ბიძინას ჯამაჰირია

111

 

 

რატომ შემომეპარა ამ ბოლო დროს სიმპათიები პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ და არცთუ იშვიათად რატომ მიჩნდება მისი დაცვის სურვილი? განა, მე არ ვიყავი, ვინც სკეპტიკურად უყურებდა მის პრეზიდენტობას და არც მისი ხელდამსხმელის მჯეროდა რამე და არც მისი ამომრჩევლის მესმოდა, რომელიც გაქანდა და ხმა მისცა მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილმა დამოძღვრა ასე? განა, მე არ ვიყავი, ვისთვისაც პრინციპულად მიუღებელი იყო არა მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც იგი განასახიერებდა, არამედ თავად მოვლენა – „კაცის კაცი“ პრეზიდენტის პოსტზე? ანუ იმგვარი მოვლენა, რაც მანამ ნამდვილად არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში? ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი – არც ერთი არ იყო კაცის კაცი. ისინი თავად იყვნენ ლიდერები, პოლიტიკის ლოკომოტივები და არა ჩაბმული ვაგონები.

დავიჯერო, მხოლოდ იმიტომ გამიჩნდა სიმპათიები, რომ კახა თარგამაძეს მოქალაქეობაზე უარი უთხრა? და როგორც შემდეგ გაირკვა, ასევე უარით ჰყოლია გასტუმრებული თენგიზა კიტოვანი? ან მხოლოდ იმიტომ, რომ გამოაცხადა, – საქართველო და უკრაინა უელსის სამიტზე ერთი ხედვით უნდა გამოვიდესო? ან მხოლოდ იმის თქმის გამო, რაც „ბიბისის“ ეთერში თქვა? – საქართველო თავის ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდაო?

თავისთავად ცხადია, ამ განცხადებებმა და ნაბიჯებმა მართლაც რომ განაპირობა სიმპათიები და არც დამიმალავს ეს სიმპათიები, თუმცა ისიც კარგად მახსოვს, როგორ აცხადებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო (ზუსტ ციტატასაც გაახლებთ: „ჩვენ ვართ პოლიტიკური სისტემის ნაწილი, რომელმაც წელიწადნახევრის წინ გადაწყვიტა, რომ სამხედრო ძალით რუსეთს წაართვას ტერიტორიები… ქართულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოდი, ახლა მე რუსეთს წავართმევ ტერიტორიას ძალით“.), როგორ აცხადებდა, რომ ქართული კულტურა საუკუნეების მანძილზე იყო ორენოვანი და ამის დასტურად იმას იშველიებდა, რომ ჯეკ ლონდონი და თომას მანი რუსულად გვქონდა წაკითხული, ისიც მახსოვს, რა დიაგნოზიც დაუსვა ქართველ ერს, ისიც მახსოვს, როგორ ებრძოდა კახა ბენდუქიძეს და მის უნივერსიტეტს, მახსოვს, როგორ დასდევდა „შემოულაწუნესავით“ ბიძინა ბატონს, როგორ უკრავდა კვერს ხოლმე – მახსოვს ისიც, რა ცვილივით დამყოლი იყო. და ახლა რატომ ვიცავ ან ვუწონებ ნაბიჯებს? ვიცი, ვინმე გამოხტება და იტყვის, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინას უღალატა და განუდგაო… მე კი ამ მთქმელს ვურჩევ, ის მარჯვენა შეათამაშოს, რომელზეც „მუსკულები“ მურმან დუმბაძის ლოცვით დაებურცა. ბიძინა ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა აგერ მურმან დუმბაძეც მოიძულეს და გარიცხეს და ელოდეთ ახლა იმას, რომ მარტო იმიტომ, რომ ბიძინამ მოიძულა – ან სიმპათიით განვეწყობი, ან მის დაცვას დავიწყებ.

