სთავაზობენ თუ არა ხელოვნურ რძეს ქუთაისელ დედებს სამშობიარო სახლებში და ვინ უნდა იზრუნოს მათ განათლებაზე?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ძუძუთი კვება ჩვილის ზრდისა და განვითარების იდეალური გზაა. ბუნებრივი კვება დადებითად მოქმედებს როგორც ახალშობილზე, ასევე დედაზე. UNICEF-ისა და WHO-ს რეკომენდაციით, ბუნებრივი კვება ჩვილის დაბადებიდან ერთი საათის მანძილზე უნდა დაიწყოს. დედის რძის პირველი ნაკადი _ ხსენი _ ახალშობილს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს, აძლიერებს მის იმუნიტეტს.

ძუძუთი კვება ბავშვის პირველი ექვსი თვის მანძილზე უნდა გაგრძელდეს. ეს პროცესი მოიცავს ჩვილის კვებას მხოლოდ დედის რძით, ყოველგვარი დამატებითი საჭმლისა და სასმლის გამორიცხვას პატარას მენიუდან. ჩვილი უნდა იკვებებოდეს ყოველგვარი საათობრივი რეჟიმის გარეშე, მოთხოვნის მიხედვით. ექვსი თვის შემდეგ ბავშვი ორ წლამდე (ფსიქოლოგისა და პედიატრის რეკომენდაციით უფრო გვიან ასაკამდეც) უნდა იკვებებოდეს დედის რძით სხვა დამატებით საკვებთან ერთად. ლაქტაციის პერიოდში ასევე რეკომენდებული არაა მატყუარასა და საწოვრიანი ბოთლების დახმარება, თუ ეს გარდაუვალ აუცილებლობას არ წარმოადგენს.
ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით, დედის რძე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხშირად მოავადე, ნაადრევად დაბადებული, სხვადასხვა გენეტიკური და თანდაყოლილი მანკის, დაავადებების მქონე ახალშობილებისთვის, მათთვის, ვისაც დაბადებიდან ჰქონდა დაბალი წონა ან სიმსუქნის ინდექსი. დედის რძე მორგებულია ინდივიდუალურად შვილის მოთხოვნაზე და შეიცავს ყველა იმ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს, რაც ჩვილის ზრდასა და განვითარებას სჭირდება. ამასთანავე, მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ შექმნეს ხელოვნური რძის ფორმულა, რომელიც დედის რძესთან ახლოს მივა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ დედის რძე უზრუნველყოფს ბავშვის კოგნიტურ და სენსორულ განვითარებას, გაცილებით იცავს ჩვილებს ავადობისა და მოულოდნელი გარდაცვალებისგან, ვიდრე რძის შემცვლელი ხელოვნური დანამატები.
მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვება ბუნებრივი აქტია, კვლევებმა აჩვენა, რომ დედები და სხვა მეურვეებიც საჭიროებენ ამ პროცესის დასწავლას. ბუნებრივი კვების სირთულეებს განსაკუთრებით პირველმშობიარეები აწყდებიან. ხშირად მოძველებული და გაცვეთილია ის რჩევებიც, რომელსაც მათ ოჯახის წევრები, ნათესავები და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, პედიატრები აძლევენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და UNICEF-ის რეკომენდაციით სასურველია, ქვეყნებში შეიქმნას მშობელთა სკოლები, ასევე მეან-გინეკოლოგებმა, ნეონატოლოგებმა და პედიატრებმა ხელი უნდა შეუწყონ დედების ინფორმირებას და მათ ცოდნას ყველა იმ საკითხზე, რაც ბუნებრივ კვებას შეეხება.
ახალბედა დედები სხვადასხვა სირთულის დროს ან უბრალოდ მოდურობის გამო ხშირად თავად ირჩევენ ხელოვნურ კვებას, ხშირად მათი არჩევანი ბუნებრივი კვებაა, მაგრამ აქაც აწყდებიან სიძნელეებს.

ნინუცა ტურაშვილმა პირველი შვილი ქუთაისში, სამშობიარო სახლ „ბომონდში“ სამი წლის წინ გააჩინა. იგი იხსენებს, როგორ უნდოდა, ბუნებრივად ეკვება შვილი და როგორ გართულდა ეს პროცესი კლინიკის ექთნების დამსახურებით:
„კლინიკაში საშინელი სიტუაცია იყო. მთელი სამი დღე ვიტანჯებოდი იმის გამო, რომ რძის დიდი ნაკადი მომაწვა. არ ვიცოდი, როგორ უნდა ეჭამა სწორად ჩემს პატარას, არც ის ვიცოდი, მე რა უნდა გამეკეთებინა. მქონდა მაღალი სიცხე. ექთნებს დახმარებას ვთხოვდი, თუმცა მათგან ერთი გამოწვდილი ხელიც არ მახსოვს. ისიც კი მითხრეს, _ თუ არ იცოდი, ძუძუ როგორ გეჭმია, შვილს რატომ აჩენდიო? საიდან მეცოდინებოდა, ვინ მასწავლიდა? მერე სიცხიანს, გათანგულს შემომთავაზეს ბავშვისთვის ხელოვნური საკვების მიცემა, _ შენი რძე არ არგებს, რადგან სიცხე გაქვსო. არ დავთანხმდი, ლამის ვიტირე. მოგვიანებით გავიგე, რომ როდესაც გამოსაცვლელად გაუყვანიათ, ჩუმად მიუციათ ბოთლით საკვები, კერძოდ, „ჰუმანა“, _ მშიერი ბავშვი ტიროდაო, ასე ამიხსნეს. ჩემმა ბიჭმა ამის შემდეგ დედის რძეზე უარი თქვა და ხელოვნური საკვებით გავზარდე. გარკვეულწილად, მიმაჩნია, რომ მისი დაბალი იმუნიტეტი ამითაცაა გამოწვეული. ერთადერთი ნათელი წერტილი ექიმის შემოვლა იყო, რომელმაც მირჩია მკერდის მასაჟი და ბავშვისთვის რძის მიცემა. ბევრი ვიბრძოლე ბუნებრივი კვებისთვის, თუმცა ამაოდ. მადლობელი ვარ იმ ექიმის, ოდნავ მაინც რომ სცადა დახმარება. ქალაქში არ არსებობს კვალიფიციური კადრი, რომელიც ჩემნაირ ახალბედა, გამოუცდელ დედებს ორსულობაშივე დააკვალიანებს, თუ რაა საჭირო ლაქტაციისთვის“, _ გვიყვება ნინუცა.

ნინუცასაგან განსხვავებით „ბომონდით“ კმაყოფილია ანა ჯულაყიძე. მისი შვილი კლინიკაში, დაახლოებით, ორი წლის წინ დაიბადა:
„საუკეთესო ექიმები და მკერდის მასაჟისტი ჰყავთ. იმდენი რამე მასწავლეს იმ დღეებში, მეგონა, ძუძუს მეორე შვილს ვაწოვებდი. წლამდე ვკვებე შვილი ბუნებრივად და ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მარტივი იყო. ალბათ, ბავშვმაც შემიწყო ხელი, მაგრამ მასაჟისტს რომ არ ესწავლებინა თავის დროზე, რომელი იყო სწორი პოზიცია, როგორ უნდა მეჭმია, ალბათ, ვერ შევძლებდი, აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავი“, _ ამბობს ანა.

უარყოფითი გამოცდილება აკავშირებს კლინიკასთან მარიამ ჯინჯიხაძეს. მან შვილი სამი წლის წინ ქუთაისში, „ევექსის“ სამშობიაროში გააჩინა. მარიამმა თავისი ისტორიაც გაგვიზიარა:
„საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, დამეწყო მშობიარობის შემდგომი დეპრესია, არც სიცოცხლე მინდოდა, არც თვალის გახელა. ბავშვის გაჩენის შემდეგ გავიგე, რომ ბავშვის მამამ მიმატოვა, შვილს გვარიც კი არ მისცა. ექთანმა რომ დაინახა ჩემი მდგომარეობა და ის, თუ რამდენად გულგრილი ვიყავი ახალშობილის მიმართ, იმის ნაცვლად, რომ ფსიქოლოგის დახმარება შემოეთავაზებინა, მითხრა, თუ არ გინდა ბუნებრივად კვებო, მოდი, აირჩიე ფორმულა, ბრენდების მიხედვით გვაქვს და რომელიც გინდა, ვაჭამოთო. ტირილი დავიწყე, იმის თავიც კი არ მქონდა, ბრენდები მერჩია. მაშინ თავად შემომთავაზა ბრენდი „ნუტრიბენი“, რომელსაც ჩემი შვილი ერთი თვე ჭამდა. რძე დეპრესიის გამო გამიშრა. ეგეც რომ არა, ბოთლის შემდეგ ჩემი გოგო მკერდს აღარ მიეკარა. არც პედიატრს ურჩევია რამე სასარგებლო. ერთადერთი, ვინც მეხმარებოდა, დედაჩემი იყო, თუმცა, თავის დროზე, მან მეც ხელოვნური საკვებით გამზარდა და შესაბამისად, ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. იმის გამო, რომ „ნუტრიბენის“ რძე საკმაოზე ძვირადღირებულია და ჩემს ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, ბავშვისთვის სწორედ ეგ მეყიდა, თვითნებურად, ფარმაცევტის რჩევით სხვა ბრენდით შევუცვალე და წლამდე მას ჭამდა“.

მარიამისგან განსხვავებით „ევექსთან“ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ემოციები აკავშირებს ხათუნა გოგაბერაშვილს. ხათუნამ პირველი შვილი საკეისრო კვეთით თბილისში გააჩინა. მისი ბუნებრივად კვება ვერ შეძლო. როგორც ამბობს, შესაბამისი ხელშეწყობა არც სამშობიარო სახლში ჰქონია. მისი მეორე ბიჭი 1 თვის წინ ასევე საკეისრო კვეთით ქუთაისში, „ევექსში“ დაიბადა:
„ძალიან ცუდად ვიყავი მეორე საკეისრო კვეთის შემდეგ. საერთოდ არ მქონდა ძალა, რომ მოსე ხელში ამეყვანა. ძუძუსთან მიყვანაზე ხომ ზედმეტია საუბარი. არც შესაბამისი გამოცდილება მქონდა. პირველ შვილს ერთი თვე ვაჭამე ძუძუ, მერე იმის გამო, რომ დამატებას ვაძლევდი, რძეც შემიმცირდა და ბავშვმაც იოლი გზა _ ბოთლით კვება არჩია. ექთანი იჭერდა ხელში კვების პროცესში, რადგან მე ჭრილობა მტკიოდა. ჭრილობას მტკენდა წოვის პროცესიც, მაგრამ ისე მამხნევებდა ირგვლივ ყველა, სამედიცინო პერსონალი მთხოვდა, ბუნებრივად მეკვება. თავად მოვითხოვე ხელოვნური ნარევისა და მატყუარის მოტანა, მაგრამ მკაცრი უარი მივიღე. მითხრეს, _ აქ ვერავითარ რძეს ვერ შემოიტან, მატყუარაც არ არის საჭირო, როდესაც იტირებს, უბრალოდ, აჭამეო. ექიმს ვუთხარი, რომ ფიზიკურად სუსტად ვიყავი. დამამშვიდა, ვიტამინები გამომიწერა და მთხოვა, ბავშვის ბუნებრივად კვება გამეგრძელებინა. ხშირად ამოწმებდა, სწორად თუ ვაჭმევდი, მამხნევებდა. ძალიან დამეხმარნენ და მადლობა მათ ამისთვის“.

თემასთან დაკავშირებული კომენტარისთვის „ქრონიკა+“ კლინიკა „ბომონდის“ ნეონატოლოგ ფატი კალატოზიშვილს დაუკავშირდა:
„დღესდღეობით დედები უფრო ინფორმირებულები არიან, თუ რას ნიშნავს ძუძუთი კვება და ეს პროცესი, შესაბამისად, უფრო პოპულარულიცაა. ადრე ხელოვნური კვება უფრო მოდური იყო. ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ დედებს ამ პროცესის რეგულაციაში. მაინც ხდება ხშირად, როდესაც დედები თავად ამბობენ უარს ბუნებრივ კვებაზე. მიზეზი პროცესის სირთულეა. არ გვყავს ლაქტაციის კონსულტანტი, მაგრამ გვყავს კვალიფიციური ექთნები, რომლებიც დედებს ძალიან ეხმარებიან. ჩვენს კლინიკაში არ მახსენდება შემთხვევა, მელოგინისთვის ხელოვნური საკვები შეგვეთავაზებინოს, ამის უფლება არც გვაქვს. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედის მხრიდან აბსოლუტური ან ნაწილობრივი უკუჩვენებაა ბუნებრივი კვებისა, ვიყენებთ რძის შემცვლელებს. ანუ რომ ვთქვა, ხელოვნურ კვებას საერთოდ არ ვიყენებთ-მეთქი, მცდარი იქნება. თუმცა საკვები ჩვენ არ გვაქვს და არც რეკომენდაციას ვუწევთ რომელიმე ბრენდს. აქვე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფოს ჩართულობაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, კარგი იქნება, იმ დედებს, რომლებსაც მცირე შემოსავალი აქვთ, დაეხმარონ და უზრუნველყონ სხვადასხვა ვიტამინითა და მინერალით ლაქტაციის პერიოდში“.

დედის მხრიდან ლაქტაციის აბსოლუტურ უკუჩვენებად შიდსი და ე. წ. ნეკერჩხლის სიროპის დაავადება ითვლება. დროებითი უკუჩვენება არის ტუბერკულოზის აქტიური პერიოდისა და ძუძუს დვრილის ჰერპესის დროს. გარკვეული უკუჩვენებები ბავშვის მხრიდანაც არსებობს. მაგალითად, ღრმა დღენაკლულობისას ბავშვები ზონდით იკვებებიან, თუმცა ამ შემთხვევაშიც მათ დედის რძე მიეწოდებათ. ასევე ბუნებრივი კვება იზღუდება მაშინ, როდესაც ახალშობილს აქვს სუნთქვის უკმარისობა და სხვადასხვა დარღვევა ან გარკვეულ ორგანოთა დაავადება, რომელთა დროსაც მას არ შეუძლია მიიღოს დედის რძე. ბუნებრივი კვება იზღუდება მაშინაც, თუ ჩვილი ჰიპოგლიკემიით დაიბადა.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, რამდენად უწყობენ ხელს ქუთაისში არსებული სხვა სამშობიარო სახლები ბუნებრივ კვებას და სთავაზობენ თუ არა მელოგინეებს ხელოვნურ საკვებს?
თემასთან დაკავშირებით კომენტარის მიღება ვცადეთ ქუთაისში ერთ-ერთი პოპულარული სამშობიარო სახლის _ „ხონელიძის კლინიკიდან“.
კლინიკაში განგვიცხადეს, რომ ლაქტაციის კონსულტანტის კადრი მათ არ ჰყავთ, თუმცა ნეონატოლოგები და პედიატრები დედებთან აქტიურად მუშაობენ იმ თემაზე, რასაც ბუნებრივი კვება ჰქვია. ამ ეტაპზე კლინიკას დაგეგმილი აქვს ბუნებრივ კვებასთან დაკავშირებით შიდასარეკომენდაციო სტატიის დაწერა, ამიტომ სხვა დეტალებზე ვერაფერს გვეტყვიან.

სამშობიარო სახლების პერსონალის ხელოვნური საკვები პროდუქტებით მომარაგებას უარყოფენ თავად კომპანიებიც. ისინი ამბობენ, რომ ამის უფლება კანონით არ აქვთ, ერთეულების თვითნებურ ქმედებებზე კი პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.
UNICEF-ის ერთ-ერთ ბოლო კვლევაში ვნახულობთ, რომ ქართველი ბავშვების 45% მოკლებულია ძუძუთი კვებას. პედიატრებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლება ამ საკითხში: ერთი მხრივ, დედებმა, მეორე მხრივ, სამედიცინო პერსონალმა უარი თქვას პირველივე სირთულისთანავე ხელოვნური რძის გამოყენებაზე.

მაია ხერხეულიძე _ პედიატრი:
„სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ცდილობს, ადვილად მოაგვაროს პრობლემა. მათთვის უფრო იოლია, ხელოვნური საკვები გამოწეროს, ვიდრე პაციენტს საფუძვლიანი კონსულტაცია გაუწიოს. პირველ რიგში, დედა უნდა იყოს მზად, შვილს ძუძუ აჭამოს. ამისთვის აუცილებელია ელემენტარული წესების ცოდნა და იმ მითების მსხვრევა, რაც ხალხშია გავრცელებული. მეორე მხრივ, ამაზე ანტინატალური მეთვალყურეობის დროს ექიმმაც უნდა იზრუნოს“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2009 წლისთვის საქართველოში ბუნებრივ კვებას მხოლოდ დედების 54% ირჩევდა, რაც დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევა. ასევე ორგანიზაციის რეკომენდაციით ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც რძის შემცვლელების მწარმოებლებს ბევრ შეზღუდვას უწესებს.
კანონის მიზანია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა უსაფრთხო და ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფის, ბუნებრივი კვების პრაქტიკის ხელშეწყობის, დაცვისა და პროპაგანდის, ასევე ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვარიანი ბოთლების, საწოვარებისა და მატყუარების გავრცელების გზით. კერძოდ, კანონის მიხედვით ხელოვნური საკვების მწარმოებელი ვალდებულია, ყველა პროდუქტზე განათავსოს წარწერა, სადაც აღნიშნული იქნება დედის რძის უპირატესობის შესახებ. მწარმოებელი შეზღუდულია პროდუქტის რეკლამირებისას _ მას უფლება აქვს, რეკლამა გაუწიოს მხოლოდ იმ საკვებ დანამატებს (ფაფა, ხილფაფა, ბოსტნეულის პიურე, კრემსუპი, ორცხობილა), რომელიც ჩვილის დამატებითი კვებისას _ 4 ან 6 თვის შემდეგ გამოიყენება. კანონი კრძალავს ხელოვნური რძის პროდუქტების უფასოდ ან ფასდაკლებით გაცემას სამედიცინო საქმიანობის სუბიექტებისთვის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და მატყუარების ორსულებისა და ჩვილბავშვიანი დედებისთვის უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, სატელეფონი ზარით, წერილობით ან ფოსტით შეთავაზებას.
ზემოთ აღნიშნული კანონით სამედიცინო სუბიექტს ეკრძალება მწარმოებლისგან ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, მათი ნიმუშების, ბოთლების, მატყუარების მიღება, დაწესებულებაში სხვადასხვა ბრენდის რეკლამების გამოკვრა, მწარმოებლისთვის კლინიკაში დარეგისტრირებული დედისა და ჩვილის ტელეფონის ნომრების, მისამართებისა და მათი ვინაობის გაცნობა.
ევროპის ქვეყნებში საქართველოსგან განსხვავებული სიტუაციაა.

მარიამ ბუიძე ქუთაისელია. პირველი შვილი გერმანიაში გააჩინა. ამბობს, რომ ვიოლეტის დედის რძით გაზრდა თავადაც სურდა, მაგრამ ექიმებისგანაც დიდი დახმარება მიიღო. ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ დახმარების გარდა პედიატრიც სისტემატურად აკონტროლებს, იკვებება თუ არა ბავშვი ბუნებრივად:
„განვითარებულ ქვეყანაში, სადაც უამრავი საშუალებაა ყოველდღიურობის გასაადვილებლად, ახალბედა დედებისთვის დიდია ცდუნება, კვებონ თუ არა შვილები ბუნებრივად, თუ გაიმარტივონ ცხოვრება. სამშობიარო სახლებში ლაქტაციის კონსულტანტები, პროფესიონალი ბებიაქალები აქტიურად არიან ჩართულნი ბუნებრივი კვების პროპაგანდაში. ისინი ატარებენ საინფორმაციო საღამოებს, ონლაინ ტრენინგებს, მშობიარობის მოსამზადებელ კურსებს, რომელთა ხარჯებსაც, სხვათა შორის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევა ფარავს. მშობიარობის შემდეგ სახელმწიფო ფარავს მელოგინის სახლში ბებიაქალის 16 ვიზიტის ხარჯს. გამომდინარე იქიდან, რომ აქ მშობიარე სტაციონარში ძალიან ცოტა ხნით რჩება, ბებიაქალის ვიზიტები აუცილებელია, რადგანაც დედებს მთავარი კითხვები სწორედ სახლში ყოფნისას უჩნდებათ. ბინაზე მოსვლისას ბებიაქალი, რომელიც აუცილებლად არის გადამზადებული ლაქტაციის კონსულტანტად, ერთვებიან ბუნებრივი კვების პროცესში, პასუხობენ დედების ყველა კითხვას და აკვირდებიან მკერდს, ძუძუს თავის, სარძევე ჯირკვლის, სადინარების მდგომარეობას, ურჩევენ დედებს ძუძუთი კვებისთვის მოსახერხებელ პოზიციას. საჭიროების შემთხვევაში ურჩევენ ახალბედა დედას დამხმარე ხელსაწყოებს: სილიკონის ფარებს კერტებისთვის, მალამოს, რძის გამოსაწურ აპარატს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია _ აკვირდებიან დედის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როგორც რძის მოსვლის პერიოდში, ასევე მთელი ლოგინობის ხანის მანძილზე და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ დედისა და ახალშობილის ჰოსპიტალიზაციას. როგორც ვიცი, მსგავსი რამ საქართველოში არ ხდება. არც კი მსმენია, მანდ ლაქტაციის კონსულტანტების არსებობის შესახებ“.

ქუთაისურ კლინიკებში ლაქტაციის კონსულტანტის კადრი არ არსებობს. მათ მოვალეობას ექთან-მასაჟისტები ასრულებენ. ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სპეციალისტებს კონსულტანტებად ამზადებს და ბუნებრივი კვების პროპაგანდას ეწევა, „ლა ლეჩე ლიგაა“, თუმცა ორგანიზაციას ბაზა არც საქართველოში და არც ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებში არ აქვს.
ქვეყანაში ბუნებრივი კვების პროპაგანდას ჯანდაცვის სამინისტროც არ ეწევა. არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მშობელთა სკოლები, ბროშურები და ბუკლეტები, სადაც მომავალი დედები ძუძუთი კვების უპირატესობასა და პრინციპებს გაეცნობიან. დედებისთვის მთავარი ინფორმაციის მიმწოდებლები ნათესავები და მეგობრები არიან. ასევე ინტერნეტსაიტები, სადაც უამრავ ურთიერთგამომრიცხავ და ხშირად გადაუმოწმებელ ინფორმაციას აწყდებიან.

შორენა ლაღაძე