ექსკურსია ჯოჯოხეთში: „კატას ფრთები აქვს, ძროხას _ ორი თავი“

HBO-ს მინისერიალმა „ჩერნობილი“, რომელიც ეკრანებზე სულ ახლახან გამოვიდა, მსოფლიო შეძრა. ყოველ შემთხვევაში, სურათმა ადამიანები წარსულში დააბრუნა და არათუ გაახსენა, არამედ 1986 წლის აპრილში მომხდარი ტრაგედიის იმ შედეგებზე კიდევ ერთხელ დააფიქრა, რომლის აღმოფხვრასაც რამდენიმე ასეული წელი დასჭირდება.

მაინც, რა მოხდა 26 აპრილს იმჟამინდელი უკრაინის სსრ-ში? რამ გამოიწვია კატასტროფა, რომელიც ისტორიაში „ჩერნობილის ტრაგედიის“ სახელით შევიდა _ ბოლშევიკების ყოვლისმცოდნეობამ თუ ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელთა დაუდევრობამ? _ ამ კითხვებზე, მეტნაკლებად, ამომწურავ პასუხს ზემოხსენებული სერიალი სცემს და, ალბათ, ამიტომაც, რუსეთის პარტია _ „რუსეთის კომუნისტები“ ცენზურის სააგენტო „როსკომნადზორს“ „ჩერნობილის“ აკრძალვას სთხოვს. კერძოდ,
პარტიაში მიიჩნევენ, რომ „ჩერნობილი“ იარაღია და სერიალი საბჭოთა კავშირის, ასევე საბჭოთა ხალხის იმიჯის დემონიზაციას ემსახურება. არადა, სერიალის შემქმნელებმა აშკარად მიზანში გაარტყეს _ კრემლი ისე შეშფოთდა, რომ მთელი რუსული ხელისუფლება, მედია „ჩერნობილის“ კრიტიკითაა დაკავებული და ერთ-ერთმა რუსულმა ტელეარხმა „ჩერნობილის“ რუსული ვერსიის გადაღებაც გადაწყვიტა.
ერთი სიტყვით, ჩერნობილი საბჭოთა კავშირის დიდ და ამოუცნობ საიდუმლოს ინახავს, რაც იქიდანაც ჩანს, რომ კრემლი ტრაგედიის დროს და შემდეგ გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობას დღემდე ასაიდუმლოებს.
სხვათა შორის, თავის დროზე, საჯარო საუბარი იმ ადამიანებსაც ჰქონდათ აკრძალული, რომლებიც ატომური კატასტროფის ადგილას მიჰყავდათ და ე. წ. გაწმენდით სამუშაოებზე ამუშავებდნენ. ოფიციალურად, მობილიზაცია სავალდებულო კი არა, ნებაყოფლობითი იყო, მაგრამ მას, ვინც ჩერნობილში წასვლაზე უარს იტყოდა, ვირის აბანო არ ასცდებოდა. წითელი ბელადები საბჭოთა ადამიანებს იმით აბოლებდნენ, რომ თუ ჩერნობილში წავიდოდნენ, სახელმწიფო მაღალ ანაზღაურებას მისცემდა, ყოფით პირობების გაუუმჯობესებდა _ ბინითა და ავტომობილით უზრუნველყოფდა.
სტატისტიკური მონაცემებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე სულ 2000 ქართველი მონაწილეობდა. აქედან 110 მალევე გარდაიცვალა; 1000-ზე მეტი დაინვალიდდა და მუდმივი სამედიცინო ყურადღება სჭირდებოდა, თუმცა ამ ხალხის ჯანმრთელობაზე არც საბჭოთა ხელისუფლებას უზრუნია და არც _ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიმე მთავრობას.
აქვე აღსანიშნავია, რომ 1986 წლის მაისში რადიაციულმა ღრუბელმა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადმოიწია, საქართველოში წვიმები დაიწყო და შესაბამისად, რადიაციული დონეც გაიზარდა. ამის შესახებ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მოსახლეობას, ცხადია, არაფერი უთხრა, მაგრამ „რადიაციული ბომბი“ უცებ გასკდა _ ავსტრიას საქართველოდან ჩაი გაჰქონდა. საზღვარზე ევროპელებმა ჩაი შეამოწმეს და მასში რადიაციული ნივთიერება აღმოჩნდა.
