გოჩა ჯოჯუა: „ივანიშვილი პარტნიორებს ვერ იტანს, რაც ცუდი მისთვის კი არა, ქვეყნისთვისაა!“

რა მსგავსებაა პოლიტიკასა და ბანქოს შორის? _ ერთი შეხედვით, არაფერი, მაგრამ თუ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუას წინამდებარე ინტერვიუს გულდასმით წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ პოლიტიკა ჩვეულებრივი აზარტული თამაშია, სადაც წარმატების მისაღწევად მოთამაშეები სხვადასხვა ჯოკერს იყენებენ ხოლმე.
გოჩა ჯოჯუას ინტერვიუ იმასაც ნათელყოფს, რომ ამ ეტაპზე ყველა პოლიტიკური ჯოკერი მიხეილ სააკაშვილის ხელშია, თუმცა ამის მიუხედავად, „ოცნების“ დამარცხება ადვილი მაინც არ არის და ამის მიზეზი _ გინდ დაიჯერეთ, გინდ არა _ ისევ საქართველოს მესამე პრეზიდენტია, ანუ ჯოჯუას ვერსიით, თუ უკრაინის მოქალაქეობა დაბრუნებული სააკაშვილი ოპოზიციის უპირობო ლიდერი იქნება, ეს ივანიშვილს, ერთგვარად, მწვანეს აუნთებს, რომ ხელისუფლებაში დარჩეს.

მოკლედ, როგორია ქართული პოლიტიკური ბანქო და ვინ გაიხიშტება 2020-ში? _ „ქრონიკა+“ ესაუბრება გოჩა ჯოჯუას, რომელიც დიდი ხანია, პოლიტიკაშია და შესაბამისად, პოლიტიკურ თამაშებსა და კულუარებშიც კარგად ერკვევა:

_ ბატონო გოჩა, „ნაციონალებს“ ტაშ-ფანდური აქვთ და სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლას ზეიმობენ. „ოცნება“ კი იხტიბარს არ იტეხს და გვარწმუნებს, მიშას მაინც დავიჭერო. ამასობაში სოციალური ფონი მძიმდება. მოკლედ, პური გვაკლია, თორემ სანახაობა უხვად გვაქვს, არა?
_ ვფიქრობ, საქართველოს საზოგადოებამ რეალობის შეგრძნება დაკარგა, თუმცა ეს საზოგადოების ბრალი არ არის, რადგან მედიასაშუალებების მეშვეობით, რომლებიც აზრის ფორმირებაში მონაწილეობენ, ყურადღების გადატანა ხდება.
ყველაფერ ამაში კი პოლიტიკური ინტერესებია ჩადებული, ერთი მხრივ, ხელისუფლებაში დარჩენის და, მეორე მხრივ, ხელისუფლებაში მოსვლის. მოკლედ, ეს ორი ძალა ერთმანეთს კვებავს, ანუ ივანიშვილი სააკაშვილს ისევე კვებავს, როგორც საკაშვილის ნებისმიერი ქმედება _ ივანიშვილს, ანუ სანამ საქართველოში ხალხს ექნება განცდა, რომ ივანიშვილის წასვლა სააკაშვილის მოსვლას ნიშნავს, ამ ბორბალში ვიტრიალებთ და ამ ბორბლის, ასე ვთქვათ, გაწყვეტის საშუალება თითქმის არ იქნება. არადა, რეალურად, ერთი რამ უნდა მოხერხდეს და, სხვათა შორის, ეს პროცესი დაწყებულია _ ნიკა მელიამ და გრიგოლ ვაშაძემ, ემოციური კი არა, ვფიქრობ, კარგად გათვლილი ქმედებით, საზოგადოებას, გარკვეულწილად, დაანახეს, რომ სააკაშვილი თავის პოლიტიურ გუნდში და ასევე გაერთიანებულ ოპოზიციაში სიტუაციას მარტო აღარ მართავს.
_ მელიას ქმედებაში იმ განცხადებას გულისხმობთ, რომელიც მან 19 მაისს, შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე გააკეთა?
_ დიახ. ის და მიშა, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში საუბრობდნენ და ამ საუბრიდან ყველაზე მთავარი გამოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის ყველა ბრძანებას ასრულებს. არადა, ამას მიშა მიჩვეული იყო.
_ ამ საჯარო „რაზბორკების“ მერე ვითარება შეიცვალა, ანუ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაიბრუნა და დღეს უკვე კიევშია. შესაბამისად, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთლიანად უკრაინაზე კონცენტრირდება და ჩვენს პოლიტიკას დროებით მაინც თავს დაანებებს?
