„ Vivos voco!“ _ ვეძახით ცოცხლებს!.. ვუხმობთ ცოცხლებს!..

10708418_10204106245311801_1100999292_n

ამ ბოლო დროს ისლამის მომძლავრებას და მათ ტერორისტულ გამოვლინებებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროპა მტკივნეულად განიცდის. მეტიც, ევროპაში ახალი ტერმინიც კი გაჩნდა _ „ევროპული ისლამოფობია“ და სწორედ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მოხდა ის, რომ მეჩეთის ასაგებად გამოყოფილ ტერიტორიაზე კათოლიკე ქრისტიანებმა ღორები დახოცეს და ამგვარად გააპროტესტეს მეჩეთის აგება როგორც იმ ტერიტორიაზე, ასევე მათ ქვეყანაში… სულ ცოტა ხნის წინათ კი შვეიცარიაში რეფერენდუმიც ჩატარდა ამ თემაზე, სურდათ თუ არა შვეიცარიელებს, რომ მათ ტერიტორიაზე მეჩეთი აშენებულიყო?!. ხმათა უმრავლესობით გაირკვა, რომ შვეიცარიელები ახალი მეჩეთის მშენებლობას თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ დაუშვებდნენ, თუმცა რიგ ქვეყნებში ხმა ერისა, ხმა ბერისა ისეთ დონეზეა, როგორც აქ, ამ ჩვენს ქვეყანაში…

10 სექტემბერს ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე, მორიგი მედრესეს (სასულიერო სასწავლებელი) გახსნამდე ორი დღით ადრე, აგრეთვე საქართველოში თურქეთის რელიგიათაშორისი სამმართველოს უფროსის ჩამოსვლამდე, მედრესეს კარზე ჯერ კიდევ უფუნქციო სასწავლებლის კარზე, ქართველმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამ ღორის თავი ჩამოკიდა და ამ ნაბიჯით გააპროტესტა ის, რაც ამ ბოლო დროს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სამცხე-ჯავახეთსა და გურიაში ხდება…

„ქრონიკა+“-ის ყველა ექსკლუზივი გამართლდა და ცამდე მართალი ყოფილან ჩვენი წყაროები, როდესაც არა მხოლოდ მუსლიმანურ პანსიონატთან დაკავშირებით გვაწვდიდნენ ინფორმაციას, არამედ თურქულ ექსპანსიაზე დოკუმენტურად საუბრობდნენ და საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ამ ღია პროვოკაციაში ასევე ღიად ადანაშაულებდნენ…

პირადად მე, რამდენადაც, ასე თუ ისე, გათვითცნობიერებული ვარ ისლამის რელიგიაში _ ღორის მნიშვნელობა კარგად მომეხსენება… მეტიც, ვიცი, რომ დონღუზე სალანძღავი სიტყვა არ არსებობს, რადგან ღორი, ისევე როგორც ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, უწმინდურ ცხოველად არის შერაცხული და ამას ბიბლიაც მოწმობს, როცა იესომ გონგადასული ჭაბუკიდან ეშმაკისეული განდევნა და ღორების კოლტში მიუჩინა მას ადგილი… აღვნიშნავ იმასაც, რომ 10 სექტემბერს, როდესაც ჯერ კიდევ გაუხსნელი მედრესეს კარზე ღორის თავი დავინახე, გულმა რეჩხი მიყო, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ვიცოდი, თუ როგორი გაგრძელება შეიძლებოდა მოჰყოლოდა ყოველივე ამას, თავს ერთგვარად ვიდანაშაულებდი კიდეც, _ ეს როგორ გამომეპარა და, თურმე, რა შორს წასულა თურქული ექსპანსიის საცეცები ქობულეთში-მეთქი?!.

