შემზარავი სტატისტიკა _ რატომ იკლავენ თავს ახალგაზრდები?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 389 ადამიანმა მოიკლა თავი, სუიციდის მცდელობა კი 477 ადამიანს ჰქონდა. სუიციდით სიცოცხლე დაასრულა 319 კაცმა და 70 ქალმა. თვითმკვლელობის მცდელობა 166 ქალს და 311 კაცს ჰქონდა.

სუიციდის 94 შემთხვევა თბილისში აღინიშნა, იმერეთში _ 67, კახეთში _ 49, აჭარაში _ 22, გურიაში _ 12, მცხეთა-მთიანეთში _ 10; სამეგრელოში _ 45; სამცხე-ჯავახეთში _ 14; ქვემო ქართლში _ 41; შიდა ქართლში _ 35;
რაც შეეხება 2017 წელს, საქართველოში სუიციდისა და სუიციდის მცდელობის 630 ფაქტი დაფიქსირდა _ სუიციდის 365 და სუიციდის მცდელობის 265 შემთხვევა.

არსებობს თუ არა საქართველოში თვითმკვლელობის პრევენციის მიზნით სახელმწიფო პროგრამა? რა პასუხისმგებლობა ეკისრება მოზარდებში გახშირებულ სუიციდის ფაქტებზე განათლების სამინისტროს? რა გავლენას ახდენს და როგორ უნდა გააშუქოს მედიამ თვითმკვლელობის ფაქტები?

„ქრონიკა+“-ის კითხვებს უპასუხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა და „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ეკა ჭყონიამ:

_ეკა, საქართველოში საგრძნობლად გაიზრდა სუიციდის შემთხვევები. რა შეიძლება იყოს გამომწვევი ფაქტორები?
_ თუ ციფრებს შევხედავთ, რა თქმა უნდა, იზრდება. ზოგადად, ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში სუიციდის რაოდენობამ მოიმატა, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. საქართველოში გასულ წლებში სუიციდის შემთხვევებზე საჯაროდ არ საუბრობდნენ, რადგან ოჯახები მალავდნენ და აღრიცხვაც არ ხდებოდა. დღეს კი მედიასა და სოციალურ ქსელში აქტიურად შუქდება მსგავსი ფაქტები და, შესაბამისად, აღირიცხება კიდეც.
როდესაც სუიციდზე ვსაუბრობთ, აქ არსებობს ბევრი ფაქტორი: ეს არის პიროვნული, ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, სოციალური ფონი და ა. შ.
ერთი კონკრეტული ფაქტორის გამოყოფა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ წამალმოხმარება მნიშვნელოვან კავშირშია სუიციდთან, შესაბამისად, მომხმარებლების გაზრდასთან ერთად იმატა მასთან დაკავშირებულმა რისკებმაც. როდესაც უკვე ვაანალიზებთ დასრულებული სუიციდის ფაქტს და მერე ვიკვლევთ, შემთხვევების 90%-ში სუიციდის გამომწვევი არის დადასტურებული ფსიქიკური აშლილობები.
_ ძალიან პრობლემური და საგანგაშოა სუიციდის ფაქტები მოზარდებში… თქვენ ახსენეთ სუიციდის აქტიური და ხშირი გაშუქება მედიაში. რა პასუხისმგებლობა ეკისრება მსგავსი ფაქტების გაშუქების დროს მედიას?
_ მოზარდებში პიროვნება ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის და როდესაც მას ფსიქიკური პრობლემები ეპარება, ხდება წამალმომხმარებელი, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ზრდის რისკს, რითაც შეიძლება ადამიანმა ცხოვრება სუიციდით დაასრულოს.
მედიას შეუძლია როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი გავლენა მოახდინოს. როდესაც ახალგაზრდებში სუიციდს შეისწავლიან, რისკფაქტორში პირდაპირ არის მითითებული ე. წ. გადამდები სუიციდი. მაგალითად, როდესაც აქტიურად შუქდება ცნობილი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტი ან შემთხვევა სკოლაში, მიიჩნევა, რომ ორი კვირის მანძილზე, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს სუიციდის რისკები გარდაცვლილის ახლო წრეში. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, არამედ ყველა სხვა ფაქტორთან ერთად მნიშვნელოვანია, რომელმაც შეიძლება ტრიგერის (ბიძგის მიცემა ან კონფლიქტის აჩქარება, _ რედ.) როლი ითამაშოს.
