რა ხდება საპარტნიორო ფონდში ?

სს საპარტნიორო ფონდის წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ 2011 წლის 2 ივნისის მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ფონდის კაპიტალის ფორმირების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს:
ა) შპს „საქართველოს რკინიგზის“ 34% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
ბ) შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელებამდე კომპანიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 17 მარტის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხმობების მოპოვება.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 14% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
ბ) შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 49% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
გ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 34% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
დ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შვილობილი კომპანიის შპს „ქარჩალ ენერჯის“ 99% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება.
2011 წლის 26 ივნისს რეგისტრირებული ფონდის გენერალური დირექტორი გახდა ირაკლი ეზუგბაია, რომელიც ამავე დროს სს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორი იყო. 2012 წლის ნოემბერში ფონდის გენერალური დირექტორი გახდა ირაკლი კოვზანაძე, რომელიც 2004-2008 წლების მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა _ დემოკრატები“. ამჟამად „ქართული ოცნების“ სიით აირჩიეს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა.
დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მისი მეუღლე, ანა ჩაგარიძე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტია.
კოვზანაძე 29/05/2009-01/04/2015 პერიოდში იყო რეკონვერსიისა და განვითარების ბანკის (ბელარუსი) დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრი. ნომინირებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ.
01.02.2013-31.08.2013 პერიოდში შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზის კონსულტანტი.
ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ აქციებს (2000 წ.).
მისი მოადგილე იყო გიორგი ჭილაძე,რომელიც გენერალური დირექტორის, გილაურის მოადგილე იყო წინა წლებში. დღეის მდგომარეობით ჭილაძე სს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორია.
ჭილაძეს ეკუთვნის 33,33% შპს „ალტერ ჯგუფში“. მისი პარტნიორები არიან:
ვლადიმერ უგულავა 33.34% (შპს G & A GROUP; ამავე დროს იყო სს „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი, ფონდ „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ გამგეობის წევრი, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, სს „სადაზღვევო კომპანია ტაოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, შპს „პეტროჩემიკალის“ 50%-ის მფლობელი (პარტნიორი ფაიგ ალიევი _ აზერბაიჯანი), შპს „ბარი ეფ 1-ის“ 66,7%-ის მფლობელი (პარტნიორი უჩა უგულავა).
უჩა უგულავა და მისი ბიზნესი აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას, თუმცა დღეს მას არ შევეხებით. იგივე შეიძლება ითქვას კომპანიის დირექტორის, გივი გვინჩიძის შესახებ.
დავით ჭკადუა 33.33% (ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი). ამ კომპანიის გამგეობის წევრია ზემოთ მოხსენიებული ვლადიმერ უგულავაც.
2016 წლის დეკემბრიდან საპარტნიორო ფონდის დირექტორი გახდა დავით საგანელიძე, ხოლო მისი მოადგილე _ ნათია თურნავა, რომელიც, ჯერ კიდევ, კოვზანაძესთან მუშაობდა, დღეს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გვევლინება.
დავით საგანელიძე 2013 წლიდან სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის გამგეობის წევრი იყო.
2011 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ფონდი ფლობდა შპს „საქართველოს რკინიგზის“ 24%-ს, ხოლო 76%-ს _ სახელმწიფო.
ამჟამად მისი სამეთვალყურეო საბჭო ასე გამოიყურება:
თავმჯდომარე/წევრი _ კონსტანტინე გუნცაძე ;
თავმჯდომარის მოადგილე/წევრი _ მიხეილ გოგიშვილი;
წევრები: გურამ გაბუნია (შპს „დო მანუს“);
კლიფორდ სტენლი აიზეკი;
შოთა ეცადაშვილი _ (შპს „დიპლომატ პეტროლ სერვისი“, შპს „სტეპ 1“ Step 1);
ოლეგ ბიჭიაშვილი _ (შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“);
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მესაკუთრე სახელმწიფოა, დირექტორი _ ლევან კანკავა;
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე _ გია საგანელიძე (დავით საგანელიძის ძმა);
წევრები: აკაკი მხეიძე;
ვლადიმერ გუცაევი;
მაკარ ნიკოლაიშვილი
დავით წიკლაური;
გიორგი ყიფიანი;
ოლეგ ბიჭიაშვილი (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ);
გენერალური დირექტორი/წევრი _ დავით ფერაძე (შპს „მტკვარი ჰესი“, შპს „ზიპლაინ კაუკასუს, “ შპს „არ-ბი-აი გრუპი“, შპს „ცხენისწყალი ჰოლდინგი“, სს „კაუკაზუს ჰაიდრო ქონსთრაქშენ“ _ 2017 წლამდე)
ფინანსური დირექტორი _ ირაკლი ტიტვინიძე;
ინფრასტრუქტურის დირექტორი _ ვასილ ხორავა (შპს „სინათლის ქალაქი“ 2015 წლამდე);
მგზავრთა გადაყვანის დირექტორი _ დაჩი ცაგურია,
სატვირთო გადაზიდვების დირექტორი _ გურამ გურამიშვილი;
სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად სახელმწიფოს კუთვნილებაა.
