განვეშოროთ აფხაზეთს, დავასრულოთ სასარგებლო იდიოტობა _ მათ ძმობა არ სურთ!

არ ვიცი, ვინ გამომყვება მსჯელობაში და ვინ აიღებს ქვას „გაღმა თუ გამოღმა ნაპირზე“, მაგრამ ამ თემაზე დისკუსიის გახსნა ნამდვილად ღირს. აფხაზეთი! პირველი, რაც მინდა ვიკითხო, ალბათ, ეს უფრო „გაღმა ნაპირზე“ მცხოვრებთა გასააზრებელია: „ეს არის ის საოცნებო დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რისთვისაც იბრძოდით?“
ვეცდები, მაქსიმალურად დელიკატური ვიყო და კითხვას უფრო მწვავედ არ ჩამოვაყალიბებ. მაგრამ დასაზუსტებლად აქვე მოვაყოლებ, _ ამ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შეეწირა ათი ათასობით სიცოცხლე? აქაც არ დავაკონკრეტებ _ რომელ მხარეს რამდენი.
გამოღმელებს კი ასევე ვკითხავ: „გვახსოვდეს ფახაზეთი! და მორჩა?“ არც აქ გავამძაფრებ ვითარებას და არ გავაშიშვლებ იარებს _ უპატრონო საფლავებზე, დაკარგულ სახლ-კარსა და სულ სხვა აისსა თუ დაისზე საუბრით.
მოკლედ, ახლა აფხაზეთზე ვისაუბრებ.

აფხაზებს ძალიან არ მოსწონთ, როდესაც ჩვენ, „აქ _ გამოღმა“, ვამბობთ, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია. ისინი ამბობენ, რომ ომში გაიმარჯვეს და დამოუკიდებლობა მოიპოვეს. მათთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, მართლა მათ გაიმარჯვეს თუ არა ომში, არც იმას _ ვისი მეშვეობით, ვის მხარდამხარ და ვის წინააღმდეგ გაიმარჯვეს. მათთვის მთავარია _ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ!
აფხაზისთვის აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ნუ, ამ ხაზგასმას შიგადაშიგ თავისუფალსაც მიაყოლებენ, მაგრამ ამ სიტყვას დიდი რიხით მაინც ვერ ამბობენ. „ის ჰიმნი“ ახსოვთ მაინც _ „თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური…“ მუსიკა ხომ ახლაც იგივე ისმის. არც იმაზე ვაპირებ საუბარს _ ვინ აფხაზია, ვინ _ აფსუა და ვინ _ სხვა… დღეს ეს არაფერს ცვლის, მით უფრო, მათ მიაჩნიათ, რომ… ჰო, არ მინდა ამის განვრცობა. არც იმ სენტიმენტებზე მინდა ვისაუბრო, რასაც თუნდაც მკვლევრისა და არაერთი მონოგრაფიის ავტორის, პაატა ქურდოვანიძის „ქართულ-აფხაზური ალბომი“ აღძრავს. ალბომი, რომლის ბოლო გვერდის დახურვის შემდეგ, ასე, 20 წლის აფხაზი ყმაწვილი ლოგიკურად ჰკითხავს მამას, ბაბუას: „ეს ყველაფერი თუ სიმართლეა, თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?“… ეს ცუდი ტონი ამ ერთხელ უნდა მომიტევოთ, რადგანაც ამაზე უფრო უარესი ფრაზა მაქვს მონასმენი საკუთარი მშობლების მისამართით ერთი გონიერი აფხაზი ყმაწვილისგან, რომლის გვარსაც აქ შეგნებულად არ ვასახელებ. ეს თავის არიდება ვერანაირად მატებს ღირსებას იმ ადამიანებს, ვის გამოც ვარ იძულებული, თავი შევიკავო _ ანუ აფხაზური ელიტისა თუ „სახელმწიფოს“ წარმომადგენლებს. ისე მაინც ვპერსონიზდები და სერგეი შამბას ვკითხავ, _ ეს ის აფხაზეთია? მის შინაგან პატიოსნებას ვენდობი _ მჯერა, არასაჯაროდ სინანულით ჩაქინდრავს თავს და ბევრ რამეზე დაფიქრდება. რატომ სერგეი შამბას? მასთან არაერთი ინტერვიუ ჩამიწერია სხვადასხვა დროს და ამიტომ, თორემ, უამრავ გვარსახელს ჩამოვწერდი კითხვის ადრესატად.
