გია ხუხაშვილი: „არსებული პოლიტიკური ელიტის თამაშიდან გასვლის დრო დადგა“


ქართული საზოგადოების მოთხოვნა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბებაა. ეს მოთხოვნა უკვე წლებია, არსებობს. ამის პარალელურად კი შუალედურმა არჩევნებმა უკვე ჩაირა. „გენერალური რეპეტიცია“ 2020 წლამდე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც გაიარა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისი კი უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა, პოლიტიკურ ორბიტაზე ახალმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს გამოჩენა, თუმცა ძველი და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეებით.

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება შუალედური არჩევნების შემდეგ? რამდენად მნიშვნელოვანია მცირე პოლიტიკური ცენტრების შექმნა? დაიწყება თუ არა ახალგაზრდული ძალების ფორმირება არსებული ელიტის დახმარებით და რა შანსები აქვთ ახლად გამოჩენილ პოლიტიკურ გაერთიანებებს?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ ბ-ნო გია, რა ტენდენციები გამოიკვეთა შუალედური არჩევნების შემდეგ?
_ პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ არჩევნებმა დაადასტურა _ ისევ ორპოლუსიან მანკიერ წრეში ვტრიალებთ, როდესაც ამომრჩეველს არ აქვს მომავლის არჩევანი და იძულებულია, ნეგატიური არჩევანი გააკეთოს. ანუ აირჩიოს არა ის, ვინც უკეთეს მომავალს შესთავაზებს, არამედ ამ ორი დაზიანებული ბრენდიდან რომელიმე, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ მოსწონს. რა თქმა უნდა, ამ ტიპის ნეგატიურ არჩევნებში ხელისუფლებას აშკარა უპირატესობა აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ დროს გადამწყვეტი ხდება რესურსი. ამომრჩეველი, რომელსაც ღირსეული ალტერნატივა არ გააჩნია, ფიქრობს: ან სახლში უნდა დავრჩე, ან გადავუგდებ ხმას იმას, ვინც გადაიხდის. ბუნებრივია, ხელისუფლება ამ მანკიერ ბრძოლაში იმარჯვებს. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ზუგდიდში, როდესაც, ფაქტობრივად, არჩევნების შედეგი რესურსებით მიიღეს და არა პოზიტიური დღის წესრიგით. მთაწმინდამაც, ფაქტობრივად, იგივე დაადასტურა. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ისიც, რომ ალტერნატივაც დაზიანებული ბრენდია და მისი კომპრომეტაცია კომფრომისტი ამომრჩევლის თვალში საკმაოდ ადვილია. ეს ყველაფერი ალაგებს იმ შედეგს, რაც ერთ და მეორე შემთხვევაში ვიხილეთ. მოთხოვნილება ისევ მოთხოვნილებად რჩება. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებასა“ დ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ საზოგადოებაში ჯამურად ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. ამას ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჯამურად „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნატურალური ამომრჩეველი შეადგენს მაქსიმუმ 35%-ს და არა უმეტეს ამისა. ამომრჩეველი კი, ისევ და ისევ, ალტერატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენას ელოდება და ამ კუთხითაც, ჯერჯერობით, საიმედო სურათი არ გვაქვს.
_ უშუალოდ ზუგდიდში ჩატარებული არჩევნები რომ განვიხილოთ, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში „ქართული ოცნება“ მუდმივად ახსენებდა მოსახლეობას უარყოფით კონტექსტში, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სანდრა რულოვსი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლეა. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მუშაობს თუ არა ანტიმიშას კამპანია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ?
_ პირდაპირ არ მუშაობს. ვფიქრობ, რომ ძალიან დასუსტებულია ამ იარაღის გამოყენების რესურსი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლისთვის ეს არგუმენტი დამაჯერებელი არ არის, სწორედ ამ არგუმენტის მეშვეობით ამომრჩეველი საკუთარ თავში პოულობს მორალურ გამართლებას იმისა, თუ რატომ მიეყიდება ხელისუფლებას. ზუგდიდის არჩევნებში არათუ ტოტალური მოსყიდვა მოხდა, არამედ ამას ჰქვია პირდაპირ არჩევნების ყიდვა. ამომრჩევლის ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ალტერნატიული კანდიდატის დაზიანება ხდება მუდმივად. ამომრჩეველი ფიქრობს: ალტერნატივა მაინც უვარგისია. ამიტომ სჯობს. რამე სარგებელი მაინც მივიღო. ეს ისტორია შეიკერა ზუგდიდში და განსაკუთრებით გაშიშვლდა ზუგდიდის შემთხვევაში. პრინციპში, ეს ისტორია გამოიყენება სხვაგანაც, მაგრამ ზუგდიდში განსაკუთრებით მასობრივი ხასიათი მიეცა.
