მაია მიმინოშვილმა „ოცნების“ ე. წ. ძველ გვარდიას ხელი დაუქნია?!

ქართული პოლიტიკა დიდი განსაცდელის წინაშე დგას. დიახ, ეს არის განსაცდელი, რომელსაც არავინ ელოდება და ვერც ვერავინ წარმოიდგენდა. იტყვით, სული ნუ ამოგვხადეთ და გვითხარით, რა ხდებაო?
ბუნებრივია, გეტყვით, მაგრამ ცუდი ამბის გასაგებად ადამიანებს ამზადებენ ხოლმე _ ეს ერთგვარი პროტოკოლია. ჰოდა, ჩვენც შეგამზადეთ და თუ მზად ხართ, რომ ყველაზე ცუდი ამბავი მოისმინოთ, მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავალთ და გეტყვით, რომ რეჟისორი ნუკრი ქანთარია პოლიტიკიდან წასვლას აპირებს!

ასეთი გადაწყვეტილება კი „ოცნების“ ე. წ. ძველი გვარდიის წარმომადგენელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი განახლებას მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით აპირებს, ანუ „ოცნების“ HR აწ უკვე გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ექსმიშისტი ხელმძღვანელია _ დასამალი არავისთვის არის, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ეს ქალბატონი სააკაშვილის მიმდევარი და ფანი იყო, მაგრამ როგორც კი იგრძნო, რომ პოლიტიკური ვითარება იცვლებოდა, „ნაციონალებს“ ზურგი აქცია და „ოცნებამაც“ დიდი ზარზეიმით მიიღო.
მეტიც, ამ წლების განმავლობაში მიმინოშვილი ივანიშვილის უცვლელი მასპინძელი გახლდათ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ „ოცნების“ თავმჯდომარე გამოცდების ცენტრს ხშირ-ხშირად სტუმრობდა და მიმინოშვილიც ივანიშვილთან გადაღებული ფოტოებით თავს იწონებდა ხოლმე.
აქედან გამომდინარე, იმის მოლოდინი, რომ მიმინოშვილი ოდესმე უსამსახუროდ დარჩებოდა, არავის ჰქონდა.
მართალია, განათლების ცენტრის გარშემო ცუდი ხმები ხშირად ვრცელდებოდა, მაგრამ ამ ქალბატონის თანამდებობიდან მოხსნა „ოცნების“ განათლების ვერც ერთმა მინისტრმა ვერ გაბედა.
საბოლოოდ, მიმინოშვილს წირვა ბატიაშვილმა გამოუყვანა, თუმცა ქალბატონი მაიას უმუშევრობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ის, როგორც აღვნიშნეთ, „ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დასაქმდა.
დანამდვილებით არავინ იცის, კონკრეტულად რა მისია აქვს მიმინოშვილს „ოცნებაში“, ანუ უცნობია, მმართველი პარტიის ახალ სახეებს ის „უნარების ტესტებით“ შეარჩევს თუ საამისოდ რამე ახალ მეთოდს შეიმუშავებს, მაგრამ, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ „ოცნება“ ახალ სახეებს გამალებით ეძებს, ძველებს კი მიმინოშვილმა, როგორც ჩანს, წითელი აუნთო.
„წითელანთებულთა სიაში“ ნუკრი ქანთარიაც მოყვა. ყოველ შემთხვევაში, დეპუტატი რეჟისორი ღიად ამბობს, რომ მან პოლიტიკაში თავისი მისია ამოწურა და ამიტომ 2020-ის საპარლამენტო სიაში აღარ იქნება.
„მინდა, ჩემი პოზიცია სახელისუფლებო გუნდში მიმდინარე განახლების პროცესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტო, რათა საზოგადოებისა და მედიის მხრიდან სხვადასხვაგვარად არ იყოს აღქმული და ინტერპრეტირებული.
მიმაჩნია, რომ ნებისმიერი გუნდი, მით უფრო, სახელისუფლებო, მუდმივად საჭიროებს განახლებას. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისთვის.
იმედი მაქვს, განახლების პროცესი, რომელიც მმართველ გუნდში უკვე დაწყებულია და ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯებიც გადაიდგა, წარმატებით დასრულდება.
