ლევან იოსელიანი: „უნდა გაჩნდეს არჩევანი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის“

პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები გადადგა, თან საკმაოდ წარმატებულად. ბევრი ეუბნებოდა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეაო, მაგრამ საპირისპიროს ფიქრობს ახალგაზრდა პოლიტიკოსი ლევან იოსელიანი, რომელმაც მთაწმინდის ოლქში ხმების 6.55% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვის დაუჭერს მხარს ალეკო ელისაშვილის მიერ დაფუძნებული „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი. როგორც მან „ქრონიკა+“-თან საუბრისას განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილებას ამომრჩეველთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.
40 წლის ლევან იოსელიანი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, დაამთავრა პირველი ექსპერიმენტული სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. განათლება მიიღო აშშ-ში, კერძოდ კი ჩიკაგოში… მუშაობდა და კვლავ აგრძელებს მოღვაწეობას საადვოკატო საქმიანობაში, ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. მთელი ცხოვრება დაკავებულია სპორტით, კერძოდ კი ცხენოსნობით.
ამბობს, რომ პოლიტიკაში წასვლა სწორედ შვილებისა და მომავალი თაობის გამო გადაწყვიტა. „არ მინდა, ახალგაზრდა თაობა უპერსპექტივობისა და ნეპოტიზმის გამო გარბოდეს საქართველოდან. ყველაფერი გამოვა. მინდა, რომ მომავალმა თაობამ უკეთეს გარემოში იცხოვროს“, _ გვითხრა ლევანმა.

_ გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკაში ახალი მოსული ხართ მაჟორიტარულ არჩევნებზე საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აიღეთ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს?
_ ნამდვილად ახალი ჩართული ვარ პოლიტიკაში და მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი პლუსი, რომ არ მაქვს პოლიტიკური წარსული. შესაბამისად, მთელი ეს პერიოდი, როდესაც მე და ალეკო ელისაშვილი დავდიოდით ხალხთან, მთავარი რასაც ვხედავდი, იყო ორი რამ _ პირველი: ხალხს არ სჯეროდა არჩევნების, აქვს ძალიან დიდი ნიჰილიზმი და იმედგაცრუება პოლიტიკოსების მიმართ, იმიტომ რომ პოლიტიკოსებმა ჩვენი მოქალაქეები ბევრჯერ მწარედ მოატყუეს; მეორე: ვხედავდი, რომ იმედით უყურებდნენ ადამიანებს, უხაროდათ, რომ ახალმა ადამიანმა გადაწყვიტა, ამ პროცესებში ჩაბმულიყო. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან გვეცოდები, რადგან პოლიტიკა ბინძური საქმეაო.
_ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ პოლიტიკა ბინძურია?
_ სწორედ იმიტომ ვარ პოლიტიკაში, რომ ეს სტერეოტიპი დავამსხვრიო და დავამტკიცო, რომ პოლიტიკა ისეთივე საქმეა, როგორც ნებისმიერი სხვა სფერო. თუ ხარ პატიოსანი შენს საქმეში, ასევე პოლიტიკაშიც უნდა იყო პატიოსანი. პოლიტიკოსობა ისეთივე საქმეა, როგორც ექიმობა, იურისტობა, სახლის მშენებლობა და თუ შენს საქმეს კარგად აკეთებ, მაშინ შედეგიც კარგი გაქვს. უბრალოდ, პოლიტიკაში არის უფრო მეტი ცდუნება, რომ ხელი წაგიცდეს. და თუ ჩამოყალიბებული ღირებულებები გაქვს, ვფიქრობ, ყველაზე საპატიო საქმე რაც შეიძლება, რომ ადამიანმა ცხოვრების მანძილზე აკეთოს, ეს არის წესიერი პოლიტიკა.
_ თქვენი ღირებულებები რა არის?
