ლადო ბოჟაძე: „წელს „ქართული ოცნების“ შეცვლის რესურსი არ ჩანს“

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ნებისმიერი შერკინება, რაც გინდა ლოკალური იყოს ის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიციად განიხილება. ასეთ რეპეტიციად განიხილებოდა 19 მაისის შუალედური არჩევნები, რამაც, შეიძლება ითქვას, არაპროპორციული მღელვარება გამოიწვია. საბოლოო ჯამში კი „ქართულმა ოცნებამ“ დამარცხების პრეცედენტის შექმნა არ დაუშვა და ოპოზიციაც გაწბილებული დარჩა.

საარჩევნო სისტემის ჭრილში რა მოცემულობა გვექნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? რა შემთხვევაში შეიძლება დათმოს მაჟორიტარული სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ და უნდა ველოდოთ თუ არა მესამე ძალის ფორმირებას?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელ ლადო ბოჟაძეს ესაუბრა:

_ ბატონო ლადო, რა გამოვლინდა შუალედური არჩევნების შემდეგ? როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად იმოქმედა ოპოზიციამ?
_ თუ შევხედავთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო შემდგომ არჩევნებზე, როგორ შეინარჩუნებდა ოპოზიცია იმ რესურსებს, ერთიანობასა და შედეგებს, რაც პროცენტულად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა. სწორედ აქედან გამომდინარე ითვლებოდა ეს შუალედური არჩევნები 2020 წლის გენერალურ რეპეტიციად, თუმცა, შესაძლოა, 2019 წლის შემოდგომაზეც ასევე გვქონდეს შუალედური არჩევნები, მერების ან საკრებულოსი და ისიც შეიძლება ერთგვარ რეპეტიციად მივიჩნიოთ. რაც შეეხება შუალედურ არჩევნებსა და კონკრეტულად ზუგდიდს, „ნაციონალურ მოძრაობას“ზუგდიდი ჰქონდა მიზანში ამოღებული, რადგან თქვენ იცით, რომ სხვაგან მერობის კანდიდატები ან არ დააყენეს, ან დააყენეს, მაგრამ მთელი ძალისხმევა და აქცენტი იყო ზუგდიდზე მიმართული. კანდიდატად შეირჩა ყოფილი პირველი ლედი, რაც, ფაქტობრივად, სააკაშვილის წარდგენას ნიშნავდა და ამით სააკაშვილის რეიტინგი გაიზომა. ჩვენ ზუგდიდში ვნახეთ სურათი, რომელიც ნამდვილად არ შეეფერებოდა დემოკრატიულ სახელმწიფოს და ეს ვნახეთ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. დაახლოებით 5000-მდე ადამიანი ჰყავდა მობილიზებული „ნაციონალურ მოძრაობას“ და გაერთიანებულ ოპოზიციას. მათ სანდრა რულოვსის გარდა ჰყავდათ 4 ყალბი მერობის კანდიდატი. მათ კანონიერად გააკეთეს ეს, თუმცა მორალის კუთხით რამდენად მართებულია, ამ საკითხებთან დაკავშირებით სწორედ ახლა ვმუშაობთ პარლამენტში შექმნილ ჯგუფთან ერთად, რომ გარკვეული საკითხები დავარეგულიროთ. ფაქტობრივად, ამ ოთხმა ყალბმა კანდიდატმა საკუთარი უფასო პოლიტიკური დრო დაუთმო სანდრა რულოვსს. მათი დაფინანსებული წარმომადგენლები კენჭისყრის დღეს იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე, იღებდნენ სახელმწიფო დაფინანსებას, მაგრამ, რეალურად, მუშაობდნენ სხვა კანდიდატზე. ფაქტობრივად, თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოშალა ზღვარი დამოუკიდებელ დამკვირვებლებსა და პარტიულ დამკვირვებლებს შორის, ეს „ეუთოს“ დასკვნაშიც აისახა, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომაც. პარტიული აქტივისტები საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეშ არიან წარმოდგენილები. განსაკუთრებით მძიმე საყურებელი იყო პოლარიზებული მედია და, პირველ რიგში, „რუსთავი 2“, როცა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი უშუალოდ დარბოდა ყველა საარჩევნო უბანზე და ქმნიდა გარკვეულ დაძაბულობას. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ის სცენარი, რომელიც მათ წარმოუდგენიათ 2020 წლისთვის, რომ იყოს დაპირისპირება, პროვოკაციები. ამ შემთხვევაში შესაბამისი პასუხი იყო ხელისუფლების მხრიდანაც, მობილიზებული პოლიცია და მობილიზებული აქტივისტები. ბუნებრივია, ამ ყველაფერს, რაც ჩვენ ვნახეთ, არაფერი ჰქონდა საერთო ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებთან, აღარაფერს ვამბობ ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტების არჩევნებთან კავშირზე.
