ნინო ჩხეიძე: „პოლიტიკურ და საარჩევნო კონცერტებში მონაწილეობას აღარ მივიღებ“

ქართული შოუბიზნესისთვის ბოლო რამდენიმე კვირა საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. არ ვიცი, რას შეიძლება მივაწეროთ მომღერლების ასეთი გააქტიურება, მაგრამ ფაქტი ერთია _ ზუსტად ერთ კვირაში თბილისში ორი მომღერლის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ნინო ჩხეიძე, რომელიც გამუდმებით მუშაობს და ცდილობს, მსმენელი ახალ-ახალი სიმღერებით დაასაჩუქროს.
ნინო ჩხეიძეიმ „გალერია თბილისში“ გვიმასპინძლა და საზოგადოებას ახალი კლიპი წარუდგინა. სიმღერა „ამაღამ“ კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ სპეციალურად ჩხეიძისთვის 10 წლის წინ დაწერა, თუმცა როგორც მომღერალმა „ქრონიკა+“-თან აღნიშნა, გადაწყვიტა, რომ ეს სიმღერა ყოფილიყო „ნიო ბენდის“ სავიზიტო ბარათი, რომელიც ასევე ახლახან დააარსა.

უფრო კონკრეტულად, რა გეგმები აქვს მომღერალს უახლოეს მომავალში? რა ხდება კონცერტების მხრივ? რატომ იბლოკებოდა ის წლების განმავლობაში?
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ნინო ჩხეიძე ესაუბრება:

_ ნინო, რატომ გაჩნდა ცოცხალი ბენდის შექმნის საჭიროება, იმიტომ რომ ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნილება თუ, უბრალოდ, სურვილი გქონდა, ცოცხალ ბენდთან ერთად გემუშავა?
_ იქიდან გამომდინარე, რომ გამოშვებული მაქვს 15 ალბომი და 400-მდე სიმღერა ჩავწერე, შესაბამისად, უფრო განვითარება მინდოდა როგორც ჟღერადობით, ასევე საკუთარ თავში და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ბენდი, თუმცა ძალიან ვფრთხილობდი და მეშინოდა, რადგან არ იყო მარტივი საქმე. ეს ბენდი არ გაკეთებულა ერთ დღეში, ჩვენ შევკრიბეთ თითოეული მუსიკოსი, სპეციფიკური ჟღერადობა მივეცით, იმიტომ რომ ჩემი სიმღერები არაა ქავერები და მარტივი გასაკეთებელი. უნდა დაიცვა ისეთი ზღვარი, რომ იყოს ქართული, არ დაკარგოს თავისი სახე, არ გარემიქსდეს, ამავდროულად იყოს მხიარული და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ბენდის შექმნას.
_ რატომ „ნიო ბენდი“?
_ ეს სახელი იმიტომ დავარქვი, რომ ჩემთან მინდოდა ასოცირებულიყო და ერთი წელია, ვბრენდავთ. ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე ვმუშაობთ, გვაქვს რეპეტიციები, სპეციალური პროგრამა შევქმენით, ჩავწერეთ ალბომი, რომელიც სექტემბერში გამოვა. სანამ ახალი ალბომი გასაყიდად ჩაეშვება, მინდა, რომ კონცერტი გავაკეთო, სადაც ყველა ის სიმღერა გაჟღერდება, რომელიც ამ ალბომში შევა. როგორც ლაივში ვმუშაობ, მინდა, ეს პროცესი ვაჩვენო ჩემს მსმენელს. ეს კლიპიც იმიტომ გადავიღე, რომ სანამ ალბომი გამოვა, მინდოდა, ადამიანებს წარმოდგენა ჰქონოდათ „ნიო ბენდის“ ჟღერადობაზე და რუსა მორჩილაძის სიმღერაზე. ეს სიმღერა შეიქმნა სპეციალურად ჩემთვის, დაახლოებით, 10 წლის წინათ და ისე მოხდა, რომ ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა ჩემმა სხვა სიმღერებმა თითქოს დაჩაგრა ეს სიმღერა და ვერ გამოვაჩინე ისე, როგორც მინდოდა. ამიტომ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სიმღერა „ამაღამ“ ყოფილიყო „ნიო ბენდის“ სავიზიტო ბარათი.
_ თუ არ ვცდები, ამ სიმღერას აქამდე რუსა მორჩილაძეც მღეროდა. ასეა?
