გიორგი გუგავა: „კობახიძე არის იშვიათი, უტიფარი გაჩეჩილი თოჯინა“


„ქრონიკა+“-ს „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა ესაუბრება:
_ რეგულაციები, რომელიც კალაძემ ტაქსებთან დაკავშირებით დააწესა, მძღოლებს აიძულებს, ავტომობილები თეთრად გადაღებონ, ასევე უნდა იყოს წარმოებული 2004 წლის ზემოთ და ა. შ. ეს რეალურად აკარგვინებს მათ სამუშაო ადგილს, მათი უმეტესი ნაწილი უმუშევარი რჩება. თბილისში, დაახლოებით, 50 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილი არის, რომ შექმნან ერთი მონოპოლისტური კომპანია და ამის კონტურები გამოიკვეთა. „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ამ საქმეში ჩართული არის კაზინო „აჭარის“ მეპატრონე თემურ უგულავა, მასთან ერთად კალაძე ამ სფეროს მონოპოლიზებას აპირებს, სადაც წლიური 750-მილიონიანი ბრუნვაა. ვისაც თეთრად გადააღებინეს ტაქსი, ყველას გააკვრევინეს კაზინო „აჭარის“ რეკლამა. მათ მინიმუმ ორი წელი უნდა ჰქონდეთ მანქანაზე გაკრული, ანუ ე. წ. ინვესტიცია უკვე ჩადო კაზინო „აჭარის“ მეპატრონემ. ეს არის ამორალური საქციელი, რადგან კაზინოების რეკლამები არათუ უნდა შეიზღუდოს, არამედ ქალაქგარეთ უნდა გავიდეს, რადგან საშინელი სტატისტიკა გვაქვს. მასში ჩართულია არა მხოლოდ ახალგაზრდობა ან ძველგაზრდობა, არამედ მცირეწლოვნები, ზოგი თვითმკვლელობამდე მივიდა და ბევრის ოჯახი დაიღუპა. ასეთი უკონტროლო სფერო, რაც საქართველოშია, წარმოუდგენელია, სადმე იყოს. ალბათ შემდეგ აღმოსავლური ქვეყნებიდან ჩამოიყვანენ იაფ ტაქსისტებს ირანიდან, პაკისტანიდან და არაბული ქვეყნებიდან, დაასაქმებენ მათ, ანუ როგორც მოხდა კონკრეტულად სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაში. განუსაზღვრავენ კონკრეტულ გეგმას, დღეში 10 ლარად ამუშავებენ და ეს ადამიანები უმუშევრები დარჩებიან. კარგია სტანდარტები, მაგრამ კალაძემ კეთილი ინებოს და ჯერ მიხედოს მეტროს, ყვითელ მოსიარულე კუბოებს და როდესაც მილანის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ იქ თეთრი ტაქსებიაო, მინდა შევახსენო, რომ მილანი ერთ-ერთი უძვირესი ქალაქია ევროპის მასშტაბით და მეორე, გავითვალისწინოთ ის, რომ იტალიაში, ევროპაში, მინიმალური შემოსავალი 5 ათას ევრომდეა. როდესაც აქ, საკუთარ ქვეყანაში, ტოტალური უმუშევრობაა და ხალხი სამუშაოს საძებნად უცხოეთშია გადახვეწილი და კატასტროფული სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობაა, შენ კი იმ ლუკმას ართმევ, რა შემოსავალიც იმ ტაქსიდან აქვს, ეს არის ანტისოციალური და მაფიოზური გადაწყვეტილება. მეტიც: ამორალურად იქცევიან, ცდილობენ, რომ ტაქსების საინიციატივო ჯგუფიდან გადაიბირონ პიროვნებები, რომ მათ ერთჯერადად გაურიგდნენ. პირველ ივლისს პირველ საათზე მერიის წინ დანიშნულია ტაქსისტების აქცია, რადგან პირველი ივლისიდან ძალაში შედის ის მავნე რეგულაციები, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ და თუ სოლიდარობა ექნებათ და თუ ერთმანეთს გვერდით დაუდგებიან, მათ სამართლიან მოთხოვნას დააკმაყოფილებენ.
_ რა არის ტაქსისტების მთავარი მოთხოვნა?
_ მორატორიუმი გამოცხადდეს, მინიმუმ, 2 წლით, ანუ 2021 წლამდე გადადონ ეს ე. წ. რეგულაციები და მერე ახალ სტანდარტებს შეიმუშავებენ, ზოგი ახალ მანქანას შეიძენს და სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ზოგი სხვა სფეროში გადაინაცვლებს, სხვა სამუშაოს იპოვის და ა. შ. არ შეიძლება ამ ადამიანების ასე გაწირვა. რეალურად, მათ და მათ ოჯახებს, შვილებს შიმშილისთვის წირავ.
_ ძალიან ბევრი უმუშევარი დარჩება.
_ რა თქმა უნდა. ლიცენზირებული არის, დაახლოებით, 29.505 მანქანა და აქედან იცით, რამდენმა გადაღება თეთრად? _ მხოლოდ 74-მა. ამას გარდა არიან ადამიანები, რომლებსაც 300, 400 ლარი აქვთ ხელფასი და ამის გამო ისინი იძულებულები არიან, გამოვიდნენ სამსახურის შემდეგ და იტაქსაონ.