გაღმელებს ერთ რამეს ვეტყვი: რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, საქართველოსთვის აფხაზეთი აფხაზეთი იქნება! რას ვგულისხმობ, ამასაც არ განვავრცობ, მიხვდებით და ვერც ერთი მთავრობა ვერც ერთ პოლიტიკურ „რასკლადში“ საკუთარ თავზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, მასზე უარი თქვას. ანუ ოფიციალური თბილისი არასოდეს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, საქართველოს დედაქალაქში რუსი „ნამესტნიკიც“ რომ იჯდეს. ეს მაინც ისე _ დათქმად, კარგად რომ იცოდნენ და ესმოდეთ „იქ _ გაღმა“.

***
კარგით, კარგით, თავი დავანებოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ აფხაზურ ენაზე „ზრუნვის“ დემონსტრირების ფაქტს. არ გინდათ თქვენი ენა და გსურთ რუსულად საუბარი? _ თქვენი არჩევანია! არ გინდათ საქართველოსთან ურთიერთობა და ამ მუდმივი დაძაბულობის დასრულება? _ თქვენი არჩევანია!
მაგრამ აქაც მაქვს რამდენიმე კითხვა, _ შვილებს რას უშვრებით? განა, მათთვის არ „მოიპოვეთ“ ეს დამოუკიდებლობა? ჰო, იმ შვილებს, რომლებსაც გამალებული ასწავლით რუსულსა და ინგლისურს, მაგრამ ცხადად ხვდებით, რომ „იქ, გაღმა“ მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ თქვენი მოჭარბებული ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ჰო, ამიტომ ცდილობთ, სასწრაფო წესით რუსეთის პასპორტები ააღებინოთ და მერე უცხოეთში გაუშვათ, იქ ასწავლოთ, დაასაქმოთ. დაგითვლიათ, რამდენი დაბრუნდა და დაბრუნდება უკან? ვისთვის გინდოდათ და გინდათ ეს დამოუკიდებლობა, თუ „თქვენი გაღმა ნაპირი“ თქვენი შვილების გარეშე იქნება? ვაიმე, ახლა დემოგრაფიულ ზრდაზე არ დამიწყოთ საუბარი _ გვარგადაკეთებული ქართველებისა და სომხების ან ჩრდილოკავკასიელების ხარჯზე. თქვენს შვილებზე გეკითხებით, „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ რუსეთის მოქალაქეებზე. და მათი შვილები? კარგით, ესეც თქვენი ნებაა! თუ თქვენ ფეხებზე გკიდიათ, ვინ იქნებიან „თქვენი დამოუკიდებელი აფხაზეთის“ მოქალაქეები და ისიც, ვისი მოქალაქეები იქნებიან თქვენი შვილები, დაუბრუნდებიან თუ არა ისინი საკუთარ _ „დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, თქვენი პოლიტიკის გადასაწყვეტია. მაგრამ თავს რომ იტყუებთ, არაფერი? და რამდენიც არ უნდა მეპაექროთ აქ, ამას დრო და ისტორია გასცემს პასუხს. ამიტომ ვერც ერთი ღრმადგანსწავლული და დემაგოგ-პოპულისტი კრიტიკოსის პასუხს თუ არგუმენტს არ მივიღებ. რატომ? იმიტომ რომ _ თქვენი არჩევანია! მოკლედ, თქვენი ყოფა, თქვენი მდგომარეობა და თქვენი მომავალიც _ თქვენი არჩევანია! არაფერში არ გედავებით!

