ვინ „ატერორებს“ ბაგა-ბაღების დირექტორებს და რას ურჩევს ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე დავით ნარმანიას?

sse21

8 სექტემბერს თბილისის 159-ვე ბაგა-ბაღმა მუშაობა განაახლა. დღეისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დარეგისტრირებულია 50 000-მდე აღსაზრდელი და დარეგისტრირების მოლოდინშია 25 000 ბავშვი. სკოლამდელი აღზრდის სისტემაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „იურიდიულ და ფიზიკურ პირთა უფლებების დაცვა – ანტიკორუფციული კავშირი“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და მერიას სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით წარმოებულ პოლიტიკას უწუნებს. კავშირის თავმჯდომარის, გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, რომელსაც ქალაქის მერია შეგნებულად თუ შეუგნებლად თვალს არიდებს. „ვარაუდი, რომ სააგენტოს უფროსის მოადგილედ კომპანია „ფუდსერვისის“ წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ სააგენტო ბაღის დირექტორებზე ტერორს განახორციელებდა, გამართლდა“ – აცხადებს ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე .

 

გიორგი ბურჯანაძე:

_ დავიწყებ იქიდან, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში თანამდებობები იყიდება. ყიდულობს ყველა პარტიული კუთვნილებისა თუ პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. მთავარია, ფული ჰქონდეს. ჩემი ვარაუდი, რომ სააგენტოს დირექტორის მოადგილედ „ფუდსერვისის“ თანამშრომლის დანიშვნა ბაგა-ბაღების დირექტორების დატერორებას გამოიწვევდა, გამართლდა. თქვენთვის ცნობილია, რომ 2010 წლიდან თბილისის ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით ამარაგებდა გეგენავების სახელთან ასოცირებული კომპანია `ფუდსერვისი~. მოგეხსენებათ, როგორ იმარჯვებდნენ „ნაციონალების“ დროს ტენდერებში კომპანიები და ამაზე აღარ შევჩერდები, მხოლოდ გეტყვით, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი კომპანია, რომელიც სააკაშვილის ყულაბას მილიონებით ავსებდა. სააკაშვილის წასვლის შემდეგ ამ ადამიანებს მოუვიდათ იდეა, სკოლამდელი აღზრდის სისტემაში საკუთარი ბიზნესინტერესების გასატარებლად, ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეყიდათ და გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს „ფუდსერვისის“ პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით ხშირად ისმოდა კრიტიკა და კომპანიას ხარისხის დამადასტურებელი მოწმობაც არ ჰქონდა წესრიგში, გაფრთხილების იქით საქმე არ წასულა. ისე მოხდა, რომ 2013 წლის ნოემბრიდან „ფუდსერვისმა“ ბაგა-ბაღებში ყველის შეტანა შეწყვიტა, რაც ბაღის დირექტორების მხრიდან სხვა კომპანიებთან ხელშეკრულებების დადების საფუძველი გახდა. „ფუდსერვისის“ ხორცი და ხორცის პროდუქტები ცალკე საუბრის თემაა. ჩვენმა კავშირმა სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად ბაგა-ბაღებიდან გაფუჭებული პროდუქციის ამოღების უამრავი აქტი შეადგინა. მაგალითისთვის 66-ე ბაღიც კმარა, რომლის კვების ბლოკიდან გაფუჭებული ხორცი და ვადაგასული სოსისი ამოვიღეთ, რაზეც შესაბამისი აქტი არსებობს და შემიძლია წარმოვადგინო. იმის ნაცვლად, რომ ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა დაინტერესებულიყო და შეესწავლა ამ კომპანიის საქმიანობა, მის წარმომადგენელს სააგენტოში ფინანსები და შესყიდვები ჩააბარა. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ გურამ კვეზერელის დედის შპს-ები სათამაშოებს აწარმოებს. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ მალე ბაგა-ბაღებში დაიწყება იმაზე საუბარი, რომ საჭიროა  საქანელები, სათამაშოები და ა. შ. საინტერესოა, ბატონმა ნარმანიამ თუ იცის ამის შესახებ და თუ არ იცის, რა ნიშნით შეარჩია კვეზერელის კანდიდატურა სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე? ასეთი აშკარა ინტერესთა კონფლიქტი „ნაციონალების“ დროსაც კი არ ყოფილა და ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება“.

გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, რომ სახეზეა აშკარა ინტერესთა კონფლიქტი, როცა კერძო კომპანია თავისი პროდუქციის სკოლამდელი აღზრდის სეგმენტში რეალიზებისთვის სახელმწიფო სტრუქტურაში თავის წარმომადგენელს სვამს. სამსახურის დაკარგვის შიშით ბაღის დირექტორები იძულებული არიან, რომ ყველა ხელშეკრულება „ფუდსერვისთან“ დადონ. „მიუხვედრელი“ დირექტორებისთვის სააგენტოს ხელმძღვანელობამ ზეწოლისა და ტერორის განსაკუთრებული მეთოდები შეიმუშავა, რომელთა წყალობით ურჩობას ვერც ერთი დირექტორი ვეღარ გაბედავს, – აცხადებს გიორგი ბურჯანაძე და კომპანია „ფუდსერვისს“ აფრთხილებს, რომ  ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე ფულის კეთების საშუალებას არავის მისცემს და ბაგა ბაღებში შესულ პროდუქციას დამატებით ლაბორატორიულ კვლევაზე გაატარებს.

„ნათქვამია, რომ მადა ჭამაში მოდისო. „ფუდსერვისმა“ ბაღების კვების პროდუქტებით მომარაგება არ იკმარა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სამეურნეო და საკანცელარიო ნივთების შეტანაც სცადა. თუ გავითვალისწინებთ, რომ გეგენავების კომპანია და ბაღების სააგენტო ამჟამად ერთად მოქმედებენ, გასაკვირი არაფერია. მოგვიანებით, სააგენტომ „პირველი ჩვენება“ შეცვალა და ბაღის გამგეებს უფლება მისცა, ხელშეკრულება ვისთანაც სურდათ, მასთან გაეფორმებინათ, მაგრამ იქვე დაამატა, ინვოისები ჩვენთან უნდა მოიტანოთ, თუ მოგვეწონება, გადაგირიცხავთ ფულს და თუ არ მოგვეწონება, არაო. გურამ კვეზერელის მხრიდან მიმდინარეობს ბაღის დირექტორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ფორმალურად კი დაიგზავნა წერილები, რომ ბაღის დირექტორი არჩევანში თავისუფალია და პროდუქტებს სადაც უნდა, იქ შეიძენს, მაგრამ რომელი ბაღის გამგე გაბედავს ამის გაკეთებას, როცა სააგენტოს დირექტორის მოადგილე „ფუდსერვისის“ წარმომადგენელია? იმისთვის, რომ დირექტორებს საჭირო გადაწყვეტილების მიღებაში „დაეხმაროს“, გურამ კვეზერელი მათზე პირდაპირი და არაპირდაპირი გზით ზეწოლას ახდენს. ღამის 2 და 3 საათზე ბაღებში რეიდებს ახორციელებს და ვაი იმის ბრალი, ვისაც კარი ან ფანჯარა ღია დარჩება ან შუქი ანთებული. ერთი სიტყვით, აგროძნობინებს, ჭკვიანად იყავით და ხელშეკრულებები ჩვენთან დადეთ, თორემ პრობლემები გექნებათო. ბაგა-ბაღის ხელმძღვანელები სრულ ტერორში არიან და აღარ იციან, ვის მიმართონ. თქვენი გაზეთის საშუალებით ვაფრთხილებ „ფუდსერვისს“, რომ ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე ფულის კეთების საშუალებას არც გეგენავებს და არც სხვებს არ მივცემთ. მაქსიმალურ მობილიზაციას მოვახდენთ და ამ ადამიანებთან ლაბორატორიული დასკვნებით დავიწყებთ საუბარს.  ვპირდები, რომ ყველა პროდუქციას, რომელიც ბაგა-ბაღებში შევა, დამატებით ლაბორატორიულ კვლევაზე გავუშვებთ და მოხდება პროდუქციის ფასის შედარება საბაზრო ღირებულებასთან. ამ სფეროში ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი უნდა დამყარდეს, თორემ უკვე საუბრობენ, რომ ბაგა-ბაღების სააგენტოში „ფუდსერვისის“ ჩასმით მერიის მაღალჩინოსნები მოგების 30%-იან წილში ჩასხდნენ. რეალობაა ეს თუ არა, შესაბამისმა სამსახურებმა არკვიონ, მე კი ჩემს საქმეს გავაკეთებ. საუბრის დაწყებამდე მკითხეთ, რატომ ვიცავ ასე თავგამოდებით იმ დირექტორებს, რომელთა უმეტესობა წინა ხელისუფლების დროინდელი საქმიანობის გამო მოსახსნელია. კი ბატონო, ზოგი მოსახსნელი კი არა დასაჭერია, მაგრამ ყველა არა და არა იმ ფორმით, რასაც გურამ კვეზერელი ახორციელებს და რასაც პირდაპირი ზეწოლის გარდა, ვერაფერს დავარქმევთ. მე მაქვს კადრები, დღისით-მზისით როგორ გამოაქვს ვაკის ერთ-ერთი ბაღიდან პროდუქტები გამგეს, მაგრამ არავინ ამ კადრებით არ დაინტერესებულა. სადაა ახლა „დაო+“, რომელიც ვითომდა ბაღის დირექტორთა უფლებებს იცავდა და რატომ არ აფიქსირებს თავის პოზიციას? რატომ არ ახდენენ შესაბამის რეაგირებას?“

