ხათუნა ხოფერია: „საქართველოში არის კრიმინალური ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში ვერ მოვა“

ყოფილი პარლამენტარი და „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი, ხათუნა ხოფერია, 20 ივნისს პარლამენტის წინ მომხდარ დაპირისპირებასა და აქციის დარბევაზე „ქრონიკა+“ ესაუბრა. მისი თქმით, ეს გახლდათ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და პოლიტიკური აქტი, რომელიც გიგა ბოკერიას მიერ იყო ორგანიზებული.

ვინ სად დაუშვა შეცდომა? იყო თუ არა სახელმწიფო ადეკვატური? ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და როგორ აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში?
„ქრონიკა+“-ის კითხვებს ხათუნა ხოფერია პასუხობს:

_ ქალბატონო ხათუნა, თქვენ რამდენიმე წლის განმავლობაში იყავით პარლამენტის დეპუტატი, შესაბამისად, სისტემას კარგად იცნობთ. როგორ აფასებთ რუსეთის დუმის დეპუტატის („კომუნისტური პარტიიდან“), სერგეი გავრილოვის ვიზიტს საქართველოში? ასევე პარლამენტის სხდომათა დარბაზში და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს?
_ სამწუხაროდ, ფაქტის წინაშე დავდექით. მტერი სახელმწიფოს დეპუტატი სხდომას უძღვებოდა რუსულ ენაზე და ეს ყველაფერი ხდებოდა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია დაუფარავი და აგრესიული ემოცია. ყველა სრულიად გაოგნებული ვართ. მაშინვე დავწერე პოსტი, საკმაოდ მძიმედ შევაფასე ფაქტი და უმრავლესობას მივმართე. რვა წელი ვიყავი დეპუტატი და საკმაოდ კარგად ვიცი პარლამენტის რეგლამენტი, რა როგორ მუშაობს, როგორ იგეგმება საკომიტეტო მოსმენები, პარლამენტის შენობაში ნებისმიერი კუთხე-კუნჭული როგორ გამოიყენება. გარკვეული ეჭვები გამიჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლებოდა, ერის ღირსების შემლახველი ფაქტი მომხდარიყო ქვეყანაში, რომელსაც ამდენწლიანი პარლამენტარიზმის ისტორია აქვს.
როცა ასეთი მაღალი რანგის ანსამბლეა ტარდება, ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი და პროტოკოლით უნდა იყოს გაწერილი. ამ ადამიანებისთვის, ალბათ, მოწვევები გაიგზავნა, სასტუმროში ნომრები დაიჯავშნა, პარლამენტში დაიშვა საშვები. ფიგურალურად ეს ადამიანები ამ პროცესიდან ვერანაირად იქნებოდნენ გამორიცხული. რატომ უკვირდათ უმრავლესობის წარმომადგენლებს: ბატონ თალაკვაძესა, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ქალბატონ ჩუგოშვილსა და ა. შ.? როგორ დავიჯერო, ფრაქციაში უმრავლესობის სხდომაზე არ განიხილეს, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზი ორი დღის განმავლობაში უნდა დათმობოდა ასეთ რანგის ასამბლეას? წარმოუდგენელია, ბიურის სხდომაზე არ ყოფილიყო გატანილი. და თუ ეს ყველაფერი არ გაკეთებულა, მაშინ დღევანდელი პარლამენტიც მოსაშლელია და ყველა პანჩურით გასაგდები იქიდან. თუ ასეთი შეხვედრები ტარდება ისე, რომ მსჯელობის საგანი არ არის, ეს არაპროფესიონალიზმია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ოპოზიციასაც მონაწილეობა აქვს მიღებული, ამ დელეგაციის წევრები „ევროპული საქართველოს“ წევრებიც არიან _ სურათები გამოქვეყნდა გიგი წერეთლის. ისინი ძალიან კარგად იყვნენ საქმის კურსში, რომ რუსეთის დელეგაცია ჩამოდიოდა საქართველოში და პარლამენტში უნდა მისულიყო. რამდენადად ვიცი, ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს რუსეთთან და როდესაც კომუნისტური პარტიის ლიდერი ჩამოდის, როგორ დავიჯერო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ეს ყველაფერი ვერ გაიაზრა, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა?