_ მედიასთან ერთად მნიშვნელოვანია ადამიანების გამძაფრებული ინტერესიც, შეიძლება ითქვას, უმართავია ხოლმე სუიციდის ფაქტებზე ჭორაობა და განხილვა სოციალურ ქსელში. ამ შემთხვევაში რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება თავად საზოგადოებას?
_ საზოგადოებას თუ ექნება დასაბუთებული ცოდნა, რომ მსგავსი ქმედებებით, ფაქტობრივად, ხელს უწყობს ახალი სუიციდის ფაქტს, რა თქმა უნდა, ამას აღარ გააკეთებს. მე რომ დავჯდე და ცნობისმოყვარეობა მოვიკლა, დავიწყო რაღაცების მოგონება და წერა კონკრეტულ სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით, ამით შეიძლება ძალიან ცუდი როლი ვითამაშო და ვიღაც სხვა ადამიანი წავახალისო. ამიტომაც ტარდება ძალიან ავტორიტეტული კვლევები ამ მიმართულებით, ახალ-ახალი კვლევები იდება სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც აქტიურად უნდა შუქდებოდეს და ინფორმირებულს ხდიდეს ადამიანს. მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს ცოდნა გააზრებული არ აქვს და ამიტომაც ისინი გაუფრთხილებლად საუბრობენ, თვითნებურად აკეთებენ ანალიზს და აქვეყნებენ პოსტებს. მედიასთან ხშირად გვისაუბრია ამ საკითხებზე და ჩვენ თვითონაც გაგვიკეთებია კვლევა _ როგორ აშუქებს მედია საქართველოში სუიციდის შემთხვევებს და უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად არის პროგრესი, სატელევიზიო სიუჟეტებს თუ გადავხედავთ. ჩვენ წლიდან წლამდე ვაჯამებთ და ვაანალიზებთ, რა ეშლება მედიას. მას უკვე მიეწოდება ინფომრაცია, თუ რა წესების დაცვით უნდა მოამზადოს სუიციდის ფაქტზე მასალები. შესაბამისად, ცდილობენ დაიცვან ეთიკის ნორმები. ამ ყველაფრის ცოდნამ, წინა წლებთან შედარებით, გარკვეული შედეგი გამოიღო, ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს მოსახლეობაშიც.
_ ხშირად თავად გარდაცვლილის მშობლები, მეგობრები აქვეყნებენ პოსტებს და სწორედ ამ ინფორმაციას ავრცელებენ ადამიანები, ასევე მედია.
_ როგორც კი სუიციდის ფაქტი მოხდება, ასეთ დროს კონკრეტულმა სამსახურმა უნდა იმუშაოს ოჯახთან და გარდაცვლილის ახლობლებთან, რომლებიც ფაქტის პირისპირ აღმოჩნდნენ. სახელმწიფომ სწორედ ამ ფაქტებიდან და იმ საერთაშორისო კვლევებიდან გამომდინარე უნდა მოახერხოს კონკრეტული სამსახურების ამუშავება და ასეთი სერვისები აუცილებლად უნდა არსებობდეს. მედიას რომ თავი დავანებოთ, ცნობილია, რომ ერთი სუიციდის შემთხვევა მსხვერპლის ახლო გარემოში პროვოცირებას უწევს 7 თვითმკვლელობას. და სანამ მედიაზე გადავალთ, რომელიც ფართოდ ავრცელებს ფაქტს, უშუალოდ გარემოცვა, რომელიც ფაქტის პირისპირ დგება, მძიმე და სტრესულ მდგომარეობაშია, ის უკვე მოწყვლადი ჯგუფია.