***
ახლა გამოღმა ნაპირზე მყოფებს უნდა მივმართო! ოჰო, აქ მელოდება რისხვა, თუ მელოდება, მაგრამ მაინც ვიტყვი, მით უფრო, რომ რამდენიმე ასეთი მოსაზრება უკვე მოსმენილი მაქვს და მგონი, ქვების სროლას მაკმარებენ!
არ უნდა ამ ხალხს ჩვენთან ცხოვრება და მოვრჩეთ სისულელეებს, ერთ სტადიონს რომ გაავსებს ისეთ ერზე. თუ ერთი ადამიანის უფლება და ნება არის გასათვალისწინებელი, ეს მოცემულობაც უნდა მივიღოთ, რომ არ ვუნდივართ! მე არ მჯერა აფხაზების გულწრფელობის, რომ დამოუკიდებლობა უნდა ვუღიაროთ და მერე კეთილმეზობლურად ვიცხოვროთ. არა! არაფერს ვუღიარებთ არასოდეს, ეს უნდა იცოდნენ და კეთილმეზობლურადაც რომ ვერ ვიცხოვრებთ _ ესეც. აქ ომს არ ვგულისხმობ არანაირად და აქეთ ნუ მიმართავთ ფიქრებს. მეზობლები, შესაძლოა, არ ომობდნენ არ ჩხუბობდნენ, მაგრამ ასეთ ვითარებაშიც არ იყოს მათ ურთიერთობაში სიამტკბილობა.
პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. მათი მხრიდან კომპრომისი არ არსებობს _ მათ სურთ და ამბობენ, რომ დამოუკიდებლები არიან და არ ვუნდივართ. მზად არიან, წვეთ-წვეთ დალიონ ჩვენი სისხლი, გაანადგურონ ჩვენი ენა და მოსახლეობა აფხაზეთში, შესაბამისად, რომელ კეთილმეზობლობაზეა საუბარი, იდიოტები თუ არ ვართ? ამ საკითხში პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ, მით უფრო, სენტიმენტების მოხმობას „ქართულ-აფხაზურ ალბომზე აპელირებით“. არც ისტორია უნდათ მათ ან უნდათ ისე, როგორც სურთ. ვერ გააღვიძებ ამ ადამიანებში წარსულს ისე, რომ მოვიდეს და მკერდში ჩაგიკრას. „მორდუ?“ _ არა! არც ეგ სჭირდებათ. ისინი მიზანმიმართულად ქმნიან საკუთარი შვილების რუსულ პერსპექტივას. ეს უნდა გავიაზროთ.
რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ და ვაღიაროთ _ ჩვენ „მათ“ დაგვამარცხეს! ომში დაგვამარცხეს! და ეს ახლა გინდა დავაქუცმაცოთ და გინდა გავშალოთ _ შედეგს არ ცვლის. ჩვენთვის აფხაზეთი ოკუპირებულია, მათთვის ეს ვითომ შეურაცხმყოფლად ჟღერს და აცხადებენ, რომ დამოუკიდებლები არიან და გავიმეორებ _ შვილების პერსპექტივას კრემლში ან რუსეთის დუმაში ხედავენ. უფრო გონიერები _ ევროპასა და ამერიკაში, მაგრამ ისევ რუსეთის გავლით. და ჩვენ რატომ არ ვიღებთ ამას მოცემულობად? რატომ არ ვამბობთ, რომ აფხაზეთი ჩვენთვის არასოდეს იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ მას და აქ რატომ არ ვხურავთ თემას? მეტყვით, ეს მოცემულობაა და არც არასოდეს ვაღიარებთო, მაგრამ თემას რატომ არ ვხურავთ?