_ ლადო ,თქვენ მუდმივად აქცენტს აკეთებთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომ მათი ქმედებების გამო არ ჩატარდა ევროპული არჩევნები. რატომ ვერ ხედავთ ამ პროცესში ხელისუფლების პასუხისმგებლობას?
_ ხელისუფლების მხრიდანაც, რა თქმა უნდა, იყვნენ კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლების მისვლას აღრიცხავდნენ, ასევე საუბარი იყო ზეწოლაზე, დაშინებაზე, სხვადასხვა უკანონო მეთოდზე. უმეტესი მათგანი არც დადასტურებულა, მაგრამ ზოგი ფონი არადემოკრატიული იყო. ეს არის ძალიან საწყენი.
რაც შეეხება მთაწმინდას, ეს არჩევნები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე, უბრალოდ, პარლამენტის წევრის არჩევნები. 20-მდე კანდიდატი იყო რეგისტრირებული, მათ შორის, 7 დამოუკიდებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატები ენდობოდნენ საარჩევნო პროცესს, ამომრჩეველს და შემოვიდნენ ამ პოლიტიკურ თამაშში. არავის ჰქონდა გარანტირებული მოგება და არც არავის მორიდებია ამ პროცესში ჩართვა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მთაწმინდაზე არ ჰყავდა კანდიდატი. იყო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერდა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ არსად ჩანდნენ. ამიტომაც მიიღო შალვა შავგულიძემ პირველ ტურში, თითქმის, 37%. შალვა შავგულიძის შემოხაზვა ბევრს არ გაუჭირდა, რადგან ის მისი წარსულიდან გამომდინარე ღიად არ არის აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“. რაც ყველაზე მთავარია, მთაწმინდაზე იყო „ევროპული საქართველო“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“, მათი სახეები და აქტივისტები. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სწორი გათვლა გახლდათ. ჩვენ დავინახეთ პოლიტიკური სივრცე „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიის გარეშე, სადაც მშვიდი არჩევნები ჩატარდა. პირველი ტური ისე ჩატარდა, რომ მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა საარჩევნო ადმინისტრაციაში, არანაირ ხმაურსა და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. პირველი ტურის შემდეგ სააკაშვილი ჩაერთო პროცესში და ღიად დაუჭირა მხარი შალვა შავგულიძეს. ამის ერთადერთი მიზეზი, ვფიქრობ, ის იყო, რომ სააკაშვილმა „იეჭვიანა“ „ევროპულ საქართველოზე“, რადგან დაინახა, რომ მათ დაახლოებით იგივე პროცენტი გამოუვიდათ, რაც სანდრას მთელი ამ ძალისხმევის, ცემა-ტყეპის, პროვოკაციებისა და „რუსთავი 2-ის“ ხელშეწყობით. შალვა შავგულიძემ მშვიდად მიიღო დაახლოებით იგივე ხმები. დაფიქსირდა, რომ მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ ბრძოლაში გაჰყვა „ევროპული საქართველო“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყოველთვის და ყველგან იყო პირველ ადგილზე ოპოზიციის ფრონტზე. ამის შედეგად მეორე ტურში მივიღეთ ის, რომ 4000-ით მეტი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, არა მხოლოდ ლადო კახაძისა და „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად, არამედ შალვა შავგულიძისა და „ევროპული საქართველოს“ საწინააღმდეგოდ. თუ ჩვენ როგორც სცენარს, ისე შევხედავთ შუალედურ არჩევნებს, ზუგდიდის მაგალითზე თვალნათლივ ჩანს, რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარი 2020 წლისთვის, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ შემთხვევაში, თუ მათ ამის