როგორ დასცინის თეა წულუკიანი პოლიტპატიმრებს

10581566_10204106221351202_797056749_n

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილები პოლიტიკური პატიმრობის სტატუსით გათავისუფლებულ პირებს… ყოფილი პოლიტპატიმრების რესოციალიზაციის თეა წულუკიანისეული პროგრამა და ბენეფიციარების ბიოფსიქოსოციალური შეფასების „ინოვაციური“ ინდივიდუალური გეგმა. რატომ არიან უკმაყოფილოები ყოფილი პოლიტპატიმრები? კონკრეტულად რა წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს შექმნილ ოფიციალურ დოკუმენტში და უნდა ველოდოთ თუ არა ყოფილი პატიმრების მხრიდან ფართომასშტაბიან აქციებს?

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ყოფილი პოლიტპატიმარი _ ლევან ჩაჩუა:

_ თეა წულუკიანის უწყებიდან პოლიტპატიმრებს მოგვივიდა ოფიციალური დოკუმენტი, საიდანაც ვიგებთ, რომ არის რაღაც საგრანტო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ხდება პოლიტპატიმრების რესოციალიზაციის პროცესის დაწყება. ჩვენ ორი წელი ველოდებოდით ამას სულგრძელად და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა მკაცრი რეკომენდაცია მისცა საქართველოს იმის გამო, რომ პოლიტპატიმრებისთვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი რეაბილიტაცია მოეხდინათ. მათ შორის გაეროს დოკუმენტში პირდაპირ არის საუბარი ასევე ფულადი კომპენსაციის შეახებ. როგორც ჩანს, წულუკიანმა გადაწყვიტა, ეს რეკომენდაცია სათავისოდ გამოეყენებინა და იმის მაგივრად, რომ მოეხდინათ პოლიტპატიმრების სრული რეაბილიტაცია (მათ შორის, დაეწესებინათ ფულადი კომპენსაცია), გრანტით ცდილობს ჩვენზე ფულის გაკეთებას და ეს იმ დროს, როდესაც 150 მილიონის პრემიები აქვთ აღებული. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩვენ დიდი დამსახურება მიგვიძღვის ქვეყნის წინაშე, რომ ყოველთვის ვიყავით სიმართლის მხარეს და ვიცავდით საკუთარ და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და ა. შ. წერია, რომ სახელმწიფო აფასებს ჩვენს ღვაწლს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გულაგებში გატარებულ იმ წლებს და ახორციელებს პროგრამას, რომლის მიხედვითაც სოციალური მუშაკი თითოეულ ჩვენგანს შეხვდება და გააკეთებს: „ბენეფიციარის ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას და დაადგენს ინდივიდუალური მომსახურების გეგმას“.

_ ბიოფსიქოსოციალური შეფასება?

_ ფსიქოშეფასება გასაგებია, მაგრამ ბიოშეფასება… ანუ ჩვენ ადამიანები ვართ თუ ცხოველები, ეტყობა, ამაზე არის საუბარი… აღნიშნულ ოფიციალურ დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ პროგრამის ერთ-ერთი მიზანია პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა. ჩამოთვლილია რამდენიმე, მათ შორის, სხვადასხვა სახელოსნოებში, მშენებლობაზე, საჯარო რეესტრის სკანირების სამსახურში… ე. ი. დოკუმენტების დაქსეროქსებით უნდა დავკავდეთ იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, ამ ტრენინგებს გავივლით. საზოგადოებას მოეხსენება, რა პერიოდი გავიარეთ და რომ თითქმის ყველა ჩვენგანის ბინები იპოთეკით არის დატვირთული. ჩვენი ოჯახის წევრებს სამსახურებიდან ითხოვდნენ, არსად არ იღებდნენ. წარმოიდგინეთ, ასეთ მდგომარეობაში არიან ოჯახები უკვე 4-5 წელია და ყველაზე ცინიკური, რაც დოკუმენტში გვხვდება, არის ის, რომ იუსტიციის სამინისტრო კომპენსაციის სახით ასეთ რამეს გვთავაზობს: ყურადღება ეთმობა ყოფილი პატიმრების ოჯახების სოციალური გარემოს გაძლიერებას და ამ მიზნით ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება _ ფილმის ჩვენება, თეატრში სპექტაკლზე დასწრება, მთაწმინდის პარკში ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები, სპორტული აქტივობები, საფეხბურთო და რაგბის მატჩზე დასწრებებიო…

_ რა რაოდენობის გრანტზეა საუბარი, თუ იცით?

_ ვერ გეტყვით, ალბათ, წესით, ეს გამჭვირვალე უნდა იყოს. იმის მაგივრად, რომ იუსტიციის მინისტრმა გაეროს რეკომენდაცია შეასრულოს, ასეთ რამეს აკეთებს. ეს არის პირდაპირ გამოწვევა, პოლიტპატიმრების დაცინვა და ყველა უკიდურესად აღშფოთებულია!

_ იუსტიციის სამინისტროდან ეს დოკუმენტი ყველა ყოფილ პოლიტპატიმარს მიუვიდა?

