რუსუდან გოცირიძე: „პატრიარქის განცხადება, ფაქტობრივად, ნადირობის სეზონის გამოცხადებას ნიშნავს“

ირღვევა თუ არა საქართველოში ადამიანის უფლებები? რატომ ძალადობენ უმცირესობებზე? რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე რელიგია და პოლიტიკა?

„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და სამოქალაქო აქტივისტი _ რუსუდან გოცირიძე:

_ „ჩვენ არც ყველაზე უკეთესი და არც ყველაზე უარესი ერი ვართ“, _ თქვენო მეუფებავ, ეს თქვენი სიტყვებია. მაინტერესებს, რა გვაკლია იმისთვის, რომ უკეთესი ერი ვიყოთ?
_ არ ვფიქრობ, რომ არსებობს „ყველაზე უკეთესი“ ერი. ყველა ერს, ყველა კულტურას, ყველა ქვეყანას თავისი ფერი შეაქვს ამ სამყაროს მრავალფეროვნებაში, თავის სათქმელს ამბობს ცივილიზაციის ისტორიაში.
როცა ამ სიტყვებს ვამბობდი, იმას ვგულისხმობდი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მრავალფეროვნება და თანასწორობა არ არის უცხო ხილი. ეს ჩვენი კულტურის, ჩვენი მსოფლმხედველობის, ჩვენი ისტორიული გამოცდილების ნაწილია. უბრალოდ, მეიდნის უბნის არქიტექტურის დონეზე არ უნდა დავტოვოთ არც ტოლერანტობა და არც მრავალფეროვნება. ჩვენმა თაობამ ბევრი ისეთი რამ გააკეთა, რისიც შეგვრცხვება ჩვენი შვილიშვილებისა და ბევრიც ისეთი გააკეთა, რითაც იამაყებენ ჩვენით. სამყარო ასეთი ჭრელია. მთავარია, ირანთან, რუსეთთან და საუდის არაბეთთან შედარებით არ დავკმაყოფილდეთ და ვეცადოთ, ევროპის სტანდარტებს კი არ გავუტოლდეთ, შოთას, ვაჟასა და ილიას მიერ დადებული თამასა არ დავაგდოთ.
ჩვენ დღეს ვწერთ ჩვენი დღევანდელობის ისტორიას. ჩვენი შვილიშვილები არ ისაუბრებენ ჩვენზე, როგორც რუსთაველისა და თამარ მეფის შთამომავლებზე, არამედ ისაუბრებენ როგორც პოსტსაბჭოთა ადამიანებზე, რომლებმაც ან შეძლეს, ან ვერ შეძლეს, ღირსეული მემკვიდრეობა ღირსეულად გადაებარებინათ და საკუთარი წვლილით გამდიდრებული გადაეცათ მომავლისათვის.
_ როდესაც თქვენს საჯარო გამოსვლებს ვუსმენ, ყოველთვის აქცენტს აკეთებთ სიყვარულის ნაკლებობაზე. გარკვეულწილად, მეც ვფიქრობ, რომ ადამიანებმა დაივიწყეს ეს გრძნობა, რომელიც ყველა ბოროტებაზე ძლიერია. რა იწვევს აგრესიას, სიძულვილს, სიყვარულის ნაკლებობას? ვის ინტერესებში შედის ეს? ჩვენ ხომ მუდმივად ვხედავთ ორად გახლეჩილ საზოგადოებას, რომელიც გამუდმებით უპირისპირდება ერთმანეთს… _ დიდი ხანია, სიყვარულის სიმცირეზე აღარ ვწუწუნებ. სიყვარულს ვინ ჩივის, ერთმანეთის ატანაც კი არ შეგვიძლია. ოდნავ განსხვავებულისადმი ვიღვრებით სიძულვილად და ლანძღვა-გინებად. ვფიქრობ, აგრესია, სიძულვილი და მიუღებლობა განათლების ნაკლებობას მოაქვს. როცა არ იცი, რას ნიშნავს ესა თუ ის მოვლენა, როცა არ გესმის ამა თუ იმ ცნების არსი, მერე გიჩნდება შიში. შიში კი საშინელი თანამგზავრია.
არცოდნაზე უარესია ცოდნის ქონის ილუზია. როცა გგონია, რომ იცი და შეუძლებელია, რამე გეშლებოდეს; როცა არ გიჩნდება კითხვები და ეჭვები… როცა ხდები თავდაჯერებული. ასეთ თავდაჯერებულ და, ამავდროულად, შეშინებულ ადამიანს ნუ მოჰკითხავ ნურც ვინმეს სიყვარულს და ნურც ვინმეს ატანასა და შეწყნარებას. ასეთი ადამიანი თავდაცვაზეა გადასული.
_ პოლიტიკა და რელიგია _ ეს ორი სამყრო რა გავლენას ახდენს დღეს საზოგადოებაზე?