რესურსი ექნათ. ასევე მთაწმინდის მაგალითზე კარგად გამოჩნდა, როგორი იქნება „ევროპული საქართველოსა“ და დანარჩენი ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია. „ეუთომ“ 27 რეკომენდაცია დაწერა, მათ შორის, 10 პრიორიტეტული, რომლის მოსაგვარებლადაც პარლამენტში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა. შეხვედრა 13 ივნისს იყო. ის რეკომენდაცია, რაც „ეუთომ“ დადო და ის ხარვეზები, რაზედაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ: კოორდინატორები, ყალბი კანდიდატები და დამკვირვებლები, უფასო პოლიტიკური რეკლამის მითვისება კანონიერად, მაგრამ არასამართლებრივი მეთოდებით და ბევრი საკითხი, სავარაუდოდ, ამ ჯგუფმა უნდა მოაგვაროს. სამართლებრივ დონეზე ყველა ის ხარვეზი, რაც გვაქვს, გამოსასწორებელია. ეს საკითხები, რაც „ეუთომ“ თქვა, პარლამენტმა ამ შემოდგომას სესიაზე უნდა მიიღოს და მთელი წელი ჩართული მხარეებისთვის ამის ახსნას უნდა მოვანდომოთ. სამართლებრივად 2020 წელს ჩვენ კიდევ უფრო მოწესრიგებულები შევხვდებით არჩევნებს. იმას, რასაც ხელისუფლებას სამოქალაქო სექტორი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ვედავებოდიით, ეს ყველაფერი მოგვარებადია და მოგვარდება კიდეც, რაც უფრო გააჯანსაღებს პროცესს. მთავარია, შემდგომ როგორ მოიქცევიან პოლიტიკური ძალები და როგორ აღასრულებენ რეალობაში ამ ყველაფერს. საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, რომელსაც პრობლემები და ვნებათაღელვა მოყვა, საპარლამენტო არჩევნები სწორედ ის არჩევნებია, როდესაც მართლა არსებობს ხელისუფლების შეცვლის რესურსი. ამიტომ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შენარჩუნებასა და არჩევნების მოგებას შეეცდება. ოღონდ ეს უნდა იყოს ყველა შემთხვევაში კანონიერი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების საშუალებით. გასაკვირი არც არის, რომ მმართველ გუნდს კვლავ სურს ხელისუფლებაში დარჩენა. ასევე არც ის არის გასაკვირი, რომ ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ოღონდ, ხელისუფლებაში მოსვლის მეთოდები ოპოზიციისთვისაც უნდა იყოს კანონიერი, სამართლიანი და მისაღები ამომრჩევლებისთვის. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ 2020 წელს ისეთ არჩევნებს ჩავატარებთ, რომელსაც უარყოფითი შეფასებები მოყვება ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან. მაგრამ თუ ამომრჩეველს გაუჩნდა განცდა, რომ მას არჩევნები მოპარეს, ბუნებრივია, ყველას ექნება ამის გაპროტესტების უფლება. თუმცა ჩვენ ვნახეთ, _ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ საზოგადოება ვერ დაარწმუნა, რომ მას არჩევნები მოპარეს. თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ვერ მოახერხეს, რომ ყველა ოპოზიციური ხმა წაეღოთ, რაც მანამდე „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ხმები იყო, სამაგიეროდ, „ქართულმა ოცნებამ“ და სალომე ზურაბიშვილმა მოახერხეს, გაეორმაგებინათ საკუთარი შედეგები. გაეორმაგებინათ არა იმიტომ, რომ ორ კვირაში ვინმეს სალომე ან „ქართული ოცნება“ შეუყვარდა, არამედ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების საფრთხე დაინახეს. ამიტომ ჩვენი საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური რეალობის დამსახურებაა, რომ ამ პროცესში ორი მსხვილი მოთამაშეა წარმოჩენილი და არავის აწყობს ამ თამაშში მესამის შემოსვლა.