ყველაფერი პარლამენტის აპარატში მწიფდება და პარლამენტის აპარატის უფროსმა, ბატონმა გივი მიქანაძემ, არ იცოდა, რომ იმ დღეს სხდომა მიჰყავდა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელს?! და თუ მან ეს არ იცოდა, მაშინ რა უნდა იქ?! სხვათა შორის, ეს პიროვნება ყოფილი „ნაციონალია“, ის იყო ადეიშვილის მოადგილე, პენიტენციური სისტემის რეფორმაში ჩართული, ანუ იმ რეფორმის სისტემაში, სადაც ადამიანებს აუპატიურებდნენ და იმ ციხეების, საიდანაც 9 წლის განმავლობაში საქრთველოს მართვდნენ. ძირითადი პულტი საქართველოს მართვის იყო ციხეში და ეს ბერკეტები ხელთ ეპყრა ამ პიროვნებასა და ზურა ადეიშვილს. ყველაფერი უმსგავსობა რაც ხდებოდა ციხეებში: ნოტარიულად გადაფორმებები, ადამიანების გაუპატიურებები, ჩვენებების გამოძალვა იმაზე, რომ ვითომ აგენტები იყვნენ და ა. შ.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი კარგად ორგანიზებული პროვოკაცია იყო?
_ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, სერგეი გავრილოვზე მომზადდა გადაცემა, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ეთერში გავიდა. ასევე ამ პიროვნების გამონათქვამები საქართველოსთან დაკავშირებით აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებსა და პრესაში. ფონი მზადდებოდა, რომ ის იყო მტერი. თუ არავინ არაფერი იცოდა, სასწრაფოდ არის ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები. ეს უკვე უცოდინრობა და დანაშაულია ქვეყნის წინაშე, როდესაც პარლამენტი მზაობას ვერ ავლენს და თავის ძირითად ფუნქციას ვერ ასრულებს! ამხელა პოლიტიკური აქტი ჩაუტარეს, დარწმუნებული ვარ, „ევროპულმა საქრთველომ“ ძალინ კარგად იცოდა ყველაფერი, მომზადებული იყვნენ და საპროტესტო სცენა დადგეს სხდომათა დარბაზში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ადამიანი უმრავლესობიდან ჩართული იყო ამ ყველაფერში და ძალიან კარგად იცოდა, რა სცენარიც უნდა გათამაშებულიყო პლენალურ სხდომათა დარბაზში. რა თქმა უნდა, ეს ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეისწავლონ: ვინ მიიღო გადაწყვეტილება? ვინ რას მოაწერა ხელი? სად იყო ეს საკითხი განხილული? ვინ მისცა დასტური მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ჩატარებას? ვის ხელში გაიარა დღის წესრიგმა? ვინ რა ინფორმაციას ფლობდა და საიდან? აი, ეს ყველაფერი უნდა შეისწავლონ და ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს, რადგან რაც მოხდა, პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა.
_ სწორედ ამიტომ ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა…
_ ათასობით ადამიანი ნამდვილად შეიკრიბა დღის განმავლობაში, რომ მომხდარი ფაქტი გაეპროტესტებინა. იქ იყო „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი მომხრეც და ასევე იყო ძალიან ბევრი ის ადამიანი, ვინც აღშფოთდა მთელი თავისი არსებით. მაგრამ მერე რა მოხდა? _ აქციის მართვის ბერკეტები „ნაციონალურმა მოძროაბამ“ ჩაიდგო ხელში და სუფთა სამოქალაქო პროსტესტი გადაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ და პოლიტიკურ აქციად. ამის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოშორდა მიტინგს, რადგან „ნაციონალებთან“ ერთად შეგნებულ და ნორმალურ ადამიანს არ უხარია ყოფნა და ეს ფაქტია.
_ ხელისუფლება რამდენად ადეკვატური იყო იმ პროცესებზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე განვითარდა?