ჯერ კიდევ შარშან ვიცოდი, რომ ლერმონტოვის ქუჩაზე თურქეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, ვინმე მუსტაფა ბუიოღლიმ, 4-სართულიანი კერძო სახლი იყიდა. თუ გახსოვთ, ამის შესახებ სტატიაც კი მქონდა გამოქვეყნებული „ქრონიკა+“-ში, როცა კი სახლის მეპატრონე საქართველოში არ იმყოფება, მეზობლები უხდიან მოსული ქვითრებით კომუნალურ გადასახადებს-მეთქი… გაგახსენდათ?!. დიახ, სწორედ იმ მუსტაფა ბუიოღლის კერძო საკუთრებაში მოხდა ყოველივე, მაგრამ ჩვენც ხომ ვიცით, რომ ეს ყველაფერი, რაც დღეს აჭარაში ხდება, ასე მარტივად არ დამთავრდება?!. როცა ქართველი ამბობს, _ მოვიდეს თურქი, ააშენოს რაც უნდა, იყიდოს რაც უნდა, ჩვენ ხომ დაგვასაქმებსო, _ ნორმალურია?!. და ეს მაშინ, როცა დაახლოებით 450 ათასი ქართველი იმავე თურქეთში წელმოდრეკილი, მონად ქცეული, ვინმე აღასთან მუშაობს და თურქზე უფრო ასჯერ ნაკლები გასამრჯელო ერგება?!. აჭარაში დღეს მუსლიმთა მედრესეების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა… ხულოში, ქედაში, შუახევში, ორი სასწავლებელი ქობულეთში და მითხარით, ერთი, მესამე რაღა საჭიროა?!. ანდა ამდენი სასწავლებელი რისთვის უნდათ, ყოველი მეორე მოლა ხომ არ იქნება?!. ბევრმა არ იცის, მაგრამ ამ მედრესეებში გოგონებსაც ამზადებენ და ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ მედრესეებში სწავლა უფასოა, საკვებსაც სამჯერადად გასცემენ, იქ დაძინებაც შეუძლიათ ქართველ ბავშვებს და გამედრესებულ აჭარაში, გაღატაკებულ აჭარაში, ეს, თურმე, ნორმა ყოფილა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ღორის თავის ჩამოკიდება მედრესეზე ნორმალური და ქრისტიანული საქციელია, მაგრამ არც ის არის ნორმალური და ცივილიზებული საქციელი, რომ ყოველგვარი სახელმწიფო ინსტიტუციების ფარულად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თუნდაც მუსლიმმა საქართველოში თავისი სასწავლებლები ააგოს და არად ჩააგდოს, თუნდაც, სასწავლებლის გარშემო მცხოვრებთა აზრი.

„ქრონიკა+“-ის მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ აჭარისადმი განსაკუთრებული და სენსიტიური დამოკიდებულება მაქვს, ამიტომაც არ გამჭირვებია მომხდარის დეტალებში გარკვევა და როგორც არ უნდა გაუკვირდეს ეს ვინმეს, „ღორის თავის“ პროვოკაცია არა ქართველთა გამო მომხდარა, არამედ მუსტაფა ბუიოღლუს ე. წ. მეუღლის პროვოკაციული გამოხტომის შედეგად და არც არავის უნდა გაუკვირდეს ის, რომ ქობულეთელებს შემდეგ მსგავსი რეაქცია ჰქონდათ აღნიშნულზე…