_ საარჩევნო სისტემის ჭრილში რა მოცემულობა გვექნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, იმის გათვალისწინებით, რომ კვლავ ორი მთავარი მოთამაშე: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი?
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პროპორციულ ნაწილში უნდა გათამაშდეს 77 მანდატი, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად იქნება 3%, ასევე რჩება ბლოკების შექმნის რესურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციულ ნაწილში საქართველოს პარლამენტში ძალიან ბევრ პარტიას ვიხილავთ, დაახლოებით, 4-5-ს, შესაძლოა, მეტსაც კი. „ქართულ ოცნებას“, დაახლოებით, 40-45% ექნება, ისევე როგორც მას 48% ჰქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებზე. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, 2016 წელს ოლქების 2/3 ნაწილში „ქართულ ოცნებას“ მეორე ტური ჰქონდა, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა მოიგო, რადგან მისი მოწინააღმდეგე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია გაჰყვეს „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურში. ზოგიერთ ოლქებში შესაძლოა იყოს „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“ ან „ლეიბორისტული პარტია“. თუ არჩევანი კვლავ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დარჩა, სწორედ ამ არჩევნებით არის შესაძლებელი ხელისუფლების შეცვლა და მართლა შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს. ასეთ შემთხვევაში ცალსახაა ამომრჩევლის გადაწყვეტილება. არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, არამედ, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ. თუმცა 2024 წელს სრულიად განსხვავებულ სურათს ვიხილავთ, ვინაიდან იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მხოლოდ პარტიები, ბლოკები აკრძალული იქნება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მრავალპარტიულობასა და პირველ კოალიციურ მთავრობაზე, ეს ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ მხოლოდ 2024 წლიდან.
_ ოპოზიცია აქტიურად მუშაობს იმ საკითხზე, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს. რამდენად რეალურია ეს და რა შემთხვევაში შეიძლება დათმოს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული სისტემა?
_ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარულ სისტემას არ დათმობს. ეს საკითხი „ქართული ოცნებისთვის“ საერთოდ არ განიხილება, რადგან იგი უკვე კონსტიტუციით დარეგულირებულია. კონსტიტუციაში ძირითად დებულებაში გვიწერია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. რაც შეეხება გარდამავალ დებულებაში ცვლილებას, რისი პროექტიც ოპოზიციამ წარმოადგინა, ამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის პროექტი არის ჩანაწერი, რომ 3%-იანი ბარიერი უნდა დარჩეს, საარჩევნო ბლოკებიც უნდა დარჩეს, სამაგიეროდ, გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. ამაზე, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ უარს იტყვის. ერთი მხრივ, მას ამ მოწვევის პარლამენტში ამ დეპუტატებთან ერთად აქვს გადაწყვეტილება მიღებული, ვგულისხმობ მაჟორიტარებს, ის საკმაოდ სერიოზული ძალაა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებები ერთი მუშტის დაკვრით არ მიიღება. ჩვენ ვნახეთ, „ოცნებას“ რამდენიმე დეპუტატი გამოეყო და სხვაგან გადავიდა. „ქართულმა ოცნებამ“ ორსაფეხურიანი გადაწყვეტილება მიიღო, 2024 იქნება სრულად პროპორციული სისტემა, სამაგიეროდ რაც დეპუტატებისთვის მნიშველოვანი იყო 2020 წელს, ყველას ექნება კენჭისყრის შანსი. რაც შეეხება იმას, თუ რა შემთხვევაში დათმობს „ქართული ოცნება“ 2020 წელს მაჟორიტარულ სისტემას, ამის დასათმობად საჭიროა ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, რომლის ნიშნებიც ქვეყანაში რეალურად არ ჩანს. თუ ჩვენ გავიხსენებთ 2007 წლის 2 ნოემბრის აქციებს, რასაც შემდეგ 7 ნოემბერი მოჰვა, მაშინაც საუბარი იყო საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და შემოდგომის ნაცვლად არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებაზე. მაშინ საზოგადოებაში ეს განწყობა იყო და მასშტაბური აქციებიც ტარდებოდა. მაშინაც, როგორც კი ხელისუფლება ბოლომდე დადგა თავის პოზიციაზე და არ დათმო ეს პრინციპული საკითხი, აქციამ, ფაქტობრივად, დაშლა დაიწყო, რადგან თავად ამომრჩევლისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება საარჩევნო სისტემა. ძალიან რთულია თითოეულ ამომრჩეველს ღამეები ათენებინო იმაზე, რომ ვიღაც პარლამენტში მოხვდეს პროპორციული თუ მაჟორიტარული სისტემით.
