ლაშა თაკალანძე: „დღევანდელი საქართველო შემოქმედებითი ჭაობია“

ტურიზმი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ბევრი სტუმარი სწორედ ჩვენი მეზობელი ოკუპანტი ქვეყნიდან გვყავს. რუსეთის მოქალაქეებისთვის ამა თუ იმ სასტუმროსა და რესტორანში მენიუები მხოლოდ მათ მშობლიურ ენაზეა. ასეთ ვითარებაში მათ ნაკლებად ახსოვთ, რომ ისინი იმ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% მისაკუთრებული აქვს.

როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ქვეყანას ამ მიმართულებით? რა გამოწვევები დგას ქართველი ახალგაზრდების წინაშე და როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართვა?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „ლიდერთა კლუბის“ პრეზიდენტ ლაშა თაკალანძეს ესაუბრა:

_ ლაშა,როგორ შეაფასებთ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას?
_ ყველაფერი ზედაპირზეა და ყველანი ვხედავთ, რა მოცემულობაც არის. დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილია ორი ძალა: „ქართული ოცნება“ და გაერთიანებული ოპოზიცია. ეს ორი ძალა, გარკვეულწილად, რაღაც დონეზე ერთმანეთს კვებავს. „ქართული ოცნება“, რომელიც სრულიად დესტრუქციული ძალაა, თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით, უკვე ვერც ერთ დაპირებას ვეღარ ასრულებს, შესაბამისად, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის. ჩვენ ვნახეთ, რომ შუალედურ არჩევნებზე მოსყიდვით, დაშინებით და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მიაღწიეს მათთვის სასურველ შედეგს. რაც შეეხება “გაერთიანებულ ოპოზიციას” ძირითად ნაწილს წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“, ამ გაერთიანებაში არის ასევე, დაახლოებით, 10 პოლიტიკური სუბიექტი. ისინი ერთობლივად ცდილობენ, რომ ეს მანკიერი ხელისუფლება ძალაუფლებას ჩამოაშორონ, მაგრამ მათ ხალხის თვალში არ აქვთ საკმარისი ნდობა. მიუხედავად ამისა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე სერიოზულ შედეგს მიაღწია. ხელისუფლებამ კი, თავის მხრივ, ყველანაირი ღონე იხმარა, რომ არჩევნები მოეგო. რომ არა გაყალბებები, დაშინებები და ადმინისტრაციული რესურსი, გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებდა. რაც შეეხება ამომრჩეველს, მათ შორის არიან იმედგაცრუებული ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უნდა დაუჭირონ მხარი, რაც მგონია, რომ დაბალი პოლიტიკური კულტურის ბრალია. ქართველ ხალხს ძალის ცენტრისკენ აქვს მიდრეკილება. ყველა ხელისუფლების დროს ასე ხდებოდა, შევარდნაძის დროსაც, „ნაციონალური მოძრაობის” დროსაც. ქართველი ამომრჩეველი ჯერ არ არის პოლიტიკურად მომწიფებული. საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის არ არსებობს იდეოლოგიური შეჯიბრი. საარჩევნო პროგრამებით არ იბრძვიან, ერთმანეთის ლანძღვის, მიწასთან გასწორების ხარჯზე ხდება პოლიტიკური დივიდენდების მიღება. უკვე მერამდენე წელია, ნეგატიური არჩევნები ტარდება. ეს არის არაჯანსაღი პროცესი. სავარაუდოდ, ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია ის, რომ ამომრჩეველი ვერ ხვდება, რომელ პარტიას უნდა დაუჭიროს მხარი. თავად პოლიტიკური პარტიები არ აწვდიან ინფორმაციას. ორივე მხრიდან მიმდინარეობს ეს არაჯანსაღი ბრძოლა, ამ შემთხვევაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ვიდრე ოპოზიციას. სწორედ, ხელისუფლების მხრიდან მოდის სიბინძურის ნიაღვარი, მათი დანერგილია „ფესიბუქ ბოტები“, ფეიკ ნიუსების მიზანმიმართულად გავრცელება და ა. შ., თუმცა არც ოპოზიცია აკლებს.
_ ამ ვითარებაში სად დგას ამომრჩეველი და რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას?
