წიაღისეულით უკანონო სარგებლობა სოფელ ჟონეთში

გასული წლის ივლისში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ჩალით მივიდა. პოლიტიკოსმა პერფომანსით წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა ჟონეთში მცხოვრებ მაყვალა დანგაძეს დაუჭირა მხარი. წულაიამ მაშინ განაცხადა, რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული, რადგან დანგაძე უკვე წლებია, სამართალს ვერ პოულობს.

მაყვალა დანგაძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წელს სარჩელით მიმართა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სამართლიანი გადაწყვეტილება დღემდე ვერ მოისმინა. პროცესი გაიწელა, მაყვალა დანგაძემ კი 11 ადვოკატი გამოიცვალა, რომელთაგანაც ვერც ერთმა, საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, საქმის დასრულება ვერ შეძლო. საქმე ეხება სოფელ ზედა ჟონეთში, დანგაძის კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქვის კარიერის უკანონო ფუნქციონირებას.
წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში გრანიტის ქვის მომპოვებელი კარიერები წლებია, ფუნქციონირებს. მიწას სხვადასხვა კომპანია სათანადო ლიცენზიებით წლებია, ამუშავებენ. გრანიტის ქვა ერთ-ერთი საუკეთესო სამშენებლო მასალაა. მას კერამიკული და დეკორატიული მიზნებითაც იყენებენ. შპს „ანრე 2006“ და შპს „სვაია“ იმ რამდენიმე კომპანიას შორის არიან, რომელსაც ჟონეთში ქვის მომპოვებელ კარიერზე მუშაობა ხელეწიფება. მაყვალა დანგაძე სწორედ ამ ორ კომპანიას უჩივის.
მაყვალა დანგაძის თქმით, 500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, სადაც ზემოხსენებული ორი კომპანია მუშაობს, მემკვიდრეობით მისმა ქმარმა, ჯემალ ჯანგავაძემ მამისგან მიიღო. მიწა, ამ ეტაპზე, მაყვალას შვილის, შალვა ჯანგავაძის სახელზეა რეგისტრირებული.
წიაღისეულით მის ნაცვლად სხვები სარგებლობენ, თავად კი უფანჯრებო სახლში სძნავს. შპს „სვაიასა“ და შპს „ანრე 2006-ს“ გრანიტის მოპოვების შესაბამისი ლიცენზია აქვთ, თუმცა არა იმ მიწაზე, რომელიც დანგაძეს ეკუთვნის. მათი ლიცენზია კარიერიდან, დაახლოებით, 1800 მეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე ვრცელდება.
მიწის მფლობელი ამბობს, რომ კონფლიქტი მიწის გამო მეზობლებთან 2005 წლიდან დაიწყო. მისი მეუღლე ჯემალ ჯანგავაძე საბუთებს აგროვებდა, რათა ნაკვეთი ოფიციალურად გაეფორმებინა. მალე მაყვალა დანგაძის მეუღლე ინფარქტით გარდაიცვალა და საკუთრების დაკანონება ვერ მოასწრო. მოგვიანებით, ქალმა ტერიტორიის რეესტრში დაკანონება შვილის, შალვას სახელზე შეძლო. მიუხედავად ამისა, ზემოხსენებულმა კომპანიებმა მის მიწაზე მუშაობა გააგრძელეს.
მაყვალა დანგაძე ამბობს, რომ მისმა ადვოკატებმა, ბევრი ძიებისა და საჩივრის შეტანის შემდეგ, დაადგინეს: გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით „ანრე 2006-სა“ და „სვაიას“ მუშაობის უფლება კილომეტრითა და 800 მეტრით დაშორებულ მიწაზე აქვთ. სასამართლოში საქმე 2015 წელს შეიტანეს, თუმცა მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ საქმე საკმაოდ დიდხანს გაწელა. მოპასუხე მხარემ სარჩელი ყველა ჯერზე გაასაჩივრა. ამავდროულად, ის აზომვითი ნახაზი, რომელიც კომპანიებს ჰქონდათ ხელთ, გაკეთებულია საბჭოთა პერიოდის სისტემით _ პულკოვოს კოორდინატების გამოყენებით. პულკოვოს სისტემა მოძველებულად მიიჩნევა და დღესდღეობით აღარ გამოიყენება. ის მერკატორის უნივერსალური ტოლკუთხა განივცილიდნრული პროექციით, იგივე UTM-ით ჩანაცვლდა. საქართველოს სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების აზომვის საფუძვლად 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით UTM ითვლება. ამ კოორდინატებით გაკეთებულ აზომვაში დასტურდება ის ფაქტი, რომ „ანრე 2006“ და „სვაია“ კუთვნილი მიწიდან 1.800 მეტრის მოშორებით, მოქალაქე დანგაძის ტერიტორიაზე მუშაობენ.
მაყვალა დანგაძე ამბობს, რომ ლიცენზიის არარსებობის გარდა ტერიტორიაზე სამუშაოებიც დარღვევით მიმდინარეობს. გადაჭრილია წყლები, რომლითაც სოფელი საზრდოობდა. სოფლელები ახლა რეზინის მილებით გადაყვანილი ან ჭის წყლებით საზრდოობენ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა არაფერს ამბობს. როგორც აცხადებენ, მომუშავე კომპანიები მათ სიჩუმის სანაცვლოდ თვის მანძილზე მიზერულ თანხას უხდის. ამ ამბების გამო დანგაძეს მეზობლებთან მუდმივი კონფლიქტი აქვს. მომუშავე კომპანიებს ტერიტორიიდან ნაყარი მიწა არ გააქვთ. გაჩეხეს ფერდობზე მდებარე ტყეც, რომელსაც ზვავისა და ქარისგან საფარი ფუნქცია ჰქონდა. ადგილზე მუშაობს უნომრო ტექნიკა და ნედლეულიც იმაზე მეტი გააქვთ, ვიდრე ამას ნორმა მოითხოვს. სატვირთო მანქანების მუდმივმა სვლამ სოფლისაკენ მიმავალი გზაც დააზიანა. წვიმაში ჟონეთამდე მიღწევა მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილის გარეშე შეუძლებელია. მაყვალა დანგაძემ გვითხრა, რომ ყველა დოკუმენტი, რომელიც მის სიმართლეს ადასტურებს, ამ ეტაპზე, სასამართლოშია. ეს რომ არა, ქალი მზადაა, გაასაჯაროოს საბუთები და საქმეს ნათელი მოჰფინოს.
„მთიდან დღეში 30-მდე მანქანა ჩამოდის. ყველა სატვირთო უნომროა. მიწის სამუშაოებსაც უნომრო მანქანები ასრულებენ. გრანიტი ანაკლიასა და ბათუმში მიაქვთ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის. დღეში 30 მანქანა, დაახლოებით, 30 ათასი ლარია. საქმე რამდენჯერაც აღვძარი, იმდენჯერ გაჩუმება მირჩიეს. ხან 200 ლარი მაჩუქეს, ხან შეშლილი მიწოდეს და ხანაც დამემუქრნენ. არავინ მომისმინა, პარლამენტშიც კი ვიყავი. მგონი, ყველა პარლამენტარის სახელზე მაქვს დაწერილი განცხადება, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამ წერილებს ადრესატებამდე არც კი მიუღწევია. კონკრეტულად ცნობილი გვარ-სახელები რომ დაგისახელოთ, გეტყვით, რომ წერილები დავწერე სოფო კილაძისა და ეკა ბესელიას სახელზე, თუმცა რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. ამ წლების მანძილზე 11 ადვოკატი გამოვიცვალე. ახლა ჩემს საქმეს სამი ადვოკატი უძღვება, თუმცა პროცესი ისევ იწელება. რომ მოვიგო ვიცი, მეორე მხარე ისევ გაასაჩივრებს და ასე უსასრულოდ“, _ ჩივის მაყვალა დანგაძე.
მისივე თქმით, საქმეში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იმალება, რის გამოც დანგაძემ სამართალი დღემდე ვერ იპოვა _ კომპანია „ანრე 2006-ის“ ხელმძღვანელი პოლიტიკოს ნინო ბურჯანაძის დედა, თინა ბურჯანაძეა. პოლიტიკოსის გარდა საქმეში ე. წ. შავი სამყაროცაა ჩართული. კრიმინალურ ავტორიტეტს, მეტსახელად „მოლას“, საკუთარი ქვის საამქრო აქვს და ამ საქმესაც სწორედ ის კურირებს.
„2010 წლამდე ჩემს მიწაზე მომუშავე ერთ-ერთი კომპანიის მეწილეები იყვნენ თინა და ანზორ ბურჯანაძეები _ ნინო ბურჯანაძის დედ-მამა. ახლა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში ვნახე და „ანრე 2006“ მხოლოდ თინა ბურჯანაძისაა. ამასთანავე, ამ კომპანიას და შპს „სვაიას“ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბშიც ვიყავი წლების წინ. არავინ მიმიღო, არავინ მომისმინა. ბურჯანაძესთან შეხვედრაზე საუბარი ხომ ზედმეტია. ვინაიდან მიწა ჩვენს იურიდიულ საკუთრებაშია, სოციალურ დახმარებასაც კი ვერ ვიღებ. არადა, ჩემს ტერიტორიაზე არსებული ქვით სხვები მდიდრდებიან. მე დღემდე უფანჯრებო სახლში მძინავს და ჩაის კრეფით ვირჩენ თავს. დღესაც ჩაის პლანტაციიდან მოვდივარ, ხვალაც იქ წავალ…“ _ აცხადებს მაყვალა დანგაძე.