_ ოპოზიციას არჩევნების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ჰქონდა საპროტესტო მუხტის აგორების მცდელობა, მაგრამ ვერ მოახერხა, შუალედური არჩევნების შემდეგაც ზუგდიდიდან აპირებდნენ პროტესტის დაწყებას, თუმცა ეს მცდელობაც წარუმატებლად დასრულდა. ამის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად მოქმედებს იგი?
_ რა მოხდა 2003 წელს, მაშინ არჩევნების გაყალბების შემდეგ იმაზე კი არ იყო საუბარი, ოპოზიციამ სწორად იმოქმედა თუ არა, 2003 წელს ხალხმა იმოქმედა, ხალხს გაუჩნდა განცდა, რომ მას არჩევნები გაუყალბეს და წაართვეს. მაშინაც, საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ხელისუფლება არ შეიცვლებოდა, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებას პრეზიდენტი მართავდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ რამდენი ხმით მოვიდოდა პარლამენტში? მაგრამ მაშინ იყო განცდა, რომ რაღაც ეტაპი უნდა დასრულებულიყო და ახალი ეტაპი დაწყებულიყო. ამის შანსი 2 ნოემბერს ხალხს არ მიეცა, ამიტომაც გამოვიდა ქუჩაში და ამას ორგანიზება გაუკეთა ოპოზიციამ. ოპოზიცია, რაც არ უნდა ორგანიზებული იყოს, ხალხი აქციაზე თუ არ მოვიდა და გვერდით არ დაგიდგა, ვერაფერს შეცვლის. ხალხი მაშინ მოვა და დაგიდგება გვერდით, როცა მასაც იგივე განცდა ექნება, რაც შენ გაქვს. როცა ხალხს არ აქვს ეს განცდა და ატყუებ, რომ თითქოს დააშინეს, მოისყიდეს, არჩევანი წაართვეს, მიტინგზე არ მოვა. არც მოვიდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხალხი მიტინგზე, როცა მთელი საქართველოს მობილიზება გააკეთეს. 19 მაისის შემდეგ რომ საუბრობდნენ, ზუგდიდიდან დაიწყებოდა პროტესტი, სად არიან? სად არის გრაფიკით სანდრა რულოვსი, რომელ სოფელშია?! არის სადმე?! პირველ რიგში, ზუგდიდლებს არ ჰქონდათ ის განცდა, რომ არჩევნები მოპარეს, ამიტომაც ვერ მოახერხეს აქციის ორგანიზება არჩევნების ღამეს. ზუგდიდლებსაც კი ვერ შეუქმნეს ის განცდა, რომ არჩევანი წაართვეს და ლაგოდეხელი რატომ ჩაჯდებოდა „მარშუტკაში“ და გავარდებოდა, რატომ ვერ გახდა სანდრა ზუგდიდის მერიო? არც ლაგოდეხელი, არც ხულოელი და არც ახალციხელი არ გამოვარდნილა, რადგან საპროტესტო მუხტი არ იყო. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ბუნებრივია, ხელისუფლებამ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, სწორედ ამას ეხებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან პომპეოს განცხადება. ჩვენ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან გვქონდა ამ თემებზე საუბარი. ცალსახაა, რომ არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ოპოზიცია ამაზე პასუხისმგებლობას როგორ აიღებს?! ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გაასწოროს კანონმდებლობა იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რასაც „ეუთო“ იძლევა, ასევე უნდა უზრუნველყოს ამომრჩევლის უსაფრთხოება, რომ კენჭისყრის დღე მშვიდობიანად ჩატარდეს და მერე ამას თუ აქციები მოყვება, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და ამ ყველაფრის სტაბილურობა უზრუნველყოს.
