჭრა და მის ნაცვლად ვილაპარაკო.
პოლიტიკაში ასეთი რაღაცები, სავარაუდოდ, ხდება ხოლმე, მაგრამ ძმები კუბლაშვილები არცთუ გულუბრყვილოები მეჩვენებიან. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ თავისი არსენალიდან ეს მეთოდიც აამუშავა ან, შეიძლება, მათი თვითგამოჩენის სურვილი იყო. ეს სხვა თემაა, მაგრამ ამ პროცესში მათი ჩართვა გულუბრყვილობაა, რადგან 20 ივნისის დილიდან კრემლი ივანიშვილისგან ორ რამეს ითხოვდა: საქართველოს ხელისუფლებას გავრილოვისთვის ბოდიში მოეხადა და მერე საქართველოს ხელისუფლება „ექსტრემისტ პოლიტიკოსებს“ სასტიკად გასწორებოდა. ამიტომ ივანიშვილს უკვე ჰქონდა ბრძანება გაცემული, რომ თავისუფალი დემონსტრანტები სამაგალითოდ დაესაჯათ. ის, რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ და არ ვიცი, ყველაფერი ეს ჩემს მეხსიერებაში როდის გაფერმკრთალდება!
იცით, სადაც ვცხოვრობ _ ზედ რუსთაველზე და ყველა რევოლუციას, ომსა და გადატრიალებას ჩემი სახლის ფანჯრებიდან ვუყურებდი. ცალკე თემაა, 20 ივნისის ღამეს ჩემს სახლში რა ხდებოდა.
_ რა ხდებოდა?
_ სტუდენტები გამოგვყავდა, ტაქსებს ვიძახებდით, ახალგაზრდებს სახლში ვუშვებდით და ვთხოვდით, რომ უკან არ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მაინც მორბოდნენ და ეს საოცარი ჰეროიკა, თავგანწირვა და ამაღლებული განცდა იყო!
მოკლედ, ივანიშვილმა უკვე იცის ან თუ არ იცის, ოჯახის წევრები მაინც ეტყვიან, რომ საქართველოს ვერასოდეს დააჩოქებს და ეს თაობა ბიძინასი კი არა, არავის მონა არ გახდება!

გიორგი აბაშიძე