გიორგი ბურჯანაძე ანტიკორუფციული კავშირის სამომავლო გეგმებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ კავშირს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც მტკივნეული იქნება „ფუდსერვისისთვის“, მაგრამ რეზონანსული იქნება საზოგადოებისთვის. რაც შეეხება, ღამის საათებში ბაგა-ბაღების ტერიტორიის კონტროლს, ბურჯანაძის თქმით, ამ მიმართულებით სამუშაო არის, მაგრამ არა იმ კუთხით, რომელსაც სააგენტო ახორციელებს:

„მე ახლა სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით საგანგებო კომისია შევქმენი, რათა ყველა ის პრობლემა ავითვისო, რაც სკოლამდელი აღზრდის სეგმენტს აწუხებს. სამწუხაროდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ვერ ვხედავ პროფესიონალ კადრს, რომელიც საკუთარ ბიზნეს-ინტერესებზე კი არა, აღსაზრდელების, მშობლებისა და პედაგოგების პრობლემებზე იქნება ორიენტირებული. რაზეა საუბარი, როცა კვალიფიციური ექსპერტები და სპეციალისტები უმუშევრები არიან და სააგენტოში თანაშემწეებად 24 წლის გოგოებს ნიშნავენ? გურამ კვეზერელს ვურჩევდი, რომ ზევით-ქვევით სიარულს და შუაღამის რეიდებს თავი დაანებოს და ღამის პრობლემები თუ აინტერესებს, ის გაარკვიოს, რატომ არის ზოგიერთი ბაღის ტერიტორია ნარკომანთა თავშეყრის ადგილი? შარშან ერთ-ერთი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ მათი ბაღის ტერიტორიაზე ნარკომანები და ცუდი ყოფაქცევის ქალბატონები იკრიბებოდნენ. ბაღის დარაჯი დაშინებული ჰყავდათ და გარეთ გამოსვლას ვერ ბედავდა. ანალოგიურ სიტუაციაში ვინც გაბედა და გამოვიდა, ზოგი დაჭრეს, ზოგი სცემეს და ზოგს სხვა პრობლემები შეუქმნეს. დილას ბაღში მოსულ ბავშვებს კი ეზოში შპრიცები და ათასი საშინელება ხვდებოდათ. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, პოლიციასა და საპატრულო სამსახურებთან ერთად დავიწყეთ პატრულირება და დღეს ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე შემთხვევა მაინც გვაქვს. აი, ესაა პრობლემა და არა ის, რომ სადღაც ფანჯარა დარჩა ღია. ფანჯარა ღია იმიტომ დარჩა, რომ სწავლის დაწყებამდე ნაჩქარევად ჩატარებული რემონტებისა და საღებავების ტოქსიკური სუნი განეიტრალდეს. ასეთ საკითხებზე ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან საუბარი შეუძლებელია, ვინაიდან, არავითარი კომუნიკაცია არ არსებობს. ყველაფერზე პასუხისმგებლობა მოიხსნეს და ბაღის დირექტორები გააფრთხილეს, ჩვენთან არაფერზე მოხვიდეთ და არაფერი გვკითხოთ, თქვენ ხართ დამოუკიდებელი იურიდიული პირები და გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოთო. საინტერესოა, თუ დირექტორმა ყველა გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, რისთვის გვჭირდება ამხელა ბიუჯეტიანი სტრუქტურა (ქალაქიდან სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ყოველწლიურად 80 მილიონია გამოყოფილი და აქედან 4 მილიონი, ჯერჯერობით, აუთვისებელია!)? იმისთვის ნამდვილად არ მიგვიცია დავით ნარმანიასთვის ხმა, რომ ყველა სტრუქტურა თავისი ახლობლებით და ყოფილი სტუდენტებით გაევსო, რომლებიც უზარმაზარი ხელფასების სანაცვლოდ, პასუხისმგებლობას არაფერზე აიღებდნენ. ბატონ ნარმანიას მინდა შევახსენო, რომ არასწორი საკადრო პოლიტიკის წარმოება იყო ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც მისი წინამორბედის მიმართ გაისმოდა და ყველამ ვიცით, სად ბრძანდება დღეს ბატონო უგულავა!

საუბარს იმით დავასრულებ, რომ ჩვენ შესაბამის სამსახურებთან ერთად გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც საკმაოდ მტკივნეული იქნება „ფუდსერვისისთვის“ და საკმაოდ რეზონანსული საზოგადოებისთვის. ჯერჯერობით, სხვას ვერაფერს დავამატებ და დანარჩენს საზოგადოება უახლოეს ხანებში იხილავს“.

ბუნებრივია, რომ არასამთავრობოთა ბრალდებებზე „ქრონიკა+“ კომენტარისთვის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, გურამ კვეზერელს დაუკავშირდა, რომელმაც ჯერ მოუცლელობა მოიმიზეზა და შემდეგ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

 

                                                                                                                     ნელი თორდია