_ რამდენად სწორად მოქმედებდა ზუგდიდის შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიცია? ჩვენ ვნახეთ, რომ 5000-მდე დამკვირვებელი ჰყავდათ მობილიზებული, არჩევნების შემდეგ კი საპროტესტო ტალღის აგორება უნდოდათ, თუმცა ვერ მოახერხეს. როგორ ფიქრობთ, რატომ? ვერ დააჯერეს ამომრჩეველი, რომ მათ არჩევნები მოპარეს?
_ ამ შემთხვევაშიც უნდა ვისაუბროთ კომპრომეტაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შენარჩუნებული აქვს საკმაოდ ეფექტიანი სისტემა. ეს სიტემა, გარკვეულწილად, ჩაკეტილია ან მას არ აქვს ელექტორალური ზრდის პოტენციალი, რადგან ის უკვე დაზიანებული ბრენდია. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ამომრჩეველი ჰყავს. შეიძლება ითქვას, რომ მან 2013 წლის შემდეგ გაზარდა კიდეც თავისი ამომრჩევლის რაოდენობა, მაგრამ ეს რესურსი მინც შეზღუდულია, განვითარების საშუალება არ გააჩნია. ეს ორპოლუსიანობა _ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ _ საბოლოო ჯამში, ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, იმ პირობებში, როდესაც ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები არ იკვეთება. ჩვენ ზუგდიდში სტერილური ორპოლუსიანობა მივიღეთ, სადაც ტოტალურად შუას გაკრეფა მოხდა, რამაც ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვიტა არჩევნების ბედი. ზუგდიდში რომ ყოფილიყო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, თუნდაც მცირე, მეორე ტურს მივიღებდით, მეორე ტურში კი შეიძლებოდა, დამატებითი შანსები გაჩენილიყო, მაგრამ ისტერიული შუას გაკრეფა ორივე მხრიდან ეს არის ერთგვარი შულერული თამაში. ჩვენ ნუ ვიტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარცხდება. არ მარცხდება იმიტომ, რომ ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლა კი არ არის, ბუნებრივია, ზუგდიდში არჩევნების მოგებით ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ, არამედ მათი ძირითადი ამოცანაა, შენარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი, ანუ მეორე პოლუსის სტატუსი. ამ ამოცანას ისინი საკმაოდ წარმატებით ართმევენ თავს. აქედან გამომდინარე, ნუ ვიტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იჩაგრება. ეს ორი პარტია ამომრჩეველში დღემდე ახერხებს იმ განცდის გაჩენას, რომ სამყაროს მხოლოდ ისინი ავსებენ და სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ცუდსა და უარესს შორის არჩევანი მათ სასარგებლოდ არ გადაიხრება. ასეთი ნეგატიური მოცემულობა გვაქვს. ნეგატიური არჩევნების ეპოქაში ვიმყოფებით. ისეთი პარტია, რომელიც მომავლის იმედს ჩაუსახავს საზოგადოებას და ამ მანკიერი, დახშული წრიდან გამოიყვანს, ჯერჯერობით, არ ჩანს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი მიზანი მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოჩენა იყო. თავის მხრივ, „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს…
_ რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ ვახსენე შულერული თამაში. გარკვეულწილად, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთგვარ სიმბიოზად, ერთ ძალად ჩამოყალიბდა. შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ რებრენდინგის შედეგად მიღებული „ნაციონალური მოძრაობაა“. ასე რომ, ეს არის სიმბიოზური თამაში და ისინი ორივე თავის სარგებელს ხედავენ ამ ყველაფერში, ერთმანეთის არსებობა აწყობთ და იკვებებიან ერთმანეთით. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ანტაგონისტები არიან, ისინი ერთმანეთს კვებავენ. მაგალითად, ბუნებაში არის ასეთი სიმბიოზი: ნიანგი და ჩიტი კოლიბრი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბუნებრივი ანტაგონისტები არიან და ნიანგი, წესით, კოლიბრს უნდა ჭამდეს, კოლიბრი ნიანგს კბილებზე აჯდება და ნარჩენებისგან უწმენდს. აქედან გამომდინარე, ნიანგი მას არ ერჩის. ასე ჩამოყალიბდა სიმბიოზი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ სახით. ჯერჯერობით, „ქართული ოცნებაა“ ნიანგი და „ნაციონალური მოძრაობა“ _ ჩიტი კოლიბრი, მაგრამ ნუ გამორიცხავთ, რომ მუტაცია მოხდეს და როლები გაცვალონ. ამ წრეში ვართ და აქედან გამოსვლა ქართველი ხალხის მოთხოვნაა. მათ აღარ უნდათ ამ ნიანგებისა და მამაძაღლობების ყურება. მათ უნდათ უკეთესი მომავალი და ამ უკეთესი მომავლის შეთავაზებას ამ ეტაპზე ვერც ერთი პოლიტიკური ცენტრი ვერ ახერხებს.