„ქრონიკა+“-ის დღევანდელი რესპონდენტი ჩერნობილში ძალით კი არა ნებით წავიდა, ანუ ქართველმა გამომგონებელმა, დავით ჩაჩანიძემ, ჩერნობილის ტრაგედიის ე. წ. შავ ზონაში რამდენიმე დღე გაატარა, თუმცა ამბობს, რომ არ დასხივებულა.
როგორ გადაურჩა რადიაციას და რას ნიშნავს „შავი ზონა“? _ ყველაფერ ამას წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ. ამასთან, ჩვენი რესპონდენტი მისი და მისი კოლეგების იმ გამოგონებაზეც გვესაუბრება, რომელსაც, გარკვეული მოსაზრებების გამო, „წარმოებაში“ არ უშვებენ.

დათო ჩაჩანიძე:
_ ზურაბ გუბიანიძე, თენგიზ კაბზინაძე, შოთა ხურცილავა და ანდრო ჩიქობავა ელექტრომექანიკასა და ელექტროფიზიკაში მსოფლიო დონის კორიფეები არიან. სხვათა შორის, ანდრო ჩიქობავა აშშ-ში ცხოვრობს, მოქალაქეობა მისცეს და ყველანაირად ხელს უწყობენ. ჩვენთან კი ის, რაც გავაკეთეთ, მიგდებულია. არადა, ჩინელები და იტალიელები ჩვენს მუშაობას რამდენჯერმე შეესწრნენ და გაოცნდნენ.
_ რატომ?
_ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საზღვარგარეთ ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ჩვენს ჯგუფს ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა კარგად შეგვიძლია. მოკლედ, ჩვენს საქმეს კარგად ვაკეთებთ…
_ მაინც, რას აკეთებთ?
_ მოდით, ასე ვიტყვი: რემონტს ვაკეთებთ.
_ ევრორემონტს გულისხმობთ?
_ არა. ელექტრო ძრავებს, გენერატორებს, კომპრესორებს და შიდაწვის სპეცძრავებს, ასე ვთქვათ, ვარემონტებთ.
სხვათა შორის, ის ადამიანები, რომლებიც წეღან ვახსენე, იცით, როგორი ტიპები არიან? _ საბჭოთა კავშირის დროს დახურულ ქარხნებში მუშაობდნენ და კოსმოსურ რაღაცებს, ასევე სამხედრო ტექნიკას აკეთებდნენ. ატომურ რეაქტორებზეც უმუშავიათ.
მოკლედ, ერთმანეთს სულ ვაშაყირებთ და „ბიძია-ბაბუას“ ვეძახით, ანუ „შერეკილების“ მომენტი გვაქვს.
_ ბატონო დათო, ყველაფერ ამით რისი თქმა გინდათ?
_ კომუნისტების დროს თბილისში ე. წ. რობოტების ქარხანა არსებობდა, საიდანაც მთელი მსოფლიო მარაგდებოდა.
_ პირველად მესმის. ეს საიდუმლო ქარხანა იყო?
_ გარკვეული ნაწილი გასაიდუმლოებული იყო.
_ ანუ თბილისში რობოტებს ამზადებდნენ?
_ არა, რობოტებს კი არ ამზადებდნენ, არამედ რობოტებისთვის უმაღლესი ხარისხის ძრავები კეთდებოდა. ეს ძრავები მხოლოდ სპეცტექნიკაში კი არ გამოიყენებოდა, არამედ კოსმოსშიც იგზავნებოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ქარხანას დედა უტირეს…
ისე მოხდა, რომ ამ ქარხანაში გაკეთებული ძრავა ხელში ჩამივარდა. მართალია, დღეს, შეიძლება, უკეთესი ძრავები კეთდება, მაგრამ მაშინდელი ძრავა მაინც განსაკუთრებულია და ყველა, ვინც ნახულობს, კითხულობს, ამერიკულიაო? როცა ვპასუხობთ, არა, ქართულიაო, გაოცებას ვერ მალავს.