_ არა, სააკაშვილისთვის გეოგრაფიულ მდებარეობებს მნიშვნელობა არ აქვს.
ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია, მიშა პოლიტიკური ფიგურა და, როგორც ვამბობთ ხოლმე, პოლიტიკური ცხოველია, ამიტომაც მისთვის უკრაინაც კოზირია და საქართველოც. შესაბამისად, ეცდება, რომ ორივე გამოიყენოს. მერე რა, რომ უკრაინაშია, საქართველოში გავლენა რატომ უნდა დაკარგოს?
_ არ ვამბობ, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე საერთოდ აიღებს ხელს, მაგრამ იმ ხმას გავყვეთ, რაც პოლიტიკურ კულუარებში ვრცელდება, ანუ ერთი ვერსიით ზელენსკიმ მიშა, შესაძლოა, საქართველოში უკრაინის ელჩად მოავლინოს…
_ არ მგონია, რომ ეს სააკაშვილის გეგმებში შედიოდეს. მას გარკვეული მიზნები ჯერ უკრაინაში აქვს _ ეცდება, რომ საქართველოში ჩამოსასვლელი „კარტები“ მაქსიმალურად აკრიფოს, მაგრამ ეს „კარტები“ ელჩობა ნამდვილად არ იქნება.
ისე, რაც უკრაინის მოქალაქეობა დაიბრუნა, პარტიაში სააკაშვილის რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა, მაგრამ თუ საქართველოში მისი დაბრუნების შიში არ დაიძლია, ივანიშვილი ხელისუფლებიდან არ წავა!
სხვათა შორის, ამას, სააკაშვილის გარდა, მის გუნდში ყველა ხვდება, თუმცა არ ვიცი, მისი მეუღლე რას ფიქრობს.
_ ამ დღეებში სანდრა რულოვსმა სოციალური ქსელით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზს უსვამს, ხალხი შუშის სასახლესთან აუცილებლად მივა და „ოცნების“ ხელისუფლებას დაასრულებსო, თუმცა „ოცნების“ დასრულება-არდასრულების თემა ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და ის ვერსიაც განვიხილოთ, თუ სააკაშვილის უკრაინული პარტია რადას რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ზელენსკისთან სამთავრობო კოალიციას შეკრავს, ამით „ოცნება“, მინიმუმ, მორალურად გატყდება, არა?
_ ახლა „ოცნებაში“ ძალიან სწორი პროცესები მიდის _ იშლება!
სხვათა შორის, ყოველთვის ასეა _ ორი მოწვევის შემდეგ ხელისუფლება მორალურად ძველდება ხოლმე. ახლა სწორედ ეს ციკლია დაწყებული, თუმცა ერთადერთი, ვისაც „ოცნების“ გადარჩენა შეუძლია, სააკაშვილია.
_ უკაცრავად, ალბათ, გინდოდათ გეთქვათ, „ოცნების გადარჩენა ივანიშვილს შეუძლიაო და შემთხვევით სააკაშვილი წამოგცდათ?
_ არა. ივანიშვილს სააკაშვილის საფრთხე გადაარჩენს!
_ როგორ?
_ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ 800 ათასი ხმა მიიღო, მაგრამ ეს, რეალურად, სააკაშვილის ხმები არ არის, ანუ გაერთიანებული ოპოზიცია მხოლოდ მიშაა არაა და ეს არის „არა ბიძინას“, თუმცა მოსყიდვა და ხელის გადაგრეხა, რაც მეორე ტურში ვნახეთ, 2020-შიც ისევ იმუშავებს, თუ იქნება ფაქტორი, აი, სააკაშვილი მოდისო.
იმის თქმა, სააკაშვილი მოდისო, ჩვეულებრივია, ანუ ის, როგორც ფაქტორი, პოლიტიკური საბჭოს მექანიზმში სწორად უნდა იყოს ჩადებული და „ქართული ოცნება“ ყველასთან ერთად შეცვალოს, მაგრამ თუ ივანიშვილი მარტო სააკაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს, მაშინ გეუბნებით, რომ 2020 წელსაც, დაახლოებით, ისეთივე სურათი იქნება, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე იყო.
მართალია, უკრაინაში ჩასვლით სააკაშვილს მაშველი რგოლი გადაუგდეს, მაგრამ არ მგონია, რომ 2020-ში მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს. სხვათა შორის, აქ მნიშვნელოვანი პუტინისთვის გაგზავნილი მესიჯიცაა.