და მაინც, რატომ ვიცავ? მარტო იმიტომ, რომ თუნდაც მიუღებელია მისი და მისი ქალიშვილის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის ფაქტები? ალბათ, ესეცაა – ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საძინებელში შევარდნა, ვისი საძინებელიც არ უნდა იყოს და მით უმეტეს, როცა ვხედავ, რომ ამ ყველაფერს ამ ქვეყანაში, სამართლის არ იყოს, შერჩევითი ხასიათი აქვს და მხოლოდ მის საძინებელს უტევენ – ცხადია, პროტესტს ბადებს და განმაწყობს დასაცავად. მხოლოდ იმიტომ ვიცავ, რომ მას მერე, რაც ბიძინამ მოიძულა, ყველა, ვინც კი ცდილობს ივანიშვილს აამოს, მას უტევს და ჩაგრავს? არც უამისობაა, ილიაზე ვარ გაზრდილი. ილიამ კი კარგად მასწავლა, რომ უნდა მიყვარდეს ის, ვინც ბედისაგან დაჩაგრულია. მერე რა, რომ დღევანდელ საქართველოში ბედისწერის ქალღმერთი ოფსაიდშია და ბედს ივანიშვილი განაგებს?

და რაც მთავარია, ეს ბედისაგან ჩაგრული ამ შემთხვევაში პრეზიდენტია. მერე რა, რომ ის სწორედ მან აარჩევინა ამ ქვეყანას, ვიც დღეს მას ჩაგრავს და ვისი წამხედურობითაც ჩაგრავენ მას? ეს ქვეყანა არ არის არავის „ბუტკა“ და არავის ლაბორატორია. არავინაა, მით უფრო კაცი, რომელსაც დღეს პრეზიდენტი ჰქვია – საცდელი კურდღელი, ან პინგვინი. დიახ, არაა ეს ქვეყანა არავის შპს, არავის „ბუტკა“, ყოველ შემთხვევაში – არ მინდა იყოს. და კიდევ ძალიან ბევრს არ სურს ეს.

მე სულ არ მინდოდა მარგველაშვილი პრეზიდენტად. ეს მას სურდა, აარჩევინა ხალს… რამდენიმე თვე არ იყო გასული, გამოგვიცხადა, რომ აღარც ეკონტაქტებოდა მარგველაშვილს. თურმე, ნუ იტყვით და პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოუვლენია. ახლა, გასულ კვირას, გაირკვა, რომ მათ შორის გაუგებრობა ინაუგურაციიდან მეორე თუ მესამე დღეს დაწყებულა. როგორც აღმოჩნდა, ბიძინა ბატონს ადამიანების ცნობა ისევე სცოდნია, როგორც ქართული ენა, ან იუნგ-ფოიდი, ანდა თუნდაც კონსტიტუცია. ეს სხვა თემაა. მარტში გაკეთებული განცხადებით ივანიშვილმა, პრაქტიკულად, მწვანე აუნთო ყველას – ჯერ გარიყეს პრეზიდენტი და შემდეგ მის ცალ-ცალკე თუ ჯგუფურად ჯირყვნა-ჯიჯგვნას მიჰყვეს ხელი. ეს ყველაფერი კი ისეთ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში გადაიზარდა, მართლა რომ არ მოსწრებია ეს ქვეყანა. მინისტრები პრეზიდენტს კი არ აკრიტიკებენ, ლამის წიხლით არიან შემდგარი.

პრემიერი ღარიბაშვილი ლამის ერთნაირი გააფთრებით უტევს სააკაშვილსა და მარგველაშვილს. ეპოპეად აქცია ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. თავზე დაგვაფარეს კონსტიტუცია, სადაც მიუხედავად იმისა, რომ წერია, ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს პრეზიდენტიო, მაინც თავისი გაიტანა, წავიდა და ხელი მოაწერა. მაშინ კიდევ ვიფიქრეთ, რომ მას არ სურდა ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება, უნდოდა, ამ ისტორიულ დოკუმენტზე მისი ხელმოწერა დაფიქსირებულიყო და ამიტომ გამოიდო თავი. გავიგეთ მისი ეს თავგამოდება, მაგრამ როცა იგივე განმეორდა თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე… როცა გვითხრეს, რომ, თურმე, პრემიერი იმიტომ უნდა წავიდეს, რომ პრეზიდენტი უკვე ყოფილა თურქეთში… რა იყო და რა არის ეს „პაეზდკის არ გამაზვა“ თუ პრეზიდენტის საჯაროდ დამცირება?

