ქართული პოლიტიკის ნათლიმამა – ბიძინა კორლეონე

es22

„მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს, ოღონდაც საჭიროა, რომ საქმეს სათავეში ედგას მცოდნე და ქვეყნისთვის თავდადებული ხალხი… ჩვენთან კი რა ხდება? ვინც ხელისუფლებაშია და ქვეყნის ბედი აბარია, სამშობლოს ცნება მისი ჯიბისა და კუჭის ცნების სინონიმი გახდა… და რას ვაკეთებთ ჩვენ, ყველანი?!. ვბუზღუნებთ, ვწუწუნებთ, რომ კორუმპირებულმა უცოდინრებმა, „კაცის კაცებმა“ შეჭამეს ქვეყანა და ყველაზე საოცარი ის არის, რომ ჩვენზე უფრო ხმამაღლა ამას თვითონ კორუმპირებულები გაჰყვირიან… და არხეინად განაგრძობენ თავიანთ საქმეს!.. დიახ, ასე იქნება იქამდე, ვიდრე ხალხის ჯანსაღი ძალა პრაქტიკულად არ აჩვენებს, რომ იგი მართლაც ძალაა!..

როდესაც პარლამენტარები, ანდა ქვეყნის სათავეში მყოფი მამები ქვეყნის გასაგონად ერთმანეთს დედის რბილ ადგილებს უხსენებენ, თქვენ გგონიათ, რომ ისინი საქართველოს ინტერესების გამო უპირისპირდებიან ერთმანეთს?!. არა, ბატონებო, მათ რაღაც ვერ გაიყვეს, ვიღაცის ჯიბეს რაღაც დააკლდა, ანდა რომელიმე მეტოქემ ცოტა მეტი ჩაიჯიბა, ამას კი არც ერთი მათგანი არ აიტანს და არის ერთი ჭიდილი სიტყვით, მუშტით, იერარქიებით და ამასობაში ხალხის ოლიმპიური სიმშვიდით გადიდგულებული „მავანნი“ საქართველოს გაქურდვა-გაძარცვაში დახელოვნდნენ… სიხარბემ და მლიქვნელობამ, იმავდროულად, „ყველაფრის მცოდნეობამ“ წალეკა ქვეყანა და მივადექით ადამიანის არსის ერთ ელემენტს, ურომლისოდაც ჩვენს წინაპრებს თავი ვერ წარმოედგინათ, ხოლო ბევრ თანამედროვეს კი იგი სრულებითაც არ სჭირდება… ეს არის ქართული სული, რომლის გარეშეც არც ენა გადარჩება, არც ზნეობა და არც, საერთოდ, საქართველო!!!“ – ეს სიტყვები ბატონ გიორგი წიბახაშვილს ეკუთვნის და ცამდე მართალი იყო ბატონი გიორგი მაშინ, როცა ამ სიტყვებს 2002 წლის მიჯნაზე წერდა, თუმცა ამ სიტყვებს 2014 წლისთვისაც არ დაუკარგავს აქტუალობა და ქვეყანაში ფულის მშოვნელთა რიცხვი, ნაცვლად იმისა, რომ დაკლებულიყო, საგანგაშო ზღვარს გადასცილდა!.. „ფული და ქართული პოლიტიკა“ – აი, მთავარი მამოძრავებელი ძალა დღევანდელი საქართველოსი…

სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ ვესტუმრეთ ცნობილ ლიტერატორს, თეიმურაზ ქორიძეს და ვფიქრობთ, რომ მისი ნააზრევი ძალიან ბევრ ადამიანს დააფიქრებს…

 

_ ბატონო თემურ, ხელისუფლების მაღალ იერარქიებში ურთიერთბრალდებებისა და ერთმანეთზე გადაბრალების ახალი ეტაპი დაიწყო, ხოლო სიტყვა „უხერხულია“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუკი ამერიკაში საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრება და ეს მაშინ, როცა არავის მოსვლია თავში ეთქვა, რომ – უხერხულია უპირველესად ქართველი ხალხის წინაშე მათი აბუჩად აგდება, შეუსრულებელი დაპირებების ფონზეო… თქვენ რა აზრის ბრძანდებით მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის დაპირისპირებაზე?!.

_ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ გიორგი მარგველაშვილზე შემომწყრალ ბიძინა ივანიშვილს იგივე ეთქვა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის… მაშინ ხომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შემოსწყრებოდა და გააქილიკებდა ღარიბაშვილს?!. ანუ ივანიშვილის მიერ დაგმობილი და უარყოფილი ნებისმიერი სხვაც ხომ იგივე ბედს გაიზიარებდა?!. პრეზიდენტის სასახლეში რატომ გადავიდა მარგველაშვილიო? – განრისხდა ბატონი ბიძინა და ეს იმ დროს, თითქოს, „ცეკას“ ძველი შენობა, იქ, სადაც პრემიერ-მინისტრი იმყოფება, ღვთით კურთხეული წმინდა პეტრეს ტაძარი ყოფილიყოს… მე მახსენდება 90-იანი წლები, როცა ზვიად გამსახურდიამ მღვდლებს აკურთხებინა ის შენობაც და თავისი კაბინეტიც, იმიტომ, რომ მრავალი ცოდვისა და სისასტიკის მომსწრე გახლდათ იქაურობა და ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთი რომელიმე შენობის გამო კონფლიქტის გამოწვევა, ისიც მაღალი სახელისუფლებო იერარქიების დონეზე, ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!.. მეტიც, მარგველაშვილისადმი ივანიშვილის შემოწყრომა „პატრონის“ აკვიატებას უფრო ჰგავს და თვითონ „პატრონის“ ცნება XXI საუკუნეში იმაზე უფრო საშიშია, ვიდრე თავად პატრონისა და მონის დღევანდელი კონფლიქტი!..

_ უკაცრავად, მაგრამ მთელი ეს სახელისუფლებო „ომობანა“ უფრო შორსგამიზნული ავანტიურა მგონია „რაღაც უფრო დიდი კონფლიქტისთვის“ და თუ ვცდები, „ალილო და ხვალეო“, სულ მალე დადგება პოლიტიკურად ცხელი სეზონი, ანუ შემოდგომა-გაზაფხული და ვნახოთ… თანაც, სულ მალე, ახალი არჩევნების ჩასატარებლად, ხმების მოსანადირებლად, სეზონიც გაიხსნება და იადონებივით ერთად ხომ არ იფრენენ და იგალობენ ერთ ხმაში?!.

_ გეთანხმებით და თუ გალაკტიონსაც მოვიშველიებთ, როცა ამბობს: „ყველაფერი შეიძლება მოხდესო“, არაფერია გამორიცხული… თანაც, ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, ისეთ სახელმწიფოში გვიხდება ცხოვრება, რომელსაც სახელმწიფოს ძნელად თუ დაარქმევ?! ეს რომ მართლაც ასეა, შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოგიყვანოთ, ოღონდაც შევთანხმდეთ, რომ მე სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ჩემი აღშფოთების ობიექტი დღეს უკვე სამოქალაქო საზოგადოებაში გადმობარგებული „ფავორიტთა ხუთეულის“ ერთ-ერთი წევრია, რომელმაც თავი იმითაც დაგვამახსოვრა, რომ ჯერ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის თუ სხვა ფულიანი საპრეზიდენტო კანდიდატების ახლო გარემოცვაში იმყოფებოდა ხან ექსპერტად და ხანაც დიდ ფულთან დაკავშირებულ ისტორიებში…

სხვათა შორის, რამე რომ არ შემეშალოს, თან წამოვიღე ამ პიროვნების მიერ მიცემული ამასწინანდელი ინტერვიუ ერთ-ერთ ჟურნალთან, საიდანაც ვიგებთ, თუ რა დამაქცევარ გავლენას ახდენს პიროვნებაზე – ფული!..