ამ ეტაპისთვის მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ჩემი ყოფნის აუცილებლობას ვერ ვხედავ იქიდან გამომდინარე, რომ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და მიმაჩნია, ახალი ხალხია საჭირო.
ვიმეორებ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ჩემს საჭიროებას ახალ პარლამენტში, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის დატოვებას ან პასიურ პოზიციაში გადასვლას.
პირიქით, ვფიქრობ, სწორედ მრავალწლიანი გამოცდილებით და დაგროვილი ცოდნით აქტიურად ჩავერთო პარტიის განახლებისა და, ზოგადად, მმართველი გუნდის გაძლიერების პროცესში.
ვარ და ვიქნები ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე და მასთან ერთად ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას.
შევხედოთ მოვლენებს, თუ იქნება სტაბილური პოლიტიკური გარემო, ასეთ შემთხვევაში ვერ ვხედავ აუცილებლობას და საჭიროებას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის, მაგრამ თუ გამწვავდა სიტუაცია და გუნდმაც და მეც დავინახეთ, რომ საჭიროა საპარლამენტო პროცესში ჩემი კვლავ მონაწილეობა, დავდგები იქ, სადაც გუნდისა და ქვეყნის ინტერესები მოითხოვს“, _ დაწერა რამდენიმე დღის წინ ქანთარიამ Facebook-ზე.
სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ რღვევა დაიწყო, კულუარებში ითქვა, რომ ამბოხებულებს ქანთარიაც შეუერთდებოდა, ანუ ზოგს მოლოდინი ჰქონდა, რომ ის ბესელიას გაჰყვებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ზოგადად, რამდენად არის ბესელია ამბოხებული, ეს ცალკე საუბრის თემაა. ყოველ შემთხვევაში, ბევრი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ 2020-ისთვის ივანიშვილი ახალ სტრატეგიას ამუშავებს და მართულ ვითომ ოპოზიციურ პარტიებს ქმნის. ეს მეთოდი პოლიტიკაში აპრობირებულია, თუმცა ის, რაც კარგად არის ცნობილი, მაინცდამაინც კარგად აღარ იყიდება ხოლმე.
ამიტომაც ბესელიას „გაოპოზიციონერება“ ამომრჩევლის არცთუ ცოტა ნაწილს „საოცნებო ფანდი“ ჰგონია, რომლითაც ივანიშვილი შეეცდება, რომ ხალხი დააბნიოს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე რეალურ ოპოზიციას ხმები წაართვას.
ქანთარიას პოლიტიკიდან წასვლაც შესაძლოა, ამ სცენარში ჯდებოდეს, თუმცა ისიც უნდა დავუშვათ, რომ „ოცნება“ ძველი სახეების გადამალვას მართლა ცდილობს, ქანთარია კი ძველი სახეებიდან ერთ-ერთია, რომლის მიმართაც ელექტორატი მაინცდამაინც დადებითად არ არის განწყობილი.
სხვათა შორის, „ქრონიკა+“-ს ჰქონდა მცდელობა, რომ ნუკრი ქანთარიასთან ინტერვიუ ჩაეწერა, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი კოლეგის ეს მცდელობა მცდელობად დარჩა _ დეპუტატმა ჩვენს გამოცემასთან თანამშრომლობისგან თავი შეიკავა.
ამით „ქრონიკა+“-ს, რასაკვირველია, არაფერი დაუკარგავს, მით უმეტეს, რომ იგივე ინტერნეტში უხვად მოიძებნება მასალები, საიდანაც ქანთარიას პოლიტიკურ სახეზე წარმოდგენის შექმნა ადვილად შეიძლება.
ჩვენ ერთ-ერთი ასეთი ინტერვიუდან ამონარიდებს გთავაზობთ. ამ ინტერვიუში ქანთარია ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი დიდი სურვილი ეკონომიკის სტაბილურობაა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვერ შეძლო „ოცნებამ“ ეკონომიკის დასტაბილურება, დეპუტატი პასუხობს:
„ამას ბევრი მიზეზი აქვს და კარგად იცით, რომ ეს მხოლოდ ჩვენი მიზეზით არ მოხდა _ კუნძულზე არ ვცხოვრობთ: გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რუსეთის პრობლემები, იქით ომი და… ყველგან კრიზისია.
_ ანუ „ოცნების“ ეკონომიკურ გუნდთან შეკითხვები არ გაქვთ?