თემის დახურვაში იცით, რას ვგულისხმობ? ახლავე ავხსნი, ანუ უფრო სწორად, ვიტყვი, რას გავაკეთებდი და რა უნდა გავაკეთოთ:

1. ჩვენ უნდა მივმართოთ „იქ _ გაღმა ნაპირზე“ დარჩენილ ქართულ მოსახლეობას და ვუთხრათ, _ წამოდით! წამოსულებს კი ყველა პირობა შევუქმნათ აქ ცხოვრებისთვის. სხვაგვარად როგორ გამოდის? ქართულ მოსახლეობას „ოფიციალური სოხუმი“ (ნახეთ, შეგნებულად არ დავწერე ან მარიონეტული, ან სეპარატისტული…) საარჩევნო ხმად იყენებს და მერე ამ ადამიანების მიერ არჩეული ლიდერები საქართველოს ებრძვიან. არ დამიწყოთ ახლა, რომ აქ ისედაც დიდი გაჭირვებაა და ვერ ვუპატრონებთ. ჩვენ მათ უნდა მივცეთ მინიმალური: სახლი და დახმარებები იმაზე ორჯერ მეტი ოდენობით, ვიდრე იქ აქვთ. დანარჩენი მათ უნდა შეძლონ. ეს სახელმწიფოებრივი აზროვნებაა. არა? არ უნდათ ასე? სურთ, რომ იქ იყვნენ, იმათთან, ვინც გვებრძვის? კი ბატონო _ ეს მათი არჩევანი იქნება და პარიზისა თუ სტრასბურგის ქუჩებში „კარვების ქალაქებში“ მყოფი _ საქართველოზე უარის მთქმელი ქართველებივით _ მიხედავენ საკუთარ თავს. მძიმე ვერდიქტია, მაგრამ სამართლიანი _ არ გინდივარ _ შენი ნებაა, ვერ და არ გაიძულებ, ჩემთან იყო;
2. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ყველა სახის მიმოსვლა გაღმა-გამოღმა (სხვათა შორის, იგივე უნდა გავაკეთოთ შიდა ქართლში). გონიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, დროებით ადმინისტრაციული საზღვარი რუსებმა კი არ აშენონ, არამედ ჩვენ აღვმართოთ. არანაირი ვაჭრობა და ჰუმანიტარული დახმარებები. არანაირი მკურნალობა, არანაირი დახმარება _ „ადამიანი“ დასანახად ვერ გიტანს, ეზიზღები, მზად არის, გაგანადგუროს და რა ჰუმანიზმს თამაშობ? მიბრძანდეს, ბატონო და „სოჩაში“, კრასნოდარში, მოსკოვში იმკურნალოს და აქ გამონაკლისები დასაშვები არ არის! ძალიან არაჰუმანურია. ერთი შეხედვით, _ კი! მაგრამ პოლიტიკურად პრაგმატული და თუ იმავე ჰუმანიზმის პრიზმაში გავხედავთ საკითხს, ჰუმანურიც გახლავთ. შენ შვილისა და მშობლის საფლავზე არ მიმიშვა, ჩემს სახლში გააფხაზებული და მერე გარუსებული ტიპები ჩაასახლო და მე შენი სიცოცხლისთვის ვიბრძოლო? უნდა დასრულდეს ეს უაზრო სტოკჰოლმის სინდრომი და მოჩვენებითი ჰუმანიზმი. მით უფრო, ახლა ცხელი ომი არ მიმდინარეობს, სადაც მტრისადმი პატივიცემისა და მისი ღირსების შენარჩუნების ვალდებულება არსებობს. არც „სტუმარ-მასპინძლის“ მათავარი სათქმელია გასამეორებელი _ მტერი არ არსებობს! (ლ. ბერძენიშვილის საოცარი ახსნა). ამიტომაც ეს მოჩვენებითი ჰუმანიზმი უნდა დავამარცხოთ ჩვენში;
3. ზემოთაც ვთქვი და ახლა მკვეთრად გავიმეორებ: ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე ჩვენ უნდა ავაშენოთ კედელი _ გნებავთ, სხვა სახის ბარიერი და მკაცრად ვაკონტროლოთ, რომ ჩიტმაც ვერ გადაიფრინოს ჩვენი ნებართვის გარეშე;