_ რას გულისხმობთ?
_ გვარამიასთან ინტერვიუს დროს სააკაშვილმა პირდაპირ თქვა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგებოდა, მზად ვიყავი, ნატოზე უარი მეთქვაო. ეს მესიჯი მოსკოვმა მიიღო!
_ ბატონო გოჩა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, საუბარი რა კალაპოტში გადაგყავთ.
_ აი, დააკვირდით, საუბარი რაზეა: მიხეილ სააკაშვილი ახერხებს გარკვეული მესიჯების გაგზავნას როგორც დასავლეთთან, ასევე პუტინთანაც. ამ უკანასკნელს ისეთი მმართველობის ფორმა, როგორიც საქართველოშია, შეიძლება, გარკვეული პერიოდი აწყობდეს კიდეც, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მაჯისცემაც არ არის.
მაგალითად, დიდ პროექტებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს ბათუმი ისე განიხილება, რომ საქართველო, პრაქტიკულად, არ ჩანს, ანუ პოლიტიკური კურსი საერთოდ არ გააჩნია. ერთი მხრივ, ეს შესაძლოა, კარგი იყოს _ სააკაშვილის სუპერაქტივობა დაგვანგრევდა და რაღაც პერიოდი ამოსუნთქვა გვჭირდებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, უკვე დადგა პერიოდი, როცა საქართველომ თავისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სუვერენი რაღაცაში უნდა გამოავლინოს.
ჯერჯერობით ევროპისთვის, რუსეთისა და ასევე აშშ-სთვის მთავარი კარტი უკრაინაა, მაგრამ ნელ-ნელა პროცესები ჩვენზეც გადმოვა.
_ ე. ი. კრემლს ურჩევნია, რომ საქართველოს სათავეში სააკაშვილი დაბრუნდეს?
_ არა. უბრალოდ, ამ ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით გამოიყენებს.
აქამდე ივანიშვილი ძალიან მშვიდად იყო, რადგან რუსებთან ურთიერთობა, ასე თუ ისე, გარკვეული ჰქონდა. ასევე გარკვეული ურთიერთობა ამერიკელებთანაც ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ეს დღეს უკვე საკმარისი აღარ არის.
_ რატომ?
_ სიტუაცია იცვლება. მოკლედ, როგორც კი წეღან ნახსენები მესიჯი გაიგზავნა, სააკაშვილმა პუტინს „დააყარა“ _ ტროლი და რა ვიცი, რა აღარ უწოდა და მისი მხრიდან ესეც ჩვეულებრივი რეაქცია იყო, ანუ დღეს სააკაშვილის ფაქტორი ჯერ უკრაინაში და შემდეგ საქართველოშიც ივანიშვილზე ზემოქმედებისთვის პუტინსაც უჭირავს. როგორც ვიცი, ურთიერთობის დალაგებას გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებიც ცდილობენ. ზოგადად, ისეთი პრიმიტიული დაყოფა, როგორიც ჩვენთანაა _ პრორუსული და პროამერიკული _ ძალიან ცოტა ქვეყანაშია. დიახ, ძალიან პრიმიტიულია, როცა პირდაპირ ვამბობთ, აგერ, ბატონო, დაგვთვალეთ, რამდენი პროამერიკელი ვართ, რამდენი _ პროევროპელი და რამდენი _ პრორუსიო. არადა, ასეთი რაღაც მსოფლიოში არსად ხდება. უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ხელისუფალი ამერიკელსაც ელაპარაკება, ევროპელსაც, აზიელსაც და რუსსაც.
_ კი ბატონო, მაგრამ ლაპარაკსაც ხომ გააჩნია, ბატონო გოჩა? იმ მოცემულობაში, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსებს რაზე უნდა ველაპარაკოთ?
_ არ დაგავიწყდეთ, რომ, თავის დროზე, პროამერიკულმა ხელისუფლებამ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი _ აფხაზეთისა და ცხინავლის სახით, პრაქტიკულად, რუსს ჩააბარა.
_ აი, ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რადგან რუსეთი თავს დაგვესხა!
_ ახლა ჩვენ იმაზე ვმსჯელობთ, ტერიტორიები დავკარგეთ თუ წაგვართვეს, მაგრამ ფაქტი ერთია.
_ ფაქტი ისაა, რომ საქართველო ოკუპირებულია და მორჩა!