_ ვფიქრობ, მეტი სიფხიზლე მართებდა, თუმცა ვატყობ, რომ მუშაობს. როცა ლარმა ციმციმი დაიწყო, იმ წუთიდან, ალბათ, მეტი სიფხიზლე იყო საჭირო, მაგრამ არის პროცესი, რომელსაც ვერ გააჩერებ, მით უმეტეს, საგარეო ფაქტორებს…
ჩვენ ის ხელისუფლება არ ვართ, რომელიც პირველ „ჩვენებას“ ჩააცივდება. ასეთი ხელისუფლება ადრე იყო _ კაცს მოკლავდა და ამბობდა, თავისით მოკვდაო… შეცდომებს ვაღიარებთ და ჩვენი მთავარი დადებითი თვისება, რომელიც მოსახლეობამ კარგად უნდა გააცნობიეროს, ის არის, რომ ხალხის ხმა ძალიან კარგად გვესმის.
ვაღიარებ: ჩემი თვალთახედვით, რაც ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბდა, 90-იანი წლებიდან, პროფესიონალების დეფიციტს, რა თქმა უნდა, განვიცდით.
_ აღმასრულებელ ხელისუფლებას რატომ არ სთხოვთ, პროფესიონალები მოიყვანოს?
_ ვინცაა, პროფესიონალები არიან, მაგრამ იმ შუა რგოლებზე ვლაპარაკობ, რომელთაც საქმე უნდა გააკეთონ. ძველი რეჟიმიდან კიდევ არიან შემორჩენილები. ზოგი ნორმალურად მუშაობს, ზოგი კი, ალბათ, გარკვეულ საბოტაჟში მონაწილეობს…
პარტია „ქართული ოცნება“ არსებობს, გვინდა, გამართული სტრუქტურული ორგანიზაცია იყოს, მაგრამ ვერ მოვასწარით: კარგად იცით, 2012 წლამდე რა პერიოდი იყო, მერე იყო საპრეზიდენტო, თვითმმართველობის არჩევნები. ასე რომ, ისეთი ყურადღება ვერ მიექცა, როგორსაც პარტია იმსახურებს. ახლა კი ეს დრო დადგა. რეგიონებშიც ვიყავით, პარტიულ აქტივს შევხვდით და ბევრია გადასახალისებელი.
ერთია, როცა ბრძოლის დროს ლაშქარი იქმნება, მეორეა სტრუქტურული პარტია… აშშ-ში სულ ორი ძირითადი პარტიაა _ რესპუბლიკელები და დემოკრატები, რომლის წევრებიც 2-3 ათასს არ აღემატება, თუმცა მხარდამჭერთა კლუბები, ორგანიზაციები აქვთ და არჩევნების დროს ყველაფრის თავმოყრა ხდება. ევროპული პარტია კი ვერტიკალზეა აგებული, რომელიც მუდმივად მუშაობს და კადრებიც იქიდან მოდის. შევთანხმდით, რომ ევროპული პარტია გვინდა, რომელსაც მუდმივი მუშაობა სჭირდება. ჰოდა, ეს პროცესი, იმედი მაქვს, დაწყებულია _ როგორც ვიცი, გარკვეული სტრატეგია იწერება და, თუ უახლოეს ხანში არ დაიდო, ალბათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და ასეთი მშვიდიც აღარ ვიქნები.
_ ხალხი ბიძინა ივანიშვილს ისევ უწინდებურად ენდობა თუ, მინიმუმ, კითხვის ნიშნები აქვს?
_ რეგიონებში ბიძინა ივანიშვილის მიმართ განწყობა არ შეცვლილა. მაგალითად, კახეთში ვიყავი და როცა რთველს ვახსენებდი, ყველა აღტაცებული იყო. ჯანდაცვაზეც ამბობენ, ოპერაცია მე კი არ გამიკეთებია, მაგრამ მეზობელმა გაიკეთა, კარგია და ბიძინასთვის, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმისო, მაგრამ იცით, პრეტენზია რაზე აქვთ?
_ რაზე?
_ არჩევნებამდე რომ გვეუბნებოდით, შენ კარგი ხარ, ის კი, ვინც გამგეობაში, შუა რგოლში ზის _ ცუდი, ახლა ის კარგი გახდა, მე კი ცუდი ვარ და ეს როგორ მოხდაო?