_ ბოლო პერიოდში გაჩნდა მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ხელს უშლის ოპოზიციის კონსოლიდაციას. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
_ ოპოზიციაში თუ ვგულისხმობთ „პატრიოტთა ალიანსს“, ნინო ბურჯანაძეს და შალვა ნათელაშვილს… ინაშვილი და „პატრიოტების“ საკითხი გარკვეულია, რა თქმა უნდა, ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ არ გაერთიანდებიან. ასეთივე პოზიცია აქვს ნინო ბურჯანაძეს; ჯერ არავისთან გაერთიანებულა შალვა ნათელაშვილი და ალბათ ასეთად დარჩება 2020 წლისთვის. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, თუ ვინ წაიღებს ნეიტრალურ ხმებს. ამ ადამიანებმა თუ დაინახეს, რომ სააკაშვილის დაბრუნების საფრთხე არ არის, მაშინ საერთოდ სახლში დარჩებიან ან თუ დაინახეს, რომ ეს საფრთხე არსებობს, არჩევნებზე მოვლენ და „ქართულ ოცნებას“ დაუჭერენ მხარს. ან „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის ფაქტორი უნდა გაჩნდეს, ან ამ ნეიტრალურმა ხალხმა უნდა დაიწყოს ალტერნატივის ძებნა, ვინ შეიძლება იყოს ის მესამე ძალა, რომელზედაც 30 წელია, ვსაუბრობთ და დღემდე არ ჩანს.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ არის რთული მესამე ძალის ფორმირება, რა უშლის ამ პროცესს ხელს?
_ მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ძალიან მარტივია, იყო მესამე ძალა. გამოდი, „ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკე თავის 9 წელზე, „ქართული ოცნება“ _ 7 წელზე, შესაბამისად, ყველა მხარს დაგიჭერს. მაგრამ აქ მთავარი კითხვა ისმის, _ ვინ ილაპარაკებს ამას? ან ის 9 წელი სად იყო, ან ეს 7 წელი? „ნაციონალური მოძრაობის“ ცუდზე იმან უნდა ილაპარაკოს, ვინც ის 9 წელი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით იყო. დავუშვათ, იგივე „ევროპული საქართველო“, რომელიც ამ პროცესის მონაწილე იყო და პასუხისმგებლობა ეკისრება. როცა „ქართული ოცნება“ გვაქვს გასაკრიტიკებელი, იმათ მოუწევთ გაკრიტიკება, ვინც სწორედ 4 წელი იყო მათ ხელისუფლებაში. ამიტომ მესამე ძალის გამოჩენა ძალიან რთულია, რაც ყველაზე მთავარია, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ მესამე ძალა არ აწყობს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ არასოდეს თუ არა, ძალიან დიდი ხანი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, მაგრამ ისინი პოლიტიკურ სივრცეში რომ იყვნენ და რაღაც სახის ძალაუფლება რომ ჰქონდეთ, ამისთვის აუცილებელია იყვნენ #1-ლი ოპოზიციური ძალა.
_ ზუსტად ის ფაქტი, რომ ისინი დღემდე რჩებიან პირველ ოპოზიციური ძალად, მათ აძლევთ ხელისუფლებაში დაბრუნების იმედს…
_ ეს არის მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი დამსახურება.
_ მიხეილ სააკაშვილის თუ ბიძინა ივანიშვილის?
