სალომე სამადაშვილი: „ივანიშვილის დამარცხებას ოპოზიციის ერთიანობა სჭირდება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 11 ივნისს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პომპეომ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასა და ანაკლიის პორტის პროექტს ეხებოდა.
ცხადია, პომპეოს გზავნილები განსხვავებულად გადათარგმნეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

რამდენად საგანგაშო იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გზავნილები? არის თუ არა ეს გზავნილები საქართველოს მისამართით 2020 წლამდე ბოლო გაფრთხილება? ასევე რა დასკვნები გააკეთა ოპოზიციამ შუალედური არჩევნების შემდეგ და რა გზით შეეცდებიან დაათმობინონ „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარული სისტემა 2020 წელს?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ სალომე სამადაშვილს ესაუბრა:

_ რა დასკვნები გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შუალედური არჩევნების შემდეგ? მით უმეტეს, ამ არჩევნებს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიციად აღიქვამდნენ.
_ არ ვიცი, რამდენად არის შუალედური არჩევნები გენერალური რეპეტიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის იმიტომ, რომ შუალედურ მუნიციპალურ არჩევნებს არავითარ შემთხვევაში არ მოჰყვება რაიმე ხელშესახები ცვლილება ხელისუფლებაში. პირიქით, ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის მსგავს ვითარებაში საკმაოდ რთულია საკუთარი პოზიციების დაცვა იმიტომ, რომ საბიუჯეტო და ბევრი სხვა ბერკეტი რჩება ცენტრალური ხელისუფლების ხელში და, შესაბამისად, ოპოზიციისთვის მოქალაქეების მობილიზებაც ძნელია. ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ არჩევნების შედეგად ხელისუფლება არ იცვლება, მოტივაციაც ნაკლებია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ის მეთოდები, რომლითაც იბრძვის ხელისუფლება არჩევნების დროს. ჩვენ ვნახეთ ამომრჩეველზე ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება და კიდევ ერთხელ გამოჩნდა არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ სახე. გარდა ამისა, ამ არჩევნებმა აჩვენა ისიც, რომ ჩვენ სხვადასხვა ოპოზიციურ მოთამაშეს შორის აუცილებლად კოორდინება უნდა გავაკეთოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა რესურსები უფრო კარგად და ობიექტურად გამოვიყენოთ.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების მოსაგებად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა, თუ ამას მასშტაბური სახე ჰქონდა, მაშინ ამომრჩევლის მხრიდან რატომ არ მოჰყვა სათანადო პროტესტი არჩევნების შედეგებს? ოპოზიციამ ვერ დააჯერა ხალხი, რომ მათ არჩევნები მოპარეს?
_ ნაკლებად მგონია, რომ სახალხო პროტესტის მობილიზებაში მთავარი როლი აქვთ კონკრეტულ პოლიტიკოსებს ან ლიდერებს, იმიტომ რომ სახალხო პროტესტი ან არსებობს, ან არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ შარშან ზაფხულში სარალიძის საქმესთან დაკავშირებით როგორ დაიძრა უზარმაზარი რაოდენობის ადამიანი ქუჩაში პროტესტის გამოსახატად მოწოდებების გარეშე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გადაჭარბებულია საუბარი ვიღაცის კონკრეტულ პოზიციაზე, აქ მთავარი საკითხია ის, რომ როდესაც მოქალაქეებმა იციან, ამ არჩევნებით ხელისუფლება ასეთ დროს არ იცვლება, ზოგადად, საპროტესტო მუხტიც ნაკლებია, რადაგან კონკრეტულად რისთვის ხდება მოქალაქეების მობილიზება, გაუგებარია, რადგან მობილიზებას მასშტაბური შედეგები არ მოყვება. იქიდან გამომდინარე, თუ რა ტიპის არჩევნები იყო, ამის შედეგია ალბათ ისიც, რომ მასობრივი პროტესტი არ მოჰყოლია შუალედური არჩევნების შედეგებს.
_ ზუგდიდში მაქსიმალურად მობილიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობა“. გაყალბების თავიდად ასარიდებლად 5000 დამკვირვებელი გყავდათ, თუმცა შემდეგ აცხადებდით, რომ არჩევნები კენჭისყრამდე გაყალბდა სხვადასხვა მეთოდით. რას დაუპირისპირებთ ამ მეთოდებს 2020 წელს?