თურმე, ნუ იტყვით და, თურქი მუსტაფა ბუიოღლუს ქართველი მეუღლე ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებს და, მათ შორის, ქალებს წინ გადადგომია და ასეთი სიტყვები უთქვამს: „რად გინდათ ჩემი ქმარი, ალბათ, თქვენ ჩემს ქმართან ლოგინში ჩაწოლა გინდათო…“  ანუ ეს იყო შანტაჟი თავიდან ბოლომდე და ამ შანტაჟის ავტორი, როგორც უკვე აღვნიშნე, არა ქართველი დიასახლისები, არამედ თურქი მუსტაფა ბუიოღლუს მეუღლე გამხდარა. სულელი უნდა იყოს ვინმე, ამას ვერ მიხვდეს, მაგრამ ყურანის სწავლების ინსტიტუტს, იგივე პანსიონს, წესით, ხომ უნდა არეგისტრირებდეს, გნებავთ, განათლების სამინისტრო და, გნებავთ, აჭარის ადგილობრივი უწყებების კანონმდებლობა?!. ან ის პროვოკატორი თურქის მეუღლე, კატალაძის ქალი, განა ქართველია, ასეთ ნაბიჯებზე რომ მიდის?!. განა თვითონ ვერ აცნობიერებს, რომ რელიგიათაშორისი დაპირისპირების ასპარეზი არამც და არამც არ უნდა გახდეს აჭარა?!. ანდა როგორ შეიძლება ორ ძმას _ მუსლიმ და მართლმადიდებელ ქართველებს შორის კვლავ თურქეთის იმპერიალისტურმა მანქანამ ჩააგდოს პროვოკაციის ნაღმი?!. არ ვიცი, ვისაც მე დავურეკე, ყველა ერთხმად მეუბნება, _ პროვოკაცია იყოო, მაგრამ მუსტაფა ბუიოღლუსა და ქალბატონი კატალაძის უკან ვიღაც რომ დგას, ვიღაც რომ აფინანსებს ამ მედრესეების აღჭურვას ყველა ინვენტარითა და სასწავლო ლიტერატურით, თუ ქვეყანა გქვია, ხელისუფალი თუ გქვია, ამ ფაქტებით არ უნდა ინტერესდებოდე?!.

რა ვიცი, როცა მე აჭარაში ვმუშაობდი, ჯემალ პაქსაძეზე ამბობდნენ, „კაგებეს“ აგენტიაო და დღეს აჭარის მუსლიმთა მუხტი რომ დაერქვა, „კაგებეს“ აგენტი აღარ არის?!. როგორ არ რცხვენია, რომ აცხადებს, _ რაც კი აჭარაში მედრესეებია, სულ ჩვენი, აჭარელი მუსლიმების შემოწირული ფულებით არის აშენებულიო?!. ერთი მითხარით, მშიერ, გაღატაკებულ აჭარაში, საიდანაც ნახევარი თურქეთშია გადახვეწილი და მონობაში ხდება სული _ ფულს ვინ სწირავს, ანდა სად აქვთ იმდენი ფული, სხვას რომ უწილადონ?!. ამიტომ ტყუილია, ბატონებო ეს, რომ შემოწირული თანხებით შენდება მეჩეთებიც და მედრესეებიცო და მიხედეთ ქვეყანას, მიხედეთ ხელისუფალნო, თორემ ერთი რეფერენდუმი 1918 წლის მაისში თურქებმა  უკვე ჩაატარეს და მეორე რეფერენდუმი _ აჭარა თურქეთის შემადგენლობაშიო, ემანდ, კარის დირეზე არ წამოგვეწიოს… მე თქვენ გეტყვით და ვერ გამართავენ?!. რაც მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში თურქებს მიაგო, რაც მან მათ მიწები, სასტუმროები, მოქალაქეობა და სხვა პატივი მიართვა, რეფერენდუმს კი არა, სულ მალე, თუ გონზე არ მოვეგებით, უარესსაც მოგვთხოვენ და ღირსებიც ვიქნებით, რადგან ერთეულების გარდა ამ შავ ჭირზე ხმა არავის ამოუღია და თუ ამოუღიათ, დაუცინიათ _ XXI საუკუნეა და რა დროს ვინმეს ექსპანსიააო?!

და ეს ხდება მაშინ, როცა იგივე XXI საუკუნეში ჯერ აფხაზეთი აგვახიეს, შემდეგ სამაჩაბლო, შემდეგ ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრი, სამხრეთითაც არაერთი ათეული კილომეტრი და საერთოდ, ვიცით კი რეალურად, რას ვფლობთ და რას _ არა?!. აქ საუბარია იმაზე, რომ უპატრონოდ არის ქვეყანა დაგდებული, არავის აინტერესებს, რა იყო წარსულში, თუნდაც აჭარაში, მათრახის ქვეშ გამუსლიმებული აჭარა როგორ გმინავდა 300 წლის განმავლობაში და ნურც ის დაგვავიწყდება, ბატონებო, რომ ქართველ გმირ მებრძოლებთან ერთად ერთმორწმუნე რუსეთის დამსახურებაც დიდია იმაში, დღეს აჭარა რომ საქართველოს ეკუთვნის და მის თავზე საქართველოს დროშა რომ ფრიალებს!..