_ ვიმეორებ: ამომრჩეველს პრიორიტეტების დასახვის პრობლემა აქვს და ამაში დიდი „წვლილი“ მიუძღვით ისევ პოლიტიკურ პარტიებს იმიტომ, რომ ისინი არ აწვდიან შესაბამის ინფორმაციას და საარჩევნო პროგრამას სრული სახით. არ განუმარტავენ ამომრჩევლებს, ამა თუ იმ პოლიტიკურ ნაბიჯს რა შემთხვევები მოჰყვება. ხშირად არჩევნებთან დაკავშირებით ნონსენსებსაც ვაწყდებით ხოლმე, მაგალითად, ჭიათურაში მუშები აქციას მართავდნენ, აპროტესტებდნენ მთავრობის გადაწყვეტილებებსა და სამუშაო პირობებს, მეორე დღეს არჩევნებზე კი 65%-ით გაამარჯვებინეს ჭიათურლებმა სახელისუფლებო კანდიდატს, რაც ჩემთვის გაუგებარია. ასეთი საპროტესტო მუხტის ფონზე როგორ მიიღო 65% საახელისუფლებო კანდიდატმა? სავარაუდოდ, ამომრჩეველი მოისყიდეს ან დაჰპირდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში გარკვეული სახის პრივილეგიებს მიიღებდნენ. შესაძლოა, დააშინეს კიდეც, სხვანაირად ვერაფრით აიხსნება „ქართული ოცნების“ კანდიდატის მიერ მიღებული 65%.
_ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირი გზით ცდილობდა ხელისუფლებაში დარჩენას, თუმცა ხალხმა, მათ შორის დაშინებულმაც და მოსყიდულმაც, „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა…
_ „ნაციონალურმა მოძრაობა“ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა, ხალხში უკმაყოფილების უზარმაზარი ტალღა გაჩნდა და, შესაბამისად, მოსახდენიც მოხდა. ხელისუფლების წინააღმდეგ მთელი ერი დაირაზმა და მგონია, რომ იგივე მოელის „ქართულ ოცნებას“. პირველ რიგში, მაჟორიტარული სისტემა უნდა შეიცვალოს პროპორციულით. თუ ასე მოხდა, ვფიქრობ, 2020 წელს აუცილებლად დამარცხდება „ქართული ოცნება“ და ჩემი სურვილია, რომ ხელისუფლება მრავალპარტიული მთავრობით დაკომპლექტდეს. ჩვენ ვართ საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი ძალაუფლება პარლამენტის ხელშია. პარლამენტი ირჩევს პრემიერ-მინისტრს, ასევე პრემიერ-მინისტრის წარდგინებით მხარს უჭერს ამა თუ იმ მინისტრის დანიშვნას. როცა მრავალპარტიული პარლამენტი იქნება, პარტიები ერთმანეთს დააბალანსებენ. ასეთ შემთხვევაში კი აღარ გაჩნდება საფრთხე, რომ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ სრულად აიღოს ხელში ძალაუფლება. ერთი რამ ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი მორალური უპირატესობა არ გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით, რადგან ზუსტად ის მანკიერი სასამართლო სისტემა, რაც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა. „ქართული ოცნება“ სწორედ სისტემის შეცვლის სლოგანით მოვიდა ხელისუფლებაში და არათუ შეცვალა, პირიქით უფრო მეტად გაამყარა წინა მანკიერი სისტემა.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ არის ნაკლებად პოპულარული პოლიტიკაში ჩართვა ახალგაზრდებში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ახალი თაობა?
_ ხელისუფლება ვითომ რომ ცდილობს საინტერესო ახალგაზრდების მოზიდვას თავის პოლიტიკურ გუნდში, ეს პროცესი ასე ხელოვნურად არ ხდება, ეს ბუნებრივად უნდა განვითარდეს. მეორე მხრივ, იმისთვის, რომ იყო ძლიერი პოლიტიკოსი, საჭიროა გარკვეული ტიპის გამოცდილება. არსებობს „10 000 საათის მეთოდი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც სურს ამა თუ იმ სფეროში შესვლა, მას, მინიმუმ, 10 000 სამუშაო საათი უნდა ჰქონდეს ნამუშევარი, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდეს. ამიტომ მოსაზრება, რომ ახალგაზრდები წარმატებული პოლიტიკოსები იქნებიან, გადაჭარბებულად მიმაჩნია. შეიძლება, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ეს თავიანთი ინიციატივით უნდა მოხდეს. თუმცა ახალგაზრდების შემთხვევაში სხვა რამ უფრო მედარდება, _ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ან ემიგრაციაშია, ან წასვლას გეგმავს. ვიცი ახალგაზრდა წყვილები, რომლებიც ქორწინდებიან და ერთად მიდიან ამერიკასა თუ ევროპაში. ახალგაზრდები ამ ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავენ და აი, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ამიტომ ვაკრიტიკებ ამ ხელისუფლებას, სწორედ მას ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა. ხელისუფლებამ ვერ შეძლო შეექმნა ის თავისუფალი გარემო, რაც აუცილებელია