მოკლედ, პრობლემა, ძირითადად, დასაქმებაა, მაგრამ როცა ვეკითხებოდი, ახლა არჩევნები რომ იყოს, შორიდან გვიყურებთ თუ რა იზამთ-მეთქი? გვპასუხობდნენ, _ რას ამბობთ, თქვენთან ვიქნებითო.
ბატონი ბიძინა ახლა არ გამიცნია. ბუნებრივია, ვენდობი… ბიძინას რამე იმიტომ არ გაუკეთებია, მის მიმართ ვინმე ვალში იყოს. ყველაფერს უანგაროდ აკეთებდა და პოლიტიკაში ისეთ დროს შემოვიდა, როცა ყველაფერი გაჩანაგებული იყო. ამ კაცმა მოახერხა, სხვადასხვა თვისების ხალხი შეეკრიბა, წინ გასძღოლოდა და იმ რეჟიმის დამარცხება კი არა, იმ რეჟიმზე გამარჯვება მოხდა, რომელთანაც პირდაპირ შემსკდარი ვიყავი.
გარდა ამისა, კიდევ რამდენი სიკეთე გაუკეთებია, მაგრამ ბიძინა არაფერს ითხოვს. თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მადლიერი იყოს თუ არა.
…ახლა მედიასივრცე აბსოლუტურად თავისუფალია, ეს თავისუფლება მედიის მხრიდან გამოსაყენებელია და არ შეიძლება, ყველა ნიუსი უარყოფითი იყოს. ქვეყანაში რაც ხდება _ კარგიც და ცუდიც, რაღაც ბალანსით გამოიტანეთ, თორემ მოსახლეობას, ტელევიზიების მიმართ იქნება თუ სხვისი, მკაცრი ხელის მოთხოვნა გაუჩნდება და გაღიზიანებულმა ხალხმა შეიძლება, პროტესტი გამოხატოს…
ჩვენ იმ მისიით არ მოვსულვართ, ტოტალიტარული რეჟიმი დავამყაროთ, მაგრამ დემოკრატია ძალიან რთული და განვითარებადი პროცესია. მოკლედ, თუ ეს თავისუფალი სივრცე ვერ შევირგეთ, მაშინ ამის ალტერნატივა მხოლოდ ტოტალიტარიზმი და რადიკალიზმია, რაც ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანისთვისაც საშინელება იქნება. ამიტომ ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეს თავისუფალი სივრცე ბოროტად არ იქნეს გამოყენებული.
_ საკუთარ თავს რას მიუტევებთ?
_ ეს მაშინ ვნახოთ, როცა სულის ამოხდომამდე 10 წუთი დამრჩება. ისე, საკუთარ თავთან პრეტენზიები სულ მაქვს და მისატევებლად ჯერ არ მცალია.
_ ყველაზე დიდ შეცდომად რას მიიჩნევთ?
_ ასეთიც ყოფილა…
_ დღეს რომ ოპოზიციაში იყოთ, რას გააპროტესტებდით?
_ ოპოზიციაში არ ვარ.
ოპოზიციაში რომ ვიყო, ერთადერთი, რასაც გავაპროტესტებდი, ტემპია. ჩასაფრებულ მდგომარეობაში, ალბათ, არ ვიქნებოდი, მაგრამ ხელისუფლება პრობლემებთან უნდა მივიდეთ. აი, ამაში გვჭირდება ადაპტაცია _ პრობლემა მანამ უნდა გადავჭრათ, ვიდრე გადიდდება.
_ ბატონო ნუკრი, ოცნებები სრულდება?
_ ყველაზე კარგია ოცნებისკენ მიმავალი გზა. როგორც კი ოცნება სრულდება, მერე ახალი ოცნება იწყება“.

თუ იმ განცხადებებით ვიმსჯელებთ, რომელიც ბოლო დროს მედიასთან თუ სოციალურ ქსელში გააკეთა, შესაძლოა, ეჭვი გაგვიჩნდეს, რომ ნუკრი ქანთარიას ოცნება დასრულდა და ახლა ახალ ოცნებას იწყებს.
ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე წლის თებერვალში ქანთარიამ აღიარა, რომ „ოცნების“ მიმართ ხალხის ნდობა შემცირებულია.