შპს „იმერეთი გრინერი“ 2010 წელს შეიქმნა, მაგრამ 2015 წლიდან მისი წილის 37,5% ეკუთვნის საპარტნიორო ფონდს, ხოლო Georgian Fresh Holding B.V.-ს (ნიდერლანდები) _ 62.35%.
სამეთვალყურეო საბჭო:
ნათია ხელაია
წევრები: დიედერიკ თეოდორიკ ალევენ (ნიდერლანდები)
რატი მეხრიშვილი
დირექტორები: ნათია ხელაია და დიედერიკ თეოდორიკ ალევენ
კომპანიას უკავშირდება სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის გაფართოების პროექტის დაწყება. პროექტი ითვალისწინებდა სათბურის მშენებლობას დამატებით 1,5 ჰექტარზე, სადაც დაახლოებით 700 ტონა სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა იყო დაგეგმილი.
პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე უნდა გაყიდულიყო, თუმცა არსებობდა ექსპორტის პოტენციალი მეზობელ ქვეყნებში. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მლნ. ევროა, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კი 1,4 მლნ. ევროს შეადგენს. სასათბურე მეურნეობის გაფართოების მიზანია დაბალხარისხიანი იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება.
2012 წლის აგვისტოში შპს გარდაბნის თბოსადგურის პროექტი დაიწყო (დირექტორი გიორგი ჭილაძე, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამჟამად სს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორია).
მშენებლობა განახლდა 2014 წლის იანვარში.
ფონდის ჯამური ინვესტიციები 220 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
გარდაბნის თბოელექტროსადგური კომბინირებული ციკლის პირველი თბოელექტროსადგურია საქართველოში და მას 230 მეგავატი დადგენილი საწარმოო სიმძლავრე ექნება. 54%-იანი ეფექტიანობის პირობებში არსებულ თბოელექტროსადგურებთან შედარებით იგი 40 პროცენტით ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს. იგი გათვლილია „საქართველოს ელექტროენერგიის მზარდ მოთხოვნებზე.
პროექტს 2012 წლის გაზაფხულზე ჩაეყარა საფუძველი ენერგეტიკის სამინისტროში. მისი დაფინანსების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა ჯერ კიდევ ნიკა გილაურმა, რომელიც 2012 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრის (და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის) თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ 2012 წლის ივლისში ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.
მანამდე, 2004-დან 2007 წლამდე, გილაური ენერგეტიკის მინისტრი იყო.
მშენებლობა 2013 წლის იანვარში დაიწყო და მას კერძო სექტორიდან თანაინვესტორი არ ჰყოლია, რის გამოც პროექტის მთელ ხარჯებზე პასუხისმგებელი საპარტნიორო ფონდი იყო. სამშენებლო კონტრაქტორი Calik Enerji Sanayi Ve Ticaret A.S.-ის სადგურის სააქციო კაპიტალის წილის შეძენაში დარწმუნების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პროექტს მთლიანად ფლობს საპარტნიორო ფონდი (49%) და მისი შვილობილი კომპანია _ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (51%).
როგორც აღნიშნავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევრები, აქციების განაწილების აღნიშნული სტრუქტურა ეწინააღმდეგება ფონდის მისიას, რომელიც კერძო სექტორის პროექტების თანადაფინანსებას გულისხმობს. ამ პროექტთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 2013 წლის მარტში განაცხადა: „საპარტნიორო ფონდის გადაწყვეტილებამ _ სრულად დაეფინანსებინა ელექტროსადგურის პროექტი, გამოკვეთა ფონდის მმართველობის გაძლიერების აუცილებლობა; ამ მხრივ მისასალმებელია ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები. ხელისუფლებამ პროექტის განვითარების პარტნიორებთან უნდა იმუშაოს, რათა ახალი საინვესტიციო ფონდების მიერ ინკლუზიური ზრდა უზრუნველყოს გამჭვირვალე, ფისკალურად პასუხისმგებელი და მდგრადი გზით“.
ამის შემდეგ ფონდის ახალმა მენეჯმენტმა ფონდის იურიდიულ წესდებაში ცვლილებები შეიტანა, რითაც ფონდის საინვესტიციო პრინციპები შეიზღუდა და შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:
• საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა საერთო ინვესტიციათა 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს;
• ინვესტიციების დაწყებიდან 3-7 წელიწადში პროექტმა საინვესტიციო ფონდის გასვლის პირობები უნდა შექმნას;
• საინვესტიციო ფონდის მიერ პროექტში დასაბანდებელი ინვესტიციების მაქსიმალური თანხა (როგორც ვალი, ისე სააქციო კაპიტალი), კერძო ინვესტორის სააქციონერო კაპიტალდაბანდებას არ უნდა აღემატებოდეს.