„ქრონიკა+“-მა ინფორმაცია გადაამოწმა შპს „ანრე 2006-ისა“ და შპს „სვაიას“ შესახებ:
პირველი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თინა ბურჯანაძეა. კომპანია 2006 წელს თბილისში, ვაკეში დარეგისტრირდა და 2010 წლამდე მას მართლაც თინა და ანზორ ბურჯანაძეები ფლობდნენ. ამჟამად კომპანიის დირექტორი ზურაბ მორჩაძეა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველობს“ ვებგვერდზე ვნახულობთ, რომ კომპანიის მფლობელმა თინა ბურჯანაძემ 2013 წლის 16 ოქტომბერს ნინო ბურჯანაძის პარტიას „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ 58 100 ლარი შესწირა.
„ანრე 2006“ ბუნებრივ წიაღისეულს 2016 წლამდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლოლაშენშიც მოიპოვებდა, თუმცა ლიცენზიის გაუქმების გამო საქმიანობა შეაჩერა.
შპს „სვაიაც“ 2006 წელს დარეგისტრირდა. მისი იურიდიული მისამართი წყალტუბოს რაიონის სოფელი ჟონეთია. შპს „სვაიას“ წილების მფლობელები არიან: ბადრი მხეიძე, კობა იოსელიანი, გოჩა ჯანგავაძე, გიორგი მინდიაშვილი, დავით ტომარაძე და ვილგელმ მხეიძე.
სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ დოკუმენტებში ვპოულობთ, რომ ინდმეწარმე გოჩა ჯანგავაძემ 2018 წლის 6 თებერვალს საკუთარი ლიცენზია გადასცა (ბრძანების ნომერი 153/ს) სოფელ ოფურჩხეთში (შენიშვნა: ოფურჩხეთი სოფელ ჟონეთამდე მდებარეობს) გიორგი ორაგველიძეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე. ნებართვა 2027 წლის 11 თებერვლამდეა გაცემული.
შპს „სვაიასა“ და შპს „ანრი 2006-ის“ ხელმძღვანელობა მაყვალა დანგაძის ბრალდებებს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ყველაფერი სასამართლოში გადაწყდება. მათივე თქმით, ხელთ აქვთ დანგაძისგან განსხვავებული დოკუმენტები. ხოლო რომელია მართალი, ამას კანონი გადაწყვეტს.

