ლაშა ბუღაძე: „ხელისუფლებამ დაიცვა გავრილოვი და ბავშვებს დაუთხარა თვალები“

20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატმა და კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის დარბაზი დაიკავა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოყვა. მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ასამბლეა პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება და ნეიტრალურ ადგილს შეარჩევენ. ოპოზიციამ ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვა.
ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, 19 ივნისს სხდომაზე სიტყვითაც გამოვიდა, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია _ იგორ დოლგოვმა პროტესტის ნიშნად ფორუმი დროებით დატოვა და თქვა, რომ არ სურდა რუსეთის ფედერაციის, კერძოდ კი, გავრილოვის მოსმენა.

კითხვაზე, აქვს თუ არა დისკომფორტი იმ ქვეყანაში ყოფნით, რომლის 20% მისი სახელმწიფოს მიერაა ოკუპირებული, გავრილოვი პასუხობს, რომ არანაირი დისკომფორტი არ აქვს და საქართველო მისი სამშობლოა.
სერგეი გავრილოვისთვის დათმობილი სავარძელი პარლამენტის თავმჯდომარეს სამუდამოდ დაატოვებინეს, დაატოვებინეს მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე დაზარალდნენ მოქალაქეები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ოპერატორები… დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს… ასე ფატალურად დასრულდა 20 ივნისის „გავრილოვის ღამე“…

„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე:
_ ლაშა, „გავრილოვის ღამე“ _ ასეთი დეფინიცია მისცეს 20 ივნისის ღამეს. ჩვენ ვნახეთ დასისხლიანებული და დაზარალებული ხალხი. როგორ შეაფასებდით აქციას, სადაც თქვენ ბოლო წუთამდე იყავით?
_ ამ მოვლენების შეფასება უკვე ზედმეტია. საქმე გვაქვს შეურაცხყოფასთან, ღალატთან და თავს ლაფის დასხმასთან ქართული საზოგადოებისთვის. რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს არის დანაშაული. აქციაზე ბოლომდე ვიყავი, სანამ გაზი არ გაუშვეს და ტყვიების სროლა არ დაიწყეს. დემონსტრაციის დროს პოლიციასთან ყოველთვის მიდის ჭიდაობა და მსგავსი რაღაცები. დიახ, თუნდაც ვიღაცას ჰქონოდა პარლამენტში შესვლის მცდელობა, მერე? თუ გავრილოვი ეჯდათ პარლამენტში, ქართველი ხალხი რატომ არ შეიძლებოდა, რომ შესულიყო? ხელისუფლება არის დამნაშავე, ეს არის მოღალატეობრივი მთავრობა, ეს არის ანტიეროვნული ხელისუფლება და ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა წავიდეს. ივანიშვილი არის პათოლოგი და ავადმყოფურ-კლანური, რუსული მაფიოზური 90-იანი წლების მოდელი, ოლიგარქიული ცნობიერებით და გარდა ამისა, არა მგონია, რომ ფსიქიკურად ნორმალურიც იყოს.
_ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ უმრავლესობის უმრავლესობამ არ იცოდა გავრილოვის შესახებო. თქვენ გჯერათ ამის?
