გაიხსნება თუ არა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმე?

ეკა ბესელიამ პარლამენტში ფრაქცია ვერ შექმნა, მაგრამ ზვიად კვაჭანტირაძესთან და გედეონ ფოფხაძესთან ერთად პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ დააფუძნა და ხელისუფლებას ცხელი ზაფხული დაუანონსა.
ბესელიას გვერდით გამოჩნდა გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვარლამ ხათრიძე. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჯანყარაშვილით დაწყებული, სოსო გოგაშვილით დამთავრებული, ვარლამ ხათრიძე ყველას ბარბარე რაფალიანცის საქმის დეტალების გახმაურებით ემუქრებოდა და თანამდებობას სწორედ ასე ინარჩუნებდა. იგივე მცდელობა ჰქონდა მას ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან, მაგრამ ხათრიძეს კარისკენ მიუთითეს, შს მინისტრი გახარია კი საერთოდ არ შეხვდა.

ვინ არის ვარლამ ხათრიძე, სად მუშაობდა წინა ხელისუფლების დროს და რას გეგმავდა „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ იგი?
სკანდალური დოსიე და მხოლოდ ფაქტები.

ვარლამ ხათრიძის სახელი და გვარი მაშინ გახდა საჯაროდ ცნობილი, როდესაც ადვოკატმა ზურაბ ჯორბენაძემ „ქრონიკა+“-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა და საჯაროდ აღიარა, რომ „კუდის“ აგენტი იყო და არაერთ გახმაურებულ საქმეში სპეცსამსახურის დავალებებს ასრულებდა.
ზურაბ ჯორბენაძის ძმა საოლქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე, მერაბ ჯორბენაძე გახლდათ, ამიტომ შიდა სამზარეულოს კარგად იცნობდა. სწორედ ამ დროს ვარლამ ხათრიძე, რომელიც ახლა ბევრს საუბრობს სააკაშვილის სისხლიან რეჟიმზე, ჯერ საოლქო, შემდეგ სააპელაციო სასამართლოს სპეციალისტი, შემდეგ კი კანცელარიის უფროსი იყო.
როგორც ზურაბ ჯორბენაძე „ქრონიკა+“-ს უყვებოდა, სააპელაციო სასამართლოს დაცვის ყოფილი უფროსი, სახელად პაატა, რომელიც ამჟამად ბერია და მის გვარს მხოლოდ ამიტომ არ ვასახელებთ, ვარლამ ხათრიძის „დასავერბოვკებლად“ სერიოზულ შარში გახვიეს. ხათრიძე დასაჭერი იყო, მაგრამ მის ნაცვლად სწორედ დაცვის უფროსი დააკავეს და ის გადაარჩინეს, მხოლოდ სამსახურიდან წასვლა აკმარეს, მაგრამ უცნაური რამ მოხდა, _ ხათრიძე ეკლესიაში ჩანერგეს მეუფე ანანიასთან. ის აპირებს მღვდლობას, ლექციებს კითხულობს ღვთისმეტყველებაში სასულიერო სასწავლებელში (ღვთისმეტყველების სასწავლებელი აქვს დამთავრებული), მაგრამ, ამასობაში, ასპარეზზე გამოდის „ქართული ოცნება“ და ვარლამ ხათრიძე გრძელი წვერით, „ოცნების“ მხარდასაჭერად, პირველად მცხეთის რაიონში ბებრის ციხის ჭალაში შეკრებაზე გამოჩნდა, ამ შეკრების მერე კი „ოცნების“ ოფისში _ ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრში, თედო კობახიძესთან.
ჯორბანაძე არ აკონკრეტებს, ვისი მეშვეობით მოხვდნენ ვაკო ხათრიძე და ინგა ბერეკაშვილი რაფალიანცის ოჯახის ადვოკატად, სამაგიეროდ კარგად ახსოვს, რას ჰყვებოდა ხათრიძე _ როგორ იპოვეს ჩვილი ბავშვი ქვევრში, როგორ ეჩხუბა გამომძიებელს, როგორც ჩაარტყა თავში საანგარიშო, როგორ ჰქონდათ დიდი გაწევ-გამოწევა და როგორ გამოასწრო კახეთიდან ცოცხალმა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ვარლამ ხათრიძეს რაფალიანცის საქმის დეტალები ხელში ეჭირა, ეს ფაქტები კი „ქართულ ოცნებას“ ნებისმიერ დროს ააფეთქებდა, მას მინისტრად ვერ დანიშნავდნენ, ერთ-ერთი წარმომადგენლობითი და მაღალანაზღაურებადი თანამდებობა უნდა მიეცათ და მისცეს კიდეც _ გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. ხუთი წელი ამ თანამდებობაზე ყოფნა ნიშნავს 300-400 ათას ლარ ხელფასს, კომფორტს, კეთილდღეობას და ხელშეუხებლობას.
ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ შს მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნებოდა.