_ არ მგონია, რომ არჩევნების დღე ამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციების დასაცავად. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც არჩევნებამდე ხდება. მთავარია, რომ ჩვენ არჩევნებამდე მოტივაცია გავუჩინოთ რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ კანდიდატს. ოპოზიცია არჩევნებში ძლიერი პოზიციების მოპოვებას შეძლებს მაშინ, როდესაც მაქსიმალურად მიიყვანს ამომრჩეველს არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთთან. ეს კი ხდება არჩევნებამდე, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება, სწორედ იმ პერიოდში, რაც საპარლამენტო არჩევნებამდე რჩება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ მოთამაშეს შორის აუცილებელია კოორდინება. საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც და ახლა იყო მოსაზრება, რომ ამ კოორდინების პროცესს ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
_ მიხეილ სააკაშვილს ჰყავს საკუთარი, ოპოზიციაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი. ანუ ოპოზიციურ სპექტრში მხარდაჭერის თვალსაზრისით ის დღესაც რჩება ყველაზე გავლენიან მოთამაშედ, თუმცა მგონი, ყველას ესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას სჭირდება ოპოზიციის ერთიანობა. რას ნიშნავს სააკაშვილის ფაქტორი?! ის აფიქსირებს საკუთარ შეხედულებებს, ეს შეხედულებები ვიღაცისთვის მისაღებია, ვიღაცისთვის _ არა, მაგრამ ყველა ოპოზიციური მოთამაშე თანხმდება, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური ცვლილებები, რადგან ქვეყანა ძალიან არასწორი გზით მიდის. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ძალიან ხშირად ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ოპოზიციის ერთობას, რომლისაც საკმაოდ ეშინია და ამიტომაც ცდილობენ სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას. რეალურად კი, ჩემი აზრით, ეს ფაქტორი არ არსებობს. ხელისუფლება თავის დასაცავად ქმნის ფაქტორს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ხელს უშლის ოპოზიციის კონსოლიდაციას. ბიძინა ივანიშვილს თუ რაიმე დისკომფორტს უქმნის, ეს არის სწორედ ერთიანი საზოგადოებრივი პოზიცია მის წინააღმდეგ.
_ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი გუნდი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ სანდრა რულოვსი სწორედ მიხეილ სააკაშვილის მეუღლეა და მოსახლეობას „ნაციონალების“ 9-წლიან მმართველობას ახსენებდნენ. შუალედური არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, მოქმედებს თუ არა ანტიმიშას კამპანია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ?
_ ეს არის რაღაც გამოგონილი მითი და არ მგონია, რომ ეს საერთოდ არსებობს. რაც ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს და მათ შორის, რამაც შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდში იმუშავა, პირველი არის ის, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები გაღატაკებულია. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე დამოკიდებულია ან საჯარო სექტორში სამსახურზე, ან სოციალურ დახმარებაზე. შესაბამისად, ხელისუფლების მხრდან ზეწოლის თვალსაზრისით ამომრჩეველი ადვილი სამიზნეა. ეს ზეწოლა რომ არსებობს და დაუნდობელია, ამისთვის მხოლოდ ია კერზაიას საქმეა საკმარისი, რომ გვესმოდეს, რას ეჯახება მოქალაქე, თუ ის უპირისპირდება მმართველ პარტიას და, ამავე დროს, რაღაცნაირად, დამოკიდებულია მმართველ პარტიაზე, რომელსაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო მითვისებული აქვს. რეალურად, ვის დაუჭერს მხარს საჯარო მოხელე, ეს არავის საქმე არ არის, ეს მხოლოდ მისი პირადი საქმეა, მაგრამ ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. მეორე ფაქტორი, რაც ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ მთაწმინდაზეც და ზუგდიდშიც _ კრიმინალების მობილიზება, კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან დაშინება და ზეწოლა მოქალაქეებზე. ასევე ამომრჩევლის პირდაპირ მოსყიდვა, რაც ჩვეულებრივ მოვლენად აქცია ივანიშვილის ხელისუფლებამ. ეს არის ის ფაქტორები, რომელიც არჩევნებზე ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. ამ შემთხვევაში ვიღაცისგან საფრთხობელის შექმნა არაფერ შუაშია.
