„გავრილოვის კრიზისის“ გახმაურებული და გაუხმაურებელი დეტალები

240 დაშავებული, მათ შორის, 80 პოლიციელი, 350 დაკავებული, აქციის ერთმა მონაწილემ თვალი დაკარგა, ორი მათგანი მართვით სუნთქვაზეა, _ ასეთია „გავრილოვის ღამის“ სტატისტიკური მონაცემები.
რაც შეეხება კრიზისის მორალურ მხარეს, „ქართულმა ოცნებამ“ მორალური უპირატესობა დაკარგა „სისხლიან ცხრა წელთან“ მიმართებით, _ ის აქამდე თავს იწონებდა, რომ საკუთარი ხალხისთვის რეზინის ტყვიები არ უსვრიათ, არც ქუჩაში დაუღვრიათ სისხლი, ამიერიდან ასე აღარ იქნება.

„გავრილოვის კრიზისი“ 20 იანვარს დილით დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩაჯდა. რუსეთის დელეგაცია საქართველოში ოკუპაციის კანონის დარღვევით ჩამოვიდა. ოპოზიცია ადეკვატური აღმოჩნდა, სესიის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავეს და ამ ტრიბუნიდან მსოფლიოს ამცნეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ქართველები ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს ფეხქვეშ არ გაეგებიან.
„ოცნების“ უმრავლესობა იძულებული გახხდა, სესია შეეწყვიტა და სერგეი გავრილოვი პარლამენტის შენობიდან გაეძევებინათ.
საღამოს შვიდ საათზე კი პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაანონსდა.