_ მე შედეგზე ვსაუბრობ! ზოგადად, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საშინელი ანტირუსი და კავკასიაში აშშ-ის ფლაგმანია, მაგრამ თვითონვე თქვა, თუ სახელმწიფოს ინტერესებს დასჭირდებოდა, მზად ვიყავი, ნატოზე უარი მეთქვაო, ანუ ამ ნათქვამში პოლიტიკოსი დავინახე და სწორედ ამას ვაფასებ, ანუ სააკაშვილს შეუძლია, რომ რუსთანაც კი დალაგდეს და დაილაპარაკოს!
_ ბატონო გოჩა, ობივატელისთვის გასაგები ენით მითხარით, საერთაშორისო ასპარეზზე დღეს სააკაშვილის პოზიციები უფრო ძლიერია თუ ივანიშვილის, ანუ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დასავლეთი არჩევანს რომლის სასარგებლოდ გააკეთებს?
_ დღეს დასავლეთი არჩევანს სტანდარტული სიტუაციიდან გააკეთებს, ანუ, თავის დროზე, საკმაოდ პოპულარული ენით და პირდაპირი ტექსტით უთხრეს, ხელისუფლებაში უკვე ორი მოწვევით იყავი და ახლა უნდა წახვიდე, რადგან ეს დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ფუძეაო. დღეს იგივე დრო უდგას ივანიშვილს, მაგრამ ეს იმიტომ კი არა, რომ ივანიშვილი ვინმეს მოსწონს ან არა. ივანიშვილი, რასაკვირველია, უნდა წავიდეს, მაგრამ ახლა იმაზეა ბრძოლა, თუ ვინ მოვა. მოსვლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სააკაშვილია. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ამას ცდილობს.
_ ამ პოსტივანიშვილისეული ეპოქისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტი გიგა ბოკერია ხომ არ არის? სხვათა შორის, თანდათან აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ „ოცნება“ ხელისუფლების თითქოს „ევროპული საქართველოსთვის“ გადაბარებას ცდილობს.
_ ტერმინები ხანდახან სადავოა, რადგან თავისი ნებით, როგორც წესი, არავინ არაფერს აბარებს ხოლმე და ყველაფერი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ხდება.
გიგა ბოკერია, როგორც იდეოლოგიური და სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით, ასევე ფასეულობებითაც მიშასთან, რასაკვირველია, უფრო ახლოს დგას, თუმცა როგორც კი შანსი მიეცემა, ბოკერია ეცდება, რომ პოლიტიკური შედეგი მან და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღოს. საერთოდ, ეს ნებისმიერი პოლიტიკოსის ამოცანაა, მაგრამ გააჩნია, მოვლენები როგორ განვითარდება, ანუ დღეს არ ვფიქრობ, რომ ბოკერია და სააკაშვილი ცალ-ცალკე იყვნენ.
სხვათა შორის, ამის მსუყე ნიადაგს საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევა იძლევა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ვითარება უფრო იქითკენ წავა, რომ ივანიშვილს სააკაშვილი კი არა, რეალური კოალიცია ჩაანაცვლებს. ეს ცოტა რთულია, მაგრამ შესაძლებელია, თუ პოლიტიკოსები მოტივირებულები იქნებიან.
_ მოკლედ, ბატონო გოჩა, არ იზიარებთ პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებულ ხმებს, რომ „ოცნებასა“ და ბოკერიას შორის კომუნიკაცია არსებობს?
_ ამას ვერსია რად უნდა? თვალნათლივ ჩანს, რომ „ოცნება“ „ევროპულ საქართველოს“ უფრო ნაკლებად ებრძვის, ვიდრე _ „ნაციონალურ მოძრაობას“. ისიც ჩანს, რომ ცდილობს, „ევროპული საქართველო“ უფრო მეტად წარმოაჩინოს, როგორც ოპოზიცია. ამას შესაძლოა, საფუძველიც აქვს _ „ევროპული საქართველოც“, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, საპარლამენტო პარტიაა.
_ ანუ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ივანიშვილს ურჩევნია, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სააკაშვილმა კი არა, ბოკერიამ აიღოს ხელში, არა?
_ რაღაც ნაწილში, რასაკვირველია, ასეა იმიტომ, რომ ივანიშვილისთვის ეს კომბინაცია მაინც მოგება იქნება.
_ მოგება რატომ იქნება?