_ ბევრი საათის განმავლობაში ხელისუფლება ძალიან ადეკვატური იყო. იგი იცავდა საკანონმდებლო ორგანოს შენობას თავდასხმისგან. მოწოდებები კეთდებოდა, მთავრობა უნდა დაემხოთ. გია ბარამიძე ამბობდა, რომ 24 საათში დაამხობს ხელისუფლებას, მსგავს განცხადებას აკეთებდა გიგი უგულავაც. სხვათა შორის, ამ პროცესს ძალიან საინტერესო თამაში ახლდა: ბოკერია, რომელიც ინიციატორი იყო ამ ყველაფრის და საპარლამენტო სპექტაკლის ავტორიც ის გახლდათ, ძალიან მალე გამოეთიშა პროცესს და განაცხადა, რომ ის არ არის მომხრე იმ ძალადობის, რასაც აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა.
ბოკერია ამბობდა, რომ, მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობიანი საპროსტესტო ფორმის მომხრეა და ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. თუმცა გიგი უგულავა ბოლომდე იდგა მომიტინგეებთან, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, პოლიტიკური აქტისა და სექსუალური აქტის ჩატარებით ემურებოდა ყველას, თუკი ვინმეს სახელი და გვარი გაახსენდა. იგინებოდა და იყო ერთ ამბავში. ცოტა უცნაურია, რადგან „ევროპულ საქართველოს“ ახასიათებდა სტაბილურად გუნდური ურთიერთობა და ისინი რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს არ ამჟღავნებდნენ, თუმცა უგულავას შემთხვევა ალბათ ახალი პოლიტიკური თამაში იყო. „ევროპულ საქართველოს“ საკმაოდ მძიმე სიტუაცია უდგას, მას რეალურად ამომრჩეველი არ ჰყავს, ის არის ჩამოკიდებული „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მაგრამ ამ სიტუაციაში დაინახეს, რომ გარკვეულ კრიმინალთან და კანონდარღვევასთან ჰქონდათ საქმე და ლიდერების ერთი ნაწილი გაემიჯნა პროცესებს, რათა გადარჩენილიყო, როგორც პოლიტიკური ძალა. 20 ივნისის აქციაზე გია ბარამიძით დაწყებული, ყველა ვინც გამოდიოდა, ამბობდა, რომ არ გვიღალატოთ, იყავით ჩვენთან, ჩვენ ამ ხელისუფლებას დავამთავრებთ და ახლა ჩამოიშლება სახელმწიფო, ოღონდ თქვენ არ წახვიდეთ სახლშიო.
როგორც კი პირველი გაზი გაუშვეს, იმის მერე სად აორთქლდნენ იმ გაზთან ერთად ოპოზიციის ლიდერები, კაცმა არ იცის. გვიან ღამემდე ვუყურებდი და თვალი ვერ მოვკარი ვერც ერთს.
კარგა ხანი იმუშავეს იმაზე, რომ გრადუსი აეწიათ ამ ადამიანებისთვის და ბოლოს სპეცრაზმის პირისპირ ხელმძღვანელობის გარეშე დატოვეს. პარალელურ რეჟიმში იძლეოდნენ ინტერვიუებს, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა იყო ხალხის გადაწყვეტილება და ეს ხელისუფლება უნდა დამხობილიყო. რაც მოხდა, ძალიან ცუდია, შვიდი წლის მანძილზე ყოველ წელს ვიმეორებდი, რომ 2012 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც გვქონდა, ეს იყო მშვიდობა, არ იღვრებოდა სისხლი, რომელიც, ასე ვთქვათ, იმ 20 ივნისის ღამეს დამთავრდა ამ პროვოკაციის წყალობით.