_ როგორ შეიძლებოდა, არ სცოდნოდათ?! თურმე ორი წელიწადია მიდის ამაზე მოლაპარაკებები, აქ ჩამოყვანა და ა. შ. ჩვენ ძალიან კარგად გვიცნობენ რუსული სპეცსამსახურები, 200 წელი მათ მონობაში ვიყავით, შესანიშნავად იციან ჩვენი ცნობიერებაც და გაყიდული ჩინოვნიკების ცნობიერებაც. ამაზე ჯერ კიდევ როდის წერდა ილია ჭავჭავაძე. რუსებს ეს ახასიათებთ, ჰიბრიდული ომის ნაწილია. მათ უნდათ, ფიზიკურად დაგვაუძლურონ და დაგვაბეჩავონ, თან მორალურადაც გაგვტეხონ და დაგვცინონ. ასეთი რეჟიმის დამახასიათებელი ნიშანი არის ცინიზმი. ეს იყო გეგმაზომიერი, ხაზგასმული ჟესტი ჩვენთვის. ხალხმა ამაზე რეაქცია მისცა, ხოლო ხელისუფლებამ დაიცვა გავრილოვი და ბავშვებს დათხარა თვალები. რეალობა რომ ვერ დავინახოთ, ხელისუფლებამ დააბრმავა ბავშვები. ეს არის ამ არამზადა ხელისუფლების პასუხი. არანაირი ნაცი-ქოცი აღარ არსებობს, აქეთ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე ხალხი და იქით არის _ პრორუსი. მორჩა, ეს არის გამყოფი ხაზი. ახლა ვიღაცას თუ წარმოუდგენია, რომ მიტინგზე ადამიანი ლამაზად იდგებოდა ბალეტის მოცეკვავესავით, ის, მე მგონი, ადეკვატური არაა. მთავრობა ვერ აღიქვამს, რა ბრძოლაში ვართ ჩართულები მთელი ქვეყანა.
_ „მინდა, რომ ქვეყნები გაერთიანდნენ და დაბრუნდეს საბჭოთა კავშირი“ _ ეს განცხადება ერთ-ერთმა რუსმა დეპუტატმა თბილისში ყოფნის დროს გააკეთა. თქვენი შეფასებით, მათ ნამდვილად აქვთ ეს შეგრძნება? და, ზოგადად, რაზე მეტყველებს ასეთი შინაარსის განცხადებები?
_ ეს კაცი საბჭოთა კომუნისტური პარტიის წევრია, გარდა ამისა, სპეცსამსახურები ამაზე მუშაობენ, რომ მართლმადიდებლობა აქციონ იდეოლოგიის ერთ-ერთ ელემენტად. ვიღაცები ამას ვერ ხვდებიან, მაგრამ ჩვენთვის ერთ-ერთი სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემაა. იგივე დავითგარეჯის საკითხი, სურთ, რომ რაღაც პროვოკაცია მოაწყონ და შევასკდეთ მეზობელს; იქ პანკისის საკითხია, ანუ ანტიმუსლიმური ვნებების გაღვივება; ასევე მეკობრეების ასეთი აქტიურობა, ამ პრობლემის ისეთ დონეზე გაზრდა, რომ გეგონება, აპოკალიფსის საკითხს ეხებოდეს, ასევე საყურეებიანი ხალხის დევნა. ეს არის ერთგვარი გატესტვა, ბოდიშს ვიხდი ამ ჟარგონისთვის. ინაშვილის პროექტი არ არის ძლიერი, რაღაც გაუგებარი პროექტი აღმოჩნდა, ეს ბურჯანაძეც საერთოდ გაუგებარია. ახლა ეს მეკომბლეები გატესტეს, აბა, რას იზამს და როგორ იზამს, ასევე ქართველი საზოგადოებაც. ეს ერთი პროცესია, ერთი სცენარია, რომლის ინსტრუმენტად მართლმადიდებლობას იყენებენ. მღვდელების უმეტესობაც ხომ „კაგებეშნიკები“ არიან. ინსტრუმენტი არის ერთი, რომ იმპერიამ აღადგინოს თავისი გავლენები. გიჟდებიან საბჭოთა კავშირზე და ამიტომაც დღემდე არ მარხავენ ლენინს. პუტინი შეყვარებულია საბჭოთა კავშირზე, ის КГБ-ს ოფიცერია, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს იმ პირობებში და ახლა მით უმეტეს, ამ ინსტრუმენტს შესანიშნავად იყენებს, ანუ ფულს, მილიარდებს, რადგან ეს არის სუპერ კორუმპირებული რუსული რეჟიმი, პლუს მართლმადიდებლობა, როგორც გავლენისა და მანიპულაციის ინსტრუმენტი და ასევე საბჭოთა კავშირის ნოსტალგიური ელემენტები. რასაკვირველია, უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა.
_ თქვენი აზრით, ვისი პასუხისმგებლობა უნდა გამოიკვეთოს?