„_ ერთ-ერთი ბოლო სოციოლოგიური კვლევით ნიჰილისტური განწყობები იზრდება. რამდენად გრძნობს მოსახლეობის მაჯისცემას ხელისუფლება?
_ საკმაოდ დიდი მოლოდინები იყო. მეორე ვადა სრულდება. ამ საპრეზიდენტო არჩევნებმა ძალიან ბევრი რამ გააშიშვლა და გამოააშკარავა. წელიწად-ნახევარია დარჩენილი, დრო საკმაოდ ცოტაა. ხალხის განწყობების ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია. ამ არჩევნებზე ხალხმა თავისი სათქმელი თქვა, ახლა ჯერი ჩვენზეა. პირველსა და მეორე ტურებს შორის დაპირებები იყო და მე ველოდები ამ დაპირებების შესრულებას. ცვლილებები აუცილებლად უნდა მოხდეს.
– ცვლილებები საკადრო დონეზე?
– დიახ, მათ შორის, საკადრო დონეზე. საერთოდ, ტემპის დაჩქარებაზე იყო საუბარი და ცხადია, მეც მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ უფრო წინ უნდა წავიწიოთ.
ახლა მგონია, რომ მოლოდინის რეჟიმი უკვე იწურება. ამიტომ მეტია საჭირო ჩვენი მხრიდან. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თუნდაც ამ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, როგორ რა მოხდება. ასევე ამ წელიწად-ნახევარში რას შევძლებთ, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, ვნახოთ.
_ თქვენ რას ელოდებით? მესამე პოლიტიკური ძალა გამოიკვეთება _ შეიძლება „ქართულ ოცნებას“ რეალური კონკურენტი გამოუჩნდეს?
_ არ არის გამორიცხული, რომ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს.
_ კონკრეტულად?
_ ბევრი რამე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეძლებს სასამართლოში ხაზარაძე საკუთარი თავის დაცვას. შეიძლება, ის იძულებით აღმოჩნდეს პოლიტიკაში. ამ შემთხვევაში, ის წაიღებს როგორც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხმებს, ისე „ქართული ოცნების“ ხმებსაც, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მესამე ძალის გამოჩენის მოლოდინია ხალხში, შეიძლება სწორედ ის აღმოჩნდეს მესამე თუ მეორე ვერ გეტყვით, რომელი და მან შეიძლება, სერიოზულად წაართვას ბევრ პარტიას ხმა. მათ შორის მმართველ პარტიასაც“.

ამ ინტერვიუდან, რომელიც ერთ-ერთი ყოველდღიური გამოცემის ჟურნალისტმა ქანთარიასთან სამი თვის წინ ჩაწერა, ჩანს, რომ ნუკრი ქანთარია უპირობო „მეოცნებე“ აღარ არის, თუმცა საქმე არც იქამდე მიიყვანა, რომ უმრავლესობა ან ნებით დაეტოვებინა, ან გაერიცხათ, ანუ, როგორც ჩანს, რაღაცას ელის, მაგრამ რას ელის ქანთარია? _ ამის თქმა ძნელია.
ზოგადად, „ქრონიკას+“-ს „ოცნებიდან“ კონფიდენციალური წყაროები ეუბნებიან, რომ მარტო ქანთარია კი არა, უმრავლესობის ძალიან ბევრი წევრი ერთგვარად მოლოდინის რეჟიმშია.
ეს „მოლოდინის რეჟიმი“ კი, სავარაუდოდ, იმას უკავშირდება, რომ მთავრობაში გადაადგილებებია დაანონსებული და ყველა დეპუტატს იმედი აქვს, რომ გავლენიან უწყებას მისი ახლობელი ჩაუდგება სათავეში, შესაბამისად, ახალი კლანი გაჩნდება, რომელსაც პარლამენტში ლობი დასჭირდება.
ის, რომ დეპუტატები ცალკეულ მინისტრებს ან ბიზნესწრეებს ლობირებენ, უცხო ხილი ნამდვილად არ არის და ეს პრაქტიკა ქართულ პოლიტიკაში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს, ანუ გვახსოვს პერიოდები, როცა კონკრეტული ბიზნესჯგუფი კონკრეტული პერსონის გასადეპუტატებლად სერიოზულ „მაყუთს“ ხარჯავდა და ფული არც ენანებოდა, რადგან იცოდა, რომ დანახარჯს არჩევნების შემდეგ ორმაგად ამოიღებდა.