_ ამ შემთხვევაში ორივესი, თუმცა პირველ რიგში მაინც მიხეილ სააკაშვილის. 2013 წელს, როდესაც დავით ბაქრაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, 300 000-ზე მეტი ხმა აიღო, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ახალი მოსული იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ დანახვა არ უნდოდა არავის. თუმცა ამ ადამიანებმა მაინც შეძლეს, ერთგულად დაეჭირათ მხარი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. სანამ სააკაშვილი ცოცხალი იქნება, ამ 400 000 კაცს ვერავინ ვერაფერს უზამს. ამიტომ ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას იზამენ, ისე გაემიჯნონ სააკაშვილს პოლიტიკური თამაშიდან, რომ შეეგუონ ამ 400 000 ხმის დაკარგვას, სამაგიეროდ თვითონ აიღონ ასი ათასობით ხმა და ჩაწიონ „ნაციონალური მოძრაობა“ ან თქვან, რომ სააკაშვილის ფაქტორის გარეშე ვერ იქნებიან და ურჩევნიათ მასთან ერთად ყოფნა. ეს ურჩევნიათ იმიტომ, რომ სიაში ჩაწერონ იქნებ და პარლამენტში თავი ამოყონ. თუ დიდი ამოცანები აქვთ, მაშინ ეს საკითხი ძალიან მარტივად დგას. თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას აქვს მორალური უფლება, აკრიტიკოს ორივე ძალა, საზოგადოება დაინახავს მათში მესამე ძალას, დაინახვს, რომ ეს ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, თან უკმაყოფილო არიან „ქართულ ოცნებაზე“ და რა შეუშლის ხელს ამომრჩეველს, რომ ისინი აირჩიონ.
_ საბოლოო ჯამში, მივდივართ დასკვნამდე, რომ რეალურად მესამე ძალის პოლიტიკური რესურსი არ არსებობს?
_ ფაქტობრივად, აქამდე მივდივართ. ვხედავთ, რომ თავადაც არ სურთ სააკაშვილის ჩრდილიდან გამოსვლა. „ევროპულ საქართველოს“ ალბათ ჩემი რჩევა არ სჭირდება, მაგრამ იგივე ბაქრაძეს არ ვათქმევინებდი ღიად, რომ ის ვაშაძეს უჭერდა მხარს. თუნდაც შავგულიძის შემთხვევაში, ალბათ, სააკაშვილს, თავის დროზე, შავგულიძის მოკვლაზე თუ არა, მის განადგურებაზე 100-ჯერ მაინც ექნებოდა ბრძანება გაცემული, ამ დროს კი გამოდის შავგულიძე და მადლობებს უხდის სააკაშვილს. ბუნებრივია, ამომრჩეველი შეიძლება დაიბნეს, თუმცა მალე გამოერკვევა და სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომაც მოვიყვანე მეორე ტურის მაგალითები, ყველა ელოდა, რომ უფრო ნაკლები ამომრჩეველი მოვიდოდა. თუმცა უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდა, ეს იგივე სცენარი იყო, რაც 2018 წლის საპრეზიდენტოზე. ამომრჩეველი სახლში დაჯდა იმიტომ, რომ არ მოსწონდა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი. როცა რეალური შანსი დაინახეს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვების, ყველა, ვისაც მოგვწონდა ან არ მოგვწონდა სალომე ზურაბიშვილი, მივედით არჩევნებზე და მხარი დავუჭირეთ, ამომრჩეველთა რაოდენობა გაორმაგდა. ამას რომ ხახვსა და კარტოფილს აბრალებენ, ეს უბრალოდ თავად პოლიტიკოსებისა და ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. ის ხახვი და კარტოფილი მხოლოდ გარდაბანში დარიგდა, 20 კაცს დაურიგა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, რომელიც ბიზნესმენია, მან მეორე ტურზე დაარიგა, რადგან მათი კანდიდატი აღარ მონაწილეობდა და ამის სამართლებრივი უფლება ჰქონდა. თან ეს ადამიანი 3 თვეში ერთხელ ასე აკეთებს. რომც მოესყიდათ კარტოფილით, ამომრჩევლისთვის 5 კილო კარტოფილი თუ უფრო ძვირფასია, ვიდრე გრიგოლ ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ _ ეს უკვე ვაშაძისა და
„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემაა. რაც შეეხება 2020 წელს, თუ პარტიების ამოცანა იქნება პარლამენტში მოხვედრა, ისინი ამ ამოცანას შეასრულებენ, მაგრამ 2020 წელს ვინმეს თუ „ქართული ოცნების“ შეცვლის ამოცანა აქვს, ამის რესურსი ჯერ არ ჩანს. „ქართულ ოცნებამდე“ სანამ მოვლენ, ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება დასჭირდებათ.

ნენე ინჯგია