ჯანდაცვის სისტემის საჩხერიზაცია გრძელდება

ერთი „საჩხერელი“ მეორე „საჩხერელს“ ჩაანაცვლებს. ეკატერინე ტიკარაძე დავით სერგეენკოს არც პროფესიონალიზმით, არც გამოცდილებით და არც მენეჯმენტით სჯობს (ვიყოთ მაინც სამართლიანები) და ზოგადადაც, ივანიშვილს ოდნავ მეტი დრო რომ ჰქონოდა, ტიკარაძეს ამ ადგილზე არ დანიშნავდა. მაგრამ ვინაიდან სერგეენკოს გადაყენება გარდაუვალი იყო საქართველოში FBI-ს წარმომადგენლების ჩამოსვლის შემდეგ (იხ. „ქრონიკა+“-ის 17 მაისის ნომერი), რომელიც საერთაშორისო ფონდების გახარჯულ თანხებს ეხებოდა, სასწრაფოდ უნდა მოძებნილიყო მისი შემცვლელის კანდიდატურა.

არადა, „5 წუთით“ ადრე, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა განიხილებოდა, რომელიც ტიკარაძის თბილისში გადმონაცვლებამდე, რატომღაც, მეორე მოადგილედ გადაიყვანეს. როგორც ჩანს, ბიძინას თავისი საჩხერელი ურჩევნია. ამ ქალბატონზე მეტს აღარ შევჩერდებით _ ვრცელ პუბლიკაციას მასზე „ქრონიკა+“-ის შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ. ხომ უნდა იცოდეს ერმა, ვინ არის მისი ჯანდაცვის მინისტრი. აბა, ისე (ექიმების ჩათვლით) არავინ იცნობს!
მოკლედ, მთავარ მთავარს როგორც სურს, ისე იქნება საქართველოში.
ჯერჯერობით!
აღარ განვმეორდებით დავით სერგეენკოს მოხსნის მიზეზებზე. საბაბს მოგახსენებთ, რაც სერგეენკოს მოხსნას დაედო საფუძვლად.
ერთი წლის მონაცემებით (გასული წლის მარტიდან დღემდე) 15-მდე სამშობიარო დაწესებულება საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო დაჯარიმდა. ამის შესახებ საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი, მაია ხომერიკი აცხადებს. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
ხომერიკის განმარტებით, ჯარიმის თანხა საკეისრო კვეთების რაოდენობის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობის (300 ლარი) საკეისრო კვეთების რაოდენობაზე ნამრავლია.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს _ 800 ლარით. იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო ჩვენებით, არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო იხდის არა 800 ლარს, არამედ ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის განსაზღვრულ თანხას – 500 ლარს.
ხომერიკის თქმით, სანქცია სამშობიარო კლინიკებთან დადებულ ხელშეკრულებებში 2017 წლის პირველი მარტიდან ჩაიდო და ეკისრება იმ კლინიკებს, სადაც საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში არ შემცირდა. ეს პერიოდი თავდაპირველად ექვსი თვით განისაზღვრებოდა, მთავრობის ახალი, 180-ე დადგენილების თანახმად კი სანქციები ერთწლიან მონაცემებზე დაყრდნობით დაიანგარიშება. ცვლილება ახალ კონტრაქტებში ჩაიდება.
მაია ხომერიკის განმარტებით, ჯარიმების დაკისრების მიზანი საკეისრო კვეთების შემცირებაა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს საკეისრო კვეთებმა მშობიარობების საერთო რაოდენობის 43% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს თითქმის სამჯერ აღემატება.

რატომ დააჯარიმა ჯანდაცვის სამინისტრომ 197 კლინიკა?