_ აი, „ნაციონალური მოძრაობა“ გახეთქა და მისგან ბოკერია გამოყო, ანუ ივანიშვილს ყველაფერი, გარკვეუწილად, მაინც ინდივიდუალურ დონეზე დაჰყავს. ის, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც ყველაფერს სახელმწიფოებრივად აღიქვამს, არ შედგა და ეს ძალიან სამწუხაროა. ივანიშვილისთვის სააკაშვილთან ბრძოლაც პირადია და არა _ სახელმწიფოებრივი. სწორედ აქედან გამომდინარე ამუშავდა ბოკერიას ფაქტორი ჯერ კიდევ წინა პრემიერის დროს _ შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის გახეთქვისა და ბოკერიას „ევროპული საქართველოს“ შექმნა გიორგი კვირიკაშვილის ერთ-ერთი პროექტი იყო.
_ ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, საინტერესოა, რას აპირებს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომლის წარმომადგენელიც თქვენ ხართ, ბატონო გოჩა?
_ ვნახოთ, „ოცნების“ დაშლის პროცესები როგორ დამთავრდება. ამაზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა ე. წ. არანაციონალურ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური ძალების კრისტალიზაცია. ჯერჯერობით ეს მცდელობა წარუმატებელია. მიუხედავად იმისა, რომ 2020-მდე „ქართული ოცნება“, შეიძლება, ძალიან დაიშალოს, ადვილი დასამარცხებელი მაინც არ იქნება, რადგან მის ხელში ამდენი ფული და ძალაუფლებაა თავმოყრილი.
არ მგონია, მისი ბუნებიდან გამომდინარე, „ქართულმა ოცნებამ“ უკან უნდა დაიხიოს და, ვთქვათ, 30%-ით დაკმაყოფილდეს, ანუ ვინმესთან ერთად კოალიციის შექმნაზე დასთანხმდეს. ამიტომ უფრო მოსალოდნელია, სააკაშვილთან დიდი გაერთიანება მოხდეს.
_ უკაცრავად, ვერ ვხვდები, რას ამბობთ და იქნებ, ცოტა უფრო ჩაშალოთ.
_ ანუ თუ „ოცნება“ ასეთ დათმობაზე არ წავა, მაშინ სააკაშვილი შეძლებს, რომ დიდი გაერთიანება შექმნას, რომელშიც ერთ-ერთი ლიდერი იქნება, მაშინ ასეთი ტიპის გაერთიანება „ოცნებას“ აუცილებლად მოუღებს ბოლოს!
_ ასეთ დიდ გაერთიანებაში არასაპარლამენტო ოპოზიციაც იქნება წარმოდგენილი?
_ ეს, ჯერჯერობით, არ ვიცი. ამ ეტაპზე უფრო იმის მცდელობა იქნება, რომ არანაციონალურ ორბიტაზე მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა რაღაც კონცენტრაცია მოახდინონ.
მოკლედ, ვფიქრობ, რომ ამ შემოდგომაზე პოლიტიკური სპექტრის კრისტალიზაცია მოხდება.
_ 2020-ისთვის „ოცნებამ“ კოალიცია ვისთან შეიძლება შექმნას? სხვათა შორის, გონივრულია ეჭვი, რომ მაგალითად, ბესელიას პარტია სწორედ ამ მიზნით შეაქმნევინეს.
_ ბესელია ჯერ თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს.
_ რაში?
_ „ოცნებიდან“ წამოსვლის შემდეგ მას უფრო დიდი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკური გუნდის შექმნას სხვებიც აპირებენ. აქვე კიდევ ერთხელ ვამბობ: ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალების პოზიცია, რომლებიც ე. წ. „ნაციონალურ“ ორბიტაზე არ არიან. მაგალითად, არის იმის შანსი, რომ „პატრიოტებმა“ და ბურჯანაძემ, რომლებსაც პრორუსებს ეძახიან, გამსხვილებული ცენტრი გააკეთონ. თუ ასეთი ცენტრი შეიქმნება, ის არც „ოცნების“ გავლენის ქვეშ იქნება და არც _ „ნაციონალური მოძრაობის“ და ამომრჩევლის ხმებს ამ ორი ძალის გარეშე მიიღებს.
_ ბატონო გოჩა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ალბათობას უშვებთ?
_ არა. ივანიშვილს ბევრი ეუბნება, რომ მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარება მომგებიანი იქნება და ამით ძალაუფლებას გაიხანგრძლივებს.