_ ჩვენ შუალედური არჩევნების შემდეგ ვნახეთ, რომ გუნდის შიგნით გარკვეული სახის აზრთა სხვადასხვაობა იყო. ეს ზედაპირზეც, ლიდერების კომენტარებიდან გამოჩნდა. რა სახის განხეთქილება მოხდა, ეს ეხებოდა თუ არა არჩევნების შემდგომ სამოქმედო გეგმას? მახსოვს, საპრეზიდეტო არჩევნების შემდეგ თქვენ განაცხადეთ, რომ არ აპირებდით იმ აქციებში მონაწილეობას, სადაც გრიგოლ ვაშაძეს, როგორც პრეზიდენტს, ისე მიესალმებოდნენ.
_ პირველ რიგში, უნდა დავაზუსტო ჩემი პოზიცია: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მე არ მითქვამს, რომ აქციებს არ ვუჭერდი მხარს. ჩემი პოზიცია იყო, რომ მნიშვნელოვანია, აქციებზე რა ლოზუნგით გამოვიდოდით და რას მოვითხოვდით. როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა და შედგა, ჩემი პოზიცია იყო ნათელი, აქციის ჩატარება, სადაც ჩვენ გამოვაცხადებდით, რომ გრიგოლ ვაშაძეა საქართველოს პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილი _ არა, ასეთი ლოზუნგით აქციის ჩატარება იყო უაზრო პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოყვებოდა, შესაბამისად, ჩემი პრეტენზია ამ შემთხვევაში აქციის ჩატარებას არ ეხებოდა, ეს პრეტენზია აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს ეხებოდა, თუ რა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანს მოემსახურებოდა აქცია, თუ, რა თქმა უნდა, ეს აქცია ჩატარდებოდა. შემიძლია ვთქვა, რომ დღესაც არ არის განსხვავებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აქციები საჭიროა. ჩვენ ვნახეთ, რომ საზოგადოების მხრიდან ზეწოლა ხელისუფლებას ყველაზე კარგად მაშინ ესმის, როცა ხალხი ქუჩაში გამოდის და ითხოვს კონკრეტულ შედეგბსა თუ კონკრეტულ ქმედებებს. ეს გამოჩნდა მაშინ, როცა საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე იძულებულები გახდნენ, სარალიძის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეექმნათ. რაც შეეხება პარტიის შიგნით განვითარებულ პროცესებს, თვითონ პარტია ძალიან ბევრი ადამიანისგან, ბევრი სუბიექტისგან შედგება და შესაბამისად, შესაძლებელია, კონკრეტულ საკითხებზე იყოს აზრთა სხვადასხვაობა, დისკუსია, მაგრამ როდესაც სამოქმედო გეგმაზე ვყალიბდებით, შემდეგ ამ სამოქმედო გეგმას ვახორციელებთ, როგორც ერთიანი პოლიტიკური შემადგენლობა და იგივე მოხდა ზუგდიდთან მიმართებითაც. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი იყო, როცა ყველანი ერთად ვცდილობდით, ჩვენს კანდიდატს მოეპოვებინა გამარჯვება და სამწუხაროა, რომ ეს ვერ მოხერხდა. იმ საარჩევნო გარემომ, რომელიც შექმნილი იყო, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა ჩვენი კანდიდატის გამარჯვება.
_ თავდაპირველად განიხილებოდა თუ არა ნიკა მელია ზუგდიდის მერობის კანდიდატად? არჩევნების დღეს ის ზესტაფონში იმყოფებოდა, მაშინ როცა მაქსიმალური რესურსი მობილიზებული გქონდათ ზუგდიდში, ამან ერთგვარი ეჭვები გააჩინა.
_ პოლიტსაბჭოზე სხვა კანდიდატი არ წარდგენილა. შესაბამისად, ერთი კანდიდატი იყო დასახელებული. ამ კანდიდატს დაუჭირეს მხარი და ეს კანდიდატი დაასახელა პარტიამ. ზოგადად, შეიძლება ბევრი სხვა ღირსეული კანდიდატი ჰყოლოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ნამდვილად ბევრი ღირსეული პოლიტიკური მოღვაწე ჰყავს საკუთარ რიგებში.
