მოხსნიან თუ არა ირაკლი ალასანიას?!

exz

ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია! მართალია, ჯერ მხოლოდ გიორგი მარგველაშვილზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი რისხვა რესპუბლიკელებსაც დაატყდება თავს. რამდენიმე თვის წინ „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი დათო უსუფაშვილზე წერილის გამოქვეყნებას აპირებდა, პარლამენტის თავმჯდომარე ივანიშვილს შუშის სასახლეში ეახლა და ერთგულება კიდევ ერთხელ შეჰფიცა. რამდენად დაიჯერა ივანიშვილმა უსუფაშვილის ცრემლების, ეს ცალკე თემაა, მაგრამ პირობა დაუყენა, – საშემოდგომო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო, რაც პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას გულისხმობდა. უსუფაშვილი ივანიშვილისთვის მიცემულ პირობას, როგორც ჩანს, ვერ შეასრულებს. საკონსტიტუციო ცვლილებებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები სჭირდება, კონსულტაციები დაწყებულია, მაგრამ შეთანხმება, ალბათ, ვერ შედგება. საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაში „ნაცები“ პატიმრების განთავისუფლებას ითხოვენ და თან ითხოვენ ამერიკელების გარანტიით, რომ გადაგდება საბოლოოდ  გამოირიცხოს.

თავის მხრივ, რესპუბლიკელები ხელისუფლებას სიურპრიზს სთავაზობენ – პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უკვე მუშავდება კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორად გაყოფას ითვალისწინებს. ამ მონსტრის დანგრევა ჯერ კიდევ მერაბიშვილის დროს იყო გეგმაში, მაგრამ მერაბიშვილის გაზრდილმა ძალაუფლებამ და მადამ აშკარად აჯობა ამერიკელი პარტნიორების თხოვნას. ამჯერად რესპუბლიკელები ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას იშველიებენ და რაც ყველაზე მთავარია, თინა ხიდაშელი არ ერიდება შინაგან საქმეთა მინისტრის ღია კრიტიკას. დაპირისპირება ხელისუფლებაში უკვე სააშკარაოზე გამოდის. ყველა ფრთა გადამწყვეტი რაუნდისთვის ემზადება.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი მარგველაშვილი აქტიურ კონსულტაციებს მართავს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან. საკუთარი „პოლიტიკური კარიერის პიკზე“ მას სამომავლო ამბიციებიც გაუჩნდა. ბიძინა ივანიშვილი რომ არა, მარგველაშვილი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, ეს ფაქტია, მაგრამ პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ მტრები და მუდმივი ინტერესები. დაემთხვევა თუ არა მარგველაშვილის ინტერესები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს, ეს ცალკე თემაა. „ქრონიკა+“-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზაფხულის განმავლობაში თურქეთში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა გიგა ბოკერიას ფრთასა და ირაკლი ალასანიას წარმომადგენლებს შორის და, პერიოდულად, ამ შეხვედრებს პრეზიდენტის წარმომადგენელიც ესწრებოდა. შეთანხმდნენ თუ ვერ შეთანხმდნენ, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტის ახლო გარემოცვაში აქტიურად განიხილება რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი. რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს შეეხება და მისი შედეგების მიხედვით (მაგველაშვილის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მხარს დაუჭერს), პრეზიდენტი იყენებს უფლებას, რომელიც მას კონსტიტუციით ისედაც აქვს და ითხოვს საქართველოს პარლამენტს. თუ ყველაფერი ამ სცენარით განვითარდა, მაშინ რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე გაიმართება. ამ დროისთვის იქნება თუ არა კოალიცია ერთიანი, ძნელი სათქმელია, მაგრამ კოალიციაში შემავალი პარტიების შანსები რომ მაღალი არ არის, ეს ფაქტია.