ერთი სიტყვით, ამ ძრავის დაშლა დავიწყე. ბიჭებმა მითხრეს, _ რატომ აფუჭებო? მივუგე, _ მინდა, რაღაც გავაკეთო-მეთქი… ამასობაში, ზურა გუბიანიძემ მითხრა, _ ახალი ძრავის კონსტრუქცია მაქვს და ხომ არ მოვსინჯოთო? _ კარგი-მეთქი, დავთანხმდი.
მერე თენგოც შემოგვიერთდა, რომელმაც გარკვეული კორექტირება შემოიტანა, ასე კი არა, ისე გავაკეთოთო. ანდრომაც, რომელიც აშშ-დან ჩამოფრინდა, თავისი იდეები ჩამოიტანა. ჰოდა, ახალი ძრავის გაკეთება დავიწყეთ.
_ თუ არსებობდა, ახალი ძრავის გაკეთება რაღა საჭირო იყო?
_ ჩვენ მიერ გაკეთებული ძრავა გარეგნულად პატარაა, მაგრამ, თავის მოცულობასთან შედარებით, 190-ჯერ მეტი ცხენის ძალა აქვს.
ისე, თავიდან ცოტა გვეშინოდა.
_ რისი?
_ არ ვიცოდით, ის, რაც გვინდოდა, გამოვიდოდა თუ არა…
სხვათა შორის, ამ პროექტში კიდევ ერთი ადამიანი _ მევლუდ ეგრისელაშვილი მონაწილეობდა. მევლუდი ფიზიკოსია და ნებისმიერი სიახლე უყვარს… მოკლედ, ექსპერიმენტი ჩავატარეთ.
_ ექსპერიმენტმა გაამართლა?
_ რა თქმა უნდა, გაამართლა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ დავიჯერეთ, რომ ძრავა მუშაობდა.
ამასობაში ელექტრომობილების ბუმი დაიწყო და ჩვენც მუშაობა ელექტროძრავზე დავიწყეთ.
_ ესეც გამოგივიდათ?
_ დიახ, გამოგვივიდა, თან ძალიან ცოტა დაგვეხარჯა. გვინდოდა, „ზაპოროჟეცი“ გვეყიდა, რომელსაც, ასე ვთქვათ, ელექტრომობილად გადავაკეთებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, „ზაპოროჟეცი“ ვერ გვიშოვია.
_ არ შეიძლება, რომ ელექტრომობილად სხვა საბჭოური ავტომობილი გადააკეთოთ?
_ როგორ არ შეიძლება, მაგრამ თავიდანვე აქცენტი, რატომღაც, „ზაპოროჟეცზე“ გვქონდა…
ასეა თუ ისე, ამ პროექტს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, თუმცა დღეს ეს ძრავა უყურადღებოდ გვაქვს მიგდებული, რაზედაც გული მწყდება. ისე, უცხოელები გვეუბნებოდნენ, მოდით, ერთად ვიმუშაოთო.
_ უცხოელებს ერთად მუშაობაზე რატომ არ დასთანხმდით? თანამშრომლობის პირობები არ მოგეწონათ?
_ იცით, როგორ იყო? _ გვეუბნებოდნენ, ჯერ გავაკეთოთ და პირობებზე მერე ვისაუბროთო.
_ ბატონო დათო, ელექტროძრავა დიდი ხანია, გამოგონებულია. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, მაინც ვერ ვიგებ, თქვენ და თქვენმა მეგობრებმა ახალი „ველოსიპედის“ შექმნაზე დრო და ენერგია რატომ დახარჯეთ?
_ ის ძრავა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ელექტროობაში სრულიად ახალი სიტყვაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ ძრავით იმ მასალის ეკონომია ხდება, რომლითაც მუშაობს.
ამასთან, ასპროცენტიან გარანტიას ვიძლევი, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული ძრავა არასოდეს დაიწვება, ანუ არც ელექტრონულად გაფუჭდება და არც _ ტექნიკურად.
ამ ძრავის კიდევ ერთი პლუსი ისაა, რომ დიდი ენერგია პატარა ფორმაშია „მოქცეული“.
_ გასაგებია, რომ უცხოელებთან საერთო ენა ვერ გამონახეთ, მაგრამ ამ ძრავის სერიულ წარმოებას ქართულ სახელმწიფოს რატომ არ სთავაზობთ?