ასეთ დროს არსებობს ძალიან მაღალი რისკი არა მარტო სუიციდზე, ზოგადად მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის მძიმე, ამიტომ აუცილებელია ამ ადამიანებთან კვალიფიციური მუშაობა. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, როდესაც სკოლაში მსგავსი ფაქტი ხდება, სკოლის ფსიქოლოგი მუშაობას იწყებს გარდაცვლილის გარემოცვასთან და თუ საჭირო გახდა, ფსიქიატრიც ერთვება საქმეში. ბუნებრივია, მათი მდგომარეობის განსჯა ძალიან ძნელია და რთულია, ასეთ დროს ვუთხრათ, ასე არ მოიქცე, ისე მოიქეცი, პოსტი არ დაწერო და ა. შ.
_ მოზარდი, პიროვნება ერთ დღეში არ იღებს თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას და, სავარაუდოდ, მის ცხოვრებაში შეცვლილი ქცევები არსებობს, რომელიც მშობელმა ან სკოლაში მასწავლებელმა უნდა დაინახოს და ამის შემდეგ იზრუნოს პრევენციაზე. კიდევ ერთხელ უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ის ფაქტორები, რითაც შესაძლებელი გახდება ფატალური შედეგის თავიდან აცილება?
_ პროფესიული ლიტერატურა, რომელიც ამ ფაქტებთან დაკავშირებით არსებობს, გამარტივებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. მის გავრცელებას ხელს უნდა უწყობდეს მედია და სოციალური ქსელი.
როდესაც თუნდაც ჟურნალისტურ მასალაში სწორად სვამ აქცენტებს: მოხდა სუიციდი და მერე იწყებ მსჯელობას, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რომ ეს არ მომხდარიყო, ამას მოყვება ის ნიშნები, რომლის ამოცნობაც აუცილებელი იყო, ეს არის ფსიქიკური აშლილობის ნიშნები: აფექტური პრობლემები, დეპრესიული ფონი, შფოთვითი მდგომარეობა და ა. შ.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მშობლები უკვე ყურადღებას მიაქცევენ მათ შვილებშიც სხვადასხვა დარღვევის გამოვლენას და დროულად მიაკითხავენ პროფესიონალებს. სამწუხაროდ, დეპრესია ყოველთვის არ არის თვალსაჩინო, მაგრამ მას დამახასიათებელი ნიშნები აქვს, როგორიც არის ინტერესებისა და კოგნიტური უნარების დაქვეითება, იზოლაცია მეგობრებისგან და ა. შ.
ერთი სიტყვით, აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის პოპულარიზაცია, ფსიქიკური პრობლემების ნიშნების მიწოდება საზოგადოებისთვის.
ამის შემდეგ მშობელი აღარ იტყვის: „რა მოხდა, მერე თუ ცუდ ხასიათზეა ბავშვი“. ახლა ეცოდინება, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება.
_ ბოლო დროს გარკვეულმა ვირტუალურმა თამაშებმა ასობით მოზარდი შეიწირა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ამ პრობლემაზე საქართველოშიც ხშირად საუბრობენ მშობლები… რა ხდება?
_ გავლენის მოხდენა მოზარდზე შეუძლია როგორც პირისპირ ურთიერთობას, ასევე ვირტუალურ ურთიერთობასაც. მოზარდები, ერთი შეხედვით, თითქოს ჯიუტები არიან, თუმცა ისინი ძალიან მარტივად ექცევიან გავლენის ქვეშ. ეს ფენომენი ყოველთვის ცნობილი იყო, კიბერსაშუალებებმა კი იგი უფრო მასობრივი გახადა. როდესაც მოზარდი სხვა მოზარდის ან ავტორიტეტული ადამიანის ზემოქმედებისა და გავლენის ქვეშ ექცევა, მისი ქცევა მთლიანად ემორჩილება ამ ადამიანს. ეს არ არის მარტო სუიციდი, ეს შეიძლება იყოს წამალმოხმარება, კრიმინალური ქცევა და ა. შ. მოზარდისთვის ის ავროტიტეტია და ის მას ბაძავს!