საერთო ჯამში, ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკები 56 მილიონი ლარით დააჯარიმა. საქართველოს მასშტაბით 2016-2018 წლებში აღმოჩენილი დარღვევების გამო სულ 197 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა. დაჯარიმებულთა შორის მოხვდნენ ისეთი კლინიკები, როგორიც არის „ევექსი“, „მედალფა“, „ჩაჩავას კლინიკა“, „ჰერა“, „ღუდუშაური“, „ჯეოჰოსპიტალსი“, „მედკაპიტალი“ და ა. შ.
სერგეენკომ აღნიშნული სანქციები შემდეგნაირად ახსნა, რომ „დატერორებულმა“ კლინიკებმა თანხები არასწორად მიიღეს ბიუჯეტიდან და უკან უნდა დააბრუნონო.
ახლა, არ გაინტერესებთ, ჯარიმების ამოღება სამინისტრომ რა გზით დაიწყო? _ დაკავების! კერძოდ, თანხას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებს ერიცხებოდათ, აკლდებოდა 50% და სამედიცინო დაწესებულებებს ნახევარი ერიცხებოდა. ეს, რა თქმა უნდა, რაც კლინიკებმა გაასაჩივრეს, მაგრამ დაკეტვისა და სამედიცინო საქმიანობის აკრძალვის შიშით საჩივარი უკან გაიტანეს. უფრო სწორად, გაატანინეს. მათი თქმით, ასეთ პირობებში საქმიანობის გაგრძელებას, უბრალოდ, ვერ შეძლებდნენ.
გთავაზობთ იმ კლინიკების სიას, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევისთვის ბიუჯეტში 13 მილიონი ლარის უკან დაბრუნება დაეკისრა.
2016 წლის დარღვევების გამო თანხის დაბრუნება მოუწევს:
„ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკას“; „ევექსის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს“; წყნეთის სამედიცინო ცენტრ „ცხუმს“; „უნიმედ აჭარას“ (შუახევი), „ოპტიმალ მედის“, „ენგურის სამედიცინო კომპლექსსა“ და „ზუგდიდის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებას“.
2017 წლის დარღვევების გამო თანხის დაბრუნება მოუწევს:
„ევექსის მარტვილის ჰოსპიტალს“; „ჯეო ჰოსპიტალსი – გარდაბანს“; „სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრ ლოკუსს“; „მარნეულის მედ-X-ს“; „#5 მოზრდილთა პოლიკლინიკას“; „ქართული ფოლადი სამკურნალო ცენტრს“; „ჩვენი კლინიკა _ ონკოლოგიურ დისპანსერს“; „#21 ბავშვთა პოლიკლინიკას“; „სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ ალეკოს“; „კლინიკას ვაკეში“; „გორის ამბულატორიულ კლინიკას“; „სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრ _ ინტერმედი 1-ს“; „მედალფას (ოზურგეთი)“; „მედალფას (ჩოხატაური)“; „მედალფას (ლანჩხუთი)“; „ნიჩბისს“; „სამედიცინო ცენტრ ქირონს“; „MMM-ს“; „საგზაო პოლიკლინიკა _ საოჯახო მედიცინის ცენტრ დიდუბეს“; „მედიკორს“ _ პოლიკლინიკა; შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დუშეთის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს; შპს „მკურნალი XXI-ს“; შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“ (ხონი); შპს „ლია ხაჭაპურიძის ჯანმრთელობის ცენტრს“ (ხონი); შპს „ჯეო ჰოსპიტალსი _ თიანეთის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს“; შპს „მახინჯაურის მრავალპროფილურ პოლიკლინიკას“; შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხობის პოლიკლინიკას“; შპს „სენაკის დევნილთა პოლიკლინიკას“; შპს „მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი _ ჯანმრთელ თაობას“; შპს „ბომონდს“; შპს „ვერე XXI-ის კლინიკას მედიში“; შპს „ქვეშის საექიმო ამბულატორიას“; სს „საზღვაო ჰოსპიტალს“; ა(ა)იპ „რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ თანაზიარს“ (ზუგდიდი); შპს „ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრს“; შპს „პულსს“ (აგარა).
2018 წელს კი სააგენტომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკები უკვე შემდეგნაირად დააჯარიმა _ მან წარმოდგენილი დოკუმენტები პროგრამის ამოქმედების დროიდან, ანუ 2013 წლიდან შეისწავლა და 2013 წლიდან მოყოლებული, პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება და მასთან ამ თანხის ორმაგი ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიმართ ჯარიმების დაკისრებისა და აღსრულების წესის ცვლილების შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმაც გასცა რეკომენდაციები, რომლის ნახევარზე მეტი არ გაითვალისწინეს. ერთადერთი, 3 თვის (2018-ნოემბერი; 2019-იანვარი) ვადით გამოცხადდა მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე, განხორციელდა კლინიკებისთვის არსებული დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ამნისტირება (2/3). ამნისტიის შესრულების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავდა დარჩენილი თანხის გადახდისა და ადმინისტრირების მოქნილი მექანიზმი და თანხის დაკავების პროპორციები 20% და 50%, მნიშვნელოვნად _ 5% და 10%-მდე შემცირდა. ამასთან, თანხა, რომელზედაც გაფორმდება გრაფიკი, არ ჩაითვლება აღიარებულ დავალიანებად და კლინიკებს რჩებათ დავის დაწყების გაგრძელების პერსპექტივა.

თამარ როსტიაშვილი