_ რელიგია პოლიტიკური ცნებაა. იმდენად პოლიტიკური, რომ აუცილებელი არცაა, რომ რელიგია რწმენასთან იყოს კავშირში. რწმენა ძალიან პირადულია, რელიგია _ პოლიტიკური. რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს მას ჩვენს ცხოვრებაზე. შეიძლება, ისე არაა რელიგია ჩვენს პირად ცხოვრებაში შემოჭრილი, როგორც ეს საუკუნეების წინათ ხდებოდა, მაგრამ მაინც დიდ როლს თამაშობს.
ამდენად, რელიგიურმა ლიდერებმა კარგად უნდა გაიაზრონ თავიანთი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა სიტყვაზე, ყველა ნათქვამზე. იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა უნდა გვესმოდეს, რომ რასაც ამბიონიდან ვამბობთ, სცდება ჩვენი ტაძრის კედლებს და გლობალური მნიშვნელობა აქვს. თუ ძალადობას, სიძულვილს, მიუღებლობას ვქადაგებთ, ეს ითესება მთელ საზოგადოებაში და არსებულ მძიმე მდგომარეობაში ყველა რელიგიურ მოღვაწეს თავისი წვლილი მიუძღვის.
_ სალომე ზურაბიშვილი მწვავედ გააკრიტიკეთ, როდესაც მან წმინდა ნინოს გზაზე გაიარა _ რატომ არ მოგეწონათ მისი ეს გზა?
_ როგორი პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ. პოლიტიკური ფიგურებიც კი ვერ ხვდებიან, რა პასუხისმგებლობა აკისრიათ და იქცევიან, როგორც ერთი რიგითი მორწმუნე მოიქცეოდა. როცა სახელმწიფოს მეთაური ხარ (მნიშვნელობა არ აქვს, ახლა რამდენად ძლიერია პრეზიდენტის ინსტიტუტი), უკვე აღარ შეგიძლია ერთი რიგითი მორწმუნესავით მოიქცე, თანაც საჯაროდ.
საქმე მხოლოდ ამ ერთ მსვლელობაში რომ იყოს, მართლა დაიჯერებდა ადამიანი, რომ ეს ე. წ. რელიგიური ტურიზმის მხარდაჭერისთვის გაკეთდა. საქმე ისაა, როცა ხედავ, ერთი რელიგიური ინსტიტუტი სერიოზულ გავლენას ახდენს საჯარო ინსტიტუტებზე, საჯარო მოხელეების გადაწყვეტილებებზე, კანონებსა და მათ აღსრულებაზე, სწორედ ამ გარემოში ხდება წმიდა ნინოს გზის გავლა, რაც ჩვენი ქვეყნის გაცხადებულ ღირებულებებთან შეუთავსებელია.
ჩვენი ქვეყანა არ არის მართლმადიდებელი სახელმწიფო (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა). საბედნიეროდ, სახელმწიფო რელიგია გვაქვს და ჩვენ სეკულარულ და დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, წესით. იმ გარემოში, სადაც ამდენი უთანასწორობა და დისკრიმინაციაა, ყველაზე ძლიერი და ყველაზე გავლენიანი რელიგიის სიმბოლოებით საკუთარ ხალხთან საუბარი არა მგონია, მიზანშეწონილი იყოს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს _ პრეზიდენტის მხრიდან.
_ რატომ ხიბლავთ ქართველ პოლიტიკოსებს რელიგიით კეკლუცობა და ასევე უმცირესობების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერა?
_ პოლიტიკოსს ხიბლავს ყველაფერი, რითიც შეიძლება ელექტორატის გულის მოგება. რელიგიური სიმბოლოებით კეკლუცობა რუსული პოლიტიკის კარგად გამოცდილი ხერხია. ჩეჩნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ლიდერი, დღევანდელი პრეზიდენტი, სწორედ ე. წ. რელიგიურობით ხიბლავს ხალხს. მას აღიარებენ ტრადიციების დამცველ და ღრმად მორწმუნე ადამიანად. ტრადიციების დაცვა და რწმენის ერთგულება კი გაცილებით დიდი რამაა, ვიდრე, მაგალითად, ცნობილი რუსი ჟურნალისტის ინტერვიუს დროს გაჩერება და ლოცვის დაწყება, რადგან ლოცვის დრო დადგა. და ეს ხდება მაშინ, როცა ჩეჩნეთში ხდება ის, რაც ხდება…
_ უსამართლობის შეგრძნება თუ გეუფლებათ და რატომ?
_ როცა უსამართლო გარემოში ცხოვრობ, შეუძლებელია, უსამართლობის შეგრძნება არ გეუფლებოდეს. როცა ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ამდენი ადამიანის ბედი მინდობილი ჰქონდეს ადამიანებს, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ არც საქმეზე, არც ხალხის საჭიროებებზე, არც საფრთხეებზე და არც განვითარებაზე. უსამართლობაა მოშიმშილე ბავშვები, განადგურებული ბუნება, გარიყული და უარყოფილი ადამიანები საკუთარი განსხვავებულობის გამო. ბევრი უსამართლობაა…
_ თქვენ ყოველთვის მამაცად საუბრობთ ლგბტქ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე. დღეს რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი და როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო, უზრუნველყოს პრაიდის კვირეულისა და მარშის მშვიდობიანი ჩატარება?
_ გამოწვევების წინაშე დგომა ცოტა გადაპრანჭულ ფრაზად მეჩვენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ფასად გადიან სახლიდან. სახელმწიფო თუ სახელმწიფოა, უნდა უზრუნველყოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება.
17 მაისი სამარცხვინო თარიღია ჩვენს უახლეს ისტორიაში. რა უნდა ვუთხრათ ჩვენს შვილიშვილებს, როცა გვკითხავენ, სად იყავი იმ დღეს? რა გააკეთე მაშინ განწირულის დასაცავად? ძალიან ბევრი რამის უნდა შეგვრცხვეს ჩვენი მომავალი თაობის წინაშე და ერთ-ერთი ეს სირცხვილიცაა. იმედი მაქვს, დღეს ჩვენს ქვეყანას სიბრძნე ეყოფა (არც კი ვიცი, იმედი რატომ მაქვს) და არ გაიმეორებს დაშვებულ შეცდომებს. არადა, ყველაფერი როგორ ჰგავს 2013 წლის მოვლენებს. ქვეყნის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი რელიგიური ორგანიზაციის ლიდერმა, ფაქტობრივად, ხელები დაიბანა და ნადირობის სეზონი გახსნილად გამოაცხადა, როცა სახელმწიფოს საჯაროდ მოსთხოვა, პრაიდის ჩატარება არ დაუშვათო.
_ რას ფიქრობთ, რა მოხდება თუკი მოვლენები ისე განვითარდა, როგორც 2013 წლის 17 მაისს?
_ ვფიქრობ, 17 მაისი ყოველდღე ხდება. უბრალოდ, იმ ერთ დღეს ხალხში არსებული სიძულვილი და აგრესია ერთ ადგილას კონცენტრირდა და ყველასთვის ხილული გახდა, თორემ იგი არსად წასულა და აქაა, ჩვენ გვერდით და ვლინდება ხან უხამს მასხრობაში, ხან სამსახურიდან დათხოვნაში და ხანაც _ სერიოზულ ძალადობაში. არაფერი ახალი არ ხდება. ასე ვიქნებით, _ საკუთარ შვილებს, მეგობრებს, ნათესავებს მოვიგლეჯთ და ამას გავამართლებთ სიყვარულის, ღმერთის სახელით.
ან უნდა მოხდეს ახალი ამბავი: როცა დავინახავთ, რომ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ თქვან, „მეფე შიშველია“. უნდა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გავლენა, ძალა და გამბედაობა იმისა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. დაანახონ ადამიანებს, რომ შეუძლებელია ქართველობაზე, პატრიოტიზმსა და ტრადიციების ერთგულებაზე საუბრობდე და რუსული სცენარის განხორციელებას უწყობდე ხელს; რომ შეუძლებელია ბიბლიის მუხლებს ციტირებდე იმისთვის, რომ ვიღაც დაჩაგრო, ვიღაც გარიყო, ვიღაც მოკლა.
_ საპატრიარქოს განცხადება პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით იყო თუ არა წამქეზებელი იმ ძალადობის, რაც 14 ივნისს ვიხილეთ კანცელარიასთან?
_ პატრიარქის განცხადება, ფაქტობრივად, ნადირობის სეზონის გამოცხადებას ნიშნავს.
_ თქვენ თუ მიიღებთ მონაწილეობას პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღინისძიებებზე?
_ პრაიდის კვირეული არ ვიცი, რა ღონისძიებებს გულისხმობს. თუკი საინტერესო კონფერენცია ან მოხსენებები იქნება, უარს არ ვიტყოდი დასწრებაზე.
_ დაბოლოს, როგორ საქართველოში გსურთ ცხოვრება?
_ მინდა, ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ჩვენი ენერგია არ დაიხარჯება არც ძალადობასა და სიძულვილზე და არც მათ მოგერიებაზე; სადაც ყველა თავის საქმეს გააკეთებს; სადაც ყველა თავის საქმიანობაში დაოსტატებისკენ იქნება მომართული და დურგალი იქნება, სანტექნიკოსი, პედაგოგი, სასულიერო პირი, მხატვარი თუ მწერალი, ყველას ეყვარება თავისი საქმე და თავისი საქმიანობის ყოველ დღეს ამ ქვეყნის მშენებლობის საქმეში დადებულ ერთ აგურად ჩათვლის; მინდა, ისეთი საქართველო გვქონდეს, სადაც ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან გაქცევაზე არ იოცნებებენ.

ლევან ქემოკლიძე