ეს პრაქტიკა შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც არსებობდა, მაგრამ აშკარა სახე აღარ ჰქონდა.
2012 წლის შემდეგ კი პოლიტიკური კორუფცია ისევ აყვავდა.
რაც შეეხება მაია მიმინოშვილსა და მის „საოცნებო მისიას“, ჩვენი წყაროების ინფორმაციით, ეს ქალაბატონი მასზე დაკისრებულ მოვალეობას მაინცდამაინც კარგად ვერ ართმევს თავს, ანუ თითქმის ყველამ, ვისაც მიმინოშვილმა შესთავაზა, რომ „ოცნების“ ახალი სახე გამხდარიყო, ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
ამიტომ, დიდი ალბათობით, „ოცნება“ ნაკლებცნობადი სახეებით განახლდება. ამ კონტექსტში სახელდება, მაგალითად, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომელიც სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის თითქმის ყველა გადაწყვეტილებას, პრინციპში, ოვაციით ხვდება.

ხოლო „ოცნებაში“ დაანონსნებულ განახლებას ექსპერტი გია ხუხაშვილი ასე აფასებს:
„ვოლსკი გაუშვა და კახაძე მოიყვანო, ამაში მე ლოგიკას ვერ ვხედავ. რამდენი დაიძახეს, ახალი სახეო, ხან ღარიბაშვილი დააბრუნეს და ხან აგერ, მთლად ლადო კახაძე აირჩიეს. ასე რომ, ეს არის მხოლოდ კეთილი სურვილები. მხოლოდ კეთილი სურვილებით ჯოჯოხეთში მიდიხარ. სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ და გენიოსები, მაინც არაფერი ეშველებათ, თუ სისტემური რეფორმირება არ დაიწყება.
უნდა აღდგეს ინსტიტუციური წესრიგი, პირველ რიგში და, ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებას. კონსტიტუციის მიღმა ცხოვრობს ქვეყანა. კი, ქაღალდზე გვიწერია კონსტიტუცია, კაბინეტებზე აწერია პრემიერ-მინისტრი, მინისტრი და ა. შ., მაგრამ ეს ხომ არ არის რეალობა.
მთლად HR ჩამოაყალიბეს, ანუ მაია მიმინოშვილი, რომლის კვალიფიკაციას პატივს ვცემ, ჩემი კლასელია, აიყვანეს HR-ად. პარტიის HR რა უბედურებაა, ერთი ამიხსენით.
კობახიძეც უკვე, მგონი, ძველ გვარდიად თვლის თავს და იმასაც კი გვიცხადებს, რომ ომამდე ტანკისტი იყო და ყველაფერი თვითონ უნდათ, დაიბრალონ ამათ, რომელნიც მერე გამოიჩეკნენ.
იქ თავების მარხვა დაიწყება: როგორც კი ვიღაც გამოჩნდება, სანამ გამოუწერენ პარტიის წიგნაკს, მანამდე დამარხავენ“.

ზოგადად, პარტიაში კასტინგის გამოცხადება „ოცნების“ ნოუ-ჰაუა. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკის ისტორიას ჯერ არ ახსოვს, რომ ვინმეს პოლიტიკოსები CV-ითა და უნარებით შეერჩიოს. ამიტომაც ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კასტინგის მენეჯერის თანამდებობა „ოცნებამ“ პირდაპირ მაია მიმინოშვილისთვის შექმნა და ამ იდეის ავტორი, დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს, მით უფრო, რომ პოლიტიკოსების გამოზრდის იდეა ივანიშვილს ადრეც ჰქონდა _ არასამთავრობო „2030“ შექმნა, მაგრამ ამ პროექტმა მარცხი განიცადა.
„პარტია ახალ სახეებს, ცხადია, უნდა ეძებდეს და საამისოდ არსებობს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, საიდანაც ახალ სახეებს არჩევენ. ამას გარდა, ისიც გასაგებია, რომ პარტია ე. წ. ნეიტრალური ადამიანების გაპარტიულებას ცდილობდეს, მაგრამ კასტინგის გამოცხადება დროის ფუჭი ხარჯვაა და მეტი არაფერი“, _ ამბობენ პოლიტიკის ექსპერტები.

გიორგი აბაშიძე