_ ჩემი ღირებულებაა თუნდაც ის, რომ პოლიტიკა მიმაჩნია ხალხის სამსახურად. ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დღემდე მაქვს დაგროვილი, დავუთმო კონკრეტული ადამიანების პრობლემების მოგვარებას. ჩემთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის ადამიანი. ამიტომ მინდოდა, მათი პრობლემები, გაჭირვება თუ კონკრეტული სატკივარი მიმეტანა პარლამენტში, სადაც ამაზე ისაუბრებდნენ. ჩვენნაირ ქვეყანაში ყველაზე დონეზე უნდა ხდებოდეს ხალხის პრობლემებზე აქცენტირება. პრეზიდენტი რომ პრეზიდენტია, ისიც ფეხით უნდა დადიოდეს კარდაკარ, სადაც ერთ დროს კენჭი იყარა და დღესაც უნდა ინტერესდებოდეს ამ ხალხის ბედით, თუ რა უნდათ მთაწმინდელებს.
_ ამ არჩევნებმა რა აჩვენა?
_ ის, რომ მოსახლეობის მხოლოდ 35% მოვიდა. ეს იყო ყველაზე დაბალი აქტივობა. აჩვენა ის, რომ ხალხს არ სჯერა არჩევნების, პოლიტიკოსებისა და დაპირებების. ასევე აჩვენა ის, რომ სრულიად უცხო ადამიანს გამოუცხადეს ნდობა და 7%-იანი მაჩვენებელი, ვფიქრობ, ძალიან კარგია. ჩემთან ერთად ვინც იყრიდა კენჭს (გრიგოლ გეგელია და ჰერმან საბო), ჩვენ სამმა ერთად მოვაგროვეთ 15%. რეალურად, ამ არჩევნებმა სულ სხვა რაღაც აჩვენა, რომ გაჩნდა მესამე არჩევანი. აღარავის უნდა, რომ ორი ძალის დაუსრულებელ ქიშპობას უყუროს. ეს იძლევა ძალიან კარგ იმედს 2020 წლის არჩევნებისთვის, რომ ხალხს მოთხოვნა აქვს ახალ ადამიანებზე, ახალ პოლიტიკოსებზე, ახალ ძალასა და საქმის კეთებაზე. შევეცდები, რომ ის ნდობა, რაც მე, როგორც ახალმა სახემ, მივიღე ამ არჩევნებზე (7%), 2020 წლის არჩევნებისთვის უფრო გავზარდო და ამას შევძლებთ, რადგან ძალიან საინტერესო გუნდი გვყავს, თვითონ ალეკო ელისაშვილს ძალიან კარგი რეიტინგი აქვს ხალხში, ის უყვარს საზოგადოებას. ვფიქრობ, ჩვენს ძალას დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი შედეგი ვაჩვენოთ.
_ თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ ხალხს აღარ სჯერა პოლიტიკოსების და ამდენი დაპირების. რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი ლევან იოსელიანს?
_ დიახ, არ სჯერათ იმიტომ, რომ ვინც რამეს დაჰპირდა, არავის არაფერი შეუსრულებია. შეიძლება, ადამიანს დაჰპირდე და ვერ შეასრულო, მაგრამ 4 წლის მანძილზე ერთხელ მაინც ხომ უნდა მიხვიდე იმ ადამიანთან, დაენახო და უთხრა მიზეზი, თუ რატომ ვერ ან არ განახორციელე ის დაპირება, რაც წინასაარჩევნოდ დაჰპირდი? ოთხწლიან ციკლში ხალხთან კომუნიკაცია წყდება. დეპუტატი ხალხთან არ მიდის. მე რომ მკითხოთ, კანონმდებლობა უნდა ავალდებულებდეს დეპუტატს, რომ ამომრჩეველთან იაროს. ამ ხალხს ისინი, უბრალოდ, ადამიანებად არ თვლიან და დეპუტატის მთავარი მიზანია, რომ ემსახუროს სწორედ იმ ადამაინებს, ვინც აირჩია. რატომ აქვს მაჟორიტარ დეპუტატს ბიურო გახსნილი, რაშიც მოქალაქეები ვიხდით ფულს და ვინახავთ მის ამხელა სტაფს? სამწუხაროდ, პოლიტიკა ბევრისთვის ფულის შოვნის ძალიან მარტივი გზაა. ყველა პარლამენტარი მდიდრდებოდა, თითქმის ყველა მინისტრი მილიონერი ხდებოდა და, რატომღაც, ასეთი სტერეოტიპი აქვთ პოლიტიკაზე, რომ თუ ხარ პოლიტიკაში, აუცილებლად ფული უნდა მოიპარო. ნორმალურ ქვეყნებში მთავრობის დაკომპლექტება უჭირთ, რადგან ხალხი უარს ამბობს მინისტრობასა და პრემიერ-მინისტრობაზე, იმხელა პასუხისმგებლობას გრძნობს.