მომკალით და არ მჯერა, რომ აჭარაში თურქთა მასობრივი შემოდინება სპონტანურად და მხოლოდ კორუფციული თვალსაზრისით ხდებოდა. მახსოვს, მაშინ, როცა სარფის კართან რუსების 54-ე ბატალიონი იდგა, თურქები არათუ დამკვიდრებას, არამედ თამამად გადმოსვლასაც ვერ ბედავდნენ და ქუჩაში სახელი „რუს-იკო“ რომ დაგეძახა და გვერდზე თურქი მდგარიყო, შეშინებული გამოგხედავდა, რადგან სიტყვა „რუს“ მათში დიდი მარცხის მოგონებებს აღძრავდა და ეს მარცხი მათ რუსეთ-თურქეთის ომის დროს ზომაზე მეტად იგემეს!.. სულელი უნდა იყოს ვინმე, ამას ვერ ხედავდეს, ამის შემდეგ მაინც კმაყოფილი იყოს, _ „თავისუფალ აჭარაში“ ვცხოვრობ, ქალაქი განათებულია და სულ ფეხებზე მკიდია, ვინ მომცემს სამსახურს, თურქი თუ ირანელიო!.. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთმეგობრობის არაერთ დოკუმენტს მოეწერა ხელი, თურქული მხარე კვლავ აფართოებს ექსპანსიის არეალს და კვლავაც ჯიუტად გაიძახის, რომ ბათუმი ჩემიაო!.. ამას არა მხოლოდ დაბალ ეშელონებში, არამედ თურქეთის სახელმწიფოს მაღალ იერარქიებშიც ადასტურებენ და მერამდენედ უნდა გავიმეორო, რომ „საღმრთო აღთქმა“ („ბათუმი ჩვენია და დასაბრუნებელი“, _ ი. გ.) როგორც ანდერძი, ისე აქვს მიღებული თითოეულ თურქს, როგორც ყურანის სურებში დაწერილი ჭეშმარიტება?!.

ისიც გასაკვირია, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა, ისევე როგორც ახალციხის მეჩეთის მშენებლობა, ორიოდე დღის წინ საქართველოში მყოფმა თურქეთის რელიგიათაშორისი სამმართველოს უფროსმა კვლავ წამოწია და მტკიცებულებით ფორმაში აღნიშნა, რომ ეს ორი მეჩეთი ახალციხესა და ბათუმში აუცილებლად აშენდებაო… იქვე ისიც დააანონსა, რომ ბათუმში აშენებულ მეჩეთს აზიზიე დარქმეოდა და რომ ბატონი თავმჯდომარე პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ სტუმრად ჯერ ახალციხეში, ხოლო შემდეგ ბათუმში ჩაბრძანდებოდა… ძმობას და მეგობრობას რა სჯობია, მეგობრებო, ყველას თავისი აღმსარებლობის მიხედვით გაუმარჯოს და მეც მყავს სხვა რელიგიის მიმდევარი მეგობრები, მაგრამ თუკი შვეიცარიაში კითხულობს შვეიცარიელი, თუკი რეფერენდუმის დონეზე აყენებს ამგვარ საკითხებს, ჩვენ რა დავაშავეთ, ჩვენ რატომ არავინ გვეკითხება, უნდა აშენდეს თუ არა საქართველოში კიდევ ორი მეჩეთი?!. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ, გარდა იმისა, რომ გვყავს ჩვენი მუსლიმი ქართველები, აგრეთვე გვყავს ქვემო ქართლსა და პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი აზერბაიჯანელი თუ ქისტი ეთნოსის მოქალაქეებიც, მაგრამ რაღაც არ გამიგონია, რომ მათ ასე დაჟინებით, ასე უტიფრად და ასე ცინიკურად ეურთიერთოთ ქართველებთან და მეჩეთების აგება ასეთი ტონით მოეთხოვოთ?!. ექსპანსიაა, აბა, რა ოხრობაა, როცა აჭარის მთავარი მუფტის გარშემო საქართველოში ფულნაშოვნი და თურქეთიდან სპეციალურად ჩამოსული ბობოლა მუსლიმები გარშემორტყმულან?!. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებმა, თუკი ასეთი საერთოდ გაგვაჩნია, აუცილებლად უნდა მოიკვლიონ ის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა, რომელშიც მკაფიოდ იქნება გაწერილი, რა შემოწირულობებით, რომელი ქვეყნის ვალუტით და რამდენი კილოგრამი თვალ-მარგალიტის საფასურად აღაშენეს აჭარაში ამოდენა მეჩეთები, მედრესეები, თუ სხვა საკულტო ნაგებობები?!. გაუგებრობები რომ არ იყოს ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის, ვფიქრობ, უპირველესად ეს თემა უნდა გახდეს აქტუალური, ანუ დაფინანსების კერების გასაჯაროება და შემდეგ, თუ მე მტყუანი ვიქნები, სახალხოდ მოვიხდი ბოდიშს, თუ არადა, ჯემალ პაქსაძე გამოვიდეს თავისი ტარიელა ნაკაიძით და იმათმა მოიხადონ ბოდიში სრულიად აჭარის წინაშე. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, მეტად საინტერესო ინფორმაციები მოგროვდება დაინტერესების შემთხვევაში, მაგრამ თუკი ქვეყანამ წაუყრუა და იგნორირების გზას დაადგა სხვა ქვეყნიდან შემოდინებული როგორც რელიგიის, ისე ფინანსების კუთხით, _ წინ დიდი განსაცდელი დაგვემუქრება და შემდეგ უკვე ძალიან გვიანი იქნება, ძალიან გვიანი, რადგან ისლამური სამყარო არა მხოლოდ ევროპას უტევს, არა მხოლოდ ამერიკას აფეთქებს, არამედ მოდის ჩვენთანაც, უფრო სწორად, დიდი ხნის მოსულია და რას გვიქადის, უფალმა უწყის!