_ ოპოზიციამ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად პარლამენტში ხელმოწერები შეიტანა. თქვენ პროპორციულ სისტემაზე ითხოვთ გადასვლას, რაც 2024 წელს ამოქმედდება და ეს კონსტიტუციაში ასახულია კიდეც. ამ პირობებში რამდენად რეალურია ის, რომ „ქართული ოცნება“ დათმობს მაჟორიტარულ სისტემას უკვე 2020 წელს?
_ პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. 2024 წლიდან, რაც არის დაგეგმილი, იგივეს ვითხოვთ ჩვენ, ოღონდ 2020-ში. შესაბამისად, ვფიქრობ, მოთხოვნა საკმაოდ ნათელია, რომ უკვე 2020 წლიდან გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა, თუმცა მხოლოდ ეს არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი. საჭიროა მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის, რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებას, სხვადასხვა წესს, რაც უკავშირდება ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე ზეწოლის მოხდენას და ა.შ., ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს კანონით, რადგან უკეთესად იყოს დაცული თავისუფალი არჩევანი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ ცვლილებების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებაზე გავაგრძელებთ ზეწოლას. თუ რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ არანაირი შესაბამისი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან არ აქვთ, რომ 2020 წელს მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით ისევ ჩაებღაუჭონ ხელისუფლებას. თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ არ დათმოს ხელისუფლება თავისუფალ არჩევნებში, მას ეს საკმაოდ ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდება. მმართველ რეჟიმსა და საზოგადოებას შორის არსებული პოლიტიკური კონფლიქტის განსამუხტად ბევრად უკეთესი იქნება, დემოკრატიულ სისტემას მივცეთ შანსი, რომ დემოკრატიული არჩევნების პროპორციული წარმომადგენლობის გზით მივიღოთ ის პარლამენტი, რომელიც ქართველი ხალხის რეალურ, პოლიტიკურ არჩევანს ასახავს.
_ რა ამოიკითხეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს გზავნილებში? არის თუ არა ეს საქართველოს მისამართით 2020 წლისთვის ბოლო გაფრთხილება?
_ პომპეოს გზავნილი ძალიან ნათელი იყო. საქართველოს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით რეალურად საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომავალს, არამედ ასევე საფრთეს უქმნის სტრატეგიულ ინტერესებს, რომელიც აქვს, მათ შორის, აშშ-ს ჩვენს რეგიონში. სწორედ ეს იყო გზავნილი. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებმა აშშ-ის ხელისუფლება იძულებული გახადა, უმაღლეს დონეზე შეეხსენებინა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოების სტრატეგიული ინტერესის ობიექტი და საქართველოს ნათლად უნდა ჰქონდეს განსაზღვრული საკუთარი ადგილი ამ გეოპოლიტიკურ კონკურენციაში. მას კიდევ ერთხელ შეახსენეს აშშ-ის ინტერესები, რაც ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, წესით, არ უნდა სჭირდებოდეს. თუმცა სჭირდება იმიტომ, რომ რეალურად დღევანდელი ხელისუფლება ორმაგ თამაშს თამაშობს, დეკლარირებულად არის პროდასავლური კურსის, რეალურად კი უსმენს რუსეთს, რა არის რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, სად გადის წითელი ხაზები და ცდილობს, რომ ამ წითელი ხაზების ქვეშ იაროს.
_ როგორც წესი, დახურულ შეხვედრებზე საკითხი ბევრად უფრო მწვავედ ისმის, საჯარო ბრიფინგზე კი გზავნილები შედარებით მსუბუქი ფორმით კეთდება. რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პომპეომ გზავნილი საჯაროდ ასე მკაფიოდ დააფიქსირა? რა შეიძლება ამოვიკითხოთ ამ ქმედების მიღმა?