_ თავიდან, როცა თქვენი კანდიდატურა ალეკო ელისაშვილმა და, ზოგადად, გუნდმა დაასახელა, როგორ ფიქრობთ, რამდენად გარისკა ამით თქვენმა გუნდმა? მოგეხსენებათ, თავიდან არავინ გიცნობდათ, როგორც პოლიტიკოსს.
_ კარგი კითხვაა. ნამდვილად რისკზე წავედით. რისკზე წავიდა ალეკოც და ჩვენი მოძრაობაც, იმიტომ რომ სრულიად უცნობი ადამიანი ვიყავი. ალეკოს უნდა და მისი მიზანია, რომ მასთან ერთად ახალმა ხალხმა შეძლოს პოლიტიკაში თავის დამკვიდრება. რატომ მოხვედით და იღებთ ჩემგან ინტერვიუს? იმიტომ, რომ არჩევნებში მივიღე 7%, თორემ მე რომ ვიყო ალეკოს ერთ-ერთი თანამებრძოლი, თქვენ ჩემთან არ მოხვიდოდით ინტერვიუს ჩასაწერად. ასეა, მედია ინტერესდება მაშინ, როდესაც რაღაც ცნობადობა გაქვს. ჩემი, ჩვენი მიზანია, რომ პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდა ხალხს მივცეთ საშუალება, ჩაერთონ ამ პროცესში და ეს საქმე აკეთონ. კარგი ადვოკატი, ბანკირი ან ეკონომიკის ანალიტიკოსი, რომელიც ოფისში ზის და ძალიან მაგრად აკეთებს თავის საქმეს, ვფიქრობ, ასეთი ადამიანი ძალიან მაგრად გააკეთებს პოლიტიკასაც, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თუ ხარ კარგი მომღერალი, პოლიტიკაშიც მაგარი იქნები. ისევე როგორც კარგი ფეხბურთელობა არ ნიშნავს კარგ პოლიტიკოსობას.
_ ახალი ძალა ყოველთვის კარგია, მაგრამ დილეტანტები რამდენად კარგად და ხარისხიანად გაუძღვებიან ქართულ პოლიტიკას?
_ პოლიტიკის გურუები ვინ არიან? გვყავს ასეთები?
_ გურუები არ არიან, მაგრამ მათ მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ პოლიტიკაში, თუმცა მეორე საკითხია, ამ გამოცდილებას რამდენად კარგად ან სწორად იყენებენ…
_ ეს არის ძალიან ნეგატიური გამოცდილება. არ ვტრაბახობ არაფრით, მაგრამ ამაზე მეტყველებს ჩემი პროცენტი, რაც მე ავიღე _ თითქმის 7%, მაშინ, როდესაც ხალხი 20 წელია, პოლიტიკაში არის და 1%-ს ვერ სცდება. მგონია, რომ დღემდე რაც ვაკეთე, ყველაფერს პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. ზუსტად ასე ვაპირებ, რომ პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელო. გონებაგახსნილი, თავის საქმის მცოდნე და პასუხისმგებლიანი ადამიანები ბევრად უკეთ გააკეთებენ თანამედროვე პოლიტიკას, ვიდრე ამას გამოცდილი და სტაჟიანი პოლიტიკოსები აკეთებენ, რომლებმაც, სამწუხაროდ, თვიანთი პოლიტიკური კრედიტი უკვე ამოწურეს.