ხათრიძის სამსახურიდან წასვლამდე იყო კიდევ ერთი ისტორია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება „ქრონიკა+“-ს.
როგორც ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე აცხადებს, მას მობილური ტელეფონის იმ ნომერზე, რომელიც საკუთარ სახელზე არ ჰქონდა გაფორმებული, ქალაქის ტელეფონით დაურეკა და სთხოვა, მასთან გენინსპექციის შენობაში დაუყოვნებლივ მისულიყო. ჯორბენაძე მივიდა, საშვების ბიუროდან ხათრიძეს დაურეკეს, მან ჯორბენაძეს მობილურზე დაურეკა და უთხრა, _ არ ამოხვიდე, ვინმეს გამოვაგზავნიო. ჯორბენაძის განცხადებით, ქვემოთ სპეცთანამშრომელი ჩამოვიდა, რომელმაც ის დაცვით აიყვანა და ფოიეში ნახევარი საათით დასვეს. მერე ვიღაც გამოვიდა და ხათრიძესთან შეიყვანეს. ხათრიძეს ხელში „ქრონიკა+“-ის ის ნომერი ეჭირა, რომელშიც ჯორბენაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. საკუთარ კაბინეტში ხათრიძემ გაზეთის რესპონდენტს საქმის გარჩევა დაუწყო, _ რატომ დაწერე ეს ჩემზეო?
_ რამე ტყუილი დავწერე? ყველაფერი ჩემთან პირადად შენ გაქვს მოყოლილი, მე ის უფრო მიკვირს, ამ თანამდებობაზე როგორ მოხვდი, აქ რელიგიის ისტორიას ასწავლი თუ საღვთო რჯულსო? _ უპასუხა ჯორბენაძემ.
ამ გასაუბრების მერე ვარლამ ხათრიძემ, ანუ ოფიციალური სტატუსით ოფიციალური თანამდებობის პირმა _ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, მოქმედ ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძეს გარიგება შესთავაზა, _ თქვი, რომ იმ ინტერვიუში, რაც ჩემზე და რაფალიანცის საქმეზე „ქრონიკა+“-ს მიეცი, ფული გადაგიხადეს და, კონკრეტულად, ელისო კილაძის სახელი და გვარი დაასახელეო.
ჯორბენაძემ გარიგებაზე უარი თქვა, რასაც ხათრიძის მუქარა მოყვა, _ აი, შენ ნახე, ამას მაინც მოყვება რაღაცა და მერე ინანებო!
რა იგულისხმა „ამას მაინც მოყვება რაღაცაში“ ვარლამ ხათრიძემ, ეს არც ჯორბენაძემ იცის და არც კონკრეტულად მე, მაგრამ „ქრონიკა+“ იმხანად უმძიმეს დაპირისპირებაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და ბუნებრივია, არაა გამორიცხული, მორიგი პროვოკაცია სწორედ ამ ფორმით იგეგმებოდა.
ზურაბ ჯორბენაძის მონათხრობში შეიძლება კაცმა ეჭვი შეიტანოს, მაგრამ ამ შეხვედრის გაგრძელება ბევრად უფრო საინტერესოა:
ჯორბენაძემ ჩათვალა, რომ ხათრიძის მხრიდან სერიოზულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი და შესაძლოა, მის წინააღმდეგაც განხორციელებულიყო სერიოზული სახის პროვოკაცია, ამიტომ შეხვედრიდან მეორე დღეს ოფიციალური წერილით მიმართა მთავარ პროკურატურას და მისი გამოკითხვა მოითხოვა. ჯორბენაძე განცხადების შეტანიდან ექვსი თვის მერე დაიბარეს, მას გამომძიებელი ბექა კვიციანი შეხვდა, გამოკითხეს და საქმე თაროზე შემოდეს.
ფაქტია, რომ ვარლამ ხათრიძე ზურაბ ჯორბენაძეს ჩემს დისკრედიტაციას სთავაზობდა, თითქოს რესპონდენტებს სკანდალურ ინტერვიუებში ფულს ვუხდი. მას დამოუკიდებელი მედიის კომპრომეტირება მხოლოდ იმიტომ სურდა, რომ გაზეთმა გაბედა და სკანდალური მასალა გამოაქვეყნა „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგილ „კუდის“ აგენტებზე. მსგავსი მცდელობა ჰქონდა ყველა იმ თანამდებობის პირს, რომელზედაც მამხილებელ მასალებს ვაქვეყნებდით. მთავარმა პროკურატურამ კი, რომელსაც, პირველ რიგში, სწორედ კანონზე ზედამხედველობა ევალება, ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა.
დღეს ვარლამ ხათრიძე ეკა ბესელიას პარტიის სახეა და საჯაროდ გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებისთვის ბროლას აპირებს.
„ქრონიკა+“ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის სკანდალურ საქმეს მომდევნო ნომერში დაუბრუნდება.

ელისო კილაძე