_ შუალედურ არჩევნებზე მთავარი ოპოზიციური ძალის სახით ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო წარმოდგენილი, მთაწმინდაზე _ „ევროპული საქართველო“. პარალელები რომ გავავლოთ, რა განსხვავება გამოიკვეთა?
_ ვფიქრობ, ბევრი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ „ევროპული საქართველო“ ცდილობს, განთავისუფლდეს იმ სისტემური ზიანისგან, რაზედაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“, ამისგან განთავისუფლებას მაინც ვერ ახერხებენ. ამომრჩევლის მხრიდან დაკისრებული ეს პასუხისმგებლობა მათზეც გადადის, ამიტომ, ფაქტობრივად, „ევროპული საქართველოს“ მდგომარეობა თბილისში, დაახლოებით, იგივე იყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდში ამ დაზიანების მხრივ. სახელისუფლებო პროპაგანდაც ზუსტად იგივე ტექნოლოგიებს იყენებდა. მთაწმინდაზეც. ფაქტობრივად, ყველაფერი რესურსებმა გადაწყვიტა. არავის უნდა ჰქონდეს და არც აქვს ილუზია, რომ არჩევნები ლადო კახაძემ მოიგო. ლადო კახაძემ ორი წლის წინ იყარა კენჭი მთაწმინდაზე და სულ 600 ხმა აიღო. ასე რომ, არაკეთილსინდისიერი ტექოლოგიების გამოყენებით, ისევ და ისევ, თავისი ამოცანა ხელისუფლებამ გადაწყვიტა. მთაწმინდაზეც იგივე კომფორტი ჰქონდა მმართველ გუნდს, დაზიანებული მეორე პოლუსი და ზუსტად იგივე ტექნოლოგიით შეასრულა ამოცანა, ოდნავ უფრო გაუჭირდა იმიტომ, რომ მთაწმინდაზე პოლიტიკური კულტურა შედარებით მაღალია, ეს არ ეწყინებათ ზუგდიდლებს. გარდა ამისა, მცირე, თუმცა ალტერნატიული კანდიდატები მაინც ჩანდნენ _ ვიღაცამ 5% აიღო, ვიღაცამ 3% და ამან, ფაქტობრივად, უზრუნველყო მეორე ტური, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ იგივე მანკიერ წრეში დატრიალდა ყველაფერი, რაც ზუგდიდში იყო, შედეგიც მოიტანა რესურსების მონოპოლიზაციამ. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ფინანსური რესურსი, არამედ ადმინისტრაციულიც და საკმაოდ საკამათო ტექნოლოგიები, რაც, საბოლოო ჯამში, ისევ ხელისუფლებას აზიანებს მართვის თვალსაზრისით. საარჩევნო შედეგს აძლევს, თუმცა უკან ხევს კრიმინალის კონტროლის თვალსაზრისით. ამ პროცესში ხელისუფლება ძალიან საეჭვო წრეების მიმართ იღებს იმ ტიპის ვალდებულებებს, რასაც ნორმალური სახელმწიფო მოღვაწე არ უნდა უშვებდეს. ეს ვალდებულებები ბუმერანგივით თავში ხვდება ისევ ხელისუფლებას.