საბოლო ჯამში, ხელისუფლება დარჩა ხალხის წინაშე და, პრაქტიკულად, შეატოვეს კანონდამრღვევი მოსახლეობა, კანონდამრღვევი ქართველობა, რომელიც შტურმზე გადადიოდა და სახელმწიფოს უპირისპირდებოდა, ურტყამდა, ქვებს ესროდა, იყო ძალიან აგრესიული და ეს მოსახლეობა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე დარჩა. ძალიან ცუდი სურათი შეიქმნა. ოპოზიცია არის სამარცხვინო, არც ხელისუფლება გახლავთ დითირამბების ღირსი. ერთადერთი, ვისაც მადლობას ვეტყოდი, იყვნენ ჩვენი შვილები, საწყალი სპეცრაზმელები, რომლებიც ადგილიდანაც კი არ განძრეულან, იცავდნენ იმას, რაც უნდა დაეცვათ, იმიტომ რომ პარლამენტის შენობაში ერთმა ადამიანმაც რომ გადაწყვიტოს ძალადობრივი გზით შესვლა და არ დაემორჩილოს დაცვის სამსახურის მოწოდებას, დაცვას უფლება აქვს, იარაღი გამოიყენოს… ხვდებით, როგორ ობიექტთან გვაქვს საქმე? ყველა მოქალაქე ვალდებულია, დაიცვას სახელმწიფო სიმბოლო.
_ შემზარავი კადრები ვიხილეთ, თუ როგორ უსწორდებოდა პოლიცია აქციის მონაწილეებს, რამდენიმე მათგანი დასახიჩრდა კიდევაც… აქციები დღესაც გრძელდება, მოსახლეობა ითხოვს ვადამდელ არჩევნებს და გიორგი გახარიას გადადგომას. როგორ ფიქრობთ, გამოვა „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრიზისიდან?
_ თქვენ ჟურნალისტი ხართ და როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებს ახსენებთ, აუცილებლად ვახსენოთ ის 40 სპეცრაზმელი, რომელიც ასევე ძალიან სერიოზულად მძიმედ დაშავდა.
სპეცრაზმელები, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ, გარკვეულმა ადამიანებმა გაიმეტეს, ფიზიკური ტკივილი მიეყენებინათ. ორივე მხარე ავიღოთ, ძალიან ცუდი რამ მოხდა და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც დასასჯელია. თუ არადა, დატოვონ მანდატები პარლამენტარებმა. და თუ დადასტურდა, რომ სპეცრაზმმა ან პოლიციამ ძალას გადაამეტა და ისეთი მასალა გამოიყენა, რისი უფლებაც არ ჰქონდა, ფაქტს აუცილებლად უნდა მოყვეს სათანადო რეაგირება. რაც შეეხება ხალხს, ვინც ფიზიკურად ძალადობდა სპეცრაზმელებზე, ყველა ის პოლიტიკოსი, რომელმაც პროვოცირება მოახდინეს, ვინც ემუქრებოდა სხელმწიფოს, სტაბილურობას, დამოუკიდებლობას, შემდგარ სახელმწიფოს აყენებდა საფრთხის ქვეშ, ყველანი უნდა დაისაჯონ. ეს არ არის ის სიტუაცია, რომელიც შეგიძლია გადაფარო, გაატარო, კულუარებში დაჯდე და ივაჭრო, ეს უნდა დამთავრდეს. პირველ რიგში უნდა დამთავრდეს კოჰაბიტაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს არის დამნაშავე რეჟიმი, რომელიც უნდა დაისაჯოს. „ნაციონალებმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ რევანშისტული ძალაა, ეს არის სისხლიანი რეჟიმის გაგრძელება საქარველოში, ამიტომ მათი მოღვაწეობა უნდა დამთავრდეს! რცხვენოდეს ყველა დეპუტატს, ვინც ირმა ინაშვილს მხარი არ დაუჭირა, როდესაც მან ანალოგიური კანონპროექტი წარადგინა პარლამენტში. ამ ხელისუფლებას ვერ გადააყენებ და ვერც გაუშვებ. ეს ხელისუფლება აუცილებლად ჩაანაცვლებს თავის წევრებს ახალი სახეებით. ეს ხელისუფლება იქნება 2020-მდე და 2020 წლის შემდეგაც.
საქართველოში არ არის ოპოზიციური ძალა, რომელიც ღირსია ხელისუფლებაში მოსვლის. საქართველოში არის კრიმინალური დამნაშავე ოპოზიცია, საკუთარი ქვეყნის მტერი ოპოზიცია და ის ხელისუფლებაში ვერ მოვა!

ლევან ქემოკლიძე