_ გრიგორი კარასინი აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში რუსეთთან ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებსო. როგორ ფიქრობთ, რა იგულისხმა კარასინმა და როგორ შეაფასებთ მის ამ განცხადებას?
_ ჩემთვის აქ მნიშვნელოვანი და ყურადსაღები იყო განცხადება, რომელიც მან გააკეთა ანაკლიასთან დაკავშირებით. პირდაპირ გამოჩნდა, რომ ოკუპანტი რუსეთის ინტერესებში არ შედის, საქართველომ ააშენოს ანაკლიის პორტი. ამ განცხადებიდან გამოჩნდა ისიც, როგორ ხმაშეწყობილად მოქმედებს ოკუპანტი რუსეთი და ჩვენი ხელისუფლება და ივანიშვილი, რომ ეს პროექტი ჩაიშალოს, არ აშენდეს ანაკლიის პორტი, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვისაა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სტრატეგიული უსაფრთხოების სტატუსი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პორტით დაინტერესებული არის აშშ. განიხილება, რომ ამავე პორტით ისარგებლოს არა მხოლოდ სამოქალაქო სატვირთო გემებმა, არამედ სამხედრო დანიშნულების გემებმა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების ფარი იქნება. ამიტომ შიგნით და გარეთ ყველა ქმედება მიმდინარეობს იმისკენ, რომ რამენაირად ჩაშალონ ამ პორტის მშენებლობა. ამან განაპირობა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ბატონ პომპეოს განცხადება, რომ ის უნდა აშენდეს ყოველგვარი დიპლომატიურობის გარეშე. პირდაპირ თქვა, რომ აშშ-ს აქვს ინტერესიო.
საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენთან აშშ-ს ბაზა გაიხსნას. ეს ყველა მეზობლისთვის იქნება სიგნალი, გაფრთხილება და ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარტნიორი.
_ რაც თავისთავად არ აწყობს რუსეთს…
_ რა თქმა უნდა, არ აწყობს. მას სურს, რომ საქართველო კვლავ იყოს მისი გავლენის ქვეშ, რუსეთი, როგორც უკანა ეზოსა და ბოსტანს, ისე განგვიხილავს და აქედან გამომდინარე აკეთებს ამ განცხადებებს. ყველა ქმედება ჩვენი ქვეყნისა, რომელიც მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ, არ შედის რუსეთის ინტერესებში.
_ ოკუპაცია ახსენეთ და მინდა, რომ დავითგარეჯის თემას შევეხოთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად არსებობს დღეს დავითგარეჯის დაკარგვის საფრთხე?
_ ვფიქრობ, რომ ახლანდელი გამწვავება დაკავშირებულია ივანიშვილ-ალიევის ეკონომიკურ ბიზნესგარჩევებთან. ამ გაურკვეველ გარიგებებში ყველასთვის მტკივნეული თემა შემოიტანეს, ის მხოლოდ ტერიტორია არ არის, ის ჩვენი ისტორიაა და თითოეული მტკაველი გაჟღენთილია ქართული სისხლით. სიტუაცია გაამწვავებინეს სწორედ სალომე ზურაბიშვილს _ მოსიარულე პროვოკატორს, რათა ამ თემიდან გამომდინარე ივაჭრონ გარკვეული ბიზნესებით. მოგეხსენებათ, საქართველო-აზერბაიჯანი დაკავშირებულია ტვირთზიდვასთან, ნავთობგადაზიდვასთან და ერთი ცენტის ცვლილებით ტარიფებში შეიძლება მილიარდები დატრიალდეს. ამ საქმეში ჩართულები არიან ივანიშვილის გარემოცვა, მამაცაშვილი, რკინიგზაში რომ ჰყავდა ბახტაძე და ბევრი სხვა. მილიარდიანი კაპიტალიზაცია ჰქონდა სახელმწიფო კომპანიას და რკინიგზა წამგებიანი გახდა, გესმით? 300 მილიონი დავალიანებაა, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ის თანხები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა წარიმართოს, ამ მაფიოზური ოჯახის უცხოურ ანგარიშებზე ილექება. როდესაც ეს თემა მწვავდებოდა, სახელმწიფო მეთაურები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და ცდილობდნენ, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინათ. საქართველოს არ აქვს დასაკარგი მიწა. ჩვენი მიწის თითოეული გოჯი უნდა დავიცვათ და ის არ შეიძლება ბიზნესგარიგების საგანი გახდეს ოლიგარქიულ-მაფიოზურ ოჯახებს შორის. არ დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილისთვის საქართველო არის ქარვასლა, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუციები არის მისი პირადი სერვის-სააგენტოები. მას პოლიტიკური ძალაუფლება სჭირდება, იმიტომ რომ საკუთარი ფინანსები დაიცვას და ქონების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. ბუნებრივია, რომ ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს თხასავით მიაყიდის. ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ფრთხილად და არავის უნდა მივცეთ უფლება, რომ გაყიდოს და საკუთარ ბიზნესინტერესებს შესწიროს ჩვენი ტერიტორია და სიწმინდეები.