შემოქმედებითი ახალგაზრდების უნარების განსავითარებლად. რომ გავიხსენოთ „ბასიანში“ განვითარებული მოვლენები, საერთოდ გაუგებარია, როგორ იმოქმედა ხელისუფლებამ. მართალია, საკითხი ნარკოტიკებს ეხებოდა, მაგრამ ხომ შეეძლოთ, ახალგაზრდების დაშინებისა და სპეცრაზმით შევარდნის გარეშე მოეგვარებინათ ეს პრობლემა? ასევე აღსანიშნავია, რომ ნეპოტიზმის კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა, ეს დღევანდელი ხელისუფლების მთავარი „მიღწევაა“, ფრთები აქვს გაშლილი ნეპოტიზმს, რაც ახალგაზრდებში ნიჰილიზმს იწვევს. ახალგაზრდა, რომელმაც განათლება მიიღო და სამსახურს ეძებს, ხედავს, რომ ვიღაც ჩინოვნიკის ნათესავს ასაქმებენ, რაც, ბუნებრივია, იწვევს გაღიზიანებას, უსამართლობის განცდას. ელემენტარულად, შემოსავალი სჭირდება ახალგაზრდებს. ვერ საქმდებიან და იძულებული არიან, დატოვონ ქვეყანა და საზღვარგარეთ გააგრძელონ ცხოვრება. დღევანდელი საქართველო ეს არის შემოქმედებითი ჭაობი, უდაბნო. ასეთ გარემოში არათუ ახალგაზრდას, არამედ უფროსი თაობის ადამიანებსაც უჭირთ გაჩერება. ეს ყველაფერი მმართველი პოლიტიკური პარტიის უუნარობისა და შესაძლოა, მიზანმიმართული მავნებლობის ბრალიც იყოს. ჩემი ახლანდელი საქმიანობიდან გამომდინარე, რომელიც ტურიზმს უკავშირდება, საქართველოს ყველა რეგიონთან მიწევს შეხება. ყველგან ერთი და იგივე ვითარებაა, ახალგაზრდებისგან ყველა კუთხეში მესმის ერთი ფრაზა: „ნეტა, ამ ქვეყნიდან გამაღწევინა“, რაც უცხოეთში ემიგრაციას გულისხმობს.
_ როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი ამ შექმნილი რთული ვითარებიდან?
_ არჩევნებამდე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა საჭირო და 2020 წელს ყველა ჩვენს ხელთ არსებული კონსტიტუციური მეთოდით ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს, შეიცვალოს ეს ხელისუფლება და მოვიდეს მრავალპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული ხელისუფლება. სხვა გამოსავალი არ არსებობს. აუცილებელია ამ პროცესში ყველას ჩართულობა, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებს მოვუწოდებ აქტიურობისკენ. თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას თავისი ხმა. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ქვეყანა მას ეკუთვნის და არა მილიარდერ ივანიშვილს და არც მიხეილ სააკაშვილს. ეს ქვეყანა თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. სანამ ამას არ გავაცნობიერებთ, ვერც ვერაფერს შევცლით უკეთესობისკენ.
მინდა, ერთი რამ აღვნიშნო: როგრც ზემოთ ვთქვი, ტურიზმის სფეროში ვმუშაობ და ვხედავ, როგორ ხდება რუსული კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი არის საქართველოს პირველი დაუძინებელი მტერი. სწორედ რუსეთის ინტერსებში შედის, რომ საქართველო იყოს დაბეჩავებული, განუვითარებელი ქვეყანა. ზოგიერთ რესტორანს მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე აქვს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ჭორებზე არ ვსაუბრობ, ეს ჩემი პრაქტიკიდან ვიცი. რუსეთის შემოსვლა რაიმე ფორმით ყველანაირად მიუღებელია. იგივე თუნდაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობაც რუსეთის ინტერესში არ შედის. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რეკომენდაციები მოგვცა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის ინტერესებში შედის ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენ გვაქვს ეროვნული ინტერესები, რაშიც ჩვენი ქვეყნის გამთლიანება შედის. განსაკუთრებით აშშ-ს ინტერესებში შედის ჩვენი განვითარება. ჩვენი დასავლური კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. არადა, ამ ხელისუფლების პირობებში ამ კონტურებს ვხედავ. რთულია, ვინმეს ხელი დაადო, მაგრამ ეს შესამჩნევია. ახალგაზრდა რუსმა პოლიტიკოსმა მილოვმა განაცხადა, საქართველოს უნდა დაუბრუნდეს აფხაზეთი და სამაჩაბლოო. ეს ძალიან გამიხარდა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანი გამოჩნდა. ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის და მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტია, ყველგან უნდა იყოს წარწერები, სტიკერები, რაც მათ გაახსენებს, რომ მათი ქვეყანა და პუტინი ოკუპანტია. ეს აუცილებელია!.

ნენე ინჯგია