რა გაარკვია „ქრონიკა+“-მა?
რა მოვლენები უძღოდა წინ თბილისში საპროტესტო აქციების დაწყებას?
„ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი ხდება, რომ კრიზისის პირველ დღეს კომუნიკაცია შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და შს მინისტრს შორის, რომელთაც არსებული ვითარება განიხილეს. ამ კომუნიკაციის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ის დაკავებული თანამდებობიდან გადადგებოდა, რაზედაც პარტიის თავმჯდომარისგან პასუხი მიიღო: „არა! როგორც ბიჭები მეუბნებიან, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“. ირკვევა, რომ ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად განსაკუთრებული იყო ვითარება, ივანიშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებისგან იღებდა. სწორედ არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე იყვნენ ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციის წყაროები, რომელთაც, თავის მხრივ, დირექტივებს აძლევდა კახი კალაძე. საბოლოოდ, იმის მიხედვით, თუ როგორ გადალაგდა ვითარება, ცხადი ხდება, რომ ვიწრო პარტიულ კონტექსტში კალაძემ გახარია ბეჭებზე დადო და შემდგომი პროცესები გაუჩალიჩა. ამ პროცესის ლუსტრირება იყო თუნდაც კვირიკაშვილის გამოვარდნა, რომელმაც გახარიას გადადგომა მოითხოვა. კალაძისთვის არსებითად არაფერი იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ ვინ იჯდებოდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე _ კობახიძე თუ თალაკვაძე, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მისი გუნდის წევრია. თან ნუ დაგვავიწყდება, რომ უკვე გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის დატოვებას იმ დრომდე არ აპირებს, ვიდრე იგი უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში არ გადაინაცვლებს და ამის გარანტია მან სწორედ კალაძე-თალაკვაძისგან მიიღო. მეტიც: კალაძეს პარლამენტის უმრავლესობაში ჰყავს თავისი უმრავლესობა, მას უპირობო გავლენა აქვს პარლამენტარ ბიზნესმენებზეც. რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს, იგი აქაც ფლობს თავის უმრავლესობას.
ნიშანდობლივია ერთი გარემოებაც _ შუალედური არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა კალაძეს მუშაობა დაუწუნა, რაც თავისთავად ნიშნავდა გახარიას საქმიანობის მოწონებას ზუგდიდის საარჩევნო ფრონტზე. ეს ფაქტი კალაძისთვის უმნიშვნელო არ იყო. თუ იმასაც გავითვალისინებთ, რომ თავად შს სამინისტროშიც დედაქალაქის მერის ერთგული კადრები უფრო მეტი მუშაობს, ვიდრე შს მინისტრის, რომელსაც საკუთარი თანამშრომლებიც პერიოდულად უწყობენ ობსტრუქციას _ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით და ყოველი ასეთი ფაქტი თავად გამოაქვთ სამსჯავროზე კონფიდენციალობის დაცვით.
საპროტესტო აქცია პარლამენტთან 20 ივნისის ღამეს დაიწყო. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ხელისუფლებას სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა გაუხდა საჭირო, პარლამენტის შენობაში კი შს მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, საიდანაც აკრედიტებული ჟურნალისტები გამოაძევეს. ამ პროცესს პირადად ხელმძღვანელობდა დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.
საღამოს რვა საათიდან, თბილისის პარალელურად, სიტუაცია უცნაური გახდა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოფისშიც. წყარო ოფისიდან „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ მთელი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი უცნაურად ცქმუტავდა და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებისას იქაურ საარჩევნო კომისიაში ბოლო დღე ჰქონდა, დიდად არც აინტერესებდა, რა ხდებოდა ამ თემაზე, სულ ტელეფონზე იყო დაკიდებული და თბილისიდან ელოდა ცნობებს. ექვსი საათის მერე ოფისიდან დაითესა და როგორც ჩვენი წყარო ყვება, კონსპირაციულ ბინაში წავიდა, ბარგი ჩაალაგა და თბილისში გამოსაფრენად ემზადებოდა.
იგივე წყარო გვეუბნება, რომ პარლამენტში შეჭრის იდეა სწორედ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა, ის ისტერიულად ურეკავდა ოპოზიციის ლიდერებს და როგორც კი დემონსტრანტები პარლამენტის შენობას დაიკავებდნენ, მაშინვე თბილისისკენ გამოფრენას აანონსებდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება უკვე დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე და ამ გამოძიების ფარგლებში ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას დაკითხვა-დაკავება იგეგმება.
გამოძიებას ხელთ აქვს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სპეცთათბირის ჩანაწერები, ასევე გასაჯაროებისთვის მზადდება მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები ოპოზიციის ლიდერებთან,
საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებაში ჯერ მიღებული არ არის.
დარბევა საქართველოს პარლამენტის წინ ღამის 12 საათისთვის დაიწყო, გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები. შედეგად მივიღეთ 240 დაზარალებული. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ ისიც, რომ აქციის მონაწილეები ასევე სცემდნენ პოლიციელებს და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს, ართმევდნენ მათ ეკიპირების ამუნიციას.
გენერალურმა პროკურატურამ საპროტესტო აქციების ოთხი დღის თავზე დაიწყო გამოძიება სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.
ოფიციალური გამოძიება ერთია და ცალკე გამოძიება აუცილებლად უნდა ჩაატაროს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმის გამო, რომ დაადგინოს, ვისი კლანის წევრები არიან პირები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ისროდნენ მომიტინგეების წინააღმდეგ დამიზნებით თავსა და თვალში. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ სპეცდანიშნულების რაზმი ირაკლი ღარიბაშვილის დროინდელია, გახარიას არც უფიქრია კადრების გადახალისება და შედეგიც მძიმე მიიღო. იგივე წყაროს ინფორმაციით, სუსიდან სოსო გოგაშვილის გაშვების მერე მისი კადრებიც მიყოლებით გაათავისუფლეს, განთავისუფლებული კადრების უმრავლესობა კი შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ შსს-ში დაასაქმა, მათ შორის, სპეცდანიშნულების რაზმშიც. ასეა თუ ისე, რევანში გახარიას მისსავე უწყებაში მოუწყვეს და თუ ის თანამდებობაზე დარჩა, სამინისტროში სერიოზული წმენდის ჩატარება მოუწევს.
იგივე წყარო მიგვითითებს შესაძლო კავშირებზეც, _ საბანაძე, ხოჯევანიშვილი, გოგაშვილი ერთმანეთის ნათელმირონები არიან.
ახალგაზრდების პროტესტმა შეძლო ის, რაც წლების განმავლობაში და 300 000 ხელმოწერის შეგროვების პირობებშიც ვერ შეძლო ოპოზიციამ _ ბიძინა ივანიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ნულოვანი ბარიერის პირობებში და 2020 წელს დააანონსა. კონსულტაციები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებთან გაიმართება.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილმა ამერიკელებთან ურთიერთობა უკვე დაალაგა და მათ შორის ისიც გარკვეულია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ვერ ჩამოვა. მეტიც: ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით მასზე ახალი გამოძიებაც დაიწყება.

ელისო კილაძე