_ ივანიშვილს მთავრობაში დარჩა ადვილად სამართავი მარიონეტები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში მასზე ლოცულობენ. შესაბამისად, გვესმის ლოგიკიდან ამოვარდნილი განცხადებები და მაგალითისთვის კობახიძის ბოლოდროინდელ გამოსვლას შეგახსენებთ, სადაც ის ამბობს, რომ 400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება მხოლოდ 750 ათასი. თქვენი შეფასებით ეს ყველაფერი მას და დღევანდელ ხელისუფლებას ეჩვენებათ, ნამდვილად სჯერათ იმისი, რასაც ამბობენ თუ, უბრალოდ, ხალხზე აკეთებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას?
_ კობახიძე არის იშვიათი უტიფარი გაჩეჩილი თოჯინა, ასეთი ცინიზმით წინა ხელისუფლების დროს ბოკერია გამოირჩეოდა ხოლმე, მაგრამ ასეთ სისულელეს ისიც კი არ ამბობდა. ოფიციალური გამოკვლევებით, როდესაც ქვეყანაში 77 ათასი ადამიანი შიმშილობს, 800 ათასი ქვეყნიდან გაიქცა თავის გადასარჩენად და იქაც პრობლემებს უქმნიან, ასევე საარსებო მინიმუმი შეამცირეს და გვითხრეს, რომ ოჯახის გამოკვება დღიურად შესაძლებელია 4 ლარით, ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე ამბობს ის, რომ სიღარიბე შემცირდაო. მაშინაც 750 ათასი ადამიანი იღებდა შემწეობას და დღეს იგივე რაოდენობა იღებს. მითხარით, როგორ შეიძლებოდა, სიღატაკე შემცირებულიყო ქვეყანაში?
_ კობახიძემ მანქანების სიმრავლე დაასახელა…
_ მანქანების სიმრავლე დრამატულად არ გაზრდილა, რადგან, მოგეხსენებათ, მანქანა ფუჭდება და მას ანაცვლებენ ახლით; მეორე: რეექსპორტი ხდება ქვეყნიდან და მესამე: ჩვენ შემოგვყავს მეორადი, იაფფასიანი ავტომობილები. ერთადერთი საშუალება დარჩა ავტომობილი, რომ ადამიანმა თავი გამოიკვებოს, მისთვის ის არის სამსახური, ოჯახის გადარჩენის საშუალება და არა ფუფუნების საგანი. შესაბამისად, ეს არის გამაძღრის, უტიფრის ცინიკური განცხადებები. ისინი იმდენად ტკობაში არიან ძალაუფლების, რომ საერთოდ არ აინტერესებთ რეალური მდგომარეობა. მათი გათვლა არის შემდეგი: რაც უფრო მშიერი იქნება ხალხი, უფრო იაფად იყიდის მას არჩევნების დროს. არჩევნები მათთვის არის კონკრეტული ბიზნესგათვლა. ადმინისტრაციული რესურსი, კოორდინატორები და დანარჩენი რაც უფრო ღარიბი იქნება, უფრო ადვილად ვიყიდი ხალხს. შემთხვევა იყო, როცა ერთი მუჭა ტკბილეულითაც შეიძლება, რომ იყიდო ეს ხალხი. აი, ასე უყურებენ ქვეყანასა და ხალხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ არჩევნებამდე არ გაიმართა აქციები, არ მოხდა რეჟიმის შენჯღრევა, არ გამოიღვიძა თითოეულმა მოქალაქემ, რეალობა არ გაითავისა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ვისაც ქვეყანასა და მომავალზე გული შესტკივა, დამერწმუნეთ, 2020 წლის არჩევნებს ივანიშვილი გაიფორმებს. სახელმწიფო რესურსი მის ხელშია, ძალოვნებიც, ფინანსებიც და აბსოლუტურად ყველაფერი მის ხელშია.
_ აპირებს თუ არა „ლეიბორისტული პარტია“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას?
_ თუ ამ მხრივ თანამშრომლობა იქნება, ვაპირებთ, რადგან კულუარული კონსულტაციების ეპოქა დამთავრებულია. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური რესურსი, კაპიტალი, გავლენა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია ფინანსური რესურსი. ხალხის მობილიზებასა და პროცესების წარმართვას გარკვეული სახის ფინანსები სჭირდება, მაგრამ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ამის ფინანსური რესურსი აქვთ და კეთილი ინებონ, გარეთ გამოვიდნენ და ერთობლივი ძალისხმევით გავაძევოთ ეს მთავრობა. ივანიშვილის პირობებში წარმოუდგენელია თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ჩვენი სახელმწიფო დგას ყოფნა-არყოფნის ზღვარზე. მოშლილია ინსტიტუციები, მცირე მექანიზმები და თუ დროზე არ ვიმოქმედეთ და არ გადავარჩინეთ ის, შეიძლება სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ.

გიორგი საკარული