ინტერნეტმა ეს ყველაფერი უფრო ხელმისაწვდომი გახადა: შეძლება, საერთოდ არ გავდიოდე სახლიდან და ვიღაცა მომწვდეს და გავლენის ქვეშ მოვექცე, რაღაცნაირად მიბიძგოს, მაგრამ ეს ყველას არ ემართება! ეს ნიშნავს, რომ აქ არის რაღაც ფაქტორების ერთობლიობა: თავად პიროვნება _ მოზარდი, მისი სოციალური მდგომარეობა, რა თანადგომა აქვს მას ირგვლივ მყოფებისგან, ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს ამ ყველაფერში და სწორედ მათი ცოდნაა ერთგვარი პრევენცია. მნიშვნელოვანია შვილებისა და მშობლების ურთიერთობის ხარისხი.
_ სექსუალური განათლება რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის და უნდა ისწავლებოდეს თუ არა იგი სასწავლო დაწესებულებაში?
_ ჩვენ ყოველთვის ვსწავლობდით სკოლებში ანატომიას. ადამიანმა თავისი სხეული და ფსიქიკა უნდა იცოდეს, ეს უმნიშვნელოვანესია. ამიტომ განათლება ამ მიმართულებით აუცილებელია.
მე ბოლომდე გაცნობიერებული უნდა მქონდეს და პიროვნული ჩამოყალიბებისთვის უნდა ვიცოდე, რეალურად ვინ ვარ. ვფიქრობ, არა მარტო სექსუალური განათლება, ფსიქიკური განათლებაც უნდა შედიოდეს განათლების სასწავლო პროგრამაში. განათლების სისტემას ძირეული რეფორმა სჭირდება და ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრება, რა და როგორ ვასწავლოთ ჩვენს ბავშვებს, ახალგაზრდებს, რათა კრიტიკული პრობლემები არ შეექმნათ და მზად იყვნენ ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში შეხვდებათ. რაც არ უნდა დავუმალოთ სექსუალური განათლება, ისინი საიდანღაც მიიღებენ ამ ინფორმაციას და როგორი ხარისხით, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა.
_ „ქრონიკა+“-ის მკითხველისთვის, ერთგვარი, შეჯამება რომ გავაკეთოთ: ყველაზე დიდ პრობლემებს რა ქმნის და როგორ უნდა ვებრძოლოთ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რის წინაშეც დგანან მოზარდები, მათი მშობლები და მთლიანად საზოგადოება?
_ საქართველოში ამ მხრივ მთავარი პრობლემა არის სისტემურობის არარსებობა: არიან ცალკეული სპეციალისტები, ფსიქოლოგები, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ თემებზე, _ ბულინგზე, სუიციდზე _ ამას სპეციალიზებული პროფესიონალი სჭირდება. როდესაც სუიციდის პრევენციის პროგრამას ვნერგავდით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პროგრამის ფარგლებში დატრენინგდნენ იქ მომუშავე ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ექიმი და ა. შ.
შეიძლება კარგი ფსიქოლოგი იყოს, მაგრამ არ ვიცით, რამდენად არის მზად, ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს მოქალაქეს. ფსიქოლოგია არ არის სერტიფიცირებული დარგი, ამიტომ არ ვიცით, რეალურად, ვის რა კვალიფიკაცია აქვს და ვის როგორი სახის დახმარება შეუძლია. არსებობდეს შესაბამისად მომზადებული კადრები, ეს ძალიან მარტივად მოსაგვარებელი საკითხია. მაგალითად, ბულინგი: თუ სკოლაში მუშაობს პედაგოგი, ფსიქოლოგი, ექიმი, ექთანი, ამ ადამიანებს ყველას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომზადება გავლილი. შეიძლება, ძალიან ბევრი რამ იცოდე, მაგრამ სპეციალისტს უნდა შეეძლოს დროულად პრობლემის ამოცნობა და შესაბამისი ჩარევის განხორციელებაც. აუცილებლად გვჭირდება ცნობიერების ამაღლება, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის განვითარება.

ლევან ქემოკლიძე