_ ჯერ ერთი, სახელმწიფოს თავისი გასჭირვებია! მეორეც, სახელმწიფოში ისეთი ვინაა, ვისაც შეიძლება, ამ საკითხებზე დაველაპარაკოთ?
_ დაელაპარაკეთ, მაგალითად, ეკონომიკის სამინისტროს…
_ ვთქვათ, დაველაპარაკეთ, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო რას იზამს?
_ მინიმუმ, ქარხანას ააშენებს!
_ ამ ქარხნის აშენებას რამდენიმე მილიონი დოლარი დასჭირდება.
_ შეიძლება, მაგრამ ეს ქარხანა, თქვენი საუბრით თუ ვიმსჯელებთ, დიდ მოგებას მოიტანს.
_ კი ბატონო, მაგრამ ჩვენთან სხვა დონეა, ანუ მხოლოდ კარტოფილისა და რაღაც „ტრიაპკების“ ყიდვა-გაყიდვაზე არიან ორიენტირებულნი. ვიღაცამ, შეიძლება, რაღაც საწარმო გააკეთა, მაგრამ ჩვენთან სერიოზული სიახლეები არ აინტერესებთ და ვერც გაქაჩავენ!
_ ეს ჰო, მაგრამ ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო. ამიტომ, თქვენც სცადეთ…
_ მთავრობასთან სხვა წინადადებებით ვართ მისულები და ისეთი რაღაცები შეგვითავაზებია, რაც ჩვენ კი არა, ქვეყანას სჭირდება, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სპეციალისტები აღარ არიან და როგორ უნდა გააკეთონ? საქართველოში ტექნიკური განათლება მოსპეს, აღარ არსებობს, ანუ ტექნიკური აზროვნების ტიპები ძალიან ცოტანიღა არიან!
_ ამას რით ხსნით?
_ თუ სტუდენტს ლაბორატორია არ ექნება და სიახლეს არ დაანახვებ, ჭანჭიკის მოჭერასაც ვერ ისწავლის! სამი-ხუთი წლის შემდეგ საქართველოში ისეთი სიტუაცია იქნება, რომ ელემენტარული დეტალის გაჩარხვა რომ დაგჭირდეს, ვერავინ გაგიჩარხავს!
_ ბატონო დათო, როგორც ვიცი, ეროვნული აკადემიის წევრი ხართ. არ შეიძლება, ახალგაზრდებისთვის ე. წ. სპეცსკოლა ამ აკადემიამ დააფუძნოს?
_ ამ კუთხით რაღაცას ვაპირებთ…
ისე, ორი ისეთი თემა გვაქვს, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის ბომბი იქნება!
_ ბომბზე გამახსენდა: როგორც ვიცი, ჩერნობილში ხართ ნამყოფი. მომიყევით, ატომური კატასტროფის ზონაში როგორ და როდის მოხვდით ან რატომ გგონიათ, რომ ჩერნობილი „მიძინებული ვულკანია“, რომელიც მალე გააქტიურდება?
_ ამ თემაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ.
_ ახლა რომ ვისაუბროთ, არ შეიძლება?
_ სწორედ ამ თემისთვის ვემზადები.
_ კეთილი, მაგრამ ის მაინც მითხარით, ჩერნობილში როგორ მოხვდით?
_ კიევში თეატრალურზე ვსწავლობდი. ჰოდა, დამაინტერესა, რა და როგორ მოხდა.
_ უცნაურია: თეატრალურის სტუდენტი ჩერნობილში როგორ შეგიშვეს?
_ შევიპარე.
_ როგორ?
_ შევიპარე და მორჩა…
სხვათა შორის, ჩერნობილში კაციშვილი არ ცხოვრობს, მაგრამ ძალიან მაგარი ფლორა და ფაუნაა. ცხოველები ისეთ ადგილებში ბინადრობენ, სადაც, წესით, რადიაციის ყველაზე დიდი ფონი უნდა იყოს.
ამასთან, მუტანტი ცხოველიც ბევრია, მაგალითად, კატას ფრთები აქვს, ძროხას კი _ ორი თავი.