_ მთაწმინდის ოლქში მეორე ტური ჩაინიშნა. საინტერესოა, ვის გვერდით იქნებით თქვენ და აპირებთ თუ არა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას? ვის გამოუცხადებთ მხარდაჭერას _ „ქართულ ოცნებას“ თუ შალვა შავგულიძეს?
_ ამას სხვანაირად ვუყურებ. იმ 1000 ადამიანს, რომელმაც მხარი დამიჭირა, ვერ ვეტყვი რომ, აბა, მარჯვნივ ან მარცხნივ წავიდეთ, რადგან ისინი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებმაც თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ხელისუფლების კანდიდატს, ცხადია, მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ თითოეულ ჩემს ამომრჩეველს დავურეკავ, ბევრი თვითონ რეკავს და კონსულტაციები მექნება სწორედ ამ ხალხთან და მეტყვიან, თუ როგორ მოვიქცე. რაც იქნება მათი დაკვეთა, ზუსტად იმას გავაკეთებ მეც. ამ შემთხვევაში აღარ განვიხილავ ჩემს თავს ინდივიდუალურად, როგორც გადაწყვეტილებების მიმღებს. მინდა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს ჩემი ამომრჩევლის დაკვეთას. რამდენიმე დღეში ამას გამოვაცხადებ.
_ როგორ ემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? რა ფორმით აპირებთ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმას? რა მოლოდინები გაქვთ იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია იქმნება, რაც კონკურენციას ზრდის?
_ 3%-იანმა ბარიერმა ძალიან აღუძრა მადა პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს, რომ გააკეთონ პარტიები და არჩევნებზე მონაწილეობა მიიღონ, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, რაც უფრო მეტია არჩევანი, მით უფრო იმარჯვებს ამომრჩეველი და დემოკრატია. თქვენ ახლა სადაც იმყოფებით, ეს არის სამოქალაქო მოძრაობის ოფისი, ეს არ არის პოლიტიკური პარტია. ეს არის, ჯერჯერობით, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ევროკავშირისა და იუესაიდის მხარდაჭერა აქვს. ვცდილობთ, რომ დავრწმუნდეთ 2020-ისთვის ჩვენს შესაძლებლობაში. ნაუცბათევად არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ ჩავატარებთ კვლევებს, თუ რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს პარტიას, რომელიც შესაძლოა, დავაფუძნოთ და ამაზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას. პარტიის დაფუძნება ყველაზე მარტივი საქმეა. მთავარია, სიცოცხლისუნარიანი რაღაც შექმნა, რომელიც იმ გამოწვევებს გაუძლებს, რაც მის წინაშე დადგება. პარტია სიცოცხლისუნარიანი რომ იყოს, ამისთვის უნდა ჰქონდეს ხედვა, უნდა სჯეროდეს იმის, რასაც აკეთებს, უნდა ჰქონდეს იდეა და ამ იდეის გარშემო უნდა იყვნენ გაერთიანებულები. დღეს ამით ვართ დაკავებულები და თუ ეს შევძელით, მაშინ, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. რეალურად უნდა გაჩნდეს არჩევანი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ეს არჩევანი თავისით არ გაჩნდება, თუ ამაში აქტიურმა ადამიანებმა არ ჩადეს რაღაც შრომა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს არჩევანი გავაჩინეთ მთაწმინდაზე.
_ აქვს თუ არა შანსები „ქართულ ოცნებას“, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისევ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში?
_ ის, რომ „ქართული ოცნება“ 2020-ისთვის მოვიდეს ხელისუფლებაში, ამის შანსს ძალიან სკეპტიკურაად ვუყურებ. ვფიქრობ, 2020 წელს კოალიციური მთავრობა უნდა იყოს. მრავალპარტიული პარლამენტი გვეყოლება, რასაც დემოკრატია გულისხმობს და რაც გაიარა მთლიანად ევროპამ. რაც უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფია წარმოდგენილი პარლამენტში, მით უფრო მეტად გამოხატავს მოსახლეობის არჩევანს იგი, ეს კი ნიშნავს, რომ დემოკრატია მუშაობს.

გიორგი საკარული