_ ზოგადად, ძალიან სასაცილოა, რომ ჩვენ პრემიერ-მინისტრის გადადგომას არც ვითხოვთ, იმდენად არაფერს წარმოადგენს. ამ მოვლენების მერე, პირველ რიგში, გახარია უნდა გადადგეს და პლასტმასის რაღაც გაუგებრობა, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ჰქვია. სრულიად სამარცხვინო და უსირცხვილო ადამიანი, რომელმაც თავისი სავარძელი ვიღაც არარაობა გავრილოვს დაუთმო, პირველ დღეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ეგეც კი არ დათმეს. როგორი პათოლოგიური ტვინები აქვთ, გავრილოვის გამო რეებზე წავიდნენ. უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ რუსებთან არიან ანგარიშვალდებულები და არა _ ჩვენთან. მივიღებთ იგივე ნაგავს, რაც გვქონდა.
_ თუმცა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებათ პროვოკატორებს…
_ მთავარი პროვოკატორი დღევანდელი ხელისუფლებაა. ამაზე მეტი პროვოკაცია რა გინდათ, რუსეთის დუმის დეპუტატი, ანტიქართული კაცი თავზე დაგვასვეს და მეტი პროვოკაცია რაღა გინდათ? გაგიჟებული ადამიანი, ყოველდღე იმას რომ უყურებს, თუ რა ხდება იგივე სასაზღვრო სოფლებში და კიდევ ამ რეალობას რომ ხედავ, ის ქართველი კაცი ეჭიდავება პოლიციელს. ნამდვილად ცუდია, არ შეიძლება, პოლიციელს ეჭიდავო, რადგან იგი ქართული სახელმწიფოს ნაწილია, ეს დასაგმობია და, სინამდვილეში, ვერავინ ხედავდა იქ, რა და როგორ ხდებოდა. ვიღაცაზე რომ ამბობდნენ, შეიჭრნენო, ვინმემ ფაქტი დადოს. მე იქ დავინახე დეპუტატი ქალები, მერე სიუჟეტი ვნახე, სამადაშვილი და კიდევ ერთი დეპუტატი როგორ ეკამათებოდნენ უტიფარ გახარიას პარლამენტის შიგნით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია.
_ როგორც მოქალაქეს, რა მოლოდინი გაქვთ. როგორ განვითარდება მოვლენები?
_ ნებისმიერ შემთხვევაში „ოცნების“ ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდად დასრულდება. ნახევარზე მეტი საქართველო აქედან წასვლაზე ფიქრობს და ეს ქვეყანა დარჩება გავრილოვებს, საბოლოო ჯამში, ივანიშვილიც არ დარჩება აქ და თავისი შვილები კი ჰყავს გადახიზნულ-გადმოხიზნული, ფული მაგათ არ აკლიათ და არაფერი. რუსეთის მზეს ფიცულობენ ეს მეკომბლეები და თავისი შვილები კი ჰყავთ ლონდონში, პარიზსა და ვაშინგტონში სასწავლებლად გაშვებული. საბოლოო ჯამში ან ვიქნებით ცივილიზებული ქვეყანა, ან _ არა.
_ დაბოლოს, სად ხედავთ საპატრიარქოს როლს და რა პოზიცია უნდა დაიჭიროს ამ დროს მან?
_ ამ დემონსტრაციაზე იყვნენ სასულიერო პირები, რაც ძალიან დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ სასულიერო პირებიდან უამრავი კარგი ადამიანია. ზოგადად, საპატრიარქოს პოზიცია არის მავნებლური. მეკომბლეების მიმართაც იყო წამქეზებლური და როგორც კი ქართული სახელმწიფო დაიბადა, საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია იყო ანტისახელმწიფოებრივი. ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგაც წავიდნენ ისინი. ვაჭრობაში ჩაფლულები არიან სახელმწიფოსთან და დღემდე ასე გრძელდება. ბუნებრივია, ესენი პრორუსები არიან. 1977 წელს ცეკას მეთვალყურეობით დანიშნული მაღალი იერარქები, მათ შორის, პატრიარქები, რა გგონიათ, აბა, ვინ იყვნენ და რა იყვნენ? ვინც დანიშნა, იმათთან იქნებიან ანგარიშვალდებულები.

გიორგი საკარული