ზოგადად, რადიაციის ზონაში მუტანტი ცხოველებიც არიან და ჩვეულებრივებიც…
სხვათა შორის, ჩერნობილის ტრაგედია რომ მოხდა, ერთმა ქართველმა ბერმა ტრაგედიის ადგილას გაიარა. ამ დროს იქაურობა დუღდა და ყველას ეგონა, რომ ცოცხალი ვეღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ არათუ დაბრუნდა, არამედ მთლიანად სუფთა იყო.
_ ეს ბერი დღეს ცოცხალია?
_ არ ვიცი.
მოკლედ, დაინტერესდნენ, რადიაციის ზონიდან ჯანმრთელი როგორ გამოვიდა და იცით, ბერმა რა უპასუხა?
_ რა?
_ სხეულს ეშინიაო. მაგალითად, ჩაის ფოთოლი ავადდება, ღეროს კი არაფერი მოსდის, ანუ ჩერნობილში ჩაის ფოთოლი დასხივებული იყო, ღეროს კი არაფერი სჭირდა.
_ ყველაფერი ეს ბერთან რა კავშირშია?
_ იმ კავშირშია, რომ ბერმა ჩერნობილში რწმენით გაიარა…
_ ანუ ჩერნობილის კატასტროფა არ მომხდარა და ყველაფერი ბლეფია?
_ არა, ამას არ ვამბობ! ის რეაქტორი დღესაც თუხთუხებს და ვერაფერს უხერხებენ.
_ ეს რეაქტორი ააფეთქეს თუ აფეთქდა?
_ არ ვიცი.
_ მაინც არ მეუბნებით, ჩერნობილში რა ნახეთ.
_ რა უნდა მენახა? _ ყველაფერი დანგრეული იყო…
იცით, ყველაფერი როგორ დაიწყო? _ ჩემი ერთი მეგობარი კიევში, წვიმაში მოყვა, რის შემდეგაც თმის ცვენა დაეწყო. ამის მერე ცოტა დრო გავიდა და ჩერნობილში შესვლა გადავწყვიტე.
სხვათა შორის, იმხანად კიევში ე. წ. ლაკმუსი იყიდებოდა, რომლითაც პროდუქტში რადიაციის დონის გაზომვა შეგეძლო. ეს ლაკმუსი წვიმის წყალში ჩავდე და სერიოზული რადიაცია აჩვენა.
მოკლედ, ძალიან მაღალი დონის ხალხი ჩაერთო და გადაწყდა, რომ სპეცტანსაცმლით შევსულიყავი, თუმცა იმ დღეს შესვლა ვერ მოვახერხე. დავჯექი და დავლიე. რამდენიმე დღის შემდეგ კი სპეცტანსაცმლის გარეშე შევედი…
ჩერნობილი, ფერების მიხედვით, ზონებადაა დაყოფილი. ყველაზე საშიში შავი ზონაა და სწორედ ამ ზონაში შევედი. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვიგრძენი. უბრალოდ, იმ დროს საშინელი სიცხე იყო და რამდენიმე დღე ცოტა შეუძლოდ ვიყავი.
_ წეღან თქვით, რომ ჩერნობილი მუტანტებით არის სავსე. ახლა კი ამბობთ, რადიაციამ ჩემზე არ იმოქმედაო. ეს როგორ გავიგოთ?
_ მე თბილისელი ბიჭი ვარ!
_ ხუმრობა იქით იყოს და ჩერნობილში ბევრი ქართველი დაავადდა.
_ კი, ბევრმა ცხოვრება ცუდად დაამთავრა.
_ ჰოდა, თქვენ რატომ არ დაავადდით?
_ არ ვიცი… ალბათ იმიტომ, რომ ბევრ შავ ღვინოს ვსვამდი.
_ ბევრ შავ ღვინოს ჩერნობილიდან გამოსვლის შემდეგ სვამდით?
_ გამოსვლის შემდეგაც და მანამდეც.
_ შავ ზონაში რამდენი ხანი იყავით?
_ ალბათ, ოთხი დღე.
_ შავი ღვინო შავ ზონაშიც შეიტანეთ?
_ არა.