_ გასაგებია, რომ ხელისუფლება ერთი და იგივე მეთოდებს იყენებს, თუმცა ოპოზიცია მოქმედებდა განსხვავებულად, ზუგდიდის შემთხვევაში მუდმივად ქმნიდნენ განცდას, რომ დაძაბულობა იყო, განსხვავებით მთაწმინდისგან, სადაც გაცილებით მშვიდად ჩაიარა განსაკუთრებით პირველმა ტურმა. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
_ ეს უკვე ტექნოლოგიებისა და ტემპერამენტის საკითხია. „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია ტემპერატურის მაქსიმალურად აწევა და ხალხის მასობრივი ფსიქოზის მდგომარეობაში გადაყვანა, „ქართული ოცნებაც“, ფაქტობრივად, იგივეს აკეთებდა. ეს არის უკვე მათი პოლიტიკური გემოვნების საკითხი. იქიდან გამომდინარე, რომ „ევროპული საქართველო“ ცდილობს „ნაციონალური მოძრობისგან“ დისტანცირებას, მათი სტილია, რომ უფრო კონსტრუქციულები და აკადემიურები იყვნენ. ამ შემთხვევაში განსხვავება მოცემულობაში კი არ არის, უფრო პოლიტიკურ ტემპერამენტშია. საბოლოო ჯამში, ეს სურათს არ ცვლის, ერთგანაც და მეორეგანაც ალგორითმი იყო ერთი და იგივე, უბრალოდ, გრადუსი გახლდათ სხვა. გრადუსი და ტემპერამენტი კი, საბოლოო ჯამში, შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს, იმიტომ, რომ მთავარი მაინც არის შუას გაკრეფა, სახელისუფლებო პროპაგანდა და რესურსების მონოპოლიზაციის გზით შედეგის მიღება. ამ ტიპის ნეგატიური პროპაგანდით წაყვანილ არჩევნებში უპირატესობა რესურსებს აქვს. სწორედ რესურსები იგებს და არა კანდიდატები, მათი პროგრამები ან თუნდაც მათი იმიჯი. ვინც მეტს გადაიხდის ის იგებს, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ხელისუფლების უპირატესობა სრულიად აშკარაა. მით უმეტეს, ამ რესურსების მონოპოლიზაციის პირობებში. ეს სიახლეა ქართულ სინამდვილეში?! _ არ არის იმიტომ, რომ ის ხელისუფლებაც იგივეს აკეთებდა. დღეს რაც ტრიალებს „ევროპული საქართველოსა“ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თავს, ეს ყველაფერი ხომ მათივე შექმნილია? ანუ „ქართული ოცნების“ სახით ახალმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათ წაართვა თავისი იარაღი და იმ იარაღით ებრძვის. ახალი არაფერი მოუგონიათ.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ საზოგადოების მხრიდან არის მოთხოვნილება ახალ პოლიტიკურ ცენტრზე. როგორც წესი, თუ ბაზარზე არის მოთხოვნა, შესაბამისად, მიწოდებაც ხდება. უკვე დიდი ხანია, ამ მოთხოვნილებაზე ვსაუბრობთ, მაშინ რატომ არ ჩანს ახალი პოლიტიკური ცენტრი?