სხვათა შორის, მიშამ ეს ერთხელ გააკეთა _ 7 ნოემბრის შემდეგ ერთი წელი მოიკლო და ვადამდელი არჩევნები დანიშნა, მაგრამ, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, ამიტომ ასეთ რისკზე არ წავა და ნებისმიერ შემთხვევაში სიტუაციას 2020-მდე მიიყვანს.
_ ისე, „ოცნებაც“ აღიარებს, რომ განახლება სჭირდება, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, საზოგადოებაში არის იმის განწყობა, რომ რომელიმე ცნობილი ადამიანი დასთანხმდეს და „ოცნების“ სახე გახდეს თუ კარიერისტები უხვად არიან და მმართველ გუნდს განახლება არ გაუჭირდება?
_ „ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის გარდა, სხვა სახე, პრაქტიკულად, არ ჰყავს და მის ჩრდილში ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს, რომ ივანიშვილთან ერთად რამე პასუხისმგებლობა გაინაწილოს.
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც „ოცნებაში“ მოხდება, ჩვეულებრივი კოსმეტიკა იქნება, რომელიც პირის პირველივე დაბანისთანავე ჩამოირეცხება!
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ივანიშვილი ვინმე საპირწონეს ყოლას ვერ აიტანს. ზოგადად, ის პარტნიორებს ვერ იტანს. ივანიშვილი ჩვეულებრივი ბიზნესმენია, რომელმაც ვეებერთელა იმპერია მარტომ შექმნა და, აქედან გამომდინარე, საქართველოსაც თავისი, ასე ვთქვათ, შემოქმედების ნაწილად მიიჩნევს. მარტო მისთვის კი არა, ქვეყნისთვისაც ცუდია, რომ პარტნიორობა არ შეუძლია. შესაბამისად, ნებისმიერი ახალი სახე კოსმეტიკა იქნება. ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს, ივანიშვილს რას მიახატავ და როგორ ფერუმარულს წაუსვამ?
_ ერთი სიტყვით, დარწმუნებული ხართ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, მაგრამ ყველაფერ იმას, რაც საქართველოში ხდება, საერთაშორისო თანამეგობრობა 2020-მდე მოითმენს და ეუთოსა თუ სხვა ორგანიზაციების უმძიმესი შეფასებების მიუხედავად, „ოცნებას“ კარტბლანშს მისცემს?
_ მხოლოდ პოლიტიკური ინსტემბლიშმენტისა და საზოგადოების აქტიური ნაწილის აქტიურობა არ კმარა.
_ მეც სწორედ ამას გეკითხებით.
_ საზოგადოების ეს ნაწილი ყველაფერს, რასაკვირველია, სწორად აფასებს და ბრაზდება კიდეც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში, თორემ სხვა ნორმალურ სახელმწიფოში, ვთქვათ, ასიათასიანი მიტინგი რომ ჩატარდეს, ხელისუფლება რაღაც ცვლილებებს დაიწყებს.
აქედან გამომდინარე, ხელისუფლებასთან ლაპარაკს, რომელიც თავიდან ბოლომდე უუნაროა და ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურება, ყველა მოერიდება. სწორედ ამიტომაც ვართ საგარეო პოლიტიკური სივრციდან ამოვარდნილები და ეს პირდაპირ გავლენს ახდენს ლარის კურსზეც.
ისე, ლართან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს.
_ კონკრეტულად?
_ ახლა იმ ფულის ამოღება ხდება, რომელიც გაიცა.
_ სად გაიცა?
_ ანუ ის ფული, რომელიც ხალხს არჩევნების დროს დაურიგეს, უკან დოლარის სახით უნდა ამოიღონ. ეს ოპერაცია რომ დამთავრდება, ლარი დასტაბილურდება, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ეკონომიკა მკვდარია.
_ ბატონო გოჩა, წეღან „პატრიოტთა ალიანსი“ ახსენეთ, ანუ ელოდებით, რომ ამ პარტიამ, თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში შესაძლოა, ე. წ. მესამე ძალის როლი შეასრულოს? აღსანიშნავია, მისი ლიდერები „ოცნების“ დამხობითაც იმუქრებიან და „ნაციონალური მოძრაობისაც“.
_ იცით, რა ხდება? _ „პატრიოტთა ალიანსს“ პოლიტიკური გამოცდლებისა და კომუნიკაციის უნარის ნაკლებობა აქვს, არადა, ჰქონდა შანსი, რომ „ნაცმოძრაობის“ ორბიტის მიღმა მყოფი ყველა პოლიტიკური ძალა შეეკრა, მით უმეტეს, რომ საპარლამენტო პარტიაა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

გიორგი აბაშიძე