_ ჯერ მხოლოდ ნაწილს მიუვიდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თეა წულუკიანი დღევანდელი პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრად არ მოიაზრება, ის ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით არის დანიშნული და ყველამ იცის, რომ ალასანიას გუნდის წევრია. ამიტომ გვინდა შევატყობინოთ ბატონ პრემიერს, თუ მან არ იცის, რას აკეთებს წულუკიანის უწყება, მაშინ მკაცრი რეაგირება მოახდინოს ამ ცინიზმზე და მართლა სერიოზულად იფიქრონ ამ ნაწამები და ჯანმრთელობაშერყეული პოლიტპატიმრების სრულ რეაბილიტაციაზე. თამაზაშვილიც ყოფილი პოლიტპატიმარია და მასთანაც თუ მივიდა ეს წერილი, ალბათ, ისიც შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს. ამის შემდეგ ჩვენ, ყოფილმა პოლიტპატიმრებმა, გადავწყვიტეთ, წერილით მივმართოთ ამერიკის ელჩს საქართველოში, რომელიც დღეს საქართველოში დემოკრატიის გარანტი და ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის წარმომადგენელია. ვაპირებთ, მივმართოთ ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს მისიებს, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და ყველა უფლებადამცველს, მოახდინონ იმ უმსგავსობის შეფასება, რაც დღეს ხდება პოლიტპატიმრების თავს. ასევე, ვთხოვთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღიარებული პოლიტპატიმრები და პარლამენტის ის გადაწყვეტილება, რომელმაც ჩვენ გაგვათავისუფლა საპყრობილეებიდან, აისახოს ევროპისა და ევროატლანტიკურ შესაბამის სტრუქტურებში. თუ სუვერენული ქვეყანა ვართ, როგორც ჩვენ ვცემთ პატივს საერთაშორისო კონვენციებს და ევროპულ კანონმდებლობასთან ვართ მიერთებული ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, მათაც სცენ პატივი ჩვენს სახელმწიფოს, ყურად იღონ პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება. არც ისე დიდი ხნის წინ, 21 დღის განმავლობაში, დედაქალაქის ცენტრში პარლამენტის წინ ვაწყობდით სადღეღამისო აქციებს და არანაირი ყურადღება არ მოგვექცა არც სახელმწიფოსგან და არც არც ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციებებიდან. იუსტიციის სამინისტროდან ამაზე რეაგირებას ნაკლებად ვფიქრობთ, რადგან, როგორც ჩანს, ჩვენზე ფულის კეთებით არიან დაკავებულები. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ რეაგირებას დემოკრატიის იმ გარანტებისგან, რომლებიც ნებისმიერი უფლებადარღვევის შემთხვევაში (რელიგიური თუ სექსუალური ხასიათის) მყისიერად აკეთებენ რეაგირებას. ჩვენ გვახსოვს საქართველოში მომხდარი ძალიან ბევრი ფაქტი, როდესაც როგორც ამერიკის ელჩი, ისე ყველა დიპლომატიური კორპუსის თუ უფლებადაცმცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მკაცრად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და საქართველოს სდებდნენ ბრალს ჰომოფობიაში, ისლამოფობიასა და ა. შ. ყველაზე დიდი უფლებადარღვევა არის ადამიანისთვის პოლიტიკური ნიშნით თავისუფლების აღკვეთა, ყველა საერთაშორისო ნორმით ეს ასეა და დარწმუნებული ვარ, ამერიკაში და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ერთი პოლიტპატიმარიც რომ გამოსულიყო ქუჩაში და რამე გაეპროტესტებინა, ეს იქნებოდა განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ამაზე რეაგირება და ამ მისიებს მივმართავთ თხოვნით, შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტს, რათა მოახდინონ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნების საერთაშორისო კონვენციებით და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გათვალისწინებული რეაგირება.

_ თუ ყოფილი პოლიტპატიმრების აღნიშნულ უკმაყოფილებას არ მოჰყვა რეაგირება, უნდა ველოდოთ თუ არა საპროტესტო აქციებს?

_ არ არის გამორიცხული. როგორც წინა საპროტესტო აქციების დროს ვერ დაინახეს უფლებადამცველებმა ჩვენი უფლებების დარღვევა და ყველასგან უყურადღებოდ ვართ ასე მიგდებულები, თუ კვლავ იგივე მოხდება, ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად მოვაწყობთ საპროტესტო აქციებს მათი მისიების შენობების წინ და ამან შეიძლება სადღეღამისო ხასიათი მიიღოს. ამიტომ მათ, ჯერჯერობით, თხოვნით მივმართავთ და ვნახოთ. აუცილებლად მინდა აღნიშნოთ, რომ განთავისუფლების შემდგომ ორი პოლიტპატიმარი გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანის, ჩვენი მეგობრის, ზვიად ბერიძის გარდაცვალებიდან ჯერ ორმოცი დღეც არ არის გასულა და მისი ხელმოწერაც ახლავს ჩვენს წერილს, რადგან მაშინ იგი ჯერ კიდე ცოცხალი იყო, როცა ეს დოკუმენტი შევიმუშავეთ და ხელმოწერები გროვდებოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი: თუ ისევ იგნორირება იქნება, საპროტესტო აქციების მოწყობა გამორიცხული არ არის!

 

                                                                                         ნინო ლაბარტყავა