4. ქართულმა სპეცსამსახურებმა უნდა შექმნან მექანიზმი და ამის მიღწევა ადვილია, რომ არსებობდეს „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ თითოეული მოქალაქის სია, მათ შორის იმათი, რომელთაც აქვთ რუსული პასპორტები და საერთაშორისო თანამეგობრობასთან „გაფორმდეს ხელშეკრულება“, რომ ვერც ერთი „აფხაზეთის მოქალაქე“, მათ შორის, რუსულპასპორტიანი, ვერ მოხვდება ევროპაში, აშშ-ში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, იქნებიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ამაზე ძნელად გამოგვყვებიან, მაგრამ ამის დაძლევის არაერთი გზა და ხერხი არსებობს _ იმავე საერთაშორისო ზეწოლის, სანქციების გამოყენებით;
5. აფხაზეთიდან ცივილიზებულ სამყაროში მოხვედრის ერთადერთი გზა უნდა იყოს თბილისი და საქართველოს პასპორტი. ყველა სახის ბენეფიტის, დახმარების, ჰუმანიტარული, სამედიცინო თანადგომის გზა უნდა გადიოდეს საქართველოს სახელმწიფოს პასპორტზე. ეს პასპორტი სადღაც სკივრში შენახული არ უნდა გახლდეთ, რომელსაც ჩვენს გასაბრიყვებლად გამოაცურებენ პერიოდულად, არამედ ინფორმაცია თითოეული პერსონის შესახებ უნდა იყოს საჯარო. მეტიც: ქართულმა სახელმწიფომ ყველა სახის პრივილეგია უნდა შეუქმნას ასეთ ადამიანებს, დაწყებული სწავლა-განათლების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფით და სხვადასხვა სახის დახმარების გაწევით დასრულებული, მათ შორის, ფულადი კომპენსაციებით. არ მოისურვებენ? რა პრობლემაა? _ მათი ნებაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ნება უნდა გვქონდეს და მუდამ მათ ჭკუაზე არ უნდა ვიაროთ და მათ დაკრულზე არ უნდა ვიცეკვოთ.
მესმის, რომ ბევრი „აქ _ გამოღმა ნაპირზე“, იტყვის, რომ ეს არის მოწყვეტა! არა! ჩვენ ახლა ვართ მოწყვეტილები და ახლა გვაბიაბრუებენ, ახლა ვიტყუებთ თავს „სახალხო დიპლომატიით“, აფხაზური ენის გადარჩენაზე საუბრით, იმით, რომ ვფიქრობთ _ გადარჩენილი სიცოცხლის შესახებ ხმები გავრცელდება და აფხაზები გულში ჩაგვიკრავენ. არა! უნდა დასრულდეს სასარგებლო იდიოტობის დრო ამ ქვეყანაში! ჩვენ მკვეთრად და გასაგებად უნდა ვთქვათ _ ჩვენ ჩვენი წესები გვაქვს! ვხედავთ და ვაანალიზებთ რეალობას და სწორედ ამიტომ ვაწესებთ ჩვენს წესებს. გინდათ? _ იქნება ასე! არ გინდათ? _ თქვენი ნებაა, რადგან მაინც ასე იქნება!
ამ ფონზე არაფერს ვამბობ ანაკლიის პორტისა და სამეგრელოს განვითარების ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ და გორშიც დავიწყოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხორციელება. რატომ? ამ უაზრო კითხვასაც ნუ დასვამს ნურავინ!
მოკლედ, ასე:
„იქ _ გაღმა ნაპირზე“, დამოუკიდებლობანას თამაშობენ და თავისუფლებაზე საუბარი უჭირთ;
„იქ _ გაღმა ნაპირზე“, ზოგჯერ დაგვცინიან იმის გამო, რომ პოლიტიკურად არეულები ვართ;
„იქ _ გაღმა ნაპირზე“, ჩვენ გვიწუნებენ ეკონომიკურ მდგომარეობას;
„იქ _ გაღმა ნაპირზე“, ფიქრობენ, რომ ისინი არიან სიტუაციის დირექტორები, რადგან ომი „მოიგეს“ _ ეს მათი ფიქრია და მათი ლოგიკაა და არც ვედავები.