_ საჯარო გზავნილები აჩვენებს იმას, რომ დახურულ კარს მიღმა ის არაერთხელ გაკეთდა, მაგრამ ამან ზეგავლენა ვერ მოახდინა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. საჯაროდ გახდა ამის დაფიქსირება საჭირო, რადგან ვფიქრობ, რომ ყველას კარგად ესმის, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სთან, ნატოსთან და ევროკავშირთან, ამიტომაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის იცოდნენ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით პრობლემას უქმნის ჩვენს საგარეო კურსს. რაც შეეხება ზოგადად საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს, ეს არც გუშინ, არც „ქართული ოცნების“ და არც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაწყებულა. უკვე მრავალი წელია, რაც აშშ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და მხარდამჭერია. ის ურთიერთობები, რომელიც დღეს არსებობს ამერიკასთან, განსაზღვრულია სტატეგიული თანამშრომლობის ქარტიით, რომელიც 2009 წელს გაფორმდა, ანუ ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ჩვენი თანამშრომლობის განმსაზღვრელი მთავარი დოკუმენტის პრეამბულაშივე წერია, რომ მეგობრობა აშშ-სა და საქართველოს შორის მოიცავს საერთო რწმენას იმაში, რომ დემოკრატია ქვეყნის განვითარების ყველაზე სწორი კურსია და რომ დემოკრატია ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ყველაზე სწორი მმართველობის ფორმაა. ასე რომ, ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, ეფუძნება ჩვენს ერთგულებას დემოკრატიული პრინციპების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც ეუბნებიან, რომ თქვენ დემოკრატიული პრინციპების ერთგული არ ხართ, რომ თავისუფალი არჩევნები ჩაატაროთ, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ თქვენ თქვენი გადაწყვეტილებებით პრობლემებს უქმნით ჩვენს ურთიერთობებსო. ეს არის გზავნილი, რომელიც ვაშინგტონში ბახტაძემ პომპეოსგან მიიღო, ძალიან ღიად, მსოფლიო პრესის თვალწინ.
_ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა წარმატებით დაასრულა. აღსანიშავია ისიც, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არ არიან, პომპეოს გზავნილებშიც იყო სასამართლო რეფორმაზე საუბარი და განაცხადა, რომ მხარს უჭერენ სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი გვაძლევს თუ არა იმის ფიქრის საფუძველს, რომ მმართველი გუნდი ამ მიმართულებით სწორ გზაზე დადგა?
_ „ქართულ ოცნებას“ ზოგადად ასეთი ტაქტიკა აქვს შერჩეული: იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას რაიმე პოზიტიურის თქმის საფუძველი მისცენ, იქ, სადაც არ არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი სახელმწიფო ინტერესები, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, რამე ისეთი გააკეთონ, რაც მოწონებას იმსახურებს, მაგრამ იქ, სადაც სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებია, აკეთებენ იმას, რაც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში შედის. სასამართლო რეფორმებს რაც შეეხება, ზუსტად იგივე მიდგომა აქვთ, ანუ მიიღეს უზენაესი სასამართლოს ფორმირების წესი, რომელიც მათ ძალიან კომფორტულად მისცემს შესაძლებლობას, რომ უზენაესი სასამართლო ისე დააკომპლექტონ, როგორც თავად სურთ, ანუ დაიმორჩილონ მთელი სასამართლო სისტემა, მაგრამ რაღაც ცვლილებების პაკეტი, რომელიც ბევრად უფრო გრძელვადიანია და არ უქმნით მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში დღეს პრობლემებს, ამ შემთხვევაში ქულების დასაწერად შესაძლოა, რაღაცებს დასთანხმდნენ და რაღაც გააკეთონ მათი რეკომენდაციების თანახმად. ეს არის ორმაგი თამაში, რომელსაც თამაშობს „ქართული ოცნება“. იქ, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ფეხქვეშ გათელავენ სასამართლო დამოუკიდებლობასაც და ყველაფერ სხვას, მაგრამ თუ არანაირი პოლიტიკური ფასი არ დაუჯდებათ რაღაც რეფორმაზე საუბარი, პრინციპში, შეუძლიათ რაღაც სიგნალები მისცენ საერთაშორისო თანამეგობრობას, თითქოს სწორი ნაბიჯების გადადგმას აპირებენ. ზუსტად ეს ხდება სასამართლო სისტემაში, ორმაგი სტანდარტები და ფასადური დემოკრატია ვლინდება ყველგან, დაწყებული დემოკრატიიდან, დამთავრებული ქვეყნის საგარეო კურსით. ეს არის ის, როგორც მართავს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას. ტყუილებზე და ორმაგ თამაშზეა აგებული პოლიტიკური გარემო, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა.

ნენე ინჯგია