მოგვიანებით, გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტიანი თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2019-2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. მისი სიმძლავრე 230 მგვტ-ია.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, დაგეგმილ პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქართული ენერგეტიკული სისტემისა და მთლიანად ენერგოსექტორის მდგრადობისთვის. მისი წარმატებული განვითარებისთვის.

„გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მშენებელი ჩინური კომპანია, China Tianchen Engineering Corporation (TCC) _ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ნიშანდობლივია, რომ TCC-ს წარმატებული გამოცდილება აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა დანიშნულების მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით.
კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაფინანსება მთლიანად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა რესურსებით მოხდება.
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობაა საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაცია, მათი რეაბილიტაცია და ახლით შეცვლა. კომპანია ჩართულია ელექტროენერგიის გენერაციაში, ნავთობ-გაზის ტრანსპორტირებასა და სხვა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებში, მათ შორის, გაზის მიწისქვეშა საცავის განვითარებაში. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქტივებს სს „საპარტნიორო ფონდი“ განკარგავს. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მინიჭებული აქვს BB საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგი.
2016 წელს საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, კომპანია China Tianchen Engineering Corporation-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ: ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.
დავუბრუნდეთ ამ კომპანიების მმართველებს.
გიორგი ჭილაძის შემდეგ მარნეულის თბოსადგურის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი იყო (შპს ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი, შპს ენერჯი სოლუშენს, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია, შპს მარნეულჰესი 1931, შპს ცხვანდირი, შპს ჰოთ დოგი 1), ხოლო 2013 წლის დეკემბრის შემდეგ დღემდე _ ლაშა მგელაძე.
გარდაბნის „თბოსადგური 2-ის“ დირექტორი მერაბ კიპაროიძეა.
განსაკუთრებით საინტერესოა სს „გაზისა და ნავთობის კორპორაცია“.
სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა თეიმურაზ გოჩიტაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე _ ომარ ქუცნაშვილი, ხოლო წევრი _ ლეონტინა გალდავა.
ომარ ქუცნაშვილი გახლავთ ზაქარია ქუცნაშვილის მამა.
დირექტორთა საბჭო კი გამოიყურება ამგვარად:
დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი _ გივი ბახტაძე (საქართველო, რუსეთის ფედერაცია) _ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
არჩილ დეკანოსიძე _ დირექტორი ტექნიკურ საკითხებში;
ომარ ოგბაიძე _ დირექტორი ფინანსურ საკითხებში;
ეკატერინე სისაური _ დირექტორი ქონების მართვის საკითხებში;
თორნიკე გოცირიძე _ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კომერციულ საკითხებში.
სააქციო საზოგადოების გარკვეული შესყიდვები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ამ თემას.
ფონდის კიდევ ერთი კუთვნილებაა შპს წინანდლის მამულები, მას კომპანიის 45,51% ეკუთვნის, ხოლო დანარჩენს ფლობს შპს „წინანდლის სავანე“.
დირექტორია გიორგი ხარაბაძე, რომელიც შპს წინანდლის ვილების, შპს წინანდლის, შპს წინანდლის ვენახების დირექტორიცაა.
წინანდლის მამულების პროექტს 2012 წლის აპრილში ჩაეყარა საფუძველი.
საერთო საინვესტიციო ღირებულება 16,8 მლნ აშშ დოლარია; თანაინვესტორის შპს „წინანდლის მამულების“ შენატანი 6 მლნ აშშ დოლარია; ფონდის წვლილი _ 4 მლნ აშშ დოლარი;
პროექტი ითვალისწინებს 104-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს რეაბილიტაციას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ წინანდლის ისტორიული ღვინის ქარხნის რემონტის ხარჯები დაფარა და ის მუზეუმად გადააკეთა; მუზეუმი იჯარით აქვს აღებული „სილკ როუდ გრუფს“. ღვინის ქარხნის მუზეუმი „რადისონ წინანდალს“ 15-მეტრიანი მიწისქვეშა დერეფნით უკავშირდება.
კომპანიის ერთ-ერთ აქციონერად „სილქ როუდ ჯგუფი“ მიიჩნევა. საჯარო რეესტრის მიხედვით, სასტუმრო „რედისონი“ წინანდალში მთლიანად შპს „წინანდლის მამულებს“ ეკუთვნის, რომლის აქციებიც თანაბარ წილად იყოფა ჩახლართული სტრუქტურის მქონე ანონიმურ ოფშორულ ტრასტებზე, ამიტომ გაურკვეველია, ვის ეკუთვნის აღნიშნული ინვესტიცია და ვინ იღებს ამ თანაინვესტირების თანხებს.

(გაგრძელება იქნება)

ვატო გელაშვილი