„Vivos voco !“ (ვივოს ვოკო, ლათ.) _ ვეძახი ცოცხლებს!!!

ამ სიტყვებით დადიოდნენ დაჭრილ-დახოცილებით მოფენილ ბრძოლის ველზე ცოცხლების მოსაძებნად გაგზავნილები. მომდევნო საუკუნეებში ამ გამოთქმამ აფორისტულობა შეიძინა და საქმის გამკეთებელ, მოქმედი ძალების გამომღვიძებელ მოწოდებად იქცა…

ბატონებო, ხომ არ მოვიდა დრო, ამ უნიათო ხელისუფლებას შევუძახოთ: „Vivos voco!“ _ ვეძებთ და ვეძახით ცოცხლებს?!.

10 სექტემბერს ქობულეთში ჩამოკიდებული ღორის თავი _ ეს წინასწარ დაგეგმილი მავანთა პროვოკაცია _ ამის უფლებას გვაძლევს და თუ საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ვინმეა ცოცხალი, გამოვიდეს და ღიად განაცხადოს ის, რომ ზოგადად აჭარაში სერიოზული კრიზისია შექმნილი, როგორც სამთავრობო, ისე სოციალურ და ისე თურქთა ექსპანსიის თვალსაზრისით!!! თუკი ვინმეა ცოცხალთაგანი იმავე აჭარის მთავრობაში, ნება იბოძოს და საჯარო რეესტრიდან სულ წვრილ-წვრილად ამოყაროს ის დოკუმენტები, სადაც ოსმანთა იმპერიის ნარჩენების მიერ არაერთი ათასი კვადრატული ქართული მიწაა შესყიდული და რამდენად კანონიერად მოახდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ როგორც მიწის, ისე შენობა-ნაგებობების გასხვისება, აი, ამაზე გაგვცენ პასუხი და შემდეგ დადონ არგუმენტები იმისაც, რატომ არ უნდა ჰქონდეს აჭარის მოსახლეობას უფლება, აღშფოთება გამოთქვას ყოველივე მომხდარზე?!..

„Vivos voco!“ _ ვეძახით ცოცხლებს!.. ვუხმობთ ცოცხლებს!..

 

                                                                                                  ირინე გოგოსაშვილი