მოგეხსენებათ, რომ ადამიანის წინაშე ყოველთვის ორი მძლავრი ცდუნება იდგა, – ფული და ძალაუფლება, რომლებიც ერთმანეთთან ღრმა კავშირშია, მაგრამ როდესაც ადამიანს პრეტენზია აქვს ერისკაცობაზე და პრეტენზია აქვს კეთილშობილებაზე, მაშინ, უწინარეს ყოვლისა, ამ ორი ცდუნების გამიჯვნა უნდა მოახერხოს, რადგან შეუთავსებელია ცეზარი და ქრისტე… ესე იგი, როცა უფალი გვეუბნება „მიეცი კეისარს კეისრისა“, ანდა როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, „არა ხელეწიფების მონებაი ორთა უფალთა“, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ შეუძლია იყოს ორი უფლის მონა!.. ამ სწავლებით ერისკაცი სახელმწიფო ინტერესებით განმსჭვალული და დამაშვრალი უნდა იყოს ქვეყნისთვის და თუ ეს ასე არ ხდება, მაშინ უნდა იყოს ჩვეულებრივი ფულის კაცი და პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს ერისკაცობაზე. ჩვენ ყველა ერთად კარგად ვხედავთ, თუ რა ცოტაა ხელისუფლებაში ერისკაცი და ვხედავთ იმასაც, თუ რამდენია – ფულის კაცი!.. მათთვის სამშობლო, მისი მომავალი, აწმყო თუ წარსული რა ფასეულობას წარმოადგენს და სწორედ ამის სადემონსტრაციოდ ჩემს ხელთ არსებული ინტერვიუდან ერთ-ერთ ფრაზას წაგიკითხავთ: „ბიძინა ივანიშვილმა რომ მითხრას, ადი მესამე სართულზე და იქიდან გადმოხტიო – გადმოვხტები!..“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარს, თავის დროზე მის მრჩეველსა და როგორც გითხარით, ამჟამად სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენელს, რომლის სიტყვასაც ვერ ვიტყვი, რომ გულის ფიცარზე იწერენ ხელისუფლებაში, მაგრამ ანგარიშს კი ბევრი უწევს… აღნიშნულ ინტერვიუს კი სათაურად შემდეგი ფრაზა გასდევს: „ბიძინა ივანიშვილმა მეფური საჩუქარი გამომიგზავნა…“ როგორც ირკვევა, ამ პიროვნების ვაჟის ქორწილში ბიძინა ივანიშვილს მეფური ძღვენი გამოუგზავნია, მაგრამ ნახეთ, ვაჟის მამას როგორი მადლიერება მოეთხოვება?!. შეუძლია ძვირფასი ძღვენის გამო არათუ მე-3-ზე, არამედ მე-9, ან მე-18 სართულზეც კი ავიდეს და გადმოხტეს, თუკი ამას ბიძინა ივანიშვილი უბრძანებს!.. მე ჩემს პრინციპს ბოლომდე დავიცავ და არ დავასახელებ ამ ადამიანის ვინაობას, თორემ შეიძლება გადმოდგეს და უფრო უარესები თქვას: „ჩემი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძაღლები ერთად სეირნობენ“ და ბატონი თემური როგორც ჩვენ, ისე ჩვენს ძაღლებსაც ებრძვისო… არადა, ღმერთია მოწმე, მათი ძაღლების საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს…

_ მიგიხვდით, ვისზეც საუბრობთ… ექსპერტ გია ხუხაშვილზე და მინდა გითხრათ, რომ ბატონი გიას „სიბრძნეთა კონას“ არა მხოლოდ ავტორი, არამედ მთლიანად „ქართული ოცნება“ არაერთხელ ჩაუგდია „თავისმართლების რეჟიმში“…

_ როგორც ვთქვი, მე სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ერთს კი დავძენ, ბატონი გია ხუხაშვილი ჩვენ ხომ ვიცით, ერთადერთი არ არის ასეთ მოსაზრებებში, ოღონდაც, ის ამას ხმამაღლა ამბობს… ანუ ინტერვიუერი ხაზს უსვამს: ფულის გულისთვის რასაც გნებავთ, ჩავიდენო და მისი ასეთი სითამამე „ფულობიას“ გადასახედიდან არათუ აღმაშფოთებელი, მერწმუნეთ, მეტად დამაფიქრებელია!..

მგონია, რომ ამ ფრაზით პიროვნების სრულად განადგურებისა და დეგრადირების ნათელი სურათია დახატული და სხვა კონტრმაგალითს, სამწუხაროდ, ვერ მოგიყვანთ… ასე მხოლოდ სიგიჟით დაავადებული ადამიანები საუბრობენ, რადგან თუკი ქველმოქმედი ადამიანისგან ძღვენს იღებ, თვითგანადგურებაზე ლოგიკურად აღარ უნდა იფიქრო და მით უმეტეს მაშინ, თუ ის პიროვნება შენს მეგობრად მიგაჩნია… როგორ, განა მეგობრისგან მიღებულმა ფულმა და პატივმა ისე უნდა გადაგიყვანოს ჭკუიდან, რომ მე-3 სართულიდანაც კი გადახტე, თუ გადარჩი, ხეიბრად იქცე და ყოველი ძღვენის მიღების შემდეგაც კვლავ იგივე გაიმეორო?!! ეგ კიდევ არაფერი, ეს პიროვნება ამავე ინტერვიუში ყველაზე ნათლად გვიხატავს იმ თავზარდამცემ, შეურაცხმყოფელ და ამაზრზენ ვითარებას, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად ვიმყოფებით და აი, შეხედეთ, კიდევ რას ბრძანებს? – „ბიძინა ივანიშვილის ზურგის გარეშე არავინ არის ვინმე ამ ქვეყანაში“-ო…

_ ახლა პირველი, რაც თავში მომივიდა ის არის, რომ რეპლიკის სახით მივმართო ბატონ ხუხაშვილს და ვუთხრა: დედითქვენისამ, საცოდავო მონებო-თქო…

_ აი, თქვენ ხუმრობის ხასიათზე დაგაყენათ ამ პიროვნების ნათქვამმა, მაგრამ, მოდით, აქცენტი ხუმრობიდან ნაყიდი ადამიანების ფსიქოლოგიაზე გადმოვიტანოთ და ხაზი გავუსვათ იმას, რას უკეთებს ფული ადამიანს და რა შეიძლება გააკეთებინოს მომავალშიც?.. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთები ერთეულები კი არა, ასობით არიან, სხვებიც ასე ფიქრობენ და რამდენად კარგია ეს ყველაფერი, მკითხველმა განსაჯოს… ანუ თქვენ, მე, ათასობით სხვა ღირსეული ადამიანი, რომლებსაც ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვიტანია ამ ქვეყნის მშენებლობაში, თურმე ნუ იტყვით და არარაობები ვყოფილვართ, რადგან არ გავიყიდეთ ფულზე მათსავით, არ დაგვიგროვებია ქონება, არ შეგვიძლია ღალატი და მათსავით ყველა მეფის კალთაში არ გვინებივრია!.. თქვენ, ჩემო ძვირფასო ირინა, თურმე, შვილთან ერთად სამშობლოსათვის რომ იომეთ, სიცოცხლე რომ არ დაიშურეთ მისთვის, – ასეთი ადამიანების თვალთახედვიდან არარაობა ბრძანდებით და როცა სიმართლეზე, სამართლიანობასა და ღირსებაზე ყოველკვირეულად წერთ, ათჯერ და უფრო მეტად არარაობა ხართ, რადგან თქვენ ამ ადამიანების არ გესმით, ვერ სწვდებით „მათი გონების სიღრმეებს“, გამიგეთ?!. ხომ ხედავთ, როგორ უნდათ დაადუმონ მედია, როგორ სურთ კონტროლქვეშ მოაქციონ თავისუფალი სიტყვა, აზრი და, ზოგადად, აზროვნება?!. გაოგნებული ვკითხულობდი ამ ინტერვიუს, გა-ოგ-ნე-ბუ-ლი, რადგან „არარაობები ხართო“, ასე არასდროს, კაცობრიობის არსებობის არც ერთ ეტაპზე, თვით ხალხთა ბელადის, იოსებ სტალინის დროსაც კი არ უკადრებიათ ხალხისთვის, – თქვენ, მუშებო და გლეხებო, ბელადის გარეშე არარაობები ხართო და დღეს ფულზე გაყიდული თვითონ არარაობები ასე რომ იმოძღვრებიან, როგორი მოსათმენია, აბა, მითხარით?!.

ერთადერთი, ვის წინაშეც ადამიანი მოკრძალებას და მოწიწებას შინაგანად გრძნობს, – უფალია ჩვენი და ნუ დაგვავიწყდება, რომ უფალმა იესო ქრისტემ თითოეული ჩვენგანი ფულით კი არ იყიდა, არამედ, „სისხლითა მისითა სყიდულ ვართ“, როგორც ამას იოანე საბანისძე წერს. სწორედ ამიტომ, რაკიღა თავისი სისხლით გვიყიდა, შეიძლება, რომ თავი უფლის მონებადაც მივიჩნიოთ, რადგან ძალიან დიდია საზღაური სისხლით, წამებით და სიცოცხლით გაღებული, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც უსისხლოდ, თვითშეწირვის გარეშე, სულ რამდენიმე მილიონად იყიდა ბევრის სული – ნეტავ, რატომ უნდა ვემონოთ და რატომ უნდა ვუკმიოთ გუნდრუკი, იქნებ აგვიხსნას ვინმემ?!. თავზარდამცემი, უფრო აღმაშფოთებელი ინტერვიუ ჩემს სიცოცხლეში არ წამიკითხავს და ეგ კიდევ რაა იმასთან შედარებით, რასაც მოგვიანებით ბრძანებს ინტერვიუერი შემდეგ და შემდეგ?!. „არ შეიძლება, პრეზიდენტი ეკამათებოდეს ბიძინა ივანიშვილს!..“-ო და ვიმეორებ, რომ ეს არის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის, ყოფილი ექსპერტისა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის სიტყვები და ვაი, ჩვენ, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ასეთი მრჩევლები და ექსპერტები არსებობენ!!!

ახლა მოდით, ჩვენ ყოველივე ამას ერთი კერძო პირის ახირებად და ნააზრევად კი ნუ მივიჩნევთ, არამედ მიმოვიხედოთ ირგვლივ, დავძაბოთ გონება და გავიხსენოთ, – ფულით მოსყიდული კიდევ რამდენი საუბრობს ასე?!. აბა, გაიხსენეთ, იესოს თავის მოწაფეები ეკამათებოდნენ, თუ არა?!. რასაკვირველია, ეკამათებოდნენ და მეტიც, ეჭვი შეჰქონდათ მის სიტყვებში და ამის დასტურად თომას მაგალითს მოვიყვან, რომელმაც ვერ ირწმუნა, რომ იესოს სხეულზე ნალურსმნები ნამდვილი იყო და თითიც კი ჩაჰყო შიგ ეჭვების გასაქარწყლებლად!.. სხვა მოწაფეებიც ეკამათებოდნენ იესოს, მაგრამ „ჭეშმარიტი ბიძინას“ თითოეული სიტყვა და საქციელი მავანს, რატომღაც, ზეციური ჭეშმარიტება ჰგონია და თურმე ნუ იტყვით, ქვეყნის პრეზიდენტსაც კი არ უნდა ჰქონდეს მასთან არათუ პოლემიკის, არამედ შეკამათების უფლებაც კი!.. მეტიც, ექსპერტი და მრჩეველი ინტერვიუს მომდევნო აბზაცებში იმასაც ამბობს, რომ „ნურავის, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ნუ ექნება ამბიცია იმისა, რომ ის არის ავტორიტეტიო“ და ნახეთ, რა გამოდის?.. ე. ი. ჩვენ, მასა ადამიანების, რომლებიც წარმოვადგენთ ხალხს, ანუ ერს, „ექსპერტ-მრჩევლის“ აზრით, წარმოვადგენთ არარაობას ერთი კაცის გამოკლებით და ახლა ვსვამ შეკითხვას: როცა ასეთი მიდგომებია, როცა ასეთი ვითარებაა, როცა ასეთი ფულით ნაყიდი ადამიანების მზეობაა ქვეყანაში, რა ეწოდება ასეთ ქვეყანას?!. მე ვფიქრობ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უფულოდ უნდა გააკეთოს განცხადება მისი ფავორიტების ასეთ გამოხტომებზე და, ამასთანავე, ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ საზოგადოებას ჯერ ორი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებაში შეტანილი მისი წვლილისთვის, ხოლო შემდეგ ბოდიში უნდა მოგვიხადოს თითოეულ ჩვენგანს, რადგან ასეთი ექსპერტების, ასეთი მრჩევლების საყელყელაო გახადა ისედაც შეჭირვებული საქართველო!!!

_ მოდით, მეც დავაფიქსირებ ჩემს აზრს და მივმართავ ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში გადმობარგებულ ბიძინა ივანიშვილს: გია ხუხაშვილისნაირ უკანალში მძრომელთა პარპაშს, ლაყბობას, გაუმაძღრობას და ცინიზმს დროულად დაუსვას წერტილი, თორემ „არარაობები“ უკვე მიხვდნენ, რომ ამჯერადაც მწარედ მოატყუეს და ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, ოღონდაც გადასაჩეხთა წინა რიგებში როგორც ძველის, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირველი პირები დგანან და ერთი თითის წაკვრა კმარა იმისთვის, რომ სწორედ ისინი აღმოჩნდნენ უფსკრულში და ხალხი კი გადარჩეს!..

_ ძნელია, არ დაგეთანხმოთ, რადგან ნებისმიერი ხელისუფლების უპირველესი წყარო ხალხია, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ძალიან ხშირად ფული წყვეტს პროცესების ბედს… როგორ, განა თქვენ არ გაგიგიათ, რომ თვითონ ბატონი ივანიშვილიც „უკულტურო“, „უმწიფარ“ და „ჩამორჩენილ“ ადამიანებს გვიწოდებს ხოლმე?!. ეს კი იმიტომ ხდება, რომ არსებული ხელისუფლების წყარო ხალხში არ არის და ბიძინა ივანიშვილმა თავს მოახვია გაჭირვებულ მოსახლეობას… აბა, დააკვირდით, ქვეყნის მართვის როგორი მოდელის დამკვიდრებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ჩვენში?!. მან საბჭოთა ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის დამახასიათებელი მართვის გამოცდილება აირჩია და ქვეყანას იატაკქვეშეთიდან მართავს!.. სხვათა შორის, უფრო ადრე ანალოგიური პრინციპებით მართავდნენ მაფიოზური დაჯგუფებებიც. კარგად არის ცნობილი, რომ, თავის დროზე, ზუსტად ასე მოქმედებდა დონ კორლეონე და მისი მაფიის წევრები და საზოგადოებაში ფრიად პატივსაცემი ქველმოქმედების სახელითაც იყვნენ აღიარებულნი, რომ აღარაფერი ვთქვა ფართო წრეების დიდ სიმპათიებზე. ფარულად კი ისინი ხელგაშლით აფინანსებდნენ შეიარაღებულ დაჯგუფებებს და ქალაქებში მათთვის ხელსაყრელ „წესრიგს ამყარებდნენ“… მისი იატაკქვეშა მმართველობის პირველ პერიოდში, რომელიც „ვარდების რევოლუციიდან“ დაიწყო ივანიშვილმა, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ძალისმიერი უწყებების მიმართ გამოიჩინა, მან ცდა არ დააკლო სააკაშვილის პოლიციის გაძლიერებას და ამ უწყებიდან ნამდვილი ფრანკეშტაინის ურჩხული შექმნა!.. უნდა ითქვას, რომ ბატონმა ივანიშვილმა ისიც კი შეძლო, რომ თავად სააკაშვილისგანაც შეექმნა ურჩხული, ოღონდაც, საბოლოოდ, მას ის ურჩხულიც აუჯანყდა!.. ამ კაცს ცოტა მეტი ჭკუა რომ ჰქონოდა, ის ნამდვილი გმირი იქნებოდა საქართველოში, მაგრამ, როგორც იტყვიან, – არა შეჯდა მწყერი ხესაო და ახლა ივანიშვილი ჩიხშია მომწყვდეული, რადგან მას არ შეუძლია, მარგველაშვილის გამო მორიგი შეურაცხყოფა მიაყენოს ქართველ საზოგადოებას და ის ვერ გეტყვის, – ხალხო, ასეთი უჭკუო და უმწიფარი როგორ ხართ, რომ ეს ტუტუცი დაისვით თავზეო? რადგან მარგველაშვილი ბიძინას რჩეულია, მისი ყოფილი ფავორიტია და ამდენად, ამ კაცის გაპრეზიდენტების გამო მთელი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება!.. ივანიშვილი ბოდიშის მოხდას არათუ არ ჩქარობს, არც კი ფიქრობს, არადა, მას ბევრი რამის გამო აქვს ბოდიში მოსახდელი ქართველ ხალხთან, ყოველ შემთხვევაში, იმ ხალხთან მაინც, ვინც მის წინაშე ვალში არ არის. ივანიშვილის მიერ საქართველოში დამკვიდრებული მმართველობა თავისი არსით სრულიად უნიკალურია და დღევანდელ მსოფლიოში, მერწმუნეთ, ანალოგი არ მოეძებნება. ეს არც დემოკრატიაა და არც ოლხოკრატია, არც ტირანიაა და არც მონარქია… მმართველობის ამ ფორმას ჯერჯერობით სახელი არ გააჩნია, მაგრამ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთგვარი ბიძინოკრატია, ანუ ბიძინას მმართველობა, ოღონდ შენიღბული, შეფარული იატაკქვეშა მმართველობა!.. როგორც აღვნიშნე, მსგავსი რამ მხოლოდ ბოლშევიკურ ან მაფიოზურ რეჟიმებში იყო შესაძლებელი და ამიტომაც არის, რომ მთავრობა, პარლამენტი, მინისტრები, მათი მოადგილეები თუ ბიძაშვილ-მამიდაშვილები მხოლოდ ნათლიმამის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. მთელი ხელისუფლება მხოლოდ ამ ცოცხალ კერპს შესციცინებს თვალებში და მის მოწყალე ხელს ეამბორება. მოდით და ასეთ ვითარებაში ნუ იტყვით: ბიძინა ივანიშვილმა რომ მესამე სართულიდან გადმოხტომა მიბრძანოს, გადმოვხტებიო… აი, ამას ჰქვია „ბიძინოკრატია“, მეგობრებო, აი, ასეთი მმართველობაა XXI საუკუნის საქართველოში და ამ მმართველობით უნდა საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს კარის შეღება!.. ნამდვილად არ ვაჭარბებ, განა თითოეულმა ჩვენგანმა არ ვიცით, რომ მე სიმართლეს ვამბობ?!. მეც ხომ საქართველოში ვცხოვრობ, მეც ხომ ჩვენი ხალხის ყველა სიხარული და გაჭირვება შემხებია და მეტსაც გეტყვით, მე უკვე იმ ასაკისა ვარ, როცა მტერსაც კი მოყვარედ მიიჩნევ, მაგრამ ვერ ვეგუები სიცრუეს და თავხედობას, ხელისუფალთა სიხარბეს და გაუმაძღრობას, გულს მირევს ეს ყველაფერი და არ უნდა ვთქვა?!. როდის უნდა მიხვდნენ ესენი, რომ უნარი არ შესწევთ ქვეყნის მართვის?!. მოგეხსენებათ, მე ქართული ენის სპეციალისტი ვარ და ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ქართულ გრამატიკაში არის ზმნის ასეთი კატეგორია _ ქცევა, რომელსაც სამი სახე აქვს: 1. სათავისო; 2. სასხვისო; 3. საარვისო. ხელისუფლება „სასხვისო“, ანუ სახალხო უნდა იყოს. ესენი კი „სათვისოსი“, „საბიძინოსი“ არიან და თუ ეს ყველაფერი არ გამოსწორდა, „საარვისო“ ვითარებას მივიღებთ და შემდეგ რთული იქნება ქართველთა მდგომარეობა. ალბათ ბევრს აინტერესებს, რაში სჭირდებოდა ამოდენა კაპიტალის მქონე ბიძინა ივანიშვილს ან პოლიტიკაში მოსვლა, ან ასეთ ორომტრიალში გახვევა, რადგან უხმაურო სიქველეც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადამიანთა გასახარებლად და საკუთარი სულის საზიარებლად ემოქმედა?!. მაგრამ, როგორც ჩანს, არა! ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო და, ყველაფერთან ერთად, არსებობს, ერთი შეხედვით, უვნებელი, თუმცა განუკურნებელი სენი, რომელსაც „მანია გრანდიოზა“, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ „განდიდების მანია“ ეწოდება და ამ ხელობის შესახებ ჩემზე უფრო გათვითცნობიერებული ადამიანები იტყვიან, თუმცა, ჩემი მხრივ, დავძენ, რომ მათ უმრავლესობას, სულ მცირე, ნაპოლეონ ბონაპარტე ჰგონია თავი და ვერც ბიძინა ივანიშვილი ასცდა ამგვარ რეალობას, როცა გამოგვიცხადა „მსოფლიოს მთავრობებს მომავალი თაობის აღზრდის ჩემეული აღმოჩენები უნდა გავუგზავნოო“… ეს „მანია გრანდიოზა“ გახლავთ, ბატონებო და რა ვიცი, მე ჩემი გითხარით, დასკვნები კი თავად გააკეთეთ…

 

                                                                                                      ირინე გოგოსაშვილი