„ქრონიკა+“-მა კომენტარისთვის ნინო ბურჯანაძეს მიმართა: პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მაყვალა დანგაძის მიერ ბურჯანაძეების ოჯახის მისამართით გაჟღერებული ბრალდება უსაფუძვლო და შეთითხნილია. მეტი კომენტარის გაკეთება კი ბურჯანაძეს ამ თემაზე არ სურს.

2019 წლის 17 მაისს მაყვალა დანგაძის ადვოკატებმა საქმეზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს, ხოლო ამავე წლის 20 მაისს მიწაზე მომუშავე ტექნიკის გაჩერება-დაყადაღება, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტექნიკა ტერიტორიაზე ნომრების გარეშე მუშაობს. დანგაძემ 17 მაისსავე მიმართა წყალტუბოს პოლიციას და კუთვნილ მიწაზე უკანონო შეღწევის საფუძველზე საქმის აღძვრა სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.
„პოლიციაში მითხრეს, არ ვიცით, მსგავსი ტიპის შემთხვევაზე საქმე როგორ აღვძრათ. საბუთებს წავიღებთ და პროკურორს ვაჩვენებთ, ეგებ, მან იცოდესო. საბუთები წაიღეს და დღემდე არ ვიცი, რა ხდება ჩემს თავს. ერთადერთი, რაც ვიცი და მესმის, ჩემს მიწაზე მომუშავე ტრაქტორებისა და იმ აფეთქებების ხმებია, რომელსაც ქვების დაშლა გამოსცემს“, _ ამბობს მაყვალა დანგაძე.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიწისქვეშა წიაღისეულის უკანონოდ მოპოვება, რომელიც მოიცავს ყველა სახეობის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას სათანადო ლიცენზიის გარეშე, კანონით ისჯება. ასევე უკანონო მოპოვებაში შედის ტერიტორიაზე კანონით დადგენილ საერთო მოცულობაზე მეტი წიაღისეულის ამოღება. თუკი „სვაიასა“ და „ანრი 2006-ის“ დანაშაული დამტკიცდა, მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების გარდა მაყვალა დანგაძე უკვე მოპოვებული წიაღისეულის მოცულობის მიხედვით გარკვეულ ფულად კომპენსაციასაც მიიღებს. თუმცა მანამდე სადავო ერთი საკითხია, რომელზედაც დანგაძეს პასუხი არ აქვს _ თუკი სასამართლოში საქმე ლიცენზიის გარეშე წიაღისეულის მოპოვებაზეა, რატომ არ ლუქავენ დროებით ტერირიაზე მომუშავე ტექნიკას? მოპოვება რომ უკანონოა, მოქალაქის თქმით, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ არც ერთ მანქანას ნომერი არ აქვს.
დანგაძის საქმეს პირველი მაისიდან მოსამართლე ირმა ბერიანიძე უძღვება.
მოქალაქე ამჯერადაც კუთვნილ ფართზე უკანონო მოპოვებასა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა სამართლის პოვნის იმედი არც ამჯერად აქვს.
„საქმეს, ალბათ, ისევ წამაგებინებენ და გასაჩივრება მომიწევს ან მოვიგებ და მეორე მხარე გაასაჩივრებს _ ასე გაგრძელდება უსასრულოდ მანამ, სანამ ამ მიწას არ შევეწირები“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-თან მაყვალა დანგაძე.

შორენა ლაღაძე