_ ეს სიმღერა დაიწერა სპეციალურად ჩემთვის და ამ სიმღერის შესრულების უფლება გვაქვს მხოლოდ მე და რუსას. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოეწონათ სხვებს, ზოგჯერ ისინიც ასრულებდნენ ხოლმე, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმღერა პოპულარულია და ბევრს მოსწონს. ეს სიმღერა გამოყენებულია ასევე სპექტაკლში „შეყრა“ და ყველას ჰგონია, რომ ჯერ იყო სპექტაკლში და მერე გავაკეთე მე, არადა, ასე არ ყოფილა _ ჯერ დაიწერა ჩემთვის და მერე გამოიყენეს სპექტაკლში.
_ კონცერტის ორგანიზატორებისგან თუ იყო მოთხოვნა, რომ ცოცხალ ბენდთან ერთად გემღერათ?
_ არ ყოფილა. როდესაც ბენდი გყავს და როცა ყველაფერი არის ცოცხალი, უფრო სხვა კლასია, სხვა საფეხურია და განვითარებისთვის ძალიან კარგია.
_ საკმაოდ დიდი ფუფუნებაა, ქართული შოუბიზნესის პირობებში, მომღერალს ჰყავდეს ცოცხალი ბენდი.
_ მომღერალს როცა ჰყავს საუნდინჟინერი, ბენდი, პროდიუსერი _ ეს, რა თქმა უნდა, დიდი ფუფუნებაა, მაგრამ, შესაბამისად, ხარისხიც სხვანაირი იდება. როდესაც ვუყურებთ რაღაც პროდუქტს, ეს არ არის მხოლოდ არტისტის დამსახურება. 80% იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც ამ არტისტის უკან დგას.
_ გიღირთ?
_ მიღირს, რადგან როდესაც ხარისხიან პროდუქტს აწვდი მსმენელს, ჰონორარიც შესაბამისად იზრდება. ყოველთვის სჯობია, რომ ხარისხიანი გააკეთო. აქამდე ბენდი არ მყოლია, მაგრამ ჩემი ნებისმიერი ფონოგრამა რომ აიღო, ყველა ძალიან ხარისხიანია. ყოველთვის კარგ სტუდიაში ვწერდი, ყოველთვის ცოცხალ ინსტრუმენტებს ვწერდი და კარგ ნალანს ვაკეთებდი. ეს ყველაფერი კი გარკვეულწილად განაპირობებდა ჩემს წარმატებასაც.
_ როგორი იქნება თქვენი პირველი სოლო კონცერტი, სად გეგმავთ, რას შესთავაზებთ მაყურებელს? მახსოვს, ჩემთან ინტერვიუში ერთხელ აღნიშნეთ, რომ სოლო კონცერტს თუ გავაკეთებ, ძალიან განსხვავებული და გამორჩეული იქნებაო. როგორია ეს განსხვავებული?
_ ლოკაცია ჯერ არ მაქვს შერჩეული, მაგრამ ეს არ იქნება დარბაზში. ძალიან განსხვავებული პრეზენტაცია-კონცერტი იქნება და ვინც ამ დღეს მოვა, მინდა, რომ დადებითი და კარგი ემოციებით დაიმუხტოს. რაც შეეხება დეტალებს, წინასწარ არ მინდა, ამის შესახებ გავაჟღერო, რადგან მეშინია, იდეები არ მომპარონ. ჩემი მიზანია, ეს კონცერტი დაამახსოვრდეს ძალიან ბევრს და მაყურებელი კარგი შთაბეჭდილებით წავიდეს. გპირდებით, რომ არ ემსაგვსება არავის და არაფერს.
_ ძალიან ბევრი ქალაქური ჟანრის შემსრულებელი გაჩნდა. კონკურენციას თუ გრძნობთ ან ვინ მიგაჩნიათ თქვენს კონკურენტად?
_ ჩასაფრებულის პოზიციაში არასდროს ვყოფილვარ და ვერ ვიტყვი, რომ ვინმე ჩემი კონკურენტია. ისედაც ძალიან ცოტა მომღერალი ვართ, ვინც აქტიურად ვჩანვართ. ზოგადად, აუცილებელია, გყავდეს კონკურენტი კოლეგა, რომ შენც ჩანდე. ადამიანი მარტო რასაც არ უნდა აკეთებდე, ვერ გამოჩნდება ისე, როგორც საჭიროა. სულ ახლახან ვერიკო ტურაშვილს კლიპის პრეზენტაცია ჰქონდა, ასევე იყო „მგზავრების“ კონცერტი და ძალიან გამიხარდა. სხვა რომ აქტიურობს და ბევრ კარგ რაღაცას აკეთებს, შენც ამ დროს სტიმული გეძლევა, რომ ბევრი ახალი სიმღერა გააკეთო, გადაიღო კლიპი და უფრო გააქტიურდე. როცა არავინ არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარი კვდება. მთავარია, ადამიანი, შემსრულებელი იყო ინდივიდუალური. ჩემს შემთხვევაში იმან გაამართლა, რომ ბაზარზე ისეთი შეფუთვით გამოვედი, ისეთი სიმღერებით, რომელიც არ იყო ასეთი მასშტაბური, დიდი რაოდენობით და ეს გახლდათ ჩემი წარმატების ერთ-ერთი ფაქტი. ვინც გბაძავს, ის აუცილებლად წამგებიან პოზიციაზე დგას, იმიტომ რომ ის ვერ გაიკვალავს გზას.