ხომ იცით, ურთიერთობა როგორ ლაგდება? ჰოდა, ერთხელ, საქართველოში რომ მოვდიოდი, მთხოვეს, თუ საშუალება იქნება, შავი ღვინო, ნიგოზი, ნიორი და სუფთა თაფლი ჩამოგვიტანე, ვიყიდითო. გამიკვირდა, რას ჰქვია, იყიდით-მეთქი? „დავიგრუზე“ და რაც მთხოვეს, ყველაფერი კიევში წავიღე. უნდა გენახათ, ღვინოს, ნიორს, ნიგოზსა თუ თაფლს როგორი ხელის კანკალით იღებდნენ.
_ რატომ?
_ როგორც მერე გავარკვიე, ეს პროდუქტები რადიაციას მაგრად „ატორმუზებს“…
_ ერთი სიტყვით, ბატონო დათო, ეჭვობთ, რომ ჩერნობილი შესაძლოა, ახალი ტრაგედიის საბაბი გახდეს?
_ რა თქმა უნდა! ახლა ბომბს ვამზადებ. ვიცი, რომ ამ ბომბის გამო სერიოზული პრობლემები შემექმნება.
_ პრობლემები საქართველოში შეგექმნებათ?
_ გარკვეული პრობლემები, ალბათ, საქართველოშიც მექნება.
_ პრობლემებს იმიტომ შეგიქმნიან, რომ იგივე პოლიტიკურ წრეებს ჩერნობილის „გაღვიძება“ აწყობთ?
_ აქ მხოლოდ ჩერნობილზე არაა საუბარი.
_ აბა, კიდევ რაზეა?
_ ჩემთვის რეგალიებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მსოფლიოს უდიდესი მეცნიერების პასუხს ველოდები და ყველაფერს ამის მერე გეტყვით!
_ „ბომბი“, რომლის აფეთქებასაც აპირებთ, ატომურ ენერგიას ეხება?
_ ნამდვილად!
_ ანუ თქვენი გამოგონებით ატომური ენერგია განეიტრალდება?
_ ამ თემაზე დეტალურად ცოტა ხანში ვისაუბროთ.
_ ბატონო დავით, ატომური ენერგია ბიზნესია?
_ ბიზნესია, აბა, რა არის?!
_ ატომური იარაღი კი სახელმწიფოებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად სჭირდებათ, არა?
_ რა თქმა უნდა!
სხვათა შორის, დღეს ჩერნობილში ექსკურსიები ეწყობა, არადა, ახლაც ზუსტად ისეთივე რადიაციაა, როგორიც მაშინ იყო…
_ ბატონო დავით, ხომ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ, თავის დროზე, ჩერნობილის შავ ზონაში სპეცსამსახურმა შეგიშვათ?
_ სპეცსამსახურს ჩემი შეშვება რისთვის უნდა დასჭირვებოდა?
ჯერ ერთი, ნაცნობობა არსებობს. მეორეც, მეცნიერები შედიოდნენ და მუშაობდნენ…
P. S. თუ ყურადღება მიაქციეთ, დავით ჩაჩანიძემ ინტერვიუში თქვა, რომ ჩერნობილში ტურისტების ბუმია და, მართლაც, ასეა: ოფიციალურად, ჩერნობილის ატომურმა ელექტროსადგურმა, სადაც 1986 წელს ისტორიაში უმსხვილესი ატომური ავარია მოხდა, ტურისტების მიღება გასულ წელს დაიწყო, ანუ 2018 წლიდან მოყოლებული მსურველებს მარტო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო ობიექტების კი არა, მესამე ენერგობლოკის სამართავი ტერიტორიის მონახულებაც შეუძლიათ.
ჩერნობილის კატასტროფის ზონაში ტურის ღირებულება მაინცდამაინც ძვირი არაა _ მაქსიმუმ, ორას დოლარამდე ღირს და ამ თანხაში შედის გიდის მომსახურება, სადილი და თავდაცვის საშუალებები.
ჩერნობილის კატასტროფის ადგილის მონახულება, ანუ ჯოჯოხეთში ექსკურსია, 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა უკან დაბრუნებული ყველა ტურისტი ვალდებულია, რომ დოზიმეტრიული კონტროლი გაიაროს და შესაბამისი სერტიფიკატი აიღოს.

გიორგი აბაშიძე