_ აბსოლუტურად გეთანხმებით, სწორი დასკვნაა. ისტორიული კანონზომიერებაა, რომ თუ არსებობს მოთხოვნა, მიწოდებაც, ადრე თუ გვიან, უნდა გაჩნდეს, სამწუხაროდ ეს პროცესი საკმაოდ შეფერხებულია. ამას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ობიექტური ის გახლავთ, რომ იგივე ხელისუფლება ცდილობს, რესურსების მონოპოლიზაციის გზით არ დაუშვას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების წარმოქმნა და მუდმივად სტიმულირებას ახდენს ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე პოლუსზე პოზიციონირების. არსებული პოლიტიკური ელიტა აგრეთვე არის კომპრომეტირებული, მუდმივი მარცხით აღბეჭდილი და ა. შ., ანუ ამომრჩეველს მათი იმედი მაინცდმაინც არ აქვს და ელოდება სუფთა ფურცლიდან სრულიად ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირებას. საზოგადოება ვერ ახერხებს ამ ტიპის არაკომპრომეტირებული ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების პოზიტიური დღის წესრიგის გენერირებას. ჯერჯერობით, ეს ვერ მოხერხდა, თუმცა მე არ მინდა ბოლომდე პესიმისტი ვიყო და გეტყვით, რატომ: 2020 წლის არჩევნები მაინც საპარლმენტო არჩევნებია, იქ ფაქტობრივად, 3%-ის გადალახვა უკვე ნიშნავს გამარჯვებას იმიტომ, რომ 3%-გადალახული პარტია, ბუნებრივია, პარლამენტში ხვდება. იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჯამურად უკვე ლეგიტიმაცია დაკარგული ძალაუფლებაა, პატარ-პატარა პოლიტიკური ცენტრები, 7-8 პარტია თუ მოხვდა პარლამენტში, ფაქტობრივად, ამით მონოპოლია ძალაუფლებაზე დაირღვევა და ოქროს გასაღები, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სახელისუფლებო კოალიციაში, ამ პატარ-პატარა პარტიების ხელში აღმოჩნდება, რადგან ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ხელისუფლების ფორმირებას, იქედან გამომდინარე, რომ 50%-ს პლუს ერთი ეს მიუღწეველი ამოცანაა, ერთი პარტიისთვისაც და მეორე პარტიისთვისაც. მცირე პარტიები შემდეგ როგორ მოიქცევიან და რა ტიპის კონფიგურაცია დაჯდება, ეს უკვე შემდგომი მოლაპარაკებების საგანია. შანსი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე 2020 წელს მივიღოთ მულტიპარტიული დემოკრატია _ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არ არის გარდაუვალი, მაგრამ ამის თეორიული შანსები ნამდვილად გაჩნდა.
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიები გამოჩნდებიან. როგორც წესი, წინასაარჩევნოდ ჩნდებიან და შემდეგ მალევე ქრებიან ხოლმე პოლიტიკური ორბიტიდან. ეს წარსულის გამოცდილებიდან ვიცით. ნელ-ნელა დაიწყო პოლიტიკურმა გაერთიანებებმა გამოჩენა, გასულ კვირას ირაკლი ოქრუაშვილმა შექმნა „გაბრაზებული ადამიანების“ პარტია, სადაც ძველი სახეები არიან. რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას?
_ მე ვკითხულობ მხოლოდ იმ ლიტერატურას, რომელიც მაინტერესებს. გასაგებია, რომ ასეთ პოლიტიკურ ცენტრებს, თუკი რაღაც რესურსებს მოიძიებენ, შეეძლებათ ბარიერის გადალახვა. თეორიულად ამას ვერასდროს გამოვრიცხავთ, მაგრამ ის, რომ ძალიან სერიოზული პრეტენზიები ჰქონდეთ, ასე არ ვფიქრობ. ის, რომ ასეთი ცენტრები, თუნდაც უკვე დაზიანებულები ან ჩვენთვის არმოსაწონი, ბარიერს გადალახავენ, ამას მხოლოდ პოზიტივის მოტანა შეუძლია, იმიტომ, რომ ეს პატარ-პატარა პარტიები, საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ ართმევენ „სამობილიზაციო“ რესურსს. „ქართული ოცნება“ რით ინარჩუნებს ძალაუფლებას? _ ის მეორე ტურებში, ანუ გადამწყვეტ მომენტში თავის ამომრჩეველს კი არ იზიდავს, არამედ ე. წ. სამობილიზაციო რესურსს. ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც „ქართული ოცნება“ არ მოსწონთ. არ მოსწონთ, მაგრამ ხმას აძლევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ალტერნატივა უარესია, მაგრამ როდესაც ეს ფრონტის ხაზი დაიშლება, ეს ამომრჩეველი დაიქსაქსება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ სამობილიზაციო რესურსის მოზიდვის მხრივ პრობლემები ექნება. შეიძლება, ჩვენ ოქრუაშვილი, როგორც ასეთი, არ მოგვწონდეს, მაგრამ თვითონ ასეთი მცირე პოლიტიკური ცენტრები იძლევიან ზუსტად იმ შანსს, რომ მულტიპარტიული დემოკრატია მივიღოთ, ანუ იმის აუცილებლობა, რომ პოსტსაარჩევნო კოალიციები შედგეს. პოსტსაარჩევნო კოალიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს საარჩევნო პრობლემას ვერ გადაწყვეტს და ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებას ვერ უპასუხებს, მაგრამ, გარკვეულწილად, დააზღვევს ქვეყანას ძალაუფლების უზურპაციისგან იმიტომ, რომ ძალაუფლების უზურპაცია ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი პარტია იღებს აბსოლუტურ ძალაუფლებას. თუ კოალიცები გახდა საჭირო, კოალიციის შიგნით პარტიებს შორის გარკვეული ბალანსები მაინც გაჩნდება იმისთვის, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მთელი ძალაუფლების უზურპირება ვერ მოახერხოს, რაც, ფაქტობრივად, ქვეყნის განვითარებას უქმნის სერიოზულ საფრთხეს. ეს არ არის იდეალური მოდელი, მაგრამ, ჯერჯერობით, უკეთესი არ ჩანს, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ რაღაც ცენტრები გაჩნდეს. სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა ნელ-ნელა გავიდეს თამაშიდან. თუ ისინი პატრიოტებად მიიჩნევენ თავიანთ თავს და თვლიან, რომ ეს ქვეყანა უყვართ, მაშინ უნდა გავიდნენ თამაშიდან. ვფიქრობ, დადგა დრო, ეს პოლიტიკური ელიტა დაეხმაროს ახალი ფურცლიდან ახალგაზრდული ძალების ფორმირებას. ხიდად გაედონ მათ და თამაშიდან გავიდნენ. ათეული წელია, ეს ადამიანები ტივტივებენ, მაგრამ ცუდის მეტი ამ ქვეყნისთვის არაფერი მოუტანიათ. არსებული პოლიტიკური ელიტის უმაღლესი პატრიოტიზმი ახლა სწორედ ეს იქნებოდა, რომ ხარაკირი გაიკეთონ.
_ გასაგებია, რომ მათი მხრიდან ეს ამ მოცემულობაში ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება, მაგრამ რამდენად დათმობენ ისინი თავიანთ კომფორტის ზონას?
_ არ თმობენ იმიტომ, რომ მათ სხვა არაფერი იციან. ეს იციან და ამას აკეთებენ, შესაბამისად, არ დათმობენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ქართულ არაპოლიტიკურ საზოგადოებას შეუძლია თავისი სიტყვის თქმა და ხელის შეწყობა ასეთი ტიპის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირებისთვის. ჩვენ იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ერთ წელიწადში მოხერხდება რეალური, დიდი, არაკომპრომეტირებული ძალების შექმნა, მაგრამ თუნდაც ის, რომ ჩვენ შევძლოთ პროცესის დაწყება, უკვე გარკვეულ პერსპექტივას გააჩენს.
_ 14 ივნისს კანცელარიის წინ გამართულ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე ლევან ვასაძე გამოჩნდა. მისმა გამოჩენამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი პოლიტიკურად გააქტიურებას აპირებს. რა შანსები აქვს მას პოლიტიკაში?
_ ამ შემთხვევაში შეფასებებს არ დავიწყებ. ამ საზოგადოებაში არსებობს ამომრჩევლის გარკვეული სეგმენტი, რომელშიც ის, რასაც ვასაძე ქადაგებს, არის მოთხოვნადი, თუმცა ეს სეგმენტი არ არის ძალიან დიდი. ის, რომ ამ სეგმენტზე პოზიციონირებით ვინმე ხელისუფლებაში მოვიდეს, ამას არ ველოდები. ამ სეგმენტის მაქსიმალური პოტენციალი არის 10-15%. ამ ველზე ვასაძეს აშკარად ჰყავს კონკურენტები, იგივე „პატრიოტთა ალიანსის“ სახით. ასე რომ, მაინცდამაინც პერსპექტიულად არ ვუყურებ მის პოლიტიკურ მომავალს. მნიშვნელოვანი სეგმენტი არსებობს, მაგრამ ეს არ არის კრიტიკული სეგმენტი, რომლითაც შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს.

ნენე ინჯგია