_ ამ წლების განმავლობაში თქვენი რეიტინგი არ დაცემულა, რაც იმით გამოიხატება, რომ გაქვთ ძალიან ბევრი კონცერტი საზღვარგარეთ და მუსიკალურ რადიო ჩართებში მსმენელი აქტიურად ითხოვს თქვენს სიმღერებს. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს ყველაფერი, ის რომ ინდივიდუალური ხართ, ბევრს მუშაობთ, არ ჩერდებით თუ?
_ ალბათ, ეს აქტიური მუშაობის შედეგია. მე არ ვიცი, სამუშაო დრო რა არის. იმდენად მიყვარს ეს საქმე, რომ 24 საათის განმავლობაში ამით ვარ დაკავებული. დილიდან უკვე ვიწყებ ფიქრს, თუ რას გავაკეთებ, როგორ და რანაირად. არ ვიცი, რა არის დაღლა.
_ ნინო, ყოველთვის გული გწყდებოდათ, რომ თბილისში ან რეგიონებში გამართულ კონცერტებზე ორგანიზატორები არ გეძახდნენ, თუმცა თქვენ ხართ მომღერალი, რომელსაც ყველაზე მეტი კონცერტი აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ. დღეს რა ხდება კონცერტების მხრივ, რამდენად გამოსწორდა სიტუაცია?
_ ძალიან ბევრი კონცერტი ჩატარებულა რეგიონებში, სადაც არ ვყოფილვარ ჩასმული. ბოლო პერიოდში შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა, არ შემიძლია არ აღვნიშნო კახა კალაძე, რომელმაც ნამდვილად მოაგვარა ეს პრობლემა და მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტებში ყოველთვის მირეკავენ და ვმონაწილეობ. უბრალოდ, გული მწყდებოდა ხოლმე, რომ არ ვიყავი ჩასმული, აქ ჰონორარზეც არაა საუბარი. როდესაც ხარ მოთხოვნადი მომღერალი, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა იყო ყველა კონცერტში ჩასმული.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური კუთხით გბლოკავდნენ?
_ ამ დაბლოკვებში მაღალი ეშელონები არ მონაწილეობდნენ. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში ვინც არის, ნამდვილად არ აინტერესებთ, პირობითად, ნინო ჩხეიძე იმღერებს კონცერტზე თუ სხვა ვინმე. მათთვის და ყველასთვის მთავარია, რომ ხალხი იყოს კმაყოფილი. ეს ხდებოდა, უბრალოდ, დაბალი, ქვედა ფენისგან, ვიღაც ორგანიზატორები მბლოკავდნენ და მეტი არაფერი. ნათელი მაგალითია კახა კალაძე, _ როგორც კი ის დაინიშნა თბილისის მერად, მსგავსი პრობლემა არც ერთ მომღერალს აღარ ჰქონია.
_ რა შემთხვევაში იტყვით კონცერტებში გამოსვლაზე უარს?
_ საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ პოლიტიკურ და საარჩევნო კონცერტებში მონაწილეობას აღარ მივიღებ. მიმაჩნია, რომ როდესაც ხარ არტისტი, არ უნდა იყო მხარე, ოღონდ ეს გამოცდილება წლების მერე მივიღე. იმდენად დიდ რესურსს ვდებ ჩემს საქმეში და იმდენად მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ, რომ ნამდვილად არ მინდა, ჩემს მსმენელს თავზე მოვახვიო რაღაცები. პოლიტიკურ რეკლამებში, კონცერტებსა თუ სხვა მხარდასაჭერ აქციებში არ მივიღებ მონაწილეობას, რაც არ უნდა ჩემი მეგობრები იყვნენ, იმიტომ რომ შეიძლება ბოლოს შენს საქმეს დიდი ზიანი მიაყენო. ყველაფერი იცვლება და არაფრის გამო არ ღირს, რომ მსმენელი გაანაწყენო. ვფიქრობ, ბოლომდე უნდა ემსახურებოდე ხალხს.

გიორგი საკარული