ან რა ვედავო ადამიანებს, რომლებიც „დამოუკიდებელ ქვეყანაში“ ცხოვრობენ და ერთი სული აქვთ, სხვა ქვეყნის პასპორტებს როდის ჩაიდებენ ჯიბეში თავად და მათი შვილები. რა ვედავო ადამიანებს, რომლებიც საკუთარი შვილების პერსპექტივას სხვა ქვეყანაში ხედავენ?! რა ვედავო იმათ, ვისაც ურჩევნია, „მისი ქვეყანა“ ეგზოტიკურად დამოუკიდებელი იყოს და დღე და ღამე იმაში ფიქრში ათენებს, ოკუპანტს (რომელიც მეგობრად მიაჩნია) ბევრი ფული დასტყუოს. რომელ ჰუმანიზმზე ვესაუბრო იმას და ვუმკურნალო ჩემს საავადმყოფოში, რომელიც დას ძმის დასატირებლად არ უშვებს? ვის ვესაუბრო დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე? იმას, ვისაც „საზღვარზე“ სხვა ქვეყნის ჯარი უდგას და იმდენსაც ვერ ხვდება, რომ განვლილი გაკვეთილების გათვალისწინებით თბილისი სოხუმის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებს? ვის ვესაუბრო? იმ ადამიანებს, რომლებმაც „საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზად აქციეს“ და განა, მათ დასაცავად, არამედ, პირველ რიგში, იმ თურქეთის წინააღმდეგ. თურქეთის, რომელსაც მრავალი აფხაზი საკუთარ მხსნელად და იმედად მიიჩნევს. და ამათ თურქეთის ხელისუფლება იდიოტი ჰგონიათ? ამიტომაც არავისთან _ განსაკუთრებით აფხაზურ მხარესთან _ დავას არ ვაპირებ! _ აზრი არ აქვს!
მაგრამ დავას ვაპირებ ქართულ მხარესთან: დავასრულოთ ეს სასარგებლო იდიოტების პოლიტიკა; დავასრულოთ _ „აფხაზი ძმები“; დავასრულოთ _ „გვახსოვდეს აფხაზეთი!“ („ლენინ ვსეგდა ბუდეტ ჟიტ“, _ ასე რომ ისმის); დავასრულოთ _ გულწრფელი თუ მოჩვენებითი ჰუმანიზმი! დავასრულოთ ილუზიებში ცხოვრება! ჩვენ ახლა გვჭირდება შესაძლოა, არაპოპულარული, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯები ამ მიმართულებით და ეს ნაბიჯები უნდა გადავდგათ. არ გადავდგამთ დღეს, გადადგამენ ხვალ! უბრალოდ, ისევ დავაგვიანებთ დიდი ხნით, ისევ ილუზიებში ცხოვრებას გავაგრძელებთ და ისევ მოვიტყუებთ თავს. ზემოთ მოყვანილ იმ ხუთ პუნქტს უამრავი დეტალი ახლავს. მაგრამ დაუძლეველი წინააღმდეგობა არ არსებობს. სწორად უნდა გავიაზროთ, იმათ _ „იქ _ გაღმა ნაპირზე“ ჩვენ არ ვჭირდებით და ჩვენ ნუ ვეტენებით! არ ვუნდივართ და მაშინ იარონ იმ გზით, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავთ და არა იმ გზით, რომლითაც სიარულს თავად გვაიძულებენ.

P. S. ძალიან გთხოვთ, რელიგიურ კონტექსტს ნუ შემოიტანთ საუბარში და აფხაზეთში ქართულ სიწმინდეებზე ნუ გამიხსნით დიალოგს. დაასრულეთ _ დავასრულოთ ილუზიებში ცხოვრება და ქართული კართაგენის _ საპატრიარქოს ტყუილებით საზრდოობა.

გოჩა მირცხულავა