რა ბერკეტი აქვს მთავრობას მარგველაშვილის წინააღმდეგ? აქ კანონი ცალსახად და მკაფიოდ იძლევა განმარტებებს, – პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ის დაარღვევს კონსტიტუციას, ან ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში გადაწყვეტილება ან საკონსტიტუციო, ან უზანაესმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ჯერჯერობით, ორივე უწყება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია, ამიტომ, ამ მხრივ, მარგველაშვილი გარანტირებულია. რჩება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის პარლამენტის მიერ აღძვრა, რასაც აუცილებლად სჭირდება პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს. გამომდინარე აქედან, „ოცნების“ უმრავლესობა იძულებული ხდება, „ნაცების“ რომელიმე ფრთას დაელაპარაკოს. რომელ ფრთასაც არ უნდა ელაპარაკოს, აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველა ფრთას საკუთარი პატიმარი ჰყავს და კულუარებში გარიგების მთავარ მოტივად სწორედ პატიმრების განთავისუფლება სახელდება.

მთავრობას მთავარ პრობლემად ისევ რჩება საგარეო ფრონტი, ამ ფრონტზე „ნაცები“, ჯერჯერობით, გიგა ბოკერიას წყალობით ლიდერობენ. უკვე კვირაზე მეტია, ბოკერია ამერიკაში იმყოფება და მის ვიზიტს დაემთხვა სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას უკავშირდებოდა. ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანა ინტერპოლში სამართლებრივად გამართული მასალების გაგზავნა და ექსპრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაა. ეს ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იქნება და ორივე მხარის სამომავლო მოქმედების სტრატეგიას განსაზღვრავს.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, შემოდგომაზე საკადრო გადაადგილებები აუცილებლად გაგრძელდება. კულუარებში დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ პოსტის დატოვება მოუწევს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას. თუ პროგნოზი გამართლდა, ეს იქნება ყველაზე სკანდალური საკადრო გადაწყვეტილება. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, უკვე დიდი ხანია, ძალოვნები თავდაცვის სამინისტროს ტენდერებით და შესყიდვებით ინტერესდებიან. ალასანიას უწყებაში კი ამ მხრივ ბევრი კითხვის ნიშანია. ირაკლი ალასანიას განთავისუფლების მერე, კულუარებში საუბრობენ, რომ ამ პოსტს ალექსანდრე ჭიკაიძე დაიკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება მინისტრის ამჟამინდელი პირველი მოადგილე, გიორგი ზედელაშვილი, „სუსის“ უფროსის პოსტზე მალხაზ ჩიქვილაძე მოიაზრება, კონტრდაზვერვის უფროსის პოსტზე კი ოთარ კუპრაშვილის კანდიდატურა განიხილება. ანტიკორუფციულ სამსახურს ლაშა ცომაია უხელმძღვანელებს, რომელიც, „ქრონიკა +“-ის წყაროს ინფორმაციით, ადრე ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა. საკადრო ცვლილებები ქვედა რგოლებსაც შეეხება. რეორგანიზაციის შემდეგ მთელი პირადი შემადგენლობა კადრების განკარგულებაში გადავა და ხელახალი დანიშვნები დაიწყება. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური რეორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გავრცელებული ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები შეეხება ფინანსთა სამინისტროსაც. შეუსრულებელ ბიუჯეტს ხადურს უკვე საკუთარი უმრავლესობაც უწუნებს. საგარეო საქმეთა მინისტრი საკუთარ პოსტს ბოლომდე ებღაუჭება და მუდმივად ცდილობს, საკუთარი განცხადებებით პრემიერის თვალში ქულები ჩაიწეროს. სხვა საკადრო გადაადგილებებზე, ჯერჯერობით, საუბარი არ მიდის. მთავრობის მთავარ გამოწვევად ისევ რჩება ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური კრიზისის შექმნის მცდელობა, რომელსაც ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან.

წინ საინტერესო შემოდგომაა, – გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება.

 

                                                                                                      ელისო კილაძე