პიროვნულად პრეზიდენტის ჩაგვრაზე არაა საქმე, ეს ყველაფერი ამ ინსტიტუტის ფეხქვეშ გაგდებაა, ეს კიდევ ერთხელ ცხადყო ბოლო კინკლაობამ – ვინ უნდა წასულიყო გაეროში. მიიწვიეს პრეზიდენტი და მიდის პრემიერი. მარგველაშვილი პოზიციებს არ თმობდა და ამბობდა, რომ თავადც მიდიოდა. რით დამთავრდა ეს ყველაფერი? პრეზიდენტის ვიზიტი ჩაიშალა. და ეს მას მერე მოხდა, რაც „მოქალაქე“ ივანიშვილი გამოვიდა და ორჯერ ორი ოთხია – პრემიერი უნდა წავიდესო. მარტო ეს რომ ეთქვა, რა უჭირდა. მოჰყვა და ყველაფერი წააძახა – პრეზიდენტის სასახლეში შესვლაც, ვეტოს დადების მცდელობაც, გრიფის არმოხსნაც. მოკლედ, ყველა ის ნაბიჯი, რაც თავად არ ეამა. მას ღარიბაშვილი განსაკუთრებით ეფექტურად მიაჩნია, მარგველაშვილი კი მის ხელისშემშლელად – რომელიც, თურმე, ეფექტურ მთავრობას კონკურენტად მიიჩნევს და ხელის შეშლას ცდილობს. „განა, ლამაზი იქნება, ორი, ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა პატარა, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში, მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდევს არაფრად და ისევ კონკურენციას აგრძელებს“, – ასე აგრძელებს მარგველაშვილის ჯირყვნას და არად დაგიდევთ იმას, რომ „ეს კაცი“ თავად მან აარჩევინა საქართველოს. თურმე ნუ იტყვით და ლამაზი არ იქნება ღარიბი ქვეყნიდან ორი დელეგაციის წასვლა ამერიკაში და პრემიერის წასვლა ბრძანა!

და ორივე რომ ერთ დელეგაციაში ყოფილიყვნენ და ისე წასულიყვნენ ამერიკაში? ამაზე ბიძინაც დუმს და მისი განმმარტებელნიც და მაამებელნიც. თუ ბიძინას ვერწმუნებით, ორჯერ ორი ოთხია და პრემიერი უნდა წავიდეს, რადგან ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და საპარლამენტო რესპუბლიკებიდან პრემიერები ჩადიან.

და აი, იქმნა ნათელი, უკვე მერამდენედ! არჩევნებში გამარჯვებიდან მეორე დღესვე გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ჰქონდა წაკითხული საქართველოს კონსტიტუცია. ახლა, 2 წლისთავზე კი, ირკვევა, რომ მას ჯერ კიდევ არ წაუკითხავს კონსტიტუცია და ჰგონია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში „აგვარებს“. არადა, დღეში თითო სტრიქონი რომ წაეკითხა, წესით, უნდა ჰქონოდა წაკითხული. გიგო თხამ ააყირავა კითხვისას. ბიძინა? – პინგვინმა თუ ზებრამ?

იქნებ, შეერთდნენ ამა ქვეყნის კონსტიტუციონალისტები და გამოსცენ ადაპტირებული, იოლად საკითხავი კონსტიტუცია? ეს ქვეყანა არაა საპარლამენტო რესპუბლიკა და დედამიწაზე ვერ ნახავს საპარლამენტო ქვეყანას, სადაც ხალხი ირჩევს პრეზიდენტს! ამ ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში კონსტიტუციით წარმოადგენს მისგან მოძულებული პრეზიდენტი და არა მისგან ნაქები „განსაკუთრებით ეფექტური“ პრემიერი. სახელმწიფოს მეთაური მარგველაშვილია და არა ღარიბაშვილი.

ივანიშვილი ცდილობს და დგება კონსტიტუციაზე მაღლა. კულისებიდან გამოჩნდება და გვახსნებს, რომ ამ ქვეყანაში მისი ნებაა უზენაესი და არა კანონი! მისი ნებაა და ციხეში გამოკეტავს, ვისაც უნდა, მისი ნებაა და საქართველოდან გააძევებს წინა პრეზიდენტს, მისი ნებაა და ამერიკაში არ გაუშვებს მოქმედ პრეზიდენტს. მისი ნებაა და ჩვენ, ჟურნალისტებს „აგვხსნის ტაბუს“ და ისევე როგორც თავის დროზე მარგველაშვილის ჯირყვნაზე აუნთო მწვანე კოალიციას, ახლა ჩვენზე უნთებს ამ „სვეტაფორს“. „გვაგუებს“ აზრს, რომ ჩვენ, მედიაში მომუშავე ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და უნდა ვექვემდებარებოდეთ კონტროლს და თუ გნებავთ – კრიტიკას. დიახ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ არ ვართ რაღაც განსაკუთრებული ხალხი და ვართ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები. მეც და ჩემმა კოლეგებმაც ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები ვართ, მაგრამ თავად თუ ახსოვს, რომ ასეთივე რიგითი მოქალაქეა დღეს და არაფრით მეტი? და „ის კაცი“, რომელსაც გულდაგულ ჯირყვნის, საქართველოს პრეზიდენტია?

და საერთოდ, რას ნიშნავს „კონტროლს დაქვემდებარება“? ბარემ, ცენზორები დაგვინიშნეთ, ან როგორც მანანა კობახიძე (უკაცრავად, გვანანა კობახიძე) გვემუქრება, – შუბლი გაგვიხვრიტეთ? აკი, გვიბრძანა კიდეც ქალბატონმა კობახიძემ, – მეუღლემ, ძმამ, ან შვილმა შუბლი თუ გაუხვრიტა, მერე არ თქვან, კრიმინოგენური ვითარება დამძიმდაო. თურმე ადამიანებს არ ჰქონიათ შეურაცხყოფის თმენის ვალდებულება და შეურაცხყოფისას შეურაცხმყოფელს სასამართლოში კი არ უნდა უჩივლონ, პირდაპირ შუბლში უნდა დააჭედონ! და თან ისე, რომ იზორიას სტატისტიკაშიც არ მოხვდეს ეს ფაქტი და კრიმინოგენური ვითარება არ დაამძიმოს! მერე სრულიად საქართველო რომ აიჯაგრება, გამოვა და განგვიმარტავს, რომ თურმე ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ!

დავუბრუნდეთ მთავარს. მთავარი კი ისაა, რომ დღეს ადამიანი, რომელსაც ფორმალურად არანაირი პოსტი არ უკავია და არაფერზე პასუხისმგებელი არაა, დგას კანონზე, კონსტიტუციაზე მაღლა და თაბორის მთიდან, ვითარცა ზევსი, განაგებს ჩვენს ბედს – ყველას ბედს, რიგითი, ჩვეულებრივი ადამიანებისასაც და პრეზიდენტისაც – არ აძლევს მას საშუალებას, შეასრულოს კონსტიტუციური ვალდებულება, საქვეყნოდ ამცირებს!

რას ვემსგავსებით? ნიკა რურუას თქმისა არ იყოს, – ყადაფის ლიბიას? სადაც ყადაფი არანაირ თანამდებობაზე არ იყო, თუმც კი ყველაფერი მისი ნების შესაბამისად იმართებოდა? რა ვიქნებით? ქვეყანა, რომელსაც არა სახელმწიფო, არამედ ივანიშვილის ჯამაჰირია ერქმევა?

აი, რატომ ვიცავ მარგველაშვილს და რატომ ვიწონებ მის თუნდაც სუსტ გაბრძოლებებს ამ ყოველივეს წინააღმდეგ. მერე რა, რომ ეს ნაბიჯები ჯერ სუსტია, ჯერ კიდევ კუს ნაბიჯებია, რომელიც იმ ჯამაჰირიას გვაშორებს და მერე რა, რომ იქნებ ღირსიცაა დღეს, ასე რომ ექცევიან, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა სცოდნოდა, რაც მოელოდა მას და რასაც მოელოდნენ მისგან?..

დიახ, მანაც უნდა ზღოს, რადგან ივანიშვილს არაერთხელ აამა და სამშობლოს ატკინა, ატკინა, როცა თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. უნდა ზღოს, მაგრამ არა ისე, რომ ეს გულნატკენი სამშობლო ჯამაჰირიად